პრეზიდენტთა შურისძიება?! - კვირის პალიტრა

პრეზიდენტთა შურისძიება?!

"თუ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხალხის წინააღმდეგ ხელკეტს გამოიყენებს, ჩვენ მას ასევე ვუპასუხებთ, თუ ქვებს გვესვრიან, პასუხად ქვებს მიიღებენ. იარაღს გამოიყენებენ? ხალხიც ასევე უპასუხებს."”

გენერალი რომან დუმბაძე,

2011 წლის 21 მაისი

"ვფიქრობ, ეს (დუმბაძის მკვლელობა. - ავტ.) ქართველი სპეცსამსახურების  ნახელავია, შემკვეთი კი მიხეილ სააკაშვილია, რადგან მას სამხედროებისა ეშინია. მე კარგად ვიცნობდი გენერალ დუმბაძეს და ვიცი, როგორ სძულდა სააკაშვილი."

თენგიზ კიტოვანი,

2012 წლის მაისი

"გენერალი დუმბაძე არის მოღალატე, საქართველოს მტერი, ჩემი პირადი მტერი და მას სამაგალითოდ დავსჯი."”

მიხეილ სააკაშვილი,

2004 წლის მაისი

"ჩვენი  მოქმედი სამხედრო ოფიცრები ტყვედ არ არიან. გადმოგვეცით ყოფილი  საბჭოთა ოფიცერი დუმბაძე, რომელიც, ვფიქრობ, უკანონოდ არის გასამართლებული."”

გენერალ-მაიორი

ვიაჩესლავ ბორისოვი,

2008 წ.

2012 წლის 4 ივლისს, გამთენიისას,  რუსეთის სამართალდამცავებმა კილერთა ჯგუფის ასაყვანად ჩაატარეს მორიგი ხმაურიანი სპეცოპერაცია, რომელშიც ძალოვანი სტრუქტურების ორი სპეცდანიშნულების რაზმიც მონაწილეობდა.

მოსკოვსა და მის შემოგარენში ერთდროულად გაიჩხრიკა 12-მდე სახლი. სპეცოპერაციის დროს დააკავეს 4 საქართველოს მოქალაქე, რომლებიც, გამოძიების ვერსიით, გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილნი.

გამოძიების მტკიცებით, კილერთა ჯგუფი შეთანხმებულად მოქმედებდა: დაკავებული რომან ბელქანია გენერალ დუმბაძეს დიდი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდა, ალექსანდრე ბერიშვილმა მკვლელი თავისი მოტოციკლეტით მიიყვანა დანაშაულის ადგილზე, ხოლო მკვლელობის უშუალო შემსრულებელი შოთა თარუღაშვილი იყო. დაკავებული მიხეილ ტონია კი მალევე გაათავისუფლეს.

"მე შემომთავაზეს ფული. დამკვეთი, ცხადია, უცნობი იყო. მისი გვარი არ მახსოვს. დამირეკა 21 მაისს და მთხოვა, წამეყვანა რუბლიოვსკის ტრასაზე, საიდანაც,  როგორც მან მითხრა, ფული უნდა წამოეღო.

როდესაც დანიშნულ ადგილზე მივედით, სახლს რამდენჯერმე შემოვუარეთ. შემდეგ მე მისი მოთხოვნით გავჩერდი და ისიც მოტოციკლეტიდან გადმოვიდა.

მალე სროლაც გაისმა. შემეშინდა და მოტოციკლეტი დავძარი. მეგონა, რომ ის მოკლეს - კაცი ფულის ასაღებად მივიდა და მოკლეს.

ცოტა ხანში ჩემი თანამგზავრი დამეწია და მოტოციკლეტს შემოახტა.

ისეთი შეშინებული ვიყავი, რომ მთელი გზა ვყვიროდი. ბოლოს, როდესაც იმ ადგილამდე მივიყვანე, სადაც მანქანა ელოდებოდა, მოტოციკლეტიდან გადმოვიდა და დამემშვიდობა."

ბერიშვილის ჩვენებიდან

მკვლელობიდან რამდენიმე დღეში ალექსანდრე ბერიშვილის ანგარიშზე სოლიდური თანხა გაჩნდა.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, მანქანა საქართველოს მოქალაქეს, თორნიკე კვირიკაშვილს (ამბობენ, კრიმინალურ სამყაროში ცნობილი პირიაო. - ავტ.) ეკუთვნოდა. ის მიხეილ ტონიას სახლის ეზოში აღმოაჩინეს. გამოცხადდა თავად კვირიკაშვილის ძებნაც.

26 წლის მიხეილ ტონია დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

ეჭვმიტანილების დაკითხვისას ცნობილი გახდა, რომ დუმბაძის მკვლელობაში შემკვეთმა 150.000 დოლარი გადაიხადა (მანამდე სხვადასხვა ციფრი სახელდებოდა).

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალი, ბათუმის სამხედრო ბრიგადის ყოფილი მეთაური რომან დუმბაძე 2012 წლის 21 მაისს, შუადღის 3 საათზე, შინიდან გამოვიდა, იქვე, მაღაზიაში ნაყინი იყიდა და რუბლიოვკის ტრასაზე დაიწყო სეირნობა (სხვა ვერსიით, მას დაურეკეს და შეხვედრა დაუთქვეს). სავარაუდოდ, მკვლელი სწორედ აქ დაეწია და ცეცხლი გაუხსნა. მუცელში დაჭრილმა დუმბაძემ გაქცევა სცადა, თუმცა კიდევ რამდენჯერმე ესროლეს. გენერალი იქვე გარდაიცვალა.

რუბლიოვკის ავტობანი სამთავრობო დანიშნულებისაა და კარგადაა დაცული. როგორც ჩანს, ოპერაცია ზუსტად იყო გათვლილი, ან უბრალოდ, მკვლელებს გაუმართლათ და მშვიდობიანად დატოვეს ავტობანი.

როდესაც სამართალდამცავებმა მკვლელობის იარაღი აღმოაჩინეს, გაოცება ვერ დამალეს - მეამბოხე გენერლის მკვლელობა პსმ ტიპის იარაღით არის ჩადენილი, რომელსაც დაქირავებული მკვლელები არასდროს იყენებენ, რადგან მას სულ სხვა, უფრო თავდაცვითი დანიშნულება აქვს (პსმ პისტოლეტები წლების განმავლობაში სპეცსამსახურებში გამოიყენებოდა, როგორც სატაბელო იარაღი).

გამოძიება მკვლელობის ორ ვერსიაზე მუშაობს. პირველი ვერსიით, დუმბაძე მოსკოვში ქართულ დიასპორაში გავლენის სფეროების განაწილებას შეეწირა.

გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმციები გენერლისა და კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის კავშირის შესახებ და რომან დუმბაძის მკვლელობას ტარიელ ონიანისა და ჰასან უსოიანის ("დედ ჰასანი") კონფლიქტის გამოძახილად მიიჩნევენ.

მეორე ვერსიით, რომან დუმბაძე პოლიტიკური მოტივით მოკლეს. 2004 წელს, აჭარის კრიზისის დროს, რომან დუმბაძემ უარი თქვა დამორჩილებოდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ასლან აბაშიძეს დაუჭირა მხარი. როდესაც ასლან აბაშიძემ საქართველო დატოვა, რომან დუმბაძე 2004 წლის 6 მაისს საკუთარი ნებით გამოცხადდა საქართველოს უშიშროების სამინისტროში, საიდანაც აღარ გამოუშვეს: ის, სხვა ბრალდებებთან ერთად, სამშობლოს ღალატის მუხლით გაასამართლეს და მუდმივი პატიმრობა მიუსაჯეს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსულმა მხარემ ის (დუმბაძე გენერალ ბორისოვის მეგობარი იყო), ქართველ ტყვეებსა და გარდაცვლილ ჯარისკაცებში გაცვალა. რომან დუმბაძე მას შემდეგ რუსეთში, მოსკოვში ცხოვრობდა. ამის გამო გამოძიება არ გამორიცხავს, რომ გენერლის მკვლელობა ქართული სპეცსამსახურების ნახელავი და სააკაშვილის პირადი შურისძიება იყო...

პრეზიდენტის პირად შურისძიებაზე ლაპარაკობენ კიდევ ერთი ქართველის გახმაურებულ მკვლელობის საქმეში. გამოძიება უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთ მთავარ ფიგურად მიიჩნევს (2011 წლის 23 მარტს მას ბრალიც წაუყენეს უფლებამოსილების გადამეტებასა და ხელისუფლების ბოროტად გამოყენებაში, რამაც გიორგი ღონღაძის  სიკვდილი გამოიწვია).

"უკრაინული ინტერნეტგამოცემა  "უკრაინსკაია პრავდას" დამფუძნებელი, ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე 2000 წლის 16 სექტემბერს გაუჩინარდა. იმავე წლის ნოემბერში  კიევის ოლქის პატარა ქალაქ ტარაშის მახლობლად, ტყეში იპოვეს თავმოჭრილი ცხედარი. რამდენიმე ექსპერტიზამ, მათ შორის ღონღაძის მეუღლემ, დაადასტურა, რომ ცხედარი ჟურნალისტისა იყო, თუმცა გიორგი ღონღაძის დედამ, ლესია ღონღაძემ უარი თქვა ცხედრის დასაფლავებაზე იმ მოტივით, რომ უცხო ადამიანის გვამს არ დაასაფლავებდა (ის დღემდე უარყოფს, რომ ტყეში აღმოჩენილი გვამი მისი შვილის არის).

2000 წლის 28 დეკემბერს უკრაინაში პოლიტიკური სკანდალი აგორდა: სოციალისტური პარტიის ლიდერმა ალექსანდრ მოროზმა უმაღლეს რადას  ე.წ. მელნიშენკოს ფირები წარუდგინა, მელნიშენკო პრეზიდენტ კუჩმას დაცვის წევრი გახლდათ, ხოლო ფირი საიდუმლოდ იყო ჩაწერილი იმ დროს, როდესაც კუჩმა შინაგან საქმეთა მინისტრთან, გენერალურ პროკურორთან და  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან ერთად მსჯელობდა, როგორ მოეშორებინათ თავიდან ღონღაძე. ფირების სკანდალმა დიდი რეზონანსი გამოიწვია ევროპაში. აშშ-ში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ხმა მართლა კუჩმას ეკუთვნოდა.

"ნარინჯისფერი რევოლუციის" შემდეგ პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ღონღაძის მკვლელობის გახსნა ღირსების საქმედ მიიჩნია - მან 5 მილიონი გრივნა (620.000 დოლარი) დააწესა ჯილდოდ მოკლული ჟურნალისტის თავის ქალის ადგილსამყოფლის თაობაზე ინფორმაციისთვის.

გამოძიება, გიორგი ღონღაAძის მკვლელობის საქმეზე, კვლავ განახლდა. გამოძიებამ უშუალოდ ამ მკვლელობის შემსრულებელ პოლიციელთა ჯგუფი დააკავა. ამის შემდეგ გამოძიებამ მთავარ ეჭვმიტანილად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იური კრავჩენკო დაასახელა. იგი 2005 წლის 4 მარტს ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა მან, როგორც ამ გახმაურებული საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, საკუთარ სახლში თავი მოიკლა - ორჯერ ისროლა თავში(?!).

სიკვდილის წინ დაწერა წერილი: "მე გავხდი კუჩმას და მისი გარემოცვის ინტრიგების მსხვერპლი."

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის თვითმკვლელობამ თავიდანვე გააჩინა ეჭვი უკრაინაში.

"ყოფილი მინისტრის სიკვდილის ამბავი 4 მარტს, დილის 6 საათზე შევიტყვე, მისმა მძღოლმა მითხრა. სასწრაფოდ აგარაკზე წავედი, სადაც თვითმკვლელობა მოხდა. ოთახში რომ შევედი, გარდაცვლილი კრავჩენკო შუა ოთახში სკამზე იჯდა, ხელები ფეხებს შორის ჰქონდა დაშვებული, პისტოლეტი კი ისე იდო სკამის კიდესთან,  თითქოს ვინმემ აკურატულად დადო გასროლის შემდეგ.

გარდა ამისა, გარდაცვლილი რომ შევათვალიერე, შევნიშნე - მას მარჯვენა ხელზე ორი თითი მოტეხილი ჰქონდა, ასეთი დაზიანებით კი ვერ შეძლებდა ორჯერ გაესროლა... უცნაურად მომეჩვენა, რომ გასროლის დროს დაცვა 150 მეტრზე იმყოფებოდა,  ვიდეოკამერები კი რატომღაც გამორთული იყო."

სტანისლავ სოროკა,

კრავჩენკოს თანაშემწე

სამწუხაროდ, კრავჩენკოს მკვლელობა ერთადერთი არ ყოფილა”ღონღაძის საქმეში. 2006 წელს მოულოდნელად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2000 წლის 17-18 სექტემბერს გიორგი ღონღაძე სიმფეროპოლში იმყოფებოდა და ადგილობრივ ხელისუფლებაში კორუფციის სქემას იკვლევდა. არსებობდა რამდენიმე მოწმეც, თუმცა სამი მათგანი მოულოდნელად საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

2009 წლის 22 ივლისს უკრაინელმა სამართალდამცავებმა მრავალწლიანი უიმედო ძებნის შემდეგ მოახერხეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, გენერალ-ლეიტენანტ ალექსეი პუკაჩის დაკავება. მან აღიარა ღონღაძის მკვლელობა და დაასახელა შემკვეთებიც.

"ღონღაძე მოვკალი და შემდეგ შემკვეთებს შევხვდი. შეხვედრაზე იყო ლიტვინიც (პრეზიდენტ კუჩმას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. - ავტ.). ლიტვინს ჩემი თავი გააცნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელად - ამან გაიყვანა და მოკლა ღონღაძეო. შინაგან საქმეთა მინისტრი კრავჩენკო ლიტვინს არწმუნებდა, რომ პრეზიდენტის ერთგული იყო და მის ნებისმიერ ბრძანებას შეასრულებდა. ლიტვინი ამ სიტყვებზე თავს უქნევდა".

ალექსეი პუკაჩის ჩვენებიდან

2009 წლის 22 ივლისს ბელოცერკოვსკის რაიონის დაბა სუხოპესში გიორგი ღონღაძის თავის ქალის ფრაგმენტები იპოვეს (თავის ქალის ადგილსამყოფელი პუკაჩმა მიუთითა). გარდა ამისა, სამართალდამცავებმა იქვე იპოვეს რეზინის ხელთათმანები, რითაც, სავარაუდოდ, პუკაჩმა ჟურნალისტის თავი დამარხა.

"მე გავეცანი გიორგი ღონღაძის სიცოცხლის უკანასკნელ საათებს და უნდა გითხრათ - ეს იყო საშინელი სიკვდილი, რომლის სისასტიკესაც ვერ გაუტოლდება თვით შუა საუკუნეების დროინდელი მხეცური მკვლელობები".

ვიქტორ იუშჩენკო

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას ბრალეულობა ცნო ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის საქმეში, სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია და კუჩმას დაპატიმრებაზე უარი თქვა...