"უკბილო" მეგობარი - კვირის პალიტრა

"უკბილო" მეგობარი

ვახო (გვარ-სახელები აქაც და შემდგომშიც შეცვლილია) ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა, მშობლები რომ გარდაეცვალა. დედას სიმსივნე გაუჩნდა და უცებ ჩაიფერფლა სიცოცხლით სავსე, ახალგაზრდა ქალი. მამამ დარდს ვეღარ გაუძლო, გალოთდა და იაფფასიანი არყის სმამ ღვიძლი დაუშალა. სხვა რა გზა იყო და ბიჭზე ბებიას უნდა ეზრუნა. თავიდან სოფელში წაიყვანეს 13 წლის ბიჭი, რომელსაც არც ისე დამთმობი ხასიათი ჰქონდა და ხშირად მოსდიოდა კონფლიქტი ბიძა-ბიცოლასთან. მერე სახლიდანაც გაიქცა და მუქარანარევი პრეტენზიაც გამოთქვა: არც ჩემი დაბრუნება იფიქროთ და არც თქვენ გაბედოთ ჩემთან ქალაქში ჩამოსვლა, ერთმანეთისთვის არც ცოცხლები და არც მკვდრები აღარ ვარსებობთო...

ბიძა-ბიცოლას არც ძალიან შეუწუხებია თავი უმადური ბიჭისთვის, მხოლოდ ნათელა ბებომ ვერ მოისვენა. შეკრა ბარგი, დაემშვიდობა შვილსა და რძალს და ქალაქში გადმოსახლდა. ბინა კი კარგი დარჩა ვახოს მშობლებისგან - ფართო, ნათელი და ავეჯით სავსე, მაგრამ ყოველდღიური სარჩოს ფული რომ არ ჰქონდათ, ბებიასა და შვილიშვილს ძალიან გაუჭირდათ: ერთი ობლობის პენსიას იღებდა, მეორე მოხუცებულობის...

8 კლასის მერე სკოლაშიც აღარ უვლია ვახოს: ასეთ ჩაუცმელ-დაუხურავს რა მინდა სკოლაში, ამხანაგების ირონიული მზერა გამაგიჟებს და ვიღაცა შემომაკვდებაო...

ასე აღმოჩნდა ქუჩის პირისპირ და ამისი შედეგი იყო ის, რომ 15 წლისა მოხვდა პირველად არასრულწლოვანთა კოლონიაში - მართალია, მაშინ თავად არ მიუღია მონაწილეობა ძარცვაში, მაგრამ ნაქურდალი ნივთები უპოვეს სახლში დამალული, რომელიც დროებით (სანამ რეალიზაციას მოახერხებდნენ) მიაბარეს უფროსმა "მეგობრებმა" შესანახავად, რა თქმა უნდა, განსაზღვრული ანაზღაურების საფასურად...

ბევრი სცადა მაშინ გამომძიებელმა, რომ ბიჭს ის ქურდები დაესახელებინა, ვინც შარში გახვია, მაგრამ ვახომ პირზე ბოქლომი დაიდო:

- არ ვიცნობ არც ერთს, არ ვიცი, ვინ არიან. შემთხვევით გადავეყარე და დახმარება შევთავაზე. თანაც ტყუილად კი არა, დიდი თანხა უნდა ამეღო, როცა თავიანთ ნივთებს წაიღებდნენ...

ეს "ვაჟკაცობა" ნამდვილად დაუფასდა ვახოს. ქურდებმა თავისიანად მიიჩნიეს და ჯერ ისევ არასრულწლოვანი მიიღეს საძმოში. თანაც, ის არც ქურდობდა - ქურდებისთვის ხელის დამცლელად იქცა და ნაქურდალს ისე ადვილად ასაღებდა, გამოცდილ ქურდებსაც უკვირდათ და ყოვლისმნახველ პოლიციელებსაც - ერთხელაც ვერ წაიჭირეს ფაქტზე...

- როცა ვახოს ველაპარაკებოდით, ისე ეჭირა თავი, ვერ დაიჯერებდი, რომ 8 კლასის შემდეგ არ უვლია სკოლაში, - იხსენებს გამომძიებელი ბატონი ბიძინა, - სერიოზული იყო. ზედმეტ სიტყვას არ დაძრავდა, მოგვისმენდა. თუ ბინის ჩხრეკას მოვინდომებდით, მშვიდად გადგებოდა გვერდზე და დაგვაცლიდა. შეგვრცხვებოდა კიდეც, უდანაშაულო კაცს ვაყენებთ შეურაცხყოფასო. მაგრამ მის თვალებში ისეთი დამცინავი ღიმილი თამაშობდა ამ დროს, უსუსურობის გრძნობას გაცოფებამდე მივყავდი, ხშირად წონასწორობაც დამიკარგავს:

- იცოდე, ერთ დღესაც დაგიჭერთ ფაქტზე და ყველაფრისთვის ერთბაშად გაზღვევინებთ-მეთქი!

- თუ დამიჭერთ, ნამდვილად ასე უნდა მოიქცეთ, სხვა რა გევალებათო! - გვპასუხობდა ისევ მშვიდად და იმ დამცინავი ღიმილით თვალებში...

ვახოს პოლიციაში "ფოკუსნიკიც" კი შეარქვეს მეტსახელად. მართლა ილუზიონისტივით მუშაობდა და მისი წყალობით უამრავი გაუხსნელი ქურდობის საქმე გვტეხდა წელში...

ერთ დღეს კი, წარმოიდგენთ ალბათ ჩემს გაოცებას, როცა მკვლელობის შესახებ შემოვიდა შეტყობინება და როცა მისამართს დავხედეთ, 27 წლის ვახო ტყებუჩავას სახლს მივადექით ათიოდე წუთში.

მოკლული სწორედ ვახო ტყებუჩავა იყო და კიდევ ერთი, დაახლოებით მისი ასაკის მამაკაცი. ორივეს ყელი ჰქონდა გამოჭრილი. დახოცილები დილით ეპოვა ვახოს მოხუც ბებიას, რომელსაც ექიმები ასულიერებდნენ ჩვენი მისვლისას და კარგა ხანს ვერ შევძელით მისი დაკითხვა. როცა ცოტა მოიკრიბა ძალა, ასეთი რამ გვითხრა:

- ვახო იმ ბიჭთან ერთად დაბრუნდა, რომელიც გურამად გამეცნო. ადრე არასოდეს მინახავს. ჩემი ბიჭი აშკარად ნაცემი იყო, ტუჩი ჰქონდა გახეთქილი (გარდაცვლილს მართლა ჰქონდა აღნიშნული დაზიანება). გაღიზიანებული ჩანდა. შევიცხადე და მაშინვე მომიშორა თავიდან. მიბრძანა, ჩემს ოთახში გავსულიყავი. სხვა რა გზა მქონდა. ვახო ფიცხი იყო და ვერ იტანდა დაუმორჩილებლობას. რა მომასვენებდა და ღრიჭოდ დატოვებული კარიდან ვუცქერდი, რას მოიმოქმედებდნენ. პარკიდან საჭმელი და არაყი ამოალაგეს. ვახომ ბოთლი მოიყუდა და ლამის სანახევროდ დაცალა. შემეშინდა კიდევაც, მაგრამ რომ თქვა, - მინდა მალე გამიბუჟდეს სხეული, ტკივილს მომიხსნისო, დავმშვიდდი...

- არ უთქვამს ვისთან მოუვიდათ ჩხუბი?

- არა, სახელები არ უხსენებიათ... ჰო, გამახსენდა, - ქვეყანამ იცის, რომ კახპა უზის ცოლად და რაღა ჩვენ დაგვადგა თავს, კიდევ კარგი, რომ ცოცხლებმა გამოვასწარითო!.. ტელევიზორი ჩართეს. მეც დავწექი და დამეძინა. ჰო, მომეჩვენა, რომ თითქოს კარი გაიღო და მივაყურადე, მაგრამ რადგან სხვა აღარაფერი გამიგონია, ძილმა წამართვა თავი და დავიძინე, სადღაც ორი საათი იქნებოდა. გამთენიისას ტელევიზორის შიშინმა გამიყვანა სასტუმრო ოთახში. რაც დავინახე, მეგონა სიზმარი იყო - გული წამივიდა. არ ვიცი, რამდენ ხანს ვეგდე იატაკზე.

მოხუცის ნაამბობიდან აშკარა იყო, რომ ვახოს და გურამს ვიღაცამ, ალბათ სავარაუდო მკვლელმა, ცოლთან წაუსწრო და ბუნებრივი რეაქციაც ჰქონდა. თუმცა, მისი სახლიდან ცოცხლები გამოვიდნენ ბიჭები და იმის მიხედვით, რაც მოხუცმა მოისმინა, არც იმის შიში ჰქონდათ, რომ ინციდენტს გაგრძელება შეიძლება მოჰყოლოდა...

როცა სუფრას დავხედეთ, ჩემმა თანაშემწემ, ნუგზარ ფერაძემ მაშინვე შენიშნა, რომ ორი კი არა, სამი თეფში და ჭიქა იდგა. ე.ი. ბებოს არაფერი მოსჩვენებია და მართლა გაიღო კარი, ვიღაც მესამე მოვიდა და ბიჭები მან დახოცა, მაგრამ შეუძლებელი იყო, ეს ისევ ის კაცი ყოფილიყო: თუ შინაც სცემა და უკანაც გამოჰყვა შეურაცხმყოფელებს, მათთან ერთად დასალევად არ დაჯდებოდა. ჩხუბის ხმა კი მოხუცს არ გაუგონია...

გამოძიება დავიწყეთ. გარდაცვლილთა დაკრძალვის ხარჯები და ორგანიზება ქურდებმა აიღეს თავის თავზე.

მეორე გარდაცვლილი, 29 წლის გურამ როგავა ორი თვის გამოსული ყოფილა ციხიდან და რაღა თქმა უნდა, სასჯელი ძარცვა-ყაჩაღობისთვის მოიხადა... ცოლ-შვილი არც მას დარჩენია. დედა და უმცროსი და იყვნენ მისი ჭირისუფლები. მიცვალებულები მართალია ცალ-ცალკე იყვნენ დასვენებული თავიანთ ოჯახებში, მაგრამ ქელეხის სუფრა საერთო გაიშალა.

მეც, ნუგზარიც და კიდევ რამდენიმე ჩვენი პოლიციელი იქვე ვტრიალებდით... ბუნებრივია, პირველი დღიდანვე ვცდილობდით იმის გაგებას, ვისთან შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ბიჭები იმ ღამეს და ვინ გამოიჭირა ცოლთან?! - უარობდნენ და თავიდან გვიშორებდნენ:

- ჩაშვება ჩვენი საქმე არაა. მკვლელს თავად ვიპოვით და განაჩენსაც გამოვუტანთ, თუ მანამდე არ დაგვასწარითო...

არადა, დაკრძალვის წინადღეს ერთმა, ვიტალი გვილავამ დაგვიმარტოხელა და ასეთი რამ გვითხრა:

- მგონი, ვიცი, ვინ წაასწრო ცოლთან ვახოს და გურამს... გურამს ის ქალი ბავშვობიდან უყვარდა, გოგოც არ იყო მის მიმართ გულგრილი, მაგრამ ციხეში რომ მოხვდა, ოჯახმა ძალით გაათხოვა!.. - გვილავამ ისეთი კაცის გვარ-სახელი გვითხრა, წარსულში ცნობილი სპორტსმენი რომ იყო და ახლა ერთ-ერთი სპორტული სკოლის დირექტორის თანამდებობა ეჭირა. არ ვიცი, რატომ იტანს ის კაცი ასეთ ცოლს. იცის, რომ გურამს ციხეშიც აკითხავდა, არც მაშინ ყოფილა ქალწული, მას რომ მისთხოვდა... მერე კი აღარც გურამის ერთგული ყოფილა. ამიტომ მივიდნენ ალბათ ერთად ვახო და გურამი გასართობად...

ვიტალი გვილავამ გვთხოვა, არ გაგვემხილა, რომ მან მოგვაწოდა ეს ინფორმაცია:

- ისედაც არ მიყურებენ ქურდები კარგი თვალით და მთლად დამაჩმორებენ... არადა, ვახო ჩემი მეგობარი იყო და როგორ შევარჩინო იმ ახვარს მისი მკვლელობაო...

იმავე საღამოს ვეწვიეთ შინ ხსენებულ სპორტსმენს. ყოფილი მოჭიდავე 200 კილოს მაინც იწონიდა ალბათ და ორს კი არა, ვახოსნაირ ათ კაცს ერთად მიახრჩობდა, რომ მოენდომებინა. ჩანს, ამიტომაც ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა.

რომ ვუთხარით, ვინც ვიყავით, გვთხოვა განყოფილებაში წავსულიყავით, კითხვებზე გიპასუხებთო და დასძინა, - ბავშვები არიან სახლში, ორი გოგონა მყავს და არ მინდა მათი თანდასწრებით ვილაპარაკო ჩვენი ოჯახის უბედურებაზე. მათ გამოა, დედამისს რომ სახლში ვაჩერებ და ვიტან. არ მინდა იცოდნენ, რას წარმოადგენსო.

...საუბარი პოლიციაში განვაგრძეთ და ვუთხარით, რომ ის ჯერჯერობით ერთადერთი ეჭვმიტანილი იყო ვახო ტყებუჩავასა და გურამ როგავას მკვლელობაში. სხვათა შორის, არ გაჰკვირვებია, მაგრამ მაინც აღელდა:

- ისეთი უბედურება მჭირს, თავი არ გამომეყოფა და მე რომ მკვლელი ვიყო, თავსაც მოვიკლავდი ალბათ. არც ციხის მეშინია და მეტიც, დამხვრიტონ, რომ იმ სირცხვილისგან გავთავისუფლდე, რასაც ჩემი ცოლის უზნეობა ჰქვია. სიკვდილი ხსნაა ახლა ჩემთვის, მაგრამ არ მინდა მკვლელის სახელით წავიდე ამ ქვეყნიდან. მამაჩემის სახელს და ოჯახს არ ეკადრება ეს. ან ჩემმა შვილებმა რატომ უნდა ატარონ კაცისმკვლელის შვილობის დამღა?! ვცემე, მაგრამ არ მომიკლავს.

იმ დღეს შინ გვიან დავბრუნდი და კარი ჩემი გასაღებით გავაღე. ჩვევად მაქვს - როცა ასე გვიან ვბრუნდები, ჯერ ბავშვებს უნდა დავხედო. შევაღე კარი და ლამის სისხლი ჩამექცა - ბავშვების საწოლში ორგია გაემართა ჩემს კახპა ცოლს ორ კაცთან... იარაღი რომ მქონოდა, იქვე ჩავხოცავდი სამივეს. ცემით კი სამივეს გვარიანად ვცემე...

- ბავშვები სად იყვნენ ამ დროს? - დაინტერესდა ნუგზარი.

- კიდევ კარგი, ისინი არ იყვნენ სახლში, დედამისთან გაუშვია წინა დღით.

...მივხვდით, რომ იგი მართლა არ იყო მკვლელი. ისიც ვერ ვაკადრეთ, საკანში დაგვეტოვებინა. ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილით გავუშვით შინ და გამოძიების სხვა ვერსიების დამუშავება დავიწყეთ...

მეორე დღეს დაკრძალვაზეც დილიდან ვტრიალებდით. ქურდებს უცნაური სუფრა გაეშალათ, მაგიდებთან სკამები არ იდგა, - საქეიფოდ არ მოვსულვართ, ძმები დაგვეღუპნენო! ფეხზე მდგომები სვამდნენ ორ-სამ ჭიქას.

