ხობიდან დარჩელამდე - კვირის პალიტრა

ხობიდან დარჩელამდე

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #8-11)

"ხელისუფლებას ფლობ იმდენად, რამდენადაც ფლობ ძალაუფლებას".

ედუარდ შევარდნაძე

"ზუგდიდზე გასალაშქრებლად ვემზადებით. აჩიკო ხოფერია (გურიის "მხედრიონის" უფროსი. - ავტ.) ტყვედ ჰყავდათ ზვიადისტებს და გაუშვეს, ახლა უარს ამბობს ქალაქში შესვლაზე.

- რატომ? - ვეკითხები.

- იმათ გამიშვეს და როგორ? - თავს იმართლებს.

- მერე შენც ტყვედ აიყვანე და შენც გაუშვი,  გული მომდის.

- რა ემართებათ ამ ტყვედ ნამყოფებს, რაღაც მონუსხულებივით არიან, - კითხულობს გიგა (გელაშვილი. - ავტ.), - რომან გვენცაძე, სანდრო კავსაძე, გია ყარყარაშვილი... მართლა ხელწერილები ხომ არ ჩამოართვეს?! ალბათ სტალინი ნაწილობრივ მართალი იყო - "ტყვედ ნამყოფი კაცი უკვე მეომარი აღარ არის".

ჯაბა იოსელიანი,

"სამი განზომილება"

1993 წლის 28 ოქტომბერს, 11 საათზე, ხობში ლოთი ქობალიას რაზმები შეიჭრნენ. სამთავრობო ძალები იძულებული გახდნენ, უკან, სენაკისკენ დაეხიათ... თუმცა რამდენიმე მეომარმა ქალაქის დატოვება ვერ მოასწრო და გამსახურდიას მხარდამჭერებმა ტყვედ აიყვანეს, მათ შორის იყვნენ ვიცე-პოლკოვნიკი ლევან ცქიტიშვილი, დიმიტრი ბილალიშვილი და რამაზ დავითაშვილი. წინადღეს მხატვარ ვახტანგ ნოდიას წამებით გამწარებულმა გამსახურდიას მომხრეებმა ისინი ქუჩაშივე დახვრიტეს. როგორც ამბობენ, ცქიტიშვილი შემთხვევით ცოცხალი გადარჩა, ერთმა ადგილობრივმა მკვიდრმა ჩუმად ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა. ვიცე-პოლკოვნიკი გამოჯანმრთელების შემდეგ ახლობლებს წერილით ზუგდიდიდან გაყვანას სთხოვდა, - ლოთი ქობალიამ თუ გაიგო რომ გადავრჩი, არ მაცოცხლებსო. მოგვიანებით ის საავადმყოფოში ყელგამოჭრილი ნახეს (მკვლელის ვინაობა დღემდე დაუდგენელია).

ქობალიას რაზმების ხობში შესვლას ქალაქში მყოფი ჟურნალისტები - ამერიკელი გლებ ბლიანსკი, მსოფლიო ახალი ამბების კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელი ნიკი კვიშინაძე და საქტელერადიოს ჟურნალისტი დათო ბოლქვაძე იღებდნენ. ბლიანსკი და კვიშინაძე მასალის გადასაცემად წავიდნენ, მოედანზე მხოლოდ ბოლქვაძე დარჩა, რომელმაც დააფიქსირა აფხაზურწარწერიანი ტანკები, ჩეჩენი და კაზაკი მეომრები (ერთი ვერსიით, მოგვიანებით სწორედ ეს გახდა მისი დახვრეტის მიზეზი). დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დათო ბოლქვაძე და კიდევ ორი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს.”

"შუადღის ორი საათი იქნებოდა. ხობისწყლის ხიდთან, ჩემს სახლთან ახლოს, ქობალიას რაზმელებმა სამი უიარაღო პირი მოიყვანეს, ერთ მათგანს მხარზე ვიდეოკამერა ეკიდა. ვიფიქრე, ალბათ ჟურნალისტია-მეთქი.

მალე თეთრი, გრძელი, უცხოური მანქანა გამოჩნდა. იქიდან გადმოვიდა წვეროსანი კაცი, კოჭლობდა, ხელში იარაღი ეჭირა. მე იგი ტელევიზიით ხშირად მინახავს - ლოთი ქობალია იყო. როდესაც ტყვეებს მიუახლოვდა, პირველად ბოლქვაძეს შეუყვირა. მან საბუთიც კი აჩვენა და უთხრა, - ჟურნალისტი ვარო. ქობალიამ მაინც ესროლა, მგონი, სამჯერ. პირველი ტყვია ლოყაში მოხვდა და საბრალოს კბილები გადმოსცვივდა. შემდეგ იმ ორ ჯარისკაცსაც დაახალა. მერე თავის თანამებრძოლებს დაუყვირა, - თქვენც ესროლეთო.

გულმა ვეღარ მომითმინა და დახვრეტის ადგილისკენ გავიქეცი.

როცა ისინი წაიქცნენ, ქობალიამ ბრძანა, - ხელი არ ახლოთ, ღორებმა შეჭამონო. ჩაჯდა მანქანაში და სენაკისკენ წავიდა.

დახოცილი ახალგაზრდები სისხლის გუბეში იწვნენ".

თვითმხილველების კუტალიას და ბიწაძის ჩვენებიდან

თავად ლოთი ქობალია ბოლქვაძის დახვრეტას დღემდე არ აღიარებს და ამ საქმეზე ახალი გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

ჟურნალისტის მკვლელობას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით მოწმეებმა, რომლებმაც ლოთი ქობალიას მკვლელობაში დასდეს ბრალი, ჩვენებები გადათქვეს. ვრცელდებოდა ვერსია, რომ ხობში ხალხი ქობალიამ კი არა, ზუგდიდის კომენდანტმა ბადრი ზარანდიამ დახოცა.

"იმ დღეებში გამსახურდიას მხარდამჭერებმა კიდევ ერთი ტყვე, გურიის "მხედრიონის" უფროსი აჩიკო ხოფერია ჩაიგდეს ხელთ.

მხედრიონელები როგორ უნდა შეგცოდებოდა, მაგრამ ერთადერთი, ვინც მართლა შემებრალა, გურიის "მხედრიონის" უფროსი იყო. ტყვედ ავიყვანეთ. დაჭრილი იყო, მაგარი "ნასტირნი" ტიპი ჩანდა, საკმაოდ დიდხანს გვებრძოდა, სანამ ჩაგვბარდებოდა. გვეხვეწებოდა, - მომკალით, ცოცხალი რად გინდივართ, მაინც გეომებითო. წადიო, - ვუთხარით, - ჩვენ რატომ გესროლოთ,  ედუარდი მოგკლავსო და გავუშვით. იარაღიც გავატანეთ. როგორც კი ცოტა მოიკეთა, ხიდს გადავიდა და იქიდან მაინც სროლა აგვიტეხა. არც ჩვენ დავაკელით მერე. არ ვიცი, ჩაძაღლდა თუ არა."

გოჩა ბახია,

გამსახურდიას სამხედრო მეთაური

1993 წლის ნოემბრის დასაწყისში ფოთში რუსულ-უკრაინული საზღვაო ჯარების სარდალი ბალტინი ჩამოვიდა. სახელმწიფოს მეთაურის დავალებით, ბალტინთან მოლაპარაკებას ავთანდილ მარგიანი და იგორ გიორგაძე მართავდნენ. საქართველოს ხელისუფლება ბალტინს გარკვეული თანხის საფასურად სამოქალაქო ომის დასრულებისთვის დახმარებას - სამხედრო ტექნიკას და ცოცხალ ძალას სთხოვდა, სამთავრობო ძალები კი ხობისა და ზუგდიდის ასაღებად ემზადებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციაში ჩართული უნდა ყოფილიყო ყველა სამხედრო ძალა, ხობთან ლოთი ქობალიას წინააღმდეგ მხოლოდ რუსთავის "მხედრიონის" (მეთაური გიორგი წიქარიშვილი) და შინაგანი ჯარის ე.წ. კახეთის ბატალიონი აღმოჩნდა გენერალ ქვარაიას მეთაურობით.

ორმხრივი ბრძოლა უმსხვერპლოდ დამთავრდა, ლოთი ქობალიას ნაწილებმა ზუგდიდისკენ დაიხიეს, ხობში შინაგანი ჯარი და "მხედრიონი" შევიდა.

"ქალაქი თითქმის ცარიელი იყო, მხოლოდ ხანში შესულ ხალხს თუ მოვკრავდით თვალს. ხობის ცენტრში მოხდა ყველა ნაწილის მობილიზაცია და შტაბი იქვე, ერთ-ერთ სახლში განთავსდა.

საღამოს ქალაქში შემოსვლა დაიწყეს გაურკვეველმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა. გენერალმა ქვარაიამ მთხოვა, რამდენიმე კაცი ქუჩებში საპატრულოდ გამეშვა.

ცოტა ხანში შევარდნაძე ჩამოვიდა ხობში. შტაბში გამართულ თათბირზე გადაწყდა, რომ მეორე დილით ზუგდიდში შევიდოდით. შევარდნაძე მალე წავიდა, მას ჯაბა იოსელიანი და გელა ლანჩავაც გაჰყვნენ. ამის შემდეგ ქალაქში სრული განუკითხაობა დაიწყო.

Uუცნაური საღამო იყო. ერთ-ერთმა ფორმირებამ (ვერ დავადგინეთ, საიდან იყვნენ) მოაყენა ტექნიკა და მოულოდნელად ტყის მიმართულებით ნურსის ტიპის ჭურვებით ცეცხლი გახსნა. ისროდნენ ერთი საათის განმავლობაში, სანამ მარაგი არ ამოეწურათ.

ვიღაცებმა მოსახლეობის ძარცვა-გლეჯა დაიწყეს.

მეორე დილით დავიძარით ზუგდიდისკენ. შევარდნაძე ცაიშამდე მოგვყვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საფრთხეს ყოველ წუთს ველოდით, გზა მაინც მშვიდობიანად გავიარეთ და ზუგდიდის შესასვლელთან გავჩერდით. წინ "მხედრიონი" მიდიოდა, უკან ჩვენ - შინაგანი ჯარი მივყვებოდით. შევარდნაძისგან ბრძანება მივიღეთ, ქალაქში არ შევსულიყავით. პოზიციებიც იქვე გავამაგრეთ.

იმ საღამოს რუსთAავის "მხედრიონის" უფროსი გიორგი წიქარიშვილი ხობში დაბრუნდა, სადაც თემურ ტალახაძეს უნდა შეხვედროდა. გზაში მას უცნობები ჩაუსაფრდნენ და მოკლეს.

დილით გავიგე, რომ მიუხედავად ბრძანებისა, ზუგდიდში მაინც შესულა რამდენიმე ჯგუფი. მაშინ ამბობდნენ, რომ ქალაქში შესვლის მიზანი ციხიდან პატიმრების გათავისუფლება იყო. შემდეგ "მხედრიონელები" შეგვხვდნენ. ჯაბამ მკითხა, - სად მიდიხართო. ვუპასუხე,  კახეთში-მეთქი. ამ დროს საუბარში გიგა გელაშვილი ჩაერთო, - თუ მიდიხართ, იარაღი დატოვეთო. ვუთხარი, - თქვენ ჩემთვის არაფერი მოგიციათ-მეთქი. მოულოდნელად ჯაბა გელაშვილს მიუბრუნდა და უთხრა, - გაატარე, წავიდნენო. ეტყობა, მიხვდა, რომ ეს ამბავი მხოლოდ საუბრით არ დამთავრდებოდა.”

ლუკა რამაზაშვილი

31 ოქტომბრიდან ზვიად გამსახურდიას დევნა აქტიურად დაიწყეს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სპეცდანიშნულების რაზმებმა გენერალ გია გულუას მეთAაურობით. ნოემბრიდან კი ამ ოპერაციაში რუსული სპეცდანიშნულების რაზმის, "ლეტუჩიე მიშის" მობილური დანაყოფი ჩაერთო.

როდესაც სამთავრობო ჯარებმა ხობი აიღეს, დევნილი პრეზიდენტი აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ილორში გადავიდა და გალის გამგებლის, რუსლან ქიშმარიას ძმის, მერაბ ქიშმარიას სახლში დაბინავდა.

ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი სამხედრო დაჯგუფებები დაშლის პირას იყო. ლოთი ქობალიამ აფხაზეთის გავლით საქართველო დატოვა, ცალკეული რაზმები კი დაქსაქსულად მოქმედებდნენ. უმრავლესობამ თავი სამეგრელოს მაღალმთიან სოფლებს შეაფარა.

"ილორში ყოფნის დროს, 5 ნოემბერს, სახლში გურამ აბსანძემ აფხაზები მოიყვანა. პრეზიდენტთან ერთად გვითხრა, - ბიჭებო, ყველაფერი კარგად იქნება, ორ-სამ დღეში უკვე თბილისში ვიქნებითო.

კაი გუნებაზე იყო იმ დღეს აბსანძე. პურმარილი გაიშალა, შემდეგ ცალკე ოთახში აფხაზებმა საუბარი პრეზიდენტთან, გურამ აბსანძესთან და ბესარიონ გუგუშვილთან გამართეს.

აფხაზებს ასეთი შემოთავაზება ჰქონდათ:  - თუ პრეზიდენტი აღიარებდა აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მაშინ აფხაზური მხარე სანაცვლოდ ხელისუფლების აღსადგენად სამხედრო დახმარებას სთავაზობდა. ზვიად გამსახურდიამ კატეგორიული უარი უთხრა, - ჩემი სკამის გულისთვის საქართველოს არ გავყიდიო.

სუფრა ხუთ წუთში აიშალა. აფხაზები ქუჩაში გამოვიდნენ და რაციით თავიანთ ხელმძღვანელობას დაუკავშირდნენ.

ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა დაგვეტოვებინა აფხაზეთი..."

რობინზონ მარგველანი,

გამსახურდიას დაცვის უფროსი

6 ნოემბერს რუსლან ქიშმარიასთან საუბრის შემდეგ ზვიად გამსახურდიამ მიიღო გადაწყვეტილება, აფხაზეთი დაეტოვებინა და სამეგრელოში დაბრუნებულიყო.  დაცვის წევრებმა მას, უსაფრთხოების მიზნით, სვანეთში ასვლა შესთავაზეს, იქიდან კი შვეულმფრენით გროზნოში გადაფრენა, თუმცა დევნილმა პრეზიდენტმა ჩეჩნეთში დაბრუნებაზე უარი თქვა.

1993 წლის 7 ნოემბერს, დილით, სამთავრობო ჯარებმა ზუგდიდი დაიკავეს.

"ზუგდიდის კომენდანტად მხედრიონელი ზაზა პაიჭაძე დანიშნეს, ხოლო გამგებლად - ედიშერ ჩარგაზია.

სახელმწიფოს მეთაური ზუგდიდში ჩავიდა. ამ დროს ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის იზოლატორში 17 წლის ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო. შევარდნაძემ, ჯაბა იოსელიანსა და შოთა კვირაიასთან ერთად, სამძიმარზე წასვლა გადაწყვიტა. როდესაც ისინი შეცდომით სხვა ოჯახში შევიდნენ, გარედან  ქალების წივილ-კივილი მოესმათ. სახელმწიფოს მეთაურის და ჯაბა იოსელიანის დაცვის წევრები ამაოდ ცდილობდნენ გაერკვიათ, რა ხდებოდა. ყაჩაღები დაგვესხნენ თავს, გვძარცვავენო, - გაჰკიოდა ერთი ხანში შესული ქალბატონი.

როგორც იქნა, სახლი დავადგინეთ. ჩემი დაცვის ბიჭები და შევარდნაძის ამერიკელები”(სპეცდანიშნულების რაზმი "ომეგა". - ავტ.) მითითებული სახლისკენ გაიქცნენ. ხალხი უკვე შეგროვილიყო, სროლის ხმაც ისმოდა - ავტომატის ჯერი. რამდენიმე წუთში ჩემთან "წესრიგა" (თამაზ ფანჩულიძე. - ავტ.) მოვიდა და მითხრა, - მაროდიორები აიყვანესო. მერე სხვებიც დაბრუნდნენ და თქვეს, - კვირაიამ ექვსივე მოკლაო. მივიხედ-მოვიხედე, კვირაია ვერ დავლანდე, არადა, რამდენიმე წუთის წინ ჩემთან იდგა, ახლა სადღაც გამქრალიყო. მოგვიანებით პოლიციაში გავიგეთ, სინამდვილეში რაც მოხდა: გაქცეული ზვიადისტის სახლში მეზობელს მაროდიორები დაუნახავს და განგაში აუტეხავს. როდესაც სახლს ჩვენი ბიჭები მიადგნენ, ის მაროდიორები გამოსულან და ჩაბარებულან. შევარდნაძის დაცვის წევრებს ხელბორკილი დაუდვიათ და პოლიციის მოსვლამდე მიწაზე პირქვე დაუწვენიათ. ამ დროს გამოსულა კვირაია და ექვსივეზე ავტომატის ჯერი გადაუტარებია. ხუთი მაშინვე მოკვდა. მეექვსეზე ამბობდნენ, გადარჩაო.

იმ დილით შტაბში კვირაია ნასვამი მოვიდა და გავუბრაზდი კიდეც, - ასეთი აღარ დაგინახო-მეთქი".

ჯაბა იოსელიანი

ზუგდიდში შესვლის შემდეგ თითქოს საქართველოში სამოქალაქო ომი უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ დევნილი პრეზიდენტის მხარდამჭერები დანებებას არ აპირებდნენ და სოფლებში გამაგრებულები ბრძოლისთვის მზად იყვნენ.

1993 წლის 16 ნოემბერს დარჩელში ორი მხედრიონელი მოკლეს...

(გაგრძელება იქნება)