"შავი 26" - თვითმხილველის ნაამბობი - კვირის პალიტრა

"შავი 26" - თვითმხილველის ნაამბობი

არ ვიცი, საიდან ან როგორ დავიწყო. როცა ამ ჩანაწერის გაკეთება დავიწყე, იმ ავბედითი დღიდან - საქართველოს ისტორიის იმ სამარცხვინო თარიღიდან, წელიწადი იყო გასული. სწორედ ეს დრო დამჭირდა, რომ მეპოვა ძალა, კალამი ამეღო და გადმომეცა ის კოშმარი, რაც საკუთარი თვალით ვიხილე. მოვა დრო და ისტორია აუცილებლად ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. მიმძიმს გადმოვცე ის, რაც საკუთარი თვალით ვნახე, ვინაიდან მომავალი თაობებისთვის ძალიან მძიმედ წასაკითხი იქნება. ჩვენი შთამომავლებისთვის წარმოუდგენელი იქნება ის სიძულვილი, რომელიც ქართველს შეიძლება ქართველის მიმართ ჰქონდეს.

2011 წლის 26 მაისის დილა იყო უდიდესი ტრაგედია საქართველოს ისტორიაში, ასევე უდიდესი გარდატეხა მიძინებული ქართული ქვეცნობიერების გაღვიძების საქმეში.

სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ აქ მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მზად ვარ, მათ დასადასტურებლად 10 მოწმე მაინც დავასახელო.

შავი 26 მაისი! ღამის 12 საათი!

26 მაისის დადგომამდე დაახლოებით 10-15 წუთით ადრე, სცენაზე, სადაც "სახალხო კრების" ლიდერები და კრების მხარდამჭერი პოლიტიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელები იყვნენ შეკრებილი, ათეულობით ჟურნალისტის, ოპერატორისა და ფოტორეპორტიორის თანხლებით თბილისის მერიის წარმომადგენელი და საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გოგონა ავიდა. ისინი "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს ესაუბრებიან, თუმცა მოვლენების ეპიცენტრთან ახლოს ყოფნის მიუხედავად, მათი საუბრის დეტალები არ მესმის, რადგან რუსთაველის პროსპექტზე, თავსხმა წვიმაში მდგარი ხალხის სკანდირება - "არ დავიშლებით" - ხმას ახშობს. ვცდილობ, საუბრის დეტალები მოვისმინო, მაგრამ ამაოდ. ერთადერთი, რასაც აღვიქვამ, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ლამაზი გოგონას კმაყოფილი სახეა. ისეთი რაკურსით დგას, რომ კამერების ობიექტივში მოხვედრა გარანტირებული აქვს.

ფორმალობის შემდეგ მერიისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სცენა დატოვეს. ტრიბუნიდან ნინო ბურჯანაძის მოწოდება გაისმა, - ის აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა, მერიისა და პოლიციის თანამშრომლებს ტერიტორიის დატოვების დროს პრობლემა არ შეჰქმნოდათ. მართლაც, მათ აქციის ტერიტორია პარლამენტისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმართულებით უპრობლემოდ, პროტესტანტთა კორდონის მეშვეობით დატოვეს.

ტრიბუნიდან აქციის მონაწილეებს თავისუფლების დღის - 26 მაისის დადგომა უკვე მიულოცეს, რასაც საყოველთაო აღტაცება მოჰყვა. ამ დროს პირველ საშუალო სკოლასთან ხმაური ატყდა, რომელიც თანდათან მატულობდა. ვიცოდით, რომ დაახლოებით 11:30 წუთზე სპეცდანიშნულების რაზმები და ზონდერბრიგადები ალყაში მოგვაქცევდნენ. მერიისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების წასვლიდან 5-7 წუთში აქციის მონაწილეებზე შეტევა 6 მხრიდან დაიწყო. სურვილის შემთხვევაშიც კი აქციის მშვიდობიანად დატოვების შანსი აღარ იყო. სპეცოპერაციის (და არა აქციის დარბევის) დაწყებამდე ზუსტად წუთით ადრე ერთ საინფორმაციო სააგენტოზე დაიდო ინფორმაცია ალყის შესახებ. ჟურნალისტი რედაქციიდან მირეკავს და ინფორმაციის დადასტურებას მთხოვს, პასუხის გაცემას ვერ ვასწრებ, სცენაზე წყლის პირველი ჭავლი მხვდება. მიკროფონთან თემურ შაშიაშვილი დგას და ხალხს მიმართავს, რომ ასეთი მეთოდებით ულოცავს ხელისუფლება საკუთარ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.

