პანკისური აგვისტოს ხუთი დღე - კვირის პალიტრა

პანკისური აგვისტოს ხუთი დღე

"ჩვენ მხარს ვუჭერთ აღმსარებლობის თავისუფლებას, მაგრამ ვაჰაბიზმი რელიგია არ არის, ეს ძალადობის პროპაგანდაა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არის მიმართული".

მიხეილ სააკაშვილი,

2004 წლის 18 თებერვალი, მოსკოვი

"სააკაშვილის ხელისუფლება თავისი რეჟისორული ხედვებითა და ინოვაციებით დაემსგავსა რომის იმპერიის თეატრს, სადაც ტრაგედიის აუცილებელ ატრიბუტად დაღვრილი სისხლი ითვლება და თანაც პირდაპირი მნიშვნელობით. იმ დადგმებში, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი სულ უფრო თავდავიწყებით დგამს, მონაწილე პირები მსახიობები კი არ არიან, არამედ რეალურ ცხოვრებაში არსებული რეალური ადამიანები, რომელთაც, ნერონის ნება-სურვილით, შეიძლება პარტერთან გასუსული საზოგადოების წინაშე პირდაპირ სცენაზე დაასრულონ სიცოცხლე. თუ სცენარში წერია, რომ გმირს თავს ჰკვეთენ, მას მართლა ჰკვეთენ თავს. შეიძლება გასისხლიანებული თავი მაყურებელმაც მოისროლოს იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს მართლა მსახიობის თავია და არა ბუტაფორია".”

ზაზა შათირიშვილი

"მე არ ვარ ბოროტი, შურს ვიძიებ და დავივიწყებ, მაგრამ როცა დავივიწყებ, შურს ვიძიებ".

ვაჰაბიტ მეომართა კოდექსიდან

2012 წლის აგვისტოში ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია რამდენიმე დღის წინ კვლავ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საზოგადოების ინტერესი ამ ფაქტისადმი ერთიორად გაიზარდა, რადგან ფიქრობს, რომ ლაფანყურის საიდუმლოს ფარდა საბოლოოდ აეხდება, თუმცა, ჯერჯერობით, გარკვეული კვლავ ბევრი არაფერია, ხელთ გვაქვს მხოლოდ ვერსია, რომელიც ალბათ თავდაყირა დააყენებს როგორც ოფიციალურ, ისე არაოფიციალურ მოსაზრებებს.

2012 წლის 27 აგვისტოს კახეთში, სოფელ ლაფანყურის ტყეში რამდენიმე ადგილობრივი ახალგაზრდა გაუჩინარდა. სოფელმა მათი ძებნა დაიწყო. ბიჭების კვალს მოგვიანებით გადააწყდნენ. რადგან ისინი შეიარაღებულ პირებთან ერთად ნახეს თანასოფლელებმა, ეს ამბავი მესაზღვრეებს აცნობეს.

28 აგვისტოს, შუადღისას, ახალგაზრდები გაათავისუფლეს. იმავე დღეს გავრცელდა ცნობა, რომ ლაფანყურელი ბიჭები დაღესტნიდან გადმოსულ შეიარაღებულ "ბოევიკთა" ჯგუფს ჰყოლია მძევლად აყვანილი. 28 აგვისტოს, ღამით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლოპოტის ხეობაში მოულოდნელად დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომელშიც პოლიციის ძალების გარდა, თაAვდაცვის სამინისტროს ნაწილები (მეოთხე ქვეითი ბრიგადა) და უპილოტო თვითმფრინავებიც იყვნენ ჩართული. ვინაიდან შეიარაღებული ჯგუფი საქართველო-დაღესტნის საზღვრისკენ მიიწევდა, სამხედრო ნაწილებმა ხეობის გაცხრილვა სწორედ საზღვრიდან დაიწყეს. 29 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ორმხრივი შეტაკების დროს დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი (წიკლაური და ჩოხელი) და თავდაცვის სამინისტროს ერთი თანამშრომელი (სამხედრო ექიმი ხვედელიძე), მსხვერპლი იყო "ბოევიკთა" შორისაც (დაიღუპა 11 მეომარი).

30 აგვისტოს ლაფანყურელი მძევლები პოლიციამ ორდღიანი დაკითხვის შემდეგ შინ დააბრუნა.

მძევლები პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ისინი მართლაც ჰყავდა დატყვევებული 17-მდე შეიარაღებულ პირს, თუმცა კარგად ექცეოდნენ და წამოსვლის წინ ფულიც მისცეს - "200 დოლარი გვაჩუქეს, ჩვენს სახელზე კარგად იქეიფეთო". იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება სპეცოპერაციის ძირითადი ნაწილის დამთავრების შესახებ (რომელსაც ლაფანყურელები "კუდიანებზე ნადირობას" ადარებდნენ) და დაღუპულ "ბოევიკთა" კადრებიც აჩვენა.

30 აგვისტოს პანკისიდან მედიამ მოულოდნელად გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციისას დახოცილები დაღესტნელი "ბოევიკები" კი არა, დუისელი ქისტი ახალგაზრდები იყვნენ (ასლან მარგოშვილი, ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი და ბაჰაუდინ ალდამოვი).

იმავე ღამეს დუისის სასაფლაოზე 7 სამარე გაითხარა...

სამი დღის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯიუტად უარყოფდა დახოცილებში საქართველოს მოქალაქეების არსებობას და ჭირისუფლებს, დაპირების მიუხედავად, ცხედრების გადაცემაზე უარს ეუბნებოდა;

მეტიც - ადგილობრივი უშიშროების სამსახური გარდაცვლილთა ოჯახებს აიძულებდა, სამძიმარზე უარი ეთქვათ და საკუთარი მიცვალებულები ხმამაღლა არ დაეტირებინათ.

3 სექტემბერს, გამთენიისას, დუისის სასაფლაოზე ასლან მარგოშვილის და ბაჰაუდინ ალდამოვის ცხედრები მალულად დაკრძალეს, ჭირისუფლებს მათთან გამომშვიდობების და რელიგიური რიტუალის ჩატარების საშუალება არ მისცეს. იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა სპეცოპერაციის დროს დახოცილთა შორის  საქართველოს მოქალაქეების ყოფნა და დაასახელა სხვა გარდაცვლილთა ვინაობაც: დუკვაჰა დოშუევი (აჰმედ ზაკაევის ყოფილი დაცვის წევრი), ჯაბრაელ ხაშუევი და სალამ ზაურბეკოვი. მიუხედავად იმისა, რომ პანკისელები მათ დასაფლავებასაც დუისის სასაფლაოზე აპირებდნენ, ხელისუფლებამ ცხედრები არ გადასცა. ავსტრიიდან ჩამოსულ სალამ ზაურბეკოვის მშობლებს კი უთხრა,  - არჩევნების შემდეგ მობრძანდითო(?!).

რა მოხდა ლოპოტის ხეობაში ან როგორ მოხვდნენ აწ დაღუპული ქისტები იქ, ეს კითხვა მუდმივად ტრიალებს საზოგადოებაში და უამრავი ვერსიაც წარმოშვა (იხ. "კვირის პალიტრა" #37, "ლაფანყურული საგა").

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პანკისის ხეობაში ლაფანყურის ტრაგედიის თაობაზე უკვე ხმამაღლა ალაპარაკდნენ.

"25 ან 26 აგვისტო იქნებოდა. ღამით ჩვენს სახლთან მანქანა გაჩერდა. ბაჰაუდინს დაუძახეს. რამდენიმე წუთში მანქანა დაიძრა. ვიფიქრე, ჩემი შვილი შინ შემობრუნდება-მეთქი. რომ დაიგვიანა, ეზოში გავედი და გავძახე. ხმა არ გამცა. გარეთ, გზაზე გავედი. იქაც არავინ იყო. გავიფიქრე, ალბათ მანქანას გაჰყვა-მეთქი. სამეზობლოში ავსტრიიდან ბიჭი იყო ჩამოსული (ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი. - ავტ.). იმ ღამეს სტამბოლში მიფრინავდა, იქიდან - ავსტრიაში. ალბათ ბიჭები მას აცილებენ და მერე მოვა-მეთქი... მას შემდეგ არ მინახავს. როდესაც ტელევიზორში კადრები ვნახე, ჩემი შვილი განიერი ბეჭებით ვიცანი. არაფერი ვიცი, არასოდეს Uუთქვამს, თუ სადმე წასვლას აპირებდა, მერე კი ისეთი ამბავი დატრიალდა, სამძიმარზე გაღებული ჭიშკარიც კი დაგვაკეტინეს. ცხედარს არ მოგცემთო... ღვიძლი შვილის გლოვისაც კი მეშინოდა"...

ასმათ ქავთარაშვილი,

ბაჰაუდინ ალდამოვის დედა

მომხდარის შესახებ არაფერი იცოდნენ ასლან მარგოშვილის ოჯახის წევრებმაც.

