ჩაშლილი ტერაქტები - კვირის პალიტრა

ჩაშლილი ტერაქტები

(გაგრძელება. დასაწყისი "კვირის პალიტრა" ## 16-20)

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საგანგებო რწმუნებული, სამხედრო საბჭოს წევრი ოთარ უბილავა შევარდნაძის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტების უცნობ დეტალებზე მოგვითხრობს.

"დღეს ვფიქრობ, რომ ყველა ის საქმე, რომელსაც ზვიადის გარდაცვალების შემდეგ ვაკეთებდით, შეცდომა იყო, ამით  მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ვასხამდით წყალს, რადგან რუსეთს ყოველთვის უნდოდა, ისეთი ძალა ჰყოლოდა, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში კვანტს დაუდებდა საქართველოს ხელისუფლებას. არ შეიძლება, რომელიმე ადამიანის (შევარდნაძეს ვგულისხმობ) პირადი სიძულვილისა და შურისძიების სურვილს ქვეყანა ანაცვალო..."

ოთარ უბილავა

სანამ 1997 წელს თბილისის აეროპორტში შევარდნაძის აფეთქებას დავგეგმავდით, ჩემსა და ლოთი ქობალიას შორის ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა. ეს მისი დაკავების შემდეგ მოხდა... 1994 წელს ჩვენ, კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები (სამხედროებიც და პოლიტიკოსებიც), შევიკრიბეთ იმის გასაანალიზებლად, თუ რატომ ვერ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა, მართებული იყო თუ არა ხელისუფლების აღსადგენად სამხედრო მეთოდები, გვესაუბრა შეცდომებზე და დაგვედგინა, რას ვაპირებდით. პირველ შეხვედრაზე, სუზდალში, ვერაფერზე შევთანხმდით, მეორედ უკვე მოსკოვში შევიკრიბეთ. აIქაც არავინ ისურვა შეცდომებზე ლაპარაკი და არც გეგმებზე დაუძრავთ კრინტი. ლოთიმ ზუგდიდში წასვლა შემომთავაზა, - ოთარ ფაცაცია აეროპორტს აშენებს და თან გადაგვყვებაო. უარი ვუთხარი და დავპირდი, ჩემს აზრს, ჩვენი გაწეული საქმიანობის შესახებ, მოგწერ-მეთქი. რიბნოეში ჟუUრნალისტი ეთერ მგალობლიშვილი და ჯემალ გამახარია დამხვდნენ. ჩემი მოსაზრება დავწერე, ეთერს გადავეცი და ვუთხარი, წაიკითხეთ, განიხილეთ და თუ შენიშვნები არ გექნებათ, მედიაში გაავრცელეთ-მეთქი. წერილის მეორე პირი ლოთის შინ დავუტოვე.

მოგვიანებით გავიგე, რომ ლოთი უკრაინაში წასულა, იქ შემთხვევით ლავრენტი ბერიას ახლო ნათესავი გაუცნია და რესტორანში მისთვის თავისი ნამდვილი ვინაობა გაუმხელია... იმ კაცმა ეს ამბავი, სავარაუდოდ, უშიშროებას შეატყობინა. ლოთი დააკავეს და საქართველოში ჩამოიყვანეს. ჩემი წერილი, რატომღაც, მხოლოდ მაშინ დაიბეჭდა პრესაში, რასაც  ჩვენს წრეებში განხეთქილება მოჰყვა. ბევრი დამიპირისპირდა, - როგორ გაბედე ლოთის შეცდომებზე ლაპარაკიო. ერთ დღეს ზუგდიდის ბაზარში (საქართველოში ჩამოსვლას ყოველთვის ვახერხებდი, რადგან პასპორტი სხვა გვარზე მქონდა) იქ მოვაჭრე ლოთის ნათესავმა ქალებმა დამინახეს. დააძვრეს დიდი დანა და ყვირილით გამომეკიდნენ, - ეს რატომ არ დაიჭირესო. ატყდა აყალმაყალი. სოსო ლაგვილავა გადამეფარა, თორემ დანას ვერ გადავურჩებოდი.