სცენიდან ჩასვლას ვცდილობ, სახეზე პერანგს ვიფარებ, რომ რეზინის ტყვიებმა არ დამასახიჩროს ან თვალი არ ამომთხაროს.

რუსთაველის პროსპექტზე სუნთქვა უკვე შეუძლებელი იყო. ცრემლსადენი გაზი (და, ალბათ, არა მარტო ცრემლსადენი) თვალების წვასთან ერთად, სუნთქვასაც გვიძნელებდა. ყოველი ჩასუნთქვისას ძლიერდებოდა გულისრევის შეგრძნება, ამას თან ერთვოდა პანიკაში ჩავარდნილი ქალების კივილი, კაცების გინება, პოლიციის სირენების წივილის, ზონდერების ფარებზე დარტყმული ხელკეტების ხმა და თავსხმა წვიმა, რომელსაც პოლიციის წყლის ჭავლსატყორცნი აძლიერებდა.

სპეცოპერაციის დაწყებიდან დაახლოებით 2 წუთში რუსთაველის პროსპექტზე აღმოვჩნდი, სადაც ქაშვეთისა და პირველი სკოლის მხრიდან წამოსული, ზონდერებს გამოქცეული ხალხი გამორბოდა. ხალხის ნაკადს მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნის" ტერიტორიაზე კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი ზონდერჯგუფები დახვდნენ და სცენის მანქანასა და რუსთაველის სახელობის კინოთეატრის გვერდით მიმდინარე მშენებლობის დამცავ კედელს შორის ჭყლეტა დაიწყო. დაახლოებით 1000 კაცი ჭყლეტაში მოყვა, 50 კვმ ფართობზე სუნთქვა სასწაულებრივ შევძელი, მით უმეტეს, რომ შორიახლო საოცარი სიხშირით სკდებოდა მომწამლავი ბალონები. როგორც ჩანს, ზონდერები“ტყვია-წამლის ნაკლებობას არ უჩიოდნენ.

დაახლოებით 1 წუთში (რომელიც ჩემთვისაც და იქ მყოფი ადამიანებისთვისაც საუკუნესავით გაგრძელდა), მოულოდნელად ზურგის მხრიდან (თავისუფლების მოედნის მიმართულებით) გზა გაიხსნა. ვიფიქრე, სპეცრაზმმა გასაქცევი გზა მოგვცა-მეთქი, თუმცა ეს "თავისუფლება" სულ რაღაც 40-ოდე მეტრზე, ისიც ზონდერთა კორდონში, ხელკეტების ტრიალით გაგრძელდა. ამ ვიწრო კორდონში სასოწარკვეთილი ხალხი ერთმანეთს აწყდებოდა, წაქცეულ მომიტინგეებს (მათ შორის - ქალებს) თელავდა და სპეცრაზმის ხელკეტების, საშინელი გნიასისა და ზონდერთა უშვერი გინების თანხლებით გაჭირვებით გარბოდა. ხალხის მასამ კინოთეატრ "რუსთაველის" ფოიეში შემიტანა. წამის მეათედში თვალში მომხვდა კინოთეატრის შესასვლელის დამსხვრეული შუშის კარი, შენობაში შესვლისას კი უმალ დაინახავდით კინოთეატრის ფოიეს წითელ იატაკს, - ყოველი კვადრატული მეტრი იატაკისა სისხლით იყო მოსვრილი.

ზონდერები შენობაში აღარ შემოგვყვნენ და ხალხი ოდნავ დაწყნარდა. ყველა ფიქრობდა, რომ აქციის დაშლის შემდეგ შენობაში გამომწყვდეულ ხალხთან ანგარიშსწორებას ხელისუფლება აღარ იკადრებდა.

მესამე სართულზე ავედი. ხალხი მთელ შენობაშია მოდებული. დასახიჩრებული სახეები, სისხლიანი თავები, კიბეზე უღონოდ მისვენებული ხალხის კვნესა და ქალების მოთქმა ერთმანეთში ირეოდა.

ფანჯრიდან გადავიხედე და დავინახე, რომ შენობის ირგვლივ ზონდერები და სპეცრაზმელები იყრიდნენ თავს. "აქაც შემოვლენ", - ჩავილაპარაკე.

- აქ რაღა უნდათ, მიტინგი ხომ დაარბიეს, - იმედიანი ხმით თქვა ვიღაც თავდასისხლიანებულმა შუახნის მამაკაცმა.

მეორე სართულზე ჩამოვედი, სადაც "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრი თემურ შაშიაშვილი შემხვდა. ადამიანის ფერი არ ადევს, გაოგნებულია.

- ეს რა ხდება, ეს რა ქნეს, - წამდაუწუმ იმეორებდა.  გარშემო დასისხლიანებული ხალხია, მათ შორის - ქალებიც. ზოგიერთს თავი აქვს გადახსნილი და ღია ჭრილობა მოუჩანს.

- ეს უნდა გადავიღოთ, - მეუბნება შაშიაშვილი და თავის ტელეფონს მაწვდის, მაგრამ სწორედ ამ დროს სპეცრაზმმა შენობაში მხუთავი გაზის ბალონები შემოყარა. ისევ პანიკა. ხალხი აქეთ-იქით მიაწყდა. ხანში შესულები პირდაპირ ფოიეში, გონდაკარგული ეცემოდნენ. ზოგი ცდილობდა, ოთახებში დამალულიყო, ზოგიერთი კი სხვენში ასასვლელს დაეძებდა. მეორე სართულზე გაზისგან თვალებჩასისხლიანებული რამდენიმე ახალგაზრდა გაზიანი სასმელების გასაყიდ ავტომატს ეცა, სასმელებს მუშტის დარტყმით აყრევინებდა და ხალხს მოსასულიერებლად ურიგებდა.

ფანჯარასთან მივედი და დავინახე, რომ შენობის შესასვლელთან სპეცრაზმისა და ზონდერების კოლონები რამდენიმე რიგად იდგნენ. ეჭვი არ იყო, წუთი-წუთზე შტურმი დაიწყებოდა.

უკან გამოვბრუნდი და ზედ ჩემ წინ შუახნის ქალი კიბის საფეხურებზე ჩაიკეცა. ვიღაც ბიჭს "პეპსი-კოლას" ბოთლი გამოვართვი და ქალს სახეზე შევასხი მოსასულიერებლად. თვალები გაახილა და სწორედ ამ დროს შენობაში სპეცრაზმი შემოიჭრა.

მცირე დარბაზში სრულ სიბნელეში რამდენიმე ათეული ადამიანი ვიყავით. ზოგიერთი სკამების ქვეშ დამალვას ცდილობდა. უცებ კარი საშინელი ხმაურითა და შეძახილებით გაიღო, - "გამოდით, თქვენი დედა".

ხალხი აქეთ-იქით მიაწყდა, არაფერს აზრი არ ჰქონდა და პირველი გავედი.

ხელკეტი პირდაპირ თავში მომხვდა. ხელები ავიფარე, თან, როგორც ჩანს, ისე მაგრად, რომ სამმა სპეცრაზმელმა ვერ გამიხსნა. "ხელებს თუ გაშლი, თავში აღარ დაგარტყამთ", - დამპირდა” ერთ-ერთი და რადგან წინააღმდეგობის ძალა აღარ მქონდა, ხელები გავხსენი. პირქვე დამაგდეს, ხელები ამომიტრიალეს და პლასტმასის ბორკილი დამადეს, რის შემდეგაც მართალია, თავში აღარ, მაგრამ ზურგსა და ბარძაყებზე ხელკეტები განახლებული ძალით დამიშინეს სიტყვებით, "მიტინგზე რას მოეთრეოდი, შენი".

მას შემდეგ, რაც ცემით გული იჯერეს, ახლა სხვებს მიუტრიალდნენ.

მიმოვიხედე, თუმცა იმის აღწერა, რაც მაშინ ჩემ თვალწინ ხდებოდა, თითქმის შეუძლებელია. ნაცემი, დასისხლიანებული ხალხი პირქვე ეყარა, გარშემო კვნესა, კივილი, გინება, სპეცრაზმელთა ფეხების ბრაგაბრუგი ისმოდა. შორიახლო სამოციოდე წლის კაცი სისხლში ცურავდა და განწირული ყვიროდა, დიაბეტიკი ვარ, წამალი გულის ჯიბეში მიდევსო. პირქვედამხობილს დაახლოებით 5-6 სპეცრაზმელი მისცვივდა და თავში ხელკეტები დაუშინა,“თან აგინებდნენ, "მოკვდი, თუ კვდები, შენი დედა". ამასობაში მეორე მხარეს კიდევ ერთმა განწირულმა ყვირილმა მიმახედა. ოციოდე წლის ბიჭს პირიდან ქაფი გადმოსდიოდა. ორმა სპეცრაზმელმა გაათრია და წყალი დაასხა, თან ლოყებზე ხელს ურტყამდნენ. ბიჭი მოსულიერდა. ეს სპეცრაზმელების თუ ზონდერების საოცარი ჰუმანურობა იყო. არ მინდა გამომრჩეს მათი კიდევ ერთი დამუშავებული კითხვა - "სადაური ხარ?" ვინც იტყოდა, რაიონიდან ვარო, პასუხი იყო, "მერე აქ რას მოეთრეოდი, შენი დედა!"; ხოლო, ვინც იტყოდა, თბილისელი ვარო, პასუხი იყო, "მერე სახლი არა გაქვს, მე შენი დედა?" ორივე შემთხვევაში კითხვა ადრესატის ცემით სრულდებოდა.

მე ისევ კიბის თავთან ვეგდე და მესამე სართულზე ამომსვლელი ზონდერები და სპეცრაზმელები პირველად მე მხედავდნენ. ყველა თავს ვალდებულად თვლიდა, ზურგზე ერთხელ მაინც დაებიჯებინა, ზოგიერთი სპეცრაზმელი თუ ზონდერი კი ჩექმიან ფეხს სახეზე ან კისერზე გვაბიჯებდა და გზას ისე განაგრძობდა.

ზურგზე შეკრული პლასტმასის ბორკილი თანდათან აუტანელი გახდა, ხორცში ჩაჯდა. მაჯები საშინლად გვტკიოდა. ერთმა ნიღბოსანმა არ დაიზარა, ჩამოგვიარა და ხელბორკილები კიდევ უფრო მჭიდროდ გადაგვიჭირა.

ეს უბედურება დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა, შემდეგ კი თანდათან მინელდა. აშკარად დაღლილი ნიღბოსნები გამძღარი სვავებივით ზანტად დააბიჯებდნენ და ცემით დიდად თავს აღარ იწუხებდნენ, ხანდახან მოვალეობის მოხდის მიზნით თუ გადმოგვიჭერდნენ ხელკეტს.

