"წელიწადზე მეტია, ჩემი გაუბედურებული შვილის ცხედარი უცხოეთში მაცივარში იყინება" - კვირის პალიტრა

"წელიწადზე მეტია, ჩემი გაუბედურებული შვილის ცხედარი უცხოეთში მაცივარში იყინება"

"დღე არ გავა, რომ თბილისის აეროპორტში რამდენიმე კუბო არ ჩამოიტანონ. უნდა ნახოთ, რა ხდება. ისმის ჭირისუფლის ტირილი, გოდება...

ვისაც საშუალება აქვს, ცდილობს, თვითმფრინავით გადმოასვენოს თავისი მიცვალებული, მაგრამ იცით, რამდენს მოჰყავს ავტობუსებით? როგორია, სხვის ბარგთან, ჩანთებთან და ტანსაცმლით სავსე ტომრებთან ერთად საბარგულში შვილის ცხედარი რომ გეგულება?!"

აეროპორტის პოლიციის თანამშრომელი

"ხალხი არ ხართ, დამეხმარეთ!.. წელიწადზე მეტია, ჩემი გაუბედურებული შვილის ცხედარი უცხოეთში მაცივარში იყინება, სამ მეტრ ქართულ მიწას ვითხოვ - საფლავს სამშობლოში, მეტს არაფერს..."

გულნარა ხურცილავა, ნინო ფარცვანიას დედა

"ასავალ-დასავალი"

"ომონიას (ქართველების თავშეყრის უბანი ათენში. - ავტ.) მიმდებარე ქუჩაზე, დაახლოებით 11 საათზე,  ქართულ ენაზე ყვიროდა ვიღაც:"არ გაიქცეთ, შეჩერდით, თორემ გესვრით". ცხვირწინ მოტოციკლით პოლიციელმა ჩამიქროლა. დავინახე, მის უკან მჯდომ მამაკაცს ზურგზე საქართველოს დროშა ჰქონდა გამოსახული. მივხვდი, ქართველი პოლიციელი იყო. რამდენიმე წამში 5 მოტოციკლი მოგრიალდა. ქართველები გაყინულები იდგნენ ერთ ადგილას. მოვიდნენ პოლიციელები და ყველანი ე.წ. სპეცმანქანაში შეყარეს... შემდეგ ერთმა ქართველმა პოლიციელმა თქვა,“- ბარემ სხვა ქუჩებიც დავშმონოთ და მერე ვისადილოთო.

მივედი და ქართულად ვკითხე, - ბიძია, მეც ქართველი ვარ, არ გრცხვენიათ, დედისტოლა ქალებს როგორ ექცევით-მეთქი... მიდი, მიდი, გაიარეო, - მომიგდო და თვალები სიძულვილით აევსო. ამ დროს გისოსებიანი მანქანიდან ტირილი, კივილი და მოთქმა ისმოდა.

ამბობენ, საბერძნეთის გარდა, ქართველი პოლიციელები მალე ევროკავშირის ყველა ქვეყანაში (საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის ქვეყნებიდან არალეგალი ქართველების დეპორტაციის ვალდებულება აიღო. - ავტ.) გაჩნდებიან შეძახილით, - "ქართველებო, არ გაინძრეთ, არ გაიქცეთ, თორემ გესვრით!" სროლის უფლება მართლა ჰქონიათ და გვესვრიან კიდეც..."

თვითმხილველის ნაამბობიდან

"საერთო გაზეთი"

28 ივნისს კიდევ ერთი ქართველი ახალგაზრდა ჩამოასვენეს სამშობლოში - 23 წლის ბექა ზარდიაშვილი 2012 წლის 20 ივნისს, მერილენდის ქალაქ ბალტიმორში, სამართალდამცავებმა ყელგამოჭრილი იპოვეს.

ზარდიაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი აღმოჩნდა მისივე თანამშრომელი, აფროამერიკელი 26 წლის ზამან ლოუსონი, რომელიც პოლიციამ იმ დღესვე დააკავა.

ბექა ზარდიაშვილი და ლოუსონი ერთ ბინაში ცხოვრობდნენ და ზღვის პროდუქტების მაღაზიაშიც ერთად მუშაობდნენ.

გამოძიების ვერსიით, მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ზარდიაშვილმა თანამშრომელს უსაყვედურა, - სამსახურებრივ მოვალეობას ჯეროვნად არ ასრულებო. გაგულისებულმა ლოუსონმა მას რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა...

ზარდიაშვილების ოჯახი ამერიკაში საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ გადავიდა - მათ "გრინ ქარდი" (მწვანე ბარათი) მოიგეს.

დაკავებული ზამან ლოუსონის სასამართლო პროცესი უახლოეს ხანში დაიწყება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 25-წლიანი პატიმრობა ელის.

...ბოლო ორი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ქართველების მკვლელობები ხშირად ხვდება უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში. როგორც ევროპელი სპეციალისტები აცხადებენ, "ბოლო დროს ქართველების მასშტაბურმა მიგრაციამ ევროპაში, კერძოდ, საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ქართული ქსელის შექმნას შეუწყო ხელი. საქართველოს მოქალაქეების მკვლელობები მეტწილად მათ კრიმინალურ საქმიანობას უკავშირდება".

მკვლელებიც ხშირად ჩვენი თანამემამულეები არიან.

2012 წლის 9 იანვარს იტალიაში, ქალაქ ბარის მთავარ მოედანზე მკვლელობა მოხდა. საქართველოს მოქალაქეს, ყოფილ პოლიციელს, 51 წლის რევაზ ჭურაძეს, თავს სამსახურთან (ამანათების საწყობში მუშაობდა) დაესხნენ. ჭურაძემ ოფისთან საეჭვო პირი გასროლამდე რამდენიმე წუთით ადრე შენიშნა და გაქცევა სცადა, თუმცა ვერ მოასწრო... მკვლელმა მას ახლო მანძილიდან დამიზნებით ესროლა. რევაზ ჭურაძე მაშინვე გარდაიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა (უმეტესობა ქართველი), მათ თავდამსხმელი”ვერ შეათვალიერეს(?!).

ბარიში მომხდარმა მკვლელობამ იტალიაში ხმაური გამოიწვია. გამოძიებამ ქართულ კვალზე მიანიშნა. იტალიური მედია ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ ბარიში ქართველებს ჩამოყალიბებული ჰქონდათ რაღაც კავშირი და ხალხს აიძულებდნენ, ათასობით დოლარი გადაეხადათ. თანხა უმბერტოს სკვერში მიჰქონდათ თავკაცისთვის გადასაცემად. სწორედ მოკლული რევაზ ჭურაძე გახლდათ ამ კავშირის მეთაური. გამოძიების ოფიციალურ ვერსიად ჭურაძეზე შურისძიება დასახელდა.

დღეისთვის უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება, ან დააკავეს თუ არა ვინმე.

ასევე დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს ფრანგული მედია 25 წლის ინგა ვაჭარიას მკვლელობის საქმეს. ვაჭარიას ყელგამოჭრილი, დანაწევრებული ცხედარი პოლიციამ 2011 წლის 13 ნოემბერს სენტ-ეტიენის მახლობლად ტყეში იპოვა. გამოძიებამ მკვლელის დადგენა შეძლო - ვაჭარიას მეუღლე ალუდა გასვიანი აღმოჩნდა. მან ცოლი ჯერ დანით დაჩეხა და შემდეგ მცირეწლოვან შვილთან ერთად მიიმალა.

როგორც საქმეში ჩახედულნი აცხადებენ, ქართველებს ყველაზე ხშირად რუსეთში, თურქეთსა და საბერძნეთში ხოცავენ. საინტერესოა, რომ ხშირ შემთხვევაში ამ ქვეყნებში მომხდარი მკვლელობები გამოძიების ყურადღების მიღმა რჩება და საქმეები რატომღაც თვითმკვლელობის კვალიფიკაციით იხურება, მეტიც, თურქეთსა და საბერძნეთში ჩვენი თანამემამულეების მკვლელობის ფაქტები ხშირად არც აღირიცხება, რის გამოც ჭირისუფლებს საკუთარი მიცვალებულების მოძებნა უჭირთ.

რუსეთში ქართველთა მკვლელობები ძირითადად ეთნიკურ ნიადაგზე ხდება. 2012 წლის 18 აპრილს მოსკოვში, ლუბიანკის რაიონულ სასამართლოში განგაში გამოაცხადეს. სასამართლო პროცესი, რომელსაც 25 წლის ილია ჯაფარიძის მკვლელისთვის განაჩენი უნდა გამოეტანა, შენობაში ბომბის არსებობის გამო ჩაიშალა. ნეონაცისტ ტიხომიროვის სასამართლო პროცესი მოსკოვში დიდი ხმაურით მიდიოდა.

2009 წლის 28 ივნისს, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე"დინამოს" ფანმა ილია ჯაფარიძემ ანტიფაშისტური აქციის ჩატარება გადაწყვიტა. ბანერიც გამოაკრა - "ფეხბურთი რასიზმის წინააღმდეგ!" გამოძიების ვერსიით, ნეონაცისტმა ტიხომიროვმა მას ჯერ  შუბლში ესროლა, შემდეგ კი მისმა თანამოაზრემ ბაკლაგინმა დაჭრილ ჯაფარიძეს დანა 26-ჯერ ჩაარტყა. ილია ჯაფარიძე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ამ სასტიკი მკვლელობის გამო მოსკოვის სასამართლომ სპორტსმენ ნეონაცისტს მხოლოდ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდა ამისა, ჯაფარიძის ოჯახს მან 1 მილიონი რუბლიც უნდა გადაუხადოს. ტიხომიროვის ადვოკატები კი განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ(?!).

მთელი რუსეთი შეძრა 2011 წლის 10 ნოემბერს სამარაში 19 წლის მამუკა კახიშვილის მხეცურმა მკვლელობამ.

"10 ნოემბერს, საღამოს ათ საათზე შევიკრიბეთ კაფე "კასპიასთან", მეგობრის ჯარიდან დაბრუნება უნდა აღგვენიშნა... როცა მამუკაც მოვიდა, კაფეში შევიდა იმის გასაგებად, იყო თუ არა ადგილი. ჩვენც შევყევით. კაფეში უხეშად მოგვახალეს, - აქედან გაეთრიეთ, ყველა ადგილი დაკავებულია. დღეს პოლიცია თავის დღეს აღნიშნავსო. გარეთ გამოვედით და მანქანებთან მივედით, რომ სხვაგან წავსულიყავით. ამ დროს კაფედან სამი კაცი გამოვიდა. მამუკას ხელი მოჰკიდეს... მამუკამ უთხრა, ხელი გასწიეთო. ამის შემდეგ ძირს დააგდეს და ცემა დაუწყეს. მოულოდნელად კაფედან კიდევ რამდენიმე კაცი გამოვიდა და ფეხებით შესდგნენ მამუკას. გვცემეს ჩვენც. გოგონებისთვის ხელი არ უხლიათ. როცა მე მცემდნენ, თვალი მოვკარი, მამუკა უგონოდ იწვა. შემდეგ საიდანღაც მოვიდა  პოლიციის მანქანა. მამუკა ტომარასავით შეაგდეს შიგნით, მეც ზედ მიმაყოლეს. მამუკას პულსი გაუსინჯეს. ერთმა პოლიციელმა (უბნის ინსპექტორი ვიცანი) მუცელზე სიგარეტის ნამწვი დაადო - ასე ცდილობდნენ გაეგოთ, ცოცხალი იყო თუ არა. მამუკა საავადმყოფოშივე გარდაიცვალა".

დმიტრი ტრიშკინი, კახიშვილის მეგობარი

დიდხანს ცდილობდნენ კახიშვილების ოჯახის გაჩუმებას... რუსი სამართალდამცავები ამტკიცებდნენ, - კახიშვილი ცემის შედეგად კი არა, ნარკოტიკის ჭარბი დოზის მიღებისგან გარდაიცვალაო. დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ კახიშვილი მოკლული იყო. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ პირველი ექსპერტიზის დროს მას გული ამოაცალეს და  დამარხეს(?!). სამარაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე საპროტესტო ნოტა გაგზავნა რუსეთში და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდა. თუმცა, ამაოდ...

2011 წლის 4 მაისს თურქულმა მედიამ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც კარგად ჩანს, როგორ კლავს 42 წლის თურქი ბიზნესმენი ქართველ მუშას - შელაპარაკება სამშენებლო ობიექტზე დაიწყო, სადაც გარდაცვლილი რევაზ ჯგერენაია დარაჯად მუშაობდა. პატრონთან შელაპარაკების მიზეზი მცირე ხელფასი იყო. ბიზნესმენმა ჯგერენაიას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა და მოკლა... თურქმა სამართაAლდამცავებმა მკვლელი დააკავეს, თუმცა რა ბედი ეწია მას, უცნობია.

2008 წლიდან დღემდე თურქეთში ავტოავარიებს ორი ათეული საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. როგორც სტამბოლში აცხადებენ, არც ერთი დამნაშავე თურქი მძღოლი არ დასჯილა, მეტიც, გარდაცვლილების ოჯახები და დასახიჩრებული ჩვენი თანამოქალაქეები თურქული მხრიდან კუთვნილ კომპენსაციას დღემდე ამაოდ ელოდებიან. როგორც საქმეში ჩახედულნი აცხადებენ, ყოველწლიურად თურქეთში ოთხასამდე საქართველოს მოქალაქე უგზო-უკვლოდ იკარგება. უმრავლესობა პროსტიტუციით დაკავებული ქართველი ქალია. არის შემთხვევები, როდესაც გვამების აღმოჩენისას თურქული ჟანდარმერია ცხედრებს იდენტიფიკაციის ჩატარების გარეშე მარხავს. თურქეთის სამართალდამცავების ყურადღების მიღმა დარჩა სტამბოლში ერთ-ერთ ფაბრიკაში გაჩენილი ხანძრის დროს რამდენიმე ქართველი მუშის სიკვდილის ფაქტიც (ფაბრიკების მეპატრონეები სამუშაო დღის ბოლოს ქართველ არალეგალებს ოთახებში კეტავენ). ქართველები ისე ჩაიწვნენ შენობაში, რომ გარეთ გამოსვლა ვერ მოახერხეს. ამისთვის კი არავინ დასჯილა!

თურქეთში ჩვენს თანამოქალაქეებს ზოგჯერ ისევ ქართველები ხოცავენ. 2009 წლის თებერვალში თურქმა სამართალდამცავებმა სტამბოლში, ერთ-ერთ სასტუმროში 27 წლის ქართველი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკებით ზედოზირება გახლდათ. ნომრიდან წაღებული იყო ოქროულობა (რომელიც გარდაცვლილს, სავარაუდოდ, საქართველოში გასაყიდად მიჰქონდა) და ფული. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავები აცხადებდნენ, - ქართველი მოკლული იყოო, გამოძიება არ დაწყებულა. ორი წლის განმავლობაში კრიმინალური ჯგუფები თურქეთში ჩასულ ჩვენს თანამემამულეებს გაძარცვის მიზნით ნარკოტიკის დიდ დოზას უკეთებდნენ (სამწუხაროდ, თურქეთში ქართველი ნარკომანების სიკვდილი უკვე არავის უკვირს). არც ერთ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.

საბერძნეთში, სადაც ზოგიერთი მონაცემით 75 ათასი ქართველი ცხოვრობს, ბერძენი სამართალდამცავები ქართველთა მკვლელობებზე საუბარს თავს არიდებენ. 2006 წელს საბერძნეთში 11 წლის ქართველი მოზარდი ბექა მესხიშვილი დაიკარგა. მისი დედა, ნათელა იჩუაიძე, დღემდე ამაოდ ითხოვს გამოძიების განახლებას და მკვლელების დასჯას. თავის დროზე ბერძენი სამართალდამცავები ამტკიცებდნენ, რომ მოზარდი ბავშვების ჩხუბის დროს მოკლეს და შემდეგ ცხედარი გადამალეს. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუპატიმრებია...

არავინ დასჯილა ერთი წლის წინ კუნძულ კრეტაზე მომხდარი ავტოავარიის გამო, რომელმაც ქართველი ნინო ფარცვანიას სიცოცხლე შეიწირა. მისი ცხედარი დღემდე საბერძნეთში, მორგ-საყინულეშია და ოჯახი გადმოსვენებას ვერ ახერხებს. საქართველოს საელჩო საბერძნეთში კი აცხადებს, - მიცვალებულების გადმოსვენებაში დახმარება ჩვენი საქმე არ არისო(?!).

ოსლოში მიმდინარეობს "ნორვეგიული 11 სექტემბრის" ავტორის, ანდრეს ბრეივიკის სასამართლო პროცესი. ნორვეგიელმა ტერორისტმა 2011 წლის 22 ივლისს დედაქალაქში მომხდარი აფეთქების შემდეგ, კუნძულ უტოიაზე, ახალგაზრდულ ბანაკში სროლა ატეხა და 77 მოზარდი მოკლა, მათ შორის თამთა ლიპარტელიანიც. თამთას მშობლები სასამართლოზე მკვლელისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას ითხოვენ. სამწუხაროდ, ეს არის ბოლო წლებში ერთადერთი გამონაკლისი, სადაც მოკლული თანამემამულის ინტერესები მეტ-ნაკლებად დაცულია...