შედევრი კერძო კოლექციიდან
16-11-2009
ყოფილი გამომძიებელი მიხეილ ჩოგოვაძე კრიმინალურ ამბავს იხსენებს თავისი საგამომძიებლო პრაქტიკიდან:
- არქიტექტორი პავლე დონაძე (აქაც და შემდგომშიც გვარ-სახელები შეცვლილია) მეუღლემ იატაკზე დაგდებული, სულთმობრძავი იპოვა. თამარი ექიმი გახლდათ და დილით დაბრუნდა შინ ღამის მორიგეობის შემდეგ. მეუღლე ყოველთვის სამზარეულოში ხვდებოდა გამზადებული საუზმით. ცოლ-ქმარს ძალიან უყვარდა ერთმანეთი, მას შემდეგ კი, რაც ქალიშვილები გაათხოვეს და შინ მარტონი დარჩნენ, უერთმანეთოდ ვეღარ ძლებდნენ. პავლეს სულ გზისკენ ეჭირა თვალი, მოუთმენლად ელოდა მეუღლის დაბრუნებას, რადგან რამდენიმე თვის წინ
ინფარქტი გადაიტანა და ისე აიტანა სიკვდილის შიშმა, მარტო დარჩენას გაურბოდა.
რაკი პავლე სამზარეულოში არ დახვდა, პროდუქტით სავსე პარკები ნაჩქარევად მიყარა მაგიდაზე და ქმარს შეეხმიანა. მხოლოდ ძაღლი გამოეხმაურა, მაგრამ ხალისით კი არ გაეთამაშა, როგორც სხვა დროს, უცნაურად წაიწკმუტუნა. თამარმა ისიც შენიშNა, რომ დინგო ფეხს საცოდავად მიათრევდა,
აშკარად ნაცემი იყო...
პავლე საძინებელში იატაკზე ეგდო. ეტყობა, წამოდგომა სცადა საწოლიდან და მაშინ დაეცა, ისევ პიჟამა ეცვა. მავედრებელი თვალებით შეხედა ცოლს, პირს ნაპირზე ამოგდებული თევზივით აღებდა უჰაერობით გაწამებული...
დაზაფრულმა თამარმა ჩაიმუხლა. ქმარს თავი წამოაწევინა და თითებზე წებოვანი სისველე იგრძნო. შეშინებულმა დახედა ხელს და სისხლის დანახვაზე მიხვდა, რომ საქმე იმაზე ცუდად იყო, ვიდრე წარმოედგინა.
- შიო... შიო! - წამოიძახა კაცმა უფროსი ქალიშვილის ქმრის სახელი და უღონოდ გადაესვენა.
- შიო? რა, შიო, რისი თქმა გინდა, პავლე?! - ჩასძახა სასოწარკვეთილმა ქალმა ქმარს და ამ დროს ზურგს უკან კარის ხმაც გაიგონა, მერე აჩქარებული ნაბიჯების ხმა. მოიხედა და შიო შერჩა ხელთ. სიდედრ-სიმამრი რომ ამ დღეში დაინახა, შეშინებულმა წამოიყვირა, რა მოხდაო და პავლეს მივარდა, მაჯა გაუსინჯა და რომ დარწმუნდა, მკვდარი იყო, სიდედრს მოეხვია.
- რა მოხდა, რა მოუვიდა, როგორ ვერ მოვუსწარი?!
- შენ გეძახდა! - შესტირა თამარმა.
- ჰო, დამირეკა და მითხრა, სასწრაფოდ მოდიო. თავს ცუდად ვგრძნობ და მინდა საქმეზე გელაპარაკო. რამე რომ მომივიდეს, ის შენი დასამთავრებელი იქნებაო.
მერე გარდაცვლილი ხელში აიყვანა და საწოლზე დაასვენა. შიომაც შეამჩნია სისხლდენა და კიდევ უფრო შეშფოთდა:
- გამოდის, გულის შეტევით არ მომკვდარა, ე. ი. მოკლეს?!
- როგორც ჩანს! - აქვითინდა თამარი.
