ბუნტი მატროსოვზე: 2007-2009 - კვირის პალიტრა

ბუნტი მატროსოვზე: 2007-2009

"ჩვენ მოვახერხეთ ქალთა კოლონიაში ბუნტის აღკვეთა ისე, რომ სპეცოპერაციის დროს არავინ დაზარალებულა, არც ერთი  პატიმარი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და სპეცრაზმელთა ტანსაცმელი ცეცხლში იყო გახვეული. ამისთვის კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ყველა სპეცრაზმელს".

დიმიტრი შაშკინის გამოსამშვიდობებელი წერილიდან, 2012 წლის 22 ოქტომბერი

"ქალბატონო ნანა, ქალთა ციხეში ბუნტია, 23 შეწყალებულის მაგივრად გავიდა 10 ქალი. დიდი უსამართლობაა. შეიწყალეს "უდოშნიკები". ყველაფერი დალეწილია. გვეშინია, სპეცრაზმი მოჰყავთ. სოზარს უთხარით და გაახმაურეთ".

მესიჯი ციხიდან ნანა კაკაბაძეს2009 წლის 18 აპრილი

პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საზოგადოება უკვე ხმამაღლა ითხოვს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების ობიექტურ გამოძიებას, მათ შორის 2009 წლის 18 აპრილს, ქალთა კოლონიაში პროვოცირებული მღელვარების საქმეზე, რომელიც "ქალთა ბუნტის" სახელით არის ცნობილი.

ჩვენი რესპონდენტები ე.წ. ქალთა ბუნტის თვითმხილველები არიან და "ამბოხის" უცნობ დეტალებზე მოგვითხრობენ.

"მატროსოვზე ( ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულება თბილისში, მატროსოვის ქუჩაზე. - ავტ.) 2005 წელს მოვხვდი. ციხის შესახებ ბევრი რამ მქონდა გაგონილი, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. ნარკოტიკების სტაჟიანი მომხმარებელი ვიყავი, თავიდან ძალიან ცუდად გავხდი ("ლომკა" მქონდა). ჩემი შესვლის დროს მოხდა დაუჯერებელი რამ - ქალთა ციხეში სამი თვის განმავლობაში საკნები სულ ღია იყო. ვის აღარ ნახავდით აქ - ჟუUრნალისტებს, მოსამართლეებს, საჯარო რეესტრის ყოფილ თანამშრომლებს და ნოტარიუსებს, მასწავლებლებსაც კი. ყველანი ვმეგობრობდით, ზოგადად ციხეში ურთიერთობა უფრო თბილი და კეთილია, თუმცა კოლონიებში ყველაფერი სხვაგვარად არის, ციხეში დამეგობრებული შეიძლება ზონაში მტრად გექცეს. სამი თვის შემდეგ სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯა და ზონაში გადამიყვანეს. იმ დროისთვის 17 წელი მხოლოდ ერთ პატიმარს ჰქონდა მისჯილი (შეკრებითობის წესი მაშინ არ იყო), რაც ყველას პროტესტს იწვევდა. ის ქალი მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, მას ყველა ერიდებოდა, თუმცა პატივს არ სცემდნენ. ზონაში ერთი წამლის ცნობილი "ბარიგა", მეტსახელად "სპანდერა" იჯდა.

