მძევლები - კვირის პალიტრა

მძევლები

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #8-9)

"ომს ხშირად იწყებენ არა  იმიტომ, რომ მისი მოგების იმედი აქვთ, არამედ იმიტომ, რომ  სხვა გზა არა აქვთ".

ვიქტორ სუვოროვი

"არც ერთი სერიოზული პოლიტიკოსი არ მივიდოდა ასეთ რეგიონში. მე ჩავედი დასავლეთ საქართველოში, რათა არ დამეშვა საქართველოს დაშლა და შემეწყვიტა სამოქალაქო ომი. მე არასოდეს მიოცნებია არარსებული სახელმწიფოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეობაზე.

ძნელია ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა, მაგრამ ის კაცი არ ვარ, ვისაც შეიძლება მიაფურთხონ."

ედუარდ შევარდნაძე, 1992 წლის ივლისი

"მე ვფიქრობდი, ბოროტებასაც აქვს  თავისი ზღვარი-მეთქი, მაგრამ დავრწმუნდი, რომ ის უსაზღვროა, ჩვენ დიდსულოვნება გამოვიჩინეთ და მსოფლიოს წინაშე ვაპატიეთ ყველა ჩვენს მტერს, მაგრამ პატიება აღარ  იქნება."

ედუარდ შევარდნაძე,

1992 წლის 11 აგვისტო

"მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელი მსოფლიოს საზოგადოებას, ყველა კეთილი ნების ადამიანს - დაიცვან გენოციდისაგან მცირერიცხოვანი, მრავალტანჯული აფხაზი ხალხი, აფხაზეთის  ქართველი მოსახლეობა, საკადრისი პასუხი გასცენ შევარდნაძის დამსჯელ ბანდებს და ამხილონ მისი მტაცებლური პოლიტიკა გენოციდსა და ერის გაჟლეტაში."

ზვიად გამსახურდია,

1992 წლის 14 აგვისტო

1992 წლის 11 აგვისტოს ზუგდიდში, შინაგან საქმეთა მინისტრ რომან გვენცაძის და მისი  თანმხლები პირების გატაცებამდე, სამეგრელოში სიტუაციის განმუხტვა სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელმა სცადა,  მისი შვეულმფრენი 23 ივლისს წალენჯიხის სტადიონზე დაჯდა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ შევარდნაძეს პირველი პრეზიდენტის დაბრუნება და კანონიერი ხელისუფლების აღდგენა მოსთხოვა. როგორც ამბობენ, ზვიად გამსახურდიას ერთ მხარდამჭერს გასროლაც უცდია, თუმცა დაცვას ეს დროულად შეუნიშნავს.

მოგვიანებით, ზუგდიდისკენ მიმავალ სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელის მანქანების კორტეჟს გზა შავოსანმა ქალებმა და ბავშვებმა გადაუკეტეს და შევარდნაძეს კვლავ გამსახურდიას დაბრუნება მოსთხოვეს.

გაცილებით ცუდი მდგომარეობა შეიქმნა სენაკში, სადაც შევარდნაძეს ქვები და დამპალი ვაშლები დაუშინეს.

სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი იძულებული გახდა, სამეგრელოში ვიზიტი შეეწყვიტა. ამის მიზეზი კი იმავე დღეს ვლადისლავ არძინბას მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის გამოცხადება გახდა.

სანამ აფხაზეთის სეპარატისტული უზენაესი საბჭო აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს კონსტიტუციის მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებდა, მანამდე არძინბამ აფხაზურ შეიარაღებულ ფორმირებებს, ჯერ კიდევ ივნისში, ადმინისტრაციული შენობების და მაგისტრალების დაკავება უბრძანა, მათი პირველი სამიზნე აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო.

"24 ივნისს ჩემთან ერთად კაბინეტში ჩემი მოადგილე მერაბ გამზარდია იმყოფებოდა. მე ტელეფონზე ვსაუბრობდი. მერაბმა ფანჯრიდან შეამჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სამხედროების ალყაში ექცეოდა. გარეთ ბეტეერებიც იდგნენ. რამდენიმე წუთში კაბინეტში სამხედროები შემოიჭრნენ - იქნებოდა 6-8 კაცი. მათ აფხაზეთის შინაგანი ჯარის პოლკის მეთაური ვიქტორ კაკალია შემოჰყვა. მე და მერაბს გვიბრძანეს, იარაღი ჩაგვებარებინა და დავმორჩილებოდით. მე ვუთხარი, - რას აკეთებთ, ეს ძვირად დაგიჯდებათ-მეთქი. მან კი კუშტად მომიგო, - ეს ბრძანებაა. უკვე ყველაფერი  შეთანხმებულიაო.

