ფრონტის ხაზი - კვირის პალიტრა

ფრონტის ხაზი

(გაგრძელება. დასაწყისი "კვირის პალიტრა" #16)

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას რწმუნებული ოთარ უბილავა მკითხველს სამოქალაქო და აფხაზეთის ომების უცნობ დეტალებზე მოუთხრობს:

- 1992 წლის 11 აგვისტოს დარჩელში შევიკრიბეთ. ყველა სამხედრო მეთაური იქ იყო. ამბავი მოიტანეს, - ზუგდიდში სამთავრობო დელეგაცია ჩამოდისო. ინფორმაცია ოთარ ფაცაციასგან  მოდიოდა, თუმცა, არ ვიცოდით დელეგაციის შემადგენლობა. გალის ბატალიონის ათეულს დელეგაციის წევრების აყვანა და ჯიხაშკარში წაყვანა დავავალე (იმ დროისთვის ახალ ხელისუფლებას უამრავი ჩვენი მხარდამჭერი ჰყავდა ციხეში გამომწყვდეული და ვიფიქრეთ, მათში გავცვლიდით). დავალებაზე მიმავალი ათეული გზად ყველას უყვებოდა, რისთვის მიდიოდა. მთავრობის წევრები (რომან გვენცაძე, დავით ხაზალია, მამია ალასანია, დავით სალარიძე და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი)  გრიშა ქობალიას სახლში აიყვანეს, მათ დატყვევებას საველე მეთაური გოჩა ბახია შეესწრო, ამიტომ მისი ბრძანებით, მძევლები დათქმულ ადგილას კი არა, გალში გადაიყვანეს.

სწორედ იმ ღამეს შეახვედრეს გვენცაძე ალექსანდრე ანქვაბს, რომელმაც შევარდნაძეს აცნობა, - შენი მინისტრი დატყვევებული ჰყავთო. 13 აგვისტოს გვენცაძე სენაკში შვეულმფრენში ჩავსვით და თბილისში გამოვუშვით, მამია ალასანია და სხვები მანამდე გავათავისუფლეთ. მძევლებად მხოლოდ დავით ხაზალია და დათო სალარიძე დავიტოვეთ - ამათ მაინც გავცვლით ჩვენებშიო. ჩავაბარეთ წალენჯიხის დაჯგუფების მეთაურს. ვუბრძანეთ, ტყვეებს გაფრთხილებოდა და არაფერი მოეკლო. გამოსახსნელად მათ "კანონიერი ქურდები" დაეძებდნენ. დავით ხაზალია რაჭის პრეფექტ გოჩა ბიჭაშვილზე გავცვალეთ, სალარიძე კი  ლოთის ხელშეწყობით გააპარეს.

1992 წლის 13 აგვისტოს კელასურში ჩავედი - ჩემმა მეგობარმა ავთო ჟვანიამ (ჩვენი დამფინანსებელი იყო) შემატყობინა, გროზნოდან დოკუმენტები მოვიდა და ზუგდიდში უნდა ჩაიტანოო, ძირითადად სამხედრო რუკები, ზემოდან გადაღებული სურათები და გვარდიის ჯარისკაცების სამადლობელი წერილი იყო პრეზიდენტისგან. 14 აგვისტოს, დილით, სოხუმიდან ზუგდიდში წასვლა გადავწყვიტე. ქუჩაში ტრაილერს გადავაწყდი, საიდანაც ჯავშანმანქანა ჩამოჰყავდათ: აფხაზები ასე სახალხოდ ტექნიკას არ გამოიყვანდნენ. მცირე მანძილის გავლის შემდეგ კვლავ შევნიშნე მუხლუხიანი მანქანებით დატვირთული ტრაილერები. ირგვლივ უამრავი ხალხი ირეოდა. ტექნიკა ქართული გვარდიისა აღმოჩნდა. ვიკითხე, რა ხდება-მეთქი. ყველამ მხრები აიჩეჩა, მხოლოდ ის გავიგე, რომ კელასურის ხიდი ბორის კაკუბავას ხალხს გადაეკეტა. შესაძლოა, ხიდზე ვინმეს ვეცნე, მაგრამ მაინც გავრისკე... იქ ისეთი ქაოსი იყო, შეუმჩნევლად გავიარე. გულრიფშში დილის 10 საათზე შევედი.

მოაგარაკეები სანაპიროსკენ გარბოდნენ. მოულოდნელად შვეულმფრენებმა სანაპიროს თავზე დაიწყეს ტრიალი. დაბნეულმა ხალხმა არ იცოდა, რა ხდებოდა. ამგვარივე სიტუაცია იყო ბაბუშერის აეროპორტში - მის თავზე რამდენიმე თვითმფრინავი ტრიალებდა, ტამიშთან გადავუხვიეთ და აფხაზური სოფლები გავიარეთ. ხალხი ჩვეულებისამებრ ეზოებში ფუსფუსებდა, სიწყნარე იყო ოჩამჩIირეშიც. გალის გზაზე სამთავრობო ჯარის კოლონა შეგვხვდა. როგორც იქნა, ზუგდიდში ჩავაღწიეთ და მხოლოდ იქ გავიგეთ, რომ აფხაზეთში ომი დაიწყო. ზუგდიდშიც სიწყნარე იყო, ვინ გადაუდგებოდა წინ აფხაზეთში მიმავალ რამდენიმე ათას შეიარაღებულ პირს. მეტიც, ბევრი ჩვენი თანამებრძოლი, არც უკითხავთ ისე, სამთავრობო ჯარს გაჰყვა აფხაზეთში.

ადრე გროზნოში აფხაზეთის გავლით დავდიოდით, ომის დაწყების შემდეგ გროზნოში გადასვლა გაჭირდა და ამის გამო ზვიადთან კავშირი კარგა ხანს აღარ გვქონდა. 1992 წლის ოქტომბრის დასაწყისში (გაგრის დაცემის შემდეგ) ჩვენთან მოსალაპარაკებლად გოგა ხაინდრავა ჩამოვიდა, სახელმწიფო მინისტრის რანგში. მას ძმები გოგიებიც ახლდნენ. სოფელ ოდიშში დროებითი შტაბი გვქონდა. მოლაპარაკებას ლოთი ქობალია, ზაურ ქობალია და თითქმის ყველა საველე მეთაური ესწრებოდა. ხაინდრავამ აფხაზეთში დახმარება გვთხოვა. შევთანხმდით, რომ წინადადებას ჯერ პრეზიდენტთან შევათანხმებდით. ხაინდრავა დაიმედებული წავიდა სოხუმში. გვინდოდა, აფხაზეთში ზუგდიდში მდგარი სოხუმის ბატალიონი გაგვეშვა, რადგან მისი მებრძოლები კარგად იცნობდნენ იქაურობას. პრეზიდენტს დავუკავშირდით. გვითხრა, - თქვენ გადაწყვიტეთ, ოღონდ ხალხს გაუფრთხილდით, პატრონი ჰყავდეთო. სამ დღეში სოხუმის ბატალიონი სრულად დავაკომპლექტეთ (300 მებრძოლი), აღვჭურვეთ (ავთო ჟვანიამ მოსკოვში 150 კაცს სრული ამუნიცია შეუძინა) და სოხუმში გავუშვით. ნაწილი გოგა ხაინდრავას გამოგზავნილი შვეულმფრენებით გადავიყვანეთ, ნაწილი - ტრანსპორტით. სოხუმის ბატალიონი (მეთაური სოსო ჯომიდავა) პრეზიდენტთან იყო ანგარიშვალდებული, თუმცა ჰქონდა მითითება, სამთავრობო ჯარებთან კავშირი არ გაეწყვიტა და საერთო გეგმით ემოქმედა.

მოგვიანებით ბატალიონს კიდევ 70 მოხალისე გავუგზავნეთ. სოხუმის უშიშროების უფროსმა კეშელავამ მათ უთხრა, - თქვენ ზვიადისტები ხართ, ამიტომ 10 ავტომატზე მეტს ვერ მოგცემთო. დაახლოებით ერთ კვირაში კვლავ გავგზავნეთ ხალხი სოხუმის ბატალიონში, თუმცა იარაღი არც მაშინ მიუციათ და უკან გამოაბრუნეს. ასე დააბრუნეს უკან ე.წ. სპორტსმენთა ასეული მაქაცარიას მეთაურობით.

ნოემბერში სოხუმში ჩავედით. გოგა ხაინდრავა სტალინის აგარაკზე იყო დაბინავებული, იქვე ცხოვრობდნენ ჯაბა იოსელიანი და აფხაზეთის უშიშროების უფროსი ავთანდილ იოსელიანიც. მე და ლოთი მას ვესაუბრეთ, საღამოს გოგამ გვკითხა, - რა გეგმები გაქვთო. ვუთხარით, რომ ნათესავების მონახულება გვინდოდა, ღამესაც იქ გავათევდით. ხაინდრავამ, - მანქანა ჩემთან დატოვეთ, უსაფრთხოდ იქნებაო. უარი ვუთხარით. მეორე დილით გოგას სახლთან ხალხი ირეოდა, ხაინდრავა მანქანასთან იდგა და ილანძღებოდა. ვკითხე, რა მოხდა-მეთქი. ღამით ბენზინი მომპარესო. გამეცინა, - შენ თუ საწვავი მოგპარეს, ჩემს მანქანას რაღას უზამდნენ-მეთქი.

ზუგდიდში დაბრუნებას ვაპირებდით. გოგა ხაინდრავამ მითხრა, - მეც თქვენთან ერთად წამოვალო. თან მოგვიყვა, - ახალციხიდან ასეული მოდის რამდენიმე ქვემეხით და ჯავშანტექნიკით, გალში გააჩერეს, აღარ უშვებენო. გვთხოვა, დავხმარებოდით.

გოგას ბაბუშერის აეროპორტში შვეულმფრენი უცდიდა. აეროპორტში სამხედროები ირეოდნენ, გაღიზიანებულები ჩანდნენ.

ის იყო, გოგა უნდა ამოსულიყო შვეულმფრენში, რომ ვიღაცამ დაუყვირა, - სად გარბიხარ, ომიდან გარბიხარო?

სიტუაცია დაიძაბა. ბოლოს, როგორც იქნა, გოგა შვეულმფრენში ამოვიდა. ჯგუფი არ იშლებოდა...

ბოლოს გამწარებულმა ხაინდრავამ - მე თუ გავრბივარ, მაშინ შენც ჩემთან ერთად წამოდიო - სწვდა ერთ-ერთს და სალონში ამოათრია.

სანამ შვეულმფრენი აფრინდებოდა, გვეგონა, ცეცხლს გაგვიხსნიდნენ, თუმცა მშვიდობიანად ავფრინდით, დაახლოებით 10 წუთში ცეცხლი უკვე აფხაზებმა გაგვიხსნეს. ძლივს გავაღწიეთ. გალში სტადიონზე დავეშვით და მანქანით მივედით სოფელ რეჩხთან, სადაც ახალციხის ასეულის მებრძოლები იდგნენ. ყველაფერი წაგვართვესო, - სულს ძლივს იბრუნებდა მათი მეთაური.

ხაინდრავა ნერვიულობდა, - ფრონტს ხალხი და ტექნიკა სჭირდებაო.

ლოთი ქობალია სადღაც წავიდა და ნახევარ საათში მობრუნდა, თან წართმეული ტექნიკა მოიტანა და ახალციხელებს უთხრა, - წადით ახლა ფრონტზეო.

გოგამ მადლობა გადაგვიხადა და სოხუმში გაფრინდა, ასეულმა კი გზა განაგრძო. მოგვიანებით ტრისტან წითელაშვილი ავიყვანეთ ტყვედ. მას ახალციხის ასეულის ბედი ვკითხეთ. სოხუმამდე ვერ ჩამოაღწიეს. გზა არ იცოდნენ, აფხაზებს გადაეყარნენ და ჩახოცესო, - გვითხრა...

ასეთი შემთხვევა ბევრი იყო.

როდესაც დავით ზეიკიძე, მილიციის ქვედანაყოფთან ერთად, აფხაზეთში მიდიოდა, ზუგდიდის ქუჩებში ყველას დედას აგინებდა. გალში მეგზური არ აიყვანა, ოჩამჩირესთან, სოფელ მერკულასთან, გზა აერია და ტყვარჩელისკენ წავიდა, იქ აფხაზები დახვდნენ და სულ ამოუწყვიტეს ბიჭები. მხოლოდ ზეიკიძე და რამდენიმე კაცი გადარჩა ცოცხალი. მოგვიანებით, 1993 წლის ივნისში, როდესაც თავად წავედი საომრად, ჩვენს დაჯგუფებას ბედიის მიმართულებით ეკავა  ფრონტის ხაზი. მართAალია, დამოუკიდებლად ვმოქმედებდით, მაგრამ მუდმივი კავშირი გვქონდა მეზობლად განლაგებულ 23-ე ბრიგადის მებრძოლებთან. გარდა ამისა, რადგან არტილერია არ გვყავდა, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინატებს არტილერიის უფროსს, ნაურ ჯიქიას ვაწვდიდით.

ერთ დღეს ჩემთან მოვიდა დათო შენგელია და მითხრა, - ხალხი დაქანცული მყავს. ორი-სამი თვეა, პოზიციებზე დგანან, დასვენება სჭირდებათ, მაგრამ პოზიციებს  დაუცველს ვერ დავტოვებ და იქნებ 35 კაცი დამახმაროო. აფხაზების გადაადგილების შესახებ დაზვერვის მონაცემები არ გვქონდა, ამიტომ შენგელიას 35 კაცს ვერ გავატანდი, რადგან ჩასაფრების რისკი დიდი იყო. უარი ვუთხარი.

ჩემ შემდეგ დათო თენგიზ კიტოვანთან მივიდა და დახმარება სთხოვა. თენგიზმა გააყოლა 35-კაციანი ჯგუფი.

აფხაზებს, როგორც წესი, ქართულ პოზიციებზე არაფერი გამოეპარებოდათ, დაინახეს, რომ იქ ახალი ხალხი იდგა. ერთ დღესაც თავზე წამოადგნენ და სულ ამოჟუჟეს...

ეს ამბავი რომ გავიგეთ, თავზარი დაგვეცა. გადავწყვიტეთ, დახოცილთა ცხედრები აფხაზებისთვის გამოგვერთმია. დაიწყო მოლაპარაკება აფხაზებთან. გუჯუჯი ებრალიძე და ვახტანგ ზარანდია ეხვეწებოდნენ აფხაზებს, ცხედრები გადმოეცათ. როგორც იქნა, დაითანხმეს. ბედიაში ჩამოვიდნენ თამაზ გველესიანი (ვაჭრობის მინისტრი ზვიადის დროს) და ჯანრი კაშია. 16 კუბო ჩამოიტანეს. რა თქმა უნდა, ყველას არ ეყოფოდა. წავედით დაღუპული მებრძოლების გადმოსასვენებლად. თითოეული მათგანი რაღაცაში იყო გახვეული, თუმცა მათ შორის ერთი მებრძოლი ძვირად ღირებულ კუბოში ესვენა. გაგვიკვირდა - ამ ბიჭმა, დასახვრეტად რომ მოგვყავდა, ზურგი არ შეგვაქცია - პირდაპირ მესროლეთო. ასეთ კაცს კუბო  ნამდვილად ეკუთვნისო, - გვითხრეს აფხაზებმა.

თუმცა, სანამ ფრონტზე წასვლას გადავწყვეტდით, აფხაზებთან მოლაპარაკება ვცადეთ. 1993 წლის აპრილში, როდესაც უკვე ცხადი გახდა, რომ აფხაზეთში სიტუაცია უფრო გამწვავდებოდა, ზვიად გამსახურდიამ განიზრახა, საომარი მოქმედებების შეწყვეტის მიზნით, აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებები დაეწყო. მე, როგორც მის რწმუნებულს, დამევალა მაღალი დონის შეხვედრის ორგანიზება. 26 აპრილს ჩავედი სოჭში და დავუკავშირდი არძინბას ნდობით აღჭურვილ პირს, სოკრატ ჯინჯოლიას. შეხვედრისას მითხრა, რომ გროზნოში წასასვლელად ემზადებიან, ან სერგეი შამბა წავა, ან მეო. თან დაამატა, - ყოველთვის შენთან შეხვედრას ვერ მოვახერხებ, ამიტომ მეკავშირეები იქნებიან გივი ხაჯბა და გული ფილიაო. მოვილაპარაკეთ. სასტუმროში რომ დავბრუნდი, მოვისმინე საქართველოს პარლამენტის განცხადება აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპირებულ ტერიტორიად გამოცხადების შესახებ. იმავე საღამოს დავურეკე პრეზიდენტს. მისი რეზიდენციის ნომერი არ პასუხობდა.

ვერ დავუკავშირდი მერაბ კიკნაძესაც. მომდევნო დღეებში ტელეფონს ლელე არჩვაძე პასუხობდა. რა თქმა უნდა, მასთან ამ თემაზე არ ვილაპარაკებდი.  როდესაც ჩემი წარმომადგენლები გროზნოში ჩავიდნენ, პრეზიდენტს ყველაფერი მოახსენეს. ზვიადმა, - მოლაპარაკება აუცილებლად უნდა გაიმართოსო. ჩვენ აფხაზებს ვთხოვდით, შეხვედრები სოჭში კი არა, გუდაუთაში შემდგარიყო, თუმცა პასუხს თავს არიდებდნენ.

1993 წლის 3 მაისს დამიკავშირდნენ სერგეი შამბა, გივი ხაჯბა და არძინბას თAავდაცვის მინისტრის მოადგილე ლაგვილავა. კვლავ დაგვარწმუნეს, რომ გროზნოში აპირებდნენ წასვლას, თუმცა მივხვდი, რომ ეს ტყუილი იყო და ისინი ყველაფერს რუსებს უთანხმებდნენ, არაფერზე პასუხს არ იძლეოდნენ, დროს ითხოვდნენ - რამდენიმე დღეს. სავარაუდოდ, ეს დრო რუსებს გადაწყვეტილების მისაღებად სჭირდებოდათ.

ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომავალი შეხვედრა არა გუდაუთაში, არამედ გაგრაში შედგებოდა.

6 მაისს, ნაშუადღევს, აფხაზები შეგვხვდნენ ლესელიძეში და გაგრაში წამოგვიყვანეს. ჩვენი ნახვით მაინცდამაინც გახარებულები არ დარჩენილან, თუმცა კი გვიმასპინძლეს... შეხვედრა გაგრაში, სასტუმროში შედგა. აფხაზებთან ერთად იყო სამი უცნობი პირი, რომლებიც აფხაზებს არც ჰგავდნენ, სავარაუდოდ, რუსები უნდა ყოფილიყვნენ...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)