ადმინისტრაციასთან კარგი ურთიერთობის გამო ქალთა ზონის მაყურებლად სწორედ მას თვლიდნენ. კაცების ზონებისგან განსხვავებით ჩვენთან უკეთესი პირობები იყო,  მობილური ტელეფონებიც გვქონდა, ადმინისტრაციის თანამშრომლები ვაგზალზე მეორად ტელეფონებს 30-40 ლარად ყიდულობდნენ და ჩვენ 300-400 ლარად გვაძლევდნენ, მეტიც: ორი კვირის შემდეგ ჩამოივლიდნენ, გაგვჩხრეკდნენ, ამოიღებდნენ ტელეფონებს და შემდეგ ისევ ჩვენ მოგვყიდდნენ. უნდა გითხრათ, რომ ყველაზე მდაბიო თანამშრომლები ქალთა კოლონიაში არიან - საოცრად უწიგნური, ყველაფერზე წამსვლელი გოგოები, სწორედ მათ ჩაჰყავდათ ხოლმე კარცერში ქალები, სადაც მათი ცემა-ტყეპა ახალი არ იყო. კარცერში მეც მოვხვდი. როცა ზონაში ახალი პატიმარი შედის, ხელმძღვანელობისთვის მომუშავე პატიმრები (ასეთი ჩვენთან რამდენიმე ათეული იყო) ცდილობენ მის გამოწვევას, პროვოცირებას, რათა შემდეგ ადმინისტრაციამ თანამშრომლობაზე იძულებით დაიყოლიოს. გამონაკლისი არც მე გახლდით.

ერთი პატიმარი შემომიჩნდა და ჩემს გასაგონად ათას სიბინძურეს ამბობდა ჩემზე. გაგულისებულმა გვარიანად ვცემე. ჩამიყვანეს კარცერში. მთხოვდნენ, ადმინისტრაციასთან მეთანამშრომლა. უარი ვუთხარი, ამიტომ 12 დღე კარცერში მაყურყუტეს. საჭმელიც არ მოჰქონდათ. კარცერიდან რომ ამოვედი, ნელ-ნელა ჩემი ნიშა დავიმკვიდრე, რამდენიმე ქალს დავუახლოვდი. ვცდილობდი, ადმინისტრაციას თვალში არ მოვხვედროდი.  ქალთა კოლონიაში პატიმართა უმრავლესობა ნარკოტიკების მომხმარებელი და  თაღლითია. იყო ერთი ქალბატონი, რომელსაც მეზობელ სახელმწიფოში მილიონ-ნახევარი დოლარი ჰქონდა მითვისებული, შემდეგ მოდიოდნენ მკვლელები (ძირითადად ქმრებს კლავდნენ, ზოგი ღალატისთვის, ზოგი, უბრალოდ, სიმთვრალეში) და წამლის ბარიგები. ასეთები ქისტი, ჩეჩენი და აზერბაიჯანელი ქალები იყვნენ. ისინი ყველაზე კარგად ცხოვრობდნენ, თავისიანები ხშირად აკითხავდნენ, ფულს  და ამანათებსაც უგზავნიდნენ. იყვნენ ქალები, რომლებზეც ოჯახებმა უარი თქვეს და ძალიან ცუდად გრძნობდნენ თავს, ზოგი ფსიქიკურ აშლილობამდეც მიდიოდა. კოლონიაში ყველაზე ნათელი წერტილი ბავშვები იყვნენ. ხუთი გვყავდა და მათ მთელი ზონა უვლიდა. ამ ბავშვებმა იცოდნენ ყველა ის ენა, რომელზეც პატიმრები საუბრობდნენ, მათ "იავნანას" ქურთულ ენაზეც უმღეროდნენ... სამწუხაროდ, 3 წლის რომ გახდებოდნენ, ჩვენგან მიჰყავდათ, რაც ძალიან მძიმედ გადაგვქონდა. რამდენიმე დღე ხმას არ ვიღებდით...

ჩვენთან იჯდა ქათმის ქურდი - ერთი წიწილის მოპარვისთვის სამი წელი ჰქონდა მისჯილი. მახსოვს, ზონაში მოიყვანეს 73 წლის ქალი, რომელმაც მეზობელს ჩხუბის დროს თავისი ეზოდან ქვა ესროლა. მასაც სამი წელი მისცეს. მაგრამ მალევე წაიყვანეს, ეტყობა, შერცხვათ და გაათავისუფლეს.

