სამხედრო "აღლუმი" - კვირის პალიტრა

სამხედრო "აღლუმი"

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #16,17)

ზვიად გამსახურდიას რწმუნებული საქართველოში, ოთარ უბილავა განაგრძობს აფხაზეთისა და სამოქალაქო ომის უცნობ დეტალებზე თხრობას.

- 1993 წლის 5 მაისს გაგრაში აფხაზურ მხარესთან შეხვედრა შედგა. მოლაპარაკებას მე, ლოთი ქობალია, რომეო კუჭუხიძე, ლონგი ფარცვანია და მამუკა გვაზავა ვესწრებოდით (ჯემალ გამახარიაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ აფხაზებმა უარი გვითხრეს, - ეგ შევარდნაძის აგენტიაო). გვინდოდა, აფხაზებს მიემართათ ქართველი ხალხისთვის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რასაც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება დაეთანხმებოდა. აფხაზებმა შემოგვთავაზეს, შეგვექმნა 15-კაციანი საკოორდინაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შევიდოდნენ ორივე მხარისთვის ავტორიტეტული არაპოლიტიკოსები. აფხაზები სამთავრობო ჯარების გაყვანას ითხოვდნენ და გვთავაზობდნენ ადგილობრივი მოსახლეობისგან რაზმების შედგენას, რომლებიც ერთგვარ პოლიციურ ფუნქციას შეასრულებდნენ. ადგილობრივ ქართველთა რაზმები აფხაზურ სოფლებში ჩადგებოდნენ, აფხაზებისა კი ქართულ სოფლებში. ამასთან, აფხაზები მოითხოვდნენ, რომ ე.წ. ქართულ-აფხაზურ პოლიციურ რაზმებში არ ყოფილიყვნენ საომარი მოქმედებების მონაწილე მებრძოლები. შეხვედრის პირველი დღე ნაყოფიერი იყო, მეორე, მესამე დღეს აფხაზებმა ყველა წინადადება უარყვეს.

გვისაყვედურეს კიდეც, - თქვენი გაგრაში ყოფნის შესახებ ირაკლი ბათიაშვილმა უკვე იცისო. გარდა ამისა, აფხაზები აღშფოთებას ვერ მალავდნენ, - ყველამ იცის, სამშვიდობო მოლაპარაკებას რომ ვმართავთ, ქართული ძალები კი ჩვენს პოზიციებს ბომბავენო. ზურაბ აჩბამ მაშინ მითხრა, - შევარდნაძეს გადაეცი, დღეს თუ ხვალ, ისეთ იარაღს შემოვიტანთ, ქართველებს სიზმრად ნანახიც არ გექნებათო. თითქმის ბოლომდე მიყვანილი საქმე გაჩერდა (ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მანამდეც არსებობდა ე.წ. გუდაუთის პროტოკოლი, რომელსაც 1992 წლის ოქტომბერში აფხაზეთის მხარიდან არძინბას პარლამენტის დეპუტატებმა, იჩქერიიდან - მათე ციხესაშვილმა და ზელიმხან იანდარბიევმა, ხოლო საქართველოდან - გიორგი ჭყონდიდელის საზოგადოების წევრებმა მოაწერეს ხელი. კავკასიის ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელმა შანიბოვმა დოკუმენტზე ხელის მოწერაზე უარი თქვა. როგორც მერე გავიგეთ, ეფ-ეს-ბეს დირექტივის საფუძველზე). მომდევნო დღეებში აფხაზებისგან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე პასუხი არ მიგვიღია. გაგრა დავტოვეთ, თუმცა, ზვიადის თხოვნით, მე სოჭში დავრჩი - იქნებ რამე მომეფიქრებინა. აფხაზები მოლაპარაკებებზე ხშირად გვეკითხებოდნენ, - რა ძალას ფლობს კანონიერი ხელისუფლება, რა დამოკიდებულება გაქვთ კიტოვანთან, რას იზამს "მხედრიონი", თუ ხელისუფლებაში ისევ მოხვალთო და ა.შ.