მე, რა თქმა უნდა, კაკალიას ბრძანებას არ დავემორჩილე.

მოულოდნელად, ჯერ ძლიერი დარტყმა და შემდეგ აუტანელი ტკივილი ვიგრძენი...

დარწმუნებული ვარ, ვინც ისინი ჩემთან გამოგზავნა, ის რადიოგზავნილი   მოისმინა, რომელიც გამსახურდიას მხარდამჭერებმა თბილისის საქტელერადიო შენობის აღების შემდეგ გაავრცელეს. სავარაუდოდ, აქ ეგონათ, რომ თბილისში ხელისუფლება უკვე დამხობილი იყო. მივხვდი, რომ აფხაზურ  ხელმძღვანელობას შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში ჩაგდება უნდოდა..."

Gგივი ლომინაძე, აფხაზეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი

იმ დღეს გივი ლომინაძე სასტიკად სცემეს. სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. შინაგან საქმეთა მინისტრად არძინბამ ალექსანდრე ანქვაბი დანიშნა.

1992 წლის 31 ივლისს საქართველო გაერთიანებული  ერების ორგანიზაციის წევრად მიიღეს.

1992 წლის 4 აგვისტოს საქართველოს პატრიარქის ძალისხმევით, რევოლუციურმა ხელისუფლებამ გამოსცა ე.წ. "დიდი შერიგების მანიფესტი".

მანიფესტი ითვალისწინებდა საომარი მდგომარეობისა და კომენდანტის საათის გაუქმებას, შეიარაღებული  ფორმირებების, მათ შორის "მხედრიონის" ყაზარმაში დაბრუნებას (რაც ნიშნავდა, რომ სამეგრელოს დატოვებდნენ სამთავრობო ჯარები). აგრეთვე, იმ პატიმრების გათავისუფლებას, რომლებიც 1992 წლის 6 იანვრის შემდეგ დააკავეს (ეს პუნქტი გამსახურდიას მხარდამჭერებს ეხებოდა), მათ შორის ვალტერ შურღაიასა და მის ჯგუფს, რომლებიც  ტელევიზიის აღებაში მონაწილეობდნენ.

"დიდი შერიგების მანიფესტს" საზოგადოება დადებითად შეხვდა, გაჩნდა იმედი რომ სამოქალაქო დაპირისპირებას ბოლო მოეღებოდა, 1992 წლის 11 აგვისტოს ზუგდიდში ჩასული შინაგან  საქმეთა მინისტრი რომან გვენცაძე და მისი თანმხლები პირები (დავით ხაზალია, მურთაზ ჩიქობავა, მამია ალასანია, დავით სალარიძე,  ვალერიან როგავა და ოთარ ფაცაცია) მოულოდნელად გაიტაცეს.

"ჩემამდე ზუგდიდში სანდრო კავსაძე დაატყვევეს, ჩავედი მის გამოსახსნელად. ზუგდიდში   ერთ-ერთი პოლიციელის (გრიშა ქობალია. - ავტ.) სახლში ლოთი და ზაურ ქობალიებს შევხვდით. ისინი ამბობდნენ, რომ თუ ჩვენ ოთხ კაცს გავათავისუფლებდით, ისინი კავსაძეს გადმოგვცემდნენ.

მოულოდნელად თავს დაგვესხა გოჩა ბახიას დაჯგუფება (მეორე ვერსიით, თავდამსხმელი ბადრი ზარანდიას ფორმირება იყო. - ავტ). დაგვატყვევეს და აფხაზეთში წაგვიყვანეს."

