ხიბულის საიდუმლო - კვირის პალიტრა

ხიბულის საიდუმლო

(დასასრული. დასაწყისი "კვირის პალიტრა" ##8-13)

"პრეზიდენტ გამსახურდიას ოჯახის წევრები და სიკვდილის თვითმხილველები კატეგორიულ უარს აცხადებენ პრეზიდენტ გამსახურდიას სიკვდილთან დაკავშირებულ გამოძიებაში მონაწილეობაზე. გამსახურდიას ოჯახი კატეგორიულ უარს ამბობს ცხედრის გაკვეთაზე, გამოკვლევასა ან სხვა რაიმე მოქმედებაზე".

მანანა არჩვაძე-გამსახურდია,

"მოთხოვნები ხელისუფლებას",

1994 წლის 13 იანვარი

"ვფიქრობ, ვერავინ წამოსწევს სხვა ვერსიას, გარდა იმ ვერსიისა, რასაც ჰყვებიან თვითმხილველები... რა თქმა უნდა, ვერსიები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ დასაბუთება ძნელია, რადგან მხოლოდ თვითმხილველებმა იციან, რა მოხდა სინამდვილეში. ვფიქრობ, საქმე უნდა გადაწყდეს ისე, როგორც ოჯახს სურს. ჩვენ კი ოჯახმა გვითხრა, რომ პრეზიდენტი თავისი ნებით წავიდა ამ ქვეყნიდან. დიახ, პრეზიდენტი თავისი ნებით წავიდა ამ ქვეყნიდან!".

ზელიმხან იანდარბაევი,

იჩქერიის ვიცე-პრეზიდენტი

(იჩქერიის სამთავრობო კომისიის  თავმჯდომარე),

1994 წლის იანვარი

"გამსახურდიას სიკვდილის მოწმეები პრეზიდენტის საქართველოში გადმოსვენებისას მოვითხოვთ, ჩატარდეს კიდევ ერთი ექსპერტიზა უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით და დასკვნის შედეგები ფართოდ გაშუქდეს საზოგადოებაში".

ბესარიონ გუგუშვილი,

2006 წლის 16 ივლისი

ზვიად გამსახურდიას დაცვის სამსახურს, მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და დევნილობაშიც, ხშირად აკრიტიკებდა გარემოცვა. გამსახურდიას თანამოაზრეები ამბობდნენ, - როგორც ყველა პრეზიდენტს, მასაც სჭირდება კარგად მომზადებული და პროფესიონალური დაცვის სამსახური, განსაკუთრებით დევნილობის პერიოდში, როდესაც ფეხდაფეხ მისდევს ქართულ-რუსული სპეცდანიშნულების რაზმის მობილური ჯგუფებიო.

"1991 წლის 22 დეკემბერს, როცა თბილისში, პარლამენტის შენობას ქვემეხებს ესროდნენ, ზვიად გამსახურდიას მხოლოდ გამოუცდელი პირადი დაცვა ჰყავდა. არავინ იცოდა, ვინ იყო ეს ხალხი, ვინ იყო მათი ნამდვილი პატრონი, დავალების მიმცემი და ა.შ. პრეზიდენტი, თავისი ზეჰუმანური ხასიათიდან გამომდინარე, ვერ იტყოდა, - კარგი დაცვა მინდა, მეშინიაო. ვერც თვითონ შეავსებდა მისი პირადი დაცვის წევრების ანკეტებს, რომელთა უსუსურობა და უვიცობა ცხადზე უცხადესი იყო.

პრეზიდენტის დაცვამ პირველად მაშინ დამაეჭვა, როდესაც გავიგე, რომ  მისი დაცვის წევრები კანკავა, ჭიღლაძე, მიქავა, შარვაძე და სხვები, რატომღაც პუტჩის წინ გაუჩინარდნენ (პროფესიონალები განზრახ მოაშორეს ზვიადს), ახალი მცველები კი სუსტები იყვნენ და არც მაინცდამაინც სანდონი. შემდეგ კი, ისეთ არაორდინარულ გარემოში, როგორიც იმ დროს ჩეჩნეთში იყო, ნებისმიერს გაუჭირდებოდა პრეზიდენტის დაცვა სპეციალური მომზადების გარეშე. ამიტომ 1992 წლის იანვარში, სოხუმში, პირველსავე სამხედრო თუ საჯარო შეკრებაზე დავსვი საკითხი გამსახურდიასა და მთავრობის სხვა წევრების დაცვის სამსახურის  ჩამოყალიბების შესახებ. შევთავაზე, ჩამოეყვანათ უცხოელი სპეციალისტი, მანამდე კი იქნებ იმ პირების ანკეტური მონაცემები მაინც გვქონოდა, რომლებიც პრეზიდენტს მცველებად ახლდნენ გროზნოში.

ამ საკითხზე საუბარი გროზნოშიც მქონდა. ვამბობდი, - ნახეთ, შევარდნაძემ როგორ ააწყო დაცვის სამსახური, ჩვენც არ უნდა ჩამოვრჩეთ-მეთქი. ზუგდიდში ჩამოსული პრეზიდენტი დაუცველი იყო, დაცვა პრეზიდენტთან ერთად იყო ოთახში, არ გახლდათ დაცული შენობა, მისი პერიმეტრი, ქალაქის ის უბანი, სადაც პრეზიდენტი იმყოფებოდა. ვალტერ შურღაიას სადარბაზოს 4 კაცი იცავდა, ლოთი ქობალიას ეზოს - 20 კაცი, პრეზიდენტის უსაფრთხოებას კი 4 კაცი. სამწუხაროდ, გამსახურდიას დაცვის უფროსიც არ ითხოვდა პირადი შემადგენლობის გაძლიერებას.

სოხუმის დაცემის შემდეგ სიტუაცია უფრო გართულდა. როცა  ნოქალაქევთან, ხობთან და სენაკთან სროლების დროს  პრეზიდენტს არავინ გადაეფარა და მისი "დამცველები" პირადად გამოიყვანა მანქანის ქვეშიდან, ბატონმა ზვიადმა თავად იგრძნო საშიშროება დაუცველობის გამო, ამიტომ 23 ოქტომბერს, როდესაც სენაკიდან შტაბში დაბრუნდა, მდივანს უკარნახა ბრძანება, რომლითაც მე დამევალა დაცვის ისეთი სამსახურის შექმნა, რომელსაც წელიწად-ნახევარი ვთავაზობდი. ბრძანებას თავად მოაწერა ხელი და სათაურის ქვეშ მიაწერა: "ზესაიდუმლო". მაშინ პრეზიდენტს დავპირდი, რომ 12 დღეში შეიქმნებოდა პირველი 20-25-კაციანი დაცვის ჯგუფი, ხელმძღვანელად სოსო ჯომიდავა მოიაზრებოდა, მოადგილედ - რომეო კუჭუხიძე, თუმცა იმ დღეებში საქართველო დსთ-ში შევიდა და ისევ აირია ყველაფერი. ჯომიდავას ფრონტიდან გამოწვევა ვერ შევძელით და ყველაფერი ძველებურად დარჩა.

როდესაც პრეზიდენტი ილორიდან სამეგრელოში დაბრუნდა, სწორი იქნებოდა, მისი დაბანაკების ადგილას ჟურნალისტთა ჯგუფი (მათ შორის უცხოელებიც) მიეყვანათ და მსოფლიოს გაეგო პრეზიდენტის ადგილსამყოფლის შესახებ. ასეთ შემთხვევაში შევარდნაძის ხელისუფლება ალბათ დააკავებდა გამსახურდიას, მაგრამ, მიუხედავად დიდი სურვილისა, მოკვლას ვერ გაბედავდა".

ოთარ უბილავა,

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას

რწმუნებული

1993 წლის დეკემბრიდან დევნილი პრეზიდენტი სოფელ ჯიხაშკარში იმყოფებოდა, ჯერ ანზორ მებონიას სახლში, შემდეგ კი ჯონსონ კვარაცხელიას ოჯახში.

"ჯონსონ კვარაცხელიას სახლში, ჯიხაშკარში, რამდენიმე დღე დავრჩით. მისვლისას ჯონსონმა სუფრა გაგვიშალა, პრეზიდენტი თამადობდა, თუმცა ღვინო ცოტა დალია. ამ სახლში პრეზიდენტმა ცუდად იგრძნო თავი, - მუცელს იტკივებდა. ამბობდა, - მგონი, მომწამლესო. ჯონსონთან სტუმრობისას პრეზიდენტმა  გვკითხა, - როგორ გაესროლა პისტოლეტიდან ერთჯერადად და ავტომატური ჯერით. ჩვენც ავუხსენით.

ილორიდან გადმოსვლის შემდეგ პრეზიდენტი პისტოლეტს არ იცილებდა. ვთხოვეთ, გადმოეცა, მაგრამ არ დაგვთანხმდა - თავს რომ დამესხნენ, პისტოლეტის სათხოვნელად თქვენთან ხომ არ მოვალო (ის პისტოლეტი ჩვენმა მებრძოლებმა აჩუქეს, გია გულუასთვის ჩამოურთმევიათ დაპატიმრების დროს)? პრეზიდენტს მეორე იარაღიც ჰქონდა - რევოლვერი. მისი გარდაცვალების შემდეგ ის მის ჩანთაში აღმოჩნდა. ერთ დღესაც, როდესაც მარტო ვიყავით ოთახში, პრეზიდენტმა მითხრა, - მოდი, მესროლე და მერე თქვი, - გამივარდაო. რას ამბობთ, ბატონო ზვიად, ჩვენ ან ყველა ერთად გავალთ აქედან, ან ერთად დავიხოცებით-მეთქი. ხელი ჩაიქნია, - ჰო, შენ მაინც ვერ გაიგებ ამასო და ლოგინზე წამოწვა.

21 დეკემბერს ჩვენთან მოვიდა გუგუჯი ებრალიძე (ჯიხაშკარის გამგებელი. - ავტ.) და გვითხრა, - ვახტანგ ზარანდია დააკავესო. იმ საღამოს ზაურ ჩუხუა მოვიდა და პრეზიდენტს მოახსენა, - გუგუჯი ებრალიძეც დააკავესო(?!). მერე დაგვპირდა, რომ სანდო კაცს მოვძებნი და მასთან გადაგიყვანთო. 26 თუ 27 დეკემბერს ძმები - ანატოლი და ზაურ ჩუხუები მოვიდნენ "ვოლგით" - სანდო ოჯახი ვიშოვეთ, მაგრამ 4 კაცზე მეტი ვერ დაეტევაო. დაგვპირდნენ, - დანარჩენს ხვალ გადაგიყვანთ და იქვე მეზობლად დაგაბინავებთო. პრეზიდენტის სურვილით, მას ბესარიონ გუგუშვილი, რობინზონ მარგველანი და მე გავყევით. გოჩა კეკენაძე და ზაზა ბურჯანაძე დარჩნენ. ისინი მეორე დღეს უნდა მოეყვანათ ჩვენთან. კვარაცხელიას სახლს რომ ვტოვებდით, ლამპის შუშა გაიბზარა - ყველას ცუდად გვენიშნა.

ბაჩუკი გვანცელაძის ჩვენებიდან

"1993 წლის 24 დეკემბერს ჩემთან მოვიდნენ ძმები ანატოლი და ზაურ ჩუხუები და მთხოვეს, ოთხი კაცი შემენახა. მითხრეს, დეპუტატები არიანო (ეტყობა, ჩუხუები წინასწარვე იყვნენ გაფრთხილებული, მხოლოდ ოთხი კაცი წაეყვანათ "სანდო" ოჯახში. - ავტ.).

27 დეკემბერს, ღამის 10 საათი იქნებოდა, სტუმრები მოიყვანეს. სუფრა გავშალე, თუმცა არაფერი უჭამიათ. ერთ-ერთმა მითხრა, - ჩემი საწოლი ოთახი მაჩვენეთო. მეორე სართულზე ავიყვანეთ შიდა კიბით. ყველა ოთახი მოიარა, შემდეგ ჩემმა მეუღლემ ლოგინი გაუშალა და დაწვა. სტუმრების სახელები ერთმანეთთან მიმართვისას გავიგე. ერთი მათგანი სულ იწვა, ქვემოთ არც ჩამოდიოდა. მეოთხე დღეს რობინზონს სიხარულით წამოსცდა, - პრეზიდენტს ჩაი უნდაო და მაშინ მივხვდი, რომ ის მეოთხე პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იყო. თავიდან ვერც ვიცანი, შეცვლილი იყო და თან წვერი ჰქონდა მოშვებული".

კარლო ღურწკაიას ჩვენებიდან

"30 დეკემბერს კარლო ღურწკაიას სახლში მოვიდა ზაურ ჩუხუა. მეგზურად ახალგაზრდა კაცი ახლდა. პროდუქტები მოიტანა და პრეზიდენტი ინახულა. ზაურმა გვითხრა, - პრეზიდენტთან ცალკე მსურს საუბარიო. მისი წასვლის შემდეგ პრეზიდენტმა გვითხრა, - დღეს კარგად დაისვენეთ, ხვალ ახალ ადგილას უნდა გადავიდეთო. მე და ბაჩუკი ჩვენს ოთახში შევედით და ლოგინზე მივწექით (ჩვენს ოთახს და პრეზიდენტის ოთახს მხოლოდ ფარდაჩამოფარებული კარი ჰყოფდა და კარგად ჩანდა პრეზიდენტის საწოლის ნახევარი, გუგუშვილი კარგა ხანს ბოლთას სცემდა, მერე ისიც დაწვა. მე და ბაჩუკი რომ ვსაუბრობდით, მოულოდნელად პრეზიდენტმა ჩაახველა. მივხვდით, რომ არ ეძინა და უნდა გავჩუმებულიყავით. ფიქრებში წავედი. რა თქმა უნდა, არც მე და არც ბაჩუკის არ გვეძინა. ერთი საათი იქნებოდა ალბათ გასული, რომ მოულოდნელად ზვიადის ოთახიდან სროლის ხმა გაისმა, იმ წამსვე იქით გავიქეცით, კარებში გუგუშვილი დაგვხვდა, - არიქა, მგონი, პრეზიდენტი ცუდადაა, ალბათ აღებინებსო. ზვიადს რომ მივუახლოვდი, დავინახე - მარჯვენა საფეთქლიდან სისხლი სდიოდა, მარჯვენა ხელი ჩამოკიდებული ჰქონდა კალთაზე და ხელში იარაღი ეჭირა. თავზარი დაგვეცა... იმავე ღამეს ტყვიის გულას ვეძებდით, მაგრამ ვერ ვიპოვეთ".

რობინზონ მარგველანის ჩვენებიდან,

1997 წლის თებერვალი

"31 დეკემბერს, ღამით, დაახლოებით 2 საათზე, გავიგონეთ გასროლის ხმა. მე და ჩემს მეუღლეს პირველ სართულზე გვეძინა. ვიფიქრე, "შკაფი" ხომ არ დაეცა იატაკზე-მეთქი. უცებ ზემოდან მომესმა ყვირილი, - კარლო ბიძია, პრეზიდენტმა თავი მოიკლაო. მაშინვე ზემოთ ავვარდი. დავინახე, რომ სამივე კედელს თავს ურტყამდა. ოთახში მხოლოდ ერთი ლამპა და ერთი სანთელი ენთო. ბიჭებმა მთხოვეს, - გააპატიოსნეო, მაგრამ ცუდად გავხდი. ბოლოს, მოვიკრიბე ძალა და ცხედარს მივუახლოვდი. როგორც იქნა, გავაპატიოსნე. ტყვიის მასრა მაშინ იპოვეს, თუმცა რომელმა აიღო, არ მახსოვს, ტყვიის გულას მოძებნა კი ვერ შეძლეს. პრეზიდენტის ხელში იარაღი არ შემინიშნავს".

