ბალტინის ულტიმატუმი - კვირის პალიტრა

ბალტინის ულტიმატუმი

(გაგრძელება. დასაწყისი "კვირის პალიტრის" #16-18)

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საგანგებო რწმუნებული, სამხედრო საბჭოს წევრი ოთარ უბილავა განაგრძობს თხრობას სამოქალაქო ომის უცნობ დეტალებზე.

- 1993 წლის ოქტომბრის დასაწყისში, აფხაზეთში წაგებული ომის გამო, ეროვნული გვარდიის ძალებს სამთავრობო ჯარების ასობით მეომარი მიემატა. ისინი ზუგდიდში დარჩნენ და შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენთან ერთად დაიწყეს. კანონიერი ხელისუფლება სამოქალაქო ომს არ აპირებდა. პრეზიდენტს კი სურდა, გაძლიერებული ძალების დემონსტრირებით შევარდნაძე იძულებული გაეხადა, დაეტოვებინა ხელისუფლება.

1993 წლის 3 ოქტომბერს ეროვნული გვარდიის შენაერთებმა ფოთი აიღეს. ქალაქის აღების ოპერაციას გურამ ლაკია ხელმძღვანელობდა. ჩვენს რიგებში იყო მსხვერპლი, სამთავრობო ჯარებმა უკან - წყალწმინდისკენ დაიხიეს და მერე სულ დაიფანტნენ (უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთის ომის შემდეგ შევარდნაძის სამხედრო შენაერთები დემობილიზებული იყვნენ და შეიარაღებულ ბრბოს ჰგავდნენ).

ფოთში აღვადგინეთ ადმინისტრაცია - პრეფექტად თენგიზ ბარამიძე დაინიშნა.

10 ოქტომბერს ფოთში უზენაესი საბჭოს დეპუტაცია და მთავრობის წევრები ჩამოვიდნენ...

წყალწმინდაზე შეტაკებისას სამთავრობო ძალებს ორი რუსი ჯარისკაცი დაეღუპათ. დავინტერესდი, როგორ მოხვდნენ ეს რუსი ჯარისკაცები მათ რიგებში-მეთქი და ფოთის სამხედრო კომისარს ვკითხე. პასუხი არც მას ჰქონდა. როდესაც ეს ამბავი პრეზიდენტს მოვახსენე, შეფიქრიანდა, - რუსებმა ხომ პირობა მოგვცეს, ნეიტრალურები ვიქნებითო (ამაში ზვიადს მისი ახლო გარემოცვა არწმუნებდა!). ეს ცუდად მენიშნა. მაშინ არ ვიცოდით, რომ შევარდნაძის ხელისუფლება ბალტინთან მოლაპარაკებას მართავდა.

იმ დროისთვის ფრონტის ხაზი ასე გამოიყურებოდა: მე, ჩემი სამხედრო შენაერთით, ვიდექი ფოთი-ჭალადიდის მიმართულებით, სამტრედიის მიმართულება კაკო ელიავას, ხოლო ხონი-ქუთაისის მიმართულება სოსო ჯომიდავას (სოხუმის ბატალიონი) ებარა.

სამხედრო შტაბის გადაწყვეტილებით,  19 ოქტომბრისთვის ეროვნული გვარდია თბილისზე წამოსასვლელად გენერალური შეტევისთვის ემზადებოდა. მწირი ფინანსების გამო ძალიან გვიჭირდა. გურამ აბსანძემ მითხრა, - ვიცნობ ერთ მილიონერს, თემურ ფიფიას, ეს კაცი მზად არის, რუსეთში გამოგვყვეს და იქაურ ბიზნესმენებთან გვიშუამდგომლოსო. დაგეგმილი შეტევა მოვიმიზეზე და რუსეთში წასვლაზე უარი ვუთხარი (მერე გავიგე, რომ ფიფია მარტო წასულა და, მგონი, აქეთ აღარც ჩამოსულა).

იმ დღეებში პრეზიდენტი მუდმივად ან სამხედრო შტაბში ტრიალებდა, ან ფრონტის ხაზზე იყო გასული. 13 ოქტომბერს,  საღამოს, ზვიადი სადღაც იყო წასული. შტაბში სამაჩაბლოდან დელეგაცია  გვეწვია, ისინი ფოთის ოპერაციის დროს დაკავებული 52 ჯარისკაცის გათავისუფლებას გვთხოვდნენ. როდესაც ეს პრეზიდენტმა გაიგო, გვითხრა, - იარაღი ჩამოართვით და გაუშვითო.

დაკავებულები, დელეგაციასთან ერთად, სენაკამდე მივაცილეთ (ფრონტის ხაზი მაშინ იქ გადიოდა) და გავუშვით.

1993 წლის 17 ოქტომბერს ეროვნულმა გვარდიამ ხონის მიმართულებით შეტევა დაიწყო (ფრონტის ამ მონაკვეთზე ჩვენს მებრძოლებს კიტოვანის ყოფილი გვარდიელები ჭარბობდნენ). ორ დღეში ეროვნულმა გვარდიამ სამტრედია-ხონი დაიკავა, თუმცა ჩვენი ჯარები სამი დღე წინ აღარ წასულან და სამტრედიაში საეჭვოდ გაჩერდნენ. იქ ჩასულ პრეზიდენტს თურმე უკვირდა, - რატომ არ მიიწევენ წინ, მაშინ როცა ქუთაისი სრულიად დაუცველიაო.

სამტრედიაში ლოთი ქობალიასთან თბილისიდან გურამ მამულია ჩავიდა და დაარწმუნა, რომ თუ ეროვნული გვარდია თბილისისკენ დაიძვრებოდა, მას რიკოთის უღელტეხილზე ჩასაფრებულები ამოჟუჟავდნენ. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, ფაქტობრივად, მამულიამ მოამზადა შევარდნაძის და ლოთი ქობალიას შეხვედრა ფოთში (ამ შეხვედრის შესახებ არაფერი ვიცოდით, მხოლოდ ლოთის დაკავების შემდეგ გავიგეთ მისი ჩვენებიდან).

როდესაც ჩვენმა ჯარისკაცებმა დაინახეს, რომ სამთავრობო ძალებმა უკან დაიხიეს, დაიწყეს თვითნებობა. სოსო ჟღენტმა ყოველგვარი ბრძანების გარეშე შეუტია ლანჩხუთის მიმართულებით. საღამოს უკვე ვანს მიუახლოვდა. ასევე დაწყებული იყო შეტევა ოზურგეთის მიმართულებით. ჩვენს ძალებს წინააღმდეგობა არსად შეხვედრიათ, რაც ასევე ცუდად გვენიშნა.

ასეთი თვითნებობის გამო ფრონტის ხაზი აირია. სწორედ მაშინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსები სამხედრო ოპერაციისთვის ემზადებოდნენ. თეკლათის თავზე ჩვენმა მებრძოლებმა CY-25 ჩამოაგდეს. პილოტი კატაპულტირებისას წყალში ჩავარდა. ჩვენებმა დაატყვევეს და ჩემთან მოიყვანეს. გვარად შინგაზრდილოვი ყოფილა. მფრინავმა გვითხრა, - სუკილაშვილიც დაფრინავს და ორი დღეა, თქვენს პოზიციებს ის ბომბავს. ჩვენი ორი თვითმფრინავის გარდა, შევარდნაძეს სამი კიდევ ჰყავს, ამ ესკადრილიას კი ხალხის დასაბომბად იზან ცინცაძე ამზადებსო. შინგაზრდილოვმა ისიც გვითხრა, 31-ე ქარხნის აეროდრომზე 10 თვითმფრინავი დგას, მაგრამ არ გვაძლევენო.

როგორც კი ასლან აბაშიძემ გაიგო, ზვიადისტებმა თვითმფრინავი ჩამოაგდესო, შეშინდა, აჭარაში არ შემოვიდნენო და რუსებს დახმარება სთხოვა.

19 ოქტომბერს გენერალური შეტევა ჩაიშალა. აშკარა იყო, დაპირისპირება სამთავრობო ჯარებთან კი არა, რუსებთან მოგვიწევდა. იმავე დღეს მივიღეთ ინფორმაცია, რომ ხონიდან რუსული ტანკები მდინარე ცხენისწყალს მიუყვებოდნენ სამტრედიის მიმართულებით.

კავშირზე გასვლა ვცადე. რუსი მაიორი გამომეხმაურა. სად მიდიხართ-მეთქი, - ვკითხე. ოჯახები გადაგვყავს ბათუმშიო, - მიპასუხა. მერე, სოფლებს რომ მიუყვებით, ტრასაზე რატომ არ გამოდიხართ-მეთქი, ჩავეძიე. ასფალტი არ გვინდა გაგიფუჭოთო, - მიპასუხა სარკაზმით.

ამასობაში, იძულებული გავხდით,  სამტრედია დაგვეტოვებინა. შევარდნაძემ მარტვილის მიმართულებით ავიაცია გამოიყენა. მართალია, ქალაქი არ დაუბომბავთ, მაგრამ ისეთ დაბალ სიმაღლეზე გადაიფრინეს, რომ მოსახლეობა თავქუდმოგლეჯილი გარბოდა.

ეროვნული გვარდიის ნაწილებმა მარტვილიდანაც დაიხიეს.

პრეზიდენტთან თათბირის შემდეგ გადაწყდა, რუსებს შევწინააღმდეგებოდით, თუმცა ბალტინთან მოლაპარაკების შესახებ კვლავ არაფერი ვიცოდით. ეს ღამე უნდა მომხდარიყო, რადგან მოწინააღმდეგე ღამით გადაადგილებას ერიდებოდა. ჩვენ კარგი საარტილერიო დანადგარი გვქონდა, რომელიც სოხუმიდან გამოვიტანეთ. 8 ქვემეხიდან 7 მუშაობდა. საარტილერიო დანადგარი ჭალადიდში გავაჩერეთ და მალთაყვის მიმართულებით, ზუსტი დამიზნებით ცეცხლი გავხსენით (წინასწარ ვიცოდით, რომ იქ სამთავრობო ნაწილები კი არა, რუსები იდგნენ). რუსებმა უკან დაიხიეს. მათი სამხედრო ტექნიკაც ხელში ჩავიგდეთ. სამწუხაროდ, როდესაც სენაკის მიმართულებით დაგვჭირდა საარტილერიო დანადგარი, ვეღარ გამოვიყენეთ, რადგან ვიღაცამ ხიდი აგვიფეთქა და მისი გადატანა ვეღარ შევძელით.

20 ოქტომბერს პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ასლან აბაშიძე დევნილებს აჭარაში არ უშვებდა. ეს კიდევ არაფერია, შეიძლება სროლაც  კი აუტეხოს, თუ რუსი უბრძანებსო, - მიპასუხა ზვიადმა.

21-22 ოქტომბერს ფოთის აკვატორიაში შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემები გამოჩნდა. შევარდნაძე ბალტინს დიდი ფულის გარდა, ფოთის სამხედრო ინფრასტრუქტურასაც სთავაზობდა... როგორც მერე მითხრეს, ბალტინის წარმომადგენელი   გამსახურდიას ფოთის კომენდანტურაში შეხვედრია და ადმირალის ულტიმატუმი გადაუცია: ბალტინი ზვიადს ფოთისა და მთლიანად სამეგრელოს დატოვებას სთხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცეცხლის გახსნით იმუქრებოდა.

24 ოქტომბერს გავიგეთ, რომ საქართველო დსთ-ში შევიდა. ბალტინის ხომალდები, რომლებიც მანამდე ორი დღე უქმად იდგნენ, შემოტრიალდნენ და საბრძოლო პოზიცია დაიკავეს.

ქალაქი აფორიაქდა. ფოთს მოადგა ბალტინის ორი სადესანტო და ერთი პატარა ხომალდი,  მოშორებით, ზღვის სიღრმეში, კიდევ რამდენიმე ხომალდი იდგა.

ქალაქში ორი ტანკი გვყავდა, მართალია, დაზიანებული და ამის გამო გადაადგილებას ვერ ახერხებდა, მაგრამ სროლა შეეძლო. გადავწყვიტეთ, თუ დესანტს გადმოსხამდნენ, გვესროლა. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, რუსები საპასუხოდ ცეცხლს ხომალდებიდან გახსნიდნენ და ქალაქს მიწასთან გაასწორებდნენ.

საველე მეთაურმა ბადრი ზარანდიამ ერთი ტანკი მოულოდნელად წყალში ჩააგდო. ეს რომ ადგილობრივებმა დაინახეს, პანიკამ იმატა, მოსახლეობასთან ერთად ქალაქიდან  ჯარიც გარბოდა. დაიწყო ყაჩაღობა.

25 ოქტომბერს ფოთი დავტოვეთ.

26 ოქტომბერს კავშირი გაწყდა ფრონტის ყველა პოზიციაზე. სასწრაფოდ წავედი პრეზიდენტთან, რომელიც იმ დროს რუხში იყო. მას თან ბესო გუგუშვილი ახლდა. თათბირზე ვმსჯელობდით, შექმნილ სიტუაციაში შეიძლებოდა თუ არა კვლავ გვეფიქრა ომის გაგრძელებაზე მარტვილის, ფოთისა და ხონის მიმართულებით. ჩემი წინადადება ასეთი იყო: საყოველთაო ფრონტის ნაცვლად აგვერჩია პარტიზანული მეთოდები, რათა არ მიგვეცა მოწინააღმდეგისთვის უპირატესობის გამოყენების საშუალება. სამწუხაროდ, ჩემს წინადადებას მაშინ მხარი არ დაუჭირეს და ისევ გაშლილ ფრონტზე ბრძოლა არჩიეს. ეს მაშინ, როცა რუსების რაოდენობასა და მათ საომარ გეგმაზე არაფერი ვიცოდით.

ღამე, თათბირიდან გამოსვლის შემდეგ, გავიგე, რომ აფხაზებთან მიდიოდა მოლაპარაკებები ჩეჩნებისა და უკრაინელების ორასკაციანი დაჯგუფების შემოსაყვანად. ამ საკითხის გამო ლოთი ქობალია მერაბ ქიშმარიას და სოსლანბეკ სოსნალიევს შეხვედრია.

უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის გარეშე ეს არ მოხდებოდა (სამხედროებს, მათ შორის ლოთის, არაფერს დაეკითხებოდნენ).

27 ოქტომბერს, 15 საათზე ზუგდიდში სამხედრო დაჯგუფება გამოჩნდა, რომელიც ჩეჩენი, აფხაზი და უკრაინელი მეომრებისგან შედგებოდა. ისინი ცოტა ხნით ავტოსადგურის ტერიტორიაზე გაჩერდნენ. ზოგიერთი ტაშით და ავტომატის სროლით შეხვდა მათ.

სამხედრო დაჯგუფებაში შედიოდა: 4 ჯავშანმანქანა, 3 ბე-ემ-პე, 2 ტანკი წარწერით - "აფსნი", 10 სატვირთო მანქანა და მეომრებით სავსე 1 ავტობუსი, 10 გადასატანი საზენიტო კომპლექსი, 2 ერ-პე-გე-9, 2 ასმილიმეტრიანი ნაღმმტყორცნი, 4 საზენიტო ქვემეხი.

ჩეჩნურ-აფხაზური დაჯგუფების გამოჩენამ მოსახლეობა აღაშფოთა, უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ აფხაზეთში ნაომარი  ჯარისკაცებიც.

აფხაზური”დახმარება გარდატეხას ვერ შეიტანდა ომის მსვლელობაში, თუმცა მშვენივრად გამოდგებოდა პრეზიდენტის და კანონიერი ხელისუფლების კომპრომეტირებისთვის.

ეს დაჯგუფება რომ დავინახე ზუგდიდში, ცუდად გავხდი. მაშინვე გავიფიქრე, ვინ უნდა გააკონტროლოს ეს დაუპატიჟებელი სტუმრები, რომლებიც თავიდანვე მეტისმეტად გამომწვევად იქცევიან-მეთქი. სამხედრო დაჯგუფებამ გაიარა ზუგდიდი და ხობისკენ გააგრძელა გზა. ცაიშში გაჩერდნენ.

იმავე დღეს უკრაინელების 5-კაციანი ჯგუფი ჩემთან შემოვიდა კაბინეტში. მთვრალები იყვნენ. ერთი მეუბნება, - გინდა, გაჩვენო, როგორი სროლა ვიციო და ავტომატის ჯერი დაახალა ჭერს. კიდევ კარგი, ზემოთ არავინ იყო. შემდეგ წავიდნენ სენაკში. გზაზე ჩასაფრებას გადაეყარნენ და მხოლოდ ის დაბრუნდა ცოცხალი, ვინც ჩემთან ისროლა. დაღუპული უკრაინელები იქვე დავასაფლავეთ.

სასწრაფოდ გადავწყვიტე პრეზიდენტთან მისვლა. თუმცა ზვიადი ზუგდიდში აღარ იყო, აფხაზეთში გადასულიყო - ილორში. ეს ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. დღემდე ვერ ამიხსნია, ვინ დაიყოლია პრეზიდენტი ასეთ ნაბიჯზე. ვფიქრობ, ზვიადის აფხაზეთში გადაყვანა დაგეგმილი იყო, რათა პრეზიდენტს ხელი მოეწერა იმ დოკუმენტზე, რომელიც აფხაზებმა 5 ნოემბერს, გვიან ღამით დაუდეს.

5 ნოემბერს, ნაშუადღევს, მე და დეპუტატი გია მამფორია ილორში ჩავედით პრეზიდენტის მოსანახულებლად. მაშინ ზვიადი და მისი თანმხლებნი ტუჟბების ოჯახში იყვნენ დაბინავებული. პრეზიდენტმა და მე  დაახლოებით ერთი საათი ვისაუბრეთ.  ზვიადმა მითხრა, - შენი წინადადება, პარტიზანული ომის თაობაზე, ჩემთვის მისაღებია, პარტიზანული ომი ვაწარმოოთ და მსოფლიოს დავანახოთ, რომ ჩვენ რუსები გვებრძვიან. თუ ორი-სამი ტანკის აფეთქებას მოვახერხებთ, თვალსაჩინოებისთვის გამოგვადგებაო.

პრეზიდენტს თანხმობა ვუთხარი და ზუგდიდში დავბრუნდი.

6 ნოემბერს ზუგდიდში "მხედრიონი" შევიდა...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)