- სასწრაფოდ პოლიცია უნდა გამოვიძახოთ, - გადაწყვიტა შიომ.
ასე აღმოვჩნდით დონაძეების ოჯახში და ექსპერტმა მაშინვე დაასკვნა, რომ პავლე დონაძეს თავში ბლაგვი საგანი ჰქონდა ჩარტყმული. თანაც, ისე გამეტებით, რომ კეფა ჰქონდა ჩამსხვრეული.
ის იყო, მკვლელობის იარაღის ძებნა უნდა დაგვეწყო, რომ შიომ, გარდაცვლილის სიძემ, მძიმე ბრინჯაოს შანდალი შემოიტანა, რომლის სადგამსაც სისხლი შეხმობოდა:
- ბაღში ეგდო, ვარდების ბუჩქის უკან. ძაღლმა იპოვა...
ისეთივე შანდალი მეორეც იდგა დონაძეების საძინებელში.
- ხელით რატომ შეეხეთ? - უსაყვედურა ჩემმა თანაშემწემ და ფრთხილად ჩამოართვა ნივთმტკიცება.
- რა ვიცი, არ შეიძლებოდა? - ისე გაიკვირვა, იფიქრებდით, ერთი დეტექტივიც კი არა აქვს ამ კაცს წაკითხულიო.
- რატომ მაინცდამაინც თქვენი ნახვა ისურვა სიკვდილის წინ? - დავინტერესდი, როცა პირისპირ დავრჩი შიო მაღლაფერიძესთან.
- ალბათ, სიმართლის თქმა ჯობს, გეტყვით, რასაც ვაპირებდით მე და ჩემი სიმამრი... უფრო სწორად, ცხონებული, თორემ მე მეშინოდა და ვუშლიდი. არქიტექტორია და, ბუნებრივია, მხატვრობას კარგად იცნობდა. აგროვებდა, თუ რაიმე ღირებულს მიაგნებდა. მის კოლექციაში ერთი შედევრი, XVII საუკუნის ფრანგი მხატვრის ნახატიც არის...
ავადმყოფობის შემდეგ ჩემი სიმამრი ვეღარ მუშაობდა და ოჯახის რჩენა თამარს დააწვა მხრებზე. ამას ძალიან განიცდიდა და ერთ დღეს ნახატის გაყიდვა გადაწყვიტა, მაგრამ მალულად, რადგან ვეჭვობ, თავის დროზე, მუზეუმიდან უნდა იყოს მოპარული. ეტყობა, ეს იცოდა პავლემ. მე მხოლოდ ის მითხრა, რომ მყიდველი ისეთი უნდა შეგვერჩია, ვინც ტილოს საზღვარგარეთ გატანას შეძლებდა.
მე მხატვარი ვარ და ხელოვანთა წრეში ვტრიალებ. სწორედ ჩემმა მეგობრებმა გამაცნეს ერთი უცხოელი კოლექციონერი. მოვუყვანე პავლეს, თან თარჯიმანიც გვახლდა და ექსპერტიც. მათ მოლაპარაკებას მე არ დავსწრებივარ, ასე ინდომა ჩემმა სიმამრმა. როგორც ჩანს, არ უნდოდა, მცოდნოდა რა ფასად გაყიდდა, და ეს არც მწყენია.
დაახლოებით ერთ საათში წავიდნენ ჩვენი სტუმრები და აღშფოთებულმა პავლემ მითხრა, ეს ვინ მომიყვანე, მიმტკიცებდა, ეს ნახატი მხოლოდ და მხოლოდ ასლიაო. ტილო ისეთი კომპეტენტური ექსპერტების შეფასებულია, წყალი არ გაუვაო.
- ეგ როდის იყო?!
- დაახლოებით ერთი თვის წინ...
- იქნებ ის ნახატი მოიპარეს და ამიტომ მოკლეს თქვენი სიმამრი?!
- თავდაპირველად მეც ასე ვიფიქრე და სამალავში შევედი, მაგრამ ნახატი თავის ადგილზეა! - თქვა მაღლაფერიძემ...
მაშინვე ჩემს მეგობარ ხელოვნებათმცოდნესთან დავრეკე და ვუთხარი, რომ პროფესიონალი ექსპერტის კონსულტაცია მჭირდებოდა. მართლაც ორიოდ საათში მოვიდა ვიღაც ასაკოვან მამაკაცთან ერთად. მან კი დახედა თუ არა ნახატს, მაშინვე თქვა:
- რა თქმა უნდა, ყალბია. ჯერ ერთი, მე ამ მხატვრის შემოქმედების დიდად მოყვარული ვარ და მის ხატვის მანერას კარგად ვიცნობ. ეგეც არ იყოს, ტილოს დააკვირდით, რა ეტყობა ამას საუკუნეების, დიდი-დიდი 6-7 თვის წინ გაკეთებული ასლია. უნდა ვაღიარო, რომ ძალზე ნიჭიერად არის გადაღებული. ამის დამხატავი პროფესიონალი თაღლითი იქნება.
შიო მაღლაფერიძეს იმ უცხოელ კოლექციონერთან შეხვედრა ვთხოვეთ, ვისაც მისი სიმამრის შედევრის ყიდვა უნდოდა. ირონიულად შემოგვხედა:
- იმედია, მეგობარი მხატვრების ჩაშვებას არ მომთხოვთ, ისინი უანგაროდ დამეხმარნენ, სულაც არ უფიქრიათ, თუ საქმე ასე შემობრუნდებოდა.
მოთმინების ფიალა ამევსო, რაღაც არ მომდიოდა თვალში ეს კაცი.
- მგონი, თქვენ ჯერაც ვერ გაგიაზრებიათ, რომ ბატონი პავლე, თქვენი ოჯახის წევრი, მოკლეს...
არაფერი გამოვიდა, შიომ პირში წყალი ჩაიგუბა და არაფერი გვითხრა მათზე, ვინც მოგვიანებით მძიმე დანაშაულში ვამხილეთ. ეს იყო ჯგუფი, რომელსაც ხელოვნების ნიმუშები  არალეგალურად გაჰქონდა უცხოელებთან ერთად საზღვარგარეთ. ნივთები, რა თქმა უნდა, ნაძარცვი და მოპარული იყო... ამაზე საქმე მოგვიანებით აღიძრა, თანაც საკმაოდ გახმაურდა. ვერც გარდაცვლილის ნახატის ყიდვის მსურველი კოლექციონერი მოვიხელთეთ, თუმც მკვლელი ის არ უნდა ყოფილიყო. ნახატი ყალბი იყო და რაში უნდა დასჭირვებოდა ასაკოვანი არქიტექტორის მოკვლა?!
პავლე დონაძე დაკრძალეს. ჩვენ კი ძაფის ახალ წვერებს ვეძებდით მკვლელობის გახსნის იმედით. ჰოდა, გამოჩნდა კიდეც, - ჩემმა ახალგაზრდა თანაშემწემ, სტაჟიორმა გურამ ბზიკაძემ მიაგნო. ერთ საღამოს აღელვებული მოვიდა ჩემთან, სქელ ქაღალდში შეფუთული რაღაც ოთხკუთხედი საგანი კედელთან მიდგა და ისე სხაპასხუპით მომაყარა, კარგა ხანს ვერც გავიგე, რას მეუბნებოდა. ძლივს დავამშვიდე:
- მკვლელი დონაძის სიძეა, შიო მაღლაფერიძე. ამიტომაც გაიძახოდა მომაკვდავი მის სახელს სიკვდილის წინ. მკვლელობის იარაღსაც ამიტომ "მიაგნო" ასე იოლად ბუჩქებში და განგებაც დატოვა, რომ თუ მის ანაბეჭდს ვიპოვიდით, მასზე არ მიგვეტანა ეჭვი... დღეს დილით სახელოსნოში მივადექი. თავად არ დამხვდა. ორი ქალი ელოდებოდა, ძველი ტილო მოეტანათ. ვიფიქრე, შესამოწმებლად თუ მოიტანეს-მეთქი. გამოველაპარაკე. დები ყოფილან, ნახატი მშობლებისგან დარჩენიათ მემკვიდრეობით და ასლის გაკეთება უნდოდათ, რომ ორივეს ჰქონოდა. ეს ჩვენი მაღლაფერიძე კი ასლების გაკეთების საუკეთესო სპეციალისტი ყოფილა.
- კი მაგრამ, როგორ დავუმტკიცოთ? - ვKკითხე საგონებელში ჩავარდნილმა.
- აი! - და გურამმა მოტანილ საგანს ქაღალდი შემოაცალა, - ეს მაღლაფერიძის "შედევრია",  შევადარებინოთ ექსპერტებს იმ გაყალბებულ ნახატთან და დავრწმუნდეთ, რომ ერთი და იმავე კაცის დახატულია...
ექსპერტმა დაადასტურა, რომ დონაძის ნახატის ასლის ავტორი მართლაც მაღლაფერიძე გახლდათ და მაშინვე მისი დაპატიმრების სანქცია და სახლისა და სახელოსნოს ჩხრეკის ორდერიც მოგვცეს. ვჩქარობდით, იმედი გვქონდა, რომ ორიგინალის გაყიდვას ვერ მოასწრებდა...
გაჯიუტდა და არ აღიარა სიმამრის მკვლელობა შიომ, - კი, ნახატი მოვიპარე და დიდი ხნის წინ გავყიდე, მაგრამ მისი მოკვლა არაფერში მჭირდებოდაო...
- რამდენი ხანია, რაც ტილო გაყიდეთ? - ჰკითხა გურამ ბზიკაძემ.
- სამი-ოთხი წელიწადი იქნება...
- ტყუი, ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ასლი ერთი წლის შექმნილიც არაა...
ამის თქმა იყო და მაღლაფერიძემ დუმილის უფლება გამოიყენა, ჩვენებას არ გვაძლევდა. ისევ გურამმა იმარჯვა და აჯობა ეშმაკობაში. ერთ-ერთ დაკითხვაზე წინ მაგნიტოფონი დაუდო:
- ეს რა არის? - გაიკვირვა მაღლაფერიძემ.
- სამხილი აღმოვაჩინეთ. შენს სიმამრს - მკვლელობის დღეს თქვენი საუბარი ჩაუწერია...
ახლა კი უმტყუნა მაღლაფერიძეს ნერვებმა. მაგნიტოფონს ხელი ჰკრა და მაგიდიდან გადააგდო. ერთიანად კანკალებდა:
- არ მინდოდა მისი მოკვლა... იძულებული გამხადა. ყველაფერი გაიგო, იმ კაცსაც მიაკვლია, რომელსაც ნახატი მივყიდე, და ფულის დაბრუნებას მთხოვდა. მემუქრებოდა, მარტო შენ და იმ კაცს კი არა, იმ უცხოელებსაც ციხეში ამოვალპობო. ამას ვინ მაპატიებდა, მთელი ქსელი დაირღვეოდა, უამრავი ხალხია ჩართული შედევრების გატანაში. ჰოდა, გონებადაბნელებულმა შანდალს ხელი დავავლე და...
...მაღლაფერიძემ არა ერთი და ორი თანამონაწილე ჩაუშვა მაშინ, მაგრამ ამაზე ვერაფერს გეტყვით. ეს საქმე სხვა მაძებარმა გამოიძია და დონაძის ნახატთან ერთად, სხვაც ბევრი ძვირფასი ნივთიც გადაარჩინა ქვეყნიდან გატანას.
სიმამრის მკვლელ "მხატვარს" კი, თუ კარგად მახსოვს, 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს...



marianna
27 ოქტომბერი 2016 01:18
sidze rom bindzuri natesavia da ojaxshi shemocurebuli gveli amashi ukve davrwmundi
...
16 მარტი 2016 22:47
ტყუილად კი არ ამბობენ სიძეზე მურტალი ნათესავი არ არსებობსო.
.
16 ივლისი 2015 13:37
Yველაზე მეტად ოჯახის წევრის მეშIნია, მას ბრმად Eნდობი და ისიც Aმით I სარგებლობს, ასე იტყვიან: ჯერ თAვო და თავო Dა მერე სხვაო.....

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?