ადლერში "აიდგილარას" ხელმძღვანელობას შევხვდი. აფხაზები ითხოვდნენ, რომ ოჩამჩირეში აფხაზი ეთნოსის დაცვაზე გვეზრუნა, სუფრაზე ჭანბამ ("აიდგილარას" თავმჯდომარე) თქვა, - ზვიადი ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო, აფხაზეთში ომი არ დაიწყებოდაო. მოულოდნელად სოკრატ ჯინჯოლიამ შეაწყვეტინა, - არ იქნებოდა ომი, არ იქნებოდა გამარჯვებაცო. ეს მაშინ ცუდად მენიშნა... მოლაპარაკებების გაგრძელებაზე გუდაუთიდან პასუხს ველოდი, ამიტომ ადლერში კარგა ხანს დავრჩი. ერთ დღეს, სეირნობისას, რუს გენერალ-ლეიტენანტს გადავაწყდი - აფხაზი ხარო? - მკითხა, თავი დავუქნიე. გენერალმა მოულოდნელად ლანძღვა დამიწყო, - ცუდები ხართ აფხაზები, სამჯერ ჩამოვედი ურალიდან თქვენს მეომრებთან საკონსულტაციოდ, ფულის გადახდა კი არ გინდათო. იმ საღამოსვე პრეზიდენტისთვის გასაგზავნ პატაკში დავწერე, - აფხაზებს კონსულტანტებად რუსი გენერლები ჰყავთ, ყარყარაშვილმა მათ ომი როგორ უნდა მოუგოს-მეთქი.

რუსეთს ხელს არ აძლევდა აფხაზეთში სწრაფი გამარჯვება, რადგან მთელი მსოფლიო დაინახავდა, თუ ვინ იდგა ამ კონფლიქტის უკან. ამიტომ ომი უნდა გაჭიანურებულიყო, დაღუპულიყო უამრავი აფხაზი, რათა ქართველ-აფხაზთა შორის ხიდი სამუდამოდ ჩატეხილიყო, მერე კი რუსებს ჩაგრულთა დახმარება დაეწყოთ.

რა თქმა უნდა, ეს კომერციული თვალსაზრისითაც მომგებიანი იყო. ორივე მხარე მაშინ რუსეთისგან ყიდულობდა იარაღს. აფხაზები მთელ ევროპაში ფულს აგროვებდნენ რუსი  ჯარისკაცების დასაქირავებლად. აფხაზეთში ყველა ოჯახი ვალდებული იყო, ერთი მეომარი მაინც გაეშვა ფრონტზე, თუ  მამაკაცი არ ჰყავდა, მაშინ ერთი მეომარი დროებითი საცხოვრებლით, ტანსაცმლითა და სანოვაგით უნდა უზრუნველეყო... 1993 წლის გაზაფხულიდან შავწყალას ხეობაში მიწვეული სამხედრო კონსულტანტები აფხაზებს სოხუმის ასაღებად ამზადებდნენ. ომი 1993 წლის ზამთრის დადგომამდე უნდა დამთავრებულიყო. მას საქართველო აუცილებლად წააგებდა. ეს შევარდნაძესაც უთხრეს და მიანიშნეს, თუ საქართველოში გამსახურდია დაბრუნდება (რუსული გეგმის მიხედვით, ეს სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა მომხდარიყო), წაგებულ ომზე პასუხისმგებლობას შევარდნაძე თავიდან აირიდებდა; ამიტომ როდესაც ჰკითხეს, პრეზიდენტი ჩამოვიდეს თუ არაო, რა თქმა უნდაო, - უპასუხა.

სოჭიდან მაისის ბოლოს დავბრუნდი. აფხაზებთან მოლაპარაკება უკვე შეუძლებელი იყო. ზუგდიდში სოხუმის ბატალიონის მეთაური სოსო ჯომიდავა დამხვდა, კიტოვანთან მიდიოდა მოსალაპარაკებლად, რაღაც უიმედო სამხედრო გეგმა აქვს, მაგრამ მაინც წავალ, იქნებ რამე გამოვიდესო, - მითხრა. 25 მაისს, საღამოს, მითხრეს, - ხვალ, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ლოთი სამხედრო აღლუმის ჩატარებას აპირებსო. გამიკვირდა, - ამ გაგანია ომში რა დროს აღლუმი იყო!..

26 მაისს ზუგდიდში სამხედრო აღლუმი მაინც ჩატარდა, ძალიან სასაცილო სანახავი იყო სულ რაღაც 300-კაციანი ეროვნული გვარდია, თითოეულმა მებრძოლმა მოედანზე 4-5-ჯერ ჩაიარა სხვადასხვა ტანსაცმლით, რათა“მტერს ეფიქრა, ეროვნულ გვარდიაში რამდენიმე ათასი მეომარიაო. გამოაგორეს სახელდახელოდ გადაღებილი რაკეტა (10 წლის წინ უვარგისი რაკეტები რუსებმა ანაკლიაში გადაყარეს, შემდეგ ერთი დაჟანგული ჩვენებმა წამოიღეს. ერთ ოფიცერს ანახეს, მან ხელები გაასავსავა, - ამ რაკეტას არაფერი ეშველებაო), ვითომდა გამსახურდიას გვარდია კარგად შეიარაღებულიაო. ამ რაკეტის დანახვაზე პროფესიონალ სამხედროებს სიცილი აუვარდათ. აღლუმის ჩატარებას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა, - გროზნოში მყოფი პრეზიდენტი დაერწმუნებინათ მისი გვარდიის მრავალრიცხოვნობასა და შეიარაღებაში. აღლუმმა უარყოფითი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში - მაშინ როცა ომში ჩვენს მეომრებს ტყვია-წამალი არა აქვთ, გამსახურდიას მომხრეები რაკეტებს დააგორებენ ზუგდიდის ქუჩებში და არ გვეხმარებიანო.

რადგან აფხაზებთან მოლაპარაკება უიმედო იყო, ივნისში ფრონტზე წავედით, ჩვენი პოზიციები ბედიასთან იყო. კიტოვანი ლოთის სამხედრო ტექნიკას დაჰპირდა, - 20000 ავტომატიდან ნახევარს შენ მოგცემო. ეს რომ ზუგდიდში გაიგეს, კიტოვანის ლანძღვას თავი გაანებეს, - ერთხელ მაინც აკეთებს კარგ საქმესო, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ 5 რაცია ჩამოგვივიდა. ფრონტის ხაზზე ჩვენი ძალების შენახვა ძალიან გვიჭირდა, არ გვქონდა ტყვია-წამალი.

ფულის საშოვნელად მოსკოვში გურამ აბსანძესთან ჩავედი - მას ფონდი "სამეგრელო" ჰქონდა დაარსებული და იმედი გვქონდა, ვინმე დაგვეხმარებოდა, მაგრამ ამაოდ. ისე გაგვიჭირდა, რომ დაჭრილებისთვის მედიკამენტებიც არ გვქონდა და ადგილობრივ მოსახლეობაში დავეძებდით წამლებს. შუა ივნისში გურამ ლაკია (გერმანიაში ნამსახურები პოლკოვნიკი) გამოვიდა ციხიდან და ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსად დაინიშნა. სამხედროებს ძალიან უჭირდათ უმართავ სიტუაციაში ყოფნა - იყო შემთხვევები, როდესაც შტაბის უფროსის კაბინეტში არ უშვებდნენ. 1993 წლის 3 ივლისს ჩვენმა დაჯგუფებამ პოზიციები ცაგერასთან დაიკავა. გზაში ეროვნული გვარდიის მეომრები გვხვდებოდნენ, რომლებიც პოზიციებს ტოვებდნენ. ერთი ნაწილი გავაჩერეთ. სად მიდიხართ-მეთქი. დაჭრილი მიგვყავსო, - მიპასუხეს.

დაჭრილის სახელი და გვარი ვიკითხე. არავინ იცოდა. ბოლოს, რომელიღაცამ დაიძახა, "კლიჩკა" ვიციო (მებრძოლებმა ხშირად ერთმანეთის გვარ-სახელიც არ იცოდნენ, ამიტომ დაღუპულებს, როგორც უცნობ ჯარისკაცებს, ისე მარხავდნენ). ერთ დაჭრილს ოცი კაცი მიჰყვებოდა. სიტუაცია მართლაც უმართავი იყო, ერთხანს ბრძანებაც კი გამოვეცი საბრძოლო პოზიციების თვითნებურად დატოვების აკრძალვის შესახებ, მაგრამ არ გაამართლა.

