ალეკო ელისაშვილი: ომის დღიური - კვირის პალიტრა

ალეკო ელისაშვილი: ომის დღიური

(გაგრძელება. დასაწყისი "კვირის პალიტრა" #32)

ცხინვალის პირველი ომისა და აფხაზეთის ომის დროს პატარა ვიყავი. ამ ომებს ტელევიზიით, გაზეთებითა და თვითმხილველთა მონათხრობით ვიცნობდი. აფხაზეთში გაპარვის მცდელობაც მქონდა. გაპარვით ვერ გავიპარე, მაგრამ სანაცვლოდ მშობლები დავითანხმე, რომ სამხედრო აკადემიაში ჩაბარებაში ხელს არ შემიშლიდნენ (მანამდე მიშლიდნენ). საბოლოოდ, მიზეზთა გამო ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტის პოლიტოლოგიის სპეციალობაზე ჩავაბარე, შემდეგ ჟურნალისტი გავხდი.

მილიტარიზმის ჭია არასოდეს მასვენებდა. უნივერსიტეტის სამხედრო კათედრამ ნატამალი ცოდნა ვერ მომცა, ცოტა რეზერვში გავიხარე ეს ჭია (ომამდე ორჯერ ვიყავი 18 და 8-დღიან სარეზერვო შეკრებებზე). აგვისტოში ომის დაწყებისთანავე წავედი რეზერვისტების შეკრების ადგილას, მიუხედავად იმისა, რომ არ გამოვუძახებივართ. საოცარი ენთუზიაზმით წავედი, საოცარი შემართებით... ომის 4 დღის მანძილზე ეს ენთუზიაზმიცა და შემართებაც სრულიად გამიქარწყლდა. სრული უთავბოლობა, დანაშაულებრივი ქაოსი - ეს ვნახე ამ დღეების განმავლობაში. მოშლილი სახელმწიფოს გარდა წამხდარი ქართველი ბიჭების ნახვამ და საკუთარმა უმწეობამ დამთრგუნა. მეცვა ფორმა, მეჭირა ავტომატი და ვერაფერს ვაკეთებდი საქართველოსთვის. უფრო სწორად, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ომი უჩემოდ მოხდა, ომი უჩემოდ წავაგეთ. ომამდე თავი ლამის რემბოდ მიმაჩნდა, ომში და ომის მერე ბევრი რამ სხვაგვარად დავინახე. დანახულმა გადამაწყვეტინა ეს ყველაფერი დაწვრილებით დამეწერა. ამ ნაწერს 4 წელიწადი არ გავკარებივარ. 4 წელიწადი ვემალებოდი და ვმალავდი ამ დღიურებს. რომდემდე უნდა მემალა და დავმალვოდი?! ბოლოს გადავწყვიტე, გამომემზეურებინა და "კვირის პალიტრის" მეშვეობით თქვენც გთავაზობთ ჩემს მაშინდელ განცდებსა და თავგადასავალს.

ალეკო ელისაშვილი

9 აგვისტო, გორი

დილით, ეგრე 6 საათზე გამეღვიძა, ზურას ჯერ ეძინა. პირი სკოლის ეზოში დავიბანე. მაგარი იყო. ბიჭებმა, რომლებსაც მთელი ღამე არ უძინიათ და სკოლის კიბეზე ისხდნენ, თქვეს, მთელი ღამე ჩვენი ტანკები მიდიოდნენ ცხინვალისკენო, აქ ჩამოიარა ყველამ და მაგათი გრუხუნისგან არ გვიძინიაო. გული დამწყდა. სანამ გული მწყდებოდა, კიდევ ერთმა ათმა ტანკმა ჩაგვიარა.

გავვარდი, სულ, ჯიგრებოო, - ვუძახე. ისინიც კაცურად, ტანკისტურად იყვნენ ამოსულნი წელზევით და ხელს გვიქნევდნენ, თან ყველა ტანკზე ჩვენი ლაზათიანი ხუთჯვრიანი ფრიალებდა. მომკალით, მაგრამ ეგეთი კაცური, ეგეთი ჯიგრული არაფერი მინახავს. ცრემლი მომაწვა. მაგრამ შემდეგ რაც დაიწყო, იმას კაცური აღარ ეთქმოდა. ჯერ სკოლის ეზოში მოვეწყვეთ. ვიღაც ორი ტიპი გვაკლდა. ერთის გვარი დამამახსოვრდა - ივანიშვილი (მოდი და ნუ დაგამახსოვრდება ეს გვარი), ალბათ ეგრე ორი საათი ველოდეთ იმ ბრიყვებს. ერთ-ერთს დაბადების დღე ჰქონია და უეჭველად დასალევად იყვნენ წასულები.

გაგიჟდებოდა კაცი - გაგანია ომია და ვიღაც ტიპები ავტომატებით ხელში სადღაც სვამდნენ, ჩვენ კი ლამის მთელი ბატალიონი ამათ ველოდით. ბრაზმა ამიყვანა. მე და ერთმა ბიჭმა ყველა საკლასო ოთახი შევამოწმეთ, სადმე ხომ არ ჩაეძინათო. არსად იყვნენ. აშკარად წასულები იყვნენ დასალევად. ამასობაში დაბომბვა დაიწყო. საშინელი განცდაა - უცბად ისმის ხმა, წუილი და მერე დიდი გრუხუნი. ჯერ მაგრად გეშინია, მერე საძაგლად ეგოისტური განცდა გიპყრობს, რომ შენ გადარჩი და ბომბი სადღაც სხვაგან (არადა იქვე) ჩამოვარდა, შენ ცოცხალი ხარ, ვიღაც კი - არა!!! ამ პირველ დაბომბვაზე ბატალიონის მეთაური ჩვენთან იყო. ყველამ შევხედეთ. უცბად დაიყვირა: -“ჰაერიი, დაწექით! სკოლის ეზოში ვისხედით ამ დროს. მე ლაშა ბუღაძის წიგნს ვკითხულობდი "ოქროს საუკუნეს" (მეც მაგარი ვარ, მარა რა მექნა), წიგნი კი არა, ორ წამში ისეთი გადახტომ-გადმოხტომა დაიწყო შუა ეზოში, ასფალტზე, რომ დედა შვილს არ აიყვანდა. რატომღაც უმეტესობა სკოლის ეზოს პატარა კარში გაღწევას ცდილობდა, ერთმანეთს თავ-პირს ამტვრევდნენ. მე, ზურა და ვასო კედელთან ვისხედით, დაწექითო, რომ გავიგეთ, ამოვბრუნდით და ჩაფხუტები წავიფარეთ. ამასობაში ვიღაც მთელი ძალით გამოექანა და ავტომატიანად წვივზე დამახტა. ტკივილისგან ცრემლები წამომცვივდა, მაგრამ იმ ტიპს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რა უნდა მეთქვა... მერე მაგარი ის იყო, რომ იქვე დაგდებული საათი დავინახე და შუა დაბომბვის დროს დავიწყე ყვირილი, - საათი ვინ დაკარგა-მეთქი. წამოვხტი და დავიწყე საათის პატრონის ძებნა. ზურამ - გიჟი ხომ არ ხარ, დაწექიო, მე სულელივით ჩემსას ვუბერავდი.

სასაცილოდ გაწოლილ შეშფოთებულსახიან რეზერვისტებს შორის რამდენიმეს სახიდან სისხლი სდიოდა. აფეთქების დროს ისეთი უსკუპიათ, რომ ასფალტს სახით დახეთქებიან, მაგრამ ეს მათ არ აშფოთებდათ. პირველი დაბომბვის მერე ის ორი დაკარგული რეზერვისტი მობლაყუნდა. ბატალიონის მეთაური გამწარებული უყვიროდა, მეც დავუღრიალე. ზურამ გამაჩერა, თორე ცემასაც არ მოვერიდებოდი. ამის შემდეგ მეთაური და კიდევ ერთი ოფიცერი ხან სკოლის სპორტდარბაზში შეგვიყვანდნენ, ხან სკოლის გადაღმა, რუს პირას ხეებში ჩაგვმალავდნენ. სანამ აქეთ-იქით დავრბოდით, ჩვენი ოცეულიდან ვანო თაბაგარი და რუისელი მახო მოვიდნენ. მაგრად გამიხარდა. ვანო ჩვეულად, ზლაზვნით მოდიოდა, ჩაფხუტს ასფალტზე მოათრევდა. ტაქსით ჩამოვედიო - ჩვეული, "ვითომც არაფერი ხდება" გამომეტყველებით თქვა. მახო რუისში ყოფილა.“ჩემს სიმამრს ვაშლის ბაღში ჩამოუგდეს ბომბიო, მაინც დასაბარი იყო ის ბაღი და აგე, რუსები დაგეხმარნენ, - გავეხუმრე სიმამრსო. მაგრამ რა გამაჩერებდა რუისში, ჩავედი ვაზიანში, ავიღე ეს ავტომატი და მოვედიო. ღამე გორში, სადღაც სკვერში გაუთენებია, სადღაც ხის ძირში მეძინაო. დილით მოგვაგნო. სანამ ვლაპარაკობდით, დაბომბვა არ ჩერდებოდა, შორიახლო სატანკო ნაწილი იდგა და რუსები მონდომებით ესროდნენ.

მაგრამ რუსი პილოტებიც აშკარად არიფები იყვნენ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იმ სატანკო ნაწილს წესიერად ვერ უმიზნებდნენ და ამიტომაც ხვდებოდა სატანკო ნაწილის წინ მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს (ვერხვების დასახლება რომ ჰქვია) ბომბები. ამ ცეცხლწაკიდებული სახლების კადრები და ფოტოები მთელმა მსოფლიომ ნახა, რუსების ინტერესებში აშკარად არ იყო ეს, მაგრამ ფაქტი ფაქტია.

დილიდან ორჯერ საკმაოდ სერიოზულად დაბომბეს გორი, ჩვენ ისევ ბოთეებივით ხან სკოლის ჩახუთულ სპორტდარბაზში ვიყავით, ხან რუსთან ვისხედით. ამასობაში დაიწყო გულისამრევი პროცესი - რეზერვისტებმა მოუმატეს ჯერ ჩურჩულს, შემდეგ კი აყაყანდნენ -“ეს სად მოგვიყვანეს, დასახოცად ჩამოგვიყვანეს, საზარბაზნე ხორცი ვართ, მიშას ფეხებზე ვკიდივართ, რუსს შენ რას მოუგებო და ამგვარი გულისამრევი ტექსტები.

არ მინდა, ვინმემ ნამეტანი მაგარ ბიჭად წარმომიდგინოს, მაგრამ ახლაც რასაც ვწერ, ათასპროცენტიანს ვწერ და არაერთი ადამიანის დამოწმება შემიძლია. მეც დავიწყე ხმამაღლა ჯუჯღუნი, - აბა, რა გეგონათ, ჯოკერის სათამაშოდ გვამზადებდნენ? მიდით ახლა კოკოითის ეთამაშეთ ჯოკერი (რეზერვში ხომ ძირითადად ჯოკერის თამაში მიდიოდა). ომია, ძმაო და, აბა, კონცერტს ვინ ჩაგიტარებთ-მეთქი... ძირითადად რეაქცია არავის ჰქონდა, ერთი ბიჭის ნათქვამი მახსოვს, - მეც ამას ვეუბნები. აბა, რა ჯანდაბას ელოდნენ ომში, არ ვიციო. ამასობაში ლაშხი მობოდიალდა, ერთი ბიჭი ახლდა - ბატალიონი დავკარგეთო. მერე გავარკვიეთ - ესენი დაკარგვიან ბატალიონს, თორემ მათი ბატალიონი კი იყო ერთად. მას შემდეგ ლაშხი ჩვენთან ერთად იყო. მე ისევ გავედი, სკოლის დარაჯს, რომელიც წინა ღამიდან მოყოლებული გალეშილი მთვრალი და, შესაბამისად, სრულ გაუგებრობაში იყო, სკამი გამოვართვი და შუა ეზოში ისევ ბუღაძის რომანის წაკითხვა ვცადე, აშკარად წარუმატებელი იდეა იყო.

ჯერ ერთი, ვერც მე აღვიქვამდი, რას ვკითხულობდი - მხოლოდ ასოებს ყლაპავდა თვალი, მეორე - მთელი გულისყური აქოთქოთებული რეზერვისტებისკენ მქონდა. რამდენიმე ანერვიულებული, მაგრამ თავდაჭერილი რეზერვისტი წამდაუწუმ მოდიოდა - რას კითხულობ? რა წერია მანდ? ვარგა ბუღაძის ეგ რაღაც? დამღალეს და მეც დავიღალე, ამიტომ უფრო სულელური რამ მოვიგონე - უსაშველოდ გატენილი ზურგჩანთიდან თურქული, ყოვლად საძაგელი საგზალი ამოვიღე, გავხსენი და ზლაზვნით ჭამა დავიწყე. არ მშიოდა, მაგრამ მინდოდა, დაფეთებული რეზერვისტებისადმი როგორმე პროტესტი მეჩვენებინა. ალბათ ძალიან ბრიყვულად და ტუტუცურად გამომივიდა, ვინაიდან ზურა მოვიდა და "გამტისკა" - აშკარად ტიპობ, ამ ხალხს თავისი გასჭირვებია და შენ კიდევ გინდა შენი მაგარი "ბოევიკობა" აჩვენო, მაგრად ტეხავსო. ავჯუჯღუნდი, ისედაც ვიცოდი, რომ იდიოტივით ვიქცეოდი და თან ზურა ძირითადად მართალია ხოლმე. იმაშიც მართალი იყო, რომ აუცილებლად უნდა გვეჭამა, კი, მაგის თავი არ გვაქვს, მაგრამ ორგანიზმისთვის აუცილებელია საკვებიო.

ბუზღუნით გავყევი და ქუჩის გადაღმა, რუს პირას დავსხედით. გავღეჭეთ საძაგელი, უზომოდ მარილიანი თევზი და ბრინჯი და კიდევ რაღაც საშინელება. ამასობაში ისევ აწუილდნენ რუსული თვითმფრინავები, ისევ დავიხურეთ უჯიშო რუსული ჩაფხუტები. ღრუბლიანი დღე იყო და ვერც თვითმფრინავებს ვხედავდით და ვერც გადმოყრილ ბომბებს (წინა დღისგან განსხვავებით). დაბომბვის დროს ვაგინებდი რუს პილოტებს, სრულიად პორნოგრაფიულ ფანტაზიას ვაძლევდი გასაქანს მათ საგინებლად, მაგრამ ისინი მაინც გვბომბავდნენ. ამასობაში პირველი გამაოგნებელი რამ მოხდა - რამდენიმე (ათამდე) რეზერვისტმა შემოგვითვალა, - ჩვენი იარაღი უფროსობას გადაეცით. “ჩვენ ეკლესიაში შევალთ, იმედია, ამას არ დაბომბავენ. ვერა, ძმაო, ომი არ შეგვიძლიაო. Mმაგრად დავიძაბეთ. ეკლესიას შეფარებულთაგან ერთ-ერთს ვიცნობდი. ძალიან კარგი ბიჭია, ძალიან რელიგიური, ხატმწერი. თავიდანვე, პირველი დღიდანვე, კოჯორში ამბობდა, - არ არის ჩემი საქმე ომი, არ შემიძლია კაცის მოკვლა, მძულს ეს ოხერი ავტომატიო. კოჯორში სამხედროების მიერ აშენებული პატარა ეკლესიაა და მოდი, ამას მოგიხატავთ ამ 18 დღეშიო, იხვეწებოდა, ვინ უგდო ყური.

მოკლედ, ეს ბიჭი არ იყო მეომარი და აკი, შეეფარა კიდეც ეკლესიას დაბომბვისას. თუმცა, გულახდილად ვიტყვი, რაღაც ჩამწყდა. პირველად ვნახე ასეთი რამ. აფხაზეთის ომის დროს პატარა ვიყავი, მაშინ თბილისიდან უფრო რომანტიკულად და ვაჟკაცურად მეჩვენებოდა საომარი ამბები, რატომღაც მეგონა, რომ საქართველოს როცა გაუჭირდებოდა, შიში ყველას დაავიწყდებოდა და ყველა გიორგი სააკაძედ გადაიქცეოდა. მთლად არიფი არ ვარ, მაგრამ მართლა ასე მეგონა. მერე თანდათან შევამჩნიეთ, რომ სკოლის წინ სხვადასხვა მანქანა ჩერდებოდა და რამდენიმე ბიჭი უცებ შეხტებოდა ხოლმე ამ მანქანაში, ჯერ ვერ მივხვდით, რა ხდებოდა, ვინაიდან ამ ბიჭებს სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ. მერე ვიაზრეთ - ვისაც შეეძლო, მშობელს ან ძმაკაცს იძახებდა, მათი მოსვლისთანავე რუს პირას, ბუჩქნარში სამხედრო ფორმას იხდიდა და... მოკლედ, დაიწყო ჩვენი მოშლა. ამასობაში, რამდენიმე ბიჭი შემოვეხვიეთ მეთაურს - რა ხდება, რა უნდა ვქნათ და ასე შემდეგ. მერე მე გამოვხტი და ხმამაღლა, ხელების ქნევით ვუთხარი, - ვისაც შნო აქვს, წინა ხაზზე წაგვიყვანე, ვინც ჩაიჯვა (კი, ასე ვთქვი), შინ გაუშვი და ავტომატი გამოართვი-მეთქი, ჩვენი ბიჭები (დილით 80 რეზერვისტი ოსურ სოფელ წინაგარაში შეიყვანეს) წინაგარაში რომ წაიყვანეს, მათთან წავიდეთ-მეთქი. ამ ლაპარაკისას გამოხტა ერთი მაღალი, ჩემზე უმცროსი, სიმპათიური ბიჭი, ნიკა ბახსოლიანი, რომელიც ჯერ კიდევ ვაზიანში შევნიშნე, - გაგვიძეხი, ძმაო, აქ საომრად ვართ ჩამოსულები და ვიომოთ, ვისაც ეშინია, გააჯვას (ასე თქვა ზუსტად), ჩვენ კიდევ წავიდეთ წინა ხაზზეო. აშკარად დაძაბული მეთაური კიდევ უფრო დაიძაბა, ანერვიულებული ხმით გვიპასუხა, - ბრძანება აქ მაქვს, როგორ წაგიყვანოთ იქ, სადაც შეიძლება დანაღმული ველები იყოს.

მე ვარ მეთაური, პასუხი მე მომეთხოვებაო. აქ რომ ბომბი დაგვეცეს, რა უნდა ქნა-მეთქი? ისევ ზურამ გამაჩერა, ახურებო. ამ კაცს ნუ აწვები, ხომ იცი, ასე ჰაიჰარად ვერ წაგვიყვანსო. წავალ, ეგებ შტაბი მოვძებნო, თორემ ეს ოხერი ტელეფონი სულ გათიშულიაო, თქვა მეთაურმა და სადღაც წავიდა. ის წავიდა და ბევრი რეზერვისტიც გაუყვა თბილისის გზას. ზოგი ახლობელს მიჰყვებოდა, ზოგი ტაქსის (ვისაც ფული ჰქონდა), ზოგი ფორმით და ავტომატით მიდიოდა, ზოგი უფორმოდ და უავტომატოდ. "ჩაჯმულთა" დიდი ჯგუფი ერთ ასაკოვან ლეიტენანტს შემოეხვია, - შინ თუ წავედით, დეზერტირებად ხომ არ ჩაგვთვლიანო. ის ვერც იმას ეუბნებოდა და ვერც ამას, ვერც საბრძოლოდ განაწყობდა ამ ჩასვრილ, "მიშას თავი როგორ შევაკლა" ფინაჩებს. მე და კიდევ რამდენიმე მივედით და ხმამაღლა ვთქვით, -“ვინც გარბის, დატენილი მჭიდები დატოვოსო.

რამდენიმე "ძალიან ჩასვრილმა" მოგვცა მჭიდები, რამდენიმეს ეხამუშა ეს უხეშად, პირდაპირ თქმული და წაიჯუჯღუნა, მე შარზე ვიყავი და უფრო გამომწვევად დავტრიალებდი ამ მოთათბირე ლაჩრებს და ვუკიჟინებდი. უეჭველი მაგრად გავილახებოდი, რომ არა ისევ ზურა. ბიჭო, ნუ შეუკიკინე ამათ, თავისი ეყოფათ, გამოდი აქეთო და ისევ სკოლიდან რუს პირას გადამიყვანა. სკოლის წინ სამრეცხაო იყო, ლურჯტენტგადაფარებული, იმის ქვეშ დავაწყვეთ ზურგჩანთები და ერთად შევქუჩდით ასმეხუთელები - მე, ზურა, ვასო, მახო, ვანო და სხვები. იქვე დაბოღმილი ტრიალებდა და ხმამაღლა ილანძღებოდა სიმპათიური ბახსოლიანი.“- მე, ძმაო, ბოლომდე უნდა ვიომო, თბილისში წამსვლელი არა ვარო და თან ორივე ხელი კისერზე ჩამოკიდებულ ავტომატზე ედო, ისეთი იერი ჰქონდა, რომ ეჭვი არავის ეპარებოდა მის ნათქვამში.

ამასობაში შევნიშნე, - სკოლის გვერდით ქუჩაზე ერთ-ერთ სახლთან რამდენიმე ჯიპის თანხლებით მიდი-მოდიოდა (ნერვიულად) შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი. ყოველ მოსვლაზე, უფრო ზუსტად, მოვარდნაზე ჯიპებში აწყობდნენ ტყვიამფრქვევებს, ყუმბარმტყორცნებს და სხვა იარაღს. მანამდე ამ ყველაფერს ყურადღებას არ ვაქცევდი, ბოლო მოსვლაზე კი უსაქმურობით გაბეზრებული მეც მივედი გუბერნატორ ლადოსთან. ძალიან აღელვებული ჩანდა, შუბლზე დიდი წითელი ნაკაწრი ჰქონდა, წამდაუწუმ ცხვირსახოცს იფარებდა შუბლზე. რამდენიმე რეზერვისტი შემოხვეოდა. მივედი და ტვინის ბურღვა დავუწყე -  სად მიდიხართ, თუ ცხინვალში, ჩვენც წამოვალთ (მეც ნერვიულად პასუხებს არც ვაცდიდი და კითხვებს ვაყრიდი), თუ არადა, რატომ არ ზრუნავთ მოსახლეობაზე-მეთქი.

სახეზე ეწერა გუბერნატორ ლადოს, რომ სულ სხვაგან იყო, ისღა მითხრა, - ახლა რუსები თანამგზავრიდან გვიღებენ და სადმე შეეფარეთო. მერე ისიც და მისი თანმხლები ჯიპებიანი ესკორტიც წავიდა.

იქვე, ლურჯტენტიან ფარღალალა სამრეცხაოში მივბრუნდი, ბიჭები დამუნჯებულები და თავჩაქინდრულები იყვნენ, მახომ და ვასომ ერთი ის მითხრეს, რომ ბლომად მჭიდები ავაგროვეთო და მეც გამინაწილეს, არადა, უკვე გატენილი მქონდა შარვლის ჯიბეებიც, ზურგჩანთაც. ამასობაში ერთი ბათქაბუთქი ისევ დაგვაწიეს რუსებმა. ისევ ჩავცუცქდით, ისევ ჩაფხუტები დავიფხატეთ, ისევ გავიტრუნეთ, მერე ისევ გადავრჩით. ამასობაში უფრო მიმოიფანტნენ რეზერვისტები, ზოგი აქეთ ეცა, ზოგი იქით.

მეთაურმა, - ყველამ თავს უშველეთო, - დაიყვირა ვიღაცამ. ჯერ დავიბენით, მერე მივხვდით, რომ ვიღაცამ შიშისგან დააბრეხვა ეს და ყველამ აიტაცა. ჯერ არ მოსულა მეთაური, ტყუილიაო, - დავიყვირეთ ჩვენ. ვიღაცამ დაიჯერა, ვიღაცამ - არა. რა მაგრად შეიძლება თურმე დეზინფორმაციის ატაცება, მაშინ დავინახე. მერე კიდევ ერთხელ დავინახე რეზერვისტთა "ჩაჯმის" მასშტაბი. დაბომბვის დამთავრებისთანავე მე და ზურამ გადავირბინეთ სკოლის ეზოში და შტაბელებად დაწყობილი ტყვია-წამლის ყუთების გადმოტანა დავიწყეთ. საკმაოდ ბევრი ყუთი იყო. რამდენიმე ასმეხუთელი წამოგვეშველა, დანარჩენებს, მართალია, ვთხოვდით, მოგვხმარებოდნენ, მაგრამ ისეთი გაფითრებულ-დაფეთებულები ისხდნენ რუსპირა ხეების ქვეშ, რომ შეგონებით კი არა, ცემა-ტყეპით ვერ ვაიძულებდით დაძვრას. ამასობაში მეთაური მოვიდა, სახეალეწილი და დაბნეული იყო - ძმაკაცი მომიკლესო. არანაირი ბრძანება არ მაქვსო, ვისაც უნდა, შინ წავიდეს, ვისაც ბრძოლა უნდა, არტილერიის ნაწილში მივიდეს და იქ იქნება დამატებითი ბრძანებაო. აქ კი საბოლოოდ ავირდავირიეთ. მანამდე ტელეფონებიდან მოსმენილ და გახუთმაგებულ დეზინფორმაციას ხომ ბოლო არ ჰქონდა. "ენ-ტე-ვეს" უთქვამს, რუსებმა ცხინვალს დაარტყესო, ჩვენი სპეცრაზმი გაიქცაო...

ერთი ხანობა ამ დეზინფორმატორებს შევუტიეთ და ნათქვამი ტუტუცობების დამტკიცება მოვთხოვეთ, მაგრამ თანდათან ეს ძალისხმევა აშკარად უნაყოფო გახდა, ვინაიდან ჩვენ არც უფლება გვქონდა, მათთვის რამე გვებრძანებინა და კიდევ ჩვენი შეგონებები და კონტრინფორმაცია გაცილებით ნაკლებეფექტიანი იყო. მოკლედ, დამრჩენები დავრჩით, წამსვლელები - წავიდნენ. სანამ ბრძოლის მოსურნეები არტილერიის ნაწილისაკენ წავიდოდით, დავიჟინე - ამ უამრავ ტყვია-წამალს აქ ხომ არ დავტოვებთ-მეთქი. ზურამ და სხვებმა - აბა, როგორ უნდა ვათრიოთ თან ამდენი ყუთიო. ამასობაში სამხედრო პოლიციის ჯიპი მოგვადგა. სანამ რეზერვისტები ჯიპში მსხდომ ოფიცრებს გლობალურ პოლიტიკურ ვითარებაზე აყრიდნენ კითხვებს, ჩვენ ტყვია-წამლის ყუთები ჯიპის საბარგულზე ავტვირთეთ. ტყვია-წამალს სკოლაში ბავშვებს ხომ არ დავუტოვებთო, - ასეთი იყო ჩვენი რკინის არგუმენტი. ეს არგუმენტი მიიღეს ოფიცრებმა. რამდენიმე ათეული რეზერვისტი კი მითითებული არტილერიის ნაწილისაკენ გავუყევით. წინ რამდენიმე რეზერვისტი შეგვეფეთა. ძალიან გაუგებარ რამეებს გვეუბნებოდნენ, სახეზე კი დიდი შიში ეხატათ. რომ ვერაფერი შევაგონეთ, ყვირილი დავიწყეთ - ხალხს ჩვენი იმედი ჰქონდა და დაცვის მაგივრად უფრო ვაპანიკებდით...

არც ეს ჭრიდა. თან სასაცილო (მაშინ ნაღდად არ გვეცინებოდა) ის იყო, რომ ამ ჩაფხუტდახურულ, სამხედროფორმიან და ავტომატიან ხალხს უიარაღო გორელები გვამშვიდებდნენ, -“ჰოოო, შვილო, თქვენ ნუ ინერვიულებთ, რაღაცა იქნებაო. მინდოდა მეთქვა, რომ მე მაგარი ვიყავი, არ მეშინოდა, მზად ვიყავი, ისინი იქით დამეცვა. ვერ ვამბობდი,  ჩუმად ვიყავი. ჩუმად მივდიოდი იმ არტილერიის ნაწილისკენ. ჰაერში ისევ გამოჩნდნენ თვითმფრინავები. ამ დროს გორის ციხის ქვეშ, პატარა ხიდზე გადავდიოდით. "ჰაერი, დაწექიით", - დაიძახა ვიღაცამ. 30-მდე კაცი გავწექით ხიდზე. მერე წამოვხტით. ავიხედე, გორელები, დინჯი გორელები, ციხეზე ასულიყვნენ და იქიდან უცქერდნენ ამ ყველაფერს, ქუჩაში გაწოლილებსაც გვერდით ჩაგვიარეს ქალებმა, ბავშვებმა, თანაგრძნობით გვიცქერდნენ. დავიბოღმე. მე მათ დასაცავად, უფრო ზუსტად, როკის გვირაბამდე მისასვლელად ვიყავი ჩამოსული და ამ დროს შუა გორში, დღისით-მზისით, აგვისტოს პაპანაქებაში, ზურგჩანთიან-ჩაფხუტიან-ავტომატიანი ვხოხავდი.

მოდი და ნუ დაიბოღმები. ამასობაში წინიდან ისევ დაიყვირა ვიღაცამ, -"ჰაერი, დაწექითო". ახლა კი "დავიკიდეთ". მივედით და გავარკვიეთ, - რომელიღაც რეზერვისტი შესულიყო“"კამანდირობის" ეშხში და ის გვახოხებდა შუაგულ ქალაქში ასე დაუნდობლად. სანამ იმ ძალით გენერალ რეზერვისტს სიტყვიერად "მივტისკავდით" და სულს ამოვითქვამდით, სამხედრო ჯიპმა გაგვიჩერა, - ვინ ხართ და სად მიდიხართო. რეზერვისტები ვართ, შინ წასვლა არ გვინდა, ომი გვინდა და გვითხრეს, არტილერიის ნაწილისკენ წადითო, - ვუპასუხეთ. - ჰო, ჰო, ძმებო, წადით, მაგრამ შუა გზაზე ნუ დადიხართ, გზის გაყოლებით, ხეებში ირბინეთო, - გვითხრა ჯიპში მჯდომმა ოფიცერმა. გავმხნევდით და ძუნძულით გავუყევით ქუჩისპირა ჩრდილს.

ასიოდე მეტრის გავლის შემდეგ სხვა ჯიპმა გაგვიჩერა. მახსოვს, იმ ტიპს სასაცილო ჰაბიტუსი ჰქონდა, რასაც უკან შებრუნებულად დახურული კეპიც ამძაფრებდა. როცა მოვახსენეთ, ვინ ვიყავით და რა გვინდოდა, შეიცხადა, - მაგ ნაწილს პირდაპირი დამიზნებით ურახუნებენ რუსები, მობრუნდით და ჰოსპიტლისკენ დააწექით, ოღონდ ხეებს შეეფარეთო. რა გაეწყობოდა, ამოვიოხრეთ, ოფლი მოვიწმინდეთ და უკან გამოვძუნძულდით. რამდენიმე ათეული მეტრის გარბენის მერე ისევ ჯიპმა გააჩერა, ამჯერად სამხედრო პოლიციის ჯიპი იყო. ვინ ხართ და საით გაგიწევიათო. დასიცხულებმა და ტვინარეულებმა ვუთხარით ჩვენი წინ და უკან სირბილის ამბავი. არტილერიის ნაწილი არ იბომბება და იქით უნდა წახვიდეთ, ჰოსპიტლისკენ კი არაო, - გვითხრა ერთმა კარგმა ნასუქმა, აშკარად კაი პურისჭამის მოყვარულმა სამხედრო პოლიციელმა. სანამ ის ჩვენს ბედს არკვევდა, ვასო მოვიდა და ალალი, დაღლილი ხმით თქვა, - სანამ თქვენ რამეს გაარკვევთ, ჩვენ აგერ, ამ ხეებში ჩავიმალებითო. ეს, აშკარად უშნოდ გამოუვიდა, თან ამ ნათქვამში ყველაზე ნაკლებად თავის თავს გულისხმობდა, მის უკან ათობით ადამიანი იყო, რომელიც მას, როგორც ასაკით უფროსს, უყურებდა და უფრო ისინი იგულისხმა ვასომ.

აუჰ, თქვენ, როგორც ჩანს, იმალებით, დეზერტირები ხართ, ახლავე ყველას იარაღს წაგართმევთო, - დაიღრიალა კაიპურისმჭამელმა და იქ დაერხა. საშინელი ხმა აღმოგვხდა, განსაკუთრებით ვასოს. შენ მე პატარა ბიჭი ხომ არ გგონივარო და უჯიშო ჩაფხუტი მოიხადა. ვასო ჩვენ შორის "სტარიკი" იყო, თან ყოფილი მორაგბე, თან ძალიან გაცოფებული და ძალიან შეურაცხყოფილი. მოკლედ, ისე დაბღუჯა ეს ჯიპში მჯდომი "ძალით მაგარი ტიპი" სამხედრო პოლიციელი და თან იმდენი დედის ძვალი აგინა, რომ აშკარად ენაზე იკბინა იმ კაიპურისმჭამელმა. ჩვენი წინააღმდეგობის მიუხედავად, ვასომ ჯიპიდან გადმოათრია და კარგადაც აჯანჯღარა. ხელიდან გამოვგლიჯეთ ეს უკვე ჩასვრილი ტიპი. სანამ მასთან საქმეს ვარკვევდით, რამდენიმე სამხედრო ჯიპი გაჩერდა. მათ შორის იმ ტიპისაც, უკან შებრუნებული კეპი რომ ეხურა. ჩვენ გავაპროტესტეთ უთავბოლობა და მოვითხოვეთ, გავერკვიეთ, ბოლოს და ბოლოს, როგორ მოვქცეულიყავით. სანამ რამეს გავარკვევთ, ხეებს შეეფარეთო. ხეებს შეფარებულებმა დავინახეთ ძალიან მაგრად აღჭურვილი, ოფლში გახვითქული ტიპები.

ვინ ხართ-მეთქი. იუსტიციის სპეცრაზმიო. “ჰოოოო, ძმებო, თქვენ არ იყავით, 7 ნოემბერს თავპირი რომ დაგვამტვრიეთ-მეთქი. დაიძაბნენ.“კი, მაგრამ ახლა ამის დრო არ არისო. “არ არის, მაგრამ ხომ ხედავ, საქმე საქმეზე რომ მიდგა, ერთად ვართ, ეს მანამდეც უნდა გცოდნოდათ-მეთქი. არაფერი უთქვამთ, ისე წავიდნენ. ამასობაში ჯიპების თავყრილობა შეგვეხმიანა, - ამოდით, გვიბრძანეს, ყველა რეზერვისტი ჰოსპიტალთან მივიყვანოთო. ჯიპების საბარგულზე დავსხედით, ნახევარი გორი ასე გავიარეთ, თავი მაგარი ტიპები გვეგონა ავტომატდაბღუჯულებს, მაგრამ ეს "მაგარტიპობა" მალევე დასრულდა. ჰოსპიტალთან მიგვიყვანეს, ათასობით თავგზააბნეული რეზერვისტი ირეოდა, ათობით ყვითელი "სანდრაბუსი" იდგა. ომის კი არა, უთავბოლო ექსკურსიის ვითარებას ჰგავდა იქაურობა. მე ჩემი გეგმა დავსახე, ჩემს ნათესავს დავურეკე რის ვაი-ვაგლახით, - სად ხარ, მაქსიმუმ ერთ საათში შენთან მოვალ-მეთქი. მითხრა, სადაც იყო, დაგელოდებიო.

ამასობაში ჩვენ წინ კომფორტულ ჯიპში მჯდომმა დათო ტყეშელაშვილმა ჩაიარა. თვალებს აცეცებდა. მე ჩემი გეგმა კი დავსახე, მაგრამ ზურა და ლაშხი მიშლიდნენ ხელს. ამათ უნდა დავსხლტომოდი, მე კი მტკიცედ გადავწყვიტე, რომ აქედან უომრად არ წავიდოდი. ზურა ეგრევე მიხვდა, რასაც ვაპირებდი, ლაშხიც მიხვდა. ავტობუსებს შორის ედო დავინახეთ, ჩვენი რეზერვის სერჟანტი, გულიანი გორელი ბიჭი, ასმეხუთელები შემოეხვივნენ, კითხვები დააყარეს. გარკვეულად ვერაფერს ამბობდა. მე, ძმაო, ვიცი, რომ უნდა დავრჩე და ჩემი გავაკეთოო. თითქმის არ ვუსმენდი, ჩემს გეგმებს ვაწყობდი. ამასობაში ავტობუსებში გაგვანაწილეს - დანარჩენს მერე გეტყვითო. ერთ ავტობუსში ავედით აქეთ-იქით ნარბენი რეზერვისტები. ავედით თუ არა, რამდენიმემ მძღოლს მოსთხოვა, - დაქოქე და თბილისისკენ წადიო. მძღოლმა - ჩემთვის ასეთი რამ არავის უთქვამსო. დაძარი, თორემ დაგასაცერებთო. მძღოლმა დაძრა. პრინციპში, გავიტაცეთ ავტობუსი.

მე ფეხებზე მეკიდა, გორის გასასვლელთან, ერთ-ერთ რესტორანთან მელოდა ჩემი ნათესავი. ჩემი მთავარი დარდი ზურასა და ლაშხისგან თავის დაღწევა იყო. რატომ მინდოდა ეს? ზურა ჩვენს სამეგობროში უმცროსი და გამორჩეული ვინმეა. რეზერვში ყოფნის დროსაც მასზე ერთგვარი მზრუნველობა მქონდა (თუმცა არ სჭირდებოდა), სულ დავკანკალებდი. ახლა, ომში გადაწყვეტილი მქონდა, ბოლომდე მეომა, ისე, რომ არავისი დარდი არ მქონოდა, ზურასი - მით უფრო. ლაშხიც აგვეკედლა, თუმცა თუ ზურას დავარწმუნებდი და თბილისში გავამგზავრებდი, ლაშხსაც გავაყოლებდი. მაგრამ ზურა ჩემი ძმაკაცია, არიფი არ არის, არანაირად არ "დაიკერა" ჩემი ნაკლებდამაჯერებელი დარწმუნებით.

სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალო. ეს აშკარად საკმარისი იყო, ვიცოდი, ვერ გადავარწმუნებდი. ჯანდაბას შენი თავი-მეთქი და მძღოლს დავუძახეთ, - გორის გასასვლელთან გააჩერეო. სად მიდიხარო, - ვასომ გაიოცა. ნათესავთან, დღესვე ჩამოვალ-მეთქი და უცბად ჩავირბინე. გიორგი ბერიძისთვის არაფერი მითქვამს, ამიტომაც კარგა ხანს "მოღალატეს" მეძახდა, - რატომ მიმატოვეო. ერთხელაც გაცოფებულმა მივახალე, - მე შენ ბრძოლაში კი არ მიგატოვე, შინ დაბრუნებისას მე ომში დავრჩი, დაბომბვისას კი შენს ტონიან ზურგჩანთას მე დავათრევდი-მეთქი. გაეცინა და - კარგი, გასაგებიაო. ისე, უნდა ვთქვა, რომ გიორგიმ იმ ომში გამაოცა. ბევრისაგან განსხვავებით, წარბი არ შეუხრია. თუმცა სად ეცალა ამისთვის, დადიოდა და სულ რადიო "პალიტრის" ეთერში ერთვებოდა, რა ენაღვლებოდა - მე დავათრევდი მის ასფუთიან ზურგჩანთას.

მოკლედ, მე, ზურა და ლაშხი ჩამოვედით გორის გასასვლელში. გზის იქით, რესტორან "გუდაბერტყიასთან" ჩემი ნათესავი გველოდა. სპეცრაზმელებს რამდენიმე ჯიპი რესტორნის მახლობლად მეჩხერ ბუჩქნართან გაეჩერებინათ და ტირიფის ტოტები დაეფარებინათ, თუმცა აშკარად არ შველოდა თეთრ და აგვისტოს მზეზე ალაპლაპებულ პიკაპებს. სანამ ჩემი ნათესავი მის თანამებრძოლ სპეცრაზმელებს გამაცნობდა, ჯერ რესტორნის მახლობლად, ბომბსაფრის მსგავს ნაგებობაში ჩაგვიყვანა. იქ რამდენიმე რეზერვისტი დაგვხვდა, პატარა ბიჭები - ომში დარჩენა უნდათ და ჩვენ შემოგვეკედლენო, - მითხრა ჩემმა ნათესავმა. ამ გარემოში ბედნიერად ვგრძნობდი თავს, ხელში ისევ ავტომატი მეჭირა, სპეცრაზმელების გარემოცვაში ვიყავი და სხვა თუ არაფერი, თბილისში არ მივდიოდი. სპეცრაზმელები ჩაფიქრებული იყვნენ, წინადღეს ერთი მეგობარი დაეღუპათ, ერთი მძიმედ დაეჭრათ, ყუმბარმტყორცნის ჭურვი მუხლში მოხვედრია. მე კი, მათგან განსხვავებით, მშვენიერ გუნებაზე ვიყავი, ამიტომაც შემოთავაზებულ პომიდორს და ყველს დიდი სიამოვნებით მივეძალე, თან ენას არ ვაჩერებდი. თანდათან ყველა ამყვა, ერთ-ერთ მძღოლს ხუმრობა დაუწყეს - ეს მოგროვილი რეზერვისტები (ჯამში შვიდნი ვიყავით) შენი არმიაა, შენ კი მათი გენერალიო. მეც ავიტაცე და სპეცრაზმელ მძღოლს "გენერალს" ვეძახდი. ისიც თანდათან ეშხში შედიოდა და იფერებდა. ნამდვილ სამხედროთა გარემოცვაში ისე კარგად ვგრძნობდი თავს, რომ არც კი ვფიქრობდი, შემდეგ რა იქნებოდა...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)