ენგურს გაყოლებული საიდუმლო - კვირის პალიტრა

ენგურს გაყოლებული საიდუმლო

ყოფილი გამომძიებელი ტრისტან ჩემია თავისი საგამომძიებლო პრაქტიკიდან ყველაზე საზარელ მკვლელობას იხსენებს:

ნაწვიმარი დილაა, მოხუცი საქონელს მიერეკება. პატარა ბოჩოლა ნახირს მოსწყდა და ხიდისკენ გაიქცა. მოხუცი მენახირე ჯოხის ქნევით უკან გაედევნა. უცებ მისი ყურადღება ხიდის მოაჯირზე გადაკიდებულმა კაბამ მიიპყრო. ცნობისმოყვარეობამ სძლია, ბოჩოლას თავი მიანება და კაბას დასწვდა.

მოულოდნელობისგან წაბარბაცდა, კაბა სისხლში იყო მოსვრილი. მიმოიხედა,  დასახმარებლად ვინმე სულიერს ეძებდა. თვალების ცეცებაში ხიდზე შიშველი ფეხის ნაფეხურებიც შენიშნა. დაიხარა, კარგად დააკვირდა, ნაფეხური სავარაუდოდ, ქალს ეკუთვნოდა.  მოხუცი ნაკვალევს მიჰყვა, კვალი მდინარესთან შეწყდა.

- ნეტა რა მოხდა, ვინმე მოკლეს თუ თავი დაიხრჩო? - გაიფიქრა  შეშინებულმა. მერე კაბა ხიდთანვე მიაგდო და სოფლისკენ გაიქცა. პირველივე სახლთან შეჩერდა.

- ლამარა (აქაც და შემდგომშიც გვარ-სახელები შეცვლილია), სად ხართ, პოლიციაში დარეკეთ, მგონი ვიღაც მოკლეს და ადიდებულ მდინარეში გადააგდეს, - დაიძახა აკანკალებული ხმით.

სოფელი უცებ შეიყარა. მოხუცი წინ გაუძღვა. სისხლიანი კაბა ისევ იქ ეგდო.

- ხალხო, ხელი არაფერს ახლოთ, არც იმ ნაფეხურებს შეეხოთ, - დაიყვირა ერთ-ერთმა... ამასობაში პოლიციის მანქანაც გამოჩნდა.

- მთელი ღამე გავათენეთ, აქ კიდევ რა მოხდა? - უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა მანქანიდან გადმოსულმა პოლიციელმა.

სამართალდამცველებმა ნანახი წინადღეს მეზობელ სოფელში მომხდარ ტრაგედიას დაუკავშირეს.

- ბიჭო, ნეტა ის ქალი ხომ არ არის, მთელი ღამე რომ ვეძებთ, - ჩაულაპარაკა ერთმა მეორეს.

- ალბათ თავი მოიკლა, - დაასკვნა მეორემ.

***

პოლიციელების უძილობის მიზეზი წინადღეს მომხდარი ტრაგედია იყო.

შვილიშვილის გასაღვიძებლად საძინებელ ოთახში შესულ ვარლამს საშინელი სურათი დახვდა. ბავშვი საბანწაფარებული იწვა, საბანი ფრთხილად გადახადა და... მოხუცი თავზარდაცემული აღრიალდა. 10 წლის საყვარელ შვილიშვილს, რეზიკოს ყელი გამოჭრილი ჰქონდა, სხეული გაფატრული და ხელები - დანით დასერილი.

მოხუცის ყვირილზე მეზობლები მოგროვდნენ. ოთახის კედლები სისხლით დაეხაზათ. იატაკზე ქაღალდის ნაგლეჯები ეყარა, ერთი და იმავე წარწერით - "რეზიკოს წყარო". ფანჯარასთან სისხლიანი წყლით სავსე ვედრო იდგა. იქვე ეგდო სისხლიანი პირსახოცი....

თავზარდაცემული მეზობლები ოთახებში დარბოდნენ და ბავშვის დედას ეძებდნენ. ყველას ეგონა, რომ ნატოც მოძალადის მსხვერპლი გახდა, ქალი არც ცოცხალი ჩანდა და არც მკვდარი...

- ღამის ორ საათზე ძაღლები გაუთავებლად ყეფდნენ. ნეტა მაშინ ხომ არ გარბოდა მკვლელი? - იკითხა კარის მეზობელმა.

- ბავშვი რატომ უნდა მოეკლათ, ნატო სადღა გაქრა? - გამოეპასუხა მეორე.

- ალბათ ჯერ დედა მოკლეს, ბავშვმა მკვლელი იცნო და იმიტომ!..

- მაშინ გვამი სად არის?!

