მიხეილ სააკაშვილი: "რაც შეეხება ჟვანიას მკვლელობას... უკაცრავად, გარდაცვალებას"... - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი: "რაც შეეხება ჟვანიას მკვლელობას... უკაცრავად, გარდაცვალებას"...

”კვირის პალიტრის” არქივიდან

ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცული დაღუპვის ვერსიები

"იგი ან უნდა დაეჭირათ, რაც თავად ზურას წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, ან უნდა მოეკლათ. ამის თაობაზე მეც და ზურასაც გამაფრთხილებელი ინფორმაცია მოგვაწოდეს -  ზურაბ ჟვანიას მოიცილებენო."”

გოგლა ჟვანია,

"კვირის პალიტრა," 2010 წ.

"რაც შეეხება ჟვანიას მკვლელობას... უკაცრავად, გარდაცვალებას"...

მიხეილ სააკაშვილი, 2005 წლის 4 თებერვალი (საერთაშორისო კონფერენცია "სამხრეთ კავკასია - XXI საუკუნის გამოწვევები)

"ჩვენ, ზურაბ ჟვანიას ახლო მეგობრები, ხშირად ვეკითხებით ერთმანეთს და ვცდილობთ, ვიპოვოთ პასუხები, თუმცა პასუხები ჯერჯერობით არ არსებობს".

ელენე თევდორაძე, 2005 წ.

"დიდი ყურადღება გამოიჩინეთ პრინციპული ადამიანების მიმართ. მათ მიმართ, ვინც ჩვენს უპირატესობას არ ცნობს. ასეთი ადამიანები ძირშივე უნდა ჩავკლათ. ნებისმიერი ხერხით ბრალი დასდეთ. ყველაფერი გააკეთეთ  იმისთვის, რომ მათი სახელი შეიბღალოს, მოიქეცით ისე, რომ მათი რეპუტაცია ხალხში საეჭვო გახდეს".

ჯორჯ სოროსი,“

"მიმართვა ახალგაზრდა ლიდერებს"

"ჩვენ დავრწმუნდით, რომ საწამლავი ყოველთვის საიმედო იარაღია, ჩუმი და შეუმჩნეველი".

დანი იატომი, "მოსადის"

ხელმძღვანელი, 1997 წ.

2005 წლის 3 თებერვალს, ღამის სამის ნახევარზე, "თბილგაზის" საავარიო სამსახურში სატელეფონო ზარი გაისმა: საბურთალოს ქუჩის #63-დან რეკავდნენ - აირის წნევამ ძალიან მოიმატა და გვეშინიაო. შემთხვევის ადგილზე "თბილგაზის" თანამშრომლები გავიდნენ და აღმოაჩინეს, რომ კარადა, რომელშიც აირის რეგულატორი იყო დაცული, გატეხილი იყო. ამის გამო სამ საათზე საავარიო სამსახურმა საბურთალოს ქუჩაზე აირის  მიწოდება გადაკეტა.

- ახლა დაიწყებენ ყაყანს, გაზი გამოგვირთეს, გაგვყინესო, - ბურტყუნებდა ერთი თანამშრომელი.

- არა უშავს, დილით რომ ჩავურთავთ, გათბებიან და აღარც ეხსომებათ ეს ამბავი, - გაეპასუხა მეორე.…

რამდენიმე საათის შემდეგ ცნობილი გახდება, რომ ეს  ფაქტი არამცთუ დაავიწყდება ვინმეს,  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი აღმოჩნდება ზურაბ ჟვანიას საქმეში...

2005 წლის 3 თებერვალს, დილის 8 საათზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა  განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე რაულ იუსუფოვის გარდაცვალების შესახებ. შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებდა, რომ გარდაცვლილები ნახშირბადის მონოქსიდით - CO (მხუთავი გაზით) მოიწამლნენ. უკვე დაწყებული გამოძიების ვერსია (მიხეილ ძაძამიას ჩვენებაზე დაყრდნობით) ასეთი იყო: 2 თებერვალს, ღამით, დაახლოებით  23. 30 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შარტავას ქუჩაზე მდებარე დედის სახლიდან გამოვიდა და დაცვის მანქანაში ჩაჯდა. ცოტა მოშორებით, გოთუას ქუჩაზე, მას მისი დაცვის ერთ-ერთი წევრი, მიხეილ ძაძამია ელოდებოდა. წინასწარი შეთანხმებით, ესკორტი, ცრუ მანევრის განხორციელების შემდეგ, წყნეთისკენ დაიძრა, ხოლო ზურაბ ჟვანია ძაძამიას მანქანაში გადაჯდა და გაემართა საბურთალოს ქუჩისკენ, სადაც #53 კორპუსში კონსპირაციულ ბინაში შეხვედრა ჰქონდა დანიშნული რაულ იუსუფოვთან. სააკაძის მოედანზე ისინი შეჩერდნენ სუპერმარკეტთან. ძაძამიამ კონიაკი, ხილის წვენი, ძეხვი, პური და სიგარეტი იყიდა. როდესაც მანქანა სახლს მიუახლოვდა, ძაძამიამ იუსუფოვს დაურეკა.

იუსუფოვმა უპასუხა, - რამდენიმე წუთში კორპუსთან ვიქნებიო. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრი და მიხეილ ძაძამია ბინაში შევიდნენ. ძაძამიამ გაზის ღუმელი და აირგამათბობელი ჩართო, მერე ზურაბ ჟვანიას უთხრა, მანქანაში დაგელოდებითო, თუმცა პრემიერ-მინისტრისგან კატეგორიული უარი მიიღო - სამი საათისთვის თავად დაგირეკავო. ბინიდან გასულმა მიხეილ ძაძამიამ  რაულ იუსუფოვს დაურეკა და სთხოვა, რომ სახლიდან გამოსვლამდე 15 წუთით ადრე დაერეკა მისთვის და მეგობრებთან ერთად რესტორან "მოსკოვში" წავიდა, შემდეგ საბილიარდოში. 3 თებერვალს, 2 საათზე ძაძამია საბურთალოს ქუჩაზე დაბრუნდა და ფანჯრიდან დაინახა - ბინაში ტელევიზორი იყო ჩართული. შემდეგ ტელეფონის დასატენად იქვე, ავტოსადგომზე მივიდა, მერე შინ წავიდა, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე. ცოტა ხანში კვლავ დაბრუნდა საბურთალოს ქუჩაზე. პრემიერს რამდენჯერმე დაურეკა. ზურაბ ჟვანია არ პასუხობდა. მიხეილ ძაძამია სადარბაზოში შევიდა და კართან მდგარმა კვლავ დაურეკა პრემიერს. კარს მიღმა სატელეფონო ზარი ისმოდა, თუმცა არავინ პასუხობდა.  შემცბარმა ფანჯრის მინა ჩაამტვრია, ოთახის სიღრმეში დაინახა სავარძელში უგონოდ მყოფი პრემიერი. 3.30 საათი იყო. ძაძამიამ სასწრაფოდ დაურეკა ჟვანიას დაცვის უფროს კობა ხარშილაძეს და ისიც 4 საათზე შემთხვევის ადგილზე მივიდა... გვიანი იყო: საქართველოს პრემიერი და გუბერნატორის მოადგილე გარდაცვლილები იყვნენ.

გენერალურმა პროკურატურამ მეორე დღესვე გაავრცელა განცხადება, რომ პრემიერ-მინისტრისა და მისი თანმხლები პირის გარდაცვალებაში დამნაშავე კუსტარულად დამონტაჟებული ირანული აირგამათბობელი "ნიკალა" იყო.

ოფიციალური ვერსიის თავიდანვე არავის სჯეროდა. ამ ეჭვის საფუძველს ისიც იძლეოდა, რომ ის პირები, რომლებიც გამოძიებაში ჩართულნი იყვნენ, ხშირად არადამაჯერებელ განცხადებებს აკეთებდნენ. Mმიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავდა გამოძიების დეტალებს, მოსახლეობისთვის მაინც გახდა ცნობილი, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე თავიდანვე გაყალბებული იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ლაბორატორიის თანამშრომლების მიერ თბილისში ჩატარებული ექსპერიმენტი იყო, რომელიც 5 საათს გაგრძელდა.

ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ ნახშირბადის მონოქსიდის კონცენტრაცია ოთახში, სადაც პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა, არ შეიძლებოდა სიცოცხლისთვის საშიში ყოფილიყო. გარდა ამისა, ბევრი რამ არის საეჭვო თავად მოწმეთა ჩვენებებში. მაგალითად, მიხეილ ძაძამია აღნიშნავდა, რომ ბინაში  გაზის შიშინი ისმოდა და სუნიც იდგა, როგორც აღვნიშნეთ, აირის მიწოდება საბურთალოს ქუჩაზე უკვე კარგა ხნის შეწყვეტილი იყო, ხოლო  თავად CO უსუნო გაზია. საგულისხმოა ისიც, რომ ბინაში, სადაც ივახშმეს კიდეც, მათი ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. მეტიც, იქ არ აღმოჩნდა იუსუფოვის ფეხსაცმელი. თუმცა აშშ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს  ლაბორატორიაში ჟვანიას და იუსუფოვის სისხლის ექსპერტიზამ დაადგინა, რომ  პრემიერ-მინისტრის სისხლში ნახშირბად-ჰემოგლობინის გაჯერების დონე 72% იყო, ხოლო იუსუფოვის სისხლში - 74%. Eეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ სივრცეში, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, ჰაერში ნახშირბადის მონოქსიდის კონცენტრაცია 100 ppm უნდა ყოფილიყო, თუმცა შემთხვევის ადგილზე ჩატარებული ექსპერტიზის დროს მხოლოდ 6 ppm დაფიქსირდა. როგორ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ჟვანიას და იუსუფოვის სისხლში ამ რაოდენობის ნახშირბად-ჰემოგლობინი - ამ კითხვაზე პასუხს ერთ-ერთი ვერსია ხსნის - ისინი მოწამლეს, სავარაუდოდ, რკინაპენტაკარბონალით (ეს შხამი დივერსიული ხასიათისაა და გამოიყენება დახურულ სივრცეში ჰაერის მოსაწამლად. მოწამვლა ხდება შესუნთქვით, მოწამვლის ნიშნები ჰგავს მხუთაAვი აირის მოქმედებას). ის, რომ ზურაბ ჟვანია მოკლული იყო, ეჭვს არ იწვევდა, მაგრამ ვის სჭირდებოდა მისი მოკვლა?

Gსაქართველოში პრემიერ-მინისტრები არასდროს უყვარდათ, რადგან ქვეყნის პირველი პირები მათ არასასურველ კონკურენტებად მიიჩნევდნენ.

1982 წლის 5 ივნისს ავტოკატასტროფაში დაიღუპა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე - ის მაშინ შევარდნაძის კონკურენტად მოიაზრებოდა და ძლიერი პოლიტიკური ფიგურა იყო იმდროინდელ წითელ ეპოქაში. ამბობდნენ, რომ პატარიძის ტრასაზე რბოლით გატაცება მარჯვედ გამოიყენეს სპეცსამსახურებმა პატარიძის მკვლელობის შემდეგ ედუარდ შევარდნაძე კიდევ დიდხანს ითვლებოდა შეუცვლელ ლიდერად. საქართველოში ფიქრობენ, რომ ზურაბ ჟვანიას სიკვდილით პირველ რიგში, პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო დაინტერესებული. როგორც ამბობენ, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია რევოლუციური სამეულიდან მიხეილ სააკაშვილის შემდეგ პრეზიდენტობის რეალური კანდიდატურა იყო. არ იყო გამორიცხული, პრემიერ-მინისტრი ოპოზიციაში გადასულიყო, რაც სააკაშვილის ხელისუფლებას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა. თუმცა, ზოგიერთი ვერსიით, ზურაბ ჟვანიას მკვლელობა მსხვილ ბიზნესინტერესებს უკავშირდებოდა. ერთი ვერსიით, პრემიერის მკვლელობა თბილისის აეროპორტის ტერმინალის მშენებლობის ტენდერთან არის დაკავშირებული. ამ ტენდერში გაიმარჯვა თურქულმა კომპანიამ "გელები ჰოლდინგმა", რომელსაც პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია ლობირებდა, ზურაბ ჟვანია კი ამ კომპანიის წინააღმდეგ გამოდიოდა. მეორე ვერსიით, ჟვანიას მკვლელობა უნდა უკავშირდებოდეს ფოთში ახალი პორტის, "კოლხეთის" მშენებლობას. პორტის აშენების გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ 1998 წელს მოაწერა ხელი  ედუარდ შევარდნაძემ. პროექტის მეთვალყურეობა ზურაბ ჟვანიას დაევალა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ახალი პორტის აშენება კვლავ აქტუალური გახდა, თუმცა,"კოლხეთის" აშენებას უკვე სხვა ფინანსური ჯგუფი ითხოვდა, რასაც ჟვანიას უკმაყოფილება მოჰყვა.

