ალეკო ელისაშვილი: ომის დღიური - კვირის პალიტრა

ალეკო ელისაშვილი: ომის დღიური

ცხინვალის პირველი ომისა და აფხაზეთის ომის დროს პატარა ვიყავი. ამ ომებს ტელევიზიით, გაზეთებითა და თვითმხილველთა მონათხრობით ვიცნობდი. აფხაზეთში გაპარვის მცდელობაც მქონდა. გაპარვით ვერ გავიპარე, მაგრამ სანაცვლოდ მშობლები დავითანხმე, რომ სამხედრო აკადემიაში ჩაბარებაში ხელს არ შემიშლიდნენ (მანამდე მიშლიდნენ). საბოლოოდ, მიზეზთა გამო ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტის პოლიტოლოგიის სპეციალობაზე ჩავაბარე, შემდეგ ჟურნალისტი გავხდი.

მილიტარიზმის ჭია არასოდეს მასვენებდა. უნივერსიტეტის სამხედრო კათედრამ ნატამალი ცოდნა ვერ მომცა, ცოტა რეზერვში გავიხარე ეს ჭია (ომამდე ორჯერ ვიყავი 18 და 8-დღიან სარეზერვო შეკრებებზე). აგვისტოში ომის დაწყებისთანავე წავედი რეზერვისტების შეკრების ადგილას, მიუხედავად იმისა, რომ არ გამოვუძახებივართ. საოცარი ენთუზიაზმით წავედი, საოცარი შემართებით... ომის 4 დღის მანძილზე ეს ენთუზიაზმიცა და შემართებაც სრულიად გამიქარწყლდა. სრული უთავბოლობა, დანაშაულებრივი ქაოსი - ეს ვნახე ამ დღეების განმავლობაში. მოშლილი სახელმწიფოს გარდა წამხდარი ქართველი ბიჭების ნახვამ და საკუთარმა უმწეობამ დამთრგუნა. მეცვა ფორმა, მეჭირა ავტომატი და ვერაფერს ვაკეთებდი საქართველოსთვის. უფრო სწორად, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ომი უჩემოდ მოხდა, ომი უჩემოდ წავაგეთ. ომამდე თავი ლამის რემბოდ მიმაჩნდა, ომში და ომის მერე ბევრი რამ სხვაგვარად დავინახე. დანახულმა გადამაწყვეტინა ეს ყველაფერი დაწვრილებით დამეწერა. ამ ნაწერს 4 წელიწადი არ გავკარებივარ. 4 წელიწადი ვემალებოდი და ვმალავდი ამ დღიურებს. რომდემდე უნდა მემალა და დავმალვოდი?! ბოლოს გადავწყვიტე, გამომემზეურებინა და "კვირის პალიტრის" მეშვეობით თქვენც გთავაზობთ ჩემს მაშინდელ განცდებსა და თავგადასავალს.

ალეკო ელისაშვილი

7 აგვისტო, თბილისი

დილის (თუ ღამის) 4 საათზე ჩემმა ძმაკაცმა ბუნცუმ დამირეკა გერმანიიდან - რა ხდებაო... ნახევრად მძინარე ვუყვებოდი. ისე იყო აღელვებული, ლამის ნახევარი საათი მელაპარაკა... ტელეფონი გავთიშე და ისევ ჩამეძინა. შვიდის ნახევარზე დიტოს ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. შეშფოთებულმა მკითხა, - თუ გამოგიძახესო, რეზერვს გულისხმობდა. არა-მეთქი. ზურას დაურეკესო (დიტოს ძმა და მე ერთ სარეზერვო ოცეულში ვართ), 5 საათზე დარეკეს - სასწრაფოდ მოვიდეს "ლოკომოტივზეო". ავტობუსებში აჰყავთ, ვინც მივა და სადღაც მიჰყავთო. ზურა სად არის-მეთქი, სძინავსო, დედაჩემი ტირისო. ზურას ჯერ არ ვეუბნები, - ეძინოსო.

ავფორიაქდი - რატომ არ დამირეკეს-მეთქი. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მაინც წავალ. გავემზადე. დიტოს ერთი სამჯერ მაინც დავურეკე. ზურას ჯერ სძინავს და არ გავაღვიძებო. სვანეთში უნდა წავიდეთ, რა უნდა ომშიო. ახურებდა, როგორც იცის. ვუთხარი, - მე მივდივარ-მეთქი. ამასობაში ზურასაც გაუღვიძია და დამირეკა - "ლოკომოტივზე" შევხვდეთო. უკვე ზურგჩანთამოკიდებული ჩავდიოდი სოლოლაკში, ამაღლების ქუჩაზე. ხალხი ცოტა იყო, ყველა დაფიქრებული დადიოდა...

შინიდან გასვლის წინ რადიო "თავისუფლების" ბაქოს რედაქციიდან დამირეკეს, - პირდაპირ ეთერში ტელეფონით უნდა ჩაგრთოთ 15 წუთშიო. არ აინტერესებდათ, რომ ამ ამბავზე მათზე ნაკლები ვიცოდი. დავფაცურდი, ტელევიზორი ჩავრთე და მეც გავიმეორე, რომ ჩვენი არმია უკვე აკონტროლებდა 12 სოფელს. ახლა კი მეც მივდივარ საომრად, გამომიძახეს და ჩემი ქვეყნისთვის უნდა ვიომო-მეთქი. სულ მადლობა მიხადეს.

სტადიონზე ხალხი ძალიან დაძაბული იყო. რამდენიმე რეზერვისტი ტრიალებდა. ზურამ ისევ დარეკა. ავტობუსში ავდივარ-მეთქი. მეც მოვალო. ვაკე-საბურთალოს გამგეობიდან იყვნენ ვიღაცები. მიცნეს, - რაღა გვიჭირს, უსტაბაში თუ მოვიდაო. რამდენიმე კაი კაცმაც მითხრა, - ბევრი გიჭერს მხარს მერიაშიც და რასაც აკეთებ, კარგს აკეთებო. უცნაურად ჟღერდა ეს ლაპარაკი მაშინ, როცა საომრად მივდიოდი, მაგრამ გაგიხარდება კაცს. მით უფრო, როცა მხარს მერიის თანამშრომლები გიჭერენ. როგორც ყოველთვის, დიტომ და ზურამ დააგვიანეს. ამასობაში ვასოც მოვიდა, ჩვენი ოცმეთაური. შატილში მიდიოდა თურმე 12 საათზე. უცბად დაემშვიდობა ცოლს და შემოგვიხტა მანქანაში. ამაღელვებელი სცენა იყო. ვასოს ცოლი ტიროდა. ჩვენ რაღაც სიამაყით და ღირსებით სავსეები ვხუმრობდით შეძლებისდაგვარად. ჰა, დაენძრა კოკოითსო, - ვიძახდით.

დიტომ მიგვიყვანა ვაზიანში. მაგარია რა, ომში ბე-ემ-ვეს ჯიპით რომ წახვალ. სამხედრო ნაწილის ალაყაფთან ფორმიანები, უფორმოები, დედები, შვილები ირეოდნენ. შეგვიშვეს. კითხვა-კითხვით მოვძებნეთ ის ადგილი, სადაც ჩვენს ბატალიონს, 105-ეს ფორმას და იარაღს ურიგებდნენ. მანქანის ბოქსებთან ხდებოდა ეს ყველაფერი, დიდი აურზაური კი იდგა. სხვისი ფორმები ჩაიცვით, მაგრამ თქვენი ზურგჩანთები მოძებნეთო, - გვითხრა ბატალიონის სერჟანტმა, რომელსაც ძალიან სასაცილო სახელებს ვეძახდით კოჯორში ყოფნისას, აქ გამეორება არ ეგების. მოკლედ, ძლივს გამოვეწყვეთ და ზურგჩანთაც ძლივს მოვძებნეთ. იარაღიც არეულად მოგვცეს. დამენანა ჩემი გაზეთილ-გაპოხილი "აკაემესი", მის ნაცვლად ვიღაცის კომბალი "აკაემი" გადავიკიდე. ჩაფხუტები დაგვირიგეს, საბჭოური, უჯიშო და ულაზათო, მაგრამ მაინც გულმოდგინედ მივაბით ზურგჩანთას. ძალიან მინდოდა, ხიშტ-დანაც მქონოდა, მაგრამ შეიარაღებაში არ იყო.

105-დან ერთი 15 ბიჭი ვიყავით. საერთო განწყობა ძირითადად ამაღლებული იყო. სანამ დავლაგდებოდით და რაიმე ხეირიანს გვეტყოდნენ, ჟურნალისტები მოვიდნენ. თითქმის ყველა ნაცნობი და მეგობარი იყო. ერთი-ორი ინტერვიუც მივეცი, ვთქვი, რასაც ვფიქრობდი - ახლა კრიტიკის დრო არ არის, ახლა გამარჯვების და ხელისუფლებასთან ერთად დგომის დროა-მეთქი. ვასოც ვალაპარაკე. მე და "კავკასიელებმა" ფოტოებიც გადავიღეთ. ამასობაში მოვიდნენ მთავრობის ძიები: ლომაია, იაკობაშვილი, გურგენიძე. გურგენიძე ჩემს მახლობლად აღმოჩნდა. მის გარშემო წრე შეიკრა. მე რისი მე ვიქნებოდი, რამე რომ არ მეკითხა. ჩვენ გვამხნევებდა და - თქვენ არ შეგეშალოთ, თორე ჩვენ ვართ მხნედ-მეთქი, მივახალე. ერთი 5 წუთი ვილაპარაკეთ.“თუ ხართ დარწმუნებულები იმაში, რასაც აკეთებთ. რუსები ჩაერევიან. მაგათთან თუ გაქვთ საქმე მოგვარებული-მეთქი. “კიო, გამოსვლის წინ რუსული საიტები გადავიკითხე და ისეთი პირი უჩანს, რომ არ ჩაერევიანო. ჰაი დედასა, - გავიფიქრე, - ან ეს არის "ლეტნად", ან მაგარ შარში ვართ-მეთქი და ბიჭებს გადავხედე. ვასომ უფრო გაოცებულმა შემომხედა და თავი გააქნია, თუმცა ვეცადეთ, არ შეგვემჩნია. ისეთ გუნებაზე ვიყავით, რომ ამ კომპრომისზე იოლად წავედით. 10-წუთიანი ელვისებური ვიზიტის და ვითომ გამხნევების შემდეგ ბობოლები ჩასხდნენ შავ-შავ მანქანებში...

კარგა ხანს გვაყურყუტეს. ავტობუსები მოვა და გაგიშვებთო. ჯოჯოხეთური იყო ლოდინი, ყოველი წუთი საშინლად გრძელდებოდა. გავდი-გამოვდიოდი აქეთ-იქით. თავს ვერ ვიოკებდი, ცხინვალში მინდოდა. თან ხარბად ვისრუტავდი ახალ ამბებს, უფრო ჭორ-მართალს. ირინამ რამდენჯერმე დამირეკა. თავი მოვისაწყლე, - რა ვქნა, გამომიძახეს და ახლა უკვე ვაზიანში ვარ. ჯერ არ ვიცით, მაგრამ ალბათ გორში წაგვიყვანენ-მეთქი. ირინასთან ლაპარაკის შემდეგ ჩაიქოქა ჩემი ტელეფონი, ისე ჩაიქოქა, რომ მომდევნო რამდენიმე დღე მობილურზე ლაპარაკის მსოფლიო რეკორდი მოვხსენი. მიკვირს, რომ არ გადაიწვა ის დალოცვილი ნოკია. ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდა ჩვენი ყვითელი ავტობუსი. 46 რეზერვისტი აგვიყვანეს, ვინც უცბად შევგროვდით, ისინი, 105-დან დაახლოებით 20 ვიყავით. ავტობუსშივე მოგვამაგრეს ერთი ახალგაზრდა ლეიტენანტი, ქვლივიძე. იქვე გაგვეცნო, გზაში 300-300 ტყვია დაგვირიგა. სანამ ორხევში ბენზინს ჩაგვისხამდნენ, ამასობაში ვაზიანი დაბომბეს რუსებმა. ატყდა რეკვა, წავიდა განმარტებები. მოკლედ, ავტობუსიდანვე დაიწყო ჩემი ნერვების მოშლა. ჯერ ვერც ერთმა ვერ დავიჯერეთ, რომ ვაზიანი დაბომბეს რუსებმა. თან ერთმა ჩემმა ახლობელმა დამირეკა, - არ დაიჯერო, ეგ ჩვენებმა ჩამოაგდეს საცდელი ბომბიო, მეც რა მინდოდა სხვა და "გავშალე" ეს ინფორმაცია. მოკლედ, ჩვენი სუ-25-ები როკის გვირაბის აფეთქებაში ვარჯიშობენ, ამერიკელებს საამისო ვაკუუმური ბომბი დღეს მოუციათ და ახლა იმ ბომბს ცდიან ვაზიანის პოლიგონზე-მეთქი. ეს ყველაფერი ავტობუსურ აუდიტორიას ისე მწყობრად და დამაჯერებლად ჩამოვუყალიბე, რომ მეც დავიჯერე. გზადაგზა შემაშფოთებელი და ჩემი ზღაპრისგან სრულიად განსხვავებული სიმართლე გაირკვა. როგორ, ნუთუ ისე არიფულად დავიწყეთ ომი, რომ თბილისის საჰაერო დაცვა ვერ უზრუნველვყავით?

ამაზე კი ვფიქრობდი, მაგრამ იმდენად შემართული ვიყავი, რომ ანალიტიკურ აზროვნებას ემოცია ჯაბნიდა. ამასობაში გზაზე ერთი რეზერვისტული ყვითელი ავტობუსი გაგვისწორდა. ხალხში "იმედელი" იუმორისტი ირაკლი კაკაბაძე ამოვიცანი. გულითადად ვუქნიე ხელი, - საღოლ, კაცია და კაცურად მოდის-მეთქი. გზაში დარიგებული ტყვიები 4-4 მჭიდში გადავანაწილეთ. გორამდე ვისხედით მშვიდად, გარედან ჩვენს ავტობუსს სნიკერსის უშველებელი რეკლამა ჰქონდა მიკრული, შიგნით კი 46 რეზერვისტი ლაჯებში ავტომატამოდებული ვისხედით და ძირითადად ტელეფონებზე ვსაუბრობდით. ასე მივდიოდით ომში. გორს რომ მივუახლოვდით, ომიც მოახლოვდა. ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები (განსაკუთრებულად კოხტები "კობრები" იყვნენ), სპეცრაზმელები, სამხედრო ჯიპები... ამასობაში ჩვენმა გრძელმა ყვითელმა "სანდრაბუსმა" გადაუხვია ცხინვალისკენ და დაადგა გზას, რომელზეც, ჩემდა სამარცხვინოდ, პირველად აღმოვჩნდი. გავიარეთ კარალეთი, ტყვიავი, კიდევ რამდენიმე სოფელი, რომელთა წარწერებსაც მე და ზურა ხანდახან ვერც ვკითხულობდით.

ამასობაში ავტობუსი დაიძაბა, ყველა გაჩუმდა. აღარავინ ლაზღანდარობდა. მე და ზურამ დავაფიქსირეთ - ყველას მოეხსნა ის უჯიშო ჩაფხუტი და დაეხურა. ამაზე დავიწყე ხუმრობა - რუსულ ომონს ჰგავხართ-მეთქი. პასუხი არავის გაუცია. ყველა დაძაბული იყო. გზაში სოფლების მოსახლეობა ხელს გვიქნევდა, სპეცრაზმელები გაკვირვებულები გვიყურებდნენ სნიკერსისრეკლამიან ავტობუსში მსხდომებს. მარჯვნივ და მარცხნივ გულმოდგინედ შენიღბული საარტილერიო გათვლები ჩანდა. არტილერისტებს ეტყობოდათ პროფესიონალიზმი. ქვემეხები, გრადები, RM-70-ები და საზენიტო ქვემეხები ვაშლის ბაღებსა და შუაგულ მინდვრებში იყო განლაგებული. ომი იგრძნობოდა. გული აჩქარდა, ავტომატს ხელი მოვუჭირე, რაღაც შინაგანად მეზეიმებოდა. ძალიან მიხაროდა. არ ვიცი, რა. მაგრამ ალალად ასე იყო.

უცბად სოფელ მეღვრეკისთან რუსი სამშვიდობოების”საგუშაგო დავინახე, ერთ-ორ რუსს ამოეყო თავი. ლამის გადავხტი ავტობუსიდან, სულ დედის ძვლები ვაგინე. როგორც შემეძლო, ხელებით ისე ვანიშნებდი შეურაცხმყოფელ რამეებს. ჩვენს ავტობუსს ეუთოს ცარიელი ჯიპები მოჰყვებოდნენ. ბოლოს, გაჩერდნენ ერთ შენობასთან, რომელსაც “სასაუზმე” ეწერა. ამასობაში მარცხნივ ცხინვალი გამოჩნდა. პირი დავაღე. ეეეე, ცხინვალი, - ზურას ვუთხარი. ხმამაღლა გამომივიდა. ყველამ იქით გაიხედა. დამუნჯებულები ვიყავით. ქალაქის თავზე კვამლი იდგა, ალაგ-ალაგ შენობებს მტვერი და ბოლი ასდიოდა. ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც მიწასთან გასწორებული დაგვხვდა ყველაფერი, მაგრამ დაბომბილი აშკარად იყო.

საგუშაგოსთან გაგვაჩერეს. ჩვენი ლეიტენანტი ჩავიდა, რამდენიმე წუთს ელაპარაკა სამხედროებს, მერე ფართხაფურთხით ამოვიდა ავტობუსში და მძღოლს უთხრა, სასწრაფოდ უკან, გორში მივდივართო. მერე გაირკვა, რომ იმ ოფიცერ ქვლივიძეს ეგონა, გზაზე ვინმე დააკვალიანებდა, - სად და როგორ უნდა წავსულიყავით, რაცია არ ჰქონდა, ტელეფონით კი არავინ დაჰკავშირებია. არავინ რომ არაფერი უთხრა, ამანაც თავი დაადო და პირდაპირ ცხინვალში მივყავდით. საგუშაგოზე დაუქოთიათ - ეს ვიღაცები სად მოგყავსო. მოგვაბრუნეს. რაღაც ჩამწყდა. მაგრად მეწყინა. დავიბოღმე. ვცადე, გამერკვია, რატომ მოგვაბრუნეს, მაგრამ არაფერი მითხრეს. ბევრს გაუხარდა, - გორში გვაბრუნებენო. ისევ ჩავუარეთ რუსების პოსტს, უფრო გამწარებულმა ვაგინე. შემომხედეს იმ უჯიშოებმა და განზე გულგრილად გაიხედეს. ამასობაში მარჯვნივ ორი სუ-25 გამოჩნდა, არც ისე მაღლა მოფრინავდნენ, დინჯად. ჩვენები არიან-მეთქი, ჩვენი მოიერიშეები, მაგრამ ჰაი დედასა, ამის თქმა იყო და დასცხეს ჩვენს პოზიციებს.

ჩვენებმაც დაიწყეს მინდორში გაფანტული საზენიტო საშუალებებიდან (არ ჩამოვთვლი, რა და როგორები იყვნენ) ბათქაბუთქი. პირდაპირ ჩვენი ავტობუსის თავზე მიფრინავდნენ ჭურვები და ტყვიები. გავიტრუნეთ ყველა, ჩვენი მძღოლი მიფრინავდა იმ დაცარიელებულ გზაზე, ჩვენი სნიკერსა "სანდრაბუსი". იმ ორი "სუდან" ერთი ჩამოაგდეს მერე ჩვენებმა... ეს უკვე ხუმრობა აღარ იყო.

უილაჯოდ ვიჯექი, გაოგნებული ნამდვილი ბათქაბუთქით და დაბოღმილი იმით, რომ ცხინვალის ნაცვლად გორში გვაბრუნებდნენ.

8 აგვისტო, გორი

გორში მიგვიყვანეს, უფრო ზუსტად, სამხედრო ბაზასთან. კარგი გარემონტებული რომაა, იმასთან. ჩამოგვსხეს იქვე, დიდ მინდორზე. გადმოვედით თუ არა, ისევ გავიგონეთ თვითმფრინავების გუგუნი.

მინდორზე ძალიან ბევრი ავტობუსი და უბევრესი რეზერვისტი იყო. ჩვენმა მეზენიტეებმა ატეხეს ბათქაბუთქი. მანამდე შეუმჩნეველი პოზიციებიდან ისროდნენ. რამდენიმე წამში აირია რეზერვის მონასტერი. დაიწყო ხალხმა აქეთ-იქით სირბილი.

ისე, სირბილი მაშინ უნდა გენახათ, როცა ერთ-ერთმა რუსულმა თვითმფრინავმა რამდენიმე ყუმბარა ჩამოაგდო. ხუთი თუ ექვსი ბომბი იყო. დავინახე, როგორ გადმოყარა. მერე მეც გავიქეცი, თან ზურას და 105-ეს ვყვიროდი. ჩვენი ქვლივიძე სხვაგან ჩაწოლილიყო. კაი ხანი ვერ ვპოულობდით, ალბათ ისიც ვერ გვპოულობდა. რამდენიმე საათის წინ ვნახეთ პირველად ის ბიჭი და არცაა გასაკვირი...

მაგარი ბათქანი გაადინა ბომბმა ბაზაზე.

მაგარი არეულობა ატყდა.

რამდენიმე ბიჭს ისტერიკა, პანიკა თუ რაღაც ჯანდაბა დაეწყო. ერთს ავტომატი ლულით დაეთრია და მიწას კონდახით სცემდა გაშმაგებული და თან რატომღაც პრეზიდენტის ოჯახის წევრებს იხსენიებდა უშვერად.

როგორც კი უახლოეს თხრილში ჩავხტით, ამ ბიჭებს დავუყვირეთ, - ძმებო, ახლა პანიკა საჭირო არააო.

ამ დაყვირების შედეგმა გაგვაოგნა, იმწამსვე გამოფხიზლდნენ, შემოგვხედეს და გაჩერდნენ. მერე რა ქნეს, არ ვიცი, მაგრამ მათი გამომეტყველება არ დამავიწყდება - რაღაც ლიბრი ჰქონდათ მანამდე გადაკრული და რომ შევუყვირეთ, თითქოს ამქვეყნად დაბრუნდნენ. მერე, მაგარი ის იყო, რომ ჩვენ, რამდენიმე კაცმა, როგორც კი ორგანიზება მოვახდინეთ, როგორც კი ერთმანეთს შემოვუძახეთ, დავიყვირეთ,“- ვასო, ზურა, თხრილში ყველანი ერთად, ასმეხუთელები აქეთო, - ხალხი ეგრევე ჩვენ გარშემო შეგროვდა, იმწამსვე ლამის ასზე მეტი კაცი მოქუჩდა. მაგრად მესიამოვნა, ჩვენ, რამდენიმე კაცმა, რომელმაც თვითორგანიზება მოვახდინეთ, მაგალითი მივეცით სხვებს. მივხვდი - ასეთ დროს ხალხს მაგალითი სჭირდება. შემდეგ ჩავწექით ერთ განიერ თხრილში. რას ველოდით, არ ვიცი, მაგრამ რაღაცის მოლოდინში ვიყავით.

ამასობაში აღმოვაჩინე, რომ, "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი, გიორგი ბერიძე, როგორც ყოველთვის, დაკარგულიყო. ჩემგან განსხვავებით ის ნამდვილი ჟურნალისტია, ბოლო წუთამდე სულ ახალ ამბებს გადასცემდა, ამიტომაც არცთუ იშვიათად ჩემი მისახედი იყო ის ან მისი ნივთები.

მაშინაც ასე მოხდა. მისი ზურგჩანთა მიგდებული ვნახე. მე და ზურამ ავიღეთ და წამოვათრიეთ. კი, წამოვათრიეთ, იმიტომ, რომ ყველას, ჩემი ჩათვლით, თბილისიდან უამრავი, ომში სრულად გამოუსადეგარი რამ ჰქონდა წამოღებული, საპარსი, შლოპანცები, რამდენიმე პირსახოცი, საცვლები, თბილი ტანსაცმელი... მე, მაგალითად, ამ ყველაფერთან ერთად წიგნებიც მქონდა წაღებული და თბილისის ატლასიც (ჰაი, დედასა!) და ომში სრულიად უვარგისი და სასაცილო რამეები, მაგრამ ამას მერეღა მივხვდით. მანამდე კი თხრილში ვიწექით.

თხრილში წოლაში კარგა ხანი გავიდა, ალბათ რამდენიმე საათიც. ამასობაში "მარშრუტკით" საჭმელი მოიტანეს. ჩვენ წავედით, ვიდექით ხელგამოწვდილები, პური, ძეხვი, კეტჩუპი, ყველი და კიდევ რაღაცები შეგვხვდა. მთელი ბატალიონისთვის, უფრო ზუსტად, თხრილში ერთად ჩაწოლილი ბიჭებისთვის შევაგროვეთ. ერთმანეთისთვის ძირითადად მანამდე უცნობმა და იქ, რამდენიმე წუთის თუ საათის წინ გაცნობილმა ბიჭებმა ერთმანეთზე ვიზრუნეთ. ერთიანი პურიც ვჭამეთ და მაგრადაც დავნაყრდით. რაღაცნაირი იყო ის წუთები. არ ვიცი, როგორი, მაგრამ უცნაური, კაცური.

ამასობაში ჩვენი დაკარგული ოფიცერიც მოვიდა. პატარა ბიჭი იყო, ალალი. გვითხრა, - ცხინვალს იმიტომ მიგაყენეთ, რომ მითხრეს, - ვინმე გზაზე დაგხვდებათ და რამეს გეტყვითო. არავინაც რომ არ დაგვხვდა, ვიფიქრე, ცხინვალში უნდა წავიყვანო, რახან იქ არი ომიო.

იმდენად ალალი იყო ეს პატარა ბიჭი, რომ არავის პატარა საყვედურიც არ უთქვამს. ამასობაში ვეყარეთ გორის სამხედრო ბაზის ახლოს მინდორში, უფრო - ჭაობში. მე პირადად ტელეფონზე ლაპარაკში ვკლავდი დროს. აუუუ, მაცოფებდა ეს ოხერი მობილური. მეგონა, მთელი თბილისი მირეკავდა. ბოლოს, ყველას დაზეპირებულ ტექსტს ვეუბნებოდი, ჩემს ცოლს ხო საერთოდ რაღაც ძალიან მშვიდი ტონით, ინდურ კინოებს (როგორც ჩვენი ვასო იტყვის ხოლმე) ვუყვებოდი. მაგალითად, რამდენჯერმე, როცა ჩემმა ცოლმა დამირეკა და იმ დროს გვბომბავდნენ, ხველებას ვიწყებდი და მეტისმეტად მშვიდად ვეუბნებოდი, რომ არც არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული. მერე ვფიქრობდი, - შე ტუტუცო, მადლობა შეწირე ღმერთს, ამდენი კაცი რომ გირეკავს და შენზე დარდობს-მეთქი, მაგრამ მეც ხო დავიტანჯე, არა?!

მოკლედ, საღამოს პირზე ვიღაცამ - იქ წყალს და ნაბეღლავს არიგებენო. წავედით მე, ზურა, ვასო და კიდევ რამდენიმე იმ დღეს გაცნობილი. რამდენიმე საათის წინ დაბომბილ ბაზაზე არიგებდნენ საქართველოს წყალუხვი ბუნების სიმდიდრეებს, დავბოჭეთ ბლომად წყლებ-ნაბეღლავები და მოვბრუნდით. ბაზიდან გამოსულებმა დავინახეთ, რომ 105-ის ხალხს ჩვენი მეთაური აწყობდა. ნუცუბიძელი, ჩვენი კბილა ბიჭი, კოჯორში ყოფნისას საკმაოდ კაი მეთაური. ძალიან გამიხარდა მისი დანახვა. იქ გავაცნობიერე, რომ ომში მეთაური, თან სანდო, ძალიან დიდ სტრესს გიხსნის. მოკლედ, მამასავით გამიხარდა მისი დანახვა, ბიჭებისაც. ჩავეხუტეთ ერთმანეთს, წყალი იქვე დავყარეთ და ჩვენი თხრილისკენ ბღავილ-ბღალივით გავიქეცით - "ასმეხუთე, აქეეეთ!"

სანამ მოვგროვდით, ეს ჩვენი ტანჯვით ნაზიდი წყალი სხვებმა ხელს გააყოლეს, მაგრამ მე პირადად ფეხებზე მეკიდა, მთავარი იყო, რომ უპატრონოდ აღარ ვიყავით, მეთაური ჩამოგვივიდა და თანაც ჩვენი ბიჭებიც მოგვემატნენ. ყველაზე მეტად "ლოსის" დანახვა გამიხარდა. მაგარი კაცია, ომისთვის სრულიად შეუფერებელი, მაგრამ ისეთი, ცხოვრების იშტაზე რომ მოგიყვანს. ვენაცვალე ჯიგარში. მოკლედ, გავმწკრივდით და მწყობრად შეგვიყვანეს რამდენიმე საათის წინ დაბომბილ ბაზაში. ერთ ადგილას მოგვაწყვეს მთელი რეზერვისტები, ავოე, ესენი ხო არ უბერავენ-მეთქი, მაგრამ გავჩუმდი. ვიდექი და ვუყურებდი, სანამდე წავიდოდა უფრო მაღალი მეთაურების სიქათმე. მაშ, რა უნდა დაარქვა იმას, რომ ახლახან დაბომბილ ბაზაში უამრავი, რამდენიმე ათასი რეზერვისტი ერთად მოაწყო. საცა ვიდექით, შუაში იდგა ნაცრისფერი ჯიპი. ახალგაზრდა, თითებგადაჭრილხელთათმნიანი ბიჭი იჯდა და ისე ხელმძღვანელობდა ამ მოწყობას. ის ტუტუცი არც გადმოსულა მანქანიდან. ეს ხო არაა გვარდიის სარდალი-მეთქი, მაგრამ რას გავიგებდი! უფროსობიდან არავინ მოგვკარებია.

იმ ტუტუცის და მისი ჯიპის გარშემო კი ისეთი ამაზრზენსახიანი და ბევრვარსკვლავიანი ბიძები ფუსფუსებდნენ, თავი რომელიღაც საბჭოთა ეპოქის "ცეხავიკებში" მეგონა და არა ომის დროს გულანთებულ ოფიცრებში.

მოკლედ, რაღაც გაუგებარი და აშკარად ბრიყვული თათბირის შემდეგ გაგვიყენეს გზას და სიბნელეში კაი ხნის ყურყუტის მერე ისევ ჩვენ ნაცნობ ყვითელ "სანდრაბუსებში" გაგვამწესეს. სანამ ავტობუსში ავიდოდი, ორი ზარი მახსოვს მკაფიოდ - მამაჩემის, რომელიც თან ცდილობდა, მაგრად გავემხნევებინე და მაგარ კაცურ და გულიან რამეებს მეუბნებოდა, თან აშკარად გული უსკდებოდა, იქ რომ ვიყავი, თან მაგრად ამაყობდა. შე ვირიშვილო, გვარი არ შეარცხვინოო, - მითხრა, მარა ვგრძნობდი, რომ ცრემლები ჰქონდა ხმაში ამის თქმისას, იმასაც ვგრძნობდი, რომ უნდოდა, კაცურად მოვქცეულიყავი. მეორე ზარი გამომცემლობა "პეგასის" ხელმძღვანელ მარინასი იყო, ნინო როდონაიას მამამ, ვატო როდონაიამ რომ გამაცნო. ძალიან, ძალიან კარგი ქალია.“გნახე ტელევიზორში, რომ წახვედი და როგორ ხარო. მთელი დღეა გირეკავო...

არ დავმალავ და მაგრად მესიამოვნა, ერთია ახლობელი რომ დარდობს და მეორე, როცა თითქმის უცნობი ადამიანი რომ მოგიკითხავს და ძალიან დიდ სითბოს გაგრძნობინებს. ამასობაში ავბარგდით ავტობუსებში, დავიძარით და მივედით გორის ცენტრში. ზედ ცენტრალურ მოედანზე გაგვაჩერეს, ბატონი ჯუღაშვილის ძეგლი რომ იდგა, იქ. ჩვენი მეთაური ჩავიდა და დაიბარა, - არავინ ჩამოხვიდეთ. გავერკვევი და დაგიძახებთო. ჯერ ვიჯექი ჩემს ზურგჩანთაზე, მერე თანდათან ჩავიდნენ ჩვენები ქვემოთ, იქვე, ავტობუსთან. მეც ავიზლაზნე ჩასასვლელად, ზურამ თვალები დამიბრიალა და გამოცრა, -“ხო იცი, არა, რომ ჯარი დისციპლინაა და არ ჩახვიდეო. უმაგრესი რამე თქვა ზურამ, სახელმძღვანელოდ მაგარი რამ, მაგრამ მე, დისციპლინის და წესრიგის მოყვარულმა კაცმა, ვაღიარებ, ტკივილით ვაღიარებ, რამდენიმე წუთში თავი გავაქნიე და ჩავედი. იქვე, ავტობუსთან ჩავედი და დავდექი. ხალხი იყო გარშემო. რამდენიმე ნაცნობი ჟურნალისტიც ვნახე, მაგალითად, რომა ქევხიშვილი. სურათებიც გადავიღეთ. ვიჯექი ტროტუარზე. ყველაზე მეტი დარდი რეზერვისტებისა ის იყო, რომ როგორმე ტელეფონები დაეტენათ. ვასომ ივარგა, სადღაც, მგონი, კაზინოში შეაერთა ტელეფონი. გიორგი ბერიძეც გაშპა და რაღაც გაახერხა. მე გაოგნებული ვიყავი, შუა ქალაქში, ამდენი დაბომბვის მერე ვიდექით ათასობით რეზერვისტი, ათობით ავტობუსთან ერთად და ველოდით - რას? დაბომბვას. დახოცვას? არ ვიცი...

ახლაც რომ მახსენდება მაშინდელი წუთები და საათები, დიახ, საათებიიიი იქ, გორის ცენტრში ათასობით რეზერვისტის დგომისა, ვგიჟდები. ან მთელ ქვეყანას და განსაკუთრებით ეროვნული გვარდიის სარდლობას, რომელსაც რეზერვისტები აბარია, ვეზიზღებოდით, ან ძალიან დიიიდი იდიოტები იყვნენ.

სხვა ახსნა ამას არა აქვს. ბოლოს და ბოლოს, მოგვაწყვეს გაჩახჩახებულ შუა მოედანზე, არ დავმალავ: ხელიცა და გულიც მიწევდა, რომ იქ, გორში ერთი მჭიდი მიმეშვა სტალინის ძეგლისთვის, იმ კაცისთვის, ვისი წყალობითაც ისევ შარშია საქართველო, მაგრამ ბუნებრივია, იქ, იმ დროს ეს არ იქნებოდა მართალი. მოკლედ, რუსეთის დაზვერვის ოროსნობის, თუ გულმოწყალების წყალობით, გორის ცენტრალური მოედნიდან მშვიდად გავედით, იქვე, მეორე სკოლაში დავიდეთ ბინა. ძალიან ლამაზია გორი, ღამით მით უფრო. მით უფრო ლამაზია ის ადგილი, სადაც დაგვაბინავეს, გორის ციხის ძირას, ყოფილ კათოლიკურ ეკლესიასთან, მეორე სკოლაში მიგვიჩინეს სამყოფელი. პირველ სართულზე განვთავსდით 105-ელები და კიდევ რამდენიმე ბატალიონის წევრები, იატაკზევე გავშალეთ გორტექსებად წოდებული დედასავით თბილი და საყვარელი ქურთუკები. ჩემმა ნათესავმა, გოგამ დამირეკა, - სად ხარ, მოვალო. ვუთხარი, სადაც ვიყავით. მალე მოვიდა თეთრი ჯიპით. მაგარი აღჭურვილ-შეიარაღებული, მაგრამ დანა პირს არ უხსნიდა. ჩემი ახლობელი მოკლეს დღესო. იქ ვიყავით ახლა ჰოსპიტალშიო. ემოციური, მაგრამ უსიტყვო შეხვედრა გვქონდა. საკლასო ოთახში შევედი. რამდენიმეს დაელია არაყი, გავცოფდი. ასეთ დროს განა ასეთი ყურუმსაღობა შეიძლებოდა? დიდი ნაწილი ვერ ხვდებოდა, რომ ჩვენ გარშემო ომი იყო და ექსკურსიაზე არ ვიყავით.

რამდენიმე ღორივით დათვრა. ერთი მთელი ღამე ტვინს ბურღავდა, მაგრამ ავიტანეთ, არადა, მაგარი საცემი იყო, მაგრამ იქ, მაშინ ძირითადად სრულიად უცნობი ადამიანები ერთმანეთს ვუფრთხილდებოდით.

ზედმეტი არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის. ერთ ძალიან ლამაზად მოწყობილ, კოხტა საკლასო ოთახში ზოგი იატაკზე, ზოგი კი პირდაპირ მერხებზე ვიწექით. ლამის მთელი ღამე ძილი არ მომკარებია. ხან ის მთვრალი ტიპი მიშლიდა ნერვებს თავისი ბრიყვული გეოპოლიტიკური მიმოხილვებით, ხან ვიღაცის ხვრინვა, ხან რა, ხან რა. მოკლედ, ომში ვიყავი და ტვინი გმირობაზე ფიქრობდა. ეეჰ... ის ტიპი კი არ ჩერდებოდა. "ალექსი და აქლემი" დღესაც ჩამესმის მისი ჯახირით, ბორძიკით წაკითხული სათაური წიგნისა, რომელიც იმ ჩვენი ცოდვით სავსეს ხელში ჩაუვარდა და რომლითაც სული ამოგვართვა. აშკარად ბავშვობის მერე არაფერი ჰქონდა წაკითხული. Mმე და ვასო გვერდიგვერდ ვიწექით, ზურა ცოტა მარცხნივ იწვა. ერთხელ, შუაღამისას წამოხტა, ვიღაცა შემობოდიალებულმა სიბნელეში დააბიჯა. გაცოფდა, მარა მალე დაოკდა. დამბიჯებელმაც იბოდიშა...

ალეკო ელისაშვილი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)