ყოველგვარი გარყვნილება სასამართლოდან იწყება?! - კვირის პალიტრა

ყოველგვარი გარყვნილება სასამართლოდან იწყება?!

არაადამიანური მოპყრობა, პიროვნების ღირსების შელახვა, კანონის ფეხქვეშ გათელვა საქართველოში სასამართლოდან იწყება. თუ ქვეყნის პრეზიდენტსა და მის გარემოცვას ჯერ კიდევ შეუძლიათ საზოგადოების მცირე ნაწილის შეცდომაში შეყვანა, - არაფერი ვიცოდით პენიტენციარულ სისტემაში მომხდარ შემზარავ ფაქტებზეო, ამას ვერ იტყვიან სასამართლოზე, რადგან სასამართლო ღია სისტემაა.

სასამართლო სისტემის შეუქცევადი მანკიერების საჩვენებლად, რამდენიმე გახმაურებულ საქმეს დავასახელებთ. ეს საქმეები თითქმის მთლიანად მოიცავს ხელისუფლების მოღვაწეობის ძირითად წლებს: 2005 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტზე საზოგადოებისთვის დამალული სასამართლო; 2007 წელს გურამ შარაძის მკვლელობის ფაქტზე გამართული სასამართლო; 2009 წელს სამშობლოს ღალატსა და ჯაშუშობაში ბრალდებულ ვახტანგ მაისაიას სასამართლო და 2011 წელს ასევე ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტოგრაფების საქმე, რომელზეც სასამართლო პროცესი სრულიად გასაიდუმლოებულად წარიმართა და საბოლოოდ ამხილა ქვეყანაში "აწყობილი" სამართლის პრინციპი. ამ საქმეების უკან კი მრავალი მათი მსგავსი უნდა ვიგულისხმოთ.

როგორი მონაწილეობა მიიღო სასამართლომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზების გაბუნდოვანებაში, ამას მას შემდეგ აეხდება ფარდა, რაც სასამართლოს მასალები დამოუკიდებელ ექსპერტთათვის მაინც გახდება ხელმისაწვდომი. დანარჩენი სამი საქმე, რომლებიც ხელისუფლებამ უკვე დაივიწყა, ცხადყოფენ სასამართლო სისტემის რამდენიმე სახის მანკიერებას. პირველი - სასამართლოს ფაქტობრივად დაუდგენელ და გამოუძიებელ დანაშაულებზე გამოაქვს უმძიმესი განაჩენები (სამივე საქმის შედეგად თავისუფლება აღეკვეთათ პირებს, რომელთა დამნაშავეობა სასამართლომ მტკიცებულებებით, იურიდიულად ვერ დაასაბუთა); მეორე - პროცესებზე (გურამ შარაძის მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე სასამართლოზე და ვახტანგ მაისაიას სასამართლო პროცესზე) საზოგადოებას წარუდგინეს პატიმრები, რომელთაც ფიზიკური ძალადობის კვალი ეტყობოდათ. ამის შესახებ განსასჯელმა ვახტანგ მაისაიამ სასამართლოს სიტყვიერადაც განუცხადა, ადამიანის უფლებათა დამცველებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც წარადგინეს შესაბამისი დასკვნები, თუმცა სასამართლოს არც ერთი შეტყობინება არ გაუთვალისწინებია; მესამე - სასამართლო პროცესებზე პირდაპირ გავლენას ახდენდა აღმასრულებელი ხელისუფლება, ისევე როგორც პირადად პრეზიდენტი - როგორც ვახტანგ მაისაიას, ასევე ფოტოგრაფების საქმის დროს, მან დაასწრო სასამართლოს და პირები დამნაშავეებად მანამ გამოაცხადა საჯაროდ, სანამ მათ დანაშაულს სასამართლო დაადგენდა.

მოსამართლეებს განაჩენი ნივთმტკიცებების გარეშე გამოაქვთ

ახლახან ყოფილი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლის ადვოკატმა სენსაციური განცხადება გააკეთა: ახალაია მისი დაცვის ქვეშ მყოფ პატიმარს დაემუქრა, - ისევე გაგისწორდებით, როგორც გურამ შარაძესო. იმის მიუხედავად, დადგინდება თუ არა ამ განცხადების სიმართლე და შარაძის მკვლელობაში ხელისუფლების წარმომადგენელთა უშუალო მონაწილეობა, უდავოა, რომ: ხელისუფლებამ, სასამართლოს დახმარებით ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შარაძის მკვლელობის საქმეზე სიმართლე ბოლომდე არ გარკვეულიყო. ამ დასკვნის საფუძველს წარმოადგენს საქმეში არსებული მრავალი წინააღმდეგობა, რომელთა თუნდაც ფორმალურად დასაძლევად სასამართლოს თავი არ შეუწუხებია.

დავიწყოთ იმით, რომ სასამართლომ შარაძის მკვლელობაში ბრალი დაუდგინა ადამიანს, რომლის გარეგნული ნიშნები რადიკალურად განსხვავდება მკვლელობის მოწმეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მკვლელის გარეგნობისა და ჩაცმულობისგან, რაც აძლიერებს ეჭვს, რომ ბარათელი არ არის მკვლელი. ეს წინააღმდეგობა სასამართლო საქმის მასალებში გარკვევით ჩანს. დავასახელებთ რამდენიმე მაგალითს: იმ მოწმეთა ჩვენებით, რომლებიც სასამართლოს წარუდგნენ, მკვლელს ეცვა მუქი ფერის მაისური და "კლეტჩატი" პერანგი, იყო საშუალოზე მაღალი და სპორტული აღნაგობის. ზუსტად ასეთი გარეგნობისა და ჩაცმულობის ადამიანია აღბეჭდილი მკვლელობის ადგილზე დამონტაჟებული ვიდეოთვალის ფირზეც, რომელიც სადაზღვევო კომპანია "ალდაგს" ეკუთვნოდა და წამობრივი სიზუსტით ასახა მკვლელობის ყველა დეტალი. სასამართლომ კი ფირი ნივთმტკიცებად არ მიიჩნია - მიზეზად ფირის დაბალი ხარისხი”დაასახელა, სასამართლომ არც შარაძის ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ფირის ტექნიკურად დასამუშავებლად სხვა ქვეყნების გამოცდილება გამოეყენებინა. სასამართლომ ნივთმტკიცებად არ მიიჩნია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მასალა - ფოტო, რომელზეც მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ბარათელი დაკავების მომენტშია აღბეჭდილი - ფოტოზე გარკვევით ჩანს, რომ ბარათელის ჩაცმულობა არ შეესაბამება ვიდეოფირზე აღბეჭდილი და მოწმეთა მიერ აღწერილი მკვლელის ჩაცმულობას. ფოტოზე ჩანს, რომ ბარათელს აცვია თეთრი მაისური და მუქი ფერის (ლურჯი) პერანგი. მოწმეები, მათ შორის, პოლიციის თანამშრომლები კი საპირისპიროს ამბობენ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, მოწმე ლევან ბოჭორიშვილი ამბობს, რომ მკვლელს ეცვა "შავი ფერის მაისური"; საპატრულო პოლიციის თანამშრომელ პაატა მაჩალაძის ჩვენების მიხედვით, მკვლელს ეცვა "შავი ფერის მაიკა". იმავეს ამტკიცებენ ის მოწმეები, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან გაქცეულ მკვლელს გზად ხვდებოდნენ. თეთრ მაისურს კი, რომელიც დაკავებისას ეცვა ბარათელს და ფოტოზეც კარგად ჩანს, არც ერთი მოწმე არ ასახელებს. სასამართლომ ეს წინააღმდეგობა საქმეში მარტივად გააბათილა - ფოტომასალა ნივთმტკიცებად არ მიიჩნია. არადა, ამ ფოტოს ნივთმტკიცებად მიჩნევა ძიების კიდევ ერთ საეჭვო გარემოებას გამოააშკარავებდა.

საქმე ის არის, რომ ფოტოზე ასახული ბარათელის პერანგის მარცხენა მხარე სისხლითაა მოსვრილი, მარჯვენა - სუფთაა. ამას კი იმიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რომ სასამართლო საქმეში არსებული სამედიცინო დასკვნის თანახმად, ბარათელი დაკავებისას გაწეული წინააღმდეგობის გამო ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა მარჯვენა მხარში(?!). როგორ უნდა დასვროდა სისხლით მარჯვენა მხარში დაჭრილ ადამიანს პერანგი მარცხნივ, ხოლო იმ მხარეს, სადაც ტყვია მოხვდა, სისხლის წვეთიც კი არ დამჩნეოდა მის ტანსაცმელს(?!).

ყველა ამ მნიშვნელოვან გარემოებას თავი რომ დავანებოთ, სრულიად გამაოგნებელია მოწმე ალექსანდრა პირუმოვას ჩვენება, რომელიც სასამართლო საქმეში დევს  და მისთვის სასამართლოს არავითარი ყურადღება არ მიუქცევია. ამ ჩვენების თანახმად, ბარათელი მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე იყო პირუმოვას კუთვნილ ბინაში, სადაც ერთი კვირით ადრე საცხოვრებლად გადაიყვანა ოჯახმა. 20 მაისს, დაახლოებით 20 საათზე, შარაძის მკვლელობამდე ზუსტად ნახევარი საათით ადრე, გიორგის დაურეკეს მობილურ ტელეფონზე. ამ ზარის შემდეგ ის შინიდან გავარდა... გიორგიმ ხმამაღლა უთხრა ვიღაცას, - აღარ დამირეკოო...”სასამართლომ არ დაადგინა, ვინ დაურეკა ბარათელს მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე და რა მიზნით გაიყვანა შინიდან. თუმცა ამის დადგენა სასამართლოს შეეძლო ბარათელის მობილურ ტელეფონზე შემოსული ზარების შემოწმებით.

საქმის მასალები ადასტურებს იმასაც, რომ სასამართლომ შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ გაამყარა ვერც ბარათელის მიერ დასახელებული მკვლელობის მოტივი - სასამართლოს იმისთვისაც კი არ შეუწუხებია თავი, რომ შვეიცარიაში, საქართველოს საკონსულოში გადაემოწმებინა ბარათელის ნათქვამი, თითქოს გურამ შარაძის ვაჟმა, გიორგი შარაძემ, ის შვეიცარიაში ფილმში გადასაღებად მიიწვია, იქ არაადამიანურად მოეპყრო, რაც დასახელდა კიდეც შურისძიების მიზეზად. ჩვენ ხელთ არსებული მასალების მიხედვით სასამართლოს შეკითხვითაც კი არ მიუმართავს შვეიცარიაში შესაბამისი ინსტანციებისთვის იმის დასადგენად, მართლა იღებდა თუ არა ფილმს გიორგი შარაძე, ვინ და რა მიზეზით მიიწვია ბარათელი შვეიცარიაში, გადალახა თუ არა ამ უკანასკნელმა შვეიცარიის საზღვარი, რა მისამართზე დარეგისტრირდა იქ და ა.შ. სასამართლო საქმეში არ დევს არც ერთი დოკუმენტი, რომლებიც ამ კითხვებს უპასუხებდა, ბუნდოვანებას გაფანტავდა, სასამართლოს გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ არ დააყენებდა...

სასამართლომ ვერ დაადგინა ვერც იმ პირის ვინაობა, რომელმაც, ბარათელის ჩვენებით, ეს უკანასკნელი შვეიცარიაში მყოფ გიორგი შარაძესთან დააკავშირა. სამაგიეროდ, ის, რაც ვერ შეძლო მთელმა სამართალდამცავმა სისტემამ, იოლად შევძელით ჩვენ: ადვილად მივაგენით მიხეილ ჟღენტის ოჯახს, რომლისგანაც სენსაციური ინფორმაცია შევიტყვეთ - შარაძის საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოწმე გამქრალია... მიხეილ ჟღენტი დაუდგენელ ვითარებაში გაუჩინარდა და, ოჯახის მტკიცებით, წლებია, მისი ასავალ-დასავალი არ იციან. ოჯახის თქმით, სასამართლოს ერთხელაც არ მიუმართავს მა|თთვის მიშა ჟღენტის პროცესზე გამოძახების მიზნით.

საქმეში არსებული ეს და სხვა პასუხგაუცემელი კითხვები ბუნებრივად ბადებს ეჭვს: ვის სასარგებლოდ დატოვა სასამართლომ საქმეში ამდენი წინააღმდეგობა? თუ თავად გადაწყვიტა საქმის მიკერძოებული გამოძიება, რატომ არ გამოეხმაურა ხელისუფლება შარაძის ოჯახის პროტესტს, რომელიც სამართლიან სასამართლოს ითხოვდა?

მკვლელობაში ბრალდებული ბარათელი გაუჩინარებულია

დღეს, როდესაც საზოგადოება ასე აღაშფოთა ციხეებში მომხდარი წამების ფაქტების ნახვამ, უსათუოდ უნდა გამახვილდეს ყურადღება იმაზეც, რომ ზოგიერთ გახმაურებულ საქმეში ბრალდებულთა შესახებ ინფორმაციას ხელისუფლება მკაცრად და მიზანმიმართულად ბლოკავს. რამდენიმე შემთხვევაში კი, სავარაუდოა, რომ ისინი აღარ არიან ან ციხეებში, ან ცოცხლები. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა შეიწყალა გირგვლიანის მკვლელები, გაჩნდა ეჭვი, რომ შეწყალებულნი არიან შარაძის, რობაქიძისა და გამცემლიძის მკვლელობაში ბრალდებულებიც. ჟურნალისტები უკვე რამდენიმე წელია, ცდილობენ ინფორმაციის დაზუსტებას მათი ბედისა და ადგილსამყოფლის შესახებ. ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა საქართველოს ყველა სამართალდამცავ უწყებას მიმართა სამივე მკვლელობაში ბრალდებულთა შესახებ ინფორმაციის მიღების თხოვნით. საქალაქო სასამართლომ სასჯელაღსრულებითი სისტემა დაავალდებულა, პასუხი გაეცა მხოლოდ რობაქიძისა და გამცემლიძის მკვლელობაში ბრალდებულთა შესახებ კითხვისთვის და ისიც - ნაწილობრივ, შარაძის მკვლელობაში ბრალდებული ბარათელის თაობაზე ინფორმაციის მიღება კი შეუძლებელი აღმოჩნდა.

ჟურნალისტმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელშეწყობით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეიტანა სარჩელი. ქართველი საზოგადოება სტრასბურგიდან პასუხს ელის და სვამს კითხვას: რატომ გახდა საჭირო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო იმისთვის, რომ პასუხი გასცემოდა უმარტივეს შეკითხვას, სად არის ბარათელი და თუ ცოცხალია, რომელ საპატიმროში იხდის სასჯელს? ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ბარათელის ყოფნა არ დასტურდება საქართველოს არც ერთ ციხეში.

(გაგრძელება იქნება)

ლია ტოკლიკიშვილი

მაია გოგოლაძე