ალეკო ელისაშვილი: ომის დღიური - კვირის პალიტრა

ალეკო ელისაშვილი: ომის დღიური

(დასასრული. დასაწყისი "კვირის პალიტრა" ##32-35) ცხინვალის პირველი ომისა და აფხაზეთის ომის დროს პატარა ვიყავი. ამ ომებს ტელევიზიით, გაზეთებითა და თვითმხილველთა მონათხრობით ვიცნობდი. აფხაზეთში გაპარვის მცდელობაც მქონდა. გაპარვით ვერ გავიპარე, მაგრამ სანაცვლოდ მშობლები დავითანხმე, რომ სამხედრო აკადემიაში ჩაბარებაში ხელს არ შემიშლიდნენ (მანამდე მიშლიდნენ).საბოლოოდ, მიზეზთა გამო ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტის პოლიტოლოგიის სპეციალობაზე ჩავაბარე, შემდეგ ჟურნალისტი გავხდი.

მილიტარიზმის ჭია არასოდეს მასვენებდა. უნივერსიტეტის სამხედრო კათედრამ ნატამალი ცოდნა ვერ მომცა, ცოტა რეზერვში გავიხარე ეს ჭია (ომამდე ორჯერ ვიყავი 18 და 8-დღიან სარეზერვო შეკრებებზე). აგვისტოში ომის დაწყებისთანავე წავედი რეზერვისტების შეკრების ადგილას, მიუხედავად იმისა, რომ არ გამოვუძახებივართ. საოცარი ენთუზიაზმით წავედი, საოცარი შემართებით... ომის 4 დღის მანძილზე ეს ენთუზიაზმიცა და შემართებაც სრულიად გამიქარწყლდა. სრული უთავბოლობა, დანაშაულებრივი ქაოსი - ეს ვნახე ამ დღეების განმავლობაში. მოშლილი სახელმწიფოს გარდა წამხდარი ქართველი ბიჭების ნახვამ და საკუთარმა უმწეობამ დამთრგუნა. მეცვა ფორმა, მეჭირა ავტომატი და ვერაფერს ვაკეთებდი საქართველოსთვის. უფრო სწორად, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ომი უჩემოდ მოხდა, ომი უჩემოდ წავაგეთ. ომამდე თავი ლამის რემბოდ მიმაჩნდა, ომში და ომის მერე ბევრი რამ სხვაგვარად დავინახე. დანახულმა გადამაწყვეტინა ეს ყველაფერი დაწვრილებით დამეწერა. ამ ნაწერს 4 წელიწადი არ გავკარებივარ. 4 წელიწადი ვემალებოდი და ვმალავდი ამ დღიურებს. როდემდე უნდა მემალა და დავმალვოდი?! ბოლოს გადავწყვიტე, გამომემზეურებინა და "კვირის პალიტრის" მეშვეობით თქვენც გთავაზობთ ჩემს მაშინდელ განცდებსა და თავგადასავალს.

ალეკო ელისაშვილი

12 აგვისტო. მანგლისი-თბილისი

დილაუთენია ბაკური და თამუნა ამოვიდნენ, ელენიკო ამოიყვანეს. უამრავი ბარგი-ბარხანა ჰქონდათ ამოტანილი. გადმოვტვირთეთ თუ არა, მე და ბაკური ჩავსხედით მანქანაში და თბილისში წამოვედით. "აღარ წახვიდე რა ომში", - - წყნარად მთხოვა ირინამ. რას ვეტყოდი, ჰო-მეთქი. ბაკურმა შინ დამტოვა. წყალს გადავივლებ და კინო "რუსთაველში" მოვალ-მეთქი. მიშამ რომ მიტინგი დანიშნა, იქ მოვიყრიდით თავს ბიჭები და კინოს აივნიდან უნდა გვეყურებინა იმ კონცერტისთვის, თუ რაღაც იყო.

ვიბანავე და სამხედრო ფორმა ჩავიცვი. ფორმიანს გზაში ყველა მე მიყურებდა, მეც სამხედროსავით მივაბიჯებდი და ისე ვიყავი ემოციით სავსე, მეგონა, მიწას არ ვაკარებდი ფეხს. რას იტყვის ნეტავ მიშა, რა ხდება სინამდვილეში? არ უნდა შემოვუშვათ ის ვირისშვილები თბილისში. მზად ვარ ავიდე და იმ მიტინგზე გამოვაცხადო, რომ მე უკან დამხევი არა ვარ, შევაკვდები და თბილისში ეგ ჩათლახები არ უნდა შემოვუშვათ. კონცერტის დროა ახლა?! ბანძი ხომ არა ვარ, ამ კონცერტზე რო მივდივარ? არა, არა ვარ ბანძი, ახლა ომია და ყველამ უნდა ნახოს, რომ ქართველებს ომში ერთად დგომა შეგვიძლია მიშისტობა-გრეჩიხისტობის მიუხედავად. აფხაზეთი ეგრე არ დავკარგეთ? ზვიადისტობა-შევარდნაძისტობის გამო, თფუი! მაშინ რომ ყველა ერთად ყოფილიყო, ფეხებს ვერ მოგვჭამდნენ. ჰო, სწორად ვიქცევი ახლა, რომ მივდივარ ამ კონცერტზე. ახლა ყველა უნდა გავმიშისტდეთ, ეგ ახლა უმაღლესი მთავარსარდალია და მორჩა. არა, თბილისში ცხვირი ვერ უნდა შემოყონ, მეორე გროზნო უნდა მოვუწყოთ.

დაანგრევენ და დაანგრიონ ჩემი ძველი თბილისი, ჯანდაბას, ოღონდ 1921 წელი არ განმეორდეს. დასანგრევადაც რომ მემეტება თბილისი, ეს არ ვიცოდი, მაგრამ უეჭველად მაგრად უნდა ვეომოთ. მეტრო გვაქვს, მთელ არმიებს ჩავმალავთ შიგ ისე, რომ ვერაფერს დაგვაკლებენ, ჩვენ კიდევ ხან იქ დავცხებთ, ხან აქ. ოჯახები  უნდა გავიყვანოთ სამშვიდობოს და მერე მაგათი დედები უნდა ავატიროთ. სადაა ვანიას და ნაბიჭვარი კოკოითის საგულაო თბილისი, - ასეთი ცხელი აზრებით მივედი კინოში. ხალხი უკვე შეკრებილიყო. კინოს მეორე სართულზე ჩვენები იყვნენ, ბიჭები. რამდენიმე უცხოც იდგა ფოტოაპარატებით. ჩემი დის მეგობარი გოგოებიც იყვნენ, ქინქლაძე და ხომასურიძე. შენ ჯარში ხარო? - მკითხეს. არა, რეზერვისტი ვარ-მეთქი. ორი სიტყვით გამომკითხეს რეზერვისა და გორის ამბები. ამასობაში დაიწყო მიტინგი თუ კონცერტი. ბოკერია გამოვიდა სიტყვით, ბოლო ხმაზე კიოდა, ვერაფერი გავიგე. მაგრამ რომ მორჩა, საღოლ-მეთქი, ჩავილაპარაკე. რას წარმოვიდგენდი, ოდესმე  ბოკერია თუ დამევასებოდა და ტაშს დავუკრავდი, მაგრამ ახლა ომია და ბოკერიაც მევასება. უგულავაც ისევე გაჰკიოდა, ყველა სახლს ციხესიმაგრედ გადავაქცევთო. საღოლ-მეთქი, ეს უკვე გულში ვთქვი.

თითოეული კორპუსი მართლა აუღებელ ციხედ უნდა გადავაქციოთ-მეთქი, გავიფიქრე. თურმე როგორ მაგრად იტყუებოდა უგულავა, მიშას კაპიტულაციაზე კარგა ხნის წინ ჰქონია ხელი მოწერილი, ესენი კიდე გვაბოლებდნენ. რატომაც არა, რა, შეეშლებოდათ თუ მოერიდებოდათ, მაგრამ ეს მერე გავიგე. მაშინ უგულავაც მევასებოდა. მერე ჩვენს მხარდასაჭერად ჩამოსული პრეზიდენტებიც გამოვიდნენ სიტყვით. ძალიან უძარღვოდ ილაპარაკეს. არ ჰქონდათ “მიტინგური სკოლა”გავლილი, მაგრამ მაინც მაგარი ტაში დავცხეთ.

ჯიგრები არიან, ამ გაგანია ომში ჩამოვიდნენ, ვენაცვალე ჯიგარში ყველას. აი, იუშჩენკომ მაგარი შეუბერა. "მაიდან ნეზალეჟნესტი" შეასრულა. ორმაგი ტაშიც დაიმსახურა. ოქრო კაცია იუშჩენკო. თავის ქვეყანაში თავი ვერაფერს მოაბა, მაგრამ მე სულ მომწონდა. ხოშიანი ტიპია, თან ახლა აქაა. საღოლ! მიშას ჯერიც დადგააააააა! აბა, ახლა ეს შეუბერავს თუ შეუბერავს, თან 7 ნოემბრის მერე მთელი თბილისი მის გვერდით თუ დადგებოდა, რას წარმოიდგენდა ჯიგარი. ჰოდა, ამოქოქა კიდეც. ოქრუაშვილი და გრეჩიხა რო ახსენა, ამაზე მაგარი ამბავი ატყდა. დასცხო ხალხმა ტაში, მეც მაგრად მომეწონა. მართალია, პასუხად რა უთხრა ოქრუაშვილს, მიშას არ დაუზუსტებია, მაგრამ ოქრო ბიჭი რო ეგრე მოიქცეოდა, ზუსტად ვიცოდი. ისე, აკეთა საშინელებები, თორემ გურჯი რომაა, გული რომ ერჩის, ნაღდია. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ჩვენ თავს რა ხდება, ვერაფერი გავიგე. თითქოს ომის გაგრძელებას ვაპირებთ თუ რა ხდება?..

კონცერტის ფინალი მაგარი ბანძი იყო, სარკოზი ჯერ არ მოდის და მანამდე, მოდით "სარკო, სარკოს" ძახილში ვივარჯიშოთო, თქვა შემდგომში ცნობილი და სამარცხვინო ფრაზა ღონისძიების წამყვანმა, არადა, ძალიან პატივსაცემმა კაცმა. ეჰ, ეს რა ჯანდაბა გვჭირს! რა საჭირო იყო ახლა ეს სამარცხვინო "სარკო, სარკო". ვაზელინიზაცია!

მოკლედ, მიშა სარკოს შეხვდება და მერე გაირკვევა ყველაფერიო, ასეთი რამ გავიგეთ და დავიშალეთ. ინგოროყვაზე ავედით ბაკურთან, უცხოური სააგენტოებიდან უფრო გაიგებდი რამეს, ვიდრე ჩვენი ხელისუფლებისგან. რუსული საიტები გათიშულია და თან მაგ ვირისშვილების ნერვებიც არა მაქვს. "სპიაშჩი გოროდ ცხინვალ" აკერიათ, ალბათ, პირზე. ნაგლები, გეგონება, ეგენი არ იყვნენ გროზნო რომ გადახნეს დღისითაც და ღამითაც, გამომივიდნენ ახლა ჰუმანისტები. თან ოლიმპიადის ამბებიც ეგებ გავიგო, რას შვრებიან ნეტა ამ უბედურ დროს ჩვენები ჩინეთში? არადა, როგორ მინდოდა ძიუდოს ყურება. რა შეასრულა მაშინ ზვიადაურმაააააააააა! უ, რა იყო ა? იფ, იფ, რა მაგარი იყო. ახლაც კარგი გვყავს ცირეკიძე, უეჭველი მოიგებს (ასე ყველაფერი აგვიხდეს).

საღამომდე ინგოროყვაზე ვიყავი. ათასი ვინმე ირევა, ათას რამეს ჰყვებიან. სახლში ავიარე, ფორმა გამოვიცვალე და ავტომატი ჩავიტანე. მაინც ახლოს იყოს, მგონი, შემოდიან ის პატრონძაღლები. შონზო და მიშა მშვილდაძე მოვიდნენ. აუ, შენ ცოცხალი ხარ, ტო, დაბრედილი გვეგონეო. თურმე რაღაც სამოქალაქო შტაბში ყოფილან და იქ ვიღაცას უთქვამს, ელისაშვილი ომში წავიდა და ცხინვალთან დაბრიდესო. მაგრად გაუხარდათ, ცოცხალი რომ მნახეს. ბევრი ვიცინეთ. ომის რა მოგახსენოთ, მაგრამ თუ შემოვიდნენ ის ჩათლახები, სამოქალაქო დაუმორჩილებლობას ვაპირებთო, თქვა მშვილდაძემ. მე ისევ ვიმილიტარისტე. დედებს დავუხნავთ-მეთქი. ამასობაში ბაკური მოვიდა და, მგონი, შემოდიან ის ჩათლახებიო. იგოეთს გამოსცდნენ თურმეო. ეს ჭორი მაგარი გავრცელებული იყო აშკარად. ყველა რეკავდა და მართალია, თბილისისკენ მოდიანო. სურსათზე მაგარი ტაციაობა დაიწყო. ბენზინსაც იმარაგებდნენ, ყველგან რიგები იყო. წითელ ხიდზე დედა შვილს არ აყვანსო, ვიღაცამ თქვა. მაგარი შევაგინეთ გაქცეულ ტიპებს. ლევანმა დარეკა, დედაჩემი შეიძლება ავიყვანო მანგლისში და ეგებ ირინას დაურეკო, რომ თადარიგი დაიჭიროსო. მოკლედ, მოდიანო, ყველა ამბობდა.

ბაკურ, წამო, კაცურად, ვნახოთ, ის ჩემისები სადამდე არიან მოსული, თორემ ამ გაუგებრობაში ყოფნა მაგარი ნერვების მომშლელია-მეთქი, - ვუთხარი ბაკურს. წამო მაგის დედაც ვატირეო. მაგის პაჯეროს მოვახტით, პისტოლეტები ჩავიდეთ, ჩემი ავტომატი და მისი "საიგა" ჩავაგდეთ და დავიძარით.

დიღმის ტრასაზე შენელებული იყო მოძრაობა, პატრული იდგა და ყველას ეუბნებოდა, უკან დაბრუნდითო. მართალია, რომ მოდიან თბილისზე-მეთქი,  ვკითხე ერთ პოლიციელს. არ ვიცი, მგონი, კიო, მიპასუხა. კაცურად უკან დაბრუნდითო, მაგრამ მაინც გაგვატარა. მეორე ადგილიც ეგრე გავიარეთ, იქით გვაქვს საქმე-მეთქი. მცხეთის ხიდთან სპეცრაზმელები იდგნენ, არცთუ ბევრი. ჩაწოლილიყვნენ ხეებთან. ალბათ, ხიდი ჰქონდათ დანაღმული. გზაზე კიდევ რამდენიმე ადგილას ხეებს შეჰფარებოდნენ სპეცრაზმელები, პიკაპები ეყენათ იქვე. უფრო შსს-ს სპეცრაზმელები უნდა ყოფილიყვნენ. ნატახტართან დიდი პოლიციური პიკეტი იდგა. ვერ გაგატარებთ, უკან გაბრუნდითო, ყველას ეუბნებოდნენ და მართლა უკან აბრუნებდნენ. ჰო, მგონი, მართლა მოდიანო, გვითხრეს. უკან გამოვბრუნდით და მერე გზიდან გადავუხვიეთ, რამდენიმე მანქანას გავყევით, რაღაც შემოვლითი შარაგზა იყო. გზის გასწვრივ მიდიოდა, თუმცა, ტრასიდან არ ვჩანდით. კარგა ხანს ვიარეთ ასე. დაძაბული მივდიოდით. მოდი, მაინც გადავტენოთ იარაღი, უცბად თუ გადავაწყდით რუსებს, ჩალიჩი რომ არ დაგვჭირდეს-მეთქი. პისტოლეტებსაც და ავტომატებსაც ტყვიები პირში მივეცით.

კიდევ უფრო დავიძაბეთ. თუ დავინახეთ, მოვბრუნდეთო, ბაკურმა, თუ დაგვიშვეს, დავუშვათ ჩვენცო. ჰო-მეთქი, ოღონდ შენ მაინც საჭეს უყურე უფრო-მეთქი. ამასობაში შარაგზა გათავდა და ტრასაზე ასვლამ მოგვიწია. დაახლოებით ქსანთან, აი, ერთი უცნაური სასაფლაო როა, უფრო სწორად, ობელისკი, იქ იდგა დიდი პიკეტი. ბლომად ხალხი შექუჩებულიყო. უცხოელი ჟურნალისტებიც იდგნენ.“ვითომ კასპში მივდივართ-მეთქი, ვუთხარი ბაკურს და ავტომატებს უკანა სკამზე რაღაც გადავაფარე, ომი კი იყო, მაგრამ პოლიციის შიში მაინც ოხერია. გაგვაჩერეს, სად მიდიხართო, პატრულისფორმიანმა ბიჭმა, იქით-მეთქი, ორივემ ძალიან აბდაუბდად ვუთხარით. მაინც სადო, ჩაგვეძია და თან თავი შემოყო მანქანაში.

კასპთანაა ჩვენი სოფელი და იქო, ბაკურმა. აშკარად არადამაჯერებლები ვიყავით. პოლიციელი კი რისი პოლიციელია, ვერ მიმხვდარიყო. გადმოდით ორივენიო. მე და ბაკურმა ერთმანეთს გადავხედეთ. მაგრად ავნერვიულდი. გადმოვედით თუ არა და დაიჭირეთ, მანქანა იარაღით აქვთ სავსეო, დასჭყივლა გულმოდგინე პოლიციელმა, რომელმაც სკამი გადმოსწია თუ არა, ორი ავტომატი, უფრო სწორად, ერთი ავტომატი და ერთი "საიგა" დაინახა და ხელიც დასტაცა. ჩვენც დაგვტაცეს ხელი, ხელები გადაგვიბრუნეს და პაჯეროს უკანა პარპრიზს სახით აგვაკრეს. პისტოლეტებიც გვიდევს-მეთქი, ოღონდ ფრთხილად, ყველა იარაღს პირში აქვს მიცემული-მეთქი. ატყდა ჩოჩქოლი. მოგროვდა ხალხი. ბაკურმა ყველა იარაღის საბუთი მაქვსო, მეც პისტოლეტის საბუთი მაქვს და გაჩვენებთ-მეთქი. ხელი გაგვიშვეს, ამასობაში ვითარება დამშვიდდა.

საბუთებმა იმოქმედა, მერე მეც ვუთხარი, საიდან მქონდა ავტომატი და ამასობაში თანდათან ხმას ვუწევდი. ხელი როგორ გადამიტრიალეთ-მეთქი. სად მიდიოდითო. ბაკურმა აუხსნა, სადაც. მე მაინც სულ უფრო ხმამაღლა ვლაპარაკობდი და თითქმის ყვირილით ვუმეორებდი იმ გულმოდგინე პოლიციელს, ჩვენ რომ გაგვაჩერა და იარაღი აღმოგვიჩინა, ხელი როგორ გადამიტრიალეთ-მეთქი. ბაკური მამშვიდებდა. ამასობაში ერთი პოლიციელი მოვიდა, შენ ჟურნალისტი არა ხარო? კი-მეთქი. მერე ავტომატი რად გინდაო. ომია, ძმაო, და იმიტომ მაქვს-მეთქი, ამასაც ვუყვირე. ბაკური პირზე ხელს მაფარებდა. მე გიჟივით ვიმეორებდი, ხელი როგორ გადამიტრიალეთ-მეთქი. იარაღი დაგვიბრუნეს, ოღონდ გთხოვთ, დაბრუნდით, ვერაფრით გაგატარებთ იქითო. ის პოლიციელი ბიჭი ბოდიშებს მიხდიდა, მე აშკარად აღარ მაინტერესებდა მისი ბოდიში და ამდენი ხნის ბოღმის ამოყრა პოლიციელზე დავიწყე. მMერე რუსებზე გადავედი, გაგვატარეთ, მაგათი დედები უნდა დავაფეხმძიმოთ-მეთქი. ბაკურმა და პოლიციელებმა დამაშოშმინეს. იარაღი მანქანაში ჩაგვიწყვეს და გვთხოვეს, წადით, რუსები ნაღდად აღარ მოდიანო. ჩავსხედით მანქანაში და უკან, თბილისისკენ წამოვედით. რას ხაოდი, შე ჩემაო, ბაკურმა, ხო ნახე, დაგვიბრუნეს იარაღიო. ხო, მაგრამ ხელი რატო გადამიბრუნეს-მეთქი, მაინც ჩემსას ვაწვებოდი ჯიუტად.

რაღაც ვალმოხდილებივით ვბრუნდებოდით. ის მაინც ვიცოდით, რომ რუსები დიღომთან არ იყვნენ. თბილისში დავბრუნდით, ინგოროყვაზე ავედით და ლამის მთელი საღამო ამ თავგადასავლის სხვებისთვის მოყოლასა და ინტერნეტიდან ახალი ამბების შეტყობაში გავატარეთ. მეორე დღეს მანგლისში ავედი...

ამ ამბებიდან 40 დღე ჩუმად ვიყავი...

19 სექტემბერი

საღამოს პირს ნინომ დამირეკა, ჯანგირაშვილმა, "კავკასიიდან", ჩვენთან ეს დღეები სულ მესიჯები გადის, ელისაშვილი ნეტავ სადაა, ცოცხალი თუ გადარჩაო. ეგებ მოხვიდე დღეს და რეზერვის ამბებს მოჰყვე დათოსთან ეთერში, ია ანთაძე და ელისო ჩაფიძეც იქნებიან სტუმრადო. კარგი-მეთქი. სახლში ავედი. გავიპარსე. ირინას ვუთხარი, აქუსთან დამპატიჟეს-მეთქი. ლელკაც ჩვენთან იყო, ირინას და. ორივემ მთხოვა, თავი შეიკავე, ვიცით, რომ განიცდი ამ ყველაფერს, მაგრამ გთხოვთ, რაიმე ზედმეტი არ თქვაო. კარგი-მეთქი, მაგრამ მერე ეთერში ლამის ყველაფერი ვთქვი, რასაც ვფიქრობდი.