ომის უცნობი დეტალები - კვირის პალიტრა

ომის უცნობი დეტალები

"კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული სამოქალაქო ომის ქრონიკების შემდეგ ბატონი ოთარ უბილავა (ზვიად გამსახურდიას რწმუნებული, ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსის (ლოთი ქობალიას) მოადგილე, 1992 წლის მაისიდან ამავე სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი) დაგვიკავშირდა და ამ ომის უცნობი დეტალები ექსკლუზიურად გაგვაცნო.

ოთარ უბილავა 1996 წლიდან გენერალური პროკურატურის მიერ იძებნებოდა. ძებნა მოეხსნა 2012 წლის 5 მარტს. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე გაერთიანებული იყო ზვიად გამსახურდიასა და ბესარიონ გუგუშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან.

- 1991 წელს სოხუმის ბატალიონის მეთაურის მოადგილედ ვმსახურობდი (მეთაური ვახტანგ მუკბანიანი). ოქტომბერში მე, ვახტანგი და ლოთი ქობალია თბილისში ჩამოვედით პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან შესახვედრად. ფსოუზე საქართველო-რუსეთის საზღვარი არ არსებობდა, თუმცა გუდაუთაში, ბომბორას აეროდრომზე რუსეთის სამხედრო ნაწილები იდგნენ. გვინდოდა, პრეზიდენტისთვის საზღვრის ამ მონაკვეთის გამაგრება გვეთხოვა, რათა როგორმე  გაგვეკონტროლებინა რუსეთიდან იარაღის შეტანა აფხაზეთში. პრეზიდენტის მისაღებში ნაშუადღევამდე გვალოდინეს. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ პრეზიდენტის გარემოცვას ზვიადთან სამხედროების შეხვედრა არ უნდოდა. როგორც იქნა, შევხვდით. ბატონ ზვიადს ვთხოვეთ მესაზღვრეთა სამასკაციანი ჯგუფის შექმნა ფსოუს დასაცავად, ბაზა იქვე, ერთ კილომეტრში, ყოფილ პიონერთა ბანაკში იქნებოდა, პრეზიდენტმა გვკითხა, იარაღი რამდენი გჭირდებათო. რამდენი კაციც იქნება, ანუ სამასი ავტომატი-მეთქი. იქვე ჩაიწერა ყველაფერი, თუმცა გვითხრა, - ამდენ იარაღს ახლა ვერ მოგცემთ (იმ დროს იარაღი ძალიან ჭირდა), მაგრამ შევეცდები, რამე მოვიფიქროო. ასე დაიმედებული დავბრუნდით სოხუმში. თუმცა... ამასობაში ე.წ თბილისის ომი დაიწყო.

1991 წლის 28 დეკემბერს გადავწყვიტეთ, პარლამენტში გამაგრებული დეპუტატების დასახმარებლად დედაქალაქში სოხუმის, გულრიფშის და გალის ბატალიონები წამოსულიყო. მაშინ ეროვნული გვარდიის  ჯგუფებს ბატალიონები პირობითად ერქვა, რომლებიც სამხედრო გამოცდილების უქონელი სულ რამდენიმე ათეული კაცისგან შედგებოდა. მათი წევრები ხშირად წოდებებსაც თვითნებურად იკუთვნებდნენ. სატვირთო მანქანები შეძლებისდაგვარად დავჯავშნეთ - გვერდებზე ლითონის ფურცლები ავაკარით. მანქანები სანოვაგით და ტანსაცმლით დაიტვირთა, იარაღი ვერ ვიშოვეთ.  ქუთაისში რომ შევედით, ახალი წელი  თენდებოდა, ძველი აეროდრომის ახლოს, რუსული შინაგანი ჯარების ყოფილ ბაზაში დავბანაკდით. 150 კაცამდე ვიქნებოდით, ხალხი გზაშიც შემოგვემატა. ჩემთან ერთად იყო ანზორ გვარამია (ნიკა გვარამიას მამა). ცოტა ხნის შემდეგ ადგილობრივმა "მხედრიონმა" ალყა შემოგვარტყა. ეს ზუგდიდის პოლიციის უფროსმა  ქირიამ რომ შეიტყო, სასწრაფოდ ქუთაისისკენ  დაიძრა,  "მხედრიონელებმა" ქალაქში შემოსული ჯავშანტექნიკა რომ დაინახეს, ალყა მოხსნეს. ქუთაისში გვითხრეს, - გზები გადაკეტილია და წასვლას არ გირჩევთო.