მეზობლებმა ნატოს ძებნა ეზოში განაგრძეს. მის კვალს ვერსად მიაგნეს.

***

გამომძიებელ ტრისტან ჩემიას პოლიციაში მუშაობის 20 წლის მანძილზე  უამრავი საზარელი მკვლელობა ენახა, მაგრამ ბავშვის ასე დასახიჩრებული ცხედარი - არასოდეს!  რეზიკო მისი შვილიშვილის ტოლი იყო, ამიტომაც უფრო მტკივნეულად განიცადა ყველაფერი, ძლივს მოიშორა თავიდან აბეზარი ფიქრები... დამახინჯებული ბიჭის ცხედარი სასწრაფო დახმარების მანქანით ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

- რამეს თუ შეიტყობთ, მაშინვე დამირეკეთ, - გამომძიებელმა ერთ-ერთ თანამშრომელს დავალება მისცა, თვითონ კი შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო. ფეხი ბავშვის ბურთს წამოჰკრა. ისევ თავისი შვილიშვილი გაახსენდა, კვლავ გააჟრჟოლა. დაცვარული შუბლი მოიწმინდა და დივანზე ჩამოჯდა.

- ყველა მეზობელი დასაკითხად სათითაოდ შემოიყვანეთ, - სთხოვა ერთ-ერთ ოპერმუშაკს. ხელი პიჯაკის ჯიბეში ჩაიდო, იქიდან წამლის კოლოფი ამოიღო. თეთრი აბები აკანკალებულ ხელზე დაიყარა და გადაყლაპა. ტრისტანი ისევ ფიქრებში ჩაიძირა. ჯერჯერობით მკვლელობის არც ერთი ვერსია არ ჰქონდა.

- მეზობლებიდან ამ კაცმა ბავშვის ცხედარი პირველმა ნახა, - უთხრა ოპერმუშაკმა ჩაფიქრებულ გამომძიებელს და შუახნის მამაკაცი წარუდგინა.

- არ ვიცი, ეს როგორ უნდა მომხდარიყო. ამ  ბიჭის ცოდვა ვის უნდა დაედო, - ლუღლუღებდა სასომიხდილი კაცი.

- კარგი, ახლა ცრემლის ღვრა საჭირო არ არის, მკვლელი შეიძლება აქვე დადის. რამდენიმე კითხვაზე უნდა მიპასუხოთ. ბოლო დროს ამ ოჯახში რამე საეჭვო ხომ არ შეგინიშნავთ?

- არა, ბატონო, არაფერი, თუმცა... არა, არაფერი...

- მომეჩვენა, რომ რაღაცის თქმას აპირებდით.

- არა, უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ნატო ბოლოს უცნაურად იქცეოდა. ისე, საერთოდ, უცნაური იყო, მაგრამ ბოლო დროს ნამეტანი აურია...

- რას ატყობდით, ბავშვს სცემდა? - ჩაეძია გამომძიებელი.

- არა, ამას როგორ დავწამებ! პირიქით, თავგადაკლული დედა იყო. შვილს ზედ დაჰფოფინებდა, არაფერს აკლებდა, წრეებზე დაჰყავდა... შვილს  არა, მაგრამ სხვებს უმიზეზო რამეზეც ეჩხუბებოდა. აი, ბოლოს კი სულ გარინდებული დადიოდა. ცაში იყურებოდა და თითქოს ვიღაცას უცინოდა...

ოპერმუშაკმა რეზიკოს მასწავლებელიც შეიყვანა გამომძიებელთან. ქალს ტირილისგან თვალები დასწითლებოდა.

- რეზიკო გუშინ ისეთი გახარებული იყო. მითხრა, მამამ დამირეკა, არდადეგებზე მოსკოვში წამიყვანსო... დედა არ მიშვებს. ამბობს, შენს თავს სულ წამართმევსო, მაგრამ მე მაინც წავალო. კარგი ბავშვი იყო, ცოცხალი, ჭკვიანი, გაკვეთილების უცოდინარი არასდროს მოსულა. უბედურ დედამისს არ ჰგავდა.

- ამას რატომ ამბობთ, ნატოს რამე უცნაურობა სჭირდა?

- ცოტა ხნის წინ მშობლებს ვთხოვე, ეზოში თქვენი შვილების სახელზე თითო ძირი ხე დარგეთ-მეთქი. ჩემდა გასაკვირად, კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა. ამბობდა, ღმერთი მეუბნება, ამით მიწას მე მაყრიანო. აიჩემა, ეს ხეები ჩემზე ცუდად მოქმედებსო და დარგული ხეები მოგვაჭრევინა.

- მერე დაუჯერეთ?

