"შეგვიცოდეთ, ხალხი არა ხართ?!" - კვირის პალიტრა

"შეგვიცოდეთ, ხალხი არა ხართ?!"

"ორი დღის წინ ევროპამ გამოაცხადა, რომ ქართველებისთვის ყველა ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო. ჩვენ აღარ დაგვჭირდება შვილების, ნათესავების სანახავად საელჩოებში დგომა, დამცირება, რიგებში ლოდინი და შემდეგ უარით გამოსტუმრება. ახლა შეგვეძლება თავისუფლად მიმოსვლა სასწავლებლად, სამკურნალოდ, უფრო მეტიც... უფრო მეტიც..."

მიხეილ სააკაშვილი,

6 მაისი, 2012 წ.

იხილეთ ვიდეო

"თურქეთი შეიძლება ფიქრობდეს სავიზო რეჟიმის გამკაცრებას სხვა სახელმწიფოებთან, თუმცა საქართველოსთან დაკავშირებით დაინტერესებულია, რომ გამარტივებული სავიზო რეჟიმი არსებობდეს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს თურქეთთან და ამას წახალისება სჭირდება. ქართულ-თურქულმა მხარეებმა ხანგრძლივი მოლაპარაკებები აწარმოეს სავიზო მიმოსვლის გასამარტივებლად და ჩვენ გვაქვს მაქსიმალურად გამარტივებული სავიზო რეჟიმი".

ნინო კალანდაძე,

23 იანვარი, 2012წ.

"ის, რაც თურქეთში ხდება, საცოდაობაა. უამრავ გურჯს ვხვდები, რომლებმაც უკვე აღარ იციან, რა ქნან. უფრო სწორად, იციან, მაგრამ ამბობენ, რომ ამას მათი სარწმუნოება უშლით (თავის მოკვლა. ავტ). შემოდგომაზე, თქვენი პარლამენტი რომ გაიხსნება ქუთაისში, ჩავალ და თქვენს მთავრობას ვეტყვი, - რას უშვრებით თქვენს ხალხს? ჩავიდეს თქვენი გილაური ანკარაში და ერდოღანთან საქმე მოაგვაროს".

ავტობუსის თურქი მძღოლი

"უკვე რამდენიმე თვეა, ორთაჭალის ავტოსადგურში (საიდანაც თურქეთში მიდიან ავტობუსები) მგზავრების ხალვათობა იგრძნობა, თუმცა ყოველ დილით ვიღაც მაინც მოდის, - ეგებ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით რამეს მოვკრა ყურიო...

- მიშას თურქებისთვის უთქვამს, ჩემს  ხალხს არ დაგაჩაგვრინებთ და თუ ასე გააგრძელებთ, აღარც მე შემოგიშვებთო, - თვალებგაბრწყინებული ჰყვება ერთი ქალბატონი.

- გჯერათ მაგ ამბის, ქალბატონო? - ვეკითხები.

- არა მჯერა, შვილო, მაგრამ იქნებ  მართლა თქვა. ხომ შეიძლება გული ერთხელ მასაც მოუბრუნდეს ჩვენზე. შინ ინვალიდი შვილიშვილი მყავს და ბრმა რძალი, სანამ თურქეთში ვმუშაობდი, წამლის ფული ყოველთვის გვქონდა. ახლა ჩემი რძალი მეხვეწება, სამათხოვროდ მაინც დამაყენე სადმეო... რა ვქნა, რა წყალში ჩავვარდე... როგორ მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ.

2012 წლის 1-ლი თებერვლიდან თურქეთის მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე სავიზო რეჟიმი გაამკაცრა, ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია თუUრქეთში მხოლოდ სამი თვე დაჰყოს, ქვეყნის დატოვების შემდეგ კი უკან დაბრუნება მხოლოდ სამი თვის შემდეგ შეუძლიათ. სავიზო რეჟიმის გამკაცრებამ ათასობით ჩვენი მოქალაქე აიძულა, სამსახური მიეტოვებინა და საქართველოში დაბრუნებულიყო, თუმცა ასევე ათასობით არალეგალმა ქართველმა სამსახურის დაკარგვის შიშით უარი თქვა სამშობლოში დაბრუნებაზე. ჯერჯერობით, მათი ბედი გაურკვეველია.

2012 წლის იანვარში, სტამბოლში ჭორი გავრცელდა - სავიზო რეჟიმი მკაცრდებაო, ამიტომ ბევრი უკან დაბრუნდა. იმდენი მგზავრი იყო, რომ ავტობუსები გაჭედილი მოდიოდა. თბილისში რომ ჩამოვიდნენ, კანონი ჯერ კიდევ ძალაში არ იყო შესული, ამიტომ იფიქრეს, ყველაფერი ძველებურადააო და რამდენიმე დღეში თურქეთს ისევ მიაწყდა ხალხი... დღემდე არავინ არაფერი იცის. ზოგი ამბობს, კანონი უკვე შევიდა ძალაშიო, ზოგი ამბობს - არაო. სარფში ჩვენს საბაჟოზე ხალხი მუდმივად კითხულობს ვიზების ამბავს, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს, ან არ პასუხობს, ან არწმუნებენ, არაფერი შეცვლილაო (მეც რამდენჯერმე ვკითხე ქართველ მებაჟეებს, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე). ამ დროს თურქული პოლიცია ამბობს, ქართველებისთვის სავიზო რეჟიმი გამკაცრდაო. ხალხი დაბნეულია. განცხადება მაინც გამოაკრან სარფში, რომ ხალხმა გაიგოს (ამასობაში კი თურქული მხარე ქართველების მასობრივ დეპორტაციას იწყებს).

"29 მაისს, სარფში, თურქულ საბაჟოზე ჩვეულებრივად შევედით. ჩემს მგზავრებს შორის იყო ერთი ქალბატონი. ადრე თურქეთში მომვლელად მუშაობდა. - ბავშვმა სკოლა დაამთავრა, საბანკეტო კაბის ფული გაჭირვებით შევაგროვე და საყიდლად მივდივარო. საბაჟოზე მოულოდნელად გამოუცხადეს, - სავიზო რეჟიმი დარღვეული გაქვსო (არადა, თურქეთში მხოლოდ თვე-ნახევარი იმყოფებოდა. - ავტ.). თუ ჯარიმას გადაიხდიდა (ეს კი 480 ლირა ჯდება. - ავტ.), დეპორტს არ ჩაურტყამდნენ. არ დამავიწყდება იმ ქალის თვალები. ფული მხოლოდ კაბის საყიდლად თუ ეყოფოდა... გაოგნებული იდგა და თრთოდა. ბოლოს თქვა, -–ბავშვს კაბას შევპირდიო და ჯარიმის გადახდაზე უარი თქვა. 5-წლიანი დეპორტი მისცეს. როდესაც გაშმაგებულმა თურქ პოლიციელს ვკითხე, - რატომ ჩაურტყით დეპორტი, როდესაც ქალბატონი მხოლოდ თვე-ნახევარი იყო თურქეთში-მეთქი, ცივად მომიგო, - ჩვენ სხვანაირად ვანგარიშობთო. ასევე დეპორტი ჩაურტყეს ერთ ყმაწვილს, რომელიც მხოლოდ ორი კვირა იყო თურქეთში. თავიდან მასაც ჯარიმის გადახდა მოსთხოვეს. იმან - ფული არ მაქვსო და 5 წლით აუკრძალეს თურქეთში შესვლა. ვიხვეწები, აგვიხსნან, რა მეთოდით ანგარიშობს დღეებს თურქული მხარე, მაგრამ არაფერს გვეუბნებიან",- ნინო, ავტობუსის გამცილებელი.

"აქსარაის ავტოსადგურში (საიდანაც საქართველოში მოდიან ავტობუსები. - ავტ.) საშინელი ამბები ხდება, უამრავი სასოწარკვეთილი ქართველი იკრიბება და ელოდება პასუხს, რომელიც არ ჩანს. კითხვაზე, გამკაცრდა თუ არა სავიზო რეჟიმი, პასუხი არა აქვს არც საქართველოს საკონსულოს სტამბოლში. იქაური ქართველები ჩივიან, რომ კონსულს მათი ბედი არ აღელვებს, მაგრამ ის, რაც სარფში, თურქეთის საბაჟოზე ხდება, ნამდვილი ჯოჯოხეთია. ყოველდღე ასეულობით ჩვენი თანამემამულე აქ ელოდება სასტიკ განაჩენს, რომელსაც დეპორტი ჰქვია.

4 ივნისს თურქეთიდან სარფში შემოვედით. თურქულ საბაჟოზე ორი პოლიციელი ზის. შესაბამისად, მგზავრებიც ორ ნაწილად იყოფიან. პოლიციელები მათ საბუთებს ამოწმებენ. ერთი მათგანი მგზავრებს აფრთხილებდა, - შენ თურქეთში ყოფნის მხოლოდ 6 დღე დაგრჩა, ვეღარ გადახვალო და ა.შ. მეორე პოლიციელი კი მგზავრებს უსიტყვოდ უმოწმებდა საბუთებს. ამაზე ატყდა პანიკა,  ხალხს ნერვები ისედაც დაწყვეტილი აქვს. იყო წივილ-კივილი. არავინ იცის, დეპორტს რისთვის ჩაურტყამენ, ამიტომ რიგში ზოგს გული მისდის. დალხინებულ ცხოვრებას თურქეთში არავინ მიჰყავს. ჩვენი გასაცოდავებული მოქალაქეები ათას დამცირებას, შიმშილს იტანენ, რომ საკუთარი ოჯახები რამენაირად არჩინონ. დეპორტის შემთხვევაში უკანასკნელ საარსებო წყაროსაც კარგავენ, ამიტომ ბევრმა გადაწყვიტა, საერთოდ აღარ ჩამოვიდეს", -ხატია, ავტობუსის გამცილებელი.

თურქეთში მომუშავე  ნებისმიერ  უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია, მუშაობის უფლება მიიღოს, თუმცა ამაზე მისმა დამქირავებელმა უნდა იზრუნოს. სამუშაოს უფლების მიღების ფასი 850 ლირიდან იწყება. ამას ემატება დაქირავებულის დაზღვევის ღირებულებაც, ხშირად პატრონებს”(ასე ეძახიან დამქირავებლებს) არ უღირთ ამდენი ფულის გადახდა, ამიტომ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა ამ საბუთს ვერ აკეთებს. იმის გამო, რომ სამსახური არ დაკარგონ, თანახმანი არიან, სავიზო რეჟიმი დაარღვიონ და აღარ გადმოვიდნენ საქართველოში. როგორც  სტამბოლში ამბობენ, ვიზებთან დაკავშირებული პრობლემების წყალობით ხელი განსაკუთრებით ე.წ. დასაქმების ოფისებმა მოითბეს, რომლებიც  ქართველებს ჟანდარმერიაში დასმენის მუქარით (სავიზო რეჟიმის დაღვევის შემთხვევაში) აიძულებენ, სამი თვის ხელფასი მათ გადაუხადონ.

რატომ გაამკაცრა სავიზო რეჟიმი თურქეთის  ხელისუფლებამ, ამაზე რამდენიმე ვერსია არსებობს. ინტერნეტგამოცემა "ჰაქიმეთი" ამ გადაწყვეტილებას საფრანგეთის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას უკავშირებს. მაშინ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა განაცხადა, - თურქეთი მოახდენს არალეგალურად  მომუშავე 200 ათასი სომეხი მოქალაქის დეპორტაციასო. მეორე ვერსიით, თურქეთის ხელისუფლება სავიზო რეჟიმისM გამკაცრებით ცდილობს, შეამციროს ქართველ არალეგალთა რიცხვი მათი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამის მიზეზი კი ქართული კრიმინალის ზრდის მასშტაბებია. ბოლო ორი წლის მანძილზე თურქეთში მომხდარი თითქმის ყველა გახმაურებული დანაშაული (მათ შორის მკვლელობები) ქართველებს უკავშირდება.

2011 წლის 29 მარტს თურქეთი სტამბოლში მომხდარმა სასტიკმა მკვლელობამ შოკში ჩააგდო. 11 წლის ფირატ სეზარს  ქართველმა დედინაცვალმა ეკატერინე ოჩხიკიძემ და მისმა დედამ ვიოლა ოჩხიკიძემ  თავში რამდენჯერმე ჩაქუჩი ჩაარტყეს, შემდეგ მოკლული აკუწეს. როდესაც გვამის სანაგვე კონტეინერში ჩაგდებას აპირებდნენ, მეზობელმა შეამჩნია და პოლიცია გამოიძახა. მოზარდის სასტიკმა მკვლელობამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ზოგიერთი პოლიტიკოსი, მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერით, მოითხოვდა აღედგინათ გაუქმებული კანონი - სიკვდილით დასჯა.

ეს ამბავი მივიწყებული არ იყო, რომ ქართველები კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობის მონაწილენი აღმოჩნდნენ - 2011 წლის 12 აპრილს, გვიან ღამით, სტამბოლის სასტუმრო”"ბაჰარის" მეპატრონე ნუსთირ შაქარი და მისი მეგობარი ქალი როზა ისმაილოვა სასტუმროს ნომერში ჩაცხრილეს. თურქული მედია მკვლელობის მიზეზად თავიდან ფულს ასახელებდა. გავრცელებული ვერსიით, მკვლელმა სასტუმროდან 30.000 ლირა გაიტაცა. გამოძიება მკვლელობაში ბრალს რამდენიმე ქართველს სდებდა. ამავე წლის 18 აპრილს საქართველოში პოლიციამ დააკავა სასტუმროს მეპატრონის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გოგა ჯღარკავა. მკვლელობის მიზეზი ნუსთირ შაქართან შელაპარაკება აღმოჩნდა.

2011 წლის 16 აპრილს თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია კიდევ ერთი მკვლელობის შესახებ: ქალაქ რიზეში ვიზდომ აკაგუნდუსი და მისი მეუღლე ჯერ გაკოჭეს, შემდეგ სცემეს, ბოლოს კი 73 წლის ოჯახის უფროსი მოკლეს. მისმა მეUუღლემ სიკვდილის სიმულაციით გადაირჩინა თავი. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ის 4 საათის შემდეგ აღმოაჩინა. დამნაშავეებმა სახლიდან გაიტაცეს 2.600 ლირა (მოხუცების პენსია), მობილური ტელეფონები, ოქროს სამკაულები და  ტანსაცმელი. ვიზდომ აკაგუნდუსის მკვლელობის გამო თურქულმა პოლიციამ დააკავა აკაგუნდუსის მეურნეობაში ქირით მომუშავე 6 ჩვენი თანამემამულე, თუმცა, მოგვიანებით, 4 მათგანი უდანაშაულოდ ცნო და გაათავისუფლა.

2012 წლის 2 მარტს თურქეთში "საუკუნის ძარცვად" წოდებული საიუველირო მაღაზიის გაქურდვაც ქართველთა ხელით მოხდა. ქალაქ ორდუს სავაჭრო ცენტრში, საიუველირო მაღაზიის ძარცვისას დამნაშავეებმა მილიონი ლირის ღირებულების 6 კილოგრამამდე ოქრო წაიღეს, ამისთვის მათ მეზობელი შენობის საპირფარეშოდან 8-მეტრიანი გვირაბი გათხარეს. ოქროს საცავში ისე მოხვდნენ, დაცვის თანამშრომლებს არც გაუგიათ. განგაშის სიგნალი კი მაშინ ჩაირთო, როდესაც მძარცველები უკვე სამშვიდობოს იყვნენ. შემთხვევის ადგილზე სამართაAლდამცავებმა, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ქართული სიგარეტის კოლოფიც აღმოაჩინეს. რამდენიმე დღეში საქართველოში დააკავეს ძარცვის თაოსანი და  თბილისსა და ქუთაისში ნაძარცვი ძვირფასეულობის ნაწილიც ამოიღეს.

2012 წლის 2 მარტს თურქეთის პოლიციამ, 6-თვიანი თვალთვალის შემდეგ,   ხმაურიანი სპეცოპერაციის დროს დააკავა 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი. მათ შორის ქართველი დიზაინერი რამაზო რომა, რომელიც სამართალდამცავთა ინფორმაციით, ნარკოტიკების რეალიზაციასა და  ტრეფიკინგშია ეჭვმიტანილი. თურქული მედიის  ინფორმაციით, ქართველი დიზაინერი რუს და უკრაინელ მოდელებს მოდის ჩვენებებში მონაწილეობის მისაღებად იწვევდა, შემდეგ კი ისინი ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებოდნენ.

2012 წელს ნარკორეალიზატორობასა და ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებით თურქეთის ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ასეული ქართველი დააკავეს, ხოლო ნებაყოფლობითი პროსტიტუციის გამო უამრავი ქართველი ქალი გააძევეს ქვეყნიდან...

როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, სავიზო რეჟიმის გამკაცრება დამღუპველი, ქართველი კრიმინალების ნაცვლად, პატიოსანი, მშრომელი მოქალაქეებისთვის აღმოჩნდა.

"როცა მორიგე ვარ, ვხედავ, როგორ მშვიდად გადმოდის ათასობით თურქი (მათ შორის, ქალებიც) ღამით აჭარაში გასართობად... ამ დროს ქართველები გაღმა მხარეს თურქებს მოსამსახურეებად უდგანან და მეძაობასაც არ თაკილობენ. მას შემდეგ კი, რაც სავიზო რეჟიმი გამკაცრდა, ბევრ მათგანს სამშობლოში დაბრუნების შანსიც მოესპო. არავინ იცის, როდის დაიყვირებს ვინმე ჩვენიანი ქართულად გაღმა მხრიდან, - შემიცოდეთ, ხალხი არა ხართ?!" - ქართველი მესაზღვრე.