ალეკო ელისაშვილი: ომის დღიური - კვირის პალიტრა

ალეკო ელისაშვილი: ომის დღიური

(გაგრძელება. დასაწყისი "კვირის პალიტრა" ##32-33)

ცხინვალის პირველი ომისა და აფხაზეთის ომის დროს პატარა ვიყავი. ამ ომებს ტელევიზიით, გაზეთებითა და თვითმხილველთა მონათხრობით ვიცნობდი. აფხაზეთში გაპარვის მცდელობაც მქონდა. გაპარვით ვერ გავიპარე, მაგრამ  მშობლები დავითანხმე, რომ სამხედრო აკადემიაში ჩაბარებაში ხელს არ შემიშლიდნენ (მანამდე მიშლიდნენ). საბოლოოდ, მიზეზთა გამო ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტის პოლიტოლოგიის სპეციალობაზე ჩავაბარე, შემდეგ ჟურნალისტი გავხდი.

მილიტარიზმის ჭია არასოდეს მასვენებდა. უნივერსიტეტის სამხედრო კათედრამ ნატამალი ცოდნა ვერ მომცა, ცოტა რეზერვში გავიხარე ეს ჭია (ომამდე ორჯერ ვიყავი 18 და 8-დღიან სარეზერვო შეკრებებზე). აგვისტოში ომის დაწყებისთანავე წავედი რეზერვისტების შეკრების ადგილას, მიუხედავად იმისა, რომ არ გამოვუძახებივართ.

საოცარი ენთუზიაზმით წავედი, საოცარი შემართებით... ომის 4 დღის მანძილზე ეს ენთუზიაზმიცა და შემართებაც სრულიად გამიქარწყლდა. სრული უთავბოლობა - ეს ვნახე ამ დღეების განმავლობაში. მოშლილი სახელმწიფოს გარდა წამხდარი ქართველი ბიჭების ნახვამ და საკუთარმა უმწეობამ დამთრგუნა. მეცვა ფორმა, მეჭირა ავტომატი და ვერაფერს ვაკეთებდი საქართველოსთვის. ომი უჩემოდ მოხდა, ომი უჩემოდ წავაგეთ. ომამდე თავი ლამის რემბოდ მიმაჩნდა, ომში და ომის მერე ბევრი რამ სხვაგვარად დავინახე. დანახულმა გადამაწყვეტინა ეს ყველაფერი დამეწერა. ამ ნაწერს 4 წელიწადი არ გავკარებივარ. 4 წელიწადი ვემალებოდი და ვმალავდი ამ დღიურებს. როდემდე უნდა მემალა და დავმალვოდი?! ბოლოს გადავწყვიტე, გამომემზეურებინა და "კვირის პალიტრის" მეშვეობით თქვენც გთავაზობთ ჩემს მაშინდელ განცდებსა და თავგადასავალს.

ალეკო ელისაშვილი

ამასობაში რესტორანს რამდენიმე მანქანა მოადგა, ერთ ორკარიან "პაჯეროზე" რამდენიმე კაცი იყო ჩამოკიდებული. ძირითადად, დიდი ლიახვისხეობელი ბიჭები იყვნენ, სხვადასხვაგვარი, ნახევრად სამოქალაქო, ნახევრად სამხედრო ტანსაცმელი ეცვათ. მათ შორის ყველაზე მეტს ლაპარაკობდა ტანდაბალი, მკვრივად ჩასხმული ბიჭი, შავი მაისურითა და თავზე პოლიციის სპეცრაზმელებისთვის დამახასიათებელი შავი ქუდ-ნიღბით. "ბიჯოო, თავიდან რა მაგრად დავიწყეით, რო დაცხო ჩვენმა არტილერიამა შიგ აკოფებში, ამოვარდნენ ოსები დაფეთებულები, წელზეით ტიტვლები, აირივნენ ხარ-ძროხაში და მორბოდნენ ეგრე დარეტიანებულები. ამოვხტით ჩვენცა, დავუშვით პეკაი, გადავჭერით კალბასებივითა...

მერე, ბიჯო, რა დაგვემართა, ჰა, რათ დაიწყეს ეგეთი არეული რაღაცების თქმაი, ჯერა - შედითო, მერე გამოდითო, მივწოლოდით, ბიჯო, ბოლომდე", - გაცხარებული ჰყვებოდა დიდ ლიახველთა ტანდაბალი, დაკუნთული და ენერგიული ლიდერი. ქართლური გულახდილობითა და დიდი გულისტკივილით, უბრალოდ გადმოსცემდა წინადღეების თავგადასავალს. შიგადაშიგ ვიღაცას ლანძღავდა, - რატომ მოგვცა ასეთი სულელური ბრძანებებიო, თან იმაზე ცოფდებოდა, რომ ამ სულელური ბრძანებისა და ნაჩქარევი უკან დახევის გამო სოფელში დიდი რაოდენობით იარაღი დარჩა. "ნაჩნოი ვიდენიაი, ბიჯო, ყველაზე მეტად მაგაზე მტკივა გული", - ოხრავდა. მერე იმაზეც დარდობდა, რომ სოფლის დატოვება ვერ აიძულა მოხუც ბებიასა და პაპას. ამ დროს პირველად გააწყვეტინეს სიტყვა თანმხლებებმა და ერთმა მაღალმა, სიმპათიურმა ბიჭმა, კულას რომ ეძახდნენ, იხუმრა, - მემრე რომ ახვალ, დაგახვედრებენ პატარა ბალღებსა. მაგათ რახანია მარტო ერთმანეთი არ უნახავთო და ყველა ახარხარდა. “გაგცხოს ერთი კაცმაო, - ერთი კი უთხრა ტანდაბალმა ლიდერმა.

ამასობაში ზურამ დამიძახა, მგონი, რეზერვისტების შესაგროვებლად არის ერთი ტიპი მოსული და რა ვქნათო. პირველი ის ვქენით, რომ ეროვნული გვარდიის ამოსაცნობი ნიშანი მოვიხსენით მარცხენა მკლავიდან, თუმცა, ამის შემდეგ ერთმა ასაკოვანმა სპეცრაზმელმა განზე გამიყვანა, კარგად უნდა გამიგო, შენი ნათესავი კი ძალიან კარგი ბიჭია, დიდ პატივსაც ვცემთ, მაგრამ შენი და შენი მეგობრების ჩვენთან დარჩენა არ გამოვაო, თქვენზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთო. მე თავი ჩავღუნე, დავიბოღმე, თან გასაგები იყო და თან გულდასაწყვეტი. რა გაეწყობოდა, თან გოგაც (ჩემი ნათესავი) უმწეო იყო ამ ვითარებაში. მე, ზურა და ლაშხი ამ "რეჩის" მოსმენის შემდეგ ჩვენი ავტომატებიან-ზურგჩანთებიანად მივადექით იმ კაცს, რომელიც გამწარებული ცდილობდა მიმოფანტული რეზერვისტების შეგროვებას. ჩვენმა "ჩაბარებამ" დიდად გაახარა. შვიდივე რეზერვისტი თავის პატარა "გოლფში" ჩაგვტენა, თუმცა, სანამ ჩავჯდებოდი, დავემშვიდობე ჩემს ნათესავსა და ერთ-ერთ ხეობელ ბიჭს, ხუმარა კულას ტელეფონის ნომერი გამოვართვი, - აუცილებლად დაგირეკავ და მალე შემოგიერთდებით-მეთქი. ცოტა კი დაიბნა, მაგრამ ფორმა რომ მეცვა, ეტყობა, ეს ამშვიდებდა.

გულის ნადებს აშკარად ვერ მიმიხვდა. მოკლედ, რეზერვისტთა შემგროვებელმა ტრასაზე გაგვიყვანა, გზადაგზა გაარკვია, რომ შავშვებთან, გზის პირას, 601-ე, ლაშხის ბატალიონი იყო შეგროვილი, ჩვენც იმათ მიგვაყენეს. ერთ-ერთი მეთაური რატომღაც უხეშად შეგვხვდა. სხვებს შორის დავინახე გია გეწაძე, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, რომელიც ამ ბატალიონის რეზერვისტი ყოფილა, ფორმა ეცვა, თავის ჯიპთან იდგა და ოფიცრებს ელაპარაკებოდა. ბატალიონი ჯერ გზის პირას მოგვაწყვეს, შემდეგ კი ქარსაფარ ზოლში განლაგება და ბრძანების დალოდება გვიბრძანეს. ჩვენც (მე, კოტე და ლაშხი) ქარსაფრის მაგივრად მინდორზე ავედით და თივის ბულულში ჩავწექით. უკვე ბნელოდა. იმ მინდვრიდან კარგად ჩანდა, როგორ ანათებდა გორიდან ასროლილი ჭურვები ცას. მერე გავიგე, რომ გორის ტელეანძის მიდამოდან ჩვენი "პიონები" ისროდნენ. თივის ბულულში მოკალათებულებმა თურქული საგზლის ერთადერთი ვარგისი რამ - თხილი და ქიშმიში ამოვჭამეთ, ჩვენი დედასავით თბილი "გორტექსები" დავიფარეთ და ის იყო, სურნელოვან ბალახში ძილს მივეცით თავი, რომ დაიყვირეს, მოეწყვეთო. ავიბარგეთ და ავტომატდაბღუჯულები ტრასაზე გავჩნდით. ჩვენ გასწვრივ ყვითელი ავტობუსებიც გამწკრივდნენ, პირით თბილისისკენ. ნაბრძანებია, თბილისში წახვიდეთ და სამხედრო აკადემიაში იარაღ-აღჭურვილობა ჩააბაროთო. ეს რომ გამოაცხადა, ოფიცერი რატომღაც ჩვენ სამს მოგვადგა და უხეშად გვითხრა, იცოდეთ, აუცილებლად ახვალთ ავტობუსშიო.

ზურას გადავხედე, სახეზე ის ეწერა, რასაც მე ვფიქრობდი, უცბად მოვუტრიალდით ლაშხს და ხმადაბლა დავუწყეთ ახსნა, რომ აუცილებლად უნდა გაჰყოლოდა თავის ბატალიონს, თორემ მაგრად დაერხეოდა, ჩვენ კიდევ ჯერ აქ დავიმალებოდით, მერე როგორმე გორამდე ჩავაღწევდით. ლაშხი ჯერ დაფიქრდა, მერე - სადაც თქვენ, იქაც მეო. სამივე სიბნელეში გავიძურწეთ ჩვენი თივის ბულულისაკენ. სურნელოვან ბულულში ჩავწექით და გავიტრუნეთ. ავტობუსები ასე ნახევარ საათში წავიდნენ. ჩვენ დავრჩით. უცნაური გრძნობა მქონდა, - სიბნელეში, მინდორში, ავტომატით ხელში სამი კაცი მარტოდმარტო ვიყავით. აშკარად ზურაც და ლაშხიც ამასვე ფიქრობდნენ, მაგრამ არავინ ვიმჩნევდით. დავიწყეთ მსჯელობა, გორამდე როგორ ჩაგვეღწია, როგორ მიგვეგნო რომელიმე სამხედრო მეთაურისთვის, რომ მისგან რაიმე ბრძანება მიგვეღო. ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურის ნომერი მქონდა, რის ვაი-ვაგლახით დავურეკე. აქ რომ ჩამოხვალთ, დამირეკეთ და რამე მოვიფიქროთო. ხმაზე ეტყობოდა, მაგრად ესიამოვნა, როცა ვუთხარი, სამი კაცი ვართ და თბილისში წასვლა არ გვინდა-მეთქი. ლაშხის იდეა იყო, ტრასაზე სასწრაფო დახმარების მანქანებს გადავდგომოდით. ამ მსჯელობაში ვიყავით, რომ ტრასაზე მანქანა გაჩერდა. ორი კაცი გადმოვიდა, ფარნები აანთეს და დაიწყეს ყვირილი, - რეზერვისტები აქ ხომ არა ხართ ვინმეო.

გავიტრუნეთ. თანდათან მოგვიახლოვდნენ. ის იყო, მიბრუნებას აპირებდნენ, რომ ტელეფონმა დამირეკა. ხმა გამორთული მქონდა, ამიტომ ეკრანმა გაანათა. ამან მაძებართა ყურადღება მიიპყრო. ჩვენკენ გამოემართნენ, ჩვენ კიდევ უფრო გავიტრუნეთ. ვაღიარებ, რომ მაგრად შემეშინდა. ალბათ, არა მხოლოდ მე. სავარაუდოდ, მაძებრებსაც შეეშინდათ, ვინაიდან მინდორში ვეღარ შემოვიდნენ და შორიახლოდან იძახდნენ, რეზერვისტები ხომ არა ხართ აქო. ჩვენ ბოლომდე“დუმილის უფლებით ვისარგებლეთ. წავიდნენ. უეჭველად გაიგეს, რომ დავრჩი და ამიტომ მობრუნდნენო, - თქვა ლაშხმა და ამან, როგორც ჩანს, მისი საბრძოლო განწყობა დასცა. ეგებ ვინმე ჩვენიანს დავურეკოთ, ჩამოგვაკითხოს და თბილისში წავიდეთო, ჯერ გაუბედავად თქვა, მერე კი რამდენჯერმე გაიმეორა. ლაშხს მაძებართა ინციდენტის შემდეგ გორში დაბრუნების სურვილი აშკარად დაეკარგა. თანდათან ჯუჯღუნს უმატა. მისი გორში წასვლაზე დაყოლიება უკვე რთული იყო. ზურაც შეყოყმანდა. დავურეკოთ შენს ძმას, ეგებ ჩამოგვაკითხოს-მეთქი, ვთქვი და აშკარად ზურაც და ლაშხიც გავაოცე. მაგრამ გეგმა უკვე მზად მქონდა, დავბრუნდებოდი თბილისში და მერე მათ გარეშე წავიდოდი გორში. სანამ ჩვენ დავურეკავდით, დიტომ თვითონ დარეკა. სადმე გზაზე დაგელოდებით-მეთქი. ჩავთვალეთ, რომ მაძებართა შენიშნულ ადგილზე ლოდინი არ ღირდა. ამიტომაც მინდორ-მინდორ დავაწექით.

სიბნელეში საათი მაინც ვიარეთ და ერთ გაუქმებულ თუ არამუშავებულ ავტოგასამართ სადგურთან მივედით. შორიახლო თივის ოთხკუთხა ზვინებზე დავსხედით. დიტო ბიძამისთან ერთად მოდიოდა თურმე, ძლივს ავუხსენით, სადაც ვიყავით, ორჯერ აგვიარ-ჩაგვიარეს, ბოლოს მოგვაგნეს. დაღლილ-დაქანცულები ჩავსხედით და თბილისისკენ წავედით. თითქმის შუა გზაში ლაშხს გაახსენდა, ავტომატი დამრჩაო. უკან გავბრუნდით ავტოგასამართ სადგურზე და ავტომატი მოვძებნეთ. ამის მერე თბილისამდე შეუჩერებლად ვიმგზავრეთ.

სამხედრო აკადემიაში რომ მივედით, იქ ბევრი ჩვენისთანა დაგვხვდა. ეზოში ზურგჩანთების მთა იდგა. სანამ მე და ზურას ზურგჩანთების გორასთან მიგვიყვანდნენ, ერთმა ოფიცერმა მოგვაძახა, დეზერტირები ხომ არა ხართო, გავცოფდით და იმანაც, არა, ისე ვიხუმრეო. ავტომატი და ზურგჩანთა ჩავაბარეთ. ფორმა დაგვიტოვეს. ლაშხის ლოდინში გვითხრეს, 601-ე ბატალიონი ყველაზე მოწესრიგებულია და ამიტომ ხვალ 12 საათზე ისევ დავიბარეთ, გორში უნდა წავიყვანოთო. გამიხარდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. მალე დიტომ სოლოლაკში მიმიყვანა. შინ მივედი თუ არა, გაუხდელად დავწექი და ეგრევე დავიძინე. ასეთი უსასრულო დღე არასდროს მქონია. ჯალაბი მანგლისში მყავდა აყვანილი, შინ მარტო ვიყავი. ირინას მივწერე, შინ ვარ და ხვალ მანგლისში ამოვალ-მეთქი და ტელეფონი გამოვრთე.

მთელი ის ხანი რუსების თვითმფრინავებზე მეტად ტელეფონი მიშლიდა ნერვებს, წამდაუწუმ პასუხი მიწევდა, თან ვცდილობდი, დალაგებული ხმით მეპასუხა. თფუ, როგორ მძულდა ტელეფონი მაშინ. არც ახლა მიყვარს დიდად.

10 აგვისტო, თბილისი

დილით ვიბანავე, ყავა დავლიე, დედაჩემს დავპირდი (ტელეფონით), მალე გამოვალ, რამე საჭმელი მომიმზადე-მეთქი, ზურგჩანთა გავამზადე და სამხედრო აკადემიაში 12-ის ნახევარზე მივედი. შინიდან გასვლისას მაცხოვრის პატარა ხატი ავიღე, ვემთხვიე და გულის ჯიბეში ჩავიდე. ინსტინქტურად გავაკეთე ეს. რომ გავიაზრე, მესიამოვნა, ვა, სიკვდილს ხომ არ ვაპირებ, მაგრამ მე რა მომკლავს, გვიან სიბერემდე ვიცოცხლებ-მეთქი, გავივლე გულში და კამოს ქუჩისკენ ფეხით გავუყევი. 601-ე ბატალიონიდან 30-მდე კაცი მოსულიყო, მათ შორის - ლაშხიც. მეც გავერიე მარაქაში და ვთხოვე, თქვენიანად გამასაღეთ-მეთქი. რამდენიმე მოხალისეც მოვიდა. დრო გადიოდა. არავინ გვეძახდა. ამასობაში რამდენიმე გოგომ ჩაგვიარა, აკადემიის ჭიშკარში შევიდნენ. ერთი ძალიან კოხტა იყო, ყველამ თვალი გავაყოლეთ. ცოტა ხანში ტირილი შემოგვესმა.