2006 წლის 27 მარტს, ღამით, კივილმა გამაღვიძა. პატიმარი ქალები აქეთ-იქით დარბოდნენ, ცდილობდნენ, ახლობლებს დაჰკავშირებოდნენ. თავიდან ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, მხოლოდ ტირილი, კივილი მესმოდა. ბოლოს, მითხრეს, "გუბერნსკში" (V საპყრობილე ორთაჭალაში. - ავტ.) ბუნტია და სპეცრაზმი პატიმრებს ხოცავსო. ის ღამე არ დამავიწყდება. ჩვენი ქალების უმრავლესობას იქ ვიღაც ჰყავდა - ზოგს ქმარი, შვილი, ძმა ან ოჯახის სხვა წევრი. არაფერი ვიცოდით მათ შესახებ. დადიოდნენ ეს ქალები შეშლილი თვალებით და ღმერთს ევედრებოდნენ, მისიანები გადაერჩინა... ის ღამე თეთრად გავათენეთ..

2007 წლის 14 აგვისტოს მატროსოვზე პატიმრების პირველი ამბოხი მოხდა.

იმ დღეს ჩვენთან შემოვიდა ჟურნალისტი ნინო სალუქვაძე, პატიმრებში გამოკითხვებს ატარებდა, აინტერესებდა ჩვენი პრობლემები, რამდენ ქალ პატიმარს ეკუთვნოდა ე.წ. უდო” (ვადაზე ადრე გათავისუფლება. - ავტ). და სხვა. იმავე საღამოს გადაცემაში სალუქვაძეს ჩვენი კოლონიის დირექტორი მედეა ალანია ჰყავდა სტუმრად. Yყველანი ტელევიზორებთან ვისხედით და სულგანაბული ვუსმენდით.  როდესაც მედეა ალანიას ჟურნალისტმა ჰკითხა, რამდენ ქალს ეკუთვნის უდოო,  კოლონიის დირექტორმა გაურკვეველი პასუხი გასცა, რაც ჩვენთან მღელვარების მიზეზად იქცა. გადაცემის დამთავრების შემდეგ ყველა პატიმარი სპონტანურად გარეთ ეზოში გამოვიდა და ბუნტიც დაიწყო. აღშფოთებული და გამწარებული ქალები წვავდნენ ლეიბებს, თეთრეულს, ატყდა გისოსებზე ჯამებისა და კოვზების ბრახუნი, ირგვლივ ილეწებოდა ყველაფერი... დაბნეული ადმინისტრაციის თანამშრომლები გვეხვეწებოდნენ, - დაწყნარდით, ყველაფერი მოგვარდებაო, მაგრამ მათ არავინ უსმენდა. ამასობაში შენობაში ცეცხლის კერებიც გაჩნდა.

არ მახსოვს, რა დრო იყო გასული. მოულოდნელად ეზოში ბაჩო ახალაია შევნიშნეთ. მარტო იყო მოსული, დაცვის გარეშე. პირველად მაშინ ვნახე ახლოდან. "გუბერნსკში" დატრიალებული სასაკლაოს  შემდეგ მისი ძალიან გვეშინოდა. ყველა პატიმარს სასადილოში შესვლა გვთხოვა (დიდი დარბაზი იყო, სცენაც ჰქონდა). ისე იქცეოდა, თავი სიზმარში გვეგონა. იქ ყველას მოგვისმინა, ათას რამეს დაგვპირდა, გველაპარაკებოდა. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ანეკდოტებსაც გვიყვებოდა. ორი საათის შემდეგ მატროსოვზე პატიმრების ჩამიჩუმიც აღარ ისმოდა. ახალაიას წასვლის შემდეგ სპეცრაზმის გამოჩენას ველოდით, მაგრამ არავინ შემოსულა. დილა ისე გათენდა, თითქოს არაფერი მომხდარიყო...