"ჩემი ძმისწული "გეპეიში" სწავლობდა, არქიტექტურის ფაკულტეტზე. არ ვიცი, ვაჰაბიტებთან როგორ მოხვდა. შარშან აკადემიური აიღო. საზღვარგარეთ მივდივარ, ფინეთშიო, - გვითხრა. ახლა გავიგეთ, რომ იქიდან ეგვიპტეში წასულა არაბულის შესასწავლად (სპეციალური სკოლებია, სადაც ყურანის კითხვას ასწავლიან. ასეთ სკოლებში მეომრებსაც ამზადებენ. - ავტ.), იქ ჩვენს მეზობელს შეხვედრია. ასლანს უთქვამს, - ჩემებმა არ იციან, აქ რომ ვარ, ევროპული ნომერი მაქვს და იმით ვრეკავ, რომ არაფერი იეჭვონო. ეგვიპტეში რუსლან გელაევის ბიჭიც გაუცნია - რუსტამი (რუსტამ გელაევი სირიაში  დაიღუპა, დუისში ჩამოასვენეს 24 აგვისტოს. - ავტ.). მგონი, დამეგობრდნენ კიდეც. საქართველოში ასლანი 13 მარტს ჩამოსულა. დუბაის რეისითო, - ასე გვითხრეს, მაგრამ სასაზღვრო ჟურნალში ის ჩანაწერი გამქრალია. ახლა აღარსად ფიქსირდება მისი შემოსვლა. მარტის შემდეგ სად იყო, რას აკეთებდა - არ ვიცით. როდესაც "გეპეიდან" ცნობა მოვითხოვეთ, უარი გვითხრეს - აქ არ სწავლობდაო. მხოლოდ ახლახან მოგვცეს... ისიც გავიგეთ, რომ მის სახელზე ძვირად ღIირებული იარაღი ყოფილა გაფორმებული. პოლიციის გარეშე ვინ გაუფორმებდა, ან საიდან უნდა ჰქონოდა ასეთი იარაღი? გGვინდოდა, რამე გაგვეგო... ლაფანყურში იყვნენ ჩვენები. ის ბიჭები ისევ ჩუმად არიან, ხმას არ იღებენ. ეტყობა, დააშინეს. ისღა თქვეს, - ამ ბიჭებმა გზა კარგად იცოდნენ, ჩვენი დახმარება არც სჭირდებოდათ, მაგრამ რატომ არ მიდიოდნენ, გვიკვირდაო. ერთხელ უკითხავთ კიდეც, - რატომ არ მიდიხართ, მესაზღვრეები თავსაც არ ყოფენ გარეთო და უპასუხიათ, - რაღაცას ველოდებითო. ნეტავ, რას ელოდებოდნენ?"

თამარ მარგოშვილი,

ასლან მარგოშვილის მამიდა

ახალი ვერსიის თანახმად (პანკისელები ფიქრობენ, რომ ეს ვერსია კი არა, სრული სიმართლეა), ნახსენები ჯგუფი არა საქართველოში, არამედ ავსტრიაში მომზადდა (სალამ ზაურბეკოვი ავსტრიაში ცნობილი მოჭიდავე იყო). მათთან იყო დაკავშირებული ავსტრიაში მცხოვრები აჰმად ჩატაევიც ("ცალხელა" - დოკუ უმაროვის პირადი წარმომადგენელი ევროპაში). ამ ჯგუფთან ურთიერთობა ადრეც ჰქონდათ ქართულ სპეცსამსახურებს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლის, სანდრო ამირიძისა და დუისის მეჩეთის იმამის ხანგოშვილის მეშვეობით.

ავსტრიიდან ჯგუფის წევრები კონკრეტული დავალების შესასრულებლად ჩამოიყვანეს და მათ კარგა დიდი ჰონორარი - დაახლოებით 100 ათასი დოლარი შესთავაზეს.

მარშრუტი და ჯგუფის უსაფრთხო გადაყვანა ტრადიციულად ქართულმა სპეცსამსახურებმა აიღეს თავზე. როდესაც შეიარაღებული ჯგუფი ლაფანყურის ტყიდან საზღვრისკენ დაიძრა, სოფელ დუისიდან რუსულ მხარეს მავანმა აცნობა, - დაღესტნის საზღვრისკენ შეიარაღებული ჯგუფი მოდისო. ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, ჯგუფი ნებისმიერი ხერხით შეეჩერებინა. მათ თბილისში მყოფი (?!) აჰმად ჩატაევი ჯგუფთან მოსალაპარაკებლად ლოპოტის ხეობაში წაიყვანეს, თუმცა უშედეგოდ. ვაჰაბიტმა მეომრებმა განაცხადეს, - ჩვენთვის სულერთია, ქრისტიანებს რუსეთში შევებრძოლებით, თუ აქო, რაც ნიშნავდა, რომ ისინი დანებებას არ აპირებდნენ.

მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ ჩატაევი ("ცალხელა") ჯგუფთან დარჩა.

29 აგვისტოს, ღამით, შეიარაღებული ჯგუფის მძინარე წევრები დახოცეს, გადარჩენილებს კი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, კვალში მისდევდა.

