ვერდიქტი მტკიცებულებების გარეშე - კვირის პალიტრა

ვერდიქტი მტკიცებულებების გარეშე

"გმადლობთ ყურადღებისთვის! მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ!"

ვახტანგ მაისაიას საქმე

საქართველოს სასამართლო სისტემა, რომლის უცვლელი ხელმძღვანელი 2003 წლიდან კონსტანტინე კუბლაშვილია, თანაბრად აგებს პასუხს სასჯელაღსრულებით და შინაგან საქმეთა სისტემებში გამეფებული დანაშაულებრივი პრაქტიკის გამო. ეჭვმიტანილთა წამება, შეურაცხყოფა და დამცირება წინასწარი დაკავების პერიოდში იწყებოდა და მისი მიზანი, უმეტეს შემთხვევაში, სასამართლოსთვის წარსადგენი აღიარებითი ჩვენების მიღება იყო. პროცესებზე ასეთი აღიარებებით შეჰყავდათ ნაცემი, ნაწამები პატიმრები...

ვახტანგ მაისაია დაკავების დღესვე აწამეს ეგრეთ წოდებული მოდულის შენობაში. წითელი ჯვრის საზოგადოებამ, ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრმა, ადვოკატებმა და თავად ეჭვმიტანილმა სასამართლოს აცნობეს მასზე ფიზიკური ზეწოლის შემცველი ყველა გარემოება: დახვრეტის იმიტაცია, გაგუდვის მცდელობა თავზე ჩამოცმული პოლიეთილენის პარკით, ჩამოხრჩობისა (რომელიც თვითმკვლელობად გასაღდებოდა) და გაუპატიურების მუქარა. ამ მეთოდებით ცდილობდნენ დაკავებულისგან აღიარებითი ჩვენების მიღებას. სასამართლოს ეს ინფორმაცია ყურად არ უღია.

ვახტანგ მაისაიამ გლდანის მერვე საპყრობილიდან მოახერხა, ჟურნალისტებისთვის ეცნობებინა, რომ წამებითა და ფიზიკური ზემოქმედებით მისგან მოითხოვდნენ ჯაშუშურ საქმიანობაში თანამოააზრეებად დაესახელებინა სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურებში მომუშავე კონკრეტული პირები. მაისაიას ადვოკატმა ეს ფაქტი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. გამოძიება დაიწყო, თუმცა მაისაია დაჰკითხეს არა როგორც დაზარალებული, არამედ როგორც თვითმხილველი, რაც, თავისთავად, აბსურდია და მომხდარზე სამართლებრივ რეაგირებას გამორიცხავდა.

სამართალდამცავებმა ყველაფერი გააკეთეს მაისაიას საქმეზე საზოგადოებრივი კონტროლის ასაკრძალად. საქმეს ჯერ კიდევ ძიების პროცესში მიენიჭა გრიფი "საიდუმლო". საიდუმლოდვე წარიმართა სასამართლოც. იურისტებმა მაშინვე ატეხეს განგაში, რომ ეს კანონის დარღვევით ხდებოდა, მაგრამ ეს არად ჩაუგდიათ.  კანონის თანახმად, საიდუმლო გრიფის მინიჭება მთელი საქმისთვის არ შეიძლება. საიდუმლოდ შეიძლება გამოცხადდეს მხოლოდ საქმეში არსებული ცალკეული მასალა, რომლის კონფიდენციალობის დაცვასაც სასამართლო  ძიების ინტერესებიდან გამომდინარე მიიჩნევს საჭიროდ და ამ გადაწყვეტილებას კონკრეტული არგუმენტებით დაასაბუთებს. სასამართლოს ასეთი არგუმენტები არ წარუდგენია, თუმცა მაინც დახურული პროცესი ჩაატარეს. Aადვოკატს დახურული პროცესიდან ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის ვალდებულება დააკისრეს. სასამართლოს შემდეგ  ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ მხოლოდ ზოგადი შეფასებით გამოხატა პროტესტი ჩატარებული სასამართლოს მიმართ, რომელზეც თავისი დაცვის ქვეშ მყოფ მაისაიასთან ერთად დაუპირისპირდა პროკურატურისა და სასამართლოს ტანდემს: "ეს იყო უსუსური სასამართლო. მან ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომლითაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ წაყენებული სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ან მეორე ნაწილი დამტკიცდებოდა: ჯაშუშობა უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით, მისთვის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალის გადაცემა, იგივე ქმედება, ჩადენილი ომის დროს."

თავად მაისაიამ კი განაჩენის გამოცხადების შემდეგ ასე მიმართა სასამართლოს: "მსურს, გავიხსენო გალაკტიონის ცნობილი ლექსი: "ჩემთვის დღესავით არის ნათელი, რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა". დიახ, ბატონებო და ქალბატონებო, ჩემთვის დღესავით არის ნათელი, ჩვენი შთამომავლობა რას იტყვის ჩემზე და რას - თქვენზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც მონურად ემსახურებოდით 21-ე საუკუნის, იმედი მაქვს, ყველაზე რეპრესიულ ხელისუფლებას... გმადლობთ ყურადღებისთვის! მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ!"

სასამართლოს პარალელურად ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებდა ჩვენი ინტერმედიური ჯგუფი. მოძიებული მასალები ცხადყოფს, რომ ვახტანგ მაისაიას სასამართლომ დაუმტკიცებელი ბრალის გამო მიუსაჯა ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა. არსებობს სამი სავარაუდო მიზეზი იმისა, თუ რატომ მოიქცა ასე სასამართლო: პირველი - მაისაია უდანაშაულოა, მაგრამ სასამართლომ შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა; მეორე - მაისაია დამნაშავეა, მაგრამ სამართალდამცავებს არ აღმოაჩნდათ უნარი დანაშაულის დამტკიცებისა; მესამე - სასამართლოს ბრალის დამტკიცება არც უცდია. ის ხელისუფლების პირველი პირების გარდა, არავის წინაშე იყო პასუხისმგებელი.

საგულისხმოა გარემოება, რომელსაც ამ პუბლიკაციაში პირველად ვახმაურებთ, ვახტანგ მაისაიამ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე გვიამბო და, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, დღემდე არ გაგვიხმაურებია: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ვახტანგ მაისაიამ პრეზიდენტ სააკაშვილს გაუგზავნა რამდენიმეგვერდიანი წერილი, რომელშიც, როგორც სამხედრო ექსპერტი, მთავარსარდალს ომში დაშვებულ დანაშაულის ტოლფას შეცდომებზე მიუთითებდა. გვიჩვენა პრეზიდენტის კანცელარიაში ჩაბარებული წერილის სარეგისტრაციო ნომერი და გვითხრა, რომ იმავე შინაარსის წერილის გაგზავნას აპირებდა ნატოს შტაბბინაში, სადაც დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე მუშაობდა. მაისაიას ეს ფაქტი მიაჩნია მასთან ანგარიშსწორების მიზეზად, რადგან წერილში ის ასაბუთებდა სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ ომის წარმოების არაკვალიფიციურ სტრატეგიასა და ტაქტიკას და აფრთხილებდა პრეზიდენტს, რომ წერილის ასლს ნატოს შტაბბინაშიც გაგზავნიდა.

ამ ეჭვს აძლიერებს ჯერ ძიების, საბოლოოდ კი, სასამართლო პროცესში დაშვებული კანონდარღვევები, რაც ერთადერთ მიზანს ისახავდა - მაისაიას სამაგალითოდ დასჯას. უნდა ითქვას, რომ სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მეათე მუხლი, რომლის თანახმად, მტკიცების მოვალეობა ბრალმდებელს ეკისრება და ნებისმიერი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ. ძიებამ ვერ დაადასტურა ვერც ერთი ეჭვი მაისაიასადმი, მაგრამ სასამართლომ გადაწყვეტილება მაინც ეჭვმიტანილის წინააღმდეგ მიიღო.

კანონდარღვევები, რომლებიც უშუალოდ სასამართლოზე მოხდა, დამოუკიდებელი ექსპერტების აზრით, უტოლდება პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით შევარდნაძის ხელისუფლების დროს ჩატარებულ ცნობილ სასამართლო პროცესებს, რომელთაგან რამდენიმემ განსასჯელებს სასჯელის უმაღლესი ზომა შეუფარდა.

ვახტანგ მაისაიას საქმეში სასამართლოს მიერ დაშვებული დარღვევები ასე გამოიყურება:

პირველი: სასამართლომ მიიღო დაუსაბუთებელი ბრალდება და არ მოითხოვა პასუხი კითხვაზე: რომელი ქვეყნის ჯაშუშია მაისაია? ძიების მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მასალებით, მაისაიას ბრალი ედებოდა სლოვაკეთში, ფარმაცევტული კომპანია "ნოვარტისის" თანამშრომელ იოსებ (დოდო) დოლეჟალისთვის საიდუმლო ინფორმაციების გადაცემაში. სასამართლოზე არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება, რომ მაისაიას სლოვაკი პარტნიორი, დოლეჟალი, რუსეთის სადაზვერვო სამსახურთან თანამშრომლობდა. არადა, მაისაიას ბრალი ედებოდა რუსეთის სადაზვერვო სამსახურთან თანამშრომლობაში. სასამართლომ არ მოითხოვა არა მხოლოდ იოსებ დოლეჟალის რუსეთის დაზვერვასთან კავშირის დამადასტურებელი მასალები, არამედ მის შესახებ ელემენტარული ინფორმაციაც კი არ შეაგროვა. არასერიოზულია, რომ სასამართლო ვახტანგ მაისაიას თანამზრახველს კნინობით-მოფერებითი სახელით - დოდო - მოიხსენიებს და არ აქვს დადგენილი მისი ნამდვილი სახელიც კი. სასამართლოს არ მოუთხოვია ბრალდების მხარისთვის დოლეჟალის დაკითხვის ან მასთან სხვა სამართლებრივი ურთიერთობის დამამტკიცებელი საბუთიც. სასამართლოს არ მოუთხოვია მასალები მაისაიას მეორე სავარაუდო "თანამზრახველის", ელენ იატსუნსკას შესახებ. ამდენად, სასამართლოს არ გაურკვევია, როგორ დასდო ძიებამ ბრალი მაისაიას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობაში მისი სავარაუდო თანამზრახველების ამ ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობის დამადასტურებელი მტკიცებულებების უქონლად.

მეორე: სასამართლოს ევალებოდა, ძიებისთვის მოეთხოვა მტკიცებულებები საქმის იმ ნაწილშიც, რომელიც შეეხებოდა ფარმაცევტულ კომპანია "ნოვარტისის" კავშირს ჯაშუშურ საქმიანობასთან. ძიებას, სასამართლოზე წარდგენილი მასალების მიხედვით, ამ კომპანიასთან დაკავშირებაც კი არ უცდია. ბრალდების მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ მაისაიას "ნოვარტისის" თანამშრომლებში "ჩანერგილ" სამ ჯაშუშთან ჰქონდა საქმე, რომ მისგან ინფორმაციას ყიდულობდნენ დოდო დოლეჟალი, ვინმე იანი და ვინმე ტომი. სასამართლოს არ გასჩენია შეკითხვა იანისა და ტომის ზუსტი საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ, თუმცა ამის დადგენა არც ისე რთული აღმოჩნდა. ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა "ნოვარტისში" გაგზავნილ წერილობით შეკითხვაზე მიღებული პასუხით დაადგინა, რომ ბრალდება ვინმე იანის ეპიზოდში გულისხმობდა კომპანია "ნოვარტისის" სლოვაკეთის წარმომადგენლობის რისკ-ფაქტორების მიმართულების მენეჯერ იან დუბოჩეკს. ჩვენი საგამოძიებო ჯგუფი დაუკავშირდა "ნოვარტისის" უშუალო ხელმძღვანელებს სლოვაკეთში. გვითხრეს, რომ ქართველი სამართალდამცავები მათ არ დაჰკავშირებიან. თუმცა კი სამართალდამცავებს იოლად შეეძლოთ ასეთივე ინფორმაციის მიღება და ბრალდების იმ ნაწილის გამყარება, რომელშიც ამტკიცებენ, რომ "ნოვარტისს" აქვს სპეციალური ანალიტიკური სამსახური და რუსეთის ჯაშუშებიც სწორედ ამ სამსახურში არიან "ჩანერგილნი".”საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი ბრალდება, რომელშიც ირიბად ისიც იკითხება, რომ მსოფლიოში სახელგანთქმული ფარმაცევტული ფირმა "ნოვარტისი" ჯაშუშურ საქმიანობაშია ჩართული, არც ერთ ქვეყანას არ მიუღია სერიოზულად. მიუხედავად იმისა, რომ "ნოვარტისს" თავისი ქსელი ყველა ქვეყანაში აქვს და ქართველი ჯაშუშის დაკავების შემდეგ, წესით, კომპანია საერთაშორისო სკანდალში უნდა გახვეულიყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სასამართლოს განაჩენები ყურადსაღები არ არის საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