ივლისის  დასაწყისში  ზუგდიდში  შტაბში ვიყავით შეკრებაზე. მოულოდნელად ტელეფონის ზარი გაისმა. ლოთიმ უპასუხა და შემდეგ ყურმილი გურამ ლაკიას გადასცა. შევარდნაძე რეკავდა. გვთხოვდა, აფხაზეთში მიმავალი "მხედრიონი" გაგვეტარებინა. გადავწყვიტეთ, ჯაბა იოსელიანს  ხობში დავხვედროდით და გალის საზღვრამდე მიგვეცილებინა. ყველა გადასახვევში გუშაგები დავაყენეთ, რათა სხვაგან არ გადაეხვიათ. შევარდნაძე შტაბში რეკავდა ხოლმე და გვთხოვდა, ჯარი გაგვეტარებინა. როცა ვეკითხებოდით, რამდენი კაციაო, ვატყობდი, რომ თავადაც არ იცოდა, ეს "ჯარი" კი ხშირ შემთხვევაში 15-20 კაცი იყო.

1993 წლის 9 ივლისს ზუგდიდში უზენაესი საბჭოს სესია ჩატარდა. როგორც მერე მითხრეს, სესიის დაწყებამდე რამდენიმე დეპუტატი ზვიადის ჩამოსვლის წინააღმდეგი ყოფილა. ლოთი მთელი სესიის განმავლობაში ყვიროდა, - თქვენ ხმა მიეცით და მისი უსაფრთხობა ჩვენი საქმეაო. ამ სიტყვების შემდეგ პრეზიდენტის ჩამოსვლის გადაწყვეტილება ტაშის გრიალით მიიღეს. მოგვიანებით დელეგაცია გროზნოში წავიდა. მე არ წამიყვანეს. კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ზვიადის დაბრუნებისა, რადგან ვერც ერთი  ჩვენი დაჯგუფება, თუნდაც სამთავრობო ძალებთან ერთად, ზვიადის უსაფრთხოებას ვერ დაიცავდა. ამ თემაზე პრეზიდენტს ჯოჰარ დუდაევიც ელაპარაკა. როცა სოხუმი შეიძლება დაეცეს, აქ ვერ გავჩერდებიო, - უთქვამს ზვიადს, - მკვდარი პრეზიდენტი მერქვას, მირჩევნია, ვიდრე მოღალატეო. ჯოჰარ დუდაევმა ზვიადს საკუთარი დაცვა შესთავაზა, მან უარი უთხრა.

1993 წლის 24 სექტემბერს ზვიადი ზუგდიდში დაბრუნდა. 20 სექტემბრიდან  სამხედრო ნაწილებმა აფხაზეთის დატოვება დაიწყეს. ზუგდიდში ჩამოსული მეომრები გულგატეხილი იყვნენ და შევარდნაძის ხელისუფლებას უღრენდნენ. ზვიადს ეუბნებოდნენ, - ხომ ხედავ, აფხაზეთის გამო ერი გამწარებულია და ხელისუფლების აღდგენა ახლა უფრო იოლი იქნებაო.

26 სექტემბერს პრეზიდენტი გალში გადავიდა. კოდორის ხიდამდე მისვლა და მებრძოლების გამხნევება უნდოდა. გზად ოჩამჩირეში, სამხედრო შტაბის წინ გავჩერდით. ოფიცერმა ზვიად გამსახურდია რომ დაინახა, უცებ გამოვარდა და გაიქცა. იქვე, ქუჩის გადაღმა, ნოდარ ნათაძე და კაკო ასათიანი დავინახეთ. გაოცებული იყვნენ. პრეზიდენტს, მისივე თხოვნით, სამხედრო ფორმა ეცვა. შტაბში მხედრიონელი ვაშაკიძე დაგვხვდა. ზვიადი რომ დაინახა, გაშრა. მასთან ერთად  პოლკოვნიკი ვინმე ტაბიძე იმყოფებოდა. პრეზიდენტი მათ მიესალმა და გადაკოცნა... ზოგიერთი სამხედრო ზვიადის დანახვაზე ცუდად გახდა. პრეზიდენტი შტაბის წინ შეკრებილებს გაესაუბრა, - დროა, ერთად დავდგეთ და გაერთიანებული ძალებით ვიბრძოლოთ. თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით, გაერთიანებული ფრონტის ხელმძღვანელად გურამ ლაკიას ვნიშნავო. უარი არავის უთქვამს. პრეზიდენტის მხარდამჭერი ყველა მებრძოლი იქ იყო, შემდეგ გზა კოდორის ხიდისკენ განვაგრძეთ. ახალდაბასთან აფხაზებმა კოლონას ცეცხლი გაუხსნეს. იძულებული გავხდით, უკან მოვბრუნებულიყავით. აფხაზები ოჩამჩირემდე მთელი გზა დამიზნებით გვბომბავდნენ. ძლივს გადავრჩით. ოჩამჩირე, რომელიც სულ რაღაც ერთი საათის წინ დავტოვეთ, თითქმის ცარიელი დაგვხვდა. პოლიციის შენობის წინ ჯავშანმანქანა იწვოდა. ის პოლკოვნიკი ტაბიძე კი შტაბთან ეგდო მკვდარი, არც ერთი სამხედრო იქ აღარ ჭაჭანებდა.

ყველა სადღაც გაქცეულიყო. საღამოს პრეზიდენტს გალში ჰქონდა შეხვედრა. ზუგდიდში რომ დავბრუნდით, კიტოვანი დაგვიკავშირდა, - ბიჭებთან ერთად ჩავრჩი. დახმარება მჭირდება, სოხუმს რომ მივეშველოო. ადგილიც გვითხრა. სასწრაფოდ ჯგუფი გავუშვით დასახმარებლად, მაგრამ ვერ მოძებნეს. თურმე  სოხუმში დარჩენილი მებრძოლების მისაშველებლად კი არა, სოფელ ფახულანიდან გალის ზედა ზონაში გადასულა, იქიდან - ენგურზე, შემდეგ კი სვანეთისკენ გაუგრძელებია გზა. ტანკები გაფუჭებიათ და იქვე დაუტოვებიათ, რომლებიც ბიჭებმა ჩამოიყვანეს. პრეზიდენტის დავალებით, 26 სექტემბერს ტრაილერები გავუშვით სოფელ ახალდაბაში (კოდორის ხიდთან) მოსახლეობის გამოსაყვანად, თუმცა მეორედ წასვლა ვეღარ მოახერხეს. ჯერ სოხუმი ისევ ჩვენი იყო. ჯარმა გამოსვლა რომ დაიწყო, მოდიოდნენ და ნაძარცვი მოჰქონდათ. ერთი მანქანა გავაჩერეთ. ჯარისკაცებს ყანწები ვუპოვეთ, გურიიდან იყვნენ. ერთ ყანწზე მოხუცი კაცის სურათი იყო დახატული, ეტყობა, იუბილეზე აჩუქეს. ყანწები გურიაში არ იშოვება, აქედან რომ არ წაიღოთ-მეთქი?

აფხაზები როდესაც გალში შემოვიდნენ, სოფლების ძარცვა-გლეჯით მიიწევდნენ წინ. მათი მსხვერპლი უფრო ცენტრალურ ტრასასთან მცხოვრებნი იყვნენ, ისინი ვერ ასწრებდნენ გამოსვლას. აფხაზები იქვე ხვრეტდნენ.

ზვიად გამსახურდიას საგანგებო ბრძანებით შეიქმნა საბჭო, რომელსაც დევნილების თავშესაფრით და საკვებით უზრუნველყოფაზე უნდა ეზრუნა. მაშინ ყველა ჩვენი თანამოაზრე ფიქრობდა, რომ შევარდნაძის დამარცხება აფხაზეთის დაბრუნებას ნიშნავდა. ბევრი მებრძოლი, რომელიც ადრე სამთავრობო ნაწილებში იბრძოდა, აფხაზეთის დაკარგვის გამო ჩვენი მხარდამჭერი გახდა. ამიტომ დღის წესრიგში დადგა შევარდნაძის დამხობის საკითხი...

(გაგრძელება იქნება)