მოვკლათ პრეზიდენტი!.. - კვირის პალიტრა

მოვკლათ პრეზიდენტი!..

(გაგრძელება. დასაწყისი "კვირის პალიტრა" ##8-12)

"ჩვენ ისევ ომში მივდივართ, ამჯერად თანამოძმეებთან საბრძოლველად და იმედი გვაქვს, ეს ბრძოლა უკანასკნელი იქნება იმ გაგებით, რომ  მეტი ომი აღარ მოგვიწევს ერთმანეთთან. საშინელი გრძნობაა, როცა მიდიხარ ქართველი ქართველის წინააღმდეგ, ძნელია, პირველმა ესროლო ქართველმა ქართველს. ძალიან ბევრი ნაცნობი თუ თანამებრძოლი, რომლებთან ერთადაც სამაჩაბლოსა და აფხაზეთში ვიბრძოდი, დღეს იმ ზღვარს იქით დგას, სადაც, ჩვენი გაგებით, მთავრდება ნორმალური აზროვნება და იწყება ფანატიზმი.

ხვალინდელი დღე, რაც უნდა მძიმე იყოს (ორივე მხარემ ვიცით, რომ ომი ომია), ალბათ ასე სჭირდება საქართველოს".

ჯარისკაცის ინტერვიუდან,

1993 წლის ნოემბერი

"ქართული არმია ზუგდიდში არ შესულა, ამის ერთ-ერთი მიზეზი, სხვათა შორის, ის იყო, რომ თუ იქ გავჩერდებოდით, ძალიან ძნელი გახდებოდა ჯარისკაცების გაკონტროლება - ჩემთან ყველა აფხაზეთში ბოლო წუთამდე ნაბრძოლი იყო. ბიჭები სოხუმის დაცემას იმ ადამიანებთან აკავშირებდნენ და  მათ მიმართ გარკვეული გაღიზიანებაც ჰქონდათ. ზოგი იმ შეურაცხყოფაზე ფიქრობდა, რომლის ობიექტიც სოხუმიდან გამოსვლისას გახდა".

დავით თევზაძე,

2012 წ., "პრესა.გე"

"განზრახული მაქვს, აქ ვიყო ბოლომდე და თუ საჭირო გახდება, აქ მოვკვდები და აქედან ფეხს არ მოვიცვლი..."

ზვიად გამსახურდია,

1993 წ., ოქტომბერი

1993 წლის 16 ნოემბერს ზუგდიდის რაიონში, სოფელ ახალკახათისა და  დარჩელის გზაგასაყარზე უცნობმა პირებმა მხედრიონელები დაატყვევეს. ინციდენტის დროს რამდენიმე მათგანი დაიჭრა კიდეც, ორი მხედრიონელი (ჯამარაული და აბუაშვილი) ცოცხლად დაწვეს, ხოლო დანარჩენებმა გაქცევა მოახერხეს. ისინი ზუგდიდში ჩამოვიდნენ და "მხედრიონის" შტაბში მყოფ მოძმეებს  მომხდარის შესახებ უამბეს.

"იმ დღეს ჩემს ბიძაშვილს მივაკითხე კომენდატურაში -  ჩვენ თბილისში ვბრუნდებოდით და მინდოდა, წასვლის წინ მენახა, საუბრისას ჩოჩქოლი შემოგვესმა, იყო ყვირილი, თითქოს ვიღაც ტიროდა კიდეც. ოთახიდან რომ გამოვედით, დავინახე  - ბიჭები იყვნენ. გაფითრებულები ჰყვებოდნენ - ჩვენები მანქანაში ცოცხლად ჩაწვესო. გვარებიც ახსენეს (ერთი, მგონი, ჯამარაული იყო).

ამის გაგონებაზე ჩემ წინ მდგომ მხედრიონელს მუხლები მოეკვეთა და თავში ხელები წაიშინა.

გაოგნებული ვიდექი. იმ სურათის წარმოდგენაც კი გამიჭირდა, როგორ წვავდნენ ქართველები ერთმანეთს ცოცხლად... არადა, ომი ხომ თითქმის დამთავრებული იყო...

მოულოდნელად ის ბიჭი, ჩამუხლული რომ იყო, წამოიწია და მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა, - წავედით!.. როდესაც მას შევხედე, მივხვდი, რომ შურისძიება უფრო საშინელი იქნებოდა.

ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა, - სხვა დროს ვილაპარაკოთო. მივხვდი, რომ მეგობრების სიკვდილით გამწარებული მხედრიონელები მიზეზის კითხვას არ დაიწყებდნენ...

ვახტანგი,

სამოქალაქო ომის მონაწილე

"როდესაც ამბავი მოიტანეს, დარჩელში ორ მხედრიონელს ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად დაწვესო, გადავწყვიტე, კორესპონდენტებთან ერთად წავსულიყავი, მაგრამ იმ წუთში ვიდეოკამერა ვერ მოვიძიეთ, ამიტომ აღარ წავედი. თუმცა ჩემი წაუსვლელობის მიზეზი მარტო ეს არ იყო. იქ რომ მივსულიყავი და მენახა, როგორ იწვოდნენ ჩვენი ბიჭები, ალბათ ძალიან ცუდ საქციელს ჩავიდენდი".

დოდო გუგეშაშვილი

"ამ სოფელში ძარცვა-გლეჯა მიმდინარეობდა. ორი მანქანა დადიოდა და სახლებიდან ყველაფერი გაჰქონდათ, რასაც მოისურვებდნენ. ჩვენ ხელებს ვწევდით - სხვა რა გზა გვქონდა!

ჩემი სახლიდანაც წაიღეს, თუკი რამ გამაჩნდა. ბოლოს, როდესაც ჩემი ეზოდან მანქანაც გაიყვანეს, სოფელში ხალხი შეიკრიბა. მხოლოდ ერთი კითხვა გვქონდა, -  რისთვის გვძარცვავდნენ?

ხომ გახსოვთ, ისედაც როგორი მდგომარეობა იყო, როგორ გვიჭირდა, დევნილებით იყო სავსე სოფელი, თითო მცხოვრებს რამდენიმე ლტოლვილი ოჯახი ჰყავდა შეფარებული.

ის ორი მანქანა ცოტა ხანში ისევ მობრუნდა. მათ ხალხი დახვდა. ჩაქოლეს და გაანადგურეს. ორი კაცი დაწვეს, ზოგი გაიქცა, თუმცა ერთი დაჭრილი ისევ ჩვენ გვყავდა.

ამის შემდეგ მოვიდა კიდევ ერთი მანქანა. შიგ ქალი იჯდა. გვითხრა, - ზუგდიდის კომენდანტის მოადგილე ვარო. აქ სასწაულ ამბავს დაატრიალებენ, ამიტომ მომეცით ეს დაჭრილი და  სადაც სჭიროა - მათთან, შტაბში, მივიყვანო. ხალხმა დაუჯერა; თუმცა, ვფიქრობ, რომ არც ის დაჭრილი და არც კომენდანტის მოადგილე გასაშვებები არ იყვნენ, ისინიც აქვე უნდა ჩაგვექოლა.

ხალხი შეცდა - დაჭრილი გაატანეს.

15 წუთიც არ იქნებოდა გასული, რომ სოფელში შეიარაღებულები შემოვიდნენ, კაცმა არ იცის, ვინ იყვნენ. ხალხმა რომ დაინახა, გაიქცა და მანდარინის ბაღებს შეაფარა თავი, ზოგი ტყეში გაიქცა.

მოსულებმა სროლა ატეხეს. ისროდნენ დამიზნებით. სახლებში რაც იყო დარჩენილი, ყველაფერი გაზიდეს, პირუტყვს იქვე კლავდნენ, უკანასკნელი ტომარა ფქვილი და შაქარი გამოჰქონდათ სახლებიდან და მერე წვავდნენ, იმ დღეს ჩვენს სოფელში 27 სახლი გადაწვეს..."

თვითმხილველის ნაამბობიდან

დარჩელის გადაწვა  უკანასკნელი მხედრიონული გაკვეთილი იყო  სამოქალაქო ომის ისტორიაში... მიუხედავად იმისა, რომ  დევნილი პრეზიდენტის შეიარაღებული ძალები დაშლილი და განადგურებული იყო, ხოლო მათი სარდალი, ლოთი ქობალია, გაქცეული (ერთი ვერსიით, მან ზვიად გამსახურდია აფხაზეთში, ილორში ყოფნის დროს მიატოვა და უკრაინაში წავიდა), შევარდნაძის ხელისუფლების საფრთხედ კვლავ რჩებოდა სამეგრელოში მყოფი ზვიად გამსახურდია, ამიტომ რევოლუციური ხელისუფლებისთვის პრობლემების ნებისმიერი გზით გადაჭრა მისაღები იყო.

დევნილმა პრეზიდენტმა კარგად იცოდა, რომ ფეხდაფეხ მისდევდნენ, ამიტომ ადგილს ხშირად იცვლიდა. 1993 წლის 20 ნოემბრამდე ის, შემორჩენილ თანამოაზრეებთან ერთად, წალენჯიხაში, ჩქვალერის ტყეს აფარებდა თავს...

დევნილი პრეზიდენტის ლიკვიდაციის გეგმას, ხელისუფლების პარალელურად, მისი ყოფილი მებრძოლებიც ადგენდნენ - 16-17 ნოემბერს სოფელ ოჩვინარაში გამსახურდიას 17 ყოფილი მებრძოლი შეიკრიბა და  დევნილი პრეზიდენტის მოკვლის გეგმა მოიწონა.

ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა ზუგდიდის ყოფილი კომენდანტი ბადრი ზარანდია და ზურაბ შონიაც ("პუშკინა". ის მოგვიანებით, 1998 წელს, გია მესხიამ, იმავე "კინგ-კონგმა", მოკლა გოჩა ესებუას დასაფლავებზე, ვითომდა ღალატის გამო), აგრეთვე, გენერალი გია გულუა, მისი ორი თანამშრომელი, ზვიად გამსახურდიას დაცვის ორი წევრი - ვაჟა ჭინჭარაული და ირაკლი გოგაძე.

"გამსახურდიას ლიკვიდაციის ორი სცენარი არსებობდა. პირველი იყო ე.წ. შვეულმფრენის. გენერალი გია გულუა მოიყვანდა შვეულმფრენს, რომელსაც პრეზიდენტი ვითომ ჩეჩნეთში უნდა გადაეყვანა, სინამდვილეში ის ჰაერში აფეთქდებოდა.

მეორე გეგმა ასეთი იყო: მუჟავაში თენგო ქარდავას, მეტსახელად "სმერტნიკის" ოჯახს, სადაც გამსახურდია იმყოფებოდა, თავს უნდა დასხმოდნენ.

ამ შეკრებაზე თავად გამსახურდიას მასპინძელიც იმყოფებოდა.

პრეზიდენტის დაცვის წევრებმა - ჭინჭარაულმა და გოგაძემ ამ ოპერაციაში მონაწილეობაზე უარი თქვეს. შემდეგ მათ ცხენები მისცეს და გაუშვეს; თუმცა ამბობენ, ორივენი გზაშივე ჩაცხრილესო, რადგან ეშინოდათ, პრეზიდენტისთვის ამბავი არ მიეტანათ. თენგო ქარდავამ  კი დროულად გააფრთხილა პრეზიდენტი მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ".

ჰამლეტ გულორდავა

შეთქმულები იმავე საღამოს მივიდნენ იმ სახლში, სადაც გამსახურდია ეგულებოდათ, მაგრამ ის იქ აღარ დახვდათ. უსინათლო მეზობელი, რომელმაც, მათი ფიქრით, იცოდა პრეზიდენტის სავარაუდო მარშრუტი, უმოწყალოდ სცემეს თავის მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად.

მომხდარის შესახებ ზვიად გამსახურდიამ ბადრი ზარანდიასგან შეიტყო, ის მის ბანაკში 1993 წლის 21 ნოემბერს ავიდა ბესარიონ გუგუშვილთან ერთად და ოთხი დღე იმყოფებოდა.

...ზუგდიდში დარჩენილი დაუმორჩილებლობის კომიტეტის წევრები კი კვლავ ომის გაგრძელებაზე ფიქრობდნენ, ამჯერად სამეგრელოს ავტონომიისთვის. ვალტერ შურღაია ამ მიზნით გამსახურდიასთან შეხვედრასაც ცდილობდა, თუმცა, როგორც ამბობენ, პრეზიდენტმა მისი მოსმენა არ ისურვა.

რაც შეეხება გამსახურდიას საველე მეთაურებს, ისინი იმ დროისთვის უკვე ახალი ხელისუფლების მხარეს იყვნენ გადასული და დევნილი პრეზიდენტის მხარდამჭერებს დაშლისა და იარაღის ჩაბარებისკენ მოუწოდებდნენ (მაგალითად, სოსო ჟღენტი და აკაკი ელიავა ასეთ განცხადებებს პირდაპირ ტელევიზიით ავრცელებდნენ და მოსახლეობას არწმუნებდნენ, - ომის გაგრძელება უაზრობააო).

გამსახურდიას სამეგრელოში ყოფნა თანდათან საშიში ხდებოდა.

