"რაც ჩავიდინე, საშინელებაა, მაგრამ აუცილებელი იყო..." - კვირის პალიტრა

"რაც ჩავიდინე, საშინელებაა, მაგრამ აუცილებელი იყო..."

"ჩვენ, ნორვეგიული წინააღმდეგობის მოძრაობა, უქმად ვერ გავდგებით განზე, როცა ნელ-ნელა უმცირესობად გვაქცევენ საკუთარ ქვეყანაში".

ანდრეას ბრეივიკი

"2010 წლის სექტემბერში ჩეჩენმა დუკაევმა კოპენჰაგენში ბომბი ააფეთქა (ეს იყო პირველი შემთხვევა. - ავტ.), შემდეგ ერთმა თეთრკანიანმა რასისტმა ქალაქ მილმაში (კოპენჰაგენის ახლოს) სროლა ატეხა, ამას მოჰყვა 2011 წლის იანვარში დიდი აფეთქება სტოკჰოლმში, მერე კი, გაზეთის რედაქციაში შეჭრის მცდელობისას, 5 შეიარაღებული დააკავეს. უკვე წელიწადნახევარია, რეგიონში ღია ბრძოლა მიმდინარეობს მემარჯვენეებსა და ფუნდამენტალისტ მუსლიმანებს შორის. როდესაც ნაციონალისტები შემოდგომაზე ხალხს ხოცავდნენ, მსხვერპლი მხოლოდ არაბები და თურქები არ იყვნენ, არამედ ისინიც, ვინც მათთან თანამშრომლობდა და ნაციონალისტები მოღალატეებად მიიჩნევდნენ. რამდენადაც ვიცი, იმ დღეს კუნძულ უტოიაზე მოზარდები საგარეო საქმეთა მინისტრ იონას ჰან სტერეს ხვდებოდნენ და მას პალესტინის ავტონომიის  აღიარებას სთხოვდნენ".”

ულოფ ანდერსონი, შვედეთი

"აფეთქება (ოსლოში. - ავტ.) და სროლა ახალგაზრდულ ბანაკში ჩვენი პირველი რეაქციაა ნორვეგიულ მედიაში მოციქულ მუჰამედის კარიკატურის გავრცელებაზე".”

გლობალური ჯიჰადი

(ტერორისტული ორგანიზაცია)

"არ მჯერა, რომ ის კუნძულზე მარტო იყო, კედელთან მიყენებული ადამიანების დახვრეტაც შეუძლებელია ასეთ მოკლე დროში".

ნორვეგიის სამაშველო

სამსახურის თანამშრომელი

უკვე ერთი წელი გავიდა ნორვეგიაში,  კუნძულ უტოიაზე დატრიალებული სასაკლაოდან, თუმცა ამ ტრაგედიაზე მითქმა-მოთქმა დღემდე არ წყდება. მსოფლიო გაფაციცებით ადევნებს თვალს ტერორისტ ანდრეას ბერინგ ბრეივიკის სასამართლო პროცესს (ნორვეგიელი ბინ ლადენის სასამართლოს 200 ტელეარხი პირდაპირ ეთერში გადასცემს). ბოლო დროს ევროპულ მედიაში ხშირად ჩნდება კითხვები, რა მოხდა სინამდვილეში კუნძულ უტოიაზე, არის თუ არა ნაციონალისტი ანდრეას ბრეივიკი ნორვეგიის ტერაქტების რეალური ავტორი და მოსალოდნელის შესახებ იცოდნენ თუ არა რაიმე ქვეყნის სპეცსამსახურებმა.

"18 ივლისს ყველაფერი შეიცვალა. დამირეკა ჩემი სახლის მეპატრონემ და მითხრა, - შემოგივლით, რაღაც ნივთების წაღება მინდა საკუჭნაოდანო. იქ კი მე ასაფეთქებელი მოწყობილობა მაქვს გადამალული. ვთხოვე, უქმეებზე მოდით-მეთქი. დამთანხმდა. გადავწყვიტე, ჩანაფიქრი შევასრულო, რადგან შეიძლება სხვა დროს ამის საშუალება აღარც მომეცეს... ეს ჩემი ბოლო ჩანაწერია. დღეს 22 ივლისია, პარასკევი".