- დავუჯერეთ. ყველა ვუფრთხილდებოდით, რადგან არაერთხელ სცადა თავის მოკვლა. პირველად მეათე კლასში იყო, როცა შაბიამანი დალია. ბოლო დროსაც რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა. ცოტა ხნის წინ ძმას გაქანებული მანქანიდან გადმოუხტა... გადარჩა! მაშინ ამბობდა, ვიღაცამ ჩამძახა, გადახტი, გადახტი და მეც გადავხტიო... გუშინ კიდევ ერთი მოსწავლის მშობელი მოვიდა. მითხრა, ნატო რა უცნაური ქალია. ჩემთან მოვიდა, ხელში ორი წითელი ვარდი ეჭირა. ერთი კოკორი იყო, მეორე - გაშლილი. თქვა, ეს რეზიკოა, მეორე მე ვარ. ჯერ კოკორი მოკვდება, მერე დედამისიო...

ამ დროს ტრისტანს ექსპერტიზაზე წასულმა ოპერმუშაკმა დაურეკა და    ექსპერტიზის პასუხი ტელეფონშივე მოახსენა:

- ბავშვს უამრავი ჭრილობა აქვს. ხელები დანით აქვს დასერილი, სავარაუდოდ, მოძალადეს წინააღმდეგობას უწევდა. ხმა რომ არ ამოეღო, მკვლელმა პირში ნაჭრები ჩაუტენა. ტრისტანმა მაგიდიდან საქაღალდე აიღო და ჩქარი ნაბიჯით ოთახიდან გავიდა. იქვე, კართან ატუზული შვილიშვილი შენიშნა. პატარა სლუკუნებდა, თვალებს ჭუჭყიანი მუშტებით იწმენდდა. ბიჭს თავზე ხელი გადაუსვა.

- რეზიკოს მეგობარი ხარ?

- კლასელები ვართ.

- სკოლაში ვინმე ხომ არ აკითხავდა, რეზიკო რაზე გელაპარაკებოდა?

- სკოლაში მხოლოდ ნატო დეიდა აკითხავდა. გუშინ დედამისზე თქვა, უცნაურად იქცევა, მისი ძალიან მეშინიაო...

მოულოდნელად ეზოში ჩოჩქოლი ატყდა, ტრისტანი იქით გაიქცა. მეზობლები ნატოს მამას აკავებდნენ. გამწარებული მოხუცი ყვიროდა:

- ჩემი სიძე მოკლავდა. ეტყობა, წუხელ ჩამოვიდა, ნატომ წინააღმდეგობა გაუწია, ჯერ ცოლი მოკლა და გონებადაბინდულმა შვილიც ზედ მიაყოლა. ნატოს მამა მეზობლებმა სახლში ძალით შეიყვანეს.

***

ტრაგედიიდან მესამე დღეს რეზიკოს მამა, რამაზი მოსკოვიდან ჩამოფრინდა თავზარდაცემული. ნატოს ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, ნაწამები შვილი თავის სახლში გადაასვენა. გამომძიებელი მას იმ დღესვე ესტუმრა.

- ვიცი, რა დღეშიც ხართ, მაგრამ რამდენიმე კითხვით უნდა მოგმართოთ.

- გისმენთ, - უთხრა გაფითრებულმა რამაზმა.

- რას ფიქრობთ, თქვენი შვილი ვის უნდა მოეკლა?

- მე მეკითხებით? წესით, ამ კითხვაზე პასუხი თქვენ უნდა გქონდეთ.

- თქვენი მეუღლეც გაქრა, შესაძლოა, ისიც მოკლულია. უნდა მითხრათ, ვინმე ხომ არ ემუქრებოდა ან მისი სიკვდილი ვის სჭირდებოდა?

- სამი წელია, მოსკოვში ვარ. ვერაფერს გეტყვით.

- ერთმანეთს რატომ დაშორდით?

- მე და ნატოს ერთმანეთი გვიყვარდა. რეზიკო ქორწინებიდან სამი წლის შემდეგ შეგვეძინა. ბავშვი რომ გვეყოლა, ნატო ძალიან შეიცვალა. გულჩათხრობილი გახდა, ხშირად ხმას არ მცემდა. მეუბნებოდნენ, მშობიარობის დეპრესიააო. მეც მოთმინებით ველოდი, როდის გამოუსწორდებოდა ხასიათი. მისთვის ხმამაღალი სიტყვა არ მითქვამს. ზოგმა მისი შეცვლა "ბატონებს" დააბრალა. მლოცველები მოჰყავდათ, ლოცვებს უკითხავდნენ... ერთ დღეს სამსახურიდან რომ დავბრუნდი, ნატო და ბავშვი შინ არ დამხვდნენ. რომ მოვიკითხე, მითხრეს, მშობლებთან წავიდა და ბავშვიც წაიყვანაო. მეორე დღეს შემომითვალა, ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდაო. ოჯახის დანგრევა არ მინდოდა, რეზიკოს ვერ ველეოდი. შერიგებისკენ ნაბიჯი ისევ მე გადავდგი. შევრიგდით, მაგრამ ნატო მაინც მშობლებთან აგრძელებდა ცხოვრებას. მერე სამუშაოდ წავედი... ჩემს შვილს ყურადღებას არ ვაკლებდი. ტელეფონით ხშირად ველაპარაკებოდი. ბავშვს რამე პრობლემა რომ ჰქონოდა, მეტყოდა. რეზიკო ყველაფერს მიყვებოდა...

