"სტრელა" შევარდნაძისთვის - კვირის პალიტრა

"სტრელა" შევარდნაძისთვის

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" ##16-19)

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საგანგებო რწმუნებული, სამხედრო საბჭოს წევრი ოთარ უბილავა განაგრძობს თხრობას სამოქალაქო ომის უცნობ დეტალებზე.

1993 წლის 6 ნოემბერს, დილის 5 საათზე გავიგე, რომ "მხედრიონი" ზუგდიდისკენ მოიწევდა. ეროვნული გვარდია ამაოდ ცდილობდა შეწინააღმდეგებას. გადავწყვიტე, ზუგდიდის შტაბში არსებული დოკუმენტაცია და არქივი საიმედო ადგილას გადამენახა და სოფელ ფახულანისკენ გავემართე. დაბა ჯვართან, ფახულანი-მესტიის გზის გასაყარზე, გვარდიელები შემხვდნენ (იქ პოსტი ჰქონდათ და არც იცოდნენ, რა ხდებოდა ზუგდიდის მისადგომებთან). მითხრეს, - ორი დღის წინ ნემო ბურჭულაძე უცნობ პირებთან ერთად მესტიისკენ მიდიოდაო. გავიფიქრე, პრეზიდენტიც ნემოსთან ერთად ხომ არ იყო-მეთქი, თუმცა გვარდიელებისთვის არაფერი მიკითხავს. ფახულანში დოკუმენტაცია ერთი ჩვენი მებრძოლის სახლში საგულდაგულოდ გადავმალე და სხვა მანქანით, სოფლების გავლით (ტრასაზე სიარული უკვე საშიში იყო), ენგურის ხიდისკენ გავემართე. როგორც ადრე ვთქვი, ილორში პრეზიდენტმა მთხოვა, რამდენიმე რუსული ტანკი ავაფეთქოთ, რათა ყველამ დაინახოს, რომ რუსები გვებრძვიანო.

ენგურის ხიდთან, წყალსაქაჩის სადგურში, მეკავშირეს უნდა დავლოდებოდი, რომელსაც გალიდან 3-4 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი უნდა გადმოეტანა, მთელი დღე ვიცადე. ენგურის ხიდზე დიდი ალიაქოთი იყო, ხალხი გალში გადასვლას ცდილობდა, აფხაზები კი არ უშვებდნენ. მეკავშირე არ გამოჩენილა... ნაშუადღევს ზუგდიდში ფეხით დაბრუნება გადავწყვიტე. რუხის ციხესთან ჩემ წინ მანქანა გაჩერდა, შიგ გურამ ლაკია და მისი ცოლ-შვილი ისხდნენ, სასწრაფოდ ჩაჯექიო, - მანიშნეს. უკან მეორე მანქანა მოგვადგა, რომელშიც ლოთი ქობალია იჯდა. მაშინ გავიგე, რომ ზუგდიდში "მხედრიონი" შემოსულიყო. ლოთიმ გაგვასწრო და ენგურის ხიდზე პირველი გავიდა. აფხაზებმა ნაღმებდამაგრებული ფიცარი გადააჩოჩეს, გაგვატარეს და მერე ისევ გადაკეტეს ხიდი. რამდენიმე წუთის შემდეგ აფხაზებმა ჩვენი ჯავშანმანქანაც გამოატარეს, მაგრამ როგორც კი ეს მანქანა ყოფილი "გაის" პოსტზე გაჩერდა, აფხაზები დაესივნენ, შიგ ჩაძვრნენ და იარაღი ამოიღეს. იმავე ადგილას ლოთიმ მანამდე გადმოსული ჩვენი ორმოცამდე თანამებრძოლი ორ მწკრივად მოაწყო და გამოუცხადა, - ახლა ცოტა ხნით შევისვენებთ და შემდეგ პარტიზანულ ომს გავაჩაღებთო. ვიფიქრე, ალბათ ეს პრეზიდენტის დავალებაა-მეთქი, თუმცა დავეჭვდი - როგორ უნდა მოგვეხერხებინა აფხაზეთიდან პარტიზანული ბრძოლა, როცა არც ერთ”პარტიზანს იარაღი არ ჰქონდა (აფხაზებმა ჩამოართვეს გადმოსვლისას).

მოულოდნელად ზღვის თავზე ორი ცყ-25 გამოჩნდა. აფხაზებმა მათ დანახვაზე საჰაერო განგაში გამოაცხადეს. სავარაუდოდ, ეს თვითმფრინავები ჩვენ მოგვყვებოდნენ. აფხაზებს არ უსვრიათ, რადგან ისინი ზღვის ნაპირას დაფრინავდნენ, შემდეგ კი ანაკლიაში გაბრუნდნენ.

ბინდდებოდა, როცა ჩვენთან ერთი აფხაზი მოვიდა - დაურ კირთაძე, ცნობილი ყაჩაღი, მკერდზე ჰქონდა წარწერა: "მოვკალი 35 ქართველი". მას დიდი ხანია ვიცნობდი. როგორ ხარ, სად მიდიხართო, - გვკითხა. როცა გაიგო, შინ ვაპირებდი წასვლას, მითხრა, - სახლში ვერ დაგპატიჟებთ, ილორში წაგიყვანთო. ილორში რა ხდებოდა, არ ვიცოდი. კირთაძეს კიდევ ერთი ნაცნობი აფხაზი ახლდა და იმას ფახულანში წაყვანა ვთხოვე - მინდოდა, იქიდან ზუგდიდში დავბრუნებულიყავი. დამთანხმდა. საბერიოს ხიდთან დავინახე, ქართველების სახლებს ცეცხლი ეკიდა, ისმოდა აფეთქების ხმაც.

სახლებს ცეცხლს სომხები უკიდებდნენ (აფხაზები და ჩეჩნები სახელებს მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებზე შურის საძიებლად წვავდნენ, სომხები კი განურჩევლად ყველა ქართველის სახლს ანადგურებდნენ). ჩემმა ნაცნობმა აფხაზმა მითხრა, - ვერ გაგიშვებთ, შეიძლება ყაჩაღები დაგესხნენ თავსო. უკან გავბრუნდით. უკვე ღამე იყო, როცა ყველა ერთად ილორში მიგვიყვანეს. აფხაზებს  ტუჟბებთან მიყვანა ვთხოვეთ - იქ პრეზიდენტი გვეგულებოდა. სახლს რომ მივუახლოვდით, საეჭვოდ ჩაბნელებული მეჩვენა. უკანა კარით შევედი ეზოში. იქ მასპინძელი დამხვდა და მითხრა, - აქ არ შემოხვიდეთ, ქართველები სხვაგან არიანო და მისამართიც მიმასწავლა, ჩვენები ივანე თარბას (ცნობილი პოეტი) დის სახლში უნდა ყოფილიყვნენ. მივხვდი, რომ პრეზიდენტი აქ არ იყო, მაგრამ სად იყო, არავინ იცოდა. თარბას სახლის ეზოში 5-6 მანქანა იდგა და დაახლოებით 20-მდე კაცი ირეოდა, დავინახე ლოთი ქობალიას ცოლ-შვილიც. დაურ კირთაძეს ვკითხე, - სად არის პრეზიდენტი-მეთქი. მხრები აიჩეჩა, - ჩრდილოეთისკენ წავიდაო (რუსეთისკენ). იმ დროს არავინ ვიცოდით, სად იყო ზვიად გამსახურდია, აზრადაც არ მოგვსვლია, რომ მას წალენჯიხაში წაიყვანდნენ. ლოთის მანქანა სავსე იყო სასმელ-საჭმლით და, როგორც გვიან გავიგე, ფულით - მთელი შემოდგომა ენგურზე დიდი რაოდენობით ჩაი გადიოდა. ლოთიმ გვარდიის პოსტი გახსნა და ყველას ფულს ახდევინებდა. ტომრებით აგროვებდნენ ფულს ჩაის გადამზიდავები, რამდენჯერმე თავად გავყევი მათ, ფული რომ არ გამოერთმიათ. ლოთის რომ დიდი ფული გადაჰქონდა, თავად აფხაზებმა გაახმაურეს. ერთ-ერთ გაზეთში ლოთი ქობალიას მადლობაც კი გადაუხადეს - მისი ფული ბევრ რამეში გამოგვადგაო (აფხაზებმა ლოთის ფულის მხოლოდ ნახევარი ჩამოართვეს).

7 ნოემბერს ილორში რადიოს ვუსმენდით. გადმოსცემდნენ - ზუგდიდში ხოცვა-ჟლეტაა გაჩაღებულიო. ჩვენი გვარდიელი ბულია შეუპყრიათ სამთავრობო ძალებს. აძალებდნენ, - ზვიადს შეაგინეო. ტყვემ იუარა და... დახვრიტეს. ზუგდიდიდან გამოსვლა კიდევ რამდენიმე კაცმა მოახერხა და შემოგვიერთდა. მტკიცედ გადავწყვიტე ზუგდიდში დაბრუნება. ერთი გვარდიელი გავიყოლე ოჩამჩირეში - ვითომ სიგარეტის საყიდლად. ქალაქი ცარიელი იყო. პორტის მისადგომებთან რუსებს სანგრები გაეთხარათ და იქ იყვნენ ჩასაფრებული. მინდოდა ვინმე მენახა, ვინც ბარჟით ან რამე სხვა საშუალებით ბათუმამდე ჩამიყვანდა, სამწუხაროდ, ორი დღის განმავლობაში ასეთი ვერავინ ვნახე.

8 ნოემბერს ილორში მოვიდა დაურ კირთაძე, თან რუსლან ქიშმარია მოიყვანა. თუკი რამე სამხედრო ტანსაცმელი გვქონდა, წაგვართვეს, იარაღიც გააყოლეს. მე არ გავუჩხრეკივარ, რადგან სამხედრო ფორმა არ მეცვა, თუმცა ჩემი "ბერეტა" თავად გადავეცი ქიშმარიას. რუსლანმა გვითხრა, - დაცვას დაგიტოვებთო და  დაურ კირთაძე და პიტკინ ზუთხბა დატოვა. პრეზიდენტის შესახებ ქიშმარიასაც ვკითხე. ჩრდილოეთისკენ წავიდაო, - მომიჭრა. ილორში ყოფნის დროს საჭმელი არ გვყოფნიდა. რუსლანის ძმამ, მერაბ ქიშმარიამ, მოგვაკითხა და დაგვპირდა, ღორს მოგიყვანთ, სუფთა ღორია, მიცვალებულები არ უჭამია. თუ გინდათ, პირველ ლუკმას მე გავსინჯავო (სოფლებში უამრავი მიცვალებული ეყარა ქუჩებში და მათ ძაღლები და ღორები ჭამდნენ). ღორი მართლაც მოგვიყვანა და დანაპირებიც შეასრულა. შემდეგ კაცი გაგზავნა და საიდანღაც 20-ლიტრიანი ჭაჭა მოატანინა. ილორის ეკლესიაში წასვლა გადავწყვიტეთ. მერაბმა არ გვირჩია, - აფხაზებს იქ სპეციალურად მიცვალებული ჰყავთ დატოვებული და ჩასაფრებული არიან, თუ ვინმე მის მოსაკითხად მივა, უნდა დახოცონ და გაუგებრობის მსხვერპლი არ გახდეთო.

დაურ კირთაძემ მთხოვა, - რუსლან ქიშმარიას იარაღი რომ მიეცი, ისეთი კიდევ ხომ არ გაქვსო. სოხუმში მაქვს მიბარებული, თუ ფსოუზე გადაგვიყვან, იმ ორ იარაღს გაჩუქებ-მეთქი. შევთანხმდით. სანამ მე ილორში ვიყავი, კირთაძემ კაცი გაგზავნა სოხუმში. ეტყობა, ფიქრობდა, რომ ვატყუებდი. როდესაც იარაღი ჩამოუტანეს, სიხარულით წაგვიყვანა ფსოუმდე მე და გურამ ლაკიას ოჯახი. საზღვარზე ქაოსი იყო, ერთი აფხაზი დაგვპირდა, - გადაგიყვანთო. ამასობაში ლოთი ქობალიაც მოგვადგა თავისი ოჯახით. რადგან მე არაფერი გადამქონდა, მთხოვეს, ყუთები გადაგვატანინეო, ის დიდი მუყაოს ყუთები თურმე ფულით იყო სავსე. უარი ვუთხარი, მხოლოდ ლოთის ფეხმძიმე რძალს წავაშველე ხელი. საზღვარზე აფხაზებმა პასპორტი მაჩვენეს, - ამ კაცს ხომ არ იცნობო. რა თქმა უნდა, ვიცანი - დეპუტატ გიგა მამფორიას პასპორტი იყო. მაშინ ვიფიქრე, - შეიძლება პრეზიდენტი მართლაც აქეთ წამოვიდა-მეთქი. აფხაზს ვუთხარი, - არ მეცნობა-მეთქი... სოჭში ორი დღე გავჩერდი, სანამ ჩემი ოჯახი ფულს გამომიგზავნიდა. შემდეგ მოსკოვში წავედი. ვერც იქ გავიგე რამე პრეზიდენტის შესახებ. ვცდილობდი, როგორმე დავკავშირებოდი ზვიადს. ერთი წერილი გროზნოში გავატანე სანდო კაცს, მეორე - ჩემს მეუღლესთან, ზუგდიდში.

ვწერდი, იქნებ რამენაირად ხმა მიაწვდინო ზვიადს, როგორ დავეხმარო-მეთქი. ჩემმა ცოლმა მთელი წალენჯიხა მოიარა, მაგრამ ამაოდ. 27 დეკემბერს ჯემალ გამახარიაც უნახავს. არც მას სცოდნია რამე. 1994 წლის 2 იანვარს გავიგე, რომ პრეზიდენტი მოუკლავთ, თუმცა რუსეთში ჭორი გავრცელდა, - ტყუილიაო. 10 დღე სრულ გაურკვევლობაში ვიყავი. ზვიადის სიკვდილი მაშინ ვირწმუნე, როდესაც 23 თებერვალს მოსკოვიდან გროზნოში ჩავედით დაკრძალვაზე. ჩვენი დელეგაცია 20 კაცისგან შედგებოდა. ჩვენ შორის იყო პრეზიდენტთან დაახლოებული მოძღვარიც. თვითმფრინავმა დაიგვიანა. ადგილს ვერ ვპოულობდით, არ გვინდოდა გამოსვენებაზე დაგვგვიანებოდა. ჩეჩენმა მგზავრებმა ნერვიულობა რომ შეგვატყვეს, გროზნოში ჩაფრენისთანავე მათ დასახვედრად მოსული ავტომანქანები დაგვითმეს - ის  მარტო თქვენი პრეზიდენტი კი არა, ჩვენიც იყოო, - გვითხრეს.

გროზნოს ქუჩებში იჩქერიისა და საქართველოს შავ ლენტშებმული დროშები დაეხარათ, გზა ვარდებით იყო მოფენილი (ჯოჰარ დუდაევმა შუა აზიაში ორი თვითმფრინავი გაგზავნა ყვავილების ჩამოსატანად, ორიც - საქართველოში ღვინისა და ხალხის წამოსაყვანად). ჩეჩნები განსაკუთრებულ პატივისცემას მოძღვრის მიმართ იჩენდნენ. სადაც ის გამოჩნდებოდა, ყველა ფეხზე დგებოდა. სამგლოვიარო პროცესიაზე  დაცვის წევრები ვერ დავინახე, არც გურამ აბსანძე და ტარიელ გელანტია ჩანდნენ. თქვეს, ქალბატონმა მანანა არჩვაძემ არ მიუშვაო. გურამ აბსანძე გროზნოში ცოტა ადრე ჩასულა და მანანასთან კონფლიქტიც მოსვლია, სამგლოვიარო პროცესია პროტოკოლის სრული დაცვით ჩატარდა. როდესაც ჯოჰარ დუდაევი სიტყვით გამოდიოდა, მას ქართულად ბატონი ვახტანგ ბოჭორიშვილი თარგმნიდა.

როდესაც პრეზიდენტი გამოასვენეს, ჩეჩნებმა უდიდესი პატივისცემის ნიშნად ზვიადი მათთვის ყველაზე წმინდა ადგილას გაატარეს (როდესაც ჩეჩნები 40-იან წლებში გადაასახლეს, ეშინოდათ, მათი მიცვალებულები არავის წაებილწა, ამიტომ საფლავის ქვები აიღეს და გადამალეს, როდესაც დაბრუნდნენ, ლოდები ერთად დააწყვეს და მუზეუმი შექმნეს - ათასობით საფლავის ლოდი დგას ერთ ადგილას). როდესაც სამგლოვიარო ზალპმა პრეზიდენტის საფლავთან დაიქუხა, ხეს ტოტები მოსწყდა და საფლავში ჩაიყარა...