1997 წელს შევარდნაძის აფეთქება თბილისის აეროპორტში გადავწყვიტეთ, ამისთვის ჩვენი კაცი (ყოფილი გვარდიელი) აეროპორტში მანქანების აკუმულატორების დამტენად მოვაწყვეთ. გეგმა ასეთი იყო: ვინაიდან ჩვენს კაცს ტრაპის მანქანების მომსახურებაც ევალებოდა, ერთ-ერთ ასეთ აკუმულატორში დისტანციური მართვის ბომბს დავამონტაჟებდით და როგორც კი შევარდნაძე ტრაპზე ავიდოდა, ბომბს ავაფეთქებდით. აეროპორტის ახლოს დავიქირავეთ ორი ბინა, საიდანაც ბომბი უნდა გვემართა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო. ერთ საღამოს ჩვენს კაცს თანამშრომლებთან ერთად დაულევია, შემდეგ უჩხუბიათ, ერთი უცემია კიდეც, ამის გამო სამსახურიდან გამოაგდეს. რა თქმა უნდა, ოპერაცია ჩაიშალა...

ცოტა ხანი მოსკოვში სული მოვითქვით, ზოგმა ბიზნესი ააწყო, ზოგმა სამუშაო იშოვა, მე ვორონეჟის ოლქში მშენებლობებს ვაწარმოებდი, თან აგურის ქარხანას ვამუშავებდი (ცხადია, სხვა გვარით ვცხოვრობდი). ხშირად დავდიოდი ყოფილ დეპუტატებთან, გვარდიელებთან, ჩვენი სამხედროების დიდი ნაწილი მოსკოვში საგანგებო სიტუაციების (МЧС, ხელმძღვანელი სერგეი შოიგუ) სამინისტროს აკადემიის ეზოში საცხოვრებელ კორპუსში იყვნენ დაბინავებული (ეს ყოველთვის უცნაურად მეჩვენებოდა) და წვრილ ბიზნესს ეწეოდნენ. იქ ცხოვრობდა გურამ ლაკიაც. ერთხელ, სტუმრობისას, მითხრა, - აქ ჩემი კურსელი ვნახე, გენერალ-ლეიტენანტია, შოიგუსთან მუშაობს. ერთხელ დათვრა, სეიფი გამოაღო და რაღაც დოკუმენტაცია მაჩვენა, სადაც ეწერა, - საქართველოს საქმე 25 წლით ჰაერში უნდა იყოს გამოკიდებულიო.

ცოტა ხნის შემდეგ შოიგუს სამსახური გარეუბანში გადავიდა და ჩვენებიც იქ გადაბარგდნენ - რომელიღაც ბაზის საცხოვრებელ კორპუსებში. ერთხელ ჩვენებს ჩავაკითხე. იქ შემთხვევით ნემო ბურჭულაძე ვნახე. მითხრა, საქართველოდან ჩვენი ბიჭები არიან ჩამოსულიო, გვარებიც დამისახელა. არავინ მეცნო, გოჩა ესებუას გარდა. თან გია მესხია (მეტსახელად "კონგი") ახლდა, ნემომ მითხრა, ესებუას და მის ბიჭებს გუშინ აქ კონფლიქტიც ჰქონდათო (გოჩა ესებუა ვაჟკაცი კი იყო, მაგრამ ცოტა ჯიუტი, მისი გადარწმუნება ჭირდა). არ მიკითხავს ნემოსთვის, რატომ ჩამოვიდნენ-მეთქი.

აქედან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობდა სამხედრო ბაზა"ვისტრელი". თუკი ვინმეს მოკვლა უნდოდათ მსოფლიო მასშტაბით, ყველას აქ ამზადებდნენ. ამ ბაზას კარგად ვიცნობდი, რადგან სამოქალაქო ომის დროს იქ იარაღს ვყიდულობდით. იმ პერიოდში ბაზაში თურქეთის ქურთების მუშათა პარტიის წევრები ვარჯიშობდნენ, თუკი ვინმე ტერაქტისთვის ემზადებოდა, რუსებს აუცილებლად ეცოდინებოდათ. იმ ღამეს იქ არ დავრჩენილვარ, უკან დავბრუნდი.

1997 წლის შემოდგომის მიწურულს სმოლენსკში გამომიძახეს გურამ აბსანძესთან (მას იქ ალკოჰოლური სასმელების კომბინატი ჰქონდა). მითხრეს, - გაემზადე, უნდა წამოგვყვეო. დავთანხმდი. მოსკოვში წამოვედით. მანქანაში მე, გურამ აბსანძე, გურამ ლაკია და მძღოლი გურამი ვისხედით. გზაში ლაკიამ მკითხა, - თუ იცი, სად მივდივართო. რა თქმა უნდა, არ ვიცოდი. ლაკიამ ცოტა ხნის დუმილის მერე განაგრძო, - გენდობით და გეტყვით, - შევარდნაძეზე ტერაქტი გვაქვს დაგეგმილიო. გამიკვირდა, - ამის თაობაზე წარმოდგენაც კი არ მქონდა-მეთქი. ლაკიამ - არც მე ვიცოდი, ბოლოს გავიგეო. იმ ღამეს მოსკოვში დავრჩით. იქ მკითხეს, - თუ იცი, ვინ უნდა შეასრულოს ტერაქტიო. გოჩა ესებუაზე ვიეჭვე. დამეთანხმნენ და მკითხეს, რა აზრის ხარო. რა მნიშვნელობა აქვს, რა აზრისა ვარ, ყველაფერი უკვე დაგიგეგმავთ-მეთქი.

მეორე დღეს ქალაქის ცენტრში ნაქირავებ ბინაში მივედით. იქ ნემო ბურჭულაძე, რობერტ პეტრიაშვილი, თენგიზ ჩაჩავა და კიდევ რამდენიმე დეპუტატი დაგვხვდა. მკითხეს, ახლა რა გვარზე ხარო (10 პასპორტი მქონდა!) და კაცი გაუშვეს თვითმფრინავის ბილეთების საყიდლად - სოჭში მივფრინავდით."მივლინების" ფული ვახტანგ ვაჩიბერიძეს ჩააბარეს და ადლერში ჩავფრინდით. იქიდან სოჭში ჩავედით და დავბინავდით სასტუმრო "მაგნოლიაში". 4 ნომერი გვქონდა შეკვეთილი, მათ შორის ერთი ლუქსი - გურამ აბსანძისთვის, რომლის ჩამოსვლასაც ველოდებოდით. ასევე ველოდით პეტრიაშვილს.

სოჭში კიდევ რამდენიმე დეპუტატი შემოგვიერთდა, გარეთ მხოლოდ მე და ვაჩიბერიძე გავდიოდით. ნემო ბურჭულაძეს წვერი გავპარსეთ, რომ არავის ეცნო; თუმცა ერთმა თათრის ქალმა მაინც იცნო. ნემო სასწრაფოდ სხვა ადგილას გადავიყვანეთ.

გეგმა ასეთი იყო: ჩავდივართ საქართველოში კანონიერი ხელისუფლების აღსადგენად, თუმცა, თავად ტერაქტის დეტალებზე არაფერი ვიცოდით. სოჭში ყოფნის მიზანი იყო, მოგვეძებნა გზები ტერაქტის შემდეგ დეპუტაციის საქართველოში ჩასაყვანად. ერთი ვარიანტი იყო ზღვით წასვლა. სოჭში ვიშოვეთ პატარა გემი, მის პატრონს ჩავუსხით 6 ტონა დიზელის საწვავი, "ბეც" დავუტოვეთ და ვთხოვეთ, დაგვლოდებოდა. ისიც ერთი თვე იცდიდა. მეორე ვარიანტი მოულოდნელად, ტერაქტამდე ორი დღით ადრე გამოჩნდა. ადლერში ე.წ. კაზაკების ბაზარში აფხაზური ლაპარაკი შემომესმა. მათთან მივედი. ერთმა აფხაზმა მითხრა, - ავტობუსი მყავს და რუსი სამშვიდობოები გადამყავს ენგურამდეო. სატირალში უნდა წავიდეთ, 3-4 კაცი ვართ და გაგვიყოლე-მეთქი. თითოეულმა 100-100 დოლარი გადამიხადეთ და ბატონი ბრძანდებიო. იმავე საღამოს გემის მეპატრონესთან მივედით. გვითხრა, - ვიზა არა მაქვს და  ფოთში ვერ შევალო. თურქეთში მიდიოდა. ვთხოვე, - თხილი მიმაქვს ფოთში, ოცი წუთი გაჩერდი, გადავტვირთავ და მერე თურქეთში წავიდეთ-მეთქი. დამთანხმდა, ოღონდ გამაფრთხილა - ფოთში გემი არავინ დატოვოსო. გემთან დაკავშირებით ასეთი გეგმა გვქონდა, როგორც კი გემი ფოთის აკვატორიაში შევიდოდა, მას დახვდებოდა ჩვენი გვარდიელის პატარა ბარჟა და იარაღით აიძულებდა, ანაკლიაში წასულიყო. სწორედ იქ გადმოვსხდებოდით ნაპირზე.