3 იანვარს თბილისიდან აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატი აკაკი გასვიანი ჩამოვიდა. გვითხრა, - თბილისში თქვენი წასვლა საჭირო აღარ არის, სიტუაციას ისევ პრეზიდენტი აკონტროლებსო. რაც დრო გადიოდა, ჩვენს ბანაკში სიტუაცია უმართავი ხდებოდა. ხალხიც ნელ-ნელა იშლებოდა, ზოგს საახალწლოდ შინ ყოფნა უნდოდა, ზოგი სიცივეს ვერ იტანდა. ვცდილობდი, დისციპლინა შემენარჩუნებინა, მაგრამ ამაოდ. როდესაც ვინმეს გავუწყრებოდი, იარაღს ტოვებდა და მოწინააღმდეგის მხარეს გარბოდა. ბოლოს, გამოვბრუნდით. სამტრედიაში შევჩერდით. ზვიად ძიძიგური მაშინ პრეფექტი იყო და მის კაბინეტში გავათიეთ ღამე. არაფერი ვიცოდით, რა ხდებოდა თბილისში. ამბავი მოგვიტანეს, - რაიონში ძარცვა დაიწყოო, ამიტომ ჩვენი "ლაშქრის" ნარჩენებით სასწრაფოდ დავტოვეთ სამტრედია. 5 იანვარს სოხუმში ვიყავით. რკინიგზის სადგურის სადეპუტატო დარბაზში ეროვნული ძალების შტაბი იყო განთავსებული. მეორე დღეს სწორედ იქ გავიგეთ, რომ კანონიერი ხელისუფლება დაემხო და ზვიად გამსახურდიამ საქართველო დატოვა. როდესაც პრეზიდენტი გროზნოში გადავიდა, მისი გარემოცვის ნაწილი სოხუმში დაბრუნდა. გვაიმედებდნენ, რომ დაგვეხმარებოდნენ, ფულსაც მოგვცემდნენ, უნდა შეგვექმნა სამხედრო დაჯგუფებები, რომლებიც ჯერ პარტიზანული იქნებოდა, მერე კი, კანონიერი ხელისუფლების აღდგენის შემდეგ - ოფიციალურად ეროვნული გვარდიის ნაწილები.

1992 წლის იანვრის ბოლოს აფხაზეთში გია ყარყარაშვილი ჩამოვიდა და თავისი რაზმით ფსოუმდე მივიდა. მას ბორის კაკუბავა ახლდა. არძინბას ვთხოვეთ, დაეპატიმრებინა, მაგრამ უარი გვითხრა, - ეს ჩემი საქმე არ არისო. Uროდესაც გია ყარყარაშვილი ფსოუდან მობრუნდა, ჩვენს შტაბში არ შემოსულა დასარბევად, ბორის კაკუბავამ კი ყველაფერი მიანგრია. შტაბში იმ დროს პარლამენტთან დაჭრილი ქალი იმყოფებოდა და ისიც სასტიკად სცემა. ყარყარაშვილი აფხაზეთის ტელევიზიაში მივიდა და ხალხს მიმართა: - ვინ ხართ თქვენ? სულ ასი ათასი კაცი. ერთ სტადიონზე დაეტევით, შეგყრით ყველას იქ და ყურებს დაგაჭრითო. ამ განცხადებას აფხაზები ტელევიზიით დღეში რამდენჯერმე აჩვენებდნენ, - ნახეთ, როგორ გვემუქრება თბილისიო.

1992 წლის 15 მარტს სოხუმიდან  ილორში წავედი. აფხაზებს იქ პოსტი ჰქონდათ. მითხრეს, - უნდა გაგახაროთ, ყარყარაშვილი დაიჭირეს რუხშიო. ენგურის ხიდთან რომ მივედი, დავინახე, ცაში შვეულმფრენი ტრიალებდა. მოულოდნელად სროლა აუტეხეს და ვერ დაჯდა, მერე უკან გაფრინდა. სოფელ რუხთან, რესტორანში, გამაგრებულა ყარყარაშვილი და მისი რაზმი. როდესაც ალყა შემოარტყეს, ორმხრივი სროლა გაჩაღდა. რესტორნიდან ნასროლი ტყვიით იქვე ერთი მოსახლე ქალი მოკლეს, ავთო ფიფია მძიმედ დაიჭრა (მოგვიანებით, როდესაც აფხაზებმა გალში ქართველები აწამეს და ცოცხლად დამარხვა უნდოდათ, დაინვალიდებულ ფიფიას უბრძანეს ამის გაკეთება. უარი თქვა. ამიტომ აფხაზებმა დახვრიტეს). დაიჭრა სოსო ჯომიდავაც (აფხაზეთის ომის დროს სოხუმის ბატალიონის მეთაური), ის მაშინ ჩვენს მხარეს იყო. როდესაც ყარყარაშვილი და ბესო ქუთათელაძე თანმხლებ პირებთან ერთად აიყვანეს, 5 ნაღმმტყორცნი და ყუმბარმტყორცნები ამოიღეს. ყარყარაშვილს 25-კაციანი ჯგუფი ახლდა, მეორე ჯგუფი იმ შვეულმფრენს მოჰყავდა, ჩვენ რომ შევამჩნიეთ. სოფელ ოდიშში ეროვნული გვარდიის ერთი ჯგუფი იყო დაბანაკებული, სწორედ მათ გაუგიათ ყარყარაშვილის ჩამოსვლა და ალყაში მოუქცევიათ. სოსო ჯომიდავა გულრიფშის საავადმყოფოში მივიყვანე და სასწრაფოდ ზუგდიდში დავბრუნდი. დაუმორჩილებლობის კომიტეტი პოლიციის ეზოში იყო განლაგებული. შენობას ვერ მიეკარებოდი, იმდენი ხალხი ირეოდა. ყველას გვეშინოდა, რომ ყარყარაშვილი ვინმეს არ მოეკლა, მიშა დადიანმა და ვალტერ შურღაიამ გადაწყვიტეს, გია ყარყარაშვილი ზუგდიდში მოკლული გოჩა ჯიქიას სახლში დაებინავებინათ, რადგან შვილმკვდარ ოჯახზე თავდასხმას ვერავინ გაბედავდა. გოჩა ჯიქიას დედა შერაზადაშვილი იყო, რამდენადაც ვიცი, გია იქ სამი დღე დარჩა. ზუგდიდში თბილისიდან მოსალაპარაკებლად ჩამოვიდნენ ნოდარ ნათაძე და ირაკლი ბათიაშვილი. გვეუბნებოდნენ, - ყარყარაშვილი გაათავისუფლეთ, თორემ ხალხია ჩამოსული და ზუგდიდს გადაუვლიანო. შემდეგ მოლაპარაკებებში ჩაერთვნენ გია უჩავა, ზაზა მჭედლიძე, რობინზონ მარგველანი და ბესიკ მამუკელაშვილი, ერთ-ერთ შეხვედრაზე შტაბში ქაღალდის ნაგლეჯზე რაღაც ოქმი დაწერეს და ყარყარაშვილი უპირობოდ გაუშვეს. არადა, გროზნოში მინდოდა წამეყვანა, რათა პრეზიდენტს გადაეწყვიტა, როგორ მოჰქცეოდა მას.

