მუხროვანი, 2009 "ამბოხებულთა" საქმე - კვირის პალიტრა

მუხროვანი, 2009 "ამბოხებულთა" საქმე

"ჩვენ, ყველა - სამხედროები, ოფიცრები, ამაზე ერთმანეთს ვესაუბრებოდით. მე არასოდეს დამიმალავს უკმაყოფილება და ვერ წარმომიდგენია, არსებობდეს თუნდაც ერთი ოფიცერი, რომელიც კმაყოფილი იქნებოდა წაგებული ომით, განსაკუთრებით აგვისტოს მოვლენებით, სწორედ ამის გამოხატვა მოხდა  მუხროვანში ჩემი მხრიდან."

მამუკა გორგიაშვილი, მუხროვანის ბატალიონის მეთაური ბოლო სიტყვა სასამართლოზე

"ჩემი ბატალიონი ყველასგან მიტოვებული აღმოჩნდა. ისიც კი არ გვითხრეს, რომ უკან იხევდნენ, ჩვენ მტრის ზურგში 30 კილომეტრის სიღრმეში  27 აგვისტომდე დავრჩით და დანაკარგის გარეშე შევასრულეთ  ყველა ამოცანა... ამის მიუხედავად, არავის მოსვლია აზრად, მოსულიყო და მოეკითხა ჩვენი ბატალიონი."

ლევან ამირიძე,რეინჯერების ბატალიონის მეთაური სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვიდან

"ოთანაძე არ უნდა ყოფილიყო თავისუფლად. კრიალაშვილი არ უნდა ყოფილიყო თავისუფალი. არ უნდა ჩამოსულიყო და გასულიყო. კიტოვანის მთელ "ბრიაჟკას" არ უნდა ევლო თავისუფლად თბილისში, მართალია, ლიბერალიზმმა უკვე  მიიღო საშიში ხასიათი, არსებობს მოთმენა რაღაცის, მაგრამ ამის მოთმენას აღარ ვაპირებ."

მიხეილ სააკაშვილი,2009 წლის 5 მაისი

2008 წლის აგვისტოში წაგებული ომის გამო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უკმაყოფილებამ იჩინა თავი, განსაკუთრებით ბობოქრობდა ზოგიერთი საჯარისო ნაწილი. ერთი მათგანი იყო მუხროვანის ბატალიონი. ამ პროტესტს ისიც დაემატა, რომ 2009 წლის აპრილ-ივლისში, ოპოზიციის ფართომასშტაბიანი, ე.წ. საკნების აქციების დროს, ხელისუფლება ცდილობდა, ქართული არმია პოლიტიკურ პროცესებში ჩაეთრია და აქციების დასაშლელად გამოეყენებინა. თუმცა გამოძიების მასალების მიხედვით,  მანამდე, ჯერ კიდევ 2009 წლის 3 იანვარს, ბელორუსიაში, მინსკში, ერთმანეთს შეხვდნენ - კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი, კრიმინალური ავტორიტეტი ბონდო შალიკიანი, ყოფილი პარლამენტარი ვალერი გელბახიანი და უკრაინაში მცხოვრები ბიზნესმენი ილია რამიშვილი.

მოილაპარაკეს, რომ გამოეყენებინათ შეიარაღებული ძალების უკმაყოფილება და საქართველოში სამხედრო ამბოხის ორგანიზება უკრაინაში ყოფილი სამხედრო ატაშეს, გია კრიალაშვილისთვის მიენდოთ (სავარაუდოდ, ამ საქმეში ილია რამიშვილის სახელი იმიტომ გაჩნდა, რომ "ნაციონალები" მას საარჩევნოდ გვარიანი თანხის შემოწირვას სთხოვდნენ, თუმცა უარი მიიღეს). მინსკის შეხვედრაზე (რომელიც შალიკიანის ოფისში შედგა) გადაწყდა, რომ გაზაფხულზე დაგეგმილ  ოპოზიციურ აქციებს სამხედრო ნაწილებიც შეუერთდებოდნენ და ხელისუფლებას მაქსიმალურად მოკლე დროში შეცვლიდნენ,  საქართველოს პრეზიდენტი, დიდი ალბათობით ალექსანდრე ებრალიძე გახდებოდა, რომელიც, თუ ქართველ სპეცსამსახურებს დავუჯერებთ, ამბოხის ორგანიზების დაფინანსებას თვითონ კისრულობდა. საქართველოში ტექნიკური რესურსებისა და საჭირო ხალხის თავმოყრა კობა ოთანაძეს დაავალეს. ამ მიზეზით ის დაუკავშირდა გია ღვალაძეს - თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმ "დელტას" ყოფილ ხელმძღვანელს. მუხროვანის სატანკო ბატალიონის მეთაურს, მამუკა გორგიაშვილს და რეინჯერთა ბატალიონის მეთაურ ლევან ამირიძეს. "შეთქმულები"  სამხედრო მოსამსახურეებს ხვდებოდნენ.