შევარდნაძე ჟვანიას მკვლელობას მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო გაყიდვას უკავშირებს, რასაც, ამერიკულ მხარესთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ეწინააღმდეგებოდა. ზურაბ ჟვანიას მკვლელობის მოტივები ასე თუ ისე გასაგებია. ჩნდება კითხვა: რა შუაშია იუსუფოვი, ან რატომ გაწირეს იგი?

"მეტი დამაჯერებლობისთვის ამ სპექტაკლის დამდგმელნი მეორე ადამიანს ეძებდნენ (რომელიც ასეთ შემთხვევაში უფრო ხშირად ქალია ხოლმე). ამჯერად მამაკაცი აირჩიეს, თანაც საკმაოდ სიმპათიური, რომლის კარიერულ ზრდაში ჟვანიას დიდი წვლილი მიუძღოდა. ბევრი ვერ ხდება 25 წლის ასაკში გუბერნატორის მოადგილე. იუსუფოვის არჩევით ერთგვარი მინიშნება გააკეთეს ჟვანიას სექსუალურ ორიენტაციაზე - ამით კიდევ ერთხელ დასაჯეს - მოკლეს და თან ბინძური იარლიყი მიაკერეს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მკვლელობის ავტორი ჟვანიაზე გაბოროტებული კაცი უნდა ყოფილიყო".

გიგა ლიპარტელიანი, წიგნიდან "მკვლელი და მოკლული".

ჟვანიას სიკვდილს უცნაური მკვლელობებისა და თვითმკვლელობების სერია მოჰყვა. 4 თებერვალს სანადირო თოფით (მეზობლისგან ითხოვა) თავი მოიკლა სახელმწიფო კანცელარიის თანამშრომელმა, 32 წლის გიორგი ხელაშვილმა. როგორც ამბობენ, სიკვდილის წინ ბარათი დატოვა - "ძალიან ვნანობ, რაც გავაკეთე".

2005 წლის  22 მაისს სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი ლევან სამხარაული მის მეგობარ ზეზვა ასაბიშვილთან ერთად ყვარელში შეხვდა ყოფილ კლასელ დათო მჭედლიშვილს. ისინი მანქანაში საუბრობდნენ. მცირე ხნის შემდეგ მჭედლიშვილმა მეგობრებს ცეცხლი გაუხსნა. სამხარაული და ასაბიშვილი გაქცევას შეეცადნენ, მჭედლიშვილი გამოედევნა, მკვლელმა 20-ჯერ გაისროლა და მძიმედ დაჭრა ასაბიშვილი. დაჭრა სამხარაულიც, თუმცა გაქცევას მაინც ცდილობდა და სთხოვდა, ნუ მომკლავო, მაგრამ მჭედლიშვილმა ის თავში საკონტროლო გასროლით მაინც მოკლა. შემდეგ შინ დაბრუნდა და თავი მოიკლა. ჯერ ტტ-ს სისტემის პისტოლეტი დაიხალა, შემდეგ გადაჭრილი თოფი(?!) ექსპერტიზის დასკვნით, მჭედლიშვილს  ნასროლი ჰქონდა სხვადასხვა იარაღის ორი ტყვია, ერთი თავში, მეორე გულში. ორივე გასროლა სასიკვდილო უნდა ყოფილიყო. როგორ მოახერხა მჭედლიშვილმა ორი გასროლა მაშინ, როდესაც პირველივე სროლაზე უნდა მომკვდარიყო? თვითმკვლელობიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილი პოლიციამ დაათვალიერა, თუმცა მასრები ვერ ნახეს(?!). ერთხანს გამოძიება ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ მჭედლიშვილი სულით ავადმყოფი იყო. კულუარებში ფიქრობენ, რომ სამხარაულის მკვლელობა პირდაპირ უკავშირდებოდა პრემიერ-მინისტრის მკვლელობას - სამხარაული ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელმაც ჟვანიას გარდაცვალების საიდუმლო იცოდა...

2007 წლის სექტემბერში ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ხმამაღლა განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობა სააკაშვილის ინტერესებში შედიოდა და მისი გარემოცვის ჩადენილი იყო. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა. პრესაში ვრცელდებოდა განცხადებები, რომ არსებობდა აუდიო თუ ვიდეოფირები, რომლებიც ჟვანიას მკვლელობის საქმეს ნათელს მოჰფენდა, თუმცა იგი ჯერ თვალით არავის უნახავს. ამ ფაქტზე დუმს ამერიკული მხარეც, რომელიც გამოძიებისას მხოლოდ ორაზროვანი დასკვნით შემოიფარგლა,  როგორც ამბობენ, მხოლოდ ჯერჯერობით.