მესამე: სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი რეპორტები, რომლებიც ძიებამ მაისაიას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების გასამყარებლად წარადგინა. ეს რეპორტები, რომელთა ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას გააცნო, ხოლო მთლიანად ნახეს ადვოკატებმა, მათი მეშვეობით კი, სამხედრო ექსპერტებმა, სინამდვილეში აღმოჩნდა მაისაიას მიერ თავის ნაცნობ-მეგობრებთან და საქმიან პარტნიორებთან გაგზავნილი ანალიტიკური და ინფორმაციული მასალები ან პირადი მიმოწერა. იმ რეპორტების უმეტესობა, რომელთა საფუძველზე ადამიანს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაისაიამ დაკავებამდე გამოაქვეყნა ქართულ და საზღვარგარეთულ პრესაში. სამხედრო ექსპერტმა კახა კაციტაძემ, რომელსაც დაცვის მხარემ დასკვნის დასაწერად სასამართლოს "ნებართვით" ეს რეპორტები გადასცა, მათში უფრო მეტი ინფორმაცია დაითვალა რუსეთის სამხედრო შეიარაღების შესახებ, ვიდრე ქართულისა, მისი აზრით, ეს რეპორტები მხოლოდ რუსული მხარისთვის უნდა ყოფილიყო არასასურველი და არა ქართული მხარისთვის.

მეოთხე: სასამართლოს არც იმის შესახებ გასჩენია შეკითხვა, რატომ წარადგინა ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე მაისაიას კუთვნილი კომპიუტერი, თანაც ლუქმოხსნილი, მით უმეტეს, რომ ბრალდების ძირითადი მტკიცებულება - რეპორტები ამ კომპიუტერიდან იქნა მოპოვებული. ეს კომპიუტერი მაისაიას სახლის ჩხრეკის დროს მოწმეთა თვალწინ დაილუქა, როგორც ნივთმტკიცება. მისი გახსნა კი მაისაიას ადვოკატების დაუსწრებლად არ შეიძლებოდა. მოსამართლეს არ გაუპროტესტებია სასამართლოს სხდომაზე ლუქმოხსნილი კომპიუტერის შემოტანა, არ უკითხავს, ვინ და რა მიზნით გახსნა კომპიუტერი.

მეხუთე: ბრალდების მხარემ სასამართლომდე არ მიიტანა მაისაიას წინააღმდეგ ერთ-ერთი ბრალდება: ძიება ყველა მეთოდით ცდილობდა, ვახტანგ მაისაიასგან მიეღო აღიარება, რომ მასთან ერთად ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა ცნობილი სახელმწიფო მოხელეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული ჯგუფი. ეს სია, რომელიც გამომძიებლებმა გადასცეს მაისაიას, ამ უკანასკნელმა მაშინდელი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის საშუალებით მოგვაწოდა. ვახტანგ მაისაიამ ისიც შეგვატყობინა, რომ მისგან ითხოვდნენ ამ ჯგუფის მხილებას ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედ რადიკალ ისლამისტთა ჯგუფთან კავშირში. გამოდის, რომ ძიება მაისაიას აიძულებდა, რუსეთთან დაპირისპირებული რადიკალური ჯგუფის თანამზრახველების დასახელებას, ეს მცდელობა კი ან რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა, ან იმ ძალებისას, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობდნენ. ამ ინფორმაციას თუ დავუმატებთ მაისაიას მიერ ჩვენთვის მოწოდებულ კიდევ ერთ უცნაურ გარემოებას, რომ მასთან არაოფიციალურ დაკითხვებზე რუსულენოვანი გენერალი შეიყვანეს, ძალზე სკანდალური დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ: სააკაშვილის ხელისუფლებაში მეტად დიდი გავლენა ჰქონიათ კავკასიაში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მომხრეებს.

ლია ტოკლიკიშვილი

მაია გოგოლაძე