"რევანშისტები" - კვირის პალიტრა

"რევანშისტები"

"კომიტეტი სრული შემადგენლობით (ზაურ ქობალია, ვალერი გაბელია, მერაბ ჩუხუა, ზურაბ გუჩუა, ანზორ გვარამია, ზურაბ კვარაცხელია) ადგენს: კანონიერი  ხელისუფლების აღსადგენად არც ერთი შეიარაღებული მებრძოლი ნაწილი არ იქნეს შეყვანილი კონფლიქტის ზონაში."

დაუმორჩილებლობის კომიტეტი,

1993 წლის 26 აპრილი

"1993 წლის ზაფხულში შევარდნაძის კაბინეტში შეიკრიბნენ: სახელმწიფოს მეთაური, თბილისის მერი კოტე გაბაშვილი, პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე და რუსეთის ელჩი საქართველოში ვლადიმირ ზემსკი.

კოტე გაბაშვილი უყვირის ზემსკის:

- დააფიქსირეთ, რომ რუსეთი ეომება საქართველოს!

ზემსკი:

- კი ბატონო, დავაფიქსირე, მაგრამ რას მოგცემთ ეს თქვენ? კარგი რა, თქვენ  ხომ ზრდასრული ადამიანები ხართ!..

ყვირილით რომ არაფერი გამოვიდა, შევარდნაძემ ზემსკი ხელის აქნევით მოიშორა.

გაბაშვილი არ ცხრებოდა:

- გავიდეთ ტყეში, დავიწყოთ პარტიზანული ომი, მივმართოთ ხალხს!

ვახტანგ გოგუაძე:

- რა გაყვირებს?!. ის ხალხი ჩვენ გაგვრეკავს. პარტიზანად რომ გახვალ ტყეში, იმ ღამეს კოღო გიკბენს ცხვირზე და მეორე დღესვე დაბრუნდები შინ... ბატონო ედუარდ,  სად არის პასტუხოვი?

- სად არის და გავაგდე... აბა, ამის ხელმოწერა როგორ შეიძლება (იგულისხმება ქართულ-აფხაზური ხელშეკრულების პროექტი, რაც, ფაქტობრივად, საქართველოს კაპიტულაციას ნიშნავდა. - ავტ.)? ტყვიასაც აღარ გვაძლევენ ეს დამპალი რუსები.

გოგუაძე:

- რას ჰქვია, გააგდეთ?.. ვერაფერი გამიგია, რა ლოგიკაა - რუსო, მომეცი ტყვია,  უნდა გესროლო ტყვია... რა თქმა უნდა, არ მოგცემს".

გიორგი წიქარიშვილი, "წაგებული მოძრაობის ქრონიკა"

1993 წლის 9 ივლისს ზუგდიდის დრამატულ თეატრში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესია გაიმართა.  მხატვარმა ვახტანგ ნოდიამ ფერწერული ტილო,”"გამოცხადება",”პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიუძღვნა და დარბაზში მყოფ დეპუტატებს სთხოვა, გროზნოში ჩაეტანათ.

1993 წლის ზაფხულში სოჭის ხელშეკრულების თანახმად, აფხაზეთში საომარი მოქმედებები მიწყნარდა, თუმცა დასავლეთ საქართველოში სიტუაცია თითქმის უკონტროლო გახდა. გრძელდებოდა სამთავრობო ძალებისა და დევნილი პრეზიდენტის შეიარაღებული ნაწილების შეტაკებები. აგვისტოს ბოლოს ლოთი ქობალიას რაზმებთან ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ ქუთაისის”ომონმა ქალაქი ხობი დატოვა. იარაღის ჩაბარება მოუხდა შინაგანი ჯარის სპეცდანიშნულების რაზმსაც, სიტუაციის განსამუხტავად სენაკში ჩავიდა ელგუჯა ბუცხრიკიძე და გამსახურდიას მხარდამჭერებს მოლაპარაკება და დაზავება შესთავაზა, თუმცა იგი ტყვედ აიყვანეს.

28 აგვისტოს ლოთი ქობალიამ აბაშა აიღო. ჯერი სამტრედიაზე მიდგა.

"საქმე ძალიან ცუდად არის. რევანშისტები (გამსახურდიას მხარდამჭერები. - ავტ.) სამტრედიას მოადგნენ. აბაშაში არიან განლაგებულნი და როგორც ამბობენ,“გრადის სისტემის არტილერია აქვთ სამტრედიაზე მომარჯვებული. ჩავდივარ სამტრედიაში. ქალაქის თავდაცვას კაკო ვაშაკიძე ხელმძღვანელობს. აქ ხშირად ჩამოდის ქუთაისის მერი თემურ შაშიაშვილი. შეწუხებულია შექმნილი მდგომარეობით. კარგად ესმის, რომ თუ სამტრედიას რევანშისტები აიღებენ, ქუთაისი წინააღმდეგობას ვეღარ გასწევს - მის ქალაქშიც უამრავი "ზვიადისტია".

სამგლოვიარო ზარივით გაისმა ხმა  - აფხაზებმა ხელშეკრულება დაარღვიეს და სოხუმზე წარმატებული შეტევა განახორციელესო. ტელეფონით ვუკავშირდები შევარდნაძეს. ის სოხუმში მიდის. ვპირდები, რომ ორ დღეში ჩავალ.

სამტრედიის შტაბში "მხედრიონელები" ვიკრიბებით. რა ვქნათ? მივატოვოთ სამტრედია? რევანშისტები წამსვე ქუთაისში აღმოჩნდებიან, მერე ვინღა შეაკავებს მათ? არ წავიდეთ - არ ივარგებს...

როგორც გადმოგვცემენ, სოხუმი - ჰა და ჰა, დაეცემა. აფხაზები სოხუმში უკვე შემოჭრილნი არიან. სოხუმისთვის ერთადერთი იმედი - ოჩამჩირეში თავმოყრილი ლოთი ქობალიას და თავდაცვის სამინისტროს ფორმირებებია, როგორც ამბობენ, 7 ათასი კაცი.

სამტრედიას საგზაო პოლიციის და ადგილობრივი "მხედრიონის" იმედზე ვტოვებ და სოხუმში მივფრინავ."

ჯაბა იოსელიანი,

"სამი განზომილება"

1993 წლის 24 სექტემბერს ზუგდიდში გროზნოდან ზვიად გამსახურდია დაბრუნდა. 25 სექტემბერს წალენჯიხაში გამართულ მიტინგზე დევნილმა პრეზიდენტმა ათასობით მხარდამჭერის წინაშე განაცხადა:

"ჩამოვედი, რომ ვიხსნა საქართველო. ჩვენ ყველამ უნდა ვიხსნათ საქართველო. ჩამოვედი, რათა წარმატებით დაგვირგვინდეს აფხაზეთის ომი. ჩვენ, მართალია, სისხლის ღვრის მომხრე არ ვართ და არც წინააღმდეგი ვართ არც ერთი ერის, მაგრამ თუ არ დაგვთანხმდებიან მოლაპარაკებაზე, ეროვნულ შერიგებაზე, მაშინ იძულებული გავხდებით, ძალისმიერად დავიბრუნოთ ის ტერიტორიები, რომლებიც წაგვართვეს..."

ამასობაში კი თითო-ოროლა დამცველის იმედზე დარჩენილი სოხუმი უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. სამხედრო შეიარაღების დიდი ნაწილი ფოთში იყო გადმოტანილი, ადგილობრივი ხელისუფლება ამაოდ ცდილობდა სოხუმის დამცველებისთვის იარაღის და ტყვია-წამლის მიწოდებას, სოხუმისკენ ყველა გზა მოჭრილი იყო.