სუფრასთან ჩვენც მიგვიწვიეს და ზედმეტი ყურადღება რომ არ მიგვექცია, მივედით. სადაც ჩვენ გავჩერდით, იქვე, მამაკაცების ჯგუფში ვიტალი გვილავაც იდგა. თვალი მოგვარიდა და მალე გაეცალა იქაურობას. არც გამკვირვებია. მალე სხვებიც წავიდნენ და ის იყო, ერთ-ერთი მომსახურე ქალი მივიდა სუფრის ასალაგებლად, რომ ჩემმა თანაშემწემ, ნუგზარმა სთხოვა, ხელი არაფრისთვის ეხლო. მერე მე დამიძახა და ერთ-ერთ თეფშზე დადებულ ყველის ნაჭერზე მიმითითა:

- არაფერს გაგონებთ, ბატონო ბიძინა?

მაშინვე თვალწინ დამიდგა მკვლელობის ადგილზე ერთ-ერთ თეფშზე დატოვებული ძეხვის მოკბეჩილი ნაჭერი და ჩვენი დასკვნა, რომ მკვლელს სავარაუდოდ, წინა კბილი აკლდა...

- მაგის დედა ვატირე, ნუთუ გვილავაა მკვლელი და განგებ სცადა ჩვენთვის კვალის არევა?!

ყველის ნაჭერი სასწრაფოდ პაკეტში მოვათავსეთ და ლაბორატორიაში გავგზავნეთ იმავე ექსპერტთან, რომელმაც მკვლელობის ადგილიდან აღებულ კვების პროდუქტებს ჩაუტარა ანალიზი. ორიოდე საათში დაგვიდასტურეს, რომ ქელეხიდან აღებული ყველის ნაჭერი იმავე პირის მიერ იყო ჩაკბეჩილი, ვინც მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა...

ქურდები ისევ არ დაშლილიყვნენ და ვახო ტყებუჩავას სახლში აგრძელებდნენ სერობას, როცა მივედით და ვიტალი გვილავა ავიყვანეთ. სანამ განყოფილებაში არ მივიყვანეთ, ბრალდება არ წაგვიყენებია. მერე კი ნუგზარმა პირი დააღებინა და როცა ვნახეთ, რომ ერთ-ერთი წინა კბილი აკლდა (საკმაოდ დიდი ტუჩები ჰქონდა და ლაპარაკისას არ უჩანდა ნაკლი), მკაცრად ვუთხარი:

- ყველა კბილი დაგაყრევინოთ, თუ ისე იტყვი, რატომ გამოასალმე სიცოცხლეს ორი კაცი?

დიდხანს არ გაჯიუტებულა და უცებ დაფქვა მკვლელობის მიზეზი.

თურმე გვილავა ტყებუჩავას ხელის ბიჭი ყოფილა, ნაქურდლის გასასაღებლად და ფულის ამოსაღებად მას არბენინებდა. რადგან გვილავა ნარკომანიც იყო, დიდი ვალი დაედო "საძმოსი"... იმ საღამოს ბოლო ვადა ჰქონდა მიცემული, ფულის ნახევარი მაინც უნდა მიეტანა, რაც ვერ შეძლო. როცა ნაცემი ბიჭებისგან შეიტყო, რა შარში იყვნენ გახვეულები. დაიმედებულმა, რომ მკვლელობა იმ კახპის ქმარს დაჰბრალდებაო, უგონოდ მთვრალი მეგობრები ღორებივით დაკლა...

გვილავას 13 წელი მიუსაჯეს, მაგრამ ერთი წელიც არ გაუტარებია ციხეში: ქურდებმა თავიანთი კანონებით გაასამართლეს და მალე მასაც ღორივით გამოსჭრეს ყელი, ციხის ეზოში დააგდეს სანაგვეზე...

ინგა ჯაყელი