"მე პრეზიდენტს მუჟავაში ყოფნის დროს  ვრცლად ავუხსენი მის გარშემო შექმნილი მდგომარეობა და საქართველოდან გასვლა შევთავაზე. იგი დამთანხმდა. მერე, როდესაც ჩვენთან ჩემი ყოფილი მებრძოლები ამოვიდნენ, პრეზიდენტს ულტიმატუმი წაუყენეს ჩაბარებაზე. პრეზიდენტმა მათ ყურადღებით მოუსმინა და დათანხმდა, ჩაჰბარებოდა ზუგდიდის პოლიციის განყოფილებას; თუმცა, არსებობდა მეორე გზაც - დაეტოვებინა საქართველო. მან რობინზონ მარგველანის შეთავაზებაზე - წასულიყვნენ სვანეთში, უარი განაცხადა, ასევე უარი თქვა გადასულიყვნენ კახეთში. ერთადერთ დასაშვებ მარშრუტად ხევსურეთი მიიჩნია, სადაც გამოიზამთრებდა და გაზაფხულზე გროზნოში გადავიდოდა".

ბადრი ზარანდიას დღიურებიდან

დევნილი პრეზიდენტის გარშემო წრე ნელ-ნელა ვიწროვდებოდა, მისი გადაყვანა აღმოსავლეთ საქართველოში ძალიან დიდ რისკთან იყო დაკავშირებული: ზუგდიდში კბილებამდე შეიარაღEებული "მხედრიონი" იდგა, სენაკს ბალტინის ჯარები (შავი ზღვის ფლოტის ნაწილები) აკონტროლებდნენ, თეკლათის გადასახვევთან (ზუგდიდი-ფოთის გზაგასაყარი) ქუთაისის ბატალიონი იდგა დევი ჩაკვეტაძის მეთაურობით, ხობთან იმყოფებოდა გულრიფშის შინაგანი ჯარის ნაწილი შოთა კვარაცხელიას  ხელმძღვანელობით... ფაქტობრივად, სამეგრელოში ყველა გზა მოჭრილი იყო, აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლა წარმოუდგენელი გახლდათ.

1993 წლის ნოემბრის ბოლოს წალენჯიხის სოფელ ლიაში ბადრი ზარანდია დააკავეს. მოგვიანებით მასთან ერთად მისი ოჯახის წევრები - მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი აღმოჩნდნენ...

როგორც თავად ზარანდია აცხადებდა, მას, თავისუფლების სანაცვლოდ, მხოლოდ ერთ რამეს სთხოვდნენ - მოეკლა პრეზიდენტი...

"ქალაქ ზუგდიდში პრეზიდენტის განადგურების საკითხს ხელმძღვანელობდა უშიშროების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურის მოადგილე პოლკოვნიკი ბასიკაშვილი, რომელსაც ჩემი ყოფილი თანამებრძოლების დახმარებით რამდენჯერმე შევხვდი ზუგდიდში,”ტაქსების პარკის ტერიტორიაზე განლაგებულ შტაბში.

ბასიკაშვილის თქმით, გამსახურდიას მკვლელი აუცილებლად "ზვიადისტი" უნდა ყოფილიყო, ამასთან, მოკვლისთანავე, კვალის დასაფარავად, პრეზიდენტის ცხედარი კახეთის რეგიონში უნდა წაეღოთ.

მე მაძლევდნენ 1 მილიონ დოლარს, რომელიც, როგორც ამბობდნენ, გამსახურდიას თან ჰქონდა და მპირდებოდნენ საზღვარგარეთ გაყვანას. ჩემს შეკითხვაზე, ვისი ბრძანება იყო პირველი პრეზიდენტის მოკვლა, მხოლოდ ერთს მპასუხობდნენ, - ქვეყნის პირველი პირისო.

დიახ, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მოკვლის ბრძანება მოქალაქე შევარდნაძისგან მოდიოდა. პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, მათი გაანგარიშებით, დეკემბრის პირველ ნახევარში უნდა დახოცილიყვნენ...

როდესაც ნახეს, რომ გამსახურდია ჩემთან კავშირზე აღარ გამოდიოდა, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გადამიყვანეს.

ჩემმა ნათესავებმა როგორც კი გაიგეს ჩემი ოჯახის დაკავების ამბავი, დიდი ხმაური ატეხეს. ამის შემდეგ ჩვენ გაგვათავისუფლეს.

მე მაშინვე ზვიადის ძებნა დავიწყე, რომ გამეფრთხილებინა, თუმცა უკვე გვიანი იყო".

ბადრი ზარანდიას დღიურებიდან

1993 წლის 22 დეკემბერს, ვახტანგ ზარანდიას დახმარებით, დევნილი პრეზიდენტი თავს ჯიხაშკარს აფარებს, მისი მასპინძელი ჯონსონ კვარაცხელიას ოჯახია.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის საიდუმლოებით მოცულ მკვლელობამდე სულ რამდენიმე დღე რჩება...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)