ქუჩაში ნაპოვნი სიყვარულის მსხვერპლი
ღამის სამი საათია, ირგვლივ საოცარი სიჩუმეა. ახალგაზრდა პოლიციელი სამორიგეო ოთახში მაგიდაზე თავჩაქინდრული თვლემს. ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა.
- პოლიციის მორიგე გისმენთ.  
- პოლიციის განყოფილებაა? პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მთაწმინდის რაიონიდან მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გადაგვყავს, - გაისმა ყურმილში ქალის ხმა.
მორიგე პოლიციელმა ოპერატიული ჯგუფის ნომერი აკრიფა და უბანში შემოვლაზე მყოფ თანამშრომლებს დაურეკა.
- ბიჭებო! პირველ კლინიკურში დაჭრილი მიჰყავთ, - აცნობა ოპერმუშაკებს.  
- ტრისტან, შემთხვევაა, ბიჭები 5 წუთში აქ იქნებიან და მოემზადე.
- ახლავე, - ძლივს ამოილუღლუღა გამომძიებელმა, რომელსაც სავარძელში მოკალათებულს ეძინა. თვალები მოიფშვნიტა, უხალისოდ წამოდგა, ფეხსაცმელი ჩაიცვა, მაისურზე პიჯაკი მოიცვა, ხელში საქაღალდე აიღო, გარეთ გავიდა და სიგარეტს მოუკიდა.
ამასობაში კარს ოპერჯგუფის მანქანაც მოადგა.
- დღე არ გავა, რამე უბედურება არ მოხდეს, - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა მძღოლმა და
მანქანა ადგილიდან მოწყვიტა.
სასწრაფოს მორიგე ექიმი სწორედ იმ დროს აპირებდა საავადმყოფოდან გასვლას.
- მითხარით, საიდან წამოიყვანეთ დაჭრილი? - დეტალებით დაინტერესდა გამომძიებელი.
- უცნობმა ქალმა სასწრაფო დახმარებაში დარეკა და გვითხრა, რომ ქუჩაში დაჭრილი შველას ითხოვდა. მითითებულ მისამართზე რომ მივედით, ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში მოკუნტული ეგდო. - დამჭრა იმ არაკაცმაო, ორჯერ გაიმეორა და გონება დაკარგა. ჩანს, ბევრი სისხლი დაუკარგავს, გარეგნული დათვალიერებით ერთი ჭრილობა მუცელში აქვს, უმძიმესი მდგომარეობაა,  საოპერაციოში შეიყვანეს.
გამომძიებელმა სასწრაფოს ექიმისგან ზუსტად გაიგო, სად იპოვეს დაჭრილი და ოპერებთან ერთად შემთხვევის ადგილისკენ გაეშურა.
გზის ნაპირას მხოლოდ სისხლის წვეთები შენიშნა, ირგვლივ სულიერის ჭაჭანება არ იყო... უკან მიბრუნებულს ცუდი ამბავი დახვდა, დაჭრილი  ოპერაციის დროს გარდაცვლილიყო.
- მუცლის ღრუში ერთი ჭრილობა აღენიშნებოდა, კომატოზურ მდგომარეობაში შემოიყვანეს მწვავე სისხლნაკლებობით. ოპერაცია დავიწყეთ, მაგრამ მალე გული გაუჩერდა, - განუმარტა ქირურგმა გამომძიებელს და გარდაცვლილის პირადობის მოწმობა გადასცა.
ლერი ბილიხოძე (გვარ-სახელები აქაც და შემდგომშიც შეცვლილია) - ამოიკითხა გამომძიებელმა და მოკლულის მისამართს დახედა.
თბილისელი არ არის, ნეტა, აქ სად ცხოვრობდა? - თავისთვის ჩაილაპარაკა.
გვამი ექსპერტიზისთვის მოამზადეს, პოლიცია ლერის ოჯახს დაუკავშირდა. მეორე დილით ძმა და ახლობლები უკვე პროზექტურასთან იდგნენ.
- ლერი ვის უნდა მოეკლა? ცხოვრებაში არავისთვის უწყენინებია... გუშინ ერთად გამოვედით სამსახურიდან, ცოტა დავლიეთ, მაგრამ მთვრალი არ ყოფილა, შინ აპირებდა წასვლას, - უთხრა ძმას მოკლულის მეგობარმა.
- რატომ მომიკლეს ძმა, რომელიმემ მიზეზი იცით?! - უკვე მერამდენედ ეკითხებოდა პროზექტურასთან შეკრებილ მეგობრებს.
ცხედარი მშობლიურ სოფელში გადაასვენა. მოკლულს დედა, მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი ელოდა.           
ტრისტანმა სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა. გამომძიებელი მეორე დღესაც  გავიდა  შემთხვევის ადგილზე, თუმცა ხელჩასაჭიდი არაფერი ჩანდა.
რამდენიმე პირი დაჰკითხა,  ისიც, ვინც სასწრაფო დახმარება გამოიძახა.
- ღამის ორი საათი იქნებოდა, როცა მამაკაცის განწირული ყვირილი შემომესმა. საწოლიდან წამოვვარდი და ფანჯარასთან მივედი. ლამპიონის შუქზე ახალგაზრდა კაცი დავინახე, მუცელზე ეკიდა ხელი და ყვიროდა, დამჭრეს, ვკვდები, მიშველეთო, თან ვიღაცას აგინებდა, ვიცოდი მომკლავდაო, მაგრამ ირგვლივ არავინ ჩანდა... სახლში მარტო ვიყავი, გარეთ გასვლა ვერ გავბედე და სასწრაფოში დავრეკე. მალე მოვიდა მანქანა. ქვემოთ არ ჩავსულვარ. არც მეზობლები გამოსულან გარეთ, ისინიც სასწრაფოს სირენის ხმაზე ფანჯრებიდან იყურებოდნენ. ვხედავდი, როგორ წაიყვანეს... - იხსენებდა ხანში შესული ქალი.
ტრისტანს სახე მოეღუშა, ხელჩასაჭიდი აქაც ვერაფერი ნახა.
- სად მოხდა დანაშაული? ფაქტია, ვიღაცას გაურბოდა, მაგრამ ვის? - თავში უამრავი კითხვა უტრიალებდა.
გამომძიებელს დანაშაულის გახსნაში ოპერმუშაკებიც ეხმარებოდნენ, თუმცა, სამხილი, რომელიც დამნაშავის კვალთან მიიყვანდა, არ ჩანდა.
მოკლულის ოჯახის წევრებისგან შეიტყო, რომ ლერი თბილისში ბაზრობაზე მუშაობდა. მომხდარზე ოჯახსაც არ ჰქონდა ვერსია.
ტრისტანი კვანძის გახსნას ცდილობდა. მოკლულის ცოლთან  და ძმასთან ერთად ნაძალადევში, იმ ნაქირავებ ბინაში მივიდა, სადაც ლერი ცხოვრობდა.
ცოლმა ქმრის ნივთების ჩალაგება დაიწყო, ბინა უნდა დაეცალათ. გამომძიებელმა ტელევიზორთან ალბომი შენიშნა და სურათების თვალიერება დაიწყო. ქალთან გადაღებული რამდენიმე ფოტო მოკლულის ცოლს მიაწოდა:
- ამ ქალს იცნობ? ვინ არის?- ჰკითხა ნათიას.
ნათიამ სურათები ხელის კანკალით გამოართვა. წამოწითლდა, შეიშმუშნა, თვალიდან ცრემლი გადმოუგორდა. - ეს ის ქალია, რომელზეც ამბობდა, მიყვარსო... ოჯახის დანგრევასაც მის გამო აპირებდა, - აქვითინდა ქალი, - ჩემი ქმარი ელიავაზე მუშაობდა, მე შვილებთან ერთად სოფელში ვიყავი. პერიოდულად ვაკითხავდი და ისიც ხშირად ჩამოდიოდა. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, ჩვენ გარეშე უჭირდა. მერე სიარულს თანდათან უკლო, არც ფული მოჰქონდა შინ. დედამთილმა მითხრა, შენს ქმართან წადი, ბავშვებს მე მივხედავო, მაგრამ შვილები ვერ დავტოვე...  ვხედავდი, როგორ იცვლებოდა, აღარ იყო ისეთი მოსიყვარულე... ერთ დღესაც გავიგე, რომ საყვარელი ჰყავდა... დამალვა არც უცდია, გამომიცხადა, ის ქალი შემიყვარდა, მასთან შეხვედრებისთვის ბინა ცალკე დავიქირავეო.
ნათიამ თავი ვეღარ შეიკავა და მწარედ აზლუქუნდა. თან აკანკალებული ხელებით განაგრძობდა ბარგის ჩალაგებას. კარადიდან ნივთები გადმოცვივდა, რვეულის ფურცლები ოთახში მიმოიფანტა. ტრისტანი დასახმარებლად დაიხარა. ნივთების აკრეფას რომ მორჩა, ფურცლების თვალიერება დაიწყო. ,,უიღბლოდ შეყვარებული კაცის ამბავი" -  ამოიკითხა გამომძიებელმა და თვალს არ დაუჯერა. ფურცელი გადაკეცა, პიჯაკის ჯიბეში ჩააცურა, იქიდან სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა  და გარეთ გავიდა. მალევე შებრუნდა.