"სექტემბრის ბოლოს, ფოთის შესასვლელში, ე.წ. მეშვიდე კილომეტრზე ვიდექით. პოლიციას სარკინიგზო ხიდის დაცვა გვევალებოდა და თან ნაბრძანები გვქონდა, ქალაქიდან  მომავალი ყველა ტრანსპორტი შეგვემოწმებინა, რადგან სოხუმისთვის განკუთვნილ იარაღს ჩუმად იპარავდნენ და ზუგდიდში ქობალიასთან ჩაჰქონდათ.  როდესაც აფხაზეთიდან დაბრუნებულ დაქანცულ ბიჭებს ვხედავდი, ვფიქრობდი, ჩემი ადგილი იქ, აფხაზეთში არის-მეთქი, თუმცა მერე თავს ვირწმუნებდი, რომ ჩემი მოსახდელი ომი აქ იყო, სადაც საქმეს ვაკეთებდი.

25 სექტემბერს, საღამოს, ავტობუსი შევნიშნეთ. უკან ორი მსუბუქი მანქანა მოჰყვებოდა. ავტობუსის საქარე მინაზე ახალგაზრდა კაცის სურათი შევამჩნიე და მივხვდი, მიცვალებულს მოასვენებდნენ. ისინი პოსტზე გააჩერეს. ავტობუსში მსხდომი ქალები განწირული ხმით მოთქვამდნენ. ერთი მათგანი კი კუბოზე იყო დამხობილი და ქვითინებდა. როგორ შეიძლება ქალის ცრემლს თვალი გაუსწორო, მით უმეტეს, დედის ტირილს...  როდესაც მძღოლმა ავტობუსის კარები გააღო, დედის ტირილი შემომესმა, - ნეტა ვისმა ტყვიამ მოგკლა, ჩემო ერთადერთო ბიჭოო... ამის გაგონებაზე ფეხები მომეკვეთა, უნებლიეთ სურათს შევავლე თვალი. სულ ახალგაზრდა იყო. სამხედრო ფორმით მივხვდი, რომ აფხაზეთში დაიღუპა. რადგან ბრძანება იყო, რომ ყველა გაგვეჩხრიკა, ავტობუსში ავედი. მიმოვიხედე, ამ დროს, გეფიცებით, საკუთარი თაAვი მეზარებოდა. როგორია მგლოვიარე ხალხის ჩხრეკა?! გარედან მანიშნეს, - კუბოს თავი ახადეო. ის იყო, ხელი შევახე, რომ დედამ თავი ასწია და ისე შემომხედა, ამხელა კაცს იმ წუთში სიკვდილი მანატრებინა. უკან გამოვბრუნდი და მძღოლს ვანიშნე, წასულიყო. მსუბუქ მანქანაში შავით მოსილი კაცები ისხდნენ.  გვითხრეს, - მათთან ერთად ვართო... ისეთი გულდამძიმებულნი ვიყავით, არც გაგვიჩხრეკია, ისე გავატარეთ.

საღამოს გავიგეთ, რომ ის ავტობუსი ზუგდიდის გადასახვევთან სამხედროებს გაუჩერებიათ და გაუჩხრეკიათ. კუბოში, მიცვალებულის ნაცვლად, იარაღი აღმოაჩინეს. ტყვია-წამლით იყო სავსე მსუბუქი მანქანის საბარგულიც, რომელიც მათ მიჰყვებოდა.

ეს ამბავი რომ შევიტყვე, თავზარი დამეცა... შემდეგ სიცილი ამივარდა... გონს რომ მოვეგე, მივხვდი, რომ კი არ ვიცინოდი,   ხმამაღლა ვტიროდი"...

მურთაზ დანელია

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

2 ოქტომბერს ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები ფოთში შევიდნენ. როგორც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები იხსენებენ, ქობალიას მიერ ფოთის აღება თბილისსაც დიდ საფრთხეს უქმნიდა, რადგან ფოთიდან საკვები პროდუქტების მოწოდება შეჩერდებოდა, მეტიც: დედაქალაქში მხოლოდ ორიოდე კვირის პურის ფქვილის მარაგი იყო, რის გამოც თბილისში, სავარაუდოდ, შიმშილობა დაიწყებოდა. 1993 წლის  ოქტომბრის დასაწყისში ზვიად გამსახურდიას ფორმირებები უკვე აკონტროლებდნენ: ზუგდიდს, სენაკს, აბაშას,  ფოთს, წალენჯიხას, ხობს და ჩხოროწყუს.

პარლამენტის სხდომებზე სახელმწიფოს მეთაურს უკვე ხმამაღლა სთხოვდნენ, გამოეყენებინა მისთვის მინიჭებული უფლებები და“წესრიგი აღედგინა”დასავლეთ საქართველოში.

ამასობაში ლოთი ქობალიას რაზმები ხონში შევიდნენ. უმართავი სიტუაცია იყო თბილისშიც. დაიწყო განუკითხავი ძარცვა- გლეჯა, ყაჩაღობა. საქმე იქამდე მივიდა, რომ დედაქალაქში კვლავ კომენდანტის საათი გამოცხადდა. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის  ლიდერი, გიორგი ჭანტურია, თავის თანამოაზრეებთან ერთად, ხონში ჩავიდა და დევნილი პრეზიდენტის ფორმირებებისგან დასაცავად პოზიციები გაამაგრა. ხელისუფლების მთავარი ამოცანა ფოთის გათავისუფლება იყო. ლოთი ქობალიას რაზმები უკვე გურიას უტევდნენ. 16 ოქტომბერს გამსახურდიას მხარდამჭერებმა გაარღვიეს "მხედრიონის" მიერ დაკავებული ე.წ. თავდაცვის ზღუდე და სამტრედიაში შეიჭრნენ. რამდენიმე დღეში კი მათ იერიში წყალტუბოზე მიიტანეს. ქუთაისში გამაგრებულ "მხედრიონის" ნაწილებს თბილისის და რუსთავის "მხედრიონის" ჯგუფები შეუერთდნენ, იმერეთში ჩავიდნენ ეროვნული გვარდიის ნაწილებიც. რამდენიმე დღეში  სამთავრობო ჯარებმა წყალტუბო აიღეს, შემდეგ კი სამტრედია, აბაშა და ხობი.

სახელმწიფოს მეთაურმა გადაწყვიტა, დახმარება რუსეთისთვის ეთხოვა და დაიწყო მოლაპარაკებები ადმირალ ბალტინთან. ოქტომბრის ბოლოსთვის სამეგრელოს ქალაქები დროდადრო ხელიდან ხელში გადადიოდა. 1993 წლის 27 ოქტომბერს ხობში შემზარავი ფაქტი მოხდა: ხობის საცურაო კომპლექსის შენობაში დასახიჩრებული, მკლავმოჭრილი ცხედარი იპოვეს.

ის მხატვარი ვახტანგ ნოდია აღმოჩნდა...

"ხობში მე და ვახტანგი წითელი ჟიგულით მივდიოდით. ქალაქში რომ შევედით, სწრაფი რეაგირების კორპუსის კორდონი დაგვხვდა. დაგვაკავეს (ჩვენი დამკავებლები 2 ავტობუსით იყვნენ, ძირითადად, თბილისელები. ყველა ერთხმად გვაგინებდა). ჩვენთან ერთად კიდევ ერთი კაცი იყო, ვინმე ჯგერენაია, თუმცა იგი მაშინვე ხალხს შეერია და გაქცევით უშველა თავს. Mმე და ვახტანგი წაგვიყვანეს შტაბში. საღამო რვის ნახევარი იყო. შტაბში უფროსი რეზო გახოკიძე დაგვხვდა. ვახტანგმა იქ მყოფებს აუხსნა - ავარია მომივიდა და დაზარალებულისთვის ფულის გადასაცემად მივდიოდიო.  დაზიანებული მანქანის მეპატრონე უცებ მოძებნეს და მოიყვანეს. მან ვახტანგის ნაამბობი დაადასტურა. ამ დროს ოთახში იმყოფებოდა მხატვარი - თბილისის სამხატვრო კომბინატიდან. მან ვახტანგი იცნო  და თქვა, - ეს ის მხატვარი ნოდიაა, მაცხოვრის სხეულს გამსახურდიას თავი რომ მიახატაო.