ბუნტის შემდეგ ცხოვრება ისევ უღიმღამოდ გრძელდებოდა, არაფერი შეუზღუდავთ, ტრადიციულად, თუ ფულს გადაიხდიდი, ყველაფრის შემოტანა შეიძლებოდა. თუმცა შიგადაშიგ უკმაყოფილებას გამოვთქვამდით, ვშიმშილობდით, პლაკატებს ვაკრავდით, გვქონდა უამრავი რეალური თუ არარეალური მოთხოვნა. პროტესტს ქალების სიკვდილიანობა იწვევდა. პატიმარ ნანა მითაგვარიას არასწორი მკურნალობით და უყურადღებობით კუჭი გაუსკდა და დაიღუპა. ამის გამო კოლონიის მთავარი ექიმი მოხსნეს. ერთი გოგო გვყავდა გვარად ნატრიაშვილი, 19 წლის იყო, ჯერ კიდევ ბავშვი. კოლონიაში რამდენჯერმე სცადა თავის მოკვლა. ქალები ამბობდნენ, თურმე საკუთარი თვალით ნახა, როგორ ცდილობდა 60 წლის მამაკაცი მისი დის გაუპატიურებას. გამწარებულმა მოძალადე დაჭრაო. გოგონას 7 წელი მიუსაჯეს. გადატანილმა სტრესმა ფსიქიკა შეურყია. ბოლოს, ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ნატრიაშვილი ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაეგზავნა, სადაც მან მოგვიანებით თავი ჩამოიხრჩო.

ყველა ზონაში ჰყავს ადმინისტრაციას ადვილად სამართავი პატიმრები. ასეთებს 2009 წლის აპრილში გათავისუფლებას შეჰპირდნენ; თუმცა თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს აბსურდული იყო.

18 აპრილს აღდგომის დღესასწაულისთვის ვემზადებოდით. სწორედ იმ დღეს შემოიტანეს შეწყალებულთა სია. როცა დაიმედებულმა პატიმრებმა სიებში საკუთარი გვარები ვერ ამოიკითხეს, პროტესტი გამოხატეს და ეზოში გამოვიდნენ. ამ დროს ეზოში ვიყავი. 4-5 ქალი იქნებოდა, აგრესიულად იქცეოდნენ. ცოტა ხანში მათ სხვებიც შეუერთდნენ (იმ დღეს, თითქოს შეგნებულად, ზონაში ვიღაცამ დიდი რაოდენობით ბაკლოფენის აბები და სასმელი შემოიტანა).

რადგან "მეამბოხე" სულ რამდენიმე გაბრუებული პატიმარი იყო, ადმინისტრაციას თავისუფლად შეეძლო მათი დაშოშმინება, ან უკიდურეს შემთხვევაში, დაკავება. ამის ნაცვლად მათ დატოვეს კოლონია და 18 საათის განმავლობაში არავინ გამოჩენილა.

საინტერესოა, რომ წასვლისას მათ ე.წ. ვახტის კარი ღია დატოვეს, ალბათ უნდოდათ, მოგვიანებით პატიმრები გაქცევის მცდელობაში დაედანაშაულებინათ, თუმცა ქალები ამ პროვოკაციას არ აჰყვნენ და კარი მაგიდით ჩახერგეს.

ლეილა, ყოფილი პატიმარი

როდესაც ქალთა V დაწესებულებაში ბუნტის შესახებ ცნობილი გახდა, მატროსოვზე მივიდა სასჯელაღსრულების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, მისი მოადგილე ლევან ზარანდია და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი დავით ჭაკუა. შაშკინი ცდილობდა, გაგულისებული პატიმრები შენობაში შეეყვანა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოლაპარაკება მაშინ ჩაიშალა, როდესაც ერთმა პატიმარმა ზარანდიას ე.წ. შტირი მიადო. სასჯელაღსრულების მინისტრმა, თანმხლებებთან ერთად, კოლონიის ტერიტორია დატოვა. ამ დროს მატროსოვზე უკვე თავს იყრიდნენ პატიმრების ახლობლები, უფლებადამცველები და ოპოზიციის ლიდერები.

პარალელურად - სპეცდანიშნულების რაზმმა, მდინარე მტკვრის მხრიდან, კედლები გაანგრია და შტურმის ბრძანების მოლოდინში 6 საათი იქ გაატარა.