- ამ ფოტოებს წავიღებ, იქნებ რამეში გამომადგეს, - უთხრა  ტრისტანმა ქალს და ფოტოებთან ერთად თავის საქაღალდეში ძირს დაგდებული რამდენიმე ფურცელიც ჩაიდო და ქალს დაემშვიდობა.  სამსახურში წასვლას აპირებდა, მაგრამ ვეღარ მოითმინა, მანქანა გააჩერა და ჩანაწერის კითხვა დაიწყო.
"ზამთრის ბოლო თვე იწურებოდა, ასე, საღამოს 7 საათი იყო, სამუშაოდან ვბრუნდებოდი. გადავწყვიტე, თავი რომელიმე კახპასთან გამერთო. უცებ ცისფერთვალება გოგო გამოჩნდა, რომლის შემოხედვამაც მაშინვე მომნუსხა. ერთმანეთი გავიცანით. ნელ-ნელა მისი სიყვარულით "იწამლებოდა" ჩემი გული. პირველ საღამოსვე მივხვდი, რომ ამ გოგომ სამუდამოდ მომწყვიტა რეალურ სამყაროს და სიყვარულის ლამაზ, უძირო მორევში გადამაგდო. ვიცოდი, იქიდან ვეღარასოდეს ამოვიდოდი...
გადიოდა დღეები, თვეები... სულ უფრო ვრწმუნდებოდი, რომ უიმისოდ სიცოცხლე აღარ შემეძლო, რომ ნამდვილი სიყვარული მეწვია, რომელსაც ვერანაირი ძალა ვერ დამათმობინებდა... ის კი, სულ ცდილობს, ჩემგან წავიდეს...
გვიან მივხვდი, რომ სხვას ეკუთვნოდა... თან ორი შვილიც ჰყავს...  მათ დედას ვერ წავართმევ, ამას ვერ გავუძლებ... მირჩევნია, კვირაში ერთხელ მოვიდეს ჩემთან, თუმცა მზად ვარ, თავის შვილებთან ერთად მოვიდეს ჩემთან... თუ ვინმე დამიშლის, არ დავინდობ, თუნდაც საკუთარი შვილი იყოს. მხოლოდ მაშინ თუ წამართმევენ, როცა საბოლოოდ თვალებს დავხუჭავ... და თუ მოვკვდი, იცოდეთ, ეს გააკეთა ნინო ხელაძემ... მის ქმარს რეზო ჰქვია..." - ეწერა ფურცელზე.
ბოლო ფრაზა გამომძიებელმა რამდენჯერმე ჩაიკითხა და ფიქრებში ჩაიძირა.
…ტრისტან ჩემიას სამუშაო მაგიდაზე საინფორმაციო ცნობარიდან მოწოდებული მისამართები ედო. ამ სახელითა და გვარით რამდენიმე ქალი იყო რეგისტრირებული.
- ნუთუ მკვლელობაში მართლა ეს ქალია გარეული? - გაიფიქრა ტრისტანმა, როცა მისამართებს გადაავლო თვალი. ერთ-ერთი ნინო ხელაძე მთაწმინდის რაიონში მართლა ცხოვრობდა.
რამდენიმე ოპერმუშაკთან ერთად კონკრეტულ მისამართზე გავიდა. ძველთბილისური ეზოს ჭიშკარი მარტომ შეაღო და კარზე დააკაკუნა.
- ნინო ხელაძე აქ ცხოვრობს? - იკითხა.
- კი, აქ ცხოვრობს, ის ბინაა, მაგრამ შინ არავინაა. რამდენიმე დღეა არ გამოჩენილან, ალბათ სოფელში წავიდნენ, - უპასუხა კარის მეზობელმა და როცა გამომძიებლის ვინაობა შეიტყო, მისთვის რამდენიმე დღით წინ მომხდარი ფაქტიც არ დაუმალავს:
- გვიან ღამით ვიღაც მამაკაცი ნინოს ეძახდა და კარზე აბრახუნებდა. შემდეგ ნინოს ქმარი გინებით გამოვარდა გარეთ, ჩხუბის ხმაც იყო, რეზო მისდევდა ვიღაცას, ეზოს გარეთ გავიდნენ. მალე უკან შემობრუნდა და ცოლს აგინებდა... მერე ხმაური შეწყდა. დილით რეზო დავინახე, არაფერი მიკითხავს. 12 საათი იქნებოდა, სახლიდან რომ წავიდა. მერე აღარ გამოჩენილა. საღამოს ნინო ვნახე, ვკითხე, წუხელ რა მოხდა-მეთქი. ნინოს საყვარელი რომ ჰყავდა, ვიცოდით. რეზო ციხიდან ახალი გამოსულია, ნინო ვაგზალზე ხაჭაპურს ყიდდა და ასე წვალებით არჩენდა ორ შვილსა და პატიმარ ქმარს. ნინოს საყვარელი ბოლოს რამდენჯერმე ვნახე, ქალს ცოლობას სთხოვდა. ჩემი სახლის ნომერზეც ურეკავდა...