ორი გოგო ცდილობდა იმ მომხიბლავი გოგოს დაწყნარებას. თურმე, მე-4 ბრიგადაში მსახურობდა მისი ქმარი და წინადღეს დაღუპულიყო. გამაოგნებელი სცენა იყო, ფილმებში რომ მინახავს, ისეთი. ტირილზე ახლომახლო სახლების აივნებზე ხალხი გადმოდგა, ქალები უსიტყვოდ მიხვდნენ ყველაფერს და თავადაც ატირდნენ. უფრო მომინდა გორში წასვლა. ცოტა ხნის შემდეგ სამორიგეოსთან მივედით და კატეგორიულად მოვითხოვეთ, აეხსნათ, რატომ არ გვეძახდნენ. აშკარად დაიბნენ. ცოტა ხანში გვითხრეს, მოეწყვეთ და დაგიძახებენო. ათამდე რეზერვისტი აკადემიის ჭიშკართან მოვეწყვეთ, დანარჩენები მოშორებით იდგნენ. რამდენჯერმე რომ გავძახეთ და არ გვიპასუხეს, ნერვები მომეშალა. ლაშხს ვთხოვე, მაგათ უთხარი, ჩვენთან ერთად მოეწყონ-მეთქი. ლაშხი მალევე დაბრუნდა, წამოსვლას არ აპირებენ, თან არც ის უნდათ, დეზერტირობა ჩაეწეროთო. მოკლედ, უკვე ნაცნობი ბაზარი გაუშვეს. მორიგე ყველაფერს მიხვდა და - ვინც ხართ, შემოდით ტერიტორიაზეო. რამდენიმე სამოქალაქოტანსაცმლიანიც იდგა ჩვენთან ერთად, ერთს შორტი და ქოშები ეცვა. შენ რაღა გინდაო, - ჰკითხა მორიგემ. მოხალისე ვარო, - წარბშეუხრელად უპასუხა. მერე ასე გინდა ომში წასვლაო? რა ვქნა, ცოლს ასე გამოვეპარეო. გაგვეცინა. მორიგესაც. ჯანდაბას შენი თავი, შედიო.

გაგვიღეს ჭიშკარი და რეზერვისტებიან-მოხალისეებიანად 25-მდე კაცი შეგვიყვანეს. დაგვაყენეს ტალავერის ქვეშ. ორი საკმაოდ ასაკოვანი და ერთმანეთზე უსიამოვნო კაცი გვეუფროსებოდა. ერთს ფორმა ეცვა და გენერალური შტაბი ეწერა ინგლისურად მკერდზე და ხმას არ იღებდა, მარტო თვალებს აბრიალებდა, მზერით უფროსობდა; მეორეს სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა, ბევრს ლაპარაკობდა და საშინლად მიშლიდა ნერვებს. ორივეს ელიავას ბაზრობაზე დახლში ვაჭრობა უფრო მოუხდებოდა. სამოქალაქოტანსაცმლიანმა, ორ ოფიცერს მოგამაგრებთო და ორივე წარმოგვიდგინა. ჩვენს რეპლიკაზე, - ესენიც შუა ომში ხომ არ მიგვატოვებენ-მეთქი, გვიპასუხა, არა, ესენი ძალიან გამოცდილები არიანო. გამოცდილებისა არ ვიცი, მაგრამ ორივე ლეიტენანტს ძალიან საქმიანი და დაფიქრებული სახე ჰქონდა.

სანამ იარაღის მისაღებად რიგში ვიდექით, ჩემ გვერდით პატარა ბიჭს გამოველაპარაკე, რეზერვისტის ფორმა ეცვა, მაღალი და გამხდარი იყო. ირაკლი მქვიაო, 20 წლის ვარ, კომპიუტერულ ფირმაში ვმუშაობ ფინანსურ მენეჯერადო. ირაკლი, ძმაო, პატარა ხარ, წადი შინ, რა გინდა ომში. ჯერ ცოლი უნდა მოიყვანო და ბავშვები გააჩინო-მეთქი.

შენ რომ გყავს ორი შვილი (ეს მანამდე გაარკვია), უფრო არ უნდა მიდიოდეო, - თვალებანთებულმა მითხრა. ეტყობოდა, იარაღი პირველად რეზერვში ყოფნისას ნახა, მაგრამ ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, აშკარად არავისზე ნაკლების გამკეთებელი არ იქნებოდა. სათითაოდ შეგვიყვანეს ოთახში და ავტომატები მოგვცეს, რამდენიმე მჭიდიც მოაყოლეს.

ოფიცრებმა გვირჩიეს, აკადემიის ეზოში დაყრილი რეზერვისტთა ზურგჩანთებიდან სავსე მჭიდები ამოგვეღო. ოცამდე ამოვიღე, მეტი ნაღდად აღარ მინდა-მეთქი. ეეე, ძმაო, ეგ სულ 10 წუთის სასროლია, მეტი ჩაილაგეო, მითხრეს. აშკარად ნაომრები და გამოცდილები ჩანდნენ, ამიტომაც უსიტყვოდ დავიმატე კიდევ ბლომად. მოხალისეები მოეწყვეთ, გადიხართო, დაიყვირეს. რაღაცამ დამიარა, ავენთე და დავფაცურდი.

ძმაო, იცოდე, თუ მეთაურები დაიბნენ, შენ თვითონ მიიღე გადაწყვეტილება, სხვას არ დაუწყო ლოდინიო, - მითხრეს იმ ოფიცრებმა, რომლებმაც მჭიდების წაღება მირჩიეს. კარგი, ძმებო-მეთქი.

ღმერთი გფარავდეთ, თავს გაუფრთხილდითო და მე და ზურგჩანთებთან ჩაცუცქულ რამდენიმე მოხალისეს (მათ შორის შორტიანსაც, რომელიც გულმოდგინედ ეძებდა ზურგჩანთებში ფორმას) გადაგვეხვივნენ. მაგრად ჩავეხუტეთ ერთმანეთს სრულიად უცნობები. შემდეგ სატვირთო მანქანისკენ გავიქეცით. გული გამალებით მიცემდა, ზურგჩანთაში ბლომად მჭიდი მეყარა, ავტომატი ხელში მეჭირა და ერთი სული მქონდა, დავძრულიყავით. ჩემ გვერდით ასევე თვალებანთებული იდგა ფინანსისტი ირაკლი. ყველა ვდუმდით, ერთადერთი, 601-ელი ქურთი ბიჭი ლაპარაკობდა, ნასვამიც ჩანდა. აფხაზეთში ნაომარი ვარ, ზეუდან დაწყებული, ყველაფრის სროლა ვიცი, დედას ვუტირებ მაგ ნაბიჭვარ კოკოითისო. ამასობაში საჰაერო განგაში გამოცხადდა, თავდაცვის სამინისტროს შენობიდან ფართხაფურთხით გამორბოდნენ სამხედროები და სამოქალაქო პირები, სახელმწიფო ობიექტები უნდა დაბომბონო. რუსული ჩაფხუტები ჩამოვიფხატეთ და ტალავერის ქვეშ დავდექით. განგაში ცრუ გამოდგა. რამდენიმე სამხედროფორმიანი ქალი ჩვენი ვინაობით დაინტერესდა.

თავი გადააქნიეს და ჩაილაპარაკეს, ტყუილად ჩახოცავენ ამ გამოუცდელ ბიჭებსო. მერე იმაზე დაიწყეს საუბარი, თუ როგორ გაწყდა თურმე მთელი მე-4 ბრიგადა. ჩვენ ცოტა შევუტიეთ და გაგვეცალნენ, თუმცა, შორიდან დამცინავი და თან დარდიანი მზერით გვიყურებდნენ. საათზე მეტი იყო, რაც იქ ვიდექით. ავირიეთ, აქეთ-იქით მივეყარეთ. ბოლოს, გამოვიდა სამოქალაქოტანსაცმლიანი, მედუქნისსახიანი უფროსი, იარაღი ჩააბარეთ და დაიშალეთო. მადლობა იმისთვის, რომ საქართველოსთვის თავგანწირული ხართ (ძალიან ყალბად ისმოდა მისგან ეს პათეტიკური სიტყვები), მაგრამ ახლა მოლაპარაკება მიდის და ამიტომაც ახალი ძალის გაგზავნა საჭირო აღარ არისო. ყველა ერთხმად ავყვირდით, - მოლაპარაკებები თუ ჩაიშალა და ისევ გავხდით საჭირო, ხომ დიდი დრო გავა ჩვენს შესაკრებად, ამიტომ ჯობს მოლაპარაკების შედეგებს გორში დაველოდოთო. აშკარად ლოგიკურად გამოგვივიდა, იმდენად, რომ ჩვენი უფროსი-მედუქნე დაიბნა და ამოღერღა - ასეთია ბრძანება და რა ვქნაო. აუ, რა კარგია, თუ გორში აღარ გიშვებენო, - ხმამაღლა უხაროდათ სამხედროფორმიან ქალებს. რამდენიმე გაცოფებული რეზერვისტი ვუმტკიცებდით, რომ ეს გადაწყვეტილება სისულელე იყო. იმათ კი, - იარაღი ჩააბარეთ და შინ წადით. თუ რამე მოხდა, გამოგიძახებთო, მოგვაძახა მედუქნემ.

თავჩაქინდრულებმა ჩავაბარეთ იარაღი. ყველაფერი ამოვალაგეთ ზურგჩანთებიდან. ერთი მანამდე გაცნობილი მოხალისე მომიახლოვდა და ჩამჩურჩულა, შინ წასვლას არ ვაპირებ, გორში წავიდეთ, თუ წამომსვლელი ხარ, ოღონდ ჩემი დეიდაშვილია აქ და იმასთან არ შეიმჩნიოო. კარგი, მეც ერთი ძმაკაცი უნდა მოვტეხო-მეთქი. იარაღის ჩაბარების შემდეგ ლაშხი მოვიდა, რა ვქნათო. შინ უნდა წავიდე, ამათი ფარჩაკი დედაც ვატირე-მეთქი. დაიჯერა. აკადემიის ალაყაფთან რეზერვისტი თუ არარეზერვისტი მოხალისეები ერთმანეთს გულითადად დავემშვიდობეთ. ერთმანეთთან მართლები ვიყავით. მე, გიორგი (გორში წამომსვლელი მოხალისე) და მისი დეიდაშვილი ერთად ავუყევით პასტერის ქუჩას. პლეხანოვზე ტაქსი გავაჩერეთ. არ ვიცი, სად ცხოვრობდა გიორგის დეიდაშვილი, მაგრამ ჯერ დიდუბის ვაგზლისკენ გავუყევით. მე და ალეკომ აქ ხინკალი უნდა ვჭამოთო, - უთხრა თავის უმცროს დეიდაშვილს გიორგიმ. იმან დაიჯერა (დიდუბის ვაგზალზე ნაჭამი ხინკალი არ გაიშვას-მეთქი, გავიფიქრე, რა მეხინკლებოდა). ის ბიჭი ტაქსის გაჰყვა. ჩვენ "ოკრიბისკენ" გავუყევით. ტელეფონი გამორთული მქონდა. დედაჩემი მოვატყუე, პავლოვზე მივდივარ-მეთქი, ირინასაც იმავეს ვეუბნებოდი. მათი გაუთავაბელი ზარების თავი არ მქონდა.

თავიდან გაგვიჭირდა ტაქსის ან "მარშრუტკის" შოვნა. გიორგიმ ცოტა "იბლატავა", რა იყო, რატომ იმალებით ყველანიო. ამასობაში ერთმა "ოპელ ომეგას" მძღოლმა დაიძახა, მე წავალ გორში 20 ლარადო. ორი ტიპი მოგვადგა, წამოვალთ თქვენთან ერთადო. დავიძარით. გზად, დიღომში, "წითელქუდასთან", გიორგიმ გააჩერებინა, ძმაკაცს მონო უნდა ჩავურიცხოო. ამასობაში ის ორი (მამა-შვილი იყო) შეკამათდა. შვილი (აშკარად მთვრალი) დაჟინებით ითხოვდა ორ ლარს ლუდის საყიდლად, მამა უარობდა. მამა კარგი კაცი იყო უდავოდ, გლეხი, ხელებდაკოჟრილი. შვილი - სრული კრეტინი. ეს თუნდაც იმით დაამტკიცა, რომ მძღოლის გვერდით თვითონ დაჯდა.

ამასობაში გიორგი დაბრუნდა და დავიძარით. ქალაქის გასასვლელთან პატრულს პიკეტი ჰქონდა მოწყობილი, -  ვერ გაგიშვებთ, საშიშია, თანაც კასპთან რუსებმა ტრასა დაბომბესო. მე სამხედრო ფორმა მეცვა. პატრულს  ვეუბნებოდი, დავალება მაქვს და სასწრაფოდ გორში უნდა ჩავიდე-მეთქი. ეს ჭრიდა. გვიშვებდნენ. სანამ ქალაქიდან გავიდოდით, სამხედროებით სავსე "იკარუსის" ავტობუსებმა ჩაგვიარეს, სავარძლებთან იარაღი, ჯავშანჟილეტები და ზურგჩანთები ეწყოთ. აშკარა იყო, სერიოზული ტიპები იყვნენ (ერაყიდან ჩამოყვანილი პირველი ბრიგადის ბიჭები ყოფილან). მე და გიორგიმ დავუწყეთ ჩვენი მანქანიდან ახსნა, თქვენთან ამოსვლა გვინდა-მეთქი. მთელი მუნჯური ძალისხმევა დაგვჭირდა ამ ყველაფრის საჩვენებლად. ბოლოს, მიგვიხვდნენ. ოფიცერმა გვანიშნა, არაო. დავიბოღმეთ. ამასობაში მეორე ავტობუსი წამოგვეწია. მათაც უარი გვითხრეს. გზა განვაგრძეთ. "ჰო, მამუჩია", - ასე მიმართავდა ხოლმე გიორგი თავის შვილს, როცა ის არცთუ იშვიათად ურეკავდა.

ცოლს გასაგებად უხსნიდა, რომ გიორგი მიდიოდა საომრად, ამის თქმის შემდეგაც საუბარი ნორმალურად მიდიოდა. ეს ძალიან მიკვირდა. ჩემს ცოლთან ეს წარმოუდგენელი იყო. ამიტომაც მქონდა ტელეფონი გამორთული. გზადაგზა აღმოჩნდა, რომ რუსებს ტრასა არ ჰქონდათ დაბომბილი და გორამდე თავისუფლად ჩაისვლებოდა.

გორში ჰოსპიტალთან გავაჩერებინეთ. მე და გიორგი ჩამოვედით. ჰოსპიტლის შესასვლელში ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა დავინახე, გადავეხვიეთ ერთმანეთს. იარაღი მინდა და წინა ხაზზე წასვლა-მეთქი. მოიცა, რამეს გავარკვევო და სამხედროებს მიუბრუნდა. ამასობაში გიორგი მომვარდა, სამხედრო პოლიციაში წაგვიყვანენ ბიჭები და იქ დავკვალიანდებითო. ცხვიტოს გადავეხვიე, სამხედრო პოლიციელების "ნივაში" ჩავსხედით მე და გიორგი და გორის მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით ერთ ეზოში შევედით. ჩემი დაკვირვებით, ის ოთხკუთხა ეზო ავტობუსების ძველი პარკი უნდა ყოფილიყო. აგერ, ძმებო, მოგიყვანეთ, ახლა აქაურობის უფროსს, შმაგის დაელაპარაკეთ და ის მოგცემთ იარაღს, თუკი აქვსო, გვითხრეს სამხედრო პოლიციელებმა, რომელთაგან ერთი, ყველაზე გულისხმიერი, შენობის მეორე სართულზე იმ ვინმე შმაგის კაბინეტამდე გაგვყვა. კაბინეტის შესასვლელთან დაქანცული სამხედრო პოლიციელები ისხდნენ.

შმაგი კი აქ არის, მაგრამ მაგარი დაღლილია, ახლახან მოვიდა ერგნეთიდან და ზის, ფეხებს ასვენებსო, - გვითხრეს ჯარისკაცებმა. მე და გიორგიმ ორ ხმაში ტვინი წავიღეთ, ისე, რომ შმაგიმაც გაიგო და შემოუშვითო. შმაგი პატარა ოთახში იჯდა - ჯმუხი, დაქანცული, სამხედრო ბათინკებიდან ფეხებამოყრილი ტიპი და უწინდო ფეხების თითებს დაღლილად ათამაშებდა. ვინა ხართ, რა გინდათო, გვკითხა და ამოგვხედა. ჩვენი მოსმენის შემდეგ თავი გააქნია, არაო, არა მაქვს იარაღიო, გვითხრა და ფეხის თითების თამაში განაგრძო. ჩვენ კიდევ უფრო წავიღეთ ტვინი. შიგადაშიგ პათეტიკური ტექსტებიც გამოვურიეთ. ის ხალხი კი არა ვართ, იარაღი რომ გვევასებოდეს, ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ, სახლში ჯდომა და ტელევიზორის ყურება არ შეგვიძლია-მეთქი. ბოლოს შმაგიმ თავი ასწია, სამდივნოში ბიჭს გასძახა, ამ ერთს ფორმა და ორივეს იარაღი მიეცითო. "მდივანი" ბიჭი დერეფნის ბოლოში გაგვიძღვა.

გიორგის ოთახის გამგემ ფორმა და ბათინკები მოაზომა, მერე კი ორივეს ორ-ორი შეკვრა მშრალი ულუფა მოგვცა. ამის მერე სამორიგეოში ჩაგვიყვანეს და ავტომატები აგვარჩევინეს. მე სხვებზე უფრო უკეთესად მომზირალი კომბალი "აკაემი" ავირჩიე. ჩვენი პირადობის მოწმობები ჩაიწერეს და ხელი მოგვაწერინეს. ისე, ბევრია მოხალისე-მეთქი? - ვკითხე. კი, ბევრი არიან, აი, ახლა თქვენ წინ კობა ხაბაზს მივეცით ავტომატიო. რამდენიმე მჭიდი იქვე მოგვცეს, დანარჩენი კი რეზერვისტების გადაყრილ ზურგჩანთებში აარჩიეთო. რეზერვისტთა ზურგჩანთები კი ეზოს შუაგულში იყო დახოხოლავებული. ბლომად მჭიდები დავაგროვეთ. შეიარაღებულ-აღჭურვილებმა ისევ შმაგის ავაკითხეთ და ვთხოვეთ, რამე დაევალებინა ჩვენთვის, ვინაიდან გორში საომრად ვიყავით ჩამოსული. რა ვიცი, ძმებო, ჯერ არაფერია ასეთი, მგონი, ჰოსპიტალში სჭირდებათ ხალხი, გავარკვევ და გეტყვითო. ჰოსპიტალში რა გვინდა, საომრად ვართ ჩამოსული და ეგებ გაგვირკვიო, წინა ხაზზე ბიჭებს როგორ შევუერთდეთ-მეთქი, ვეჯიქებოდით შმაგის.

კარგი, ქვემოთ ჩადით და როცა რამეს გავარკვევ, გეტყვითო.

რომ ჩამოვედი, მაშინ ჩავრთე ტელეფონი. ირინას მესიჯი მივწერე, გთხოვ გამიგო, ხომ მიცნობ, სახლში ვერ დავრჩებოდი-მეთქი. დამირეკა. აშკარად შეგუებული იყო უკვე. მესმის შენი, თავს გაუფრთხილდი. ხომ იცი, ცოცხალი გვჭირდებიო. მერე მამაჩემმა დამირეკა. სწორად მოიქეცი, რომ წახვედი, აბა, ლაჩარი ხომ არა ხარ, გვარი არ შეარცხვინო, მაგრამ თავს მაინც გაუფრთხილდიო. სად აპირებ წასვლასო, - მკითხა. შეიძლება ჰოსპიტალში დამაყენონ-მეთქი. ცოტა ხანში ისევ დამირეკა, ჰოსპიტალში ნაცნობია ჩვენი და რომ მიხვალ, ის იკითხეო. კარგი-მეთქი, ვუთხარი ისე, რომ არც კი მომისმენია, ვის გვარს მეუბნებოდა. ამასობაში შმაგიმ დაგვიძახა, ახლა ქარელის მოხალისეები მოვლენ პატარა ავტობუსით, იარაღისა და ტყვია-წამლის ჩატვირთვაში დაეხმარეთ და მაგათ გაჰყევით, ქარელის დაცვის ჯგუფში იქნებითო. მაგრად გაგვიხარდა, საქმე გამოჩნდა. ნამდვილი საქმე.

რამდენიმე წუთში პატარა ყვითელი ავტობუსი მოვიდა. ათამდე სხვადასხვა ასაკის კაცი გადმოვიდა. სამხედრო პოლიციელებმა ჩვენი თავი გააცნეს, ესენი თქვენთან წამოვლენო, უთხრეს. ეს იყო და ეს. ჯერ ავტომატებისა და ტყვიამფრქვევის  გამოზიდვაში მივეხმარეთ, მერე ჩანთებიდან ტყვიების ამოღება დავიწყეთ. ტყვიებს ერთ ზურგჩანთაში ვყრიდით და ისე გაივსო, ძლივს ავწიეთ. ერთი ქარელელი ძალიან აქტიურობდა, ეეეჰ, სულ პადსტვოლნიკიანებითაა სავსე. მანქანა რო იყოს, წავიდოდა კაცი, წამოიღებდაო. ჰო-მეთქი, საცოდაობაა პადსტვოლნიკიანების ეგრე დაყრა-მეთქი, ვუპასუხე. ამასობაში  სამხედრო პოლიციის ეზოში დაფაცურდნენ, ყველამ იარაღის ასხმა დაიწყო. თვით შმაგიც ჩამოვიდა მეორე სართულიდან, მას და სხვებსაც ჩაფხუტები დაეხურათ. რატომღაც მე მითხრა, ერთ საათში აქ რუსები იქნებიანო. ხმადაბლა მითხრა. პირი დავაღე. რა იცი-მეთქი. აქაურობა უნდა დავტოვოთო. ამის თქმა იყო და პატარა ყვითელი ავტობუსი მოაყენეს, ერთ-ერთი შენობიდან ავტობუსამდე სამხედრო პოლიციელებმა ჯაჭვი გააკეთეს, შენობის კარი გააღეს და სამხედრო ტყვეების გამოყვანა დაიწყეს.

საოცარი გრძნობა დამეუფლა. რატომღაც მანამდე მეგონა, ყველაფერი, რაც ხდებოდა, ფილმი იყო, უცნაური, ხალხმრავალი ფილმი.

ახლა კი, ტყვეების გამოყვანის დროს, ომის რეალობა, მწარე რეალობა დავინახე. პირველ ჯერზე სამხედრო პოლიციელებმა სირბილით გამოიყვანეს რამდენიმე ტიპი. ტიპური ოსური გარეგნობა ჰქონდათ: ფართო ყვრიმალები, ძლიერი აღნაგობა, რუსული სამხედრო შარვლები ეცვათ. ნაცემები იყვნენ, მაგრამ ძველი ძალადობის კვალი ემჩნეოდათ. გამოყვანისას ზედმეტი სიტყვაც კი არავის უთქვამს მათთვის. 13-მდე ტყვე დავთვალე. ხელები ზურგს უკან ჰქონდათ შეკრული. ერთს ხელები უბრალოდ გადაჯვარედინებული ჰქონდა ერთმანეთზე. ამას არა აქვს ხელები შეკრული-მეთქი, ხმამაღლა ვთქვი. ზიზღით შემომხედა ტყვემ, სამხედრო პოლიციელებმა კი სწრაფად შეუკრეს ხელები. ბოლო სცენა ძალიან ამაღელვებელი იყო. ორ მოხუცს მოჰყავდა ერთმანეთი, უფრო სწორად, ერთი მეორეს მხარში შესდგომოდა. იმ ერთს, რომელიც ძლივს მოლასლასებდა, ცალი თვალი ჰქონდა ბინტით გაკრული. ეს საწყალი მოხუცი მაინც რამ დაგაჭერინათ-მეთქი. ამან ერთი ბიჭი მოგვიკლაო, მიპასუხეს.

ტყვეების გამოყვანის დროს სიჩუმე იდგა ეზოში. ყველა მონუსხულივით ვიდექით. სამხედრო პოლიციელები ყველაფერს გაწაფულად და კორექტულად აკეთებდნენ.

როცა ყველა აიყვანეს, ახლოს მივედი, ავტობუსის უკანა კართან სათითაოდ დავათვალიერე ყველანი. რამდენიმეს ქართული სამხედრო ფორმის შარვალი ეცვა. ეს რატომ აცვიათ-მეთქი, ვიკითხე, რამდენიმემ ჩაიფსა და რეზერვისტების ფორმა ჩავაცვითო. შემეცოდნენ. რამდენიმე ლოცულობდა, ერთი ტიპი იყო ძალიან ჯანიანი, უტეხად ატრიალებდა თვალებს და სათითაოდ გვათვალიერებდა. ამასობაში ავტობუსს ერთი სამხედრო პოლიციელი მოუახლოვდა, - "ბიჯოოო, რას შვრებით, ამათი ასე გაშვება იქნება, მოიტა, დავხვრიტოთ, ეს შობელძაღლები, ესენი", - თქვა ხმამაღლა, ლაზათიანი ქართლური კილოთი. რამდენიმე სამხედრო პოლიციელმა ხელი მოჰკიდა და იმ ადგილს მოაშორა. ის კი არ იშლიდა, - ბიჯოო, ამათმა ჩვენი ბიჭები ჩახოცეს და ამათი ეგრე გაშვება როგორ იქნება", - თანდათან სულ უფრო ცხარდებოდა. უცბად შმაგი დაინახა და ახლა იმას მიეჭრა, - შაგი, მოდი, დავხვრიტოთ ეს ჩემისები, მაგათი ეგრე გაშვება არ იქნებაო. მორჩი ეგეთებს, ხო იცი, ესენი ჩვენებში უნდა გავცვალოთო. აქ კი აშკარად შემართება დაეკარგა ტყვეებზე აჯაგრულ ჯარისკაცს, - შმაგი, ერთი მაინც დამახვრეტინეთო, ერთი ესღა თქვა და ამაზეც მკაცრი უარის მერე გაეცალა იქაურობას.

თავიდან მეც მინდოდა ჭკუა დამერიგებინა ტყვეებისთვის, მეთქვა, რა მძიმე შედეგი მიიღეს საქართველოსთან მტრობით და რომ სჯობდა მშვიდობიანად გვეცხოვრა. მინდოდა ამის თქმა, მაგრამ გადავიფიქრე. ჩვენ რომ ადამიანურად ვექცევით ამათ, ისინიც ადამიანურად მოექცევიან ჩვენს ტყვეებს-მეთქი. "ნეტავ თუ ჰყავთ ვინმე ჩვენიანი ტყვედ?" - გავიფიქრე მაშინ. ამასობაში, ყველანი მანქანებზეო, დაიძახა შმაგიმ, სამხედრო პოლიციელების ჯიპები თავსა და ბოლოში ჩაუდგნენ ტყვეების ავტობუსს და იქაურობას გაეცალნენ. თქვენ ქარელში წადით, რაც კი რამე დარჩა, იარაღი და ტყვია-წამალი მოაგროვეთ და დაწვითო, დაიძახა შმაგიმ, მაგრამ ვის ეუბნებოდა, ვერ მივხვდი, ყველა ტოვებდა იქაურობას.

დავიბენი, როგორ უნდა შემოსულიყვნენ რუსები ერთ საათში, მაგრამ საქმეში იყავი?! მანქანაში ვიჯექი ჯილა ქართლელებთან ერთად, ხელში ავტომატი მეჭირა და ძალიან შემართული ვიყავი, - ამ ყველაფერმა რუსების შემოსვლის გაუგებარი პერსპექტივა დამავიწყა. გზაში ყასიდად გავეცანით ერთმანეთს, ორი სიტყვით ვუთხარი, ქაოსმა და უაზრობამ მომიშალა ნერვები წინა ორ დღეს და თქვენ რას აპირებთ და როგორ-მეთქი. ასაკით უფროსი კაცი იყო ერთი, იმან თქვა, რუსის ჯარში ნამსახურები ვარ და ესენი ყველა მე მემორჩილება, ჩვენ ვიცით, რასაც ვაკეთებთო.

ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერდა მანამდე ჩემ მიერ დანახული ურთიერთობის და თუნდაც ავტობუსში არსებული დამოკიდებულების გათვალისწინებით, მაგრამ ის დავაჯერე ჩემს თავს, რისი დაჯერებაც მინდოდა. თანდათან დაბნელდა. პატარა ყვითელი ქარელური ავტობუსიდან ვადევნებდი თვალს ტრასის გასწვრივ, ქარსაფარ ხეებს შორის შეჯგუფებულ სამხედროებს და ტექნიკას. ქარელის ასახვევთან ბლომად იყო ჩარიგებული ტექნიკა. ზოგიერთი რამ ისეთი ჩანდა, ვერც მივხვდი, რა იყო. სიბნელის მიუხედავად ვამჩნევდი, რომ სამხედროებს შეშფოთება და დაძაბულობა აშკარად ეტყობოდათ. ქარელის გადასახვევისკენ ავუყევით და უცნაური განცდა დამეუფლა, ბავშვობიდან მაქვს აჩემებული, - უცნობ გზაზე რომ აღმოვჩნდები და აღტაცება რომ მეწყება, სწორედ ისეთი. დიახ, მრცხვენია, მაგრამ ოთხჯერ ვიყავი ნამყოფი სტრასბურგში და არც ერთხელ ქარელში (ასეთი კიდევ რამდენიმე ადგილია საქართველოში და მათ გახსენებაზე ძალიან მრცხვენია ხოლმე, მაგრამ თანდათან ასეთ რაიონთა რიცხვი მცირდება)!