გიორგი სანაიას მკვლელობის ძველი და ახალი გარემოებები - კვირის პალიტრა

გიორგი სანაიას მკვლელობის ძველი და ახალი გარემოებები

ჟურნალისტური გამოძიება

რატომ მიაჩუმათა ახალმა ხელისუფლებამ გიორგი სანაიას საქმე?

"სანაიას საქმესთან დაკავშირებული არსებითი გარემოებები მოწმეებთან ერთად თანდათან ქრება"

26 ივლისს შესრულდა ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის 11 წელი. ამ ხნის განმავლობაში შეიცვალა ხელისუფლება და შეიცვალა მედიაც, ახალმა ხელისუფლებამ ძველის მიმართ ზოგიერთ საკითხში უკომპრომისობა გამოიჩინა და ლამის სამარცხვინო გახადა შევარდნაძის დროის ადამიანის სახელი. დაგმობის პოლიტიკა მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ საკითხებს არ შეეხო. მათ შორის - ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეს. ჟვანია-სააკაშვილის მაშინდელ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელმაც მკვლელობიდან ორი წლის შემდეგ ხელისუფლების ყველა ბერკეტი აიღო ხელში, არასდროს დაუსახელებია ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების საწინააღმდეგო ბრალდებებს შორის ჟურნალისტის მკვლელობა. ოფიციალურად ერთხელაც არ შეუფასებია გამოძიებაში დაშვებული დარღვევები, არ გამოუთქვამს აზრი მკვლელობის ალტერნატიულ ვერსიებზე, რომლებიც, სერიოზული არგუმენტების მიუხედავად, წინამორბედმა ხელისუფლებამ მთლიანად უარყო.

2003 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რამდენჯერმე შევეცადეთ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან სანაიას მკვლელობის თემაზე გვესაუბრა, რასაც მხოლოდ პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია გამოეხმაურა - ამ საკითხზე მუშაობის დრო ჯერ არ დამდგარა, მაგრამ აუცილებლად დადგებაო. შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა და ჟვანიას გარდაცვალებამ ცხადი გახადა, რომ სანაიას მკვლელობის საქმის გადასინჯვის პერსპექტივა იკარგებოდა.

რატომ მიაჩუმათა ახალმა ხელისუფლებამ ეს საქმე? ჩვენი აზრით, ამ კითხვაზე პასუხი ჩანს იმ დეტალებით, რომლებიც მკვლელობას უშუალოდ უკავშირდება. ვგულისხმობთ 26 ივლისის საქმესთან დაკავშირებულ არსებით გარემოებებს, რომლებიც მოწმეებთან ერთად თანდათან ქრება.

პირველი გარემოება, რომელიც სანაიას მკვლელობას პირდაპირ ადებდა პოლიტიკურ "სანქციას" და რომელზე საუბარიც მიზანმიმართულად იბლოკებოდა, არის მკვლელობის დროითი კავშირი ხელისუფლებისთვის სწორედ მაშინ დაწყებულ ურთულეს პოლიტიკურ ბრძოლასთან, რომელშიც მედია ლიდერების გვერდით იდგა და როგორც პოლიტიკურ ცენტრებს შორის ინფორმაციით ბრძოლის იარაღი, მძლავრი ანგარიშგასაწევი ძალა გახლდათ. უპირველესად ეს ხდის საეჭვოს მედიის ცნობილი წარმომადგენლის მკვლელობის მოტივად შემთხვევითობის გამოცხადებას. მით უმეტეს, რომ ქართველი ჟურნალისტის მკვლელობამდე და მას შემდეგაც პოსტსაბჭოთა სივრცეში რამდენიმე ჟურნალისტის მკვლელობა ანალოგიურ  ვითარებაში მოხდა, ანუ მაშინ, როცა მედია იწყებდა ხმაურს ხელისუფლების წარმომადგენელთა ეკონომიკურ, სამხედრო თუ სხვა ორგანიზებულ და სისტემურ დანაშაულში მხილებისთვის. არ იგულისხმება მხოლოდ გიორგი ღონღაძის საქმე უკრაინაში ან პოლიტკოვსკაიას მკვლელობა მოსკოვში. გიორგი სანაიამდე სამი წლით ადრე რუსეთში მოკლეს ჟურნალისტი ლარისა იუდინა, რომელსაც ხელთ ჰქონდა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ჩადენილი ეკონომიკური დანაშაულის მამხილებელი მასალები. მკვლელობის შემდეგ მასალა გაქრა; იუდინა კი, როგორც მოგვიანებით სანაია, საყოფაცხოვრებო მოტივით მოკლულად გამოაცხადეს. ცოტა ადრე მოკლეს "მოსკოვსკი კომსომოლეცის" თანამშრომელი დმიტრი ხოლოდოვი, რომელიც რუსეთის არმიის მაღალჩინოსნების სამხედრო-ეკონომიკურ დანაშაულს სწავლობდა. მის მიერ მოპოვებული მასალები მკვლელობის შემდეგ დაიკარგა, სისხლის სამართლის საქმე კი შეწყდა.

კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ასევე სანაიას მკვლელობის შემთხვევითობას ეწინააღმდეგება და არავის გაუთვალისწინებია, მაშინდელ მედიაზე გავლენის მოსაპოვებლად გაჩაღებული ფინანსური და პოლიტიკური ბრძოლა და ცნობილი ჟურნალისტების გადასაბირებლად პოლიტიკური ცენტრებიდან გაღებული დიდი ფინანსებია, რაც მედიას, როგორც ინსტიტუციას ან ჟურნალისტებს, ამ პოლიტიკური ცენტრების პიარზე ამუშავებდა. მათ შორის "რუსთავი 2"-ს, სადაც სანაია ყველაზე რეიტინგულ ჟურნალისტად მიიჩნეოდა.

ეს მანამდე ხდებოდა, სანამ ამ მედიაორგანიზაციის აქციების სრულ პაკეტს ცნობილი პოლიტიკური ჯგუფი დაეპატრონებოდა. "რუსთავი 2"-ის”გენერალური დირექტორი ეროსი კიწმარიშვილი, სანაიას მკვლელობიდან რამდენიმე დღეში პარტნიორთა საბჭოს სხდომაზე გადააყენეს თანამდებობიდან და ამავე კრების გადაწყვეტილებით, აქციათა პაკეტის ერთი ნაწილი საინფორმაციო სამსახურის უფროს, ნიკა ტაბატაძეს გადასცეს, რომლისგანაც მოგვიანებით აქციები ჟვანია-სააკაშვილის პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა გადაიბარეს, თავად ტაბატაძე კი საზღვარგარეთ გაისტუმრეს. ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც ქართველ პარტნიორებთან ერთად კბილს უსინჯავდა რუსული კაპიტალის მფლობელებთან ურთიერთობასაც და რამდენჯერმე მიიღო კიდეც მასთან საგანგებოდ ჩამოსული ბერეზოვსკის ჯგუფის წევრები, საბოლოოდ მაშინ თანხმდება პარტნიორად ჟვანიას ჯგუფის არჩევაზე, როცა ეს უკანასკნელი სასამართლო რეფორმის გასაშუქებლად საქართველოსკენ დაძრული მძლავრი მედიაგრანტების ფაქტობრივი განმკარგავი ხდება.

იქამდე კი კიწმარიშვილი-ჟვანიას ურთიერთობას დროებით აფუჭებს ის, რომ ახალგაზრდა "მოქალაქეები" საჭირო თანადგომას ვერ უწევენ "რუსთავი 2"-ის”მოთხოვნას, არხი უკეთეს სიხშირეზე გავიდეს. ტელეკომპანიის ყოფილი წარმომადგენლები დღეს ჰყვებიან, რომ მაშინდელი ტელევიზიის შეფი თანამშრომლებთანაც არ მალავდა ჟვანია-სააკაშვილის ჯგუფის მიმართ წყენას, რაც იმით დამთავრდა, რომ ამ გუნდთან პოლიტიკური ურთიერთობა არხმა შეწყვიტა და, სამაგიეროდ, ფინანსურ-პოლიტიკური პარტნიორობა გააძლიერა ბათუმის პოლიტიკურ ცენტრთან. როგორც ტელეკომპანიის ყოფილი თანამშრომლები იხსენებენ, "მაშინ თავად ტელევიზიაში არხს ხუმრობით "ასლანის არხსაც" კი ეძახდნენ.“ეს იყო 1999 წლის საარჩევნო კამპანიის დასაწყისი. საეთერო დროის უმეტესი ნაწილი აბაშიძესა და მისი გუნდის წევრებს ეთმობოდათ. არხის ხელმძღვანელებსა და წამყვან ჟურნალისტებს აბაშიძე პირადად იწვევდა სტუმრად ბათუმში. მასთან ყველაზე ხშირი და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ საინფორმაციოს უფროსს, ნიკა ტაბატაძეს და "კურიერის" წამყვან გიორგი სანაიას, რომელიც ამ დროს უკვე არხის სახედ ითვლებოდა", - იხსენებენ "რუსთავი 2"-ის”ყოფილი თანამშრომლები. როგორც აღვნიშნეთ, არხი ძველ პარტნიორებთან, ჟვანია-სააკაშვილის ჯგუფთან, მსოფლიო ბანკის რამდენიმემილიონიანმა გრანტმა დააბრუნა. თუ აქამდე გრანტების განკარგვის სათავესთან ჟვანია-სააკაშვილის ჯგუფთან ერთად თემურ ბასილიას ჯგუფიც მოიაზრებოდა, ჟვანიამ კონკურენტი გუნდი ნელ-ნელა გაიყვანა არენიდან - დაიწყო საჯარო კამპანია, რომელიც ბასილიას გრანტების არამიზნობრივ ხარჯვასა და მართული მედიის შექმნაში ამხელდა. ამას ჟვანიას ჯგუფი უკვე "რუსთავი 2"-ის” ხელით აკეთებდა, რომელიც მეორე ხელით პირად ანგარიშზე ირიცხავდა "მედიის განვითარებისთვის" ჟვანიას მიერ ვიზირებულ საერთაშორისო ფულს.

ტელეარხის ერთი ფინანსურ-პოლიტიკური პარტნიორიდან მეორის ხელში გადასვლა ერთბაშად ვერ შლიდა არხის წარმომადგენელთა პირად კონტაქტებს ძველ პარტნიორებთან. ყოველ შემთხვევაში, აბაშიძის გუნდის წევრებთან ურთიერთობის გაგრძელების გამო გიორგი სანაიას ხშირად საყვედურობდა როგორც თავისი შეფი, ასევე შეფის შეფი. ცნობილია, რომ რამდენიმე ჟურნალისტი გახდა ამ თემაზე ჟვანიასა და სანაიას სერიოზული კამათის მოწმე. თანამშრომლები იხსენებენ იმასაც, რომ აბაშიძისგან ჟვანიასთან მიბრუნებული კიწმარიშვილიც ხშირად გამოხატავდა უკმაყოფილებას ბათუმთან სანაიას მეგობრობის გაგრძელების გამო. "კიწმარიშვილსა და სანაიას განსაკუთრებით ბოლო დროს ძალზე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, რის შესახებაც ხშირად ჩიოდა გიორგი ჩვენთან",”- იხსენებენ "რუსთავი 2"-ის” ყოფილი თანამშრომლები.

ბათუმთან სანაიას თვითნებური მეგობრობის თვალსაზრისით საინტერესოა ბათუმში მისი უკანასკნელი ვიზიტი მკვლელობამდე სამი დღით ადრე, რომლის შესახებ, როგორც ტელეკომპანიის მაშინდელი ხელმძღვანელები ჩვენთან საუბარში აცხადებდნენ, არაფერი იცოდნენ. ამ ვიზიტის ამბავი გაირკვა მხოლოდ ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ. ბათუმში გიორგის დაუგეგმავ ვიზიტს ადასტურებენ გიორგის მეუღლე ხათუნა ჩხეიძე და ბათუმში გიორგისთან შემთხვევით შეხვედრილი ჟურნალისტები, რომლებმაც იგი კაფე "ბუნგალოში" ასლან და მურად სმირბებთან, უშიშროების სამსახურის უფროს სოსო გოგიტიძესა და გიორგი თარგამაძესთან ერთად ნახეს. თავად თარგამაძე და სმირბები ამ შეხვედრის შესახებ დიდხანს დუმდნენ. თუმცა სასამართლოს ასლან სმირბამ საბოლოოდ მაინც მისცა წერილობითი ჩვენება ბათუმიდან. აღიარებდა სანაიასთან საქმიან შეხვედრას, აგრეთვე იმას, რომ სანაია ბათუმში პირადად მისი თხოვნით ჩავიდა და მისივე თხოვნით, ეს "რუსთავი 2"-ის” ხელმძღვანელებს არ უნდა სცოდნოდათ. სმირბას თქმით, ბათუმში გიორგი სანაიას მან "რუსთავი 2"-ის” ეთერიდან მისთვის აუცილებელი განცხადების გაკეთებაში ხელშეწყობა სთხოვა.

მესამე და მთავარი გარემოება, რომელიც სანაიას მკვლელობის არაშემთხვევითობაზე დაგვაფიქრებს, არის პანკისის ხეობაში მაშინ მიმდინარე მოვლენები, რომელთა მიმართაც გიორგი სანაიას პროფესიული ინტერესი ჰქონდა. მისი თითქმის ყველა იმდროინდელი გადაცემა ამ თემას ეძღვნებოდა. ერთ-ერთ უკანასკნელ გადაცემაში სანაია პირდაპირ ეთერში ჩაერთო პანკისიდან. მის კითხვებს ნარკობიზნესის ადგილობრივი წარმომადგენელი ვეფხია მარგოშვილი პასუხობდა. სტუდიაში მიწვეული იყვნენ პარლამენტის წევრი ელენე თევდორაძე და პანკისისხეობელი მექა ხანგოშვილი. ვეფხია მარგოშვილმა პირდაპირ ეთერში თქვა: - გიორგი, თუ მართლა გაინტერესებს, რა ხდება პანკისში, ეთერს მიღმა ვილაპარაკოთო. გიორგი სანაია ასევე პირდაპირ ეთერში დათანხმდა მარგოშვილის წინადადებას და მიიღო დაპირება, რომ მარგოშვილთან კონტაქტის დამყარებაში ელენე თევდორაძე დაეხმარებოდა. თევდორაძემ გვიან, მაგრამ მაინც აღიარა ჩვენთან საუბარში, შემდეგ სასამართლოს წინაშეც განაცხადა, რომ გიორგი სანაიას პირადად გადასცა პანკისიდან მარგოშვილის მიერ გამოტანებული ვიდეოკასეტა, რომელიც, როგორც თვითონ არაერთხელ უთქვამს, არ უნახავს. თევდორაძემ დაასახელა ადგილი და ადამიანებიც, სადაც და ვისი თანდასწრებითაც სანაიას კასეტა გადასცა - პარლამენტის ფოიეში, მკვლელობის დღეს, ჟურნალისტ ირმა ნადირაშვილის თვალწინ. ამ უკანასკნელმა ეს ფაქტი დაადასტურა. ელენე თევდორაძემ დაასახელა მიზეზიც, რატომ აღელდა კასეტის გადაცემიდან მეორე დილას, როდესაც სანაია უკვე აღარ პასუხობდა მის ზარებს. თევდორაძემ იცოდა, რომ ჟურნალისტთან სახიფათო ინფორმაცია გამოატანეს. კასეტის ფაქტორს სანაიას მკვლელობის საქმეში კიდევ უფრო დამაინტრიგებელს ხდის ის, რომ სასამართლომ არ უპასუხა კითხვას: სად წავიდა პანკისიდან ჩამოტანილი კასეტა სანაიას მკვლელობის შემდეგ, თუნდაც ეს მკვლელობა არაფრით ყოფილიყო დაკავშირებული მასთან?

აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება, რისი დადასტურებაც პანკისის მაშინდელ პრობლემებზე მომუშავე ჟურნალისტებს დღესაც შეგვიძლია: ზემოხსენებული "კურიერის" ეთერში გასვლიდან რამდენიმე საათში გაიცა პრეზიდენტის საგანგებო ბრძანებულება: "ჩაიკეტოს ხეობა ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსებისთვის კახა თარგამაძის სპეციალური საშვის გარეშე". ამ ბრძანებულების გაცემის დროს ზუსტად იხსენებს ყველა ჟურნალისტი, რომლებიც მანამდე დაუბრკოლებლად შედიოდნენ ხეობაში, "კურიერის" ეთერში გასვლის შემდეგ კი, რომელშიც ქისტმა დამნაშავემ საჯარო შანტაჟი მოაწყო, ეს შესაძლებლობა მოესპოთ... ფაქტი კი არა მხოლოდ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას სიფრთხილის ზომები გააძლიერებინა სწორედ "რუსთავი 2"-ის ჩართვამ პანკისის პრობლემის კვლევაში, არამედ ხსნის იმასაც, რატომ დასჭირდა ვეფხია მარგოშვილს კასეტაში ჩაწერილი ინფორმაციის ელენე თევდორაძისთვის გამოტანება.

კიდევ ერთი გარემოება, რომელიც აძლიერებს სანაიას მკვლელობაში პანკისის თემისა და ნარკობიზნესის მონაწილეობის ვარაუდს: ხეობიდან კასეტის სანაიასთვის გამოგზავნის ფაქტს ჰყავდა კიდევ ერთი უტყუარი მოწმე, რომელიც სანაიას მკვლელობიდან რამდენიმე ხნის შემდეგ მოკლეს. ეს გახლდათ თავად პანკისელი დამნაშავე ვეფხია მარგოშვილი, რომელმაც ფაქტი პირადად დაადასტურა გაზეთ "ახალ 7 დღესთან" სატელეფონო საუბარში სანაიას მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ. მარგოშვილი გაზეთს შეჰპირდა, რომ კასეტის ასლს გამოუგზავნიდა უახლოეს დღეებში მისთვის სანდო ადამიანების ხელით ("ახალი 7 დღე", 19-25 ოქტომბერი, 2001 წელი; "ახალი 7 დღე", 2-8 ნოემბერი, 2001 წელი).  ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში მარგოშვილი მოკლეს - საკუთარ ეზოში დისტანციური მართვის ბომბით ააფეთქეს. კასეტის ასლმა თბილისში ვერ ჩამოაღწია. თუმცა ზემოხსენებული სატელეფონო საუბრისას მარგოშვილმა მოასწრო ჟურნალისტებისთვის იმის მიახლოებით თქმა, რა იყო ჩაწერილი კასეტაზე. მისი თქმით, დასახელებული იყო პოლიციის მაღალჩინოსანთა გვარები, ყველა ძალოვანი უწყების მინისტრთა გვარები, რომლებიც პანკისის ნარკოდერეფნის მაკონტროლებლები იყვნენ და პანკისელ პარტნიორებთან ჩეჩნეთიდან დაძრული საქონლის”წილების გაყოფაზე ჰქონდათ დავა.

ამ ფაქტებს ლოგიკურად აკავშირებს კიდევ ერთი გარემოება, რომელზეც იმ დღეებში მხოლოდ ექსპერტთა და ჟურნალისტთა ვიწრო წრე საუბრობდა და დღემდე არ გამხდარა განსჯის საგანი - სანაიას მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე  გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში" გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ბათუმის პორტის გავლით სოხუმისკენ გაემართა ბარჟა, რომლითაც ნარკოტიკების დიდი პარტია გადაჰქონდათ. თბილისსა და ბათუმს შორის პოლიტიკური დაძაბულობის აქტიურ ფაზაში ჯერ კიდევ სანაიას მკვლელობამდე ივარაუდეს ექსპერტებმა, რომ თბილისის ამ სამხილს ბათუმის მხრიდან კონტრსამხილი უნდა მოჰყოლოდა. Aამიტომ მიგვაჩნია ძალზე მნიშვნელოვნად სწორედ ასეთ ვითარებაში ბათუმში სანაიას გამოძახება სმირბების მიერ, რომლებიც ნარკობიზნესში აჭარის სექტორის მაკონტროლებლებად იყვნენ ცნობილი. მით უმეტეს, რომ თვითმხილველთა თქმით, შეხვედრას ნარკოსაქმიანობასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ადგილობრივი სახე ესწრებოდა - უშიშროების სამსახურის უფროსი სოსო გოგიტიძე, რომელთანაც სანაიას მანამდე არ ჰქონია არც საქმიანი და არც მეგობრული ურთიერთობა.

ბათუმის პოლიტიკურმა ცენტრმა, რომელზეც მაშინ არაერთი თბილისელი ჟურნალისტი მუშაობდა, რა თქმა უნდა, მშვენივრად იცოდა, რომ ცენტრალური ხელისუფლების პანკისურ ნარკოსაქმიანობაში მონაწილეობის მხილება შეეძლოთ პანკისელ კრიმინალებს, მათ, ვინც სანაიას ნდობა გამოუცხადეს და სკანდალური ფაქტების გადაცემას შეჰპირდნენ. პრესაში ამ ვერსიის გამოთქმას ბათუმიდან ასლან სმირბას მუქარა მოჰყვა - გაზეთ "ახალ 7 დღეს" ვერსიის ოფიციალური უარყოფა მოსთხოვა. სწორედ მაშინ აღიარა პირველად სმირბამ, რომ სანაია ბათუმში მართლაც მისი თხოვნით ჩავიდა, მაგრამ საუბარი შეეხებოდა "რუსთავი 2"-დან”მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი განცხადების გასაკეთებლად ეთერში გასვლას.

ნახსენებ გარემოებათა გარდა, რომლებიც მკვლელობასთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ფონს აღწერენ, მრავლისმეტყველია უშუალოდ 25 ივლისისა და 26 ივლისის ღამეს, გიორგი სანაიას სიცოცხლის უკანასკნელ დღეს, მომხდარი ფაქტების ქრონიკაც, რომლებიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა არ ჩათვლილიყო მნიშვნელოვნად, სულ რამდენიმე საათში მკვლელობა რომ არ მოჰყოლოდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ სასამართლომ არც ერთი ამ ფაქტთაგანი არ მიიჩნია საინტერესოდ, თუმცა სასამართლოზე უკლებლივ ყველა მოწმე გამოცხადდა და მართლმსაჯულებას ამცნო მკვლელობამდე მომხდარი რამდენიმე საეჭვო ფაქტი...

ფაქტი პირველი: გიორგი სანაიას ერთ-ერთი თანამშრომლის მტკიცებით, რომელთან ერთადაც გიორგიმ იმ დღეს შესვენებაზე ისადილა, სანაია კაფეში ვიღაცას საგულდაგულოდ ემალებოდა. მან სთხოვა თანამშრომელს, - ისე დაჯექი, რომ კაფეში შემოსულებმა ვერ დამინახონო.

ფაქტი მეორე: გიორგი სანაიას სახლში ვიღაც იმყოფებოდა დაახლოებით ღამის 11 საათზე ან როცა 11-ს რამდენიმე წუთი აკლდა, - მაშინ, როცა თავად სანაია ტელევიზიაში იყო და "ღამის კურიერში" გასასვლელად ემზადებოდა, ხოლო მეუღლე და შვილი ბაკურიანში დასასვენებლად ჰყავდა გაშვებული. სახლის წინ მჯდარმა პურით მოვაჭრე ნათელა ქართველიშვილმა დაინახა, რომ სანაიას სახლში რამდენჯერმე იმ დროს აინთო და ჩაქრა შუქი, როცა შინ ოჯახის წევრები არ უნდა ყოფილიყვნენ.

ფაქტი მესამე: მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე სანაიამ აღმოაჩინა, რომ დაკარგა სახლის გასაღები. ეს მოხდა ღამის 2 საათსა და 8 წუთიდან 2 საათსა და 17 წუთამდე შუალედში, ზუსტად 9  წუთის შემდეგ კი ფიქსირდება გიორგის ზარი სიდედრთან, რომელსაც სთხოვს, რამდენიმე წუთში გაუთოებული პერანგების წასაღებად გამოვივლი და გასაღების მეორე ეგზემპლარი დამახვედრეთო.

ფაქტი მეოთხე: სანაიამ დაახლოებით ღამის სამის ნახევარზე მოულოდნელად შეცვალა გადაწყვეტილება და, სახლთან მისული, სასწრაფო საქმეზე გმირთა მოედანზე მიბრუნდა. აქ იგი კინომცოდნე გიორგი გვახარიამ ნახა. გვახარიას ჩვენებას ამყარებს ის, რომ სიდედრისგან სულ რამდენიმე მეტრში მდებარე სახლში წასულ სანაიას შინ მისულს მხოლოდ საათ-ნახევრის შემდეგ, ღამის 4 საათზე ნახულობენ მეზობლები და ავტოსადგომის დარაჯები. ამ საათ-ნახევრის განმავლობაში გიორგის ერთადერთი ადამიანი ნახულობს და ისიც - სახლიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ქალაქის იმ ნაწილში, რომელიც ცოტა ხნის წინ სახლისკენ მიმავალმა სანაიამ უკვე გაიარა. გვახარია სანაიას ნახულობს მისთვის უცნობ ადამიანთან ერთად, რომლის გარეგნობა სრულიად განსხვავდება მოგვიანებით სასამართლოს მიერ მკვლელობაში ბრალდებულის გარეგნობისგან. ამის შემდეგ, ღამის 4 საათზე, მეზობლები და ავტოსადგომის დარაჯები უკვე ნახულობენ შინ მისულ გიორგის, რომელიც მარტოა.

ფაქტი მეხუთე: გიორგი სანაიას მკვლელობის შემდეგ მის მობილურ ტელეფონს მისსავე კუთვნილ ავტომანქანაში პოულობენ, რაც, სანაიას მეუღლის მტკიცებით, წარმოუდგენელია: - კიდეც რომ დარჩენოდა მობილური მანქანაში, მის ასაღებად თუნდაც ნახევრად მძინარე ჩავიდოდაო.”ეს ფაქტი ხსნის ზემოთ გამოთქმულ ვერსიას, რომ გმირთა მოედანზე სანაია, შესაძლოა, სასწრაფო სატელეფონო ზარით გამოიძახეს. ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ მკვლელმა მოახერხა არასასურველი ზარის წაშლა ტელეფონში, რომელიც მისსავე მანქანაში დატოვა, მანქანაში კი უკვე სანაიას სახლიდან წამოღებული გასაღებით შეაღწია.

ეს გარემოებები მხოლოდ ერთი ნაწილია იმ რეალობისა, რომელიც ჯერ შევარდნაძის ხელისუფლებამ გააყალბა მართლმსაჯულების სახელით, შემდეგ კი სააკაშვილის ხელისუფლებამ გააგრძელა მისი იგნორირების პოლიტიკა. სულ უფრო ნაკლები შანსი რჩება იმისა, რომ ოდესმე გაირკვეს, ვინ და რატომ დაუკვეთა გიორგი სანაიას მკვლელობა. ერთმა ცნობილმა კრიმინალისტმა, სისხლის სამართლის სამძებროს ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც სანაიას მკვლელობიდან რამდენიმე წლის შემდეგ გარდაიცვალა, მაშინ განაცხადა: სააკაშვილის ხელისუფლება ერთადერთ შემთხვევაში არ ჩამოიღებს თაროდან სანაიას მკვლელობის საქმეს - თუ მკვლელობა რეალურად მოხდა ნარკობიზნესის სფეროდან გაჟონილი ინფორმაციის საფუძველზე. ეს ერთადერთია, რასთან შეხების პრეროგატივა არა აქვს არც ერთი ქვეყნის ხელისუფლებას. ყოველ ახალ ხელისუფლებას მხოლოდ ის აკავშირებს ამ სფეროსთან, რომ იგი აგრძელებს ძველის საქმეს. როცა კიდევ ერთხელ გავიხსენეთ და ერთმანეთის გვერდით დავალაგეთ მკვლელობის ყველა დეტალი, დავრწმუნდით, რომ ცნობილი კრიმინალისტის პასუხს კითხვაზე - რატომ არ ახორციელებს სამართლიან გამოძიებას სანაიას მკვლელობაზე - არსებობის უფლებას ნამდვილად აქვს.

ლია ტოკლიკიშვილი,

მაია გოგოლაძე