1992 წლის აპრილში პრეზიდენტთან გროზნოში ჩავედით. რეზიდენციაში მისვლისთანავე თვალში მეცა უწესრიგობა და დაცვის სამსახურის გულგრილობა. არავის უკითხავს, - ვინ ხართ, ან რა გინდათო. პრეზიდენტის დაცვის უფროსი რობინზონ მარგველანი დიდ დროს სამეგრელოში ატარებდა. ზვიადს საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე ვესაუბრე, პრეზიდენტი აშკარად ვაკუუმში იყო მოქცეული. ამ შეხვედრაზე დაცვის სამსახურის შექმნის აუცილებლობაზეც ვისაუბრეთ, თუმცა პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვასა და ჩვენ შორის სიტუაცია უფრო რომ არ გამწვავებულიყო, შევთავაზე: ჩამოყალიბდეს დაცვის სამსახური და მისი სტრუქტურები, გადამზადდეს არსებული შემადგენლობა და დაემატოს საჭირო სპეციალობის პირები, ყველამ გაიაროს სამედიცინო შემოწმება, მომზადდეს მათი ანკეტური მონაცემები, ხელი მოეწეროს ფიცს და ა.შ. ამაზე პირველმა რობინზონ მარგველანმა თქვა უარი, მას ბაჩუკი გვანცელაძე აჰყვა, გასაკვირი კი ის იყო, რომ ჩვენს წინადადებას მხარი არც მანანა არჩვაძემ დაუჭირა(?!).

1992 წლის 24 ივნისს დაუმორჩილებლობის კომიტეტის მიერ თბილისში ტელევიზიის აღებამ დასავლეთ საქართველო ძალიან გაახარა. ხალხი ქუჩაში იყო გამოსული და ზეიმობდა. საყოველთაო დღესასწაული იყო სოხუმშიც. ზუგდიდში ჩამოვედი დაუმორჩილებლობის კომიტეტის შეკრებაზე. მთელი ქალაქი ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავდა. ისეთი განწყობა იყო, თითქოს კანონიერი ხელისუფლება აღდგა (ტელევიზია სამთავრობო ჯარების ალყაში რომ იყო, ჯერ არ ვიცოდით). კომიტეტის შეკრებაზე ერთმა თქვა, - გალის "მხედრიონს" თავს დავესხით, იარაღი წავართვით და წამოვიღეთო. ცუდად მენიშნა, რადგან მსგავსი რამ შეიძლება ზუგდიდშიც დაწყებულიყო. საჭირო იყო მკაცრი კონტროლი. ვიცოდი, რომ მარტვილში ჩვენი სამხედრო ჯგუფი იდგა და იქით გავეშურე, რათა ზუგდიდში ჩამომეყვანა. 25 ივნისს მათ წალენჯიხისკენ წასვლა ვთხოვე. უკან წამოსვლისას სოფელ ნოქალაქევთან "მხედრიონის" ჯავშანტექნიკას გადავაწყდი. მანქანა წაგვართვეს და გინებით წაგვიყვანეს.