დაახლოებით საათ-ნახევრის შემდეგ დაბლა სართულიდან დაიძახეს, გაგვყავსო და სპეცრაზმელებმა ნელ-ნელა, ისევ ცემითა და გინებით “პატიმრების” დაბლა ჩაყვანა დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ კიბის თავშივე ვიწექი, სართული ერთ-ერთმა ბოლომ დავტოვე. ადგომაში სპეცრაზმელი დამეხმარა, თუმცა ტრადიციული კითხვა არ დავიწყებია და სადაურობა მკითხა. პPასუხი გავეცი, ამჯერად აღარ ვუცემივარ, ხელი მომკიდა და კიბეზე ჩამიყვანა. სხვათა შორის, რამდენიმე სპეცრაზმელს, ზოგს ხმის ინტონაციაში და ზოგს ქცევაში შევნიშნე, რომ ისინიც კი შეძრული იყვნენ იმ სისასტიკით, სისხლით და სანახაობით, რაც მოიმოქმედეს.

არ მინდა, გამომრჩეს, - სანამ "ტყვეების" გაყვანის ბრძანება გაიცემოდა, ერთმა ნიღბოსანმა გზიდან გადმოუხვია, სახეზე ფეხი დამაბიჯა და გზა განაგრძო, შემდეგ უეცრად შემობრუნდა და გაჩხრეკა დამიწყო. ტელეფონის დამტენზე მკითხა, რა არისო. პასუხის მიღების შემდეგ დამტენი შორს მოისროლა და გაჩხრეკა განაგრძო. ერთ-ერთ ჯიბეში მინიატიურული ჯიბის ფარანი მიპოვა, რომელსაც ჩაბნელებული სადარბაზოს გასანათებლად ვიყენებდი და მუდამ თან ვატარებდი. აჰა, მომზადებული მოხვედი, მე შენიო,”მითხრა, რაც კიდევ ერთი ცემის გადატანად დამიჯდა.

კინოთეატრიდან გამოსვლისას, არ ვაჭარბებ, პირდაპირ სისხლზე დავდიოდი. ძალიანაც რომ მოგენდომებინა, სისხლს ფეხს ვერ აუქცევდი. საშინელ წვიმასა და ნიაღვარში ისევ პირქვე დაგვყარეს და ნელ-ნელა წინასწარმომზადებულ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადაგვანაწილეს. Mმე მიკროავტობუსში რომ მოვხვდი, გამიმართლა, რადგან დასაჯდომი ადგილი მერგო.

ვინც ვერ დაჯდა, პირდაპირ სამარშრუტო ტაქსის ვიწრო გასასვლელში, სავარძლებს შორის პირქვე, ერთმანეთზე დაყარეს. მიკროავტობუსში საშინელი გმინვა ისმოდა, ხელბორკილებიც უფრო და უფრო მეტად გვიჭერდა. სპეცრაზმელებმა საპატრულო პოლიციის ორ თანამშრომელს ჩვენი თავი თვლით ჩააბარეს. ამ უკანასკნელებს შსს თბილისის მთავარ სამმართველომდე უნდა მივეცილებინეთ. სხვათა შორის, საპატრულოს თანამშრომლებს აშკარად ვებრალებოდით. იმ მიკროავტობუსს, სადაც ვიჯექი, ორი პატრული აცილებდა. ერთმა ვეღარ გაუძლო ხალხის ტანჯვას და ჩაილაპარაკა, ჩვეულებრივი ხელბორკილები მაინც გეკეთოთ, გასაღებით გაგიხსნიდითო. Mმეორემ კი მანქანა გააჩერა, ჩავიდა, საიდანღაც ჟანგიანი რკინის მავთული ამოიტანა და“პლასტმასის ბორკილები ოდნავ მოგვიშვა.

გვერდით მჯდომმა 18-19 წლის ბიჭმა იკითხა, სად მიგყავართო. გვითხრეს, რომ დიღომში, სამმართველოში მივდიოდით, რის შემდეგაც ბიჭმა ჩურჩულით მკითხა, იქაც ხომ არ გვცემენო.

რუსთაველის პროსპექტის ავლისას სასტუმრო "თბილისი-მერიოტის" წინ რამდენიმე უცხოელი იდგა და ცნობისმოყვარეობით იყურებოდნენ პარლამენტის შენობისკენ, სადაც სულ რაღაც საათ-ნახევრის წინ მართლაც ცოდვის კალო ტრიალებდა. როგორც ჩანს, ყვირილმა უცხოელებს ძილი დაუფრთხო და ახლა დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ კბილებამდე შეიარაღებულ პოლიციელებსაც და პატიმრებით გატენილ ავტობუსებს.

ქალაქის სამმართველოსთან დიღმის ტრასიდან ჩავუხვიეთ. გზაზე ყვითელი ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების ტევა აღარ იყო. ყველა ნაცემი მომიტინგეებით იყო გაჭედილი. ჩვენი მიკროავტობუსიც ამ გრძელი კოლონის რიგში ჩააყენეს.

ერთ ყვითელ ავტობუსში ხელებშეკრული ლუკა კურტანიძე დავინახე. ტანსაცმელი მთლიანად შემოფლეთილი ჰქონდა და პერსონალურ მცველად პოლიციელი ჰყავდა მიჩენილი.

რამდენიმე წუთში ნიღბოსნებმა, რომლებიც პატიმრებით სავსე მანქანებს შორის დაძრწოდნენ, ავტობუსში ლუკა კურტანიძე შენიშნეს და მინებს ხელკეტები დაუშინეს. ალბათ, ეს კარგა ხანს გაგრძელდებოდა, რომ არა ლუკასთვის მიჩენილი პერსონალური მცველი-პოლიციელი, რომელმაც ნიღბოსნებს დაუყვირა, გეყოფათო. ამას ნიღბოსნების ახალი აგრესია მოჰყვა, თუმცა უკვე ლუკას მცველ პოლიციელზე,“შენ, ბიჭო, რამე ხომ არ გეშლება, ხომ არ გინდა ჩამოგიყვანოთ მაგ ავტობუსიდანო, დაუძახა ერთ-ერთმა ზონდერმა.

- მე არაფერი მითქვამს, მარტო ის ვთქვი, ეყოფა-მეთქი, - ძლივს ამოღერღა ნირწამხდარმა პოლიციელმა. Lლუკამ გარეთ მყოფ სპეცრაზმელებს ზურგი შეაქცია, მოგვიანებით კი “მცველმა პოლიციელმა ავტობუსის სიღრმეში გადაიყვანა. ნიღბოსნებისთვის მისი შემჩნევა ასე უფრო ძნელი იყო.

ამასობაში ნელ-ნელა ჩვენი მიკროავტობუსი ქალაქის სამმართველოს ჭიშკარს მიუახლოვდა. კიბესთან დაახლოებით 600-700 ხელებშეკრული კაცი დაგვხვდა. შენობის კართანაც გრძელი რიგი იდგა. თავსხმა წვიმა გრძელდებოდა, ამ დროს კი რამდენიმე ათეული ავტობუსი და მიკროავტობუსი კიდევ დასაცლელი იყო. ჩვენი მანქანის ჩამოცლის რიგმაც მოატანა. სამმართველოს ეზოში, გადაუღებელ წვიმაში, დაახლოებით ერთსაათიანი რიგში დგომის შემდეგ, როგორც იქნა, შესასვლელ კარს მივუახლოვდით. აქ ოც-ოც კაცად დაგვყვეს და რიგში დაგვაყენეს. გვერდით გავიხედე და სახტად დავრჩი, სოსო ჯაჭვლიანი, დიმა ჯაიანი და გოგი ქავთარაძე დავინახე. ისინი ოდნავ მოშორებით, განცალკევებით ჰყავდათ დაყენებული. ერთადერთი შეღავათი ის იყო, რომ გოგი ქავთარაძეს ხელბორკილი არ ედო, როგორც ჩანს, ვიღაც სინდისმა მაინც შეაწუხა.

(გაგრძელება )

ალეკო ჩუბინიძე