]30 აგვისტოს, ღამით, გადარჩენილებმა (სავარაუდოდ 6-7 კაცი) ტყიდან გამოსვლა და შემდგომ პანკისის ხეობაში ასვლაც შეძლო. იქ რამდენიმე დღე დაყო. შემდგომ სიტუაციის გამწვავების თავიდან ასარიდებლად ისინი ხელისუფლებამ თურქეთში გადაიყვანა.

"გავიგეთ, გადარჩნენო და იმედი მოგვეცა - სიმართლის დადგენა აღარ გაგვიჭირდებაო, მაგრამ შემდეგ გვითხრეს, პანკისში იყვნენო და დავეჭვდით - სპეცრაზმები უკან მოსდევდნენ და როგორ ამოვიდოდნენ უშიშროების დაუხმარებლად ან თურქეთში ხელისუფლების ხელშეწყობის გარეშე როგორ გადავიდოდნენ? ამის შემდეგ ისინი სიმართლეს იტყვიან?

სანამ გადარჩენილები აქ იყვნენ, სანდრო ამირიძეც გამოჩნდა. ურცხვად დადიოდა გზაზე. მერე დაიკარგა, ეტყობა, ისიც თურქეთშია.

მოდიან ვაჰაბიტები და მეუბნებიან, - შენმა ძმისწულმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია, ვაჟკაცურად მოკვდაო. მე რაში მაინტერესებს ეგ. კაცის მოკვლა ვაჟკაცურ საქმედ არ მიმაჩნია. მე იმ დაღუპული სპეცრაზმელების სიკვდილიც მტანჯავს, ჩემს ძმისწულს კაცი რატომ უნდა მოეკლა, თუ მართლა ასე იყო, ანდა თუ ასლანი და მისი მეგობრები ჯიჰადისთვის დაიხოცნენ, გადარჩენილებისთვის ჯიჰადი არ არსებობდა, მეგობრები თვალწინ რომ დაუხოცეს?"”

თამარ მარგოშვილი

Bბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ნათესავებს  აქვთ ინფორმაცია, რომ ბიჭებს არავინ მოუკლავთ, ვერც მოასწრებდნენ, რადგან ისინი მძინარენი დახოცეს(!). არსებობს ეჭვი, რომ ქართველი სამხედროები სროლისას თავისიანებმა მოკლეს.

"მიჭირს თქმა, მაგრამ, ჩემი ვარაუდით, ეს სამი კაცი”დივერსანტთა”ჯგუფს თან ახლდა. Aარ არის გამორიცხული, რომ საზღვრისკენ მიმავალ ჯგუფს ექიმიც დასჭირვებოდა, ჩოხელის მსგავსი ინსტრუქტორი კი მათ მომზადებაში იყო ჩართული. არ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს პირები სწორედ ქართველმა სპეცრაზმელებმა დახოცეს იმ ეჭვის გასაფანტავად, რომ თუ მკვდრები მარტო "დივერსანტები"”იქნებოდნენ,  მაშინ არავინ დაიჯერებდა, რომ“"ბრძოლა" შედგა, ან იმიტომ, რომ ეს ხალხი ასეთი საიდუმლო ოპერაციის დეტალების შესანახავად არასაიმედოდ მიიჩნიეს. ისიც შესაძლებელია, რომ იმ პირებმა ვერ მოასწრეს დივერსანტების ჯგუფის დატოვება და ღAამით ატეხილი სროლის დროს შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლნი გახდნენ. როდესაც 1000-მდე კაცი ისვრის, ყველაფერი შეიძლება მოხდეს".”

სოლომონ თერნელი (ბლოგერი)

ახალი ვერსიის თანახმად, აჰმად ჩატაევი გადარჩენილებთან ერთად მიდიოდა ტყეში, როდესაც ვიღაცამ ჩეჩნური ინტონაციით დაუძახა, - "აჰმად, აჰმად!". ჩატაევმა იფიქრა, რომელიმე ჩვენი დაჭრილი მებრძოლიაო და უკან მიბრუნდა. სწორედ ამ დროს ესროლეს და დაჭრეს.

ჩატაევი დაკავებულია და ამჟამად ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება - მას ტერფი მოჰკვეთეს.

ვრცელდებოდა ვერსია, რომ ჩატაევი ქართულმა მხარემ რუსეთს გადასცა, რომელიც მის ექსტრადიციას უკვე რამდენიმე წელია სთხოვს ევროპას. სანამ ლოპოტის საიდუმლოს საბოლოოდ ფარდა აეხდება, პანკისის ხეობას ახალი სადარდელი გაუჩნდა - ქისტი ახალგაზრდა ვაჰაბიტები სირიაში საბრძოლველად მიდიან...

თბილისი-პანკისი