"დიახ, ჩვენ ვხვდებოდით სამხედრო მოსამსახურეებს და ვესაუბრობდით იმაზე, თუ რა ხდებოდა ჯარში. ვკითხულობდით, - როდემდე მოვითმინოთ  დღეში სამჯერ დედის გინება და შეურაცხყოფა, როდემდე უნდა ავიტანოთ მეთაურებად სამხედრო საქმის უცოდინარი კრეტინებიო. მე და კობა ოთანაძეს ამისთვის სამხედრო ნაწილები სათითაოდ არ შემოგვივლია, მაგრამ ვისაც ვხვდებოდით, ყველას ვესაუბრებოდით."

გია ღვალაძე, "ასავალ-დასავალი"

მოულოდნელად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ  ყოფილი სამხედრო, ვინმე თემურ მელიქიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის ლიკვიდაციას გეგმავდა (პოლიციამ ამ ინფორმაციისთვის მადლობა რატომღაც გენერალ გია ყარყარაშვილს გადაუხადა). მასზე თვალთვალისას გაირკვა, რომ მელიქიძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ოთანაძესთან. ამის გამო სპეცსამსახურებმა კობა ოთანაძესაც  მიაქციეს ყურადღება. როგორც იმ დროს სამართალდამცავები პირად საუბრებში ამბობდნენ, - ამბოხის” მონაწილეები კონსპირაციულობას  ზედმიწევნით იცავდნენ და გამოძიებას ხელჩასაჭიდი თითქმის არაფერი ჰქონდა, თუმცა ერთ დღეს, გია ღვალაძის მეგობარმა და ყოფილმა თანამებრძოლმა თამაზ ხომასურიძემ, ვინმე გიორგი ჩქარეულთან ერთად, პოლიციას ამბოხის გეგმის შესახებ აცნობა (ამას გია ღვალაძეც ადასტურებს, ამბობს, რომ ვიდეოჩანაწერი, რომელიც პოლიციამ შემდეგში მტკიცებულებად გამოიყენა, სწორედ ხომასურიძემ გააკეთა მალულად, თავისსავე სახლში). როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, სწორედ იმ დღიდან დაიწყო პოლიციამ ღვალაძის გარემოცვაში საკუთარი კონფიდენტების შეგზავნა. მათი ინფორმაციით, ჯერ მუხროვანი გამოაცხადებდა დაუმორჩილებლობას, შემდეგ მას აჰყვებოდნენ ქუთაისი და გორი. მოხდებოდა თბილისის ბლოკირება, გამოცხადდებოდა კომენდანტის საათი, იტყოდნენ, სახელმწიფოს მართვას ხელში სამხედრო საბჭო იღებსო და 40 დღეში დაინიშნებოდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ალექსანდრე ებრალიძე გაიმარჯვებდა(?!).

"1-ელ მაისს, 12 საათზე,  მამუკა გორგიაშვილმა მაცნობა, რომ დაუმორჩილებლობას აპირებდა. მოქმედების გეგმა ასეთი იყო: სატანკო ბატალიონს უნდა გადაეკეტა აეროპორტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თბილისში შემოსასვლელი გზები, თუმცა 5 მაისს, თათბირზე, გორგიაშვილმა განაცხადა, რომ დაუმორჩილებლობას სამხედრო ტექნიკის გამოყვანის გარეშე გეგმავდა."

სამხედრო მოსამსახურის ჩვენებიდან

4 მაისს, ღამით, სამართალდამცავებმა გია ღვალაძე დააკავეს. ამის გამო მუხროვანში გადაწყვიტეს, დაუმორჩილებლობა ნაჩქარევად, 5 მაისს გამოეცხადებინათ.

"5 მაისს, როდესაც მუხროვანის დაუმორჩილებლობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, სატანკო ბატალიონი უკვე ალყაში იყო და სპეცდანიშნულების რაზმები იერიშის ბრძანებას ელოდნენ. ამბოხებულებთან მოლაპარაკებას სახმელეთო ჯარების სარდალი შმაგი თელია აწარმოებდა, თუმცა  დაუმორჩილებელნი არანაირ მოთხოვნას არ აყენებდნენ. იმ დღეს მე ორჯერ ვესაუბრე გორგიაშვილს და ამირიძეს ტელეფონით. ვერ გავიგე, რა მოთხოვნები ჰქონდათ. კონკრეტულად არაფერს ითხოვდნენ, მაგრამ აპროტესტებდნენ აღლუმს (საუბარია 26 მაისს დაგეგმილ აღლუმზე. - ავტ.) - წაგებული ომის შემდეგ სახელმწიფო სამხედრო აღლუმს არ უნდა ატარებდეს, ეს შეურაცხმყოფელიაო. მე ნაწილის ტერიტორიაზე საბრძოლო ტექნიკის გადაადგილება არ შემინიშნავს".

შმაგი თელიას ჩვენებიდან

რამდენიმე ხანში საქართველოს პრეზიდენტმა ამბოხებულებს ეთერით მიმართა და დასანებებლად ერთი საათი მისცა. მუხროვანში ფიქრობდნენ, რომ მათ მხარს დაუჭერდნენ ქუთაისის და  გორის ბრიგადები, მაგრამ ბოლო მომენტში მათ გადაიფიქრეს.

სავარაუდოდ, ამის შემდეგ დატოვეს მუხროვანის ტერიტორია კობა ოთანაძემ, გია კრიალაშვილმა და ლევან ამირიძემ.

პრეზიდენტი მუხროვანში ჩავიდა.

მუხროვანის სატანკო ბატალიონის მეთაური მამუკა გორგიაშვილი დააკავეს, დააპატიმრეს 41 სამხედრო პირი, გამოცხადდა ოთანაძის, კრიალაშვილის და ამირიძის ძებნა. შესაბამისი ინფორმაციისთვის შსს-მ 50 000-ლარიანი ჯილდოც დააწესა.

მუხროვანის ინციდენტი ხელისუფლებამ შეაფასა სამხედრო გადატრიალების მცდელობად და 6 მაისს საქართველოში დაგეგმილი ნატოს სამხედრო სწავლების ჩაშლად, აქცენტი კეთდებოდა რუსულ კვალზეც...

იმავე საღამოს შსს-მ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც ღვალაძე თავის მეგობარ ხომასურიძეს ამბოხების დეტალებზე ესაუბრება: "შემდეგ (მას მერე, რაც საჯარისო ნაწილები დაუმორჩილებლობას გამოაცხადებდნენ. - ავტ.) რუსები მოდიან - 5000 კაცამდე, 2 ბრიგადა, ჩერდებიან ნატახტართან, კეტავენ დუშეთის გზას, იცი, 5000-კაციანი კოლონა რამდენზე იწელება? 12 კილომეტრზე... შალვა ჯანაშვილზე (მერაბიშვილის მოადგილე. - ავტ.) "ვკაჩაობ". არ მინდა, ბიჭო, ჩემს სახლში არის ნამყოფი, დედაჩემის გამომცხვარი ხაჭაპური აქვს ნაჭამი... მოკლან ხო, აი, მერაბიშვილი და უგულავა. ეს "ცვეტში"  ამათ უკვე გადაუწყვიტეს, მე კი არა. ამ საქმეს ვეღარაფერი შეაჩერებს, გივი თარგამაძეც შეიძლება მიაყოლონ"...

ვიდეოჩანაწერში ღვალაძე ახსენებდა სამხედრო გენერლებსაც - გია ყარყარაშვილს, ჯონი ფირცხალაიშვილს, ჯემალ გახოკიძეს (რომლის დაცვის უფროსიც თავად იყო გახოკიძის მინისტრობის დროს), კობა კობალაძეს, დათო თევზაძეს, გია უჩაძეს... გენერალი კობალაძე 5 მაისს საკუთარ სახლთან დააკავეს.

მუხროვანის ე.წ. ამბოხს ექსპერტები თავიდანვე ეჭვით უყურებდნენ.

"6 მაისს ოპოზიციას გადაწყვეტილი ჰქონდა კახეთის გზატკეცილის პიკეტირება. სავარაუდოდ, "ნაციონალები" სამხედროებს სთხოვდნენ, ამ გზაზე გამოსულიყვნენ იმ მოტივით, თითქოს ისინი ნატოს სწავლებაში მონაწილეობდნენ, ხოლო თუ მოპიკეტეები შეეცდებოდნენ გზის პიკეტირებას, არ დაეშვათ ეს და გაეხსნათ კახეთის გზატკეცილი. სამხედროებს მართლაც ექნებოდათ მიზეზი "გზის გახსნა" კარგად შეეფუთათ - მათთვის ეს იქნებოდა არა დარბევა, არამედ კანონის დაცვა, რადგან როდესაც სამხედრო ნაწილის გადაადგილება ფერხდება, გზა ყველა შემთხვევაში უნდა გაიხსნას... ამის გამო მოხდა დაპირისპირება ბატალიონის ხელმძღვანელებსა და ნაციონალ ლიდერებს შორის, ყველამ იცოდა, თუ რა ხარისხის უკმაყოფილება იყო შეიარაღებულ ძალებში. თუ ეს ნაწილი დაუსჯელი დარჩებოდა, მათთვის საფრთხე მოიმატებდა, ამიტომაც სამაგალითოდ დასაჯეს".