რომან გვენცაძე,

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი

ზუგდიდში მომხდარმა გატაცებამ თბილისი აღაშფოთა. იმავე დღეს დედაქალაქში მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. თბილისმა გამტაცებლებს ულტიმატუმი წაუყენა - სასწრაფოდ, უპირობოდ გაეთავისუფლებინათ მძევლები, ულტიმატუმის ვადა 13 აგვისტოს იწურებოდა. გამტაცებლებმა გადაწყვიტეს, გამოსასყიდი - 10 მილიონი რუბლი - ოთარ ფაცაციასთვის მოეთხოვათ,  რამაც გამსახურდიას მხარდამჭერ სამხედრო ფორმირებებში განხეთქილება გამოიწვია. ზოგიერთი საველე მეთაური მიიჩნევდა, რომ ეს უღირსი საქციელი იყო.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, მაღალჩინოსნების გატაცება ლოთი ქობალიას გადაეწყვიტა და გროზნოში მყოფმა დევნილმა პრეზიდენტმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. შინაგან საქმეთა მინისტრის დასახსნელად მოლაპარაკებებში კანონიერი ქურდები ჩაებნენ. პაატა ჩლაიძემ (პაატა თბილისკი), რომელსაც კარგად ახსოვდა, რომ ოდესღაც გვენცაძის წყალობით გადაურჩა სიკვდილს (ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს, ჩლაიძე გაქცევისას დაიჭრა, საავადმყოფოში მას სისხლი  მილიციელმა რომან გვენცაძემ გადაუსხა, რომელიც  ოპერაციის დროს მის დაკავებას ცდილობდა), დასახმარებლად სამეგრელოში მცხოვრებ კანონიერ ქურდებს მიმართა (ვახო დარსმელიძე, როლანდ გეგეჭკორი, ვახტანგ გერგაია) და გამტაცებლებთან შუამავლობა სთხოვა. 12 აგვისტოს, ზუგდიდის სტადიონზე, სახანძრო დაცვის წითელი შვეულმფრენი დაეშვა, რომელმაც ზუგდიდში პაატა ჩლაიძე და რამდენიმე კრიმინალური ავტორიტეტი ჩამოიყვანა. გამსახურდიას მხარდამჭერი ფორმირებების წარმომადგენლებს სტადიონზევე შეხვდნენ. თავიდან ისინი უარს აცხადებდნენ თბილისელებთან საუბარზე, რადგან ვერ გაიგეს, ვინ იყვნენ - "კანონიერი ქურდები" ჯერ "პაჟარნიკები" ეგონათ...

სანამ კრიმინალური სამყარო პოლიციელების დახსნას ცდილობდა, გატაცებულებს სოფელ-სოფელ დაატარებდნენ.

"1992 წლის ზაფხული იყო. დღე არ მახსოვს. 18 საათი იქნებოდა. შინ ვიყავით მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე. მოულოდნელად კარს სტუმრები მოგვადგნენ - დაახლოებით 6 კაცი იქნებოდა. მათ თან ავტომატებით შეიარაღებული პირები ახლდნენ, სტუმრები ვინ მოიყვანა, არ ვიცი (მისი მეუღლის - ვახტანგ ზარანდიას თქმით, ისინი ჯიხაშკარის გამგებელმა  გუგუჯი ებრალიძემ მოიყვანა. - ავტ.).

სტუმრებმა ღამე ჩვენთან გაათიეს. დილით ადრე წავიდნენ. წასვლის წინ ვასაუზმე, ცოტა ღვინოც დალიეს, სწორედ ამ დროს გავიგე, რომ სტუმრებს შორის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი თანმხლები პირები იყვნენ."

ნათელა ავალიანი-ზარანდიას ჩვენებიდან

Bბოლოს, მძევლები გალის რაიონში, სოფელ კოხორაში გადაიყვანეს...

"Kკანონიერ ქურდებსა" და გამტაცებლებს შორის მოლაპარაკება ვაჭრობას დაემსგავსა. გამსახურდიას შეიარაღებული ფორმირებების მეთაურები ფულს ჯიუტად ითხოვდნენ, თუმცა  ამჯერად 10 მილიონიდან 5 მილიონზე ჩამოვიდნენ. ამასობაში კი, დაპირისპირება პრეზიდენტის შეიარაღებულ ფორმირებებში დღითი დღე იზრდებოდა.  სამეგრელოში გავლენის მოსაპოვებლად ერთმანეთს ხუნტასთან კავშირში სდებდნენ ბრალს და კონკურენტების ჩამოცილებას ყველა ხერხით ცდილობდნენ.

"როდესაც ვალტერ შურღაია ტელევიზიაში შევიდა, იმ დღეს სოხუმში ვიყავი და გროზნოში უნდა ჩავსულიყავი, დავრეკე ბატონ პრეზიდენტთან. მითხრა, - წადი სამეგრელოში, გაარკვიე, რა ხდებაო. მას არ ჰქონდა ინფორმაცია მიმდინარე მოვლენების შესახებ. ჩავედი ზუგდიდში. იქ შტაბში იჯდა ოთარ უბილავა და მითითებებს იძლეოდა. მითხრა, - შენი ბიჭები მარტვილში არიანო. ჩავედი მარტვილში. მარტვილი უკვე გათავისუფლებული იყო "მხედრიონისა" და გვარდიისგან. დავბრუნდი სენაკის რაიონში. ნოქალაქევში უბილავა შემხვდა და მითხრა,  თქვენ ახლა უნდა წახვიდეთ სოფელ სუჯუნაში და იქიდან გამთენიისას დაფნარს გადაკეტავთო.