ამ სიტყვების გაგონებაზე ვახტანგს ეცნენ და ყველამ ერთად ცემა დაუწყო. შემდეგ  რაღაც ქაღალდი შეაჩეჩეს ხელში და ეუბნებოდნენ, - წაიკითხეო, თან ამ ყველაფერს ვიდეოკამერებით იღებდნენ. ვახტანგმა წაკითხვაზე უარი თქვა. ამის გამო კონდახებით გონების დაკარგვამდე სცემეს. გარეთ თავსხმა წვიმა იყო. გამიყვანეს და მითხრეს, - საფლავი გათხარეო. როცა უარი ვუთხარი, მეც კონდახი მითავაზეს. როცა გონს მოვედი, დავინახე - გარშემო ისევ ის ნაძირლები  ირეოდნენ. ვიღაცამ დაიძახა, - "ბაბუ სმერტნიკი" მოვიდაო. ჟურნალისტი ყოფილა. მხარზე ვიდეოკამერა ჰქონდა გადაკიდებული. გონსმოსული ვახტანგი გარეთ ჰყავდათ გამოყვანილი და ღრიალებდნენ, - რომელი ხელით დახატე ზვიადიო. "ბაბუ სმერტნიკმა" ავტომატს ხიშტდანა მოხსნა, ვახტანგს მკლავი აუწია და მთელი ძალით გამოუსვა. საცოდავმა ერთი დაიღმუვლა, მერე მისი ხმა აღარ გამიგია, სადღაც გაათრიეს, კვლავ უგონოდ იყო. ამ ფაქტს, "სმერტნიკის" გარდა, კიდევ ერთი ჟურნალისტი იღებდა.

ჩემი დაკითხვა გააგრძელეს. მე ნათესავის გვარი დავუსახელე, რომელიც ფოთის "კაპეზეში" მუშაობდა. ტელეფონით დარეკეს და როცა ჩემი ნათქვამი დადასტურდა, მივხვდი, რომ სიკვდილს გადავურჩი.”

თვითმხილველის ნაამბობიდან

ვალერი ოდიშარია: "27 ოქტომბერს ჩემთან მოვიდნენ დაუმორჩილებლობის შტაბის წარმომადგენლები და მითხრეს, - გამაგრდი, შენი ძმა ვახტანგი მოკლეს და აქვე საავადმყოფოშია დასვენებულიო. საავადმყოფოს მიმღებთან ზვიად გამსახურდია, ლოთი ქობალია და ეროვნული გვარდიის მეომრები დამხვდნენ. ყველამ მომისამძიმრა. გარდაცვლილთან რომ შევედი, გულზე შემომეყარა - ვახტანგს მთელი გულმკერდი სიგარეტებით ჰქონდა ამომწვარი, მოჭრილი მარჯვენა ხელი ტყავზე ეკიდა (მერე მე მივაკერე), კეფა ჩამსხვრეული ჰქონდა. გაეძარცვათ კიდეც. მეორე დღეს გავიგე, როგორ მოკლეს ჩემი ძმა და ისიც შევიტყვე, რომ მის წამებას რამდენიმე რუსი  ეროვნების ქალი შეესწრო. ეს ქალები ჩვენებს ზუგდიდის იზოლატორში ჰყოლიათ. სასწრაფოდ მოვძებნე ისინი. დაადასტურეს თვითმხილველის - ლოთი ქობალიას ნათესავის ნაამბობი და დაამატეს - დილის 6 საათზე თავს სამეგრელოს ჯარი დაგვესხა, ორმხრივი სროლის დროს ქალებს გვითხრეს, - იმ მხატვრის გვამი საცურაო აუზის რომელიმე ოთახში შეათრიეთო. როცა მივედით, პირდაღმა ეგდო და ჯერ კიდევ სუნთქავდა, მაგრამ ჯარისკაცებმა, რომლებიც თან გვახლდნენ, ზურგზე გადმოაბრუნეს და ავტომატის ჯერი დაახალესო".

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)