კარლო ღურწკაიას ჩვენებიდან

"როდესაც პრეზიდენტი ხიბულაში წაიყვანეს, ჩვენ დავრჩით. დაგვპირდნენ, რომ მე და ზაზას მერე მოგვაკითხავდნენ. მეორე დღეს ჯონსონ კვარაცხელიას სახლში მოვიდა ანზორ მებონია და გვითხრა, - თქვენ არავინ მოგაკითხავთ, იარაღი ჩამაბარეთ და შინ წადითო. მისი ნათქვამი საეჭვოდ გვეჩვენა. უარი ვუთხარით და დარჩენა გადავწყვიტეთ. 31 დეკემბერს, დილით მოვიდა უცნობი ქალბატონი, ვინმე გულიკო და გვთხოვა, გავყოლოდით. თავიდან გვეგონა, პრეზიდენტთან მივყავდით. ხიბულაში რომელიღაც სახლთან გავჩერდით. იქიდან რობინზონ მარგველანი გამოვიდა და გვითხრა, - ბიჭებო, დავიღუპეთ, ზვიადმა თავი მოიკლაო. მყისიერად იმ სახლისკენ წავედით, სადაც ეს ამბავი მოხდა. მეორე სართულზე შიდა კიბით ავედით. ზვიადის ცხედარს ზეწარი ჰქონდა გადაფარებული. ხანმოკლე თათბირის შემდეგ გადავწყვიტეთ, გადაგვესვენებინა ჯიხაშკარში (მასპინძლები საახალწლოდ სტუმრებს ელოდნენ და არ უნდოდათ, მათ სახლში ვინმეს გარდაცვლილი პრეზიდენტი ენახა. - ავტ.). ჩუხუებს კაცი გავუგზავნეთ, რომ ტრანსპორტი ეშოვათ. მათ მართლაც მოიყვანეს ტრაქტორი, რომელსაც ძარა წინ ჰქონდა და თვითონ სადღაც გაქრნენ. ჩვენ პრეზიდენტი "ლეჟანკით" ძარაზე დავასვენეთ და ჯიხაშკარში წავედით. იგი ჯონსონ კვარაცხელიას ეზოში დავმარხეთ".

გოჩა კეკენაძის ჩვენებიდან,

2004 წლის 12 მარტი

გამსახურდიას გარდაცვალების ამბავი მალე გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურები ახლა გარდაცვლილი პრეზიდენტის ცხედარს დაეძებდნენ, ამიტომ სამეგრელოში დარჩენილმა დაცვის წევრებმა (ორი გროზნოში წავიდა ამბის ჩასატანად) პრეზიდენტის ცხედარი კიდევ გადაასვენეს, ბოლოს ვალიკო ზარანდიას ფარდულში დაასაფლავეს, საიდანაც 1994 წლის 17 თებერვალს გროზნოში გადაასვენეს.

...გამსახურდიას მკვლელობის თუ თვითმკვლელობის შესახებ ვნებათაღელვა დღემდე არ ცხრება. 2007 წელს დევნილი პრეზიდენტის ნეშტი გროზნოდან საქართველოში ჩამოასვენეს და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. გადმოსვენებამდე მას დონის როსტოვში ექსპერტიზა ჩაუტარდა. მოკლეს თუ არა პრეზიდენტი, ექსპერტიზა ცალსახად პასუხს არ იძლევა, თუმცა მასში არის ბევრი საყურადღებო დეტალი. ცხედარს, რომელიც დნმ-ის ანალიზით  ზვიად გამსახურდიასი აღმოჩნდა, დაზიანებული აქვს 9 ნეკნი, ბოქვენის ძვალი, მენჯის ძვალი, შეინიშნება დაზიანებები თავის ქალაზე, შემავალი და გამავალი ხვრელოვანი მოტეხილობები, მათ შორის ტყვიის გამავალი არხი და სხვა...

სამოქალაქო ომი, რომელიც 1991 წლის 22 დეკემბერს პარლამენტთან ერთი გასროლით დაიწყო, 1993 წლის 31 დეკემბერს ასევე ერთი უცნაური გასროლით დამთავრდა...