ბევრი საინტერესო დეტალი გაიგო გამომძიებელმა.  მათ შორის რეზო ჩიხლაძის სოფლის მისამართი. იმ რაიონის პოლიციის უფროსის ნომერი აკრიფა და ჩიხლაძის დაკავება სთხოვა.
"თქვენ მკვლელობაში გედებათ ბრალი!" - ამ სიტყვებით მშობლების თვალწინ რეზოს ხელბორკილი დაადეს.
რეზო ჩიხლაძე განზრახ მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ ცნობდა, თუმცა სიმართლე არ დაუმალავს.
- ცოლთან ერთად მეძინა, როცა ჭიშკრის გაღების ხმა გავიგონე, უცნობი მამაკაცი ჩემს ცოლს ეძახდა. შუქი ავანთე და გავიხედე, უცნობ მამაკაცს ხელში დიდი დანა ეჭირა. ნინოს ვკითხე ვინ არის-მეთქი, ხმა არ გამცა და საწოლიდან წამოხტა, გავნერვიულდი, ჯერ ცოლს დავარტყი, შემდეგ გარეთ გავვარდი და ის კაცი გინებით ქუჩაში გავათრიე. მთვრალი იყო, ხელი ვკარი და წაიქცა. უცებ იყვირა, ვაიო და ჩაიკეცა. უკან შემოვბრუნდი, ჩემი ცოლი ოთახში არ დამხვდა, დავწექი და დავიძინე... მეორე დილით ცოლზე გაბრაზებული სოფელში წავედი და იქ დამაკავეს. ალბათ თავისი დანით წაქცევისას დაიჭრა... - ამბობდა დაკავებული.
არანაკლებ საინტერესო იყო ნინოს ჩვენებაც. ტრისტანმა ისიც გაარკვია, რომ  მოკლულს პირველ დღეს ნინოსთან ურთიერთობა 100 დოლარი დაუჯდა და ისიც, რომ ნაქირავებ ბინაში კარგა ხანს ხვდებოდნენ ერთმანეთს.
- ქუჩაში გადამეღობა და ასე გავიცანით ერთმანეთი. რამდენჯერმე შევხვდი, მერე ჩემთან ურთიერთობა ავუკრძალე, მაგრამ მაინც არ წყვეტდა ტელეფონზე რეკვას. ცოლობას მთხოვდა. უარს ვეუბნებოდი, მემუქრებოდა, რომ ოჯახს დამინგრევდა. რამდენჯერმე შევხვდი და ავუკრძალე დარეკვა. ბოლოს მის ზარს არ ვპასუხობდი. იმ ღამით ძლიერმა ბრახუნმა გამომაღვიძა, ხმაზე ვიცანი, ხელში დანა ეჭირა, მიბრძანა, - ახლავე ჩემთან წამოდიო. ამაზე ჩემი ქმარი გაგიჟდა, ატყდა ჩხუბი,  გარეთ გავიდნენ, გავიგონე როგორ ყვიროდა დამჭრაო და გარბოდა. შემეშინდა, რომ ქმარი მეც მცემდა და შინიდან გავიქეცი, ამხანაგთან ვიმალებოდი, არ ვიცოდი, ლერი გარდაცვლილი რომ იყო, თორემ პოლიციაში განვაცხადებდი.
რეზო ციხიდან ახალი გამოსული იყო და მკვლელობის ბრალდებით ისევ უკან შეაბრუნეს.

თეა ხურცილავა
Chixladze
21 ოქტომბერი 2019 13:38
Chem mogvares ar gavamtyuneb tumca sasikvdilod yvela codoa.tu am qals es misi sayvareli emuqreboda rame zomebi ver miigoo:))
rezo
19 ოქტომბერი 2019 14:13
მე 3 კლასამდე წასაკითხი დეტექტივი
jemaliusi
27 მაისი 2016 20:55
sagol rezo.colic mis kvalze unda gageshva
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები