ალეკო ელისაშვილი: ომის დღიური - კვირის პალიტრა

ალეკო ელისაშვილი: ომის დღიური

(გაგრძელება. დასაწყისი "კვირის პალიტრა" ##32-34)

ცხინვალის პირველი ომისა და აფხაზეთის ომის დროს პატარა ვიყავი. ამ ომებს ტელევიზიით, გაზეთებითა და თვითმხილველთა მონათხრობით ვიცნობდი. აფხაზეთში გაპარვის მცდელობაც მქონდა. გაპარვით ვერ გავიპარე, მაგრამ  მშობლები დავითანხმე, რომ სამხედრო აკადემიაში ჩაბარებაში ხელს არ შემიშლიდნენ (მანამდე მიშლიდნენ). საბოლოოდ, მიზეზთა გამო ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტის პოლიტოლოგიის სპეციალობაზე ჩავაბარე, შემდეგ ჟურნალისტი გავხდი.

მილიტარიზმის ჭია არასოდეს მასვენებდა. უნივერსიტეტის სამხედრო კათედრამ ნატამალი ცოდნა ვერ მომცა, ცოტა რეზერვში გავიხარე ეს ჭია (ომამდე ორჯერ ვიყავი 18 და 8-დღიან სარეზერვო შეკრებებზე). აგვისტოში ომის დაწყებისთანავე წავედი რეზერვისტების შეკრების ადგილას, მიუხედავად იმისა, რომ არ გამოვუძახებივართ. საოცარი ენთუზიაზმით წავედი, საოცარი შემართებით... ომის 4 დღის მანძილზე ეს ენთუზიაზმიცა და შემართებაც სრულიად გამიქარწყლდა. სრული უთავბოლობა - ეს ვნახე ამ დღეების განმავლობაში. მოშლილი სახელმწიფოს გარდა წამხდარი ქართველი ბიჭების ნახვამ და საკუთარმა უმწეობამ დამთრგუნა. მეცვა ფორმა, მეჭირა ავტომატი და ვერაფერს ვაკეთებდი საქართველოსთვის. ომი უჩემოდ მოხდა, ომი უჩემოდ წავაგეთ. ომამდე თავი ლამის რემბოდ მიმაჩნდა, ომში და ომის მერე ბევრი რამ სხვაგვარად დავინახე. დანახულმა გადამაწყვეტინა ეს ყველაფერი დამეწერა. ამ ნაწერს 4 წელიწადი არ გავკარებივარ. 4 წელიწადი ვემალებოდი და ვმალავდი ამ დღიურებს. როდემდე უნდა მემალა და დავმალვოდი?! ბოლოს გადავწყვიტე, გამომემზეურებინა და "კვირის პალიტრის" მეშვეობით თქვენც გთავაზობთ ჩემს მაშინდელ განცდებსა და თავგადასავალს.

ალეკო ელისაშვილი

ქარელში ავედით, ჯერ გამგეობასთან გავჩერდით, უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. ჩამოსვლა დავიწყეთ თუ არა, ჯარისკაცივით სრულად აღჭურვილ-შეიარაღებულმა და ჩაფხუტიანმა კაი ჯანიანმა ტიპმა დაიღრიალა, ჯერ იარაღი არავინ ჩამოიტანოს, უნდა აღვრიცხოთო.  ქარელის მაჟორიტარია, გელაშვილიო, ჩაილაპარაკეს ავტობუსში. ისიც აშკარა იყო, გამგეობასთან შეკრებილი ხალხი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, იარაღის დარიგებას ელოდნენ. ვიღაცამ დაიძახა ავტობუსიდან, ჩვენთან ერთად თბილისელი მოხალისეებიც არიანო, ამის თქმაზე მე და გიორგიც ჩავედით. თბილისელების ხსენებამ რატომღაც ბრაზი შეურბილა მაჟორიტარ გელაშვილს, რომელიც ჩაბნელებული ქარელის ფონზე იარაღასხმულ მძვინვარე გიგანტს ჰგავდა.“ძმებო, იარაღს ქარელის პოლიციაში ავიტანთ და იქ მოგცემთო, - გვითხრა შერბილებული ტონით.

ჩვენც დიდად არ გაგვიპროტესტებია, მით უფრო, აგვიხსნეს, პოლიცია ორ ნაბიჯზეაო. ყველანი ჩამოვედით ავტობუსიდან. “წამო, რამე დასალევი ვიყიდოთო, შემომთავაზა გიორგიმ. ჯერ ვიუარე, როცა იარაღი მაქვს, არ ვსვამ-მეთქი, მაგრამ გიორგის არგუმენტმა,“ომია, ძმაოო, იმოქმედა და გავყევი. გამგეობიდან ცოტა ქვევით ჩავუყევით. გზად ვიკითხეთ, რომელიმე მაღაზია თუ იქნება ღია-მეთქი. ციურის (მგონი, სახელი არ მეშლება) მაღაზიაა ცოტა დაბლა და ის იქნება ღიაო. დავუყევით ქვევით. ამასობაში ქვემოდან სამხედრო კოლონა ამოვიდა, რამდენიმე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა იყო, ტანკებზე მძიმედ მოდიოდნენ, ექვსი დავთვალე. ძალიან ზანტად მოიზლაზნებოდნენ. აღტაცებული ვუყურებდი ამ დინჯ რკინის ხოხოლებს, რომლებიც უკან დაბზარულ ასფალტს ტოვებდნენ. ჰაი, დედასა, ეტყობა, ზევით ადიან, რომ დედა უტირონ იქიდან რუსებს-მეთქი, ვუთხარი გიორგის, ალბათ, ეგრე იქნებაო. ამასობაში ციურის მაღაზიასთან მივედით, თავისთვის ლუდი და ორივესთვის არაყი აიღო გიორგიმ. ავუყევით პოლიციისკენ.

პოლიციის შენობასთან შეჯგუფებული პოლიციელები და“ავტობუსელი” მოხალისეები დაგვხვდნენ. ავტობუსელები გორიდან ჩამოტანილი იარაღის განაწილებას მოითხოვდნენ, იარაღასხმული პოლიციელები კი დაცდას ურჩევდნენ. მისვლისთანავე იარაღის დაბრუნება მოვითხოვეთ. ორივეს განყოფილებაში შეგვიძღვნენ და საკანში დაწყობილი იარაღიდან ჩვენი ავტომატების ამორჩევის უფლება მოგვცეს. მე მალე ვიპოვე ჩემი კომბალი აკაემი, გიორგი კი გაცხარდა, ვერაფრით იპოვა თავისი იარაღი. გადავაქოთეთ ყველაფერი, მაგრამ არა და არ ჩანდა მისი ავტომატი. ეს ძალიან გავაპროტესტეთ. ისე, რომ გიორგის ეხვეწნენ, სხვა ავტომატი აიღე, ის გქონდეს სანაცვლოდო.

გარეთ გამოვედით და პოლიციის შენობასთან დავდექით. ცოტა დავლიოთო, გიორგიმ და არაყი ამოიღო, არაყს ჩვენი მწირი "ზაკუსკა", გორში მოცემული მშრალი ულუფა მივაყოლეთ.

არაყზე სხვებიც დავპატიჟეთ -“ავტობუსელებიც” და პოლიციელებიც. ცოტ-ცოტა ყველას შეგვხვდა. სმის დროს რამდენჯერმე შევედით პოლიციის განყოფილებაში ტელევიზორში ახალი ამბების საყურებლად. ყოველ შესვლაზე ერთი ახალგაზრდა ტიპი მაშტერდებოდა, მაგრად მეცნობიო, რამდენჯერმე მითხრა, სხვადასხვა გვარი მითხრა, ეს ხომ არ ხარო. არა-მეთქი, ვიგერიებდი, ბოლოს, “შენ, მგონი, ჟურნალისტი ხარო, მითხრა. ჰო-მეთქი. ჯერ არაფერი მითხრა, მერე რამდენიმე წუთში გამოვიდა და, არ მეგონა, ჟურნალისტებს ასე თუ უყვარდათ საქართველოო. მთვრალი იყო აშკარად. არაფერი მითქვამს. გარეთ გამოსვლისას ერთმა“ავტობუსელმა ზაზამ გვითხრა, ჯერ არაფერს პირი არ უჩანს და მთელი ღამე ასე გარეთ ხომ არ ვიქნებით, წამოდი, ჩემთან მოისვენებთო. ჯერ გავარკვევთ, რამე დავალება ხომ არ გვექნება-მეთქი, ვიკითხე და მაჟორიტარ გელაშვილს მივმართე, რომელიც აშკარად იმ სიტუაციის "ატამანი" იყო. არა, ჯერ არაფერი გვაქვს სათქმელი და ეგებ წახვიდეთ და ზაზასთან მოისვენოთ, მაგრამ მანამდე ეგებ "ნოკიას" დამტენი გქონდეთ, მათხოვეთო. მე მქონდა, ზურგჩანთაში მოვჩხრიკე და მივეცი, ხვალ დაგიბრუნებო, მითხრა, მაგრამ დღემდე არ დაუბრუნებია (აწი, აბა, რას დამიბრუნებს ან უკვე რაღად მინდა?!).

თუ რამე იქნა, ვიცით, სადაც ხართ და უცბად შეგატყობინებთო. ამით დაიმედებულებმა ავიკიდეთ ზურგჩანთები და ზაზას სახლისკენ წავედით. იქვე ცხოვრობდა. მივედით თუ არა, რამდენიმე მეზობელი შემოიკრიბა, - თბილისელი ბიჭები გვყავს სტუმრად, მოხალისეები არიან, ქარელის დასაცავად ჩამოვიდნენ და პატივი ვცეთო, - გამოაცხადა საზეიმოდ ზაზამ. ქარელის დაცვა კი ცოტა ირონიულად ჟღერდა, მაგრამ მართლაც ამისთვის ვიყავით მე და გიორგი ჩასული და არაფერი შევიმჩნიეთ.

მალე სუფრა გაიშალა, ზაზას ცოლი შინ არ იყო და მეზობელი ქალი დიასახლისობდა. ღარიბული, მაგრამ ალალი სუფრა გაიშალა. სუფრასთან კიდევ ერთი ზაზა იჯდა, ასაკოვანი, გულღია და გულითადი კაცი, რუსს ჩვენ რას მოვუგებთ, მაგრამ ჩვენი გასატრაკებელი გავატრაკოთო, - ამბობდა. სმა დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს. მე კი კრიჭაშეკრული ვიჯექი, მხოლოდ ერთი-ორი ჭიქა დავლიე, მაგრამ მეტი არ შემეძლო. რამდენჯერმე გარეთ გავედი. ერთ-ერთ გასვლაზე დავინახე სამი უკან დაბრუნებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ტანკისებური”დანადგარი. სუფრა თანდათან ეშხში შედიოდა, მე კი სულ უფრო "ვიგრუზებოდი" და სადღეგრძელოებს სულ უფრო ცალყბად ვამბობდი. რა გჭირს, რა იყო, არ გვკადრულობო, მეუბნებოდნენ. მაცოფებს, როცა ასე მეუბნებიან. უამრავი ნაკლი მაქვს, მაგრამ არასოდეს მიუკადრისებია არავისთან ურთიერთობა. პირიქით, უცბად რომ გავშინაურდები ხოლმე, ეს უფრო მიქმნის  პრობლემებს, ამის გამო ბევრს საურთიერთობო“ზღვარი ეშლება. ეს იქით იყოს...

ცალკე ტელეფონი მაგიჟებდა. წამდაუწუმ რეკავდა. ჩემები (მამაჩემი და დედაჩემი) დამშვიდდნენ, როცა ვუთხარი, ქარელში ვარ-მეთქი. ირინაც დამშვიდდა, მართალია, ვერ მიხვდა, ქარელი სად იყო, მაგრამ გორი რომ არ იყო, ესეც კარგი იყო და ამიტომაც ცოტა მოეშვა. მოხალისედ წასვლის შემდეგ ყველა ცდილობდა, წყნარად დამლაპარაკებოდა და ზედმეტად არ მოეშალათ ნერვები, გამონაკლისი ნინო როდონაია იყო, დამირეკა და მთელი ხმით მლანძღავდა, -შე უსინდისო, ორი შვილი გყავს, ცოლი და შენ რომ რამე დაგემართოს, ეგენი ხომ უპატრონოდ დარჩებიანო,– მიკიოდა ტელეფონში, მერე გამითიშა. კარგა ხნის მერე გამომიტყდა, როცა გაგითიშე, ძალიან ვინანე, რომ ასე გელაპარაკეო. მოკლედ, ამ ტელეფონის და მოქეიფე ქართველთა გულარხეინობის შემყურე დაბოღმილი ვიჯექი სუფრასთან, რომელსაც ბოლო არ უჩანდა. ერთმა სადღეგრძელომ გამაცოფა, - საქართველოს თუ დასჭირდა, ჩვენი თავი ენაცვალოსო. არადა, საქართველოს ვჭირდებოდით სწორედ იმ დროს, სწორედ იმ მომენტში! ჩვენი, ქართული სუფრული "თავდადებულობა" მაცოფებდა.

ასე გაცოფებული დავწექი ლოგინში, დიდის ამბით დავიდე თავთან ავტომატი. რა დამაძინებდა, გახევებული ვიწექი კარგა ხანს. ამასობაში სუფრაც დასრულდა, გიორგიც შემოვიდა და დაწვა. ზაზა, ჩვენი მასპინძელი, კარგა მთვრალი იყო, მთელი საათის მანძილზე თავის თავგადასავალს გვიყვებოდა.  მისი არეული მონათხრობის მერე დაგვეძინა. გამთენიისას დიდი გრუხუნის ხმამ გაგვაღვიძა, როგორც ჩანს, რუსებმა ქარელის მახლობლად ჩამოაგდეს ბომბი. სწრაფად წამოვხტით და ჩავიცვით. ზაზას ეძინა, მე და გიორგი კი პოლიციის განყოფილებაში წავედით. იქ ბევრი არაფერი იცოდნენ. მაჟორიტარი გელაშვილი სადღაც წასულიყო, სხვა ვერაფერი გვითხრეს. დავბრუნდით ზაზასთან. მეორე ზაზა მოსულიყო, ჩვენს ზაზასაც ეღვიძა. საუზმის თადარიგი დაეჭირათ, მთავარი კი ღვინო იყო. გიორგი სიამოვნებით მიეძალა ღვინოს, მე უზმოზე დალევა არაფრით არ შემეძლო.

მცირე სუფრა გაჩაღდა. მალე ყველანი პოლიციასთან ავედით, არა, არაფერი ვიცითო, ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს, გელაშვილი კიდევ რომელიღაც სოფელშია წასულიო (ჩემი დამტენიც თან წაეღო), აბა, გამგეობასთან ჩადით, ეგებ იქ იცოდეს ვინმემ რამეო. მივხვდი, რომ იდიოტურ ვითარებაში ვიყავი და აქ არც არავის ვჭირდებოდი ჩემი ფორმითა და ავტომატით, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და გამგეობასთან ჩავედით. გამგეობის წინ, კიბეზე ხალხი იყო ჩამომსხდარი. მათ შორის მე და გიორგი ფორმითა და იარაღით აშკარად თეთრი ყვავებივით ვიყავით, მაგრამ არ ვიმჩნევდით და წარბშეუხრელად ვიკითხეთ, გამგეობიდან რაიმე დავალება ხომ არ იყო. არაო, ერთმა გამხდარმა ბიჭმა გვიპასუხა, როცა მოვა გამგებელი, რამეს გავარკვევთო. გამგებლისა და დავალების მოლოდინში იქვე ჩამოვსხედით. ჯერ იქ თავშეყრილებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ იარაღს არ აძლევდნენ. ეს გელაშვილი ახლაც არაფერს თმობსო, თქვა ერთმა, საერთოდ, სადაა, მოვიდეს, რამეში გაგვარკვიოსო, თქვა მეორემ. ამაზე გაცხარდა ჩვენთვის პირველად პასუხგამცემი ბიჭი და გაცეცხლებულმა თქვა, სად არის და მაღლა სოფლებში ავიდა და ტყვიას უშვერს შუბლსო. ამაზე ყველა გაიტრუნა.

ამასობაში ვიღაც ასაკოვანმა კაცმა აიარა კიბეზე და გამგეობის შენობაში შევიდა. გელაშვილის დამცველი ბიჭი უკან გაჰყვა. ეგაა, გამგებელიო, გვითხრეს. არადა, კაი კაცია, დიდი ავტორიტეტი ჰქონდა რაიონში და მერე "ნაციონალებმა" აიძულეს, გამგებლობას დათანხმებოდაო. ეს ჩვენს გასაგონად თქვეს, მაგრამ იმწუთას ასეთი რამეები არ მადარდებდა, ამიტომაც მდუმარედ მოვისმინე. ცოტა ხანში გამგებელს უკან გაყოლილი ბიჭი ჩამოვიდა, მე და გიორგის დაგვიძახა, მოშორებით გაგვიყვანა და ხმადაბლა გვითხრა, გამგებელმა შემოგითვალათ, ნუ დადიან ფორმით და იარაღით, ხალხს ნუ აპანიკებენო. სახტად დავრჩი. ბოღმა მომაწვა, უნდა მეთქვა, აქ ქარელის დასაცავად ვართ ჩამოსული-მეთქი, მაგრამ უკვე კარგად ვიცოდი, რომ ტყუილუბრალოდ ვიყავით ქარელში, დაცვა ქარელს, მით უფრო ჩვენი, ჩემი და გიორგის, არ სჭირდებოდა. მე ისევ სხვა გარემოში მოვხვდი, აქ ომი არ იყო. ომი სხვაგან იყო, მე კი ტიპურ ქართულ ურთიერთობათა გარკვევის გარემოში ვიყავი.

უკვე მერამდენედ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში. ხალხს ნუ აპანიკებთო, ამან სულ გამაცოფა, გეგონება, სწორედ იმ დროს ომი არ ყოფილიყოს, გეგონება, სწორედ იმ დროს რუსული ავიაცია არ უტევდა მთელ საქართველოს. მე კი საქმე გამირჩიეს და ალალი მოწადინება ბრიყვულად დამიწუნეს. მე და გიორგიმ მდუმარედ გავხედეთ ერთმანეთს. ქარელიდან წასვლის დრო იყო. ის იყო, გამგეობის კიბეზე ჩამოვედით, რომ ორი ჯანიანი ბიჭი მოვიდა, აქოშინებული, ავტომატგადაკიდებული, სამხედრო ფორმა არც ერთს არ ეცვა. ქარელის სოფლებიდან, დირბისიდან და დვანიდან ვართ, რეზერვისტები, 8-ში გამთენიისას წინაგარაში შეგვიყვანეს და იქიდან გუშინ ჩამოვედით, სულ ფეხით ვიარეთ იქიდან და ავტომატები არ ჩაგვიბარებია. სოფელში გვითხრეს, გამგეობაში ჩადით და იქ გეტყვიან, როგორ მოიქცეთო. ერთი უფრო მაღალი იყო, გაცვეთილი მომწვანო პერანგი ეცვა, მეორეს, მწვანეთვალებიანს - გახუნებული მაისური. ეს მეორე უფრო მოლაპარაკე ჩანდა და მეც მას დავაყარე კითხვები. წინაგარაზე ეგრე 80 რეზერვისტი აგვიყვანეს. გზაში გვითხრეს, ოსურ სოფელში უნდა ავიდეთ და კატეგორიულად გიკრძალავთ მოსახლეობასთან კონტაქტს.

თუ ვინმე ოსი გამოგელაპარაკათ, გაუცინეთ და არ უპასუხოთო. წინაგარაში ქედზე განვლაგდით. მოსახლეობა, ძირითადად, ასაკოვანი კაცები, ახლოს მოდიოდნენ და აშკარად გვზვერავდნენო. რამდენიმე კაციც შევამჩნიეთ მოპირდაპირე ფერდობზე, როცა დავუყვირეთ, სროლა აგვიტეხეს. პასუხად ისეთი ბათქაბუთქი დავიწყეთ, გაიქცნენ. იმ ღამით მაგარი დაძაბული ვიყავით. ისევ იმ მხრიდან გვესროლეს და ჩვენც ნერვიული სროლა დავიწყეთ, ლამის მთელი ღამე ვესროდით და თან ისე არეულად, კინაღამ ერთმანეთი ჩავხოცეთ, არ ვიცოდით, ჩვენები ვინ სად იყო განლაგებული და ამიტომ ყველა მხრიდან მტერი გვეგონაო. გამთენიისას კი სიჩუმე ჩამოდგა. უცებ ჩვენს სანგარს თავზე წამოადგა ჩვენივე სპეცრაზმი და რომ არ დაგვეყვირა, ჩაგვხოცავდნენო. მერე სპეცრაზმმა მოპირდაპირე ფერდობს შეუტია, იქ დატოვებული იარაღი და ბეტეერი ნახა. ეს ყველაფერი ჩვენ ჩაგვაბარა და წავიდა. ჩვენ ბევრი ვეჩალიჩეთ იმ ბეტეერს, რაღაც-რაღაცები გავუფუჭეთ, ბოლოს ბენზინი გადავასხით და ცეცხლი წავუკიდეთ. მერე კიდევ დღე-ნახევარი უწყლოდ და უსაჭმლოდ ვიყავით, ბოლოს კი გვითხრეს, სახლებში წადითო. ჩვენც ორნი ჩვენი სოფლებისკენ ფეხით წამოვედითო, - უემოციოდ მოჰყვა რამდენიმე დღის თავგადასავალს მწვანეთვალებიანი ბიჭი. რა გქვია-მეთქი, ვკითხე. დიმიტრიო, ჯერ მითხრა, მერე, დიმაო, დაამატა.

რატომღაც შთაბეჭდილება დარჩა, რომ დიმიტრი ძალიან რუსულად მომეჩვენა და ეუხერხულა, შეიძლება მომეჩვენა, მით უფრო, რომ არც დიმა ჟღერს ძალიან ქართულად. ახლა რას აპირებთ-მეთქი, ვკითხე. რა ვიცი, დაველოდებით, გამგეობა რას გვეტყვის და მერე ავბრუნდებით სოფელში, ისეთი პირი უჩანს, ჩვენი სახლები დასაცავი გაგვიხდებაო. ის კია, რომ ამ ავტომატებს არავის დავუთმობთო. მეც თქვენთან ერთად უნდა წამოვიდე-მეთქი, ვუთხარი. დამელოდეთ, აქვე სახლიდან ზურგჩანთას ავიღებ და წამოვალ-მეთქი. არაო, ცივად იუარეს და ამ ცივი უარით უკვე რამდენიმე ნაბიჯგადადგმული მომაბრუნეს. ახლა ჩვენ უნდა ავიდეთ, ჩვენი სახლები დავიცვათ, შენ, ძმაო, არც ოსური იცი, რამე რომ იყოს და არც იქაურობა იცი.

ერთი ფეხი რომ აგიცდეს, ოსებს ჩაუვარდები ხელში, თანაც არც იმდენი ტანსაცმელი გვაქვს, ეგ ფორმა გამოგაცვლევინოთ. შენზე ვიფიქროთ თუ ჩვენს ოჯახებზეო. ამ ყველაფერს არა დიმა, არამედ მეორე, მაღალი ბიჭი მეუბნებოდა. არა, დამიცადეთ, თქვენთან უნდა წამოვიდე, დამიცადეთ, ზურგჩანთას ავიღებ და მოვალ-მეთქი. სახლში შევედი, ზურგჩანთა ავიღე, ზაზა და გიორგი კართან დამხვდნენ. არ უნდა წახვიდე, უაზრობაა, თუ ერთად ვართ ჩამოსული, ერთად უნდა ვიმოქმედოთ და თან რა, ჩემზე მაგარი ტიპი ხარ, მარტო რო მიდიხარო, - საკმაოდ უხეშად მითხრა გიორგიმ. ზაზამაც დარწმუნება დამიწყო, რომ არ უნდა გავყოლოდი დირბისელ და დვანელ ბიჭებს. ისევ გარჩევები, ისევ ურთიერთობების გარკვევა იმ დროს, როცა ომი იყო ახლომახლო. ეს მაცოფებდა. თან ვხვდებოდი, რომ ჩემი იმ ბიჭებთან წასვლით ყველას  თავსატეხი ვიქნებოდი. ზურგჩანთა მოვიხსენი, კარგი, არ წავალ-მეთქი. ზაზას ვკითხე, გორში რაიმე თუ მიდის, შეგიძლია, გაგვიგო-მეთქი. ახლა არაფერი აღარ დადის, ფეხით მოგიწევთ წასვლაო. რას აპირებო, გიორგიმ. ჯერ გორში, მერე თბილისში ჩასვლას-მეთქი. თუ აქედან არაფერი დადის, რამეს დავაზუსტებ-მეთქი.

გარეთ გავედი და ჩემს მეგობარ დიტოს დავურეკე, ეგებ ჩამოხვიდე, წამიყვანო, ქარელის გამგეობასთან დაგხვდები-მეთქი. აშკარად გაუხარდა დიტოს, თუმცა, ჩვეულად ჩაიბუზღუნა,“მოკლედ, ეს დღეები შენ ევაკუატორად გადამაქციეო. ცოტა ხანში დამირეკა,“მე და რატი მოვდივართ, მანდ იყავიო. ჩემი მეგობრები ჩამომაკითხავენ და თბილისში დავბრუნდეთ-მეთქი, ამ სიახლით აშკარად გავახარე გიორგი. ზაზამაც გადაწყვიტა წამოსვლა. ჩემი მეგობრების ჩამოსვლამდე კი დალევა გაჩაღდა. რამდენიმე მეზობელი შემოგვიერთდა, ფრაგმენტული ახალი ამბები მოიტანეს. ამ ფრაგმენტების მიხედვით რაიმე რეალურის გაგება შეუძლებელი იყო. მე ერთი ჭიქა დავლიე და ჩემების ჩამოსვლამდე ხან გარეთ ვიჯექი, ეზოში, ხან ტელევიზორში ახალ ამბებს ვუყურებდი. რა თქმა უნდა, ტელეფონზე გაუთავებლად ვლაპარაკობდი, ირინა არ იჯერებდა, რომ დაბრუნებას ვაპირებდი, მაგრამ რამდენადაც უნდოდა ამის დაჯერება, იმდენად უხაროდა. ჩემებიც ასევე იყვნენ. დრო საშინლად გაიწელა. ბოლოს, დამირეკა ბაკურმა, მგონი, გავცდით ქარელის გადასახვევს და ახლა უკან მოვბრუნდებითო, ლაპარაკში გავერთეთ და ამიტომ გამოგვეპარა გადასახვევიო. მალევე დამირეკეს, ჩამო, გამგეობასთან ვართო. ავიბარგეთ. მე, გიორგი, მასპინძელი ზაზა და მისი მეზობელი ზაზა წავედით. პაჯეროთი იყვნენ.

დარდიანად გაგვეცინა ერთმანეთის დანახვაზე. "მაგარი ბანძი ბაევიკის ვიდზე ხარ, შე ჩემა", - გაეცინა ბაკურს, რომელსაც რაც კი სახლში იარაღი ჰქონდა, თან აესხა. მე ზურგჩანთასთან ერთად ავტომატიც რატომღაც საბარგულში ჩავდე. "ომია, ტო, სად დებ მაგ ავტომატს", - მითხრა ბაკურმა. "სულ დავსირდი", - ჩავილაპარაკე დარცხვენილმა და ამოვათრიე ჩემი კომბალა აკაემი, რომელსაც ამ ორი დღის განმავლობაში მაგრად მივეჩვიე. "ძმებო, ვარიანამდე ჩამიყვანეთ, ოჯახი უნდა ამოვხიზნო", - გვთხოვა მეზობელმა ზაზამ, რომელიც ჩვენზე უფროსი იყო, 50-ს გადაცილებული, უკვე კარგა მთვრალი მაგრად სასაცილოდ ლაპარაკობდა. გულიანი ვინმე იყო, ალალი ქართლელი გლეხკაცი, იუმორის გრძნობაც კარგი ჰქონდა. ქარელიდან ვარიანამდე სასაცილოდ მიმოიხილა ომიც და მოვლენათა შესაძლო განვითარებაც, -“რუსს როგორ უნდა მოვუგოთ, მარა ხო დავკარით ხოშიანიო. მერე მისი ასაკის კაცებისთვის ტრადიციულად რუსეთის ქალთა ფრონტზე წარმატებული იერიშები ახსენა და ამასობაში ვარიანისკენაც გადავუხვიეთ. აქ კი უკვე ომი იგრძნობოდა.

ტყეში ჩვენი ტანკები, არტილერია და სატვირთოები იყო შეფარებული, ხეების ძირას დაღლილი მებრძოლები იყვნენ წამოწოლილი. რამდენიმე შესახვევის მერე მეზობელი ზაზა ჩამოვიდა, მადლობა გვიხადა და დაგვემშვიდობა. მანამდე კი აგვიხსნა, თუ როგორ უნდა გავსულიყავით ცენტრალურ გზაზე. გორისკენ წავედით. გორი გავიარეთ. ქალაქში სიჩუმე იყო, განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. ხალხი შესამჩნევად ცოტა იყო. არ ჰგავდა წინა დღეების ქალაქს. აი, ასეა რა, - თბილისში ყველას ჰგონია, გორი მიწასთანაა გასწორებული, არადა, ხო ხედავ, არაფერი ხდებაო, მომიბრუნდა ბაკური. ჰო, ასეა-მეთქი. პანიკამ იცის ასე-მეთქი, დავუდასტურე მეც. გორიდან გამოსვლისთანავე, გზაზე, ხეებქვეშ ჩვენი არმიის ტექნიკა იყო შეფარებული. აშკარად ქაოსური იყო ყველაფერი. დაბნეული ჩანდნენ ბიჭები. ერთ ხესთან გამურული, მეორე მსოფლიო ომისდროინდელი საზენიტო ქვემეხი იდგა, სატვირთოზე ჩაბმული. აი, ამეებს უბრახუნებდნენ ცხინვალის მისადგომებთან ჩვენები-მეთქი, ვუთხარი რატის და დიტოს.“ვაახ, ამით რუსებს როგორ უნდა მოვუგოთო, დიტომ. რუსები უარესი ბანძები არიანო, ბაკურმა. ბაკური აშკარად "დუხზე" იყო. ეს მომწონდა, მაგრამ უმეტესად ჩუმად ვიყავი.

თბილისში შემოვედით, გლდანისკენ გადავუხვიეთ. გიორგი მუხიანში ცხოვრობდა და ჯერ ის უნდა დაგვეტოვებინა. გამოვტყდები და მუხიანში, რობაქიძის პროსპექტზე, მეორედ მოვხვდი. ერთ-ერთ კორპუსთან გავაჩერეთ. გიორგისთან ერთად მეც გადავედი. ბიჭო, ჩემი ავტომატის ნაცვლად სხვა რომ წამოვიღე, ამაზე ძაღლობა ხო არ გამიტრაკებსო, - გიორგიმ მკითხა. არა, შენი რა ბრალია, პოლიციაში აერიათ-მეთქი. მთავარია, ავტომატი დროზე ჩაუტანო პოლიციას-მეთქი. დავემშვიდობეთ ერთმანეთს ორი დღის "ფრონტელი" ნაცნობები, დავუკავშირდეთ ხოლმე ერთმანეთსო, მითხრა და წავიდა. ჩავჯექი, ვიცოდი, რომ ზაზა, მასპინძელი ზაზა, 31-ე ქარხანასთან ცხოვრობდა და ვკითხე, იქ მიდიხარ-მეთქი? კიო, მიპასუხა. სარკეში დავინახე დიტოს უკმაყოფილო სახე. მივხვდი, სიკვდილი ერჩივნა 31-ე ქარხანასთან წასვლას, თანაც იქვე, ლაშას ოფისში ბიჭები იყვნენ შეკრებილი და უნდა გვეთათბირა. ამიტომ ზაზას ვუთხარი, პრობლემა ხომ არაა, გლდანის მეტროსთან რომ დაგტოვოთ-მეთქი. მოკლედ, ზაზა მეტროსთან დავტოვეთ, რაც ძალიან გააპროტესტა ბაკურმა. კაცმა პატივი გცა, შეგიფარა და მეტროსთან რატომ ჩამოაგდეო? მე დიტოსკენ გავიშვირე თითი. ეგ, გაიროჟა და მაგიტომ-მეთქი. მოკლედ, ჯოხი დიტოზე გადავტეხეთ და სამართლიანადაც. დიღომში უკვე გველოდნენ.

მე და ბაკური იარაღასხმულები დიდის ამბით ავედით ოფისში. “რა იყო, არქელ, ძმაო (არქელა მეტსახელია ჩემი), მარტო რო გარბიხარ, თუ წასვლაა, ერთად წავსულიყავითო, - მისაყვედურა ლაშამ. ეეე, მაიცა-მეთქი, - ჩავილაპარაკე. ხო იცი, ამას ეგეთი უაზრო სირბილი ევასებაო, ბურდულამაც წამკბინა. დაახვიეთ-მეთქი, ვთქვი და ბაკურმა თათბირი დაიწყო. მთელი ჩვენი სამეგობრო ვიყავით შეკრებილი. დავიწყეთ მსჯელობა, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით რუსების თბილისისკენ წამოსვლის შემთხვევაში. ბევრი სჯა-ბაასის და ბოდიალის შემდეგ ასეთ გეგმაზე შევთანხმდით: თუ რუსები თბილისისკენ წამოვიდოდნენ, ყველა ოჯახებიანად შევიკრიბებოდით საბურთალოზე, სკვერთან (პავლოვზეა ეს პატარა სკვერი, ჩვენი თავშეყრის ადგილი იყო წლების განმავლობაში), იმის გათვალისწინებით, რომ ტელეფონები გადაიტვირთებოდა ან გაითიშებოდა, ყველას უნდა სცოდნოდა, რომ სკვერთან ოჯახიანად მოსულიყო. შემდეგ მანქანებში ჩამსხდარ ქალებსა და ბავშვებს კიაზო და ბურდულა ჯერ კახეთში, სოფელ მაღაროში (ლაშას სახლში) და შემდეგ ვითარების გამწვავების შემთხვევაში, ზაქათალაში გადაიყვანდნენ.

Kკიაზოს არ უნდა გასჭირვებოდა სადმე სახლის დაქირავება. ჩვენ კი უნდა დავრჩენილიყავით და გვეომა. თუმცა, იყვნენ სკეპტიკოსებიც: ბურდულამ, თქვენ იდიოტები ხართ და ომობანას თამაშობთო, გიგამაც იგივე ჩაილაპარაკა. Mმე არც გავიხიზნები და არც ომს ვაპირებო. გიგას არა და ბურდულას თავისი სკეპტიციზმი და ჩვენი დაცინვა ძვირი დაუჯდა. დიღომში ცხოვრობს, პრესტიჟული აგარაკები რომაა შემოსასვლელში, იქ და ჩვენი თათბირიდან რამდენიმე საათში ისტერიკა დაემართა, რუსული ტანკები უკვე დიღომში არიან და რა ვქნაო. არადა, როგორც მერე გაირკვა, ეს ტანკები ჩვენი ყოფილა და დაპანიკებულ ხალხს რუსებისად მოეჩვენათ. იმ დალოცვილ ტანკისტებსაც ერთი დროშა მაინც აღემართათ რომელიმე ტანკზე. თუმცა, შიშს დიდი თვალები აქვსო, უთქვამთ და შეიძლება ის დროშაც ვერ შეემჩნიათ.

თათბირის შემდეგ დიტომ სახლში მიმიყვანა. კარგი ვეტერანივით გადმოვედი საბურთალოზე, ჩემს უბანში, მანქანიდან, - ფორმიანი, ავტომატით, ზურგჩანთით, დაქანცული გამომეტყველებით. ჩემებს დავუკაკუნე, ნაზიმ კარი რომ გააღო, იმწამსვე ტირილი დასცხო. სახლთან შოთკა იდგა, ჩემი ბავშვობის მეგობარი და მეზობელი. გამოვარდა და ჩამეხვია. ჩემთან ავიყვანე, მაგრად მშია-მეთქი. მამაჩემი სადღაც იყო გასული და რომ შემოვიდა, კინაღამ ჩაიკეცა, მაგრამ როგორც იცის, შეძლებისდაგვარად მკაცრი სახე მიიღო და შემომიტია, რა პატარა ბავშვივით გაიპარე, შე შობელძაღლოო. მაგარი საყვარელი იყო. “რაო, რუსებს ვერ აჩვენე სეირიო, დამცინასავით, მაგრამ დედაჩემი არ ჩერდებოდა, თან იმერულად საჭმელს გვატენიდა მეც და შოთკასაც. ვალერამ (მამაჩემმა) სადღაც გადამალული არყის ოქროს მარაგი ამოიღო და დაგვისხა. საქართველოს სადღეგრძელო სულ ორი სიტყვით ვთქვით, მეც დავლიე. აშკარად "წაიღო", ორიც მივაყოლეთ.

მეტი არც მამაჩემმა დაასხა და არც მე მინდოდა, მანგლისში ვიყავი წასასვლელი, თან ჯერ სახლში უნდა გამევლო, სოლოლაკში, რომ გამომეცვალა და იარაღი დამეტოვებინა. შოთამ დაიჩემა, მე წაგიყვანო, მეც დიდი პრანჭვა არ დამიწყია. სოლოლაკში ავიარეთ, დავდე ავტომატი, გამოვიცვალე და მანგლისისკენ ავუყევით. ორივე ცოფს ვყრიდით გზაში, რუსებს დედა უნდა ვუტიროთ-მეთქი, გავიძახოდით.

კოჯრის გზა სავსე იყო ჩვენი ჯარით და ტექნიკით. გიჟებივით დააქროლებდნენ ჯიპებს და სატვირთოებს სამხედროები. სხვა თუ არაფერი, თბილისში არ უნდა შემოვუშვათ ეგ ჩათლახები-მეთქი, ამაზე შევთანხმდით მე და შოთა. თუ აქეთ დაიძრნენ, ერთად ვიყოთო, შოთკამ. გულიანი ბიჭია შოთა და გული მართლა ამოვარდნაზე ჰქონდა. სიტყვა მივეცი, თუ დავცხებდით რუსებს, ისიც ჩვენთან ერთად იქნებოდა. ამასობაში მანგლისშიც ავედით. შოთას ჩავეხუტე, დავემშვიდობე და ზაფხულში ნაქირავებ სახლში ავედი. ყველანი ერთად იყვნენ, გატრუნული, ბავშვებიც კი ჩუმად თამაშობდნენ. ჩუმი და ჩუმად ემოციური იყო ჩემი და ირინას შეხვედრა. მერე, საღამოს მიამბეს, თურმე თამთა და ირინა დილიდან საღამომდე რიგრიგობით დაგვტიროდნენ მე და დათოს (ჩემს ქვისლს). მამა, ომში, რუსები სულ დახოცეო? - მკითხეს სანდრომ და ერეკლემ. მაგარი სასაცილოები იყვნენ. დიდ "როშჩაში" წავედით ყველანი სასეირნოდ. გიჟივით ვკოცნიდი ჩემს მაიმუნებს. "როშჩაში" უცნაური გრძნობა დამეუფლა. მახსოვს, ასე აფხაზეთიდან ჩამოსულ მებრძოლებს ემართებოდათ ხოლმე, იქ, ტყვიების ზუზუნში, სისხლსა და ნგრევაში მყოფები თბილისური "ვითომც არაფერი ხდება"-თი გაოგნებული და გაცოფებული რომ იყვნენ ხოლმე. მეც მსგავსი რამ დამემართა, მართალია, "როშჩაში" უფრო ცოტა ხალხი იყო და ისინიც დაძაბული დადიოდნენ, მაგრამ მაინც გამაცოფა ამ სიმშვიდემ და აბსოლუტურად განსხვავებულმა გარემომ.