ანდრეას ბრეივიკის დღიურიდან

"2011 წლის 22 ივლისს, შუადღისას, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში პრემიერ-მინისტრის კანცელარიასთან აფეთქების ხმა გაისმა. 500 კილოგრამამდე ტროტილის ძალის მქონე რადიომართვადი ბომბი ფოლკსვაგენის მარკის ავტომანქანაში იყო ჩამონტაჟებული. ჯერ საშინელი აფეთქების ხმა მოგვესმა, შემდეგ ძალიან მჭახე ხმა და დავინახეთ, როგორ ჩაიმსხვრა თითქმის ყველა შენობის მინები, ყურების თითებით დაცობას ვცდილობდი - მეგონა, დავყრუვდებოდი, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ჩემ გვერდით დაჭრილი ეგდო და თითქოს მეუბნებოდა, - მიშველეო... არაფერი მესმოდა... მერე ორი უცნობი მამაკაცი მომიახლოვდა. რაღაცას მიყვიროდნენ. ისევ არაფერი მესმოდა, შოკში ვიყავი. ბოლოს, ერთმა ხელი მომკიდა და გადარჩენილი შენობისკენ წამიყვანა. ძალიან მეშინოდა, როდესაც ქუჩაში გამოვედით, ყველაფერი ნანგრევებად იყო ქცეული. ის დაჭრილი მამაკაცი უკვე მკვდარი იწვა. ისეთი საშინელება იყო, დღემდე გონზე ვერ მოვსულვარ.  ყურში მუდმივად ის მჭახე ხმა ჩამესმის. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩვენს ოსლოში ასეთი რამ მოხდებოდა".”

თვითმხილველის ნაამბობიდან

აფეთქებას 8 კაცის სიცოცხლე შეეწირა (ერთი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა). დაიჭრა 91 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე მთავრობის წევრი, პრემიერ-მინისტრი არ დაზიანებულა.

ოსლოს ცენტრში მომხდარი ტერაქტი იმდენად მასშტაბური იყო, რომ ქვეყნის პოლიციამ განგაში გამოაცხადა...

საათ-ნახევრის შემდეგ დედაქალაქიდან 30 კილომეტრში, კუნძულ უტოიაზე (კუნძულს მხოლოდ 700 მეტრი აშორებს მატერიკიდან), სადაც მუშათა პარტიის ახალგაზრდულ ბანაკში 800-მდე მოზარდი იმყოფებოდა (მათი უმრავლესობა ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებიდან გახლდათ, მათ შორის ორი ქართველი გოგონაც იყო), პოლიციისფორმიანი მამაკაცი გამოჩნდა. პირველი, ვინც "სტუმარს" შეხვდა, კუნძულის ზედამხედველი ქალბატონი იყო. პოლიციელმა მას მოწმობა წარუდგინა და უთხრა, რომ ოსლოში მომხდარის გამო უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად კუნძულზე ინსტრუქტაჟისთვის ჩამოვიდა. მასპინძელმა ოსლოში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი ამბები გამოჰკითხა, მაგრამ როდესაც პოლიციელის არადამაჯერებელი და დაბნეული პასუხები მოისმინა, ყოყმანი დაეტყო. მოულოდნელად ის ერთი გასროლით მოკლეს. შემდეგ პოლიციელმა ახალგაზრდები საკონფერენციო დარბაზში შეკრიბა. რადგან უცნობს პოლიციელის ფორმა ეცვა, ახალგაზრდებს არაფერი უეჭვიათ. ამასობაში, საკონფერენციო დარბაზში შეკრებილთ პოლიციელმა სროლა აუტეხა...

"ჩვენ სასადილოსკენ მივდიოდით და ვსაუბრობდით ოსლოში მომხდარ აფეთქებაზე. მოულოდნელად დავინახეთ -  ხალხი დამფრთხალი გარბოდა წყლისკენ. ჯერ გვეგონა, - ვიღაც ასაფეთქებელი ბურთულებით ერთობაო, მაგრამ ზოგი სად გარბოდა, ზოგი სად, ზოგიც წყალში ხტებოდა, ლოდებს ეფარებოდნენ... ჩვენც ტყისკენ გავიქეცით და კლდეს ამოვეფარეთ. კარგად დავინახე მკვლელი. მან ჩვენს დევნაში პირველსავე შემხვედრ გოგონას ესროლა, როდესაც ის წაიქცა, თავზე დაადგა და ჩასძახა, - "ძილი ნებისა!" და კიდევ ესროლა. გვესმოდა, როგორ ეუბნებოდა ამ სიტყვებს სხვებსაც და მერე კლავდა...