დათქმულ დღეს ტერაქტი არ მომხდარა. როგორც თბილისიდან შეგვატყობინეს, იმ დღეს შევარდნაძეს ილჰამ ალიევი გვიანობამდე სტუმრობდა კანცელარიაში. გაძლიერებული დაცვის გამო კი რაიმეს გახერხება შეუძლებელი იყო. მოსკოვიდან მივიღეთ გურამის ბრძანება, - დატოვეთ სოჭი და ჩამოდითო. მოსკოვში დავბრუნდით. იმავე ღამეს მითხრეს, - ტერაქტი არ გადაგვიფიქრებია, ამიტომ რამე ახალი გზა მოძებნე დეპუტაციის წასაყვანადო. რა თქმა უნდა, ეს ისევ გემით უნდა მომხდარიყო. ნოვოროსიისკში ნათესავი მყავდა. მატარებლით მასთან წავედი. მისი ორი ქალიშვილი საზღვაო პორტში მუშაობდა. პორტში გემი მოვძებნეთ, მეპატრონემ 3 ტონა საწვავი მოითხოვა და - კიდევ რასაც მომცემთო. მოვილაპარაკეთ. 4 დღის შემდეგ, საღამოს, ტელევიზიით გამოაცხადეს, - 9 თებერვალს თბილისში შევარდნაძეს თავს დაესხნენო. ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო. მაშინვე მოსკოვში წავედი, იქიდან სმოლენსკში, გურამთან. ყველა დაბნეული იყო, არავინ არაფერი იცოდა. გამოძიების დაწყების და ტერაქტის მონაწილეების დაკავების ამბავი მოგვიანებით გავიგეთ.

შუა თებერვალში საქმე ძალიან გაჭირდა. გახშირდა ადგილობრივი მილიციის განყოფილებასა და უშიშროების სამსახურებში ჩვენი დაბარება. მე და გურამ ლაკია მოსკოვში ჩავედით. მაღაზიაში საყიდლებზე რომ შევედით, ტელევიზორში შემთხვევით გავიგეთ, რომ გოჩა ესებუას გაეროს წარმომადგენლები გაუტაცებია. ამან უფრო გაართულა საქმე. ცხადი გახდა, რომ  საქართველოში ჩვენები თვითნებურად წყვეტდნენ ყველაფერს. გოჩა ესებუას ერთ-ერთი მოთხოვნით ნემო ბურჭულაძე, თანმხლებ პირებთან ერთად, შევარდნაძესთან შესახვედრად საქართველოში უპასპორტოდ ჩამოვიდა. დამშვიდობებისას შევარდნაძემ ნემოს პასპორტი გაუწოდა...

17 მარტს გურამ აბსანძე სმოლენსკის უშიშროების სამსახურში დაიბარეს. მივიდა. მანქანიდან გადმოსვლისთანავე სამაჯური და საათი მოიხსნა და თავის ნათესავს გადასცა, ჯვარზე თქვა, - ამას როგორ წამართმევენო. იცოდა, დააპატიმრებდნენ. 17 მარტს ის უკვე საქართველოში ჩამოიყვანეს. 22 მარტს რუსეთის პრეზიდენტს, ბორის ელცინს, სატელევიზიო ინტერვიუში ჰკითხეს, - რატომ დააპატიმრეთ გამსახურდიას მინისტრიო. გამსახურდიას მხარს ვერ დავუჭერდი და იმიტომო. არადა, როდესაც პრეზიდენტი და ელცინი ერთმანეთს ყაზბეგში შეხვდნენ, ზვიადმა უთხრა, - თუ რუსეთში ფეხს ვერ მოიკიდებ, ჩემთან ჩამოდი, მე მიგიღებო. ელცინმა საქართველოში თავისი მრჩეველი, ჟურნალისტი პავლე ვოშანოვი დატოვა, რომელსაც ანაკლია ისე მოეწონა, ელცინს შეუთვალა, - თუ მანდ არაფერი გამოგივა, აუცილებლად ჩამოდი გამსახურდიასთან, ის გიპატრონებსო.

22 აპრილს გურამის კომბინატს სმოლენსკის გუბერნატორი ეწვია. სუფრაზე ლუკიანოვი დაგვპირდა, - გურამის გათავისუფლებაში დაგეხმარებითო. დაპირება დაპირებად დარჩა. ამასობაში კი სმოლენსკში გამომძიებელი ისკო დასენი ჩამოვიდა საქართველოს პროკურატურიდან და გურამის კომბინატში გაფორმებული ქართველების დაკითხვა დაიწყო. დაკითხვა მილიციის განყოფილებაში მიმდინარეობდა და ადგილობრივი მილიციის თანამშრომელიც ესწრებოდა. დაკითხვიდან გამოსული ბიჭები ჰყვებოდნენ, რომ გამომძიებელი  ყველას ეკითხებოდა, - მართალია, რომ ზვიად გამსახურდიამ საქართველოდან 2 მილიარდი დოლარი წაიღოო? ბოლოს, ერთმა რუსმა მილიციელმა, რომელიც  დაკითხვას ესწრებოდა, ვეღარ მოითმინა და გამომძიებელს უთხრა, -“სად იყო საქართველოში ორი მილიარდი დოლარი, გამსახურდიას რომ წაეღოო, თუ  ფიქრობთ რომ ამ თანხის მასალები წამოიღო, მაგალითად, ღვინო, საკონიაკე სპირტი ან ხეტყე, მაშინ ეშელონები დღემდე უნდა მოდიოდესო.

რამდენიმე ხნის შემდეგ გავიგე, რომ 9 თებერვლის ტერაქტის ორი მონაწილე ბათუმს აფარებდა თავს. ისინი ფიქრობდნენ, რომ თუ აბაშიძესთან იქნებოდნენ, არ დაიჭერდნენ. ჩავედი ბათუმში და გადავწყვიტე ამ ხალხის გადამალვა. ერთი მათგანი, უბილავა, აფხაზეთში ჩემს ნათესავებთან დავაბინავე, მეორე, იურა ზაქარაია არ გამომყვა, ბათუმში დარჩა. მხოლოდ ღამე გადიოდა გარეთ. ვიღაც ქალს გადაეყარა და ერთ ღამეს კაფეში პოლიციელს წაეჩხუბა. როცა დაკავება დაუპირეს, ყურში ჩასჩურჩულა, - მე ის კაცი ვარ, შევარდნაძეს რომ ესროლა და არ უნდა დამაკავოთო. დააკავეს და სასწრაფოდ თბილისში ჩამოიყვანეს. მგონი, 15 წელიც მიუსაჯეს.

...მე ისევ ვორონეჟში დავბრუნდი. 1998 წლის აგვისტოში მოსკოვში გამომიძახეს, - შენი დახმარება გვჭირდება. იმედი გვაქვს, სამხედრო ამბოხით შევარდნაძეს ჩამოვაგდებთო.

ამ ამბოხს შემდეგში აკაკი ელიავა უხელმძღვანელებს...

P.S. რედაქციას დაუკავშირდა ქალბატონი მანანა არჩვაძე-გამსახურდია და გაზეთის წინა ნომერში ოთარ უბილავას მიერ მოყვანილი ერთ-ერთი ფაქტის განმარტება ითხოვა. მისი თქმით: "გურამ აბსანძე პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ოჯახს მოსკოვში ყოფნის დროს კი არ ეხმარებოდა, პირიქით, სიცოცხლეს უმწარებდა".

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)