- ტყვია-წამალი არ გვაქვს საკმარისი-მეთქი, - ვუპასუხე. დილით გამოგიგზავნითო, მომიგო. წავედით სუჯუნაში. გახდა 10 საათი, 11, შემდეგ 12, მაგრამ არაფერი... ის ადგილი, სადაც უბილავას მითითებით უნდა ვყოფილიყავით, შუა მინდორში მდგარი ორსართულიანი კორპუსი იყო. Gგულმა მიგრძნო, რომ რაღაც ცუდად იყო საქმე. Gწამოვიყვანე ბიჭები და იქვე, ტყეში გავჩერდით. გადის ორი საათი. შემოდის 8 "კამაზი" და 4 ბეტეერი სავსე მხედრიონელებით და ის შენობა, სადაც რამდენიმე ხნის წინ ჩვენ ვიყავით, ალყაში მოაქციეს. რა იცოდა "მხედრიონმა", რომ იქ ვიყავით? ოთარ უბილავას გამოუგზავნია. სიმინდის ყანებს შევერიეთ, რომელიც ცხენისწყალს მიუყვებოდა და სამი დღე მოვუნდით ფეხით წალენჯიხაში ჩასვლას."

რობინზონ მარგველანი, ზვიად გამსახურდიას დაცვის უფროსი

1992 წლის 11 აგვისტოს თბილისში სახელმწიფო საბჭო შეიკრიბა, რომელმაც დიდი კამათის და შეხლა-შემოხლის შემდეგ აფხაზეთში ჯარის შეყვანა გადაწყვიტა.

13 აგვისტოს აფხაზეთში ჯარის შეყვანის მხარდამჭერი მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. ამ დროს ეროვნული გვარდია (3 ათასი შეიარაღებული ჯარისკაცი) ახალციხის რუსეთის სამხედრო ბაზიდან გადმოცემული 50-მდე მოძველებული სამხედრო ტექნიკით აფხაზეთისკენ დაიძრა. “

"მიტინგზე თენგიზ სიგუამ თქვა, - გუშინ ედუარდ შევარდნაძემ მითხრა, - უნდა გადავდგეო. მე ვუთხარი, - ეს იქნება ღალატი-მეთქი.

ჩანს, ეს შევარდნაძის შეფარული მუქარა იყო, სიგუა-კიტოვანს ეშინოდათ, რომ შევარდნაძე გაემიჯნებოდა ამ ავანტიურას (პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად) და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან გადადგებოდა. თუმცა მას ასე ადვილად და უმტკივნეულოდ არ გაუშვებდნენ. ძნელი სათქმელია, მაგრამ ტრიადა”(იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა. - ავტ) ყველაფერზე წამსვლელი იყო. გვარდია, კიტოვანის გარდა, არავის ემორჩილებოდა,  ხოლო "მხედრიონი", შევარდნაძის გადადგომის შემდეგ, მის დასაცავად გვარდიას ომს ნამდვილად არ დაუწყებდა."

გიორგი წიქარიშვილი,

"წაგებული მოძრაობის ქრონიკა"

13-14 აგვისტოს ინგირში სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს. ზუგდიდში, მოლაპარაკებების შემდეგ კი, გამსახურდიას ფორმირებებმა მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს შეიარაღებული ძალები გალის რაიონისკენ გაეტარებინათ.

14 აგვისტოს, გამთენიისას, სამთავრობო ჯარები გალის რაიონში შევიდნენ. იმავე დღეს გამტაცებლებმა შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი თანმხლები პირები გაათავისუფლეს. ტყვედ მხოლოდ დავით სარალიძე რჩებოდა, რომელიც  ერთი თვის შემდეგ ზვიად გამსახურდიას ჩარევით გაათავისუფლეს.

1992 წლის 14 აგვისტოს, საღამოს,  საქართველომ გაიგო, რომ აფხაზეთში ომი დაიწყო.

აფხაზეთის მოვლენებმა სამოქალაქო დაპირისპირებაში ახალი, უფრო სასტიკი და დაუნდობელი დროება მოიტანა.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)