- საცოდავი ნატო, იმ დღეს მე ვნახე, - ბავშვის დასატირებლად შესულმა ქალმა რეზიკოს მამიდას შესტირა. ტრისტანმა ყურადღება მაშინვე ამ ქალზე გადაიტანა. თანამშრომელს სთხოვა, ის ქალი ეზოში ჩაეყვანა. თვითონ სასწრაფოდ კიბე ჩაირბინა, აღელვებულმა სიგარეტს მოუკიდა. დაბნეული ქალი ტრისტანთან მიიყვანეს, რომელსაც ვერაფრით გაეგო, მისგან რა უნდოდათ.

- იმ დღეს ნატო სად ნახეთ?

- დილით ადრე ეზოდან ძროხა გამოდენა. ბავშვი სკოლაში გაუშვა...

საღამოს ისევ ვნახე. დაახლოებით 7 საათი იქნებოდა, ჩქარი ნაბიჯით რომ გადაჭრა ქუჩა. აფორიაქებული ჩანდა, სახე და მკლავები დასწითლებოდა, ყურადღება არავისთვის მიუქცევია, გიჟივით მიქროდა. ამ დროს რეზიკო სკოლის ეზოში ბურთს თამაშობდა. დედა რომ დაინახა, მაშინვე თამაშს თავი მიანება და უკან, უსიტყვოდ გაეკიდა. ეს უბედურება იმ ღამით მოხდა... უბედურ ვარსკვლავზე იყო გაჩენილი ნატო. მთლად კარგად ვერ იყო. ყველა ვამბობდით, რომ საწყალს ფსიქიკური პრობლემა ჰქონდა... წინა დღეებში ისიც მითხრა, თავს მოვიკლავდი, მაგრამ მაშინ ბავშვს მამა წაიყვანს და ეს კი არ მინდაო...

ტრისტანმა ქალს ლაპარაკი არ დაასრულებინა. ჩქარი ნაბიჯით ეზო გადაჭრა და მანქანაში ჩაჯდა. ნატოს აშკარად ფსიქიკური აშლილობა ჰქონიაო, - დაასკვნა.

ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოარკვია. ისევ ოპერმუშაკი იყო, - კაბაზე ბავშვის სისხლის კვალი აღმოჩნდა...

***

მკვლელობის შემდეგ სოფელში რამდენიმე დღე კოკისპირულად წვიმდა. ყველას ეგონა, ადიდებული მდინარე ახალგაზრდა ქალის ცხედარს სადმე გამორიყავდა, მაგრამ ნატო ვერც მკვდარი იპოვეს და ვერც ცოცხალი.

გამომძიებელი მაშველებს გვერდიდან არ შორდებოდა. მას კიდევ ერთი ეჭვი ღრღნიდა. შვილის მკვლელმა დედამ კვალის აბნევის მიზნით კაბა მდინარესთან შეგნებულად ხომ არ დატოვა და მიიმალა?!

გაუჩინარებული ქალის დის ნათქვამი მოსვენებას არ აძლევდა, - იმ დღეს სახლიდან ნატოს მეორე კაბაც წაუღიაო. ხიდიც, სადაც კაბა იპოვეს, მეზობელ სოფელში იყო, იქამდე სხვა მდინარეც გაიარა. სოფელში კი ამბობდნენ, რომ ნატომ შვილი ქმარზე შურისსაძიებლად მოკლა, მაგრამ ამის დაჯერება ტრისტანს ძალიან უჭირდა.

- ასეთი რამ ჩემს პრაქტიკაში არ მახსოვს. ცხადია მკვლელობა შეურაცხადმა ქალმა ჩაიდინაო, - დაასკვნა.

მთელი დღეები მაშველთა გვერდით, ენგურის ნაპირას იდგა, თუმცა ხშირად მისი მზერა ერთი მიმართულებით ჩერდებოდა - სულ რაღაც ორ კილომეტრში აფხაზეთის უკონტროლო საზღვარი იყო, რომელმაც ამ შემზარავი ისტორიის საიდუმლო თან გაიყოლა.

თეა ხურცილავა