მალე მოვერიე თავს. ამასობაში სხვა მილიონ ადამიანთან ერთად "რეზონანსიდანაც" დამირეკა ერთმა გოგომ, რეზერვზე კომენტარი გვითხარიო. ახლა კრიტიკულს არაფერს ვიტყვი, სათქმელი კი ბევრი მაქვს, მაგრამ ამის დრო არ არის-მეთქი. ახლა გმირობის დროა-მეთქი და მოვუყევი წინაგარაზე 80 რეზერვისტი ბიჭის ამბავს, თუ როგორ მოიგერიეს ოსების თავდასხმა და როგორ დაატოვებინეს ბეტეერი.

საღამოს ტელევიზორს მივეჯაჭვეთ, დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო. რატომღაც იაკობაშვილი იყო სპიკერი. სწორედ მისგან შევიტყვეთ, რომ კოდორი დავტოვეთ, რუსები გორის ტრასაზე ჩამოვიდნენ, რომ გორი დაიკავეს, რომ თბილისისკენ დაიძრნენ; შემდეგ ბაქრაძის უთავბოლო და სულელური გამოსვლა იყო დანებით და ჩანგლებით ბრძოლის საჭიროებაზე; მერე ზღულაძემ გვახარა, არ ინერვიულოთ, ორჭოსანთან აუხვიეს რუსებმაო. განადგურებული ვიყავი, არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ ეს ყველაფერი მართლაც ხდებოდა. ასე სწრაფად როგორ დავთმეთ კოდორი და გორი? განა ჯერ კიდევ გუშინ არ გვიმტკიცებდნენ, რომ ცხინვალსა და ჯავას სრულად ვაკონტროლებთო? თავზარდაცემული ვიყავი, გასრესილი. თან ჩემი უმწეობა მაცოფებდა, ჩემს ქვეყანას მტერი მოსდებოდა და მე მანგლისში ტელევიზორთან ვიჯექი იდიოტივით. მიშაც გამოვიდა - აბდაუბდა ილაპარაკა, გადამდებად ნერვიულობდა. 12 საათით ადრე გაგაფრთხილებთ, თუ რუსები თბილისზე წამოვლენო, არადა, უკვე იგოეთთან ყოფილან ის ვირისშვილები. 12 საათი რად უნდოდათ რუსებს იგოეთიდან თბილისამდე, აშკარად უაზრობას ამბობდა მიშა, მაგრამ გულახდილად ვიტყვი, მაშინ არ გავბრაზებულვარ მასზე, შემეცოდა. რაღაც საწყალი იყო, დაბნეული.

დათო უკვე თბილისში იყო, ამიტომაც ყველამ ამოვისუნთქეთ. აქ, მანგლისში უფრო მივხვდი, რა საშინელებაა, როცა შენიანი ომშია და შენ აქ, შორიდან ტელეფონით იგებ მის ამბავს. შემეცოდნენ ირინაც და თამთაც... მაგრამ საქართველო უფრო ცოდო იყო. ახლა საქართველოზე დარდის დრო იყო. ბაკურმა დამირეკა, ჩემი მშობლები არიან მანგლისში, ქობულეთიდან ჩამოვიდნენ წალკის გავლით, სანდრო ჰყავდათ დასასვენებლად და ჩამოიყვანესო. სირბილით ჩავედი მანგლისის პოლიციამდე, სადაც ბიძია მერაბი იყო. 3 წლის სანდროს მრავალსაათიანი ჯოჯოხეთური მგზავრობის შემდეგ ჩასძინებოდა, მაგარი საყვარელი იყო. მანქანას კი ზეთი გასდიოდა, ორმოში ჩავარდნილა და ქვემოთ რაღაც გაფუჭებულა. ბიძია მერაბმა ბოლოჯერ სთხოვა ერთგულ, ძველებურ "მერსედესს" მხარდაჭერა და ჩემს ნაქირავებ სახლამდე მიყვანა. უღალატო "მერსედესმაც" ბოლომდე აიარა ყველა აღმართი. ერთი ოთახი სასწრაფოდ გამოვათავისუფლეთ და ჩაძინებული სანდრო დავაბინავეთ. მერე მოგვიყვნენ, თუ როგორ გაწამდნენ გზაში, განსაკუთრებით წალკის იავარქმნილ და ჩაბნელებულ გზაზე. სანდროს გმირულად გაუძლია ბოლომდე და ჩასძინებია კიდეც. უკვე გვიანი იყო, ოთახებში დავიშალეთ. ქალი რომ ვყოფილიყავი, ვიტირებდი ისე ვიყავი ბოღმისგან გაბერილი. თვალს ვერაფრით ვხუჭავდი. აღარ მახსოვს, როგორ და როდის დავიძინე, ის კი მახსოვს, რომ სიზმარში რუსულ არმიას მუსრს ვავლებდი. სიზმარში მაინც. ჯანდაბა და დოზანა.