ტერორისტმა, რომელიც მოზარდებს უმოწყალოდ ხოცავდა, მხოლოდ ორი  ახალგაზრდა დაინდო. ერთი 11 წლის ბიჭი, რომელსაც მამა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და მეორე, რომელიც დაჩოქილი ემუდარებოდა, - არ მომკლაო...

როდესაც უტოიაზე სროლის ხმა გაისმა, კონტინენტზე - სანაპიროზე მცხოვრებლებმა და ტურისტებმაც გაიგონეს. ისინი ცდილობდნენ, გადარჩენილი ბავშვები წყლიდან ამოეყვანათ.

ტერორისტი ჩვენც გვესროდა, როდესაც წყალში მოფართხალე ბავშვების ამოყვანას ვლამობდით. სამწუხაროდ, ყველას დახმარება ვერ შევძელით. კარგად მახსოვს რამდენიმე მოზარდი, რომლებიც თანატოლებს ამხნევებდნენ და ჩვენ გვთხოვდნენ, - ჩვენ კი არა, ჯერ დაჭრილებს მიხედეთ. ისინი ნაპირამდე გამოცურვას ვერ შეძლებენო... ის ბავშვები ჩვენთვის მაგალითის მომცემნი იყვნენ".”

ფინელი ტურისტის ნაამბობიდან

ახალგაზრდულ ბანაკში ტერორისტის შეჩერება თავიდან უიარაღო დაცვის თანამშრომელმა სცადა, რომელიც უმალ მოკლა (ის ქვეყნის კრონპრინცესას ნახევარძმა აღმოჩნდა), შემდეგ მკვლელს ორი ჩეჩენი მოზარდი (ნორვეგიაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები) დაუპირისპირდა - ქვების სროლა დაუწყეს - ფიქრობდნენ, რომ ამით მას წონასწორობას დააკარგვინებდნენ და შემდეგ დაიჭერდნენ კიდეც. მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ისინი საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვა მოზარდებს ეხმარებოდნენ. თვითმხილველების ნაამბობით, ჩეჩენმა მოზარდებმა 23 ადამიანი გადაარჩინეს ტყვიას (ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რუსლან კადიროვმა ისინი გმირებად გამოაცხადა). ამ ფაქტის გამო უტოიაზე გადარჩენილმა 16 წლის ივან ბენჯამინ ოსტებომ უკვე დაკავებულ ტერორისტს, ბრეივიკს ღია წერილით მიმართა, - "გინდათ, რაინდის პოზაში მოგვევლინოთ, მაგრამ თქვენ გმირი არ ხართ. სამაგიეროდ, თქვენი წყალობით გმირები აღმოვაჩინეთ, უტოიაზე ბევრი თავდადებული ადამიანი ვნახე".

დაკავებისას ტერორისტს წინააღმდეგობა არ გაუწევია. მხოლოდ ორი სიტყვა თქვა,  "მე დავამთავრე".”სისხლიან სასაკლაოს გადაურჩა ნათია ჩხეტიანი, ხოლო დაღუპული თამთა ლიპარტელიანის ცხედარი მხოლოდ 5-დღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. მას ზურგში ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. სულ უტოიაზე 76 კაცი დაიღუპა. გამოძიების პირველი დღიდანვე გაჩნდა კითხვა, - იყო თუ არა მარტო ბრეივიკი?

"გადარჩენილი მოზარდები ამბობენ, რომ მას კიდევ ერთი თანამზრახველი ახლდა. ის იყო დაახლოებით 180 სმ სიმაღლის მუქთმიანი ახალგაზრდა, ტიპური ნორვეგიელი. მას პოლიციელის ფორმა არ ეცვა. ისინი ჩქარობდნენ, თითქოს დრო არ ჰქონდათ, ეს მუქთმიანი გაშმაგებით ყვიროდა, თუმცა მკვლელი მშვიდად იყო, მგონი, თან მუსიკას უსმენდა (საუნტრეკი ფილმიდან "ბეჭდების მბრძანებელი" - "ორი ციხესიმაგრე". - ავტ.)”."

მეთ კრისტისენი, თვითმხილველი

როდესაც ნორვეგიელებმა გაიგეს, რომ  22 ივლისის ტერაქტების მომწყობი ვინმე ფანატიკოსი შაჰიდი კი არა, ნორვეგიელი ქრისტიანი ანდრეას ბერინგ ბრეივიკი იყო, თავზარი დაეცათ. მოსახლეობა აღშფოთებული იყო სამართალდამცავი სტრუქტურების არაადეკვატური მუშაობით. ნორვეგიაში, რომელიც  ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს ლიდერობს, ორმა ტერაქტმა პოლიციის სამსახურების სრული პარალიზება გამოიწვია, მთელი ძალები ოსლოში, აფეთქების ზონაში (სამთავრობო კვარტალში) იყო მობილიზებული, ამიტომ  შვეულმფრენიც ვერ მოინახა კუნძულზე დროულად წასასვლელად. ნავი, რომლითაც პოლიცია უტოიაზე გადასვლას ცდილობდა, ჩაიძირა, სხვა ნავებს კი ისინი დაახლოებით 15 წუთი ეძებდნენ. ამან საშუალება მისცა ტერორისტს (თუ ტერორისტებს), ერთი საათის განმავლობაში ხალხი უმოწყალოდ დაეხოცა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების შესაქმნელად მან 6 ტონამდე მინერალური სასუქი გამოიყენა, რის გამოც ბანკიდან კრედიტით დაახლოებით 30.000  ევრო გამოიტანა. ბრეივიკი ტერაქტებს შემოდგომაზე გეგმავდა, სწორედ იმ დროს, როდესაც ბანკები გადაუხდელობის გამო მის ქონებას დააყადაღებდნენ...

მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტის ვინაობა უკვე ცნობილი იყო, 24 ივლისს ტერორისტულმა ორგანიზაცია "გლობალურმა ჯიჰადმა" განცხადება გაავრცელა და მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო. მედიაში გაჩნდა ეჭვი ტერაქტებში მუსლიმანური კვალის შესახებ. ამ ეჭვს ისიც აძლიერებდა, რომ ტერაქტებამდე რამდენიმე დღით ადრე კადაფიმ განაცხადა, რომ ევროპის წინააღმდეგ შურისძიების აქციებს იწყებს. ცნობილია, რომ სწორედ ნორვეგიული F-16-დან ნასროლმა რაკეტამ შეიწირა კადაფის ვაჟისა და სამი შვილიშვილის სიცოცხლე.

ნორვეგიელის”სასამართლო პროცესი 2012 წლის 16 აპრილს დაიწყო. სასამართლოზე ტერორისტმა განაცხადა, რომ კუნძულ უტოიაზე 4 სამთავრობო ელიტის წევრის (მათ იმ დღეს სტუმრად ელოდნენ) და მხოლოდ 18 წლის ახალგაზრდების დახოცვა უნდოდა (?!). გარდა ამისა, განსასჯელი აცხადებდა, რომ მასობრივი ხოცვა-ჟლეტისთვის მორალურ მზადებაში კომპიუტერული თამაში ეხმარებოდა (ეს თამაში ბრეივიკის ამ განცხადების შემდეგ ონლაინთამაშების ლიდერი გახდა და  მას უკვე 25 მილიონი მომხმარებელი ჰყავს(!), ხოლო ტერაქტების დაგეგმვის ტაქტიკა  გადაიღო "ალ-ქაიდასგან", რომელიც, მისივე თქმით, ყველაზე სრულყოფილი ტერორისტული ორგანიზაციაა.

2012 წლის ზამთარში მედიაში გავრცელდა ფრაგმენტები ФСБ-ს გამაოგნებელი ანგარიშიდან, რომელმაც შეიძლება თავდაყირა დააყენოს ნორვეგიის ტერაქტების გამოძიება. მასში ნათქვამია, რომ 22 ივლისს, სასაკლაომდე ორი დღით ადრე, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იენს სტოლოტონბერმა დაურეკა პუტინს და მოსალოდნელი ტერაქტების აღკვეთაში დახმარება სთხოვა, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ეს ამბავი მაშინ შეიტყო, როდესაც ქვეყნის სადაზვერვო სამსახურმა წარუდგინა ანგარიში, გრიფით "საიდუმლო".

ანდრეას ბრეივიკის სასამართლო პროცესს საქართველოშიც დიდი მღელვარებით ადევნებენ თვალს. თამთა ლიპარტელიანის მშობლები მკვლელისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვენ... წინა კვირას მართლმსაჯულების წარმომადგენლებმა მოსახლეობა დაარწმუნეს, რომ ბრეივიკი ციხიდან არასოდეს გამოვა, თავად განსასჯელი კი მშვიდად აცხადებს: "რაც ჩავიდინე, საშინელებაა, მაგრამ აუცილებელი იყო".