"შავი 26" - კვირის პალიტრა

"შავი 26"

თვითმხილველის მონათხრობი

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #43)

როცა ამ ჩანაწერის გაკეთება დავიწყე, იმ ავბედითი დღიდან - საქართველოს ისტორიის იმ სამარცხვინო თარიღიდან, წელიწადი იყო გასული. სწორედ ეს დრო დამჭირდა, რომ მეპოვა ძალა, კალამი ამეღო და გადმომეცა ის კოშმარი, რაც საკუთარი თვალით ვიხილე. მოვა დრო და ისტორია აუცილებლად ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. მიმძიმს გადმოვცე ის, რაც საკუთარი თვალით ვნახე, ვინაიდან მომავალი თაობებისთვის ძალიან მძიმედ წასაკითხი იქნება.

2011 წლის 26 მაისის დილა იყო უდიდესი ტრაგედია საქართველოს ისტორიაში, ასევე უდიდესი გარდატეხა მიძინებული ქართული ქვეცნობიერების გაღვიძების საქმეში.

სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ აქ მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მზად ვარ, მათ დასადასტურებლად 10 მოწმე მაინც დავასახელო.

მიწაზე დაყრილ რამდენიმე მომაკვდავ ადამიანს ექიმები დასტრიალებდნენ. ერთ-ერთის საავადმყოფოში გადაყვანას ექიმი დაჟინებით მოითხოვდა, თუმცა პოლიციელები არ თანხმდებოდნენ. რომელმა მხარემ გაიტანა თავისი, არ ვიცი, რადგან ამასობაში შენობაში შეგვრეკეს. თუ გარეთ კოკისპირული წვიმის წყალობით ასფალტზე სისხლის კვალი თითქმის არ ჩანდა, სამმართველოს ფოიეს იატაკი მთლიანად სისხლით იყო დაფარული. აქ ვნახე ხალხი, რომლებსაც სახე აღარ ეტყობოდათ. ვნახე მამაკაცი, რომელსაც თვალი  გარეთ ჰქონდა გადმოკიდებული, ფოსოდან კი სისხლი მოსდიოდა.

ვიღაცამ თქვა, ხელბორკილებს ხსნიანო, მართალია, არ გვჯეროდა, მაგრამ მაინც იქით მივაშურეთ, საითაც სხვა დაკავებულები დაიძრნენ. კუთხესთან ერთმა პოლიციელმა პლასტმასის ხელბორკილები რამდენიმე დაკავებულს ბრტყელტუჩათი  შეაჭრა, თუმცა დაახლოებით ორ წუთში გამოაცხადა, დავიღალეო(!?) და სხვებს ხელები აღარ გაუთავისუფლა.

სამმართველოს ფოიეშივე დაიწყო ჩვენი აღრიცხვა.

ცოტა ხანში შენობაში მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) შემოიყვანეს. ორმა პოლიციელმა ლიფტისკენ ხელით უბიძგა. მოგვიანებით ვნახე ვიდეოკადრები, თუ რა სასტიკად ნაცემი მიიყვანეს ის ქალაქის სამმართველოდან საავადმყოფოში. არადა, სამმართველოში მოყვანისას ცემის კვალი არც ეტყობოდა, მხოლოდ ტანსაცმელი ჰქონდა  სველი.

ერთ-ერთმა პოლიციელმა დაკავებულებში ნაცნობი აღმოაჩინა. "შენც აქა ხარ, ხო შე ნაბოზარო, მე შენი დედა..... ორი გოგო გყავს ხო? ორივე ამ ბიჭებს უნდა ვახმარინო ამაღამვე", - უთხრა და ხელი პოლიციელებისკენ გაიშვირა, თან მისი ცემა განაგრძო.

ერთმა პოლიციელმა ჯერ შეგვაგინა და შემდეგ დასძინა, კიდევ კარგი, წვიმს, თორემ რუსთაველიდან ამათ სისხლს რა გადარეცხავდაო.

სამმართველოს ფოიეშივე, ჯერ კიდევ ხელებშეკრულები, კედლისკენ შეგვაბრუნეს. ერთმა პოლიციელმა ხელბორკილი გამიხსნა და ხელები წინა მხრიდან, შედარებით ხალვათად შემიკრა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ბევრის მსგავსად ხელები მეც დასივებულ-დალურჯებული მქონდა და მაჯებიდან სისხლი მდიოდა, ეს მაინც შვება იყო.

რამდენიმე ათეული ადამიანი გადაგვარჩიეს და კიბით მეშვიდე სართულზე აგვიყვანეს. კიბეზე შემხვედრი თანამშრომლები სიტყვიერ და ზოგჯერ ფიზიკურ შეურაცხყოფასაც არ გვაკლებდნენ. ისეთი თვალებით  გვიყურებდნენ, როგორი თვალებიც ექნებოდათ იმავე კიბეზე უხსენებლები რომ ენახათ. კიბეზე ასვლისას პოლიციელების "საყვარელი გასართობი" ცემასა და ლანძღვა-გინებასთან ერთად ხელებშეკრული ხალხისთვის ფეხის დადება იყო, ხოლო თუ პატიმარი წაიბორძიკებდა, კისერში წათაქებაც გამოწერილი ჰქონდა, თან ეუბნებოდნენ, ნორმალურად სიარული არ შეგიძლიაო?

ნიღბოსნების ნაკლებობა არც სამმართველოს შენობაში შეიმჩნეოდა, ისინი ჩვენს ცემას აგრძელებდნენ და თან გაიძახოდნენ, ბადრი ბიწაძის მანქანამ ხუთი პოლიციელი მოგვიკლა და იმათ სისხლს არ შეგარჩენთო.

მეშვიდე სართულის ფოიეში დაახლოებით 200-მდე დაკავებული პროტესტანტი დაგვხვდა. აქაც უამრავი შეურაცხყოფის გადატანა მოგვიხდა. ცოტა ხანში ლიფტიდან სასტიკად ნაცემი ბადრი ბიწაძის მძღოლი შაქრია ზურაშვილი გამოიყვანეს და რომელიღაც ოთახში შეაგდეს (ეს ის შაქრია ზურაშვილია, რომელსაც მოგვიანებით გამოძიება სთხოვდა, დაეწერა აღიარებითი ჩვენება, თითქოს მან ესკორტის მანქანითა და ნინო ბურჯანაძის უშუალო ბრძანებით პოლიციელი გაიტანა.

ამის სანაცვლოდ მას საპროცესო გარიგებას სთავაზობდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ შაქრია ზურაშვილმა ამ “აღიარებით ჩვენებას ხელი არ მოაწერა, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს).

მეშვიდე სართულის ფოიეშიც კედელთან ჩაგვამწკრივეს, თუმცა ზურგით შებრუნება აღარ უბრძანებიათ. ერთ-ერთი ოთახიდან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ორი თანამშრომელი გამოვიდა და ამდენ ხალხში რატომღაც მე ამომარჩია, ხოლო თუ რატომ შემარჩიეს მაინცდამაინც მე, მოგვიანებით თავად გამომძიებელმა გამიმხილა. ამის მიზეზი თურმე ის ყოფილა, რომ სახე სისხლიანი არ მქონდა, აღარ შემიძლია ამდენი სისხლის ყურებაო, გულწრფელად მითხრა. მართლა უცნაურია, მაგრამ რუსთაველის პროსპექტზე ტყვიების წვიმაში ერთიც არ მომხვედრია. თუმცა გამომძიებელმა ოქმზე ხელის მოწერის დროს ჩემს ხელებს რომ შეხედა, უმისამართოდ შეიგინა და თვალი ამარიდა (მოგვიანებით დათვალიერების ოქმში ჩაიწერა, რომ მაჯაზე მხოლოდ ხელბორკილის“კვალი(?) აღმენიშნებოდა).

- პირდაპირ გეუბნები, საქმისთვის და შენთვისაც სჯობია, წინააღმდეგობის გარეშე ხელი მოაწერო, რომ რუსთაველზე იდექი და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდი, კონკრეტულად კი უმისამართოდ იგინებოდი. საქმეს ნუ გაირთულებ, - ამ სიტყვებით გამომძიებელმა მაგიდიდან რაღაც პაკეტი აიღო და ხელში შეათამაშა, თან გამომცდელად მიყურებდა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ამ პაკეტში, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჩემი ჯიბიდან "ამოეღოთ", კულინარიაში გამოსაყენებელი ფხვნილი არ აღმოჩნდებოდა.

- რამდენი ხალხი დაუჭერიათ. აბა, 30 კაცს დავიჭერთო? ამდენ ოქმს რა დაწერს, - წუხდა ჩემი გამომძიებელი. გარეთ ორი ათასზე მეტი კაცია კიდევ დაკავებული-მეთქი, ვუთხარი მე. სახე ლიმონნაჭამივით დაეჭყანა. სხვათა შორის, გამომძიებლებს ოქმის შედგენაზე დიდი შრომა”არ ეხარჯებოდათ, რადგან არსებობდა ბოროტი ხულიგნობის”სტანდარტული ოქმი, სადაც მხოლოდ სახელებსა და გვარებს ცვლიდნენ.

ამასობაში დაკითხვის ოთახში ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა შემოვიდა. როგორც გაირკვა, ეს იყო“ჩემი დამკავებელი, გლდანი-ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთი უბნის ინსპექტორი, რომელმაც თურმე ღამის 12:40 წუთზე, რუსთაველის პროსპექტზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების(!?) დროს ხულიგნობის ფაქტზე დამაკავა.

ოფიციალური ბრალდებით მე ამ დროს ვიმყოფებოდი რუსთაველის პროსპექტზე და უმისამართოდ ვიგინებოდი. გლდანი-ნაძალადევის ინსპექტორმა, რომელიც კიდევ ვიმეორებ, ამ დროს რუსთაველის პროსპექტზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, სიმშვიდისკენ მომიწოდა. მე კი ხულიგნობა განვაგრძე და ბილწსიტყვაობის ადრესატი უკვე უბნის ინსპექტორიც გავხადე, რის შემდეგაც იძულებული გახდა, დავეკავებინე; ანუ ოფიციალურად, რუსთაველის პროსპექტზე დამაკავა პირმა, რომელიც პირველად ქალაქის სამმართველოში ვნახე.

ასე რომ, ჩემი ქმედება”ბოროტ ხულიგნობად დაკვალიფიცირდა და შესაბამისი ოქმიც შედგა, რის შემდეგაც ჩემს "დამკავებელს" სასამართლოში გადასაყვანად გადამაბარეს.

ფოიეში ჩემი "დამკავებელი", რომლის (სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვასახელებ) თვითონ გამომეცნაურა. თურმე ერთხანს სტაჟიორი ყოფილა იმ ორგანიზაციაში, სადაც ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია მეკავა.

ამასობაში ფოიეში“"ბოროტი ხულიგნების"”რიცხვი გაიზარდა. ყველა მათგანს თავისი "დამკავებელი"”უბნის ინსპექტორი ახლდა.

დაახლოებით 30-მდე "ხულიგანი” რომ შევგროვდით, სასამართლოში გადაყვანის სამზადისი დაიწყეს, თუმცა ვერ გადაწყვიტეს, დაბლა კიბით ჩავეყვანეთ თუ ლიფტით. ამაზე სჯა-ბაასმა დაახლოებით ნახევარი საათი გასტანა. სხვათა შორის, აშკარად თვალში საცემი იყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სისტემა და სტრუქტურა მხოლოდ ფორმალობაა ან საერთოდ არ არსებობს. აქ შეგეძლოთ გენახათ ლეიტენანტი, რომელიც მაიორს უყვიროდა, მაიორი კი ლეიტენანტის ყვირილით გაცემულ ბრძანებას მორჩილად ასრულებდა. ჩანდა, რომ სამინისტროში გადამწყვეტი მნიშვნელობა არა წოდებას და თანამდებობას, არამედ "ზურგს" ენიჭებოდა. ამასვე ადასტურებდა ლოდინით გულშეღონებული "დამკავებელი" უბნის ინსპექტორების ბუზღუნიც:

-“ეს იმის ბრალია, რომ ყველა უფროსია,–- ვეღარ მოითმინა ერთ-ერთმა უბნის ინსპექტორმა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ სათქმელი საკმაოზე ხმამაღლა თქვა და მყისიერად გაჩუმდა.

ამ დროის განმავლობაში, როგორც ჩანს, ვიღაცას აზრად მოუვიდა, რომ სასამართლოში ჩვენი ხელებშეკრული გაგზავნა არ ივარგებდა და ბრტყელტუჩათი აღჭურვილი პოლიციელი გამოგვიგზავნეს, რომელმაც ყველა "ოქმშედგენილ ხულიგანს" პლასტმასის ხელბორკილები შეგვაჭრა.