გიორგი თავდგირიძე, სამხედრო ექსპერტი

20 მაისს თიანეთის გზატკეცილზე, ადგილობრივ ბირჟაზე, ბიჭების ყურადღება მიიქცია სწრაფად მომავალმა მიკროავტობუსმა, რომელიც მოულოდნელად მათ შორიახლო გაჩერდა.

"სროლის ხმა გავიგონეთ, მაყუჩიანი იარაღით ისროდნენ, თუმცა ხმა ყველას კარგად გვესმოდა. ვერ გავიგეთ, რა ხდებოდა. სავარაუდოდ, სროლა "მარშრუტკაში" იყო. წამებში დავინახეთ ვიღაც ქალბატონი, "მარშრუტკიდან" მორბოდა. მანქანასთან მისვლა და დახმარება დავაპირეთ. ქალბატონს ვეკითხებოდით, რა ხდებაო.  ის კი ყვიროდა, - თავი დაანებეთ, "სოდიდან" არიანო.

თვითმხილველის ნაამბობიდან

მე, გია კრიალაშვილი და ლევან ამირიძე გლდანის ტყეში ვიმალებოდით, მას შემდეგ, რაც სამშობლოს მოღალატეებად გამოგვაცხადეს, აქ გაჩერება აღარ გვინდოდა და წასვლას ვგეგმავდით. დავუკავშირდით ახლობლებს და ვთხოვეთ ტრანსპორტი, რითაც შევძლებდით გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მისვლას და იქიდან ცხინვალის რეგიონში გადასვლას. ტრანსპორტიც მოვიდა - "მარშრუტკა" იყო.

კობა ოთანაძე

ერთი ვერსიით, ამის შესახებ ვიღაცამ სამართალდამცავებს ინფორმაცია მიაწოდა.

მიკროავტობუსი სათანადოდ“მომზადდა. როდესაც კრიალაშვილი, ამირიძე და ოთანაძე მანქანაში ჩასხდნენ, შეამჩნიეს, რომ  სალონი”ფანერით იყო გადატიხრული,  თუმცა არ შეუმოწმებიათ, რა იყო იქ. სავარაუდოდ, რამდენიმე სპეცრაზმელი იყო ჩასაფრებული. როდესაც მანქანა დაიძრა და გარკვეული მანძილი გაიარა, ოთანაძეს, ამირიძეს და კრიალაშვილს ცეცხლი გაუხსნეს.

მეორე ვერსიით, გია კრიალაშვილი მანქანაში საერთოდ არ იყო და შემთხვევის ადგილზე უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს.

თავად კობა ოთანაძე შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ასე იხსენებს:

"გავიგონე, რომ შემთხვევის ადგილზე მოსულ მერაბიშვილს ჩემი ლიკვიდაციის შესახებ მოახსენეს. მაგრამ როგორც კი დაინახეს, ცოცხალი ვიყავი (მახსოვს, ამ დროს მხარი ვიცვალე), ვიღაცამ თქვა, - ეს ის კაცია, რკინის მანეთიანებს თითებით რომ ღუნავსო, შემდეგ ის ვიღაც მომიახლოვდა და 4 ტყვია კიდევ მესროლა. მანქანიდან რომ გადმოგვყარეს, გია კრიალაშვილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ხოლო ლევან ამირიძე მძიმედ იყო დაჭრილი".

კობა ოთანაძე

საქმეში ჩახედულნი ამბობენ, რომ თიანეთის გზატკეცილზე სპეცოპერაცია კრიალაშვილის სალიკვიდაციოდ დაიგეგმა. კრიალაშვილის ოჯახის წევრები საქმის ობიექტურ გამოძიებას ახლა ახალ ხელისუფლებას სთხოვენ.

2010 წლის 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ კობა ოთანაძეს მუხროვანის ამბოხში მონაწილეობისა და სამშობლოს ღალატისთვის 28 წელი, ლევან ამირიძეს ასევე 28 წელი, ხოლო შოთა (მამუკა) გორგიაშვილს - 19 წელი მიუსაჯა, კობა კობალაძე კი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მუხროვანის ამბოხის მონაწილეები ამჟამად გათავისუფლებულები არიