მალაიზიური განაჩენი - კვირის პალიტრა

მალაიზიური განაჩენი

როგორ დასრულდება ნარკოტრაფიკში ბრალდებულ ქართველ ქალთა გახმაურებული პროცესი

"საქართველო, როგორც სახელმწიფო, შედგა და ვერ დაკარგავს თავის მოქალაქეებს. ეს არის სახელმწიფო, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს თითოეული ადამიანის გადასარჩენად, რადგან იმაზე მეტი ამბიცია, რასაც თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვა  ჰქვია, ჩვენ არ გვაქვს".

მიხეილ სააკაშვილი

"სიკვდილით დასჯა, უპირველესად, საზოგადოების ინტერესებს ემსახურება და ერთგვარი გაფრთხილებაა მათთვის, ვინც დანაშაულებრივ გზას დაადგა."

ემ კეივაერი, მალაიზიის

პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე

2012 წლის 1-ელ იანვარს მალაიზიაში, კუალა-ლუმპურის აეროპორტში, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა სამი კაცი (ორი გერმანელი და ერთი მაროკოელი) დააკავეს. საბაჟო შემოწმებისას მათ 10 კილოგრამამდე სინთეტიკური ნარკოტიკი მეტამფეტამინი აღმოაჩნდათ. გერმანიის საელჩო კუალა-ლუმპურში მომხდარის გამო თითქმის ერთი თვეა, კომენტარს არ აკეთებს, ადგილობრივმა მედიამ კი ამ ფაქტის გაშუქებისას კვლავ გაიხსენა მალაიზიაში  ნარკოტრაფიკის ქართული კვალი...

2010 წლის 28 ოქტომბერს მალაიზიის ქალაქ მენგატალის აეროპორტში სამართალდამცავებმა საქართველოს მოქალაქე, 37 წლის დარეჯან კოხტაშვილი დააკავეს. საბაჟო შემოწმებისას მის ბარგში საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ, მებაჟეების ყურადღება მხოლოდ სურათების უცნაურად მძიმე ჩარჩოებმა მიიქციეს, რომელშიც 5 კილოგრამამდე ამფეტამინის შემცველი აბები აღმოჩნდა. დაკითხვისას მგზავრმა განაცხადა, - მხატვარი ვარ და მალაიზიაში გამოფენაზე დასასწრებად ჩამოვედიო, თუმცა ისიც აღიარა, რომ მალაიზიაში მარტო არ ჩამოსულა... ცოტა ხანში ერთ-ერთი ქალაქის 5-ვარსკვლავიან სასტუმროში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე,  26 წლის ბაბუცა გორდაძე დააკავეს, რომელსაც ასევე სურათის ჩარჩოში 5 კილოგრამამდე ამფეტამინის შემცველი აბები აღმოაჩნდა.

საქართველოს მოქალაქეებისგან ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება 3 მილიონ დოლარს შეადგენდა. დაკავებულები აცხადებდნენ, რომ არაფერი იცოდნენ ნარკოტიკების შესახებ. 29 ოქტომბერს მალაიზიელმა სამართAალდამცავებმა ადგილობრივი მედიით გაავრცელეს  განცხადება, რომ ქართველი ქალბატონების დაკავების შემდეგ გაშიფრეს ნარკოტრაფიკში ჩართული ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ქსელი, რომელიც მალაიზიას ნარკოდერეფნად იყენებდა; თუმცა ამოღებული აბები, სავარაუდოდ, ადგილობრივი ბაზრისთვის იყო განკუთვნილი. ცნობილი გახდა, რომ მალაიზიური კანონმდებლობის თანახმად, დაკავებულებს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ.

დარეჯან კოხტაშვილისა და ბაბუცა გორდაძის დაკავებამ საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ეს იყო პირველი გახმაურებული პრეცედენტი, როდესაც ნარკოკურიერები ქართველი ქალები აღმოჩნდნენ (მათ ცოცხალ კონტეინერებად ხშირად იყენებენ თურქულ-ქართული კრიმინალური ჯგუფები, თუმცა არა ასე შორ მანძილზე).

ბაბუცა გორდაძის ოჯახის წევრებმა მომხდარში სიძე ელდარ (გიორგი) დავითიანი დაადანაშაულეს, რადგან სწორედ დავითიანმა წაიყვანა გოგოები სტამბოლში სამუშაოდ. გაჩნდა კითხვები - როგორ აღმოჩნდნენ ისინი მალაიზიაში, იცოდნენ თუ არა ნარკოტიკების შესახებ და ა.შ. ცნობილი გახდა ერთი საინტერესო დეტალიც: კოხტაშვილისა და გორდაძის მალაიზიაში წასვლამდე, იქ თავად დავითიანი იყო ჩასული.

"დედაჩემი და ბაბუცა მაღაზიაში ერთად მუშაობდნენ. დამეგობრდნენ კიდეც. ბაბუცას მეუღლე გიორგი (ელდარ დავითიანი. - ავტ.) თურქეთში ხშირად დადიოდა. სექტემბერში, როდესაც გიორგი თბილისში იყო, დედას უთხრა, რომ სტამბოლში მისთვის სამუშაო ჰქონდა შეგულებული და თურქეთში წასვლა შესთავაზა. დედა თაAვიდან უარზე იყო, მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა, თუ მასთან ერთად ბაბუცაც წავიდოდა... გიორგის თქმით, დედას ერთი თურქის ოჯახში უნდა ემუშავა ავადმყოფი მოხუცის მომვლელად, მაგრამ რადგან ბაბუცას წასვლაც გადაწყდა, მათ ჯინსების ფაბრიკაში მოაწყობდნენ. მალე გიორგი წავიდა. ხშირად ურეკავდა ბაბუცას. ერთ დღეს, ბაბუცა ჩვენთან იყო, როდესაც გიორგიმ დაურეკა და უთხრა, - მალაიზიაში ვარ, თქვენ ჩემი მეგობარი ბესო (მარუაშვილი. - ავტ.) დაგირეკავთ და მაშინვე წამოდითო. 10 ოქტომბერს მართლაც დარეკა ვინმე ბესომ და ჩვენებიც 11 ოქტომბერს თურქეთში გავაცილეთ. დედა ხშირად გვირეკავდა სტამბოლიდან, ბოლოს ბებიას ელაპარაკა და უთხრა, - სამსახური ვერ ვიშოვეთ, შინ ვბრუნდებითო",

მარი კოხტაშვილი,

"კვირის პალიტრა", 2010 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაბუცა გორდაძის ოჯახის წევრების განცხადების საფუძველზე ელდარ (გიორგი) დავითიანზე ძებნა გამოაცხადა.

2010 წლის 1-ელ ნოემბერს, ღამით, კოხტაშვილების სახლში ელდარ დავითიანმა დარეკა და დარეჯან კოხტაშვილის გოგონას უთხრა, - ნუ დაიჯერებთ იმას, რასაც ტელევიზორით ლაპარაკობენ, მე არაფერში დამნაშავე არ ვარო და ტელეფონი გათიშა.

შემდეგ მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა: 5 ნოემბერს მოულოდნელად დავითიანი თბილისში ჩამოფრინდა და პოლიციაში ჩვენების მისაცემად თავად გამოცხადდა. გაჩნდა იმედი, რომ დავითიანის ჩვენება ყველა კითხვას უპასუხებდა, თუმცა, რატომღაც დავითიანის ჩვენება დღემდე გასაიდუმლოებულია (მოგვიანებით პროკურატურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ ხელთ აქვთ დავითიანის ჩვენება, სადაც თავის თავზე აიღო(?!) დანაშაული. ელდარ დავითიანმა ეს მეუღლისა და მისი მეგობრის დასაცავად გააკეთა, თუ მართლაც იყო დანაშაულის თანამონაწილე, დღემდე უცნობია).

5 ნოემბერს  ქალაქ კოტაკინაბალუს უმაღლეს სასამართლოში ბაბუცა გორდაძის პროცესი გაიმართა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე ბ მუხლით - ნარკოტრაფიკი წაუყენეს, რაც ყველა შემთხვევაში სიკვდილით დასჯას  ჩამოხრჩობით (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე) ითვალისწინებს. ასეთივე ბრალდება წაუყენა სასამართლომ დარეჯან კოხტაშვილსაც (ორივე სასამართლო პროცესი თარჯიმნის გარეშე მიმდინარეობდა).

2010 წლის 6 ნოემბერს მალაიზიაში სამართალდამცავებმა ნება დართეს დარეჯან კოხტაშვილსა და ბაბუცა გორდაძეს, მათი ინტერესები სასამართლოში ადვოკატებს დაეცვათ.

"სახალხო დამცველის საშუალებით, მალაიზიაში ჩვენ ვიპოვეთ ადამიანი, რომელიც თანახმაა, სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს ჩვენს მოქალაქეებს. მას თარჯიIმანსაც მივამაგრებთ. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ადვოკატთან - როგორ შეაფასებს სიტუაციას და წარმატებისთვის რა შანსები გვაქვს".

ნინო კალანდაძე,

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, 2010 წ. ნოემბერი

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, ქვეყნის საგარეო უწყება პირველი დღიდანვე იყო ჩართული პროცესში, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრი თავის კოლეგასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა ქვეყნებს შორის დროში განსხვავების გამო(?!). ბოლოს, დახმარებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩს, ბესო ქათამაძეს მიმართა, თუმცა ამაოდ.

სიტუაციაში გარკვევას თავისი კავშირებით საქართველოს სახალხო დამცველიც ცდილობდა.

დეკემბერში მალაიზიაში საქართველოს პროკურატურის დელეგაცია დაკავებულ ქალებს შეხვდა. გარდა ამისა, მათ გამოძიებას დავითიანის ჩვენებაც გადასცეს. ელდარ დავითიანი აღიარებდა, რომ ქალებს სურათები თავად გაატანა სტამბოლიდან და ჩარჩოებში ნარკოტიკების არსებობის შესახებ მათ არაფერი იცოდნენ.

მალაიზიაში ვიზიტით კმაყოფილი ქართული დელეგაციის წევრები აცხადებდნენ, რომ დავითიანის ჩვენებას გადამწყვეტი როლი ექნებოდა სასამართლო პროცესზე და სიკვდილით დასჯის თავიდან აცილების შანსი რეალური გახდებოდა (თუმცა ცნობილია, რომ მალაიზიური სასამართლო ნარკოტრაფიკთან დაკავშირებით შემამსუბუქებელ გარემოებებს არ ითვალისწინებს).

კოტაკინაბალუში 2011 წლის თებერვალში ექსპერტიზის დასკვნას ელოდებოდნენ, რომელსაც უნდა დაედგინა, იყო თუ არა სურათების ჩარჩოებზე დაკავებულების თითების ანაბეჭდები. მანამდე კი თბილისის საქალაქო სასამართლომ  ელდარ დავითიანს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ კვლავ მიმართა მალაიზიის ხელისუფლებას, გაეთავისუფლებინათ საქართველოს მოქალაქეები. პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა თავის მალაიზიელ კოლეგას სპეციალური წერილიც კი გაუგზავნა, თუმცა უშედეგოდ (თუ გავითვალისწინებთ, რომ მალაიზიის ხელისუფლებამ რამდენიმე წლის წინ ბრიტანელი მოქალაქის შეწყალებაზე უარი ინგლისის დედოფალსაც უთხრა, რაიმე შედეგი საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას არ უნდა მოჰყოლოდა). მეტიც, მალაიზიელი სამართალდამცავები ქართული მხარისთვის ინფორმაციის გადაცემასაც არ ჩქარობდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტრო 2011 წლის 26 აპრილს იძულებული გახდა, განეცხადებინა, რომ ”მალაიზიელ კოლეგებთან და სამართალდამცავებთან თანამშრომლობა არაეფექტიანი და უშედეგო იყო."

როგორც ცნობილია, დარეჯან კოხტაშვილს ჯაგდიჰ სინგ დეო იცავს ("კარპალ საინდი და კომპანია"), თუმცა იმის გამო, რომ თარჯიმანი ვერ იშოვეს, ადვოკატს თავის კლიენტთან ურთიერთობა უჭირს (ვინაიდან დარეჯან კოხტაშვილმა რუსული ენა იცის,  დიდი ძიების შედეგად თარჯიმნად რუსეთის მოქალაქე აუყვანეს, თუმცა სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე იძულებული იყო, თარჯიმნისთვის აცილება მიეცა).

მსგავს სიტუაციაშია ბაბუცა გორდაძის ადვოკატი რონი ჩამი, რომელიც საერთოდ ვერ ახერხებს კლიენტთან საქმეზე ლაპარაკს (საინტერესოა, რატომ ვერ უზრუნველყოფს ქართული მხარე  ადვოკატს თარჯიმნით მაშინ, როდესაც მალაიზიაში ქართული სათვისტომო არსებობს და ქართველ სტუდენტებს კუალა-ლუმპურის უნივერსიტეტშიც შეხვდებით).

გამოძიებისას დაკავებულები აცხადებდნენ, რომ ისინი მალაიზიაში სტამბოლი-კამერუნი-მაროკოს ავიარეისით ჩავიდნენ, ხოლო სურათები მათ არა სტამბოლიდან (როგორც დავითიანი აღიარებს), არამედ კამერუნიდან წამოიღეს - აეროპორტში მათ უცნობმა მამაკაცმა სთხოვა, სურათებიანი ჩანთა მალაიზიაში წაეღოთ.

გამოძიება ვარაუდობს, რომ კამერუნში მათ წინასწარი შეთანხმებით, ქართულად ან რუსულად მოსაუბრე პირი დახვდათ. ასევე ვარაუდობენ, რომ მალაიზიაში ჩამოსულ ქალბატონებს ასევე სანდო პირი დახვდა (წინააღმდეგ შემთხვევაში, კოხტაშვილი ნამდვილად ვერ შეძლებდა კუალა-ლუმპურიდან მენგატალში ჩასვლას, ხოლო გორდაძე - 5-ვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავებას).

ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ცნობილი გახდა, რომ  5 კილოგრამამდე აბებში ამფეტამინის ზუსტი წონა 1, 710 გრამი იყო.  სამწუხაროდ, ეს რაოდენობაც საკმარისია სასიკვდილო განაჩენისთვის. რაც შეეხება თითის ანაბეჭდებს, ქართული მხარის ცნობით, ჩარჩოებზე დაკავებულების ანაბეჭდები არ აღმოჩნდა, თუმცა სხვა ვერსიით, მათი არსებობა დადასტურდა...

არავინ იცის, კოტაკინაბალუს სასამართლო პროცესი კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება. ჩვენ კი იმედი დავიტოვოთ, რომ მიუხედავად მალაიზიის შეუწყნარებელი კანონებისა,  ქართველი მეზღვაურების მსგავსად, ჩვენს ქალბატონებსაც გაუმართლებთ და ამ საარჩევნო წელს(!) მალაიზიური თემიდა მათთვის უფრო ლმობიერი აღმოჩნდება.

შეუწყნარებელი კანონები

მალაიზიამ, ნარკოექსპანსიის თავიდან ასაცილებლად, 1975 წელს მიიღო კანონი, რომელიც ნარკოტიკების კონტრაბანდასა და შენახვაზე სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა. 1983 წელს კანონში ცვლილებები შევიდა. ამჯერად ჰეროინის, მარიხუანის, ოპიუმის კოტრაბანდისთვის, შენახვისთვის, ტრანსპორტირებისთვის, აგრეთვე, სხვა ძლიერმოქმედი ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანისთვის ერთადერთ სასჯელად მხოლოდ სიკვდილით დასჯა განისაზღვრა.

2011 წლის პირველ ნახევარში დაკავებული იყო 80 000  კაცი. აქედან 5 700 - ნარკორეალიზატორია. ამავე პერიოდში ქვეყნის აეროპორტებში სამართალდამცავებმა დააკავეს 22 საერთშორისო კურიერი. საშუალოდ ყოველთვიურად ერთ დაკავებულზე გამოაქვს სასამართლოს სიკვდილით დასჯის განაჩენი. სიკვდილმისჯილები, როგორც  წესი, განაჩენის სისრულეში მოყვანას 25-30 წელი ელიან(!).

2011 წელს კუალა-ლუმპურის აეროპორტში ნარკოტრაფიკის 92 მცდელობა დაფიქსირდა. ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება 60 მილიონ დოლარს შეადგენს.

ოფიციალური მონაცემებით, მალაიზიაში დარეგისტრირებულია 290 000 ნარკოტიკების მომხმარებელი. ნარკოტიკების მომხმარებელთა ასაკი 17- 30 წლამდეა.