1992-ის სუსხიანი გაზაფხული - კვირის პალიტრა

1992-ის სუსხიანი გაზაფხული

"მე სამეგრელოში არ ვიბრძოდი შევარდნაძის ხელისუფლების განსამტკიცებლად, იმისთვის ვიბრძოდი, რომ გამსახურდია არ დაბრუნებულიყო უკან. ეს რომ მომხდარიყო, თბილისში სახრჩობელები აღიმართებოდა".

ჯაბა იოსელიანი,

"ახალი 7 დღე", 2002 წ.

"1992 წლის ზამთარში სამეგრელოს ერთ- ერთ რაიონში, თავის რაზმთან ერთად ჩასულ გია ყარყარაშვილს ერთი ტიპური მეგრელი ბებია ეკითხება: - "ვინ ხარ, შვილო, რა გინდა ჩვენგან?" ყარყარაშვილს კინაღამ ცრემლი წასკდა - "არაფერი, ბებო. მხოლოდ პური ცხვებოდეს, გზები გაიხსნას".

ეს სცენა დიდებული ილუსტრაციაა იმისა, რა საშინელებაა სამოქალაქო ომი და პატარა, სუსტი ერისთვის რაოდენ უპატიებელი სისულელეა ნებისმიერი იდეის, იზმისა თუ“კრატიისთვის”ასეთი ომის წამოწყება".

გიორგი წიქარიშვილი,

"წაგებული მოძრაობის ქრონიკები"

"ცრემლის დღეები დგას საქართველოში. ორი თვეა, ირგვლივ ტირილისა და გლოვის ხმები გაისმის. საქართველოს განკითხვის დღე უდგას. ვაი, შვილო, ეს რა წელი დაუდგა საქართველოს - ძმა კვდება ძმის ხელით. ძაგძაგებს ზუგდიდის მიწა, ვერ ავუდივართ საფლავების გაჭრას, მერამდენე ხარ, შვილო? რისთვის? იმისთვის, რომ თავისუფალი საქართველოს ნახვა გინდოდა? შენ ხომ ჯერ 29 წლის ხარ, ჩემო ბიჭო..."

"მგლოვიარე დედის მოთქმა", ზუგდიდი, 1992 წლის თებერვალი

1992 წლის 15 იანვარს ერევანში, ზვარტნოცის აეროპორტში, სოხუმიდან გაგზავნილი თვითმფრინავი დაეშვა, რომელმაც იმავე დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მისი თანმხლებნი გროზნოში გადაიყვანა. იმ დღიდან ზუგდიდში გამსახურდიას მხარდასაჭერად მასობრივი გამოსვლები დაიწყო. თბილისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დევნილი პრეზიდენტი გზად ზუგდიდში გაჩერდა. სამხედრო საბჭოს წევრმა თენგიზ სიგუამ ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, - გამსახურდიამ ზუგდიდში გამართულ მიტინგზე თავის მხარდამჭერებს სამოქალაქო ომისკენ მოუწოდაო, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ გამსახურდია ზუგდიდში არ ყოფილა, ხოლო სიგუას ეს განცხადება საკმარისი აღმოჩნდა, რომ შეიარაღებული ძალები დასავლეთ საქართველოში გაეგზავნათ.

ე.წ. თბილისის ომის დროს ცხადი გახდა, რომ ვერც კიტოვანის გვარდია და ვერც "მხედრიონი", თავისი მწირი შემადგენლობით, ახალი ხელისუფლების საყრდენი ვერ გახდებოდა, ამიტომ 1992 წლის 2 იანვარს ორთაჭალის ციხიდან 110 მხედრიონელი გაათავისუფლეს, ხოლო 7 იანვარს საყოველთაო ამნისტიით დატოვა ორთაჭალის ციხე რამდენიმე ასეულმა დამნაშავემ, რომლებიც ვალდებული იყვნენ, გათავისუფლების სანაცვლოდ გამსახურდიას რეჟიმის წინააღმდეგ ებრძოლათ. აქედან გამომდინარე, კიტოვანის გვარდიის 2/3 უკვე ჩვეულებრივი ყაჩაღებისგან შედგებოდა, იგივე სიტუაცია იყო "მხედრიონშიც".”დედაქალაქის კონტროლს სამხედრო საბჭო კომენდანტის საათის შემოღებით ცდილობდა, მაგრამ დაძაბულობა იზრდებოდა რეგიონებში, განსაკუთრებით სამეგრელოში. საქმე იქამდე მივიდა, რომ სამხედრო საბჭო იძულებული გახდა, ქვეყანაშIი საომარი მდგომარეობა გამოეცხადებინა და გვარდიისა და "მხედრიონის" შეიარაღებული ნაწილები სამეგრელოში გაეგზავნა.

იანვრის ბოლოს ზუგდიდში გია ყარყარაშვილი ჩავიდა. ქალაქში უკვე იმყოფებოდა გვარდიის ტყიბულის ბატალიონი, აგრეთვე, "მხედრიონის" ნაწილები, სამეგრელოში მოსახლეობის ძარცვა-გლეჯა, წამება და დახოცვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, თებერვალში ზუგდიდის ცენტრში ერთმა გვარდიელმა არქიტექტორი გოჩა ჯიქია მოკლა.

"მე და ჩემი შვილი კინოთეატრ "საქართველოსთან" ვიდექით და ვსაუბრობდით. შევამჩნიე, მსუბუქი მანქანა გვიახლოვდებოდა. მასში ავტომატებით შეიარაღებული 4 კაცი იჯდა. მათი დანახვა არ მესიამოვნა. ზურგის შექცევას და გაქცევას აზრი არ ჰქონდა, მანქანა ჩვენ წინ გაჩერდა. ოთხივე კარი ერთდროულად გაიღო და შიგ მსხდომნი გადმოხტნენ. ილანძღებოდნენ, ჩემს შვილს დედას აგინებდნენ და თან მისი სადღაც წაყვანა უნდოდათ. წინ გადავუდექი, - ჩემი შვილია, სად მიგყავთ, არაფერი დაუშავებია, აქ ვიდექით და ვსაუბრობდით-მეთქი. ერთმა მანქანიდან ავტომატი გადმოიღო, გული ამოვარდნაზე მქონდა, გაფაციცებული ვუყურებდი, სად დაუმიზნებდა ავტომატს, ფეხებში თუ გულში. გულში დაუმიზნა და ესროლა. გოჩა ჩემ თვალწინ ჩაიკეცა. თავიდან ვიფიქრე, - ცარიელი ტყვია ესროლეს-მეთქი (ასეთ ტყვიებს ზუგდიდში მიტინგების დროს ისროდნენ, ხალხი რომ დაეშალათ), მაგრამ სისხლი რომ დავინახე, ეს იმედიც დავკარგე, დავუწყე მათ ლანძღვა. ვუყვიროდი - თქვე ბანდიტებო, მკვლელებო-მეთქი. ვცდილობდი, როგორმე გამებრაზებინა, რომ იქნებ ჩემს შვილთან ერთად მეც მოვეკალი. მერე ვეხვეწებოდი, - მომკალით-მეთქი და თან ჩემს გოჩას ვუყურებდი... ჩემმა ბიჭმა თავი გააქნია - არა. არაო, - თქვა, - ანუ დედას ნუ მომიკლავთო. ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები, რომელიც მე გავიგე, მერეც ცდილობდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ვერ ახერხებდა. ასე დალია სული... მე კი მკვლელებმა ერთი ტყვიის ღირსიც არ გამხადეს, არ გაიმეტეს ჩემთვის ერთი ტყვია, ისე გაიქცნენ. იმავე დღეს კიდევ ერთი ბიჭი - ენუქი შონია მოკლეს სტადიონთან... მეზობელმა მითხრა, რომ მკვლელი იმ ადგილას დაბრუნებულა, სადაც ჩემი გოჩა მოკლა და სანთელი აუნთია. რომელიღაც სასულიერო პირს უთქვამს, - სანთელი დაანთეთო. ჰოდა, ესენიც დადიოდნენ, ჯერ ხალხს ხოცავდნენ და მერე სანთლებს ანთებდნენ".

გოჩა ჯიქიას დედის ნაამბობიდან, 1992 წელი

ახალგაზრდა არქიტექტორის მკვლელობას ზუგდიდში მღელვარება და მასობრივი გამოსვლები მოჰყვა, დევნილი პრეზიდენტის მხარდამჭერი მიტინგები იმართებოდა სოხუმშიც. ზუგდიდიდან გია ყარყარაშვილი აფხაზეთში გადავიდა,  გვარდიის ნაწილები მდინარე ფსოუმდე მივიდნენ, აფხაზეთს სამხედრო საბჭო სრულად აკონტროლებდა, თუმცა მოგვიანებით ყარყარაშვილი თბილისში გამოიძახეს და ისიც იძულებული გახდა, დედაქალაქში დაბრუნებულიყო.

1992 წლის ზამთარში ყველას ეგონა, რომ  გამსახურდიას რეჟიმის დამხობით, ცხოვრება გაცილებით მშვენიერი გახდებოდა, თუმცა  მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა: ქვეყანაში დაძაბულობა დღითი დღე იზრდებოდა, სამხედრო საბჭოშიც ერთგვარი დაბნეულობა შეინიშნებოდა, რადგან რევოლუციური ხელისუფლება ქვეყნის კონტროლს ვერ ახერხებდა.

საგანგაშო სიტუაცია იყო სამხრეთ ოსეთშიც, სადაც დაპირისპირება სისხლიან შეტაკებებში გადაიზარდა.

სწორედ ამ დროს დაიწყეს ფიქრი საქართველოში ედუარდ შევარდნაძის ჩამოყვანაზე.

საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთაA ყოფილი მინისტრი სამხედრო საბჭოში განხეთქილების მიზეზი გახდა. თავიდან თენგიზ სიგუა და კიტოვანი მისი ჩამოსვლის წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა ჯაბა იოსელიანმა თავისი გაიტანა და 1992 წლის 7 მარტს ედუარდ შევარდნაძე საქართველოში დაბრუნდა...

სამხედრო საბჭო სახელმწიფო საბჭოდ გადაკეთდა, რომლის წევრობაც ყველა საზოგადო მოღვაწეს თუ პოლიტიკოსს შეეძლო, ხოლო ვეტოს დადების უფლება მხოლოდ ჯაბა იოსელიანს, თენგიზ სიგუას, თენგიზ კიტოვანსა და სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელს, ედუარდ შევარდნაძეს ჰქონდათ (თუმცა რეალურად საქართველოს მმართველები ჯაბა იოსელიანი და თენგიზ კიტოვანი იყვნენ).

მარტის დასაწყისში სამეგრელოში გახშირდა გამსახურდიას შეიარაღებული დაჯგუფებების თავდასხმები პოლიციის შენობებსა და ხელისუფლების შეიარაღებულ ნაწილებზე. 1992 წლის 9 მარტს ზუგდიდში, სასტუმრო "ეგრისში" დაბანაკებულ გვარდიელებს ლოთი ქობალიას დაჯგუფებამ ცეცხლი გაუხსნა. გადაწვეს შენობა, იერიშის დროს დაიღუპა რამდენიმე კაცი, მათ შორის სამი გვარდიელი. დევნილი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა ათამდე პოლიციის თანამშრომელი დააკავეს.

13 მარტს თბილისში ხმა გავრცელდა, - ზუგდიდში დაბანაკებული გვარდიის ქუთაისის ბატალიონს (მან ტყიბულის ბატალიონი შეცვალა)  გამსახურდიას მხარდამჭერებთან ერთად ჩეჩნებიც დაესხნენ თავს და ამოხოცეს, გადარჩენილები კი მძევლად აიყვანესო. იპოვეს ბატალიონის მეთაურის სისხლიანი მანქანა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისიც მოკლული იყო. ეს, ფაქტობრივად, ომის დაწყებას ნიშნავდა.

გია ყარყარაშვილმა, რომელიც იმ დროისთვის თბილისის ზღვაზე იყო დაბანაკებული, ზუგდიდში ჩასვლა და სიტუაციაში გარკვევა გადაწყვიტა. 15 მარტს ის და მისი თანმხლებნი სოფელ რუხში ჩაფრინდნენ. მას თან ბესო ქუთათელაძე ახლდა (ქუთათელაძე თბილისის ომის დროს გამსახურდიას მხარდამჭერი იყო და ტელეანძას იცავდა, ბოლოს კი ამბოხებულებს ჩააბარა, რამაც, ფაქტობრივად, თბილისის ომის ბედი გადაწყვიტა). ლოთი ქობალიას დაჯგუფებამ ყარყარაშვილის ჩასვლის შესახებ წინასწარ გაიგო, რუხში ჩაუსაფრდა და ტყვედ აიყვანა.

"ჩაფრენიდან ნახევარ საათში ალყა შემოგვარტყეს. ატყდა სროლა. მსხვერპლს კიდევ მსხვერპლი მოჰყვა. ეს იყო ძალიან მძიმე, 5-საათიანი ბრძოლა ტექნიკის გამოყენებით. მახსოვს, რობიზონ ფირცხელანი (რომელიც მეორე მხარეს იყო) ავიდა ფერდობზე და დაიძახა, - ქართველებო, ერთმანეთს ნუ ვხოცავთ, ხატის წინაშე ფიცს ვდებ, ხელს არავინ გახლებთო. სროლა შევწყვიტეთ და მიამიტურად მარტო გამოვედი. მოულოდნელად ტყვედ ამიყვანეს და ზუგდიდში წამიყვანეს (ყარყარაშვილთან ერთად ტყვედ ბესო ქუთათელაძე და კიდევ 12  სამხედრო პირი აიყვანეს. - ავტ.). ზუგდიდში სულ სხვა სიტუაცია დამხვდა. გაირკვა, რომ არც ჩეჩნები იყვნენ იქ, არც ქუთაისის ბატალიონის წევრები და არც მისი მეთაAური მოუკლავს ვინმეს. სამაგიეროდ, ლეგენდებს მიყვებოდნენ ტყიბულის ბატალიონის რამდენიმე წევრის ბოროტმოქმედებასა და მხედრიონელებზე... ვხედავდი შეურაცხყოფილ, სასტიკად დასჯილ, ბანდების თარეშისგან გაბოროტებულ სამეგრელოს მოსახლეობას და მათი კარგად მესმოდა. ჩემი თანამებრძოლნი საპყრობილეში იყვნენ... ტყვედ ჩავარდნილი მზად ხარ წამებისთვის, შეურაცხყოფისთვის, დაცინვისთვის, მაგრამ როდესაც ერთ-ერთი დაღუპულის, გოჩა ჯიქიას სახლში მიმიყვანეს, მოულოდნელად ისეთი დარტყმა მივიღე, ნამდვილად არ ველოდი. ეს სინდისის ქენჯნა იყო. ვაჟკაცობა არ გყოფნის, როდესაც შავებში ჩაცმულ დედას უყურებ... მაშინ პირველად ჩავხედე თვალებში მოწინააღმდეგე მხარის  ტანჯვას".

გია ყარყარაშვილი,

"კვირის პალიტრა",

2010 წ.”

"ჯიქიების ოჯახში ხშირად დავდიოდით. ერთ დღეს, როდესაც ყარყარაშვილი მანქანაში გვეჯდა (ტყვე იყო და მუდამ თან დავატარებდით, მარტოს ვერ ვტოვებდით - ვინმეს  რომ არ მოეკლა), იმ ოჯახში მისვლამ მოგვიწია. შევედით, სუფრას მივუსხედით. ყარყარაშვილიც თან გვახლდა. მინდოდა გასვლა და დიასახლისისთვის თქმა, - შემთხვევით მოვიყვანეთ-მეთქი. ქალმა საქმე მოიმიზეზა და სამზარეულოში ტრიალებდა. ოჯახში ბლომად ხალხი იყო. ყარყარაშვილი ვერ მიხვდა, სად იყო. გვეგონა, რომ ვერც ქალბატონმა იცნო. სუფრაზე დაღუპული ვაჟკაცის შესანდობარი უნდა გვეთქვა. დედამისი სურათით ხელში შემოვიდა, ყარყარაშვილს საცივის ბარკალი ხელიდან გაუვარდა, თავი არ აუწევია. შესანდობარზე მადლობა გადაგვიხადა დედამისმა - ჭიქა ხელში აიღო და ყარყარაშვილს მიმართა: - შვილო გია, აწი მაინც არ დაგეხოცოთ გოჩასნაირი კარგი ბიჭებიო. გადაეხვია და უთხრა, - რაც სიხარული დააკელით, შენს შვილებს მომატებოდეთო...

მერე იყო წამი, როცა ვიფიქრე, რომ ჩვენ შორის ყინული გალღვა, რომ სისასტიკე დამარცხდა..."

გოჩა ბახია, ზვიად გამსახურდიას შეიარაღებული დაჯგუფების მეთაური

სიტუაცია საქართველოში არც გაზაფხულზე შეცვლილა. საგანგაშო ვითარება იყო სამხრეთ ოსეთში. 1992 წლის 20 მაისს ცხინვალიდან ჯავისკენ ავტობუსი დაიძრა, რომელშიც მხოლოდ ქალები და ბავშვები ისხდნენ (როგორც მაშინ ამბობდნენ, ავტობუსი საექსკურსიო იყო). გზაზე ავტობუსს ჩაუსაფრდნენ და შიგნით მყოფნი ამოხოცეს.

ოსურმა მხარემ ბრალი ქართველ მეომრებს დასდო. საზარელმა ტრაგედიამ საქართველოში და არა მარტო საქართველოში, საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. საქმე იქამდე მივიდა, რომ სახელმწიფო საბჭომ გაავრცელა განცხადება, - დამნაშავეებს აუცილებლად ვიპოვით და დავსჯითო.

სამხრეთ ოსეთში შექმნილი მდგომარეობის გამო რუსეთმა გადაწყვიტა, საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდება შეეწყვიტა; მეტიც,  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო მაინც მარაგდებოდა, თუმცა მაისისთვის ესეც საბოლოოდ შეწყდა. ამგვარად, მძიმე პოლიტიკური ვითარების ფონზე საქართველოს ეკონომიკური კრახის ნიშნები უკვე  გამოკვეთილი იყო. სანამ დასავლეთში ხელისუფლების შეიარაღებული ნაწილები ლოთი ქობალიას მოხელთებას ცდილობდნენ, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება (როგორც აღმოჩნდა, საბედისწერო) და აღადგინა 1921 წლის კონსტიტუცია, ხელისუფლების ამ ნაბიჯით ისარგებლეს აფხაზეთში სეპარატისტებმა და აღადგინეს 1924 წლის კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი ფორმალურად, მაგრამ მაინც, დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო.

1992 წლის 24 ივნისს თბილისის ცენტრში კვლავ ატყდა სროლა - გამსახურდიას შეიარაღებული დაჯგუფების ერთი ნაწილი ტელევიზიის აღებას ცდილობდა...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)