ხიდი აფეთქებული დაგვხვდა (ჩემს ბიჭებს აუფეთქებიათ გადასვლის შემდეგ). უკან რომ მოვბრუნდით, დავინახეთ, სატვირთო მანქანა იყო ჩახერგილი და მხედრიონელები ჩხრეკდნენ. ამ დროს კიდევ ერთი მანქანა მოგვადგა, ისინიც დაატყვევეს. მხედრიონელებში გიგა გელაშვილი ამოვიცანი. იმ მანქანაში "მუხა" იპოვეს და შიგ მსხდომნი მაგრად სცემეს, თან ეკითხებოდნენ, - ვინ ხართო. ყაჩაღებიო, - პასუხობდნენ (სამეგრელოში გავრცელებული იყო აზრი, თითქოს "მხედრიონი" ყაჩაღებს არ ერჩოდა). გიგა გელაშვილმა ერთ-ერთს კონდახი უთავაზა, - ყაჩაღები თუ ხართ, "მუხა" რად გინდათ, როდის იყო, ყაჩაღები "მუხით" დადიოდნენო. გზაში ჩემი მეგობარი გიგას "ნივას" შეჰპირდა. ჩამოგვიყვანეს სენაკში. მოედანზე თავშეყრილ ხალხს ჰკითხეს ჩვენზე - ამათ იცნობთო? ყველამ მხრები აიჩეჩა. გამოგვიშვეს. 5 დღეში "ნივას" მოგვიყვანთო, - შეგვახსენეს. სამი დღის შემდეგ გელაშვილს ხობში შევხვდით. ჩემმა მეგობარმა უთხრა, - რა დაიჩემეთ ეს "ნივა", "ჟიგული" რომ გიყიდოთო? კარგიო, - დაგვეთანხმა გელაშვილი. სამ დღეში მოგიყვანთ-მეთქი. თან მაინტერესებდა გამეგო, ამ დროს "მხედრიონი" სად იქნებოდა. გიგა გელაშვილს  ერთი კაცი ახლდა. - გიგა, სამ დღეში ხომ წალენჯიხაში ვიქნებითო, - წამოსცდა მას. ასე გავიგეთ, სად იქნებოდა "მხედრიონი", მათზე თავდასხმა ხალხმრავალ ადგილას არ გვინდოდა, რომ არ გახმაურებულიყო ან მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ ყოფილიყო. დატყვევებულების გამოსახსნელად 600.000 მანეთი გადავიხადეთ.  ფული თბილისში ჩამოიტანეს და მოსკოვის პროსპექტზე, პოლიციის შენობაში მიიტანეს.

"მხედრიონზე" თავდასხმის ჩემეული გეგმა ასეთი იყო: წალენჯიხაში მასზე იერიში მხოლოდ 10 დღის შემდეგ უნდა მიგვეტანა, რადგან რაც დიდხანს დარჩებოდა იქ "მხედრიონი", ადგილობრივი მოსახლეობა მეტად შეწუხდებოდა და ჩვენი თავდასხმაც გამართლებული იქნებოდა. მთავარი სამიზნე ჯაბა იოსელიანი უნდა ყოფილიყო. მისი მოკვლის შემდეგ დანარჩენებს შინ დაბრუნების შესაძლებლობას მივცემდით. გარდა ამისა, უნდა გადაკეტილიყო მიმდებარე გზები, რათა "მხედრიონს" დამხმარე ძალა არ მიშველებოდა; თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

"მხედრიონი" წალენჯიხაში ინტერნატის შენობაში იდგა. 100 კაცზე მეტი იქნებოდა. მესამე დღეს დავესხით თავს. ოპერაციაში მონაწილეობდა წალენჯიხის ოცეული, სოხუმის, ზუგდიდის ბატალიონების წევრები და ეროვნული გვარდიის ერთი ჯგუფი, სულ 70 კაცამდე. როდესაც წალენჯიხაში სროლა ატყდა, ჩვენმა მებრძოლებმა გზებზე პოსტები მიატოვეს, ამის გამო "მხედრიონის" დამხმარე ძალას გზაზე წინააღმდეგობა არავინ გაუწია. ეს ამბავი რომ გავიგე, ზუგდიდიდან წალენჯიხაში წავედი. ეკლესიასთან დაჭრილებით სავსე მანქანა შემხვდა. ზოგი დაჭრილი ჩემს მანქანაში გადმოვაწვინე და ზუგდიდში ჩამოვიყვანე, უკან მიბრუნებულმა სოფელ კორცხელთან გადაბრუნებული ჯავშანმანქანა დავინახე. თურმე მოსახვევში მხედრიონელებს მანქანა გადაყირავებოდათ.

წალენჯიხის ოპერაცია წარუმატებელი გამოდგა, "მხედრიონს" ქუთაისის "მხედრიონი" მიეშველა. ჯაბა იოსელიანიც დაგვისხლტა ხელიდან...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)