"ჯაშუშების საქმე" - კვირის პალიტრა

"ჯაშუშების საქმე"

"პირველ რიგში, მინდა მივმართო  თავდაცვის მინისტრს, რომ გამოვლინდეს სერგო თეთრაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები. მინდა ასევე დავაყენო ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას პასუხისმგებლობის საკითხი...

დღეს თავდაცვის სამინისტროს რეალურად ჯალათთა ჯგუფი ხელმძღვანელობს, რომელმაც სერგო თეთრაძე შეიწირეს შპიონომანიის ეგიდით.

ირაკლი ალასანია, 2011 წლის სექტემბერი

"პოლკოვნიკი თეთრაძე გლდანის ციხის დირექტორს - ალექსანდრე მუხაძეს შემოაკვდა. პირადად მან გააუპატიურა რეზინის ხელკეტით, ე. წ.”"დუბინკით". ამას მუხაძე ბაჩო ახალაიასთვის პირადად იღებდა ვიდეოკამერით. ჩანაწერი მე არ მაქვს, რადგან ის "მაღალი ხარისხის" ვიდეოა, რომელიც ახალაიასთვის საინტერესო იყო. მათ სერგო თეთრაძის სამშობლოს ღალატისთვის გასამართლება და სააკაშვილთან ქულების დაწერა უნდოდათ... დამერწმუნეთ, როგორც კი სააკაშვილის ხროვა ხელისუფლებიდან წავა, ბევრ გახმაურებულ საქმესთან ერთად, თეთრაძის საქმეც  გაიხსნება. დამკვეთები ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა არიან".

ვლადიმერ ბედუკაძე,2012 წლის სექტემბერი

"...ამის შემდეგ მპირდებოდნენ, რომ პოლიეთილენის პარკით მომახრჩობდნენ, ან  ბალახის საჭრელი  მაკრატლით თითებს დამაჭრიდნენ... ყაჭეიშვილი მემუქრებოდა, გაგაუპატიურებო. ვუთხარი, რომ ამას ვერ გააკეთებდნენ, რაზეც მშვიდად მიპასუხეს, - რატომაც ვერა, რამდენიც გინდა, იმდენი გაგვიუპატიურებიაო. ვუთხარი, რომ დავინახე, როგორ გამოასვენეს პატიმარი (თეთრაძე. - ავტ.) და ამ საქმეში მეორე გვამი არ გაწყობთ-მეთქი... უკან დახევას არ აპირებდნენ, რის შემდეგაც სათვალე ავიღე, გავტეხე და ყურთსაცვამი გულში გავიყარე. შეშინდნენ და თავი დამანებეს."

გიორგი გორელიშვილი,

ამონარიდი "გურია ნიუსიდან"

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში  რუსეთის ჯაშუშების გამოვლენა და დასჯა "ვარდების ხელისუფლებას" ერთგვარ მანიად ექცა. 2010 წლის გახმაურებული ოპერაციის, "ენვერის", შემდეგ ქართველი სპეცსამსახურებისთვის დღის წესრიგში კვლავ დადგა ჯაშუშების მორიგი ქსელის "გამოვლენა", ამჯერად ძალოვნების სამიზნე მფრინავების შემდეგ (ოპერაცია "ენვერი") პროფესიონალი სამხედროები უნდა გამხდარიყვნენ, მეტი დამაჯერებლობისთვის კი დამნაშავეთა ჯგუფში "რუსული კვალი" აუცილებლად უნდა ყოფილიყო (მაგალითად, რუსული განათლება, რუსულ ჯარში სამსახური...). ასეთი კი სერგო თეთრაძე აღმოჩნდა.

***

2011 წლის სექტემბერში ვიქტორ ტომაშუკმა, რომელსაც თბილისის საარტილერიო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული, ბელორუსიიდან თავის ძველ ნაცნობებს - ძველ კურსანტს, სერგეი ჩაპლიგინს (საარტილერიო სასწავლებლის ყოფილი მასწავლებელი, შემდგომში დონეცკში სამხედრო ნაწილის სამხატვრო ხელმძღვანელი, ბოლო დროს თბილისის ერთ-ერთი კოლეჯის მომმარაგებელი), ყოფილ თანაკურსელს, დავით ლონდარიძეს (შემდგომში თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის თანამშრომელი) და ასევე ნაცნობს, რადიომოყვარულ გიორგი  გორელიშვილს დაურეკა და უთხრა, რომ მეუღლესთან ერთად, საქართველოს სანახავად მოემგზავრებოდა...

17 სექტემბერს, გამთენიისას, ჯერ დავით ლონდარიძე დააკავეს, შემდეგ გიორგი გორელიშვილი, სერგეი ჩაპლიგინი და მოგვიანებით - ცოლ-ქმარი ტომაშუკები.

იმავე დღეს ძალოვნებმა დააკავეს ყოფილი მფრინავი, თადარიგის პოლკოვნიკი, აფხაზეთის ომის მონაწილე სერგო თეთრაძე, რომელიც ტომაშუკს, სავარაუდოდ, სამხედრო წრეებიდან იცნობდა...

ნახსენებ პირებს ბრალად ედებოდათ ჯაშუშობა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების გადაცემა.

ეს ოპერაციაც ალბათ, ძალოვნებისთვის "ტრადიციულად წარმატებული" პიარაქცია იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტი: დაკავებული სერგო თეთრაძე სამი დღის შემდეგ გლდანის საპყრობილეში მოულოდნელად "გულის შეტევით" გარდაიცვალა.

დანარჩენმა ორმა მონაწილემ თაAვის მოკვლა სცადა, ხოლო დავით ლონდარიძეს ნერვიულობით და წამებით ინსულტი დაემართა და  დღემდე მოძრაობა უჭირს.

პოლკოვნიკ თეთრაძის მოულოდნელ გარდაცვალებაში ეჭვი თავიდან ოჯახის წევრებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა შეიტანეს.

"თავისუფალი დემოკრატები" თითქმის ერთი წლის განმავლობაში ითხოვდნენ თეთრაძის საქმის ობიექტურ გამოძიებას, ვინაიდან ამ სისხლის სამართლის საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს, საქმის დეტალები დღემდე უცნობია საზოგადოებისთვის.

როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, ყველაფერი გაცილებით ადრე, გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელს, დავით ლონდარიძეს, რუსთავში კუთვნილი მიწის ნაკვეთის გაყიდვა შესთავაზეს...

"2011 წლის გაზაფხულზე მიწის ნაკვეთების მეპატრონეები რუსთავის მუნიციპალიტეტში დაგვიბარეს. წინასწარ გვაცნობეს, რომ მიწით უკრაინელი ინვესტორი იყო დაინტერესებული და ნაკვეთში  50.000 დოლარს იხდიდა. თუმცა მუნიციპალიტეტში მის მაგივრად ვინმე ელიზბარ რაქვიაშვილი დაგვხვდა. საუბარში გაირკვა, რომ მიწაში მხოლოდ 14.000 დოლარის გადახდას აპირებდნენ, რის გამოც რამდენიმე მეპატრონემ ნაკვეთების გაყიდვაზე უარი ვთქვით.

ჩვენი უბედურებაც აქედან დაიწყო. რაქვიაშვილი მიწის ყიდვით ძალიან იყო დაინტერესებული. როდესაც გაიგო, რომ დათო (დავით ლონდარიძე. - ავტ.) თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა, გავლენიანი ნაცნობები ჩართო. ჩემს მეუღლეს სამხედრო პოლიცია აიძულებდა, ნაკვეთი გაეყიდა, ერთხელაც დათო შინ სამსახურის მანქანით მოიყვანეს. მან ჩემს დედამთილს  უთხრა, - მივცეთ ეს ნაკვეთი, ხომ ხედავ, რა დღეში მაგდებენო. ჩემს დედამთილს ისე შეეშინდა, რომ იმ წუთშივე გამოიტანა საბუთები და შვილს Uუთხრა, - თუ გინდა, სულ აჩუქე, ოღონდ თავი დაგანებონო.

დათო საბუთებით ხელში ისევ სამსახურში წაიყვანეს და მეორე დღეს ანგარიშზე 14.000 დოლარიც დაგვირიცხეს (რუსთავის შესასვლელთან, ნახსენები მიწის ნაკვეთების ტერიტორიაზე, დიდი ავტობაზრობა გაიხსნა, რომელშიც რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო. - ავტ.)...

ჩვენი პრობლემები ამის შემდეგაც არ დამთავრებულა. დათოს სამხედრო პოლიცია თვალს არ აშორებდა და მისგან ვიცი, რომ ჩვენს ტელეფონებსაც უსმენდნენ."