ზვიადს ქელეხი სასტუმრო "კავკასიის" რესტორანში გადაუხადეს. 500-კაციანი სუფრა იყო გაშლილი, იჩქერიის მთავრობის წევრებისთვის - ცალკე. ჯოჰარ დუდაევი სუფრაზე არ გამოჩენილა. თქვეს, რაღაც არ მოეწონაო. როდესაც საქართველოდან ჩამოსულმა ქალბატონებმა სუფრაზე სიგარეტის მოწევა დაიწყეს, იჩქერიის მთავრობის წევრებმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს და სუფრა დატოვეს...

25 თებერვალს გროზნოში უზენაესი საბჭოს რიგგარეშე სესია გაიმართა.  როგორც გავიგე, სხდომას გურამ აბსანძეც ესწრებოდა, მანანა არჩვაძესთან კონფლიქტი აქაც მოუვიდა (მოგვიანებით ისინი შერიგდნენ. გურამმა მანანა ბავშვებთან ერთად მოსკოვში წაიყვანა და მათ საქართველოში დაბრუნებამდე ჰპატრონობდა). 26 თებერვალს მოსკოვში დავბრუნდით. დეპუტატების ნაწილი გურამმა წაიყვანა დიმიტროვოში, რიბნოეში, სადაც ბიზნესი ჰქონდა. შემდეგ კიდევ დაგვემატა ხალხი. ამის გამო ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღება მივიქციეთ. საქმე რომ არ გამწვავებულიყო, დავიშალეთ, ნაწილი ისევ გურამს აეკიდა ტვირთად, მე ვორონეჟში წავედი და ბიზნესი დავიწყე, თუმცა შევარდნაძის ხელისუფლებასთან ბრძოლის ჟინი არ გაგვნელებია.

1994 წლის შემოდგომაზე გადავწყვიტეთ, ჯაბა იოსელიანი, როგორც კი ზუგდიდში ჩავიდოდა, მოგვეკლა. იმ დროისთვის შევარდნაძეს იოსელიანი აღარ სჭირდებოდა, ამიტომ ხელს არ შეგვიშლიდა. საგანგებო დავალება მივეცით ჯგუფს, შესაბამისი საბუთი კი ბათუმში წამოიღო კურიერმა ამ ჯგუფის მეთაურისთვის გადასაცემად. შეხვედრა შედგა, თუმცა ჯგუფის მეთაურს საბუთის წაღება ზუგდიდში თავად დაეზარა და მეგობარ ქალს გაატანა, - სოფელში ჩაუტანე ბიჭებსო. ამ ქალმა ეს ამბავი მეორე მეგობარ მამაკაცს უამბო, იმან კი პოლიციას მიუჭიკჭიკა. მანამდე კი შემსრულებელთა ჯგუფის მეთაური ქობულეთში სუფრაზე ბაქიბუქობდა, - ჯაბა უნდა გავაგორო, ბრძანება მაქვსო. სწორედ იმ სუფრაზე დააკავეს ისიც და უდანაშაულო მეინახენიც. ეს ჯაბას ზუგდიდში ჩასვლის წინადღეს მოხდა.

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ შევარდნაძის მოკვლით შურს ვიძიებდი აფხაზეთის დაკარგვაზე და იქ დაღუპულებზე. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს ჩემი პირადი შურისძიება ყოფილიყო და დამოუკიდებლად დავიწყე მოქმედება. 1996-97 წლებში სმოლენსკიდან ფსკოვში სპირტი დამქონდა. იქ გავიცანი ერთი ჩეჩენი ბიზნესმენი, რომელიც იქვე, პიტალოვოში ცხოვრობდა. მან მითხრა, - ფსკოვის დივიზიაში მყავს მეგობარი, რომელიც რამდენიმე "სტრელას" გვიშოვისო. მე ორი ცალი მინდოდა. რადგან საქართველოში "სტრელას" ჩამოტანა ძალიან ძნელი იყო, გადავწყვიტე, შევარდნაძის თვითმფრინავი მინსკში ამეფეთქებინა - იმ დროისთვის იქ ხშირად დადიოდა. ფსკოვის დივიზიიდან ერთი "სტრელა" მართლაც მომიტანეს, თუმცა ბელორუსიაში გადატანა დროულად ვერ მოვახერხეთ და შევარდნაძეც გადარჩა.

მეორე მცდელობა 1997 წელს  დავგეგმე, - მისი თვითმფრინავი თბილისის თავზე უნდა აგვეფეთქებინა...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)