ამასობაში მოდავე მხარეებმა კონსენსუსს მიაღწიეს და ასე, კომპრომისის გზით (ზოგიერთის კიბით, ხოლო ზოგიერთის ლიფტით) ჩვენს სასამართლოში გადაყვანას საშველი დააყენეს.

სასამართლოში ისევ ყვითელი ავტობუსით გადაგვიყვანეს. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჩემს დანახვაზე ავტობუსში მჯდომი ერთ-ერთი უბნის ინსპექტორი ადგა და ადგილი დამითმო, თან მეგრულად რაღაც მითხრა.

- ახლა დავიწყე მეგრულის კურსებზე სიარული, მაგრამ არ დამაცალეთ, დამიჭირეთ, - ვუთხარი მე.

- ხოხ, მეგრული არ იცი? შენ მართლა დასაჭერი ყოფილხარ, - მიპასუხა.

(მინდა ვთქვა, რომ "დამკავებლებში" ნამდვილად გამიმართლა. საკუთარი თვალით ვნახე, როგორ სცემდნენ და აგინებდნენ სხვა "დამკავებელი" უბნის ინსპექტორები აქციის მონაწილეებს სასამართლოს შენობაში. ერთ-ერთი ასეთი "დამკავებელი" სასამართლოს კიბეზე დაკავებულ პროტესტანტს პანღურებს ურტყამდა და თან ეკითხებოდა,"შენ გინდოდა ხო, რო მე უსამსახუროდ დაგეტოვებინე, მე შენი დედა".

სასამართლოს შენობაში უკანა შესასვლელიდან შეგვიყვანეს და არცთუ სასიამოვნო რეპლიკების თანხლებით შენობის სარდაფში, საკნებში შეგვყარეს. საკანში დაახლოებით 20-მდე პატიმარი დაგვხვდა. სიის მიხედვით გვიძახებდნენ და სასამართლოზე გავყავდით. რიგმა მალე მომიწია. მოსამართლის მოსვლამდე მანდატურმა გამაფრთხილა, რომ მოსამართლისთვის კამათი არ დამეწყო, თორემ ისევ ჩემთვის იქნებოდა უარესი. სხვათა შორის, მანდატური არ ტყუოდა. როგორც მოგვიანებით იზოლატორში ერთმა პატიმარმა მითხრა, ის მოსამართლეს "პროცესზე" ორჯერ შეეკამათა და თითოეული შეკამათება სასჯელის ვადის გაზრდად დაუჯდა.

დაახლოებით 15-წუთიანი ლოდინის შემდეგ მოსამართლეც გამოჩნდა. ქალი იყო, გვარად შარაძე. მისი ბრძანება დაჯდომის შესახებ ვერ შევასრულე, რადგან მუხლების ოდნავი მოხრაც კი კუნთების აუტანელ ტკივილს იწვევდა. ვუთხარი, რომ ფეხები მტკიოდა და ვერ ვჯდებოდი. რა თქმა უნდა, ტკივილის მიზეზით არ დაინტერესებულა და დიდსულოვნად ფეხზე დგომის ნება დამრთო.

"სასამართლო პროცესი" დაიწყო. მოსამართლემ გამომიცხადა, რომ შემეძლო, ადვოკატი გამომეძახა,“მხოლოდ 15 წუთში აქ უნდა იყოს, მეტს ვერ დაველოდებითო. დილის 5 საათი იყო, რომელი ადვოკატი შეძლებდა 15 წუთში სასამართლოში გამოცხადებას. ამასთან, რაც ყველაზე საინტერესო და სასაცილოა, არ არსებობდა ტელეფონზე დარეკვის საშუალება, რომ დაკავებულს ადვოკატთან დაერეკა.

აზრი არა აქვს, 15 წუთში ადვოკატს მაინც ვერ მოვიყვან, პროცესი დაიწყეთ-მეთქი, ვუთხარი მოსამართლეს.

“პროცესის დაწყებისთანავე”ყველაზე დიდი ჯაფა ჩემს "დამკავებელს" დაადგა, რადგან მიუხედავად წინასწარ დასწავლილი ტექსტისა, ვერ მოახერხა და მოსამართლეს ვერ უთხრა, რომ მე ხულიგნობისთვის დამაკავა. ჩემი "დამკავებლის" ალაპარაკების რამდენიმეწუთიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ, ქალბატონმა შარაძემ პირდაპირ ჰკითხა, რუსთაველზე ბოროტად ხომ არ ხულიგნობდაო. თავჩაღუნულმა ჩემმა "დამკავებელმა" თავი ოდნავ დაუქნია.

- აჰა, ბოროტად გიხულიგნია, იძულებული ვარ, 30 დღით პატიმრობა შეგიფარდო, - მეუბნება მოსამართლე.

- სახლში დარეკვის უფლება ხომ მაქვს? - შევეკითხე.

- დაარეკვინე, - ერთი სიტყვა უთხრა მოსამართლემ ჩემს ”დამკავებელს" და პროცესი, რომელიც დაახლოებით 3-5 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა.

რაც შეეხება ტელეფონებს, ჯერ კიდევ ქალაქის სამმართველოში ჩამოგვართვეს, შემდეგ ისევ დაგვიბრუნეს. მერე ისევ ჩამორთმევა დაიწყეს, თუმცა სანამ ისევ ყველას ჩამოგვივლიდნენ, ნაწილი უკვე სასამართლოში წამოგვიყვანეს. ასე რომ, მე შესაძლებლობა მომეცა ოჯახის წევრთან  დამერეკა და მეთქვა, რომ ცოცხალი ვარ და ადმინისტრაციული პატიმრობა შემეფარდა. ეს შეიძლება დღეს ვინმეს ღიმილის მომგვრელად მოეჩვენოს, მაგრამ იმ ღამეს ათასობით ჭირისუფალმა არ იცოდა, თავისი ახლობელი ცოცხალი იყო თუ მკვდარი.

სასამართლოს შემდეგ ისევ სარდაფში ჩაგვიყვანეს.

- არ იცოდა, როგორი ხულიგანიც იყავი ხო, მაინცდამაინც მე უნდა მეთქვა? - მითხრა “ჩემმა””დამკავებელმა" საკანში შეშვების წინ.

“მისჯილების” საკანში ფორმალობების მოგვარებამდე დაგვტოვეს, შემდეგ კი ისევ ავტობუსებით ქალაქის სამმართველოსკენ წაგვიყვანეს. სასამართლოს შენობაში ჩემს ”დამკავებელს" ტუალეტში შესვლის ნებართვა ვთხოვე, ყოყმანის შემდეგ დამთანხმდა. ეს არც ისე უმნიშვნელო საკითხი იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ საკუთარი თვალით ვნახე ადამიანი, რომელსაც, როგორც ჩანს, საპირფარეშოში გასვლის უფლება არ მისცეს და შედეგიც მძიმე აღმოჩნდა, ვითომ თავისი გაჭირვება არ ეყოფოდა, უბნის ინსპექტორები კიდევ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

უკვე კარგად გათენებული იყო (დაახლოებით დილის 7 საათი) ქალაქის სამმართველოს ეზოში რომ შეგვიყვანეს. ეზოს ღობის მიღმა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოებრივი დამცველის" წარმომადგენლები რამდენიმე პირთან ერთად იდგნენ და გვამხნევებდნენ. სანამ შენობაში შეგვიყვანდნენ, ქალის კივილი გავიგონეთ, ცოცხალია თუ მკვდარი, ეს მაინც გამაგებინეთო.

იქვე ღობესთან ევაკუატორი იდგა, რომელზეც ბადრი ბიწაძის მანქანა იყო შეყენებული.

დაახლოებით 40-მდე პატიმარი წინასწარი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლებს გადაგვცეს. ჩხრეკის, ოქმის შედგენის, სამედიცინო დათვალიერებისა და ა.შ. პროცედურების მოლოდინში ისევ კედელთან ჩაგვამწკრივეს. ერთმა თანამშრომელმა, რომელსაც, როგორც ჩანს, შევეცოდეთ, გვითხრა, ჩაჯექით, ხელები უკან დაიწყვეთ და ზურგით კედელს მიეყრდენითო. მთელი ღამის ნატანჯებისთვის ეს ფუფუნება იყო, თუმცა ამან დიდხანს არ გასტანა. ათიოდე წუთში დერეფანში ვიღაც (როგორც ჩანს) მაღალჩინოსანმა გამოიარა.

- ვინ გითხრათ, დაჯექითო, მე თქვენი... - ისევ ფეხზე დაგვაყენა, ხელები კეფაზე დაგვაწყობინა და კედლიდან ნახევარი მეტრის დაშორებით ზურგით დაგვაყენა. ერთ-ერთ პატიმარს, რომელიც ძალიან ნაცემი იყო, ადგომა გაუჭირდა, რისთვისაც დამატებით ფეხის რამდენიმე დარტყმა ”დაიმსახურა".

მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, ძალიან გვეძინებოდა, ვცადეთ, შუბლით კედელს მივყრდნობოდით და ისე წაგვეთვლიმა, მაგრამ ეს კისერში კიდევ ერთ გვარიან წათაქებად დაგვიჯდა და, რა თქმა უნდა, გამეორება აღარც გვიცდია.

ჩხრეკის პროცედურის რიგმა ბოლოს მომიწია. არაფერს ვამბობ ამ დამამცირებელ პროცედურაზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ როდესაც ვიღაც ექიმმა გოგომ ჩემს ტანზე სისხლჩაქცევები და სილურჯეები ნახა, თქვა, მსგავსი კვალი ნებისმიერ ვითარებაში შეიძლება გამოიწვიოს მექანიკურმა დაზიანებებმაო (როგორც მოგვიანებით გავარკვიე, ასევე ჩაიწერა ჩემი დათვალიერების ოქმში). ჩამომართვეს  ყველა ნივთი, ქამარი, ფეხსაცმლის ზონრები და დეტალური ჩხრეკის შემდეგ ჩაცმის უფლება მომცეს, სხვადასხვა რაკურსით ფოტოები გადამიღეს და საკანში შემიყვანეს.

ყველაზე მთავარი, რითაც თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორი გამოირჩევა, არის საშინელი სიმყრალე, რასაც საკანშივე მდებარე ღია ტიპის საპირფარეშო განაპირობებს. საკნის მეორე დამახასიათებელი ნიშანია სიბნელე. თვალი რომ შევაჩვიე, ნარზე მწოლიარე 18-19 წლის ბიჭი დავინახე. თურმე აქციაზე ორსულ ცოლთან ერთად ყოფილა. სპეცრაზმელებმა თუ ზონდერებმა კი თურმე სწორედ ორსული ცოლის თვალწინ სცემეს და დააპატიმრეს. ცოლზე ნერვიულობდა და გულამომჯდარი ტიროდა. მისი დამშვიდება მართლაც შეუძლებელი იყო.

საკნის დათვალიერებისას”ღია საპირფარეშოსთან წყლით სავსე 2 ცალი ლიტრიანი ბოთლი დავინახე. ეს იყო ოთხკაციანი საკნის წყლის მთელი“მარაგი.”

თანდათან ჩვენი საკანიც შეივსო. თანასაკნელების გაცნობის შემდეგ ყველანი ნარებზე მივეყარეთ და მკვდრებივით ჩაგვეძინა. ხანდახან ერთმანეთის ძილში წამოყვირების ხმა გვაღვიძებდა. არ ვიცი, რამდენ ხანს გვეძინა, საკნის კარი ხმაურით გაიღო და ორი პატიმარი, მათ შორის, მეც, გამოგვიძახეს. რა ხდება-მეთქი, შევეკითხე იზოლატორის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელიც საბუთებში იქექებოდა.

- რუსეთთან ომში მიდიხართო, - მიპასუხა და თან იცინოდა.

22 კაცი გამოგვიყვანეს საკნებიდან. მათ შორის იყვნენ ბადრი ბიწაძის ძმა რემი ბიწაძე და მოძრაობა ”ემსახურე საქართველოს ”ლიდერი, ”სახალხო კრების" მხარდამჭერი მურმან დუმბაძე. ყველანი ისევ პირით კედლისკენ დაგვაყენეს და დაახლოებით ერთსაათიანი ფორმალური პროცედურების შემდეგ სამმართველოს ეზოში გაგვიყვანეს, სადაც ჩვენი თავი სასჯელაღსრულების სამინისტროს ბადრაგს გადაულოცეს.

ალეკო ჩუბინიძე