"ვისაც ტელეფონი ჰქონდა, ახლობლებს უკავშირდებოდა - ზონა მიტოვებულია, ეს კი კარგს არაფერს გვიქადის. მოდით, დაგვეხმარეთ, გაგვაგებინეთ - ჩვენს თავს რა ხდებაო. მოულოდნელად ეზოში სპეცრაზმი გამოჩნდა. მოდიოდნენ ერთმანეთზე მიწყობილები და ფარებზე "დუბინკებს" აბრახუნებდნენ. იმ წამსვე "გუბერნსკი" წარმოვიდგინე. ამ საშინელმა ხმამ ყველა ადგილზე გაგვაშეშა... როგორც კი გონს მოვედით,  გავიქეცით ბარაკებისკენ, თAავის შეფარებას ვცდილობდით. გვინდოდა, კარები ჩაგვეკეტა.

სპეცრაზმი ფეხდაფეხ მოგვდევდა... ახალგაზრდა პატიმრები გვერდში ამოვიყენეთ, რომ შიშით რაიმე სისულელე არ ჩაედინათ. მოგვიანებით გავიგეთ, რომ შეწინააღმდეგების შემთხვევაში სპეცრაზმი ჩაგვხოცავდა. ასეთი ბრძანება ჰქონიათ...

ბარაკებში სპეცრაზმს ადმინისტრაციის თანამშრომლები შემოჰყვნენ და სიმშვიდისკენ მოგვიწოდეს. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ რუსთავის "კრიტში" (მკაცრი რეჟიმის კოლონია. - ავტ.) გადაყვანას გვიპირებდნენ. დაგვაწყვეს ორ-ორად და ორასი მეტრი სადღაც გვატარეს. ზოგი პატიმარი ლოგინიდან ახალი ამდგარი იყო და ფეხშიშველი მოდიოდა.

ეს გზა რომ გავიარეთ, დავინახეთ სპეცდანიშნულების "მარშრუტკები"... 650 ქალი რუსთავის გზას გაგვიყენეს.

პარალელურად იცლებოდა რუსთავის კოლონია და იქაური მამაკაცი პატიმრები მეორე ზონაში გადაჰყავდათ.

მატროსოვიდან რუსთავში პატიმრების ეტაპირება დილის 8 საათამდე გრძელდებოდა.

ჩვენ რომ გადაგვიყვანეს, სპეცრაზმი კიდევ ერთხელ შევიდა კოლონიაში, იქაურობა დალეწა და დაამტვრია, რომ ეს ყველაფერი ჩვენ დაგვბრალებოდა.

რუსთავში ერთი კვირის განმავლობაში საკნები დაკეტილი იყო, გარეთ არ გვიშვებდნენ. საოცრად ცუდ პირობებში მოვხვდით. არც თეთრეული გვქონდა და არც საჭმელი. როდესაც საკნები გააღეს და ქალები ერთმანეთს შევხვდით, აღმოჩნდა, რომ 200-მდე პატიმარი ისევ მატროსოვზე იყო დარჩენილი (სწორედ ისინი, რომლებმაც უკვე ძიების დროს ბევრი უდანაშაულო პატიმრის წინააღმდეგ მისცეს ჩვენებები).

რამდენიმე დღის შემდეგ რუსთავში შემოვიდნენ პროკურატურის თანამშრომლები.

ადმინისტრაციას გაჰყავდა პატიმრები და წინასწარ აფრთხილებდა, თუ ვისთვის უნდა დაედოთ ხელი - სიები პროკურატურას უკვე მზად ჰქონდა.

ციალა, ყოფილი პატიმარი

როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, იმას, რაც 2009 წლის 18-19 აპრილს მატროსოვზე, ქალთა კოლონიაში მოხდა, საერთო არაფერი ჰქონდა ბუნტთან, მაგრამ 38 პატიმარს მაინც ბუნტის მოწყობის მცდელობაში დასდეს ბრალი და უსამართლოდ გაასამართლეს. როგორც მოგვიანებით კულუარებში ამბობდნენ, მატროსოვზე ე.წ. ბუნტის პროვოცირება მაღალჩინოსნებს 12 მილიონი ლარის მისათვისებლად სჭირდებოდათ, თითქოსდა კოლონიის დაზიანებული ნაგებობების შესაკეთებლად.