იღბლიანი ახმადისთვის საბედისწერო სწორედ საქართველო აღმოჩნდა... - კვირის პალიტრა

იღბლიანი ახმადისთვის საბედისწერო სწორედ საქართველო აღმოჩნდა...

"როდესაც ჩატაევი უკრაინაში დააკავეს, მის გადაცემას რუსეთი დაჟინებით ითხოვდა. ჩატაევმა გადაწყვიტა, საქართველოში ჩამოსულიყო, მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლებასთან ორი კვირა გრძელდებოდა. საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება რომ არ მიექციათ, ქართველებმა ალიაქოთი ატეხეს - ვითომდაც ჩატაევი ჩვენთან ძველი სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს და გადმოგვეცითო. რა თქმა უნდა, მაშინ დეტალებით არავინ დაინტერესებულა. რადგან უკრაინის ხელისუფლება მოხარული დარჩებოდა კიდეც, ჩატაევს თუ მოიცილებდა და ქართველებს გადააბარებდა. დიპლომატიური არხებით გავიგეთ, რომ საქართველო მზად იყო, ჩატაევი მიეღო. ჩემთვის სულერთი იყო, სად წავიდოდა, რადგან კარგად მესმოდა - მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყნის ხელისუფლება თუ ისურვებდა ჩატაევის მათთან გამოჩენას."

დმიტრი გუსმანი,

ახმად ჩატაევის უფლებადამცველი, 2010 წ.

"სააკაშვილის ხელისუფლებამ, ლაფანყურის სპეცოპერაციასთან ერთად, ჩატაევის საკითხიც სერიოზულ პრობლემად დაგვიტოვა. ჩატაევის რუსეთისთვის გადაცემას არც კავკასიელები აღიქვამენ კარგად და არც ევროპელი უფლებადამცველები. თუკი ბულგარეთმა, უკრაინამ და შვედეთმა არ გადასცეს რუსეთს, ჩვენ რომ გადავცეთ, მერწმუნეთ, ამას კარგი რეზონანსი არ მოჰყვება."

ზაალ კასრელიშვილი, ექსპერტი

უკვე ორი თვეა, საზოგადოება დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს ლაფანყურის ოპერაციის დროს დაჭრილი ჩეჩენი დევნილის, ახმად ჩატაევის, მეტსახელად "ცალხელა ახმადის" საქმეს, რომელიც დღემდე საპატიმროში იმყოფება. ის ერთადერთი გადარჩენილი მოწმეა საქართველოში, რომელსაც შეუძლია ნათელი მოჰფინოს ლაფანყურის საიდუმლოს, რომლის დეტალებიც, მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა, ისევ გაუხმაურებელი რჩება. როგორც უფლებადამცველები ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გადატანილი ოპერაციის გამო (ტერფი მოჰკვეთეს) უმძიმესია...

ახმად ჩატაევის საქმით რუსეთის ხელისუფლებაც არის დაინტერესებული, რადგან  რუსული სპეცსამსახურები ჩატაევს უკვე 12 წელია მთელ ევროპაში დასდევენ და მის მოხელთებას ამაოდ ცდილობენ...

ახმად ჩატაევი 1980 წელს ჩეჩნეთში დაიბადა. ე.წ. მეორე ჩეჩნური ომის დროს (1999-2000 წწ.) რუსეთს ებრძოდა. 2000 წელს ურუს მარტანთან ჩეჩენი პარტიზანების რაზმი რუს საჯარისო ნაწილს გადააწყდა, ხელჩართული ბრძოლის დროს 20 წლის ახმად ჩატაევი მძიმედ დაიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ სასტიკ უარზე იყო, ბრძოლის ველი მიეტოვებინა, ის რამდენიმე მებრძოლმა იძულებით გაიყვანა სამშვიდობოს და ურუს მარტანის საავადმყოფოში გადაყვანას შეეცადნენ. გზაში მათი მანქანა კვლავ გადააწყდა რუს ჯარისკაცებს, რომლებიც იმ ტერიტორიაზე წმენდას” ახორციელებდნენ. ახმად ჩატაევი დაატყვევეს.

საგამოძიებო იზოლატორში ხელში დაჭრილი ახმად ჩატაევი სასტიკად აწამეს.

"იმ დღეს რატომღაც სულ "გმირები" მოჰყავდათ ჩვენებს, ეტყობა, იღბლიანი დღე იყო, ორ მათგანს ჯერ წვერი გაჰპარსეს. პარსვის დროს ჩეჩნები ბიჭებს აფურთხებდნენ, ისინიც ყოველ შეფურთხებაზე სახეს უსერავდნენ, მაინც იფურთხებოდნენ. მერე მოჰბეზრდათ და იქვე მიახვრიტეს ორივე. იმ საღამოს ერთი ხელში დაჭრილი ბიჭი ვნახე. ხმას არ იღებდა. მითხრეს, ცემას აზრი არა აქვს, მაინც არაფერს იტყვის, რამე სხვა უნდა მოვიფიქროთო. ისე მძიმედ იყო, ვიფიქრე, დილამდე ვერც გაატანს-მეთქი. შემდეგ გავიგე, რომ ბიჭებს ცემის დროს მისთვის დაზიანებული ხელი მოუჭრიათ, ჭრილობაში მავთული ჩაუდვიათ და დენზე მიუერთებიათ... რამდენიმე დღის წინ ტელევიზორში ახმად ჩატაევის სასამართლო პროცესზე სიუჟეტი გადიოდა. ვიცანი, ის ბიჭი იყო, რომელსაც ჩვენები დაცინვით "ცალხელა მსროლელს" ეძახდნენ. მაშინ, წამებისას, მახსოვს, თავისი სახელიც კი ვერ ათქმევინეს.”

თეოდორ კრავჩუკი,

თადარიგის კაპიტანი

ახმად ჩატაევმა ციხიდან თავის დაღწევა მაინც მოახერხა და აზერბაიჯანში გადავიდა, იქიდან კი ავსტრიაში. ავსტრიის ხელისუფლებამ მას ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა... 2007 წელს, დამოუკიდებელი იჩქერიის საგარეო საქმეთა მინისტრის, აჰმედ ზაკაევის საგანგებო ბრძანებით, ჩატაევი ავსტრიაში იჩქერიის წარმომადგენლად დაინიშნა. ჩეჩნეთში კი მას ბრალს სდებდნენ შეიარაღებული ბანდფორმირებების შექმნასა და ტერორისტულ საქმიანობაში, გროზნოს სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა. ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი მას დღემდე პირად მტრად მიიჩნევს და ძმებ იამადაევების ბედს უწინასწარმეტყველებს (ცნობილი საველე მეთაურები. ერთ-ერთი მათგანი აგვისტოს ომის დროს ჩეჩნურ ბატალიონ "ვოსტოკს" მეთაურობდა. სხვადასხვა დროს კილერების ხელით გამოასალმეს სიცოცხლეს. ამბობენ, რომ მათი მკვლელობების უკან კადიროვი დგას. - ავტ.). რუსული სპეცსამსახურები ახმად ჩატაევს ბრალს სდებდნენ - ჩეჩენ პარტიზანებს აფინანსებდი და მათთვის იარაღსაც კი ყიდულობდიო. რუსეთმა ახმად ჩატაევზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა და უკვე მერამდენე წელია, მის ხელში ჩაგდებას ცდილობს.

2007 წელს ახმად ჩატაევი, რომელსაც ევროპაში ჩეჩნური დიასპორა უკვე  "ცალხელა ახმადით" იცნობდა, შვედეთში დააკავეს. მანქანაში სამართალდამცავებმა გაუფორმებელი ცეცხლსასროლი იარაღი უპოვეს. გამოძიება რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში რუსეთი დაჟინებით ითხოვდა ჩატაევის გადაცემას. საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების ჩარევით ეს არ მოხდა. 2009 წლის 5 იანვარს ჩატაევი გაათავისუფლეს, თუმცა ერთი წლის შემდეგ, 2010 წლის 3 იანვარს, უკრაინაში, ზაკარპატიეს ოლქში, დააკავეს. რუსეთის სპეცსამსახურებმა უკრაინას ჩატაევის გადაცემა მოსთხოვეს. უფლებადაცვითი ორგანიზაციები ხელისუფლებას აფრთხილებდნენ - ასეთი ნაბიჯი სახელმწიფოს კარგს არაფერს მოუტანსო. ხელისუფლება თითქოს მზად იყო, დაკავებული რუსეთისთვის დაეთმო, მაგრამ მოულოდნელად საქმეში საქართველოს ხელისუფლება ჩაერთო და ჩატაევი მაინც დაუსხლტდა რუსულ კლანჭებს. ის თბილისში ჩამოიყვანეს და 2010 წლიდან საქართველოში იმყოფება.

2011 წლის 15 მაისს ბულგარეთში, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დააკავეს ჩეჩენი დევნილი, რომელსაც რამდენიმე ცხედრის სურათის გარდა, აფეთქებების მომზადების სახელმძღვანელოებიც უპოვეს. ბულგარელმა სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ დაკავებული კავკასიის იმარატის ემირის, დოკუ უმაროვის მეგობარი და კავკასიაში მისი პირადი წარმომადგენელი ახმად ჩატაევი იყო. თავიდან მას "დეტალების გასარკვევად" ქალაქ ხასკოვოს სასამართლომ სამდღიანი პატიმრობა მიუსაჯა, შემდეგ ერთკვირიანი, მაგრამ ვადის გასვლის შემდეგაც ჩატაევს არ ათავისუფლებდნენ - რუსეთი ყოველ ღონეს ხმარობდა, ბულგარეთის ხელისუფლება დაერწმუნებინა, რომ საერთაშორისო ძებნილი ჩატაევი მისთვის გადაეცა. თუმცა "ცალხელა”ახმადი" ამჯერადაც გადარჩა...

თავად ჩატაევი მიიჩნევდა, რომ მისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი საქართველო იყო. თუმცა, როგორც ჩანს, იღბლიანი ახმადისთვის საბედისწერო სწორედ ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა.

2012 წლის 25 აგვისტოს სოფელ ლაფანყურის ტყეში 5 ახალგაზრდა გაუჩინარდა. ძებნისას სოფელმა ისინი უცნობ შეიარაღებულ პირებთან ერთად შეამჩნია და მესაზღვრეებს აცნობა. სწორედ მაშინ გაიგო ხელისუფლებამ, რომ ლაფანყურის ტყეში კბილებამდე შეიარაღებული 17-კაციანი ჯგუფი საქართველო-დაღესტნის საზღვრისკენ მიიწევდა...

"შევამჩნიეთ შეიარაღებული ჯგუფი. ეს რომ გავიგე, სენაკში ვიყავი და სასწრაფოდ გადმოვფრინდი. კოორდინატების მიხედვით მივხვდი, რომ ისინი რუსეთის საზღვრის ახლოს უნდა ყოფილიყვნენ, რაც, ალბათ, მიხვდებით, როგორ საფრთხეს წარმოადგენდა. მოლაპარაკება შევთავაზეთ, მაგრამ არ გამოვიდა. მძევლები არ ჰყავდათ აყვანილიო - ტყუილია. წინააღმდეგ შემთხვევაში აქეთ დაგვხოცავდნენ. ასეთი ჯგუფის განეიტრალება ჯერ არ გაგვიხორციელებია. ამიტომ იყო საჭირო ამხელა ძალების მობილიზება."…

ბაჩანა ახალაია,

ჟურნალი "ლიბერალი"

როგორც ექსპერტები აცხადებენ, შეიარაღებული ჯგუფის საზღვარზე გადასვლა ჩვენს ქვეყანას მართლაც დიდ პრობლემას შეუქმნიდა...

"დიდი ალბათობით, მოხდებოდა შეტაკება რუს სამხედროებთან. ჩრდილოკავკასიელი "ბოევიკები" პარტიზანული მოქმედების კლასიკურ ვარიანტს მისდევენ, ანუ არსებობს ბრძოლის ველი და არსებობს უსაფრთხო ტერიტორია. სავარაუდოდ, ეს ჯგუფი საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის შემდეგ, უკან, უსაფრთხო ადგილას დაიხევდა. ასეთი კი საქართველო იყო. რუსეთის ხელისუფლება ულაპარაკოდ გადმოლახავდა საზღვარს, რაც ორ სახელმწიფოს შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყებას ნიშნავდა. ჯერჯერობით გაურკვეველია, სცენარის ამგვარი განვითარების საფრთხემ შეაშინა სააკაშვილის ხელისუფლება, თუ რომელიმე დასავლელმა მრჩეველმა აუკრძალა ასეთი სცენარის განხორციელება".

თამაზ იმნაიშვილი, გენერალთა კლუბი (გაზეთი "ყველა სიახლე")

შეიარაღებულ ჯგუფთან მოლაპარაკებაში ხელისუფლებამ თბილისში მყოფი ახმად ჩატაევიც ჩართო.

როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, ჯგუფის დიდი ნაწილი თანახმა იყო, იარაღი დაეყარა, თუ ხელისუფლება მათ თურქეთში გადასვლის გარანტიას მისცემდა. სანდრო ამირიძემ (ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომელი, რომელიც, პანკისელების თქმით, თავად მონაწილეობდა მეომრების შერჩევა-მომზადებაში) შეიარაღებულებს უთხრა, რომ ამ მოთხოვნას ის ტელეფონით შეატყობინებდა ხელმძღვანელობას. სალაპარაკოდ გასულს ჯგუფის წევრებმა ერთი მეომარი გააყოლეს. სწორედ მაშინ მოხდა პირველი გასროლა - სნაიპერმა ის მეომარი მოკლა. ამის შემდეგ ცეცხლი ორივე მხარემ გახსნა. ჯგუფთან მყოფი ახმად ჩატაევი დაიჭრა.

29 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში შეტაკებისას დაიღუპა 3 სპეცრაზმის თანამშრომელი. უფრო დიდი მსხვერპლი იყო შეიარაღებულ ჯგუფში - დაიღუპა 11 მებრძოლი, მათ შორის პანკისის ხეობის მკვიდრნიც. დანარჩენებმა თავი დააღწიეს (გადარჩენილებმა ჯერ პანკისს შეაფარეს თავი, ხოლო შემდეგ თურქეთში გადავიდნენ). დაჭრილმა ჩატაევმა ჯგუფის გადარჩენილ ნაწილთან წასვლა არ ისურვა და მარტო დარჩა ლოპოტის ხეობაში.

"7 სექტემბერს ჩვენი საგუშაგოდან დაახლოებით 2 კმ-ში, 16.00 საათზე, მდინარე ლოპოტის მარცხენა ნაპირზე უცხო შევნიშნეთ. მივუახლოვდით და ვკითხეთ, ვინ იყო და რას აკეთებდა იქ. რუსულად დაგვიძახა, - დაჭრილი ვარო. ჩვენ უფრო ახლოს მივედით. შევამჩნიეთ, რაღაც საგნები ედო ჯიბეში, სავარაუდოდ, ხელყუმბარები. მოვიმარჯვეთ იარაღი და გადავწყვიტეთ მისი დაკავება. ვთხოვე, ამოელაგებინა ჯიბიდან ნივთები და დაეწყო მიწაზე. გვითხრა, ორი ხელყუმბარა მაქვს და ნებაყოფლობით წარმოვადგენო. შარვლის წინა ჯიბიდან ამოიღო ორი ცალი მომწვანო ყუმბარა, თუ არ ვცდები, რუსული წარმოების  ფ-1 და მიწაზე დადო. ამის შემდეგ რუსულად ვკითხე, - ვინ ხართ-მეთქი. ავსტრიის მოქალაქე ვარ, დაჭრილი ვარო"...”

მესაზღვრე გიორგი კერესელიძის ჩვენებიდან

მესაზღვრეების მიერ დაკავებულ ახმად ჩატაევს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც სასწრაფოდ მოჰკვეთეს ტერფი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატაევს მესაზღვრეების ჩვენებების საფუძველზე ბრალი ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვის მუხლით წაუყენა(?!). ოქტომბერში კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ლაფანყურის სასაზღვრო სექტორის თანამშრომლებმა (კერესელიძე, ტყემალაძე, აივაზაშვილი) აღიარეს, რომ ფეხში დაჭრილი ახმად ჩატაევი მათ ჩაჰბარდა.

მესაზღვრეების აღიარების შემდეგ ადამიანის უფლებათა ცენტრმა ჩატაევის უდანაშაულობის გამო მისი პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვა. მას მხარი დაუჭირეს საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებმაც, რომლებიც ეჭვობდნენ, რომ ამჯერად რუსეთი მოახერხებდა ჩატაევის ხელში ჩაგდებას.

12 ნოემბერს იუსტიციის მინისტრის მოადგილე დავით ჯანდიერმა განაცხადა, რომ ხელისუფლება არ აპირებს ჩატაევის რუსეთისთვის გადაცემის საკითხის განხილვას, გარდა ამისა, საზოგადოებაში არსებობს შიში, რომ ლაფანყურის საიდუმლოს ერთადერთი მოწმის მოშორება მავანს ხელს უნდა აძლევდეს. უფლებადამცველები ვარაუდობენ, ჩატაევის საპატიმროში დატოვება მისთვის უსაფრთხო არ იქნებაო. თუმცა საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ჩატაევი საქართველოს აუცილებლად დატოვებს და ლოპოტის თავსატეხი ამოუხსნელი დარჩება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ახმად ჩატაევის საქმის არსებითიI განხილვა უკვე დაწყებულია და თავად "ცალხელა ახმადი" ჩვენებას, სავარაუდოდ, მორიგ სასამართლო პროცესზე მისცემს. როგორც მისი ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი აცხადებს, განსასჯელი მზად არის სიმართლე თქვას, თუმცა რამდენად გულახდილი იქნება, ამას მხოლოდ სასამართლო პროცესზე გავიგებთ.

P.S.თურქული მედიის ცნობით, 16 ნოემბერს თურქმა სამართალდამცავებმა დააკავეს რუსლან პაპასკირი, მეტსახელად ("ზოონი"‘. პაპასკირი სამი ჩეჩენი დევნილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი (გამოძიება ფიქრობს, რომ საქმე ეხება შეკვეთილ მკვლელობებს). "ზოონის" სახელმა ლაფანყურის ოპერაციის საქმეშიც გაიჟღერა. როგორც ქისტები პირად საუბრებში ამბობდნენ, მეომრების რეკრუტირებასა და მომზადებაში ზელიმხან ხანგოშვილის - "დიშნას" - გარდა, "ზოონიც" იყო ჩართული...