ეკა ლილუაშვილი,

დავით ლონდარიძის მეუღლე

დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, 11 სექტემბერს, დათო ლონდარიძეს თანაკურსელმა, ვიქტორ ტომაშუკმა დაურეკა და უთხრა, რომ მეუღლესთან ერთად ბელორუსიდან საქართველოს დასათვალიერებლად ჩამოსვლას აპირებდა. ლონდარიძე 17 სექტემბერს გამთენიისას სამსახურში გამოიძახეს, ამის შემდეგ შინ აღარ დაბრუნებულა...

"ბაჩო ახალაია ბოროტ კაცს თამაშობდა, დათა - კეთილს. ბაჩო რომ მცემდა, დათა მეუბნებოდა, - ხომ იცი, რა არანორმალურია. რაზე აკვლევინებ თავს, უთხარი, რასაც გთხოვს და შეგეშვებაო. შემდეგ ბაჩო ახალაიამ თავისი პისტოლეტი "გლოკი" პირში ჩამიდო. ვინატრე, ნეტავ,  იარაღი დატენილი იყოს-მეთქი. ვეცი ხელში, სასხლეტისთვის თითის გამოკვრას ვცდილობდი,   რათა ჩემი ტანჯვა დამთავრებულიყო. ბაჩომ მითხრა, - საკუთაAრი ჯაშუშობის აღიარების გარდა, ხელი დამედო  სხვა ადამიანებისთვისაც. ქაღალდზე სამი გვარი ეწერა: სერგო თეთრაძე, გენერალი დავით ნაირაშვილი და მესამე გვარი, რომელიც, სამწუხაროდ, არ მახსოვს. თვალები დავხუჭე და თითი შემთხვევით ერთს დავადე. როგორც გაირკვა, თეთრაძეს (ასე გაჩნდა თეთრაძის გვარი "ჯაშუშების" საქმეში. სწორედ ლონდარიძის ჩვენების საფუძველზე დააკავეს სერგო თეთრაძე. - ავტ.).

სამხედრო პოლიციაში ვიქტორ ტომაშუკის ჩამოსვლის ამბავიც იცოდნენ.

გლდანის ციხის დირექტორმა მხარში რაღაც ნემსი გამიკეთა. ტკივილი სულ დამავიწყდა, ძალაც მომეცა, შემდეგ ჩამაცვეს, აპარატურა დამიმონტაჟეს და ტომაშუკთან რესტორანში შესახვედრადაც გამიშვეს..."

დავით ლონდარიძე,

ამონარიდი "გურია ნიუსიდან"

17 სექტემბერს, დილის 6,30 საათზე, სერგო თეთრაძის სახლში სამხედრო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. სახლის ჩხრეკისას ამოიღეს გეოგრაფიული რუკები და მეხსიერების ბარათი. თეთრაძე ამაოდ არწმუნებდა სამხედრო პოლიციელებს, რომ ბარათი მისი არ იყო. რა ინფორმაცია ინახებოდა ამ ბარათზე, დღემდე უცნობია...

პოლკოვნიკი თეთრაძე დააკავეს. მისი ადგილსამყოფელი კარგა ხანს არ იცოდნენ ოჯახის წევრებმა. მოგვიანებით მათ შეატყობინეს, რომ ალექსანდრე თეთრაძე გულის შეტევით გარდაიცვალა გლდანის საპყრობილეში.

თეთრაძე ცოცხალი ბოლოს ვლადიმერ ბედუკაძემ ნახა.

"იმ დღეს მორიგე ვიყავი. თეთრაძე რომ ვნახე, მოტეხილი ჩანდა. მითხრა, - მაიძულებენ, ხელი მოვაწერო იმაზე, რასაც სიკვდილი მირჩევნიაო... სამშობლოს ღალატში, ტერაქტის მოწყობასა და ჯაშუშობაში სდებდნენ ბრალს.

მომდევნო მორიგეობაზე ის არაადამიანური წამებით მოკლეს. ღრიალებდა, ყვიროდა, - რას მიშვრებით, თქვე არაადამიანებო, შემეშვითო...

ყვირილი მოულოდნელად შეწყდა. საკნიდან დაახლოებით 10 მეტრში ვიქნებოდი. ციხეში ექოსავით ისმის ხმა და მთელ კორპუსს ესმოდა მისი არაადამიანური ღრიალი. ვერ აღგიწერთ, რა საშინელებაა ეს. თანაც რომ ვერ შველი... პატიმრებმა დაინახეს, როგორ გამოასვენეს ის საკნიდან - თეთრაძე გარდაცვლილი იყო..."

ვლადიმერ ბედუკაძე

თეთრაძის ცხედარი დაინახა ჯაშუშობის საქმის კიდევ ერთმა მონაწილემ, რადიომოყვარულმა გიორგი გორელიშვილმა, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით მხოლოდ იმიტომ მოხვდა ციხეში, რომ ვიქტორ ტომაშუკმა საქართველოში ჩამოსვლის წინ მასაც დაურეკა...

"სერგო თეთრაძის გაყვანის შემდეგ ოთახში მე შემიყვანეს. მუხაძემ მითხრა, - ასე აღარ გვაწვალო, როგორც იმან (თეთრაძემ. - ავტ.), მეც ქრისტიანი ვარ და პირჯვარს ვიწერო.

ოთახში იყვნენ ვიქტორ ყაჭეიშვილი და მაღალი მელოტი კაცი, როგორც  მერე გავიგე, მეგის ქარდავა. თავიდან პლასტმასის ჯოხით მირტყეს, შემდეგ”ცემა დამიწყეს ბორჯღლიანი ჯოხით - რკინის კეტზე დამაგრებული იყო ხის ბურთი, რომელშიც რკინის ბორჯღლები იყო ჩასმული. დარტყმისას კანის ქსოვილს გლეჯს და კვალი მთელ სხეულზე რჩება.

აღიარებითი ჩვენების გარდა, მთხოვდნენ, ხელი დამედო უცხო ადამიანებისთვის, რაზეც ვერ დამითანხმეს."

გიორგი გორელიშვილი

"ჯაშუშობა აღიარებინეს ვიქტორ ტომაშუკის კიდევ ერთ ნაცნობს, სერგეი ჩაპლიგინს, რომელსაც ტომაშუკმა საქართველოში ჩამოსვლის წინ ასევე დაურეკა და უთხრა, რომ მისი მასპინძელი თბილისში დავით ლონდარიძე იქნებოდა. თუმცა, მეორე დღეს, 11 სექტემბერს, ტომაშუკმა ისევ დაურეკა ჩაპლიგინს და უთხრა,  რომ მასპინძელი მას არ დახვედრია. ამის გამო ბელორუს სტუმარს ჩაპლიგინმა უმასპინძლა.

17 სექტემბერს 60 წლის სერგეი ჩაპლიგინი სამხედრო პოლიციაში თვალახვეული მიიყვანეს. იქ რამდენიმე საათი დაბმული ჰყავდათ. გამომძიებლები ფიზიკური ზეწოლით აიძულებდნენ, ეღიარებინა, რომ დავით ლონდარიძე მას აწვდიდა ინფორმაციას ქართულ ჯარში დისციპლინის შესახებ, რომელსაც ის რუსეთის საელჩოსთან ერთ-ერთ ურნაში ტოვებდა.

მას სცემდნენ სპეციალური ხელთათმანით, რომ სახეზე ცემის კვალი არ დასტყობოდა, ურტყამდნენ თავში, აუკრძალეს გამომძიებლისთვის თვალებში შეხედვა.

ცოტა ხანში ჩაპლიგინმა გაიგონა ქალის და მამაკაცის განწირული ყვირილი. სავარაუდოდ, გვერდზე ოთახში ტომაშუკებს აწამებდნენ...

როგორც ჩაპლიგინი იხსენებს, ცოლ- ქმრის წამება კარგა ხანს გრძელდებოდა. განსაკუთრებით დაამახსოვრდა ქალის კივილი, რომელსაც ალბათ ქმრის თვალწინ აუპატიურებდნენ..."

ლაშა გოგიჩაიშვილი,

სერგეი ჩაპლიგინის ადვოკატი

"ჯაშუშთა საქმის" მონაწილეები გაასამართლეს, თუმცაღა, წაყენებულ მუხლებთან შედარებით მსუბუქი სასჯელები აკმარეს. ისინი დღემდე გლდანის მე-8 საპყრობილეში იმყოფებიან.

პოლკოვნიკ თეთრაძის წამებით მკვლელობას მთავარი პროკურატურა იძიებს. სავარაუდოდ, ეს საქმე ბაჩანა ახალაიას საქმეში მორიგ ეპიზოდად მოგვევლინება...