"ტელევიზიის საქმე" - კვირის პალიტრა

"ტელევიზიის საქმე"

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #8)

"ლეგიტიმური მთავრობა აღდგენილია, წითელი ხუნტის დასასრული იწყება".

საქტელერადიო,

1992 წლის 24 ივნისი

"მათ უნდათ, ტელევიზიის საქმეში გამსახურდია გარიონ, მაგრამ ვაცხადებ: ზვიადს მასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია, ტელევიზიის ცოდვა ჩემს კისერზეა".

ვალტერ შურღაია

"1992 წელს ზვიად გამსახურდია ჰელსინკში ეუთოს კონფერენციაზე იყო მიწვეული. Kკრემლის პროპაგანდამ კი დასავლეთი დაარწმუნა, რომ ტელევიზიაზე იერიში გამსახურდიამ მოაწყო. ამის გამო მას ტერორისტის იარლიყი მიაკერეს და სამიტზეც აღარ დაუშვეს".

მერაბ კიკნაძე

1992 წლის 24 ივნისს დევნილი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა თბილისში ტელევიზიის აღება სცადეს; თუმცა, მანამდე, 10 ივნისს, ჩიქოვანის ქუჩაზე ჯაბა იოსელიანის აფეთქებას შეეცადნენ.

ტერაქტმა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა (3 იქვე დაიღუპა, 2 - საავადმყოფოში), მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, ჯაბა იოსელიანი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

პეტრე გელბახიანმა და ირაკლი დოკვაძემ წითელი "ზაპოროჟეცი", რომელშიც  ტროტილი იდო (ასაფეთქებელი ნივთიერება დისტანციური პულტით იმართებოდა), საბურთალოზე, ჩიქოვანის ქუჩაზე, ვინმე გოჩა ერაძის სახლთან დააყენეს (ყოველდღე, 11 საათზე, სწორედ ეს მონაკვეთი უნდა გაევლო იოსელიანს და მისი დაცვის წევრებს. 10 ივნისს, 11 საათსა და 10 წუთზე, როდესაც იოსელიანის ესკორტმა ერაძის სახლს ჩაუარა, აფეთქების ხმა გაისმა (ტერაქტის ორგანიზატორები იქვე, კორპუსიდან უთვალთვალებდნენ გზას).

"აფეთქებამდე სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიაში ვიდექი და მეზობელს ვესაუბრებოდი, რომელიც შვილს ეძებდა. მერე ქუჩაში გავიდა. ცოტა ხანში მეც მოვტრიალდი და გარეთ გასვლა დავაპირე, რომ აფეთქების ხმა გაისმა. დავინახე, ის ჩემი მეზობელი სისხლის გუბეში იწვა უგონოდ, მხოლოდ კუნთებიღა უთრთოდა. ირგვლივ წივილ-კივილი ისმოდა. მინდოდა, ვინმეს სასწრაფოში დაერეკა, მაგრამ ტელეფონები გათიშული იყო. მეორე მეზობელი, მამუკა, განწირული ხმით ბღაოდა და ნანგრევებში დედამისს ეძებდა. ამ დროს ჩემი ცოლი შევნიშნე - უმცროსი ბიჭი, ბექა ეჭირა ხელში. ბავშვს თავიდან სისხლი სდიოდა. ანაზდად ჩემი უფროსი ვაჟი, ოთო გამახსენდა. ცოლმა მანამდე მითხრა, - შინ მძინარე დავტოვეო. შევვარდი საძინებელში, მაგრამ ბავშვი იქ არ დამხვდა. ჩემი ოთო სამზარეულოს ნანგრევებიდან ამოვიყვანე დასახიჩრებული. ერთი წაილუღლუღა, - მამაო და გონება დაკარგა. ხელში ატატებული ჩამოვიყვანე ხილიანზე, საავადმყოფოში. გონს აღარ მოსულა, ისე დალია სული. ექიმებმა ჩემი 7 წლის ოთოს დაგლეჯილი  თირკმელი და ელენთა მაჩვენეს. მაშინ დავიფიცე, რომ მკვლელების შვილების თირკმლებს ოთოს საფლავზე ავიტანდი, მაგრამ ვერ გავაკეთე. პეტრე გელბახიანს შინ შევუვარდი ხანჯლით. მისი ცოლი გადამეღობა და მეხვეწებოდა, - ბავშვებს ნუ დამიხოცავ, მე მომკალიო. მაშინ ხანჯალი გადავაგდე და ოჯახს ვაპატიე, მაგრამ თავად მკვლელებს არასოდეს ვაპატიებ".

გოჩა ერაძის ნაამბობიდან

რევოლუციური ხელისუფლება ჯერ 10 ივნისის ტერაქტისგან არ იყო გონს მოსული, რომ 24 ივნისს ტელევიზიასთან სროლა ატყდა. ტელევიზიის აღებაში მონაწილეობდა დაუმორჩილებლობის კომიტეტი (ხელმძღვანელი ვალტერ შურღაია) და შინაგანი ჯარების  ერთი შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც გამსახურდიას მხარდამჭერებისგან შედგებოდა, მოგვიანებით ამ ოპერაციის წარუმატებლობაში ყოფილმა თანამოაზრეებმა ერთმანეთს ბრალი დასდეს.

"როდესაც ზუგდიდში დაუმორჩილებლობის კომიტეტი შევქმენი, ამ ხალხს (ხუნტას, - ავტ.)  პოლიტიკურად და იარაღითაც დავუპირისპირდი. თვითონაც გვხოცავდნენ და ჩვენც ვხოცავდით. მაგრამ დავინახე, რომ სამეგრელოს მეტი აღარ შეეძლო. ჩვენ კი ვალდებულები ვიყავით, კანონიერი ხელისუფლების აღდგენისთვის გვებრძოლა. გროზნოში ჩავედი და ზვიად გამსახურდიას შევხვდი. ვუთხარი, - ბატონო ზვიად, სამეგრელოს მეტი აღარ შეუძლია, თბილისში უნდა გადავიდე და იქ გავაგრძელო დაუმორჩილებლობის კამპანია-მეთქი. ზვიადმა მითხრა, - შენი ტვირთი აიღე, ბრძოლა გვაქვს გადაწყვეტილი და ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ,  მაგრამ თბილისში გადასვლას არ გირჩევ და ამას, როგორც პრეზიდენტი, გიკრძალავო. გამოკვეთილი ლიდერი ხარ, ყველაფერს გააკეთებენ, რომ გაგსვარონ და ეროვნულ მოძრაობას ჩამოგაშორონო.

ჩემი არ დავიშალე. ბოლოს კი მივხვდი, რომ გამსახურდია მართაAლი იყო და მე მომატყუეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

თბილისში აქტიურად დავიწყეთ მოქმედება - ზვიადს აქ მხარდამჭერები ბლომად ჰყავდა.

ერთ დღეს ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს, - თქვენთან შეხვედრა შინაგანი ჯარების ოფიცრებს უნდათო. თავიდან ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ამიხსნეს, - ჩვენები არიან, უბრალოდ თავი იქ შეაფარესო.

დავთანხმდი.

შეხვედრაზე ზურა იმედაძე (მოგვიანებით საზღვაო ძალების სარდალი. - ავტ.) და რამდენიმე ოფიცერი მოვიდა. მითხრეს - ყველაფერი გაკეთებულია. შევარდნაძეს დავიჭერთ და კანონიერ ხელისუფლებას აღვადგენთო.

ერთი კი ვკითხე, - თუ ყველაფერი გაკეთებულია, მე რაღა საჭირო ვარ-მეთქი. ჩვენ ლიდერი გვჭირდება. შენ ხომ დაუმორჩილებლობის კომიტეტის  ხელმძღვანელი ხარო. შემდეგ კი მთხოვეს, - გროზნოში გვინდა წასვლა და პრეზიდენტთან შეხვედრა, რადგან გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ზვიად გამსახურდია გენდობაო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი.

მეორე დღეს უნდა წავსულიყავით... მთელი დღე ველოდი... ბოლოს, გავიგე, რომ უჩემოდ წასულან. მეორე დღეს ზვიადმა დამირეკა და მითხრა, - ეს რა ხალხი გამომიგზავნე, ოქროს მთებს რომ მპირდებიანო. რა უნდა მეთქვა? ვუთხარი, - ბატონო ზვიად, არ ვიცი, ვინ არიან, არც სიტუაციას ვფლობ და ჯერ გადაწყვეტილებაც არ მიმიღია-მეთქი. ზვიადმა მომიჭრა, - ფრთხილად იყავი, რამე შარში არ გაგხვიონო.

არ ვიცოდი, რა ოპერაციას ამზადებდნენ, ან რის გაკეთებას ცდილობდნენ; მხოლოდ ოპერაციის დაწყების დრო ვიცოდი.

ერთხელაც მოვიდნენ ირემაძე და მისი მეგობრები. მითხრეს, - ან ხვალ გავაკეთებთ, ან არასოდესო. მოფიქრების ვადა დილამდე გაქვსო, - მომაძახეს.

ასაკიც მქონდა და გამოცდილებაც. არ უნდა მოვტყუებულიყავი. მითხრეს, ახლა შევარდნაძის გარე დაცვაში ვმსახურობთო.

გეგმით, ისინი 24 ივნისს, დილით დააპატიმრებდნენ შევარდნაძეს და დღის პირველ საათზე ჩემთან მოიყვანდნენ იოსელიანთან ერთად. მეტი დამაჯერებლობისთვის ერთი კაცის ხელშეუხებლობა მთხოვეს - კიტოვანს ვერ დავიჭერთო. ვიფიქრე, უარი რომ ვუთხრა, - მთელი ეროვნული მოძრაობის და პრეზიდენტის გასაგონად იყვირებდნენ, - მოღალატე შურღაიას გადაწყვეტილება რომ მიეღო და სათავეში ჩაგვდგომოდა, გავიმარჯვებდითო, ამიტომ დავთანხმდი".

ვალტერ შურღაია

"1992 წლის 24 ივნისს, გამთენიისას, 4.30 საათზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების #2052 ოპერატიულ პოლკს, განაიარაღეს დაცვა და  გაიტაცეს კალაშნიკოვის სისტემის 241 ავტომატი - საბრძოლო მასალით, ხელის ტყვიამფრქვევი - ტყვია-წამლით, ერთი საბრძოლო ტანკი, ორი ჯავშანტრანსპორტიორი, ორი სატვირთო მანქანა. ავტომატური იარაღით დაცხრილეს ფუნიკულორის პლატოზე ტელეანძა და დაჭრეს ერთი პოლიციელი, შემდეგ კი, შეტევით აიღეს  სახელმწიფო ტელევიზიის შენობა, საიდანაც 6 საათიდან 8 საათამდე გადიოდნენ ეთერში და კითხულობდნენ ეროვნული გვარდიისადმი გამსახურდიას მიმართვას, რადიოგამოსვლებით მოუწოდებდნენ ხალხს შეიარაღებისა და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისკენ. თავდამსხმელებმა დალეწეს და დაანგრიეს შენობის ფასადი და ვიტრაჟები, გაანადგურეს და გაიტაცეს ძვირად ღირებული აპარატურა".

სისხლის სამართლისმასალებიდან

ვალტერ შურღაია: - "იმიტომ შევდიოდი ტელევიზიაში, რომ ხალხისთვის მეთქვა, რა ხდებოდა, დანარჩენი კი ოფიცრებზე იყო დამოკიდებული. როგორც კი ტელევიზიაში შევედით, რამდენიმე ხანში იარაღით გაივსო იქაურობა. მივხვდი, ფაქტებს აწყობდნენ. ჩემი ვარაუდით, საქმე მოწყობილი იყო - ჩემებს ვუთხარი, - წადით, ტელევიზია დატოვეთ-მეთქი, მაგრამ არ მიმატოვეს.

პირველ საათზე უკვე ალყაში ვიყავით.

ირემაძეს ვკითხე, - სად არის დაჭერილი  პრეზიდენტი-მეთქი. თავი ჩაღუნა, არაფერი უთქვამს. მაშინ მივხვდი, რომ მაგრად გამაცურესო.

"მხედრიონის", ეროვნული გვარდიისა და  პოლიციის ჯგუფებმა ტელევიზია იერიშით აიღეს. ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა ხუთი კაცი, მათ შორის სამი გვარდიელი. ტელევიზიის შენობაში გამაგრებულები დააკავეს. როდესაც ვალტერ შურღაია გამოიყვანეს, მას ხელში "ლიმონკა" ეჭირა. მოგვიანებით ხმა გავრცელდა - ტელევიზიაში აყვანილი რამდენიმე სამხედრო (რეზო ბროძელი, ლიმა გიორგაძე და მერაბ სულაძე) მთაწმინდაზე დახვრიტესო...

ტელევიზიის საქმის ორგანიზატორები დააკავეს, თუმცა შემდეგ გამოუშვეს.

ზუგდიდში ვალტერ შურღაია ლამის მოღალატედ შერაცხეს და როგორც კი ზუგდიდში ჩავიდა, ქალაქიდან გააძევეს.

როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, ტელევიზიის  აღება კარგად მოწყობილი პროვოკაცია იყო, რომელიც დევნილი პრეზიდენტის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნადო.

თბილისში დატრიალებული მოვლენების პარალელურად, სიტუაცია დამძიმდა სამაჩაბლოში. ოფიციალურმა მოსკოვმა განაცხადა, რომ  იმ შემთხვევაში, თუ ქართული ჯარი ცხინვალში შევიდოდა, რუსული ავიაცია თბილისს დაბომბავდა. ხელისუფლება იძულებული გახდა, სამაჩაბლოში საბრძოლო მოქმედებები შეეჩერებინა.

1992 წლის 24 ივნისს სოჭში, საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს 6-პუნქტიან "დაგომისის ხელშეკრულებას", რომლის საფუძველზეც 1992 წლის 14 ივლისს კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობო ძალები შემოვიდნენ.

სამშვიდობოები წარმოდგენილი იყვნენ სამი ბატალიონით: რუსული (500 ჯარისკაცი), ოსური (500 ჯარისკაცი) და ქართული ბატალიონი, რომელიც ასევე 500 ჯარისკაცისგან შედგებოდა. "დაგომისის ხელშეკრულების" ერთადერთი დადებითი მხარე ის იყო, რომ საომარი მოქმედებები შეწყდა და მოსახლეობას მიეცა შინ დაბრუნების საშუალება. თუმცა ამ ხელშეკრულების თანახმად, ქართულმა საჯარისო დანაყოფებმა (გიორგი ყარყარაშვილი) დატოვეს 6 ქართული სოფელი, რომლებსაც ჯერ კიდევ ხელშეკრულების დადებამდე აკონტროლებდნენ. გარდა ამისა, ხელშეკრულების თანახმად, როკის გვირაბის გაკონტროლება რუს სამშვიდობოებს დაევალათ.

1992 წლის ივლისის მიწურულს დასავლეთ საქართველოში  შეიარაღებული დაპირისპირება გამსახურდიას სამხედრო დაჯგუფებებსა და სამთავრობო ჯარებს შორის კვლავ გრძელდებოდა. იმ დროისთვის სამეგრელოში გამსახურდიას მხარდამჭერი სამხედრო დაჯგუფებები იყო ზუგდიდში, ჯვარში, წალენჯიხაში, ორსანტიაში, სამეგრელოში, აგრეთვე, "ფიფას" ჯგუფი და სვანთა საძმოც ფუნქციონირებდა.

იმ პერიოდში ჩხოროწყუდან "მხედრიონის" ნაწილები წალენჯიხაში გადავიდნენ და სკოლის შენობაში დაბანაკდნენ. ეს ამბავი სწრაფად გავრცელდა სამეგრელოსა და აფხაზეთში.

გამსახურდიას მხარდამჭერები წალენჯიხის გაწმენდის ოპერაციისთვის ემზადებოდნენ (წალენჯიხაში "მხედრიონი" იდგა. - ავტ). ერთ ღამეს მათ წალენჯიხაში სკოლის მიმდებარე ტერიტორიას ალყა შემოარტყეს. "მხედრიონელებმა" საეჭვო მოძრაობა შენიშნეს, იქაურობის დატოვება გადაწყვიტეს და ეზოში მდგარ ავტობუსს მიაშურეს. როგორც კი ავტობუსში ჩასხდნენ, გამსახურდიას მომხრეებმა მაშინვე ყუმბარმტყორცნებით ცეცხლი გაუხსნეს. უმრავლესობა დაიღუპა, ხოლო გადარჩენილებმა მოწინააღმდეგეს ცეცხლი გაუხსნეს... "მხედრიონს" ბოლოს ქუთაისიდან შვეულმფრენით დამხმარე ძალა მიაშველეს.

ოპერაციის დროს გამსახურდიას მომხრეებს დაეღუპათ 15 კაცი. მერე გალში გადავიდნენ. სოხუმში შეიქმნა პრეზიდენტის სამხედრო დაჯგუფება - სოხუმის სამხედრო კომენდატურა ჯამბულ ბოკუჩავას ხელმძღვანელობით. 11 აგვისტოს ზუგდიდიდან გაიტაცეს შინაგან საქმეთა მინისტრი რომან გვენცაძე, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დავით ხაზალია, ინფორმაციის და დაზვერვის სამსახურის თანამშრომელი მამია ალასანია, ზუგდიდის გამგებელი ოთარ ფაცაცია, ადმინისტრაციული პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვალერიან როგავა და კრიმინალური პოლიციის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე მურთაზ ჩიქობავა.

"აგვისტოს დასაწყისში ჩემთან მოვიდა ზვიად ლელაძე და მითხრა, რომ ზუგდიდში ჩამოსული იყო შინაგან საქმეთა მინისტრი რომან გვენცაძე, თან გადმომცა ლოთის (ქობალია. - ავტ.) დანაბარები, - გვენცაძე და მისი თანმხლები პირები უნდა აიყვანოთო. როდესაც ისინი დავატყვევეთ, რატომღაც გალში წაიყვანეს, სოფელ კოხორაში.

გოჩა ბახიამ ოთარ ფაცაციას 10 მილიონი მოსთხოვა.

ეს რომ  ჯუტი ხუბუტიამ და სლავიკ მინჯიამ გაიგეს, ფულის მოთხოვნაზე უარი თქვეს, სანდრო კავსაძის დაკავება ვერ შევძელით - ხელიდან დაგვისხლტა.

შინაგან საქმეთა მინისტრის გამოხსნაში კანონიერი ქურდები ჩაებნენ..."

ბადრი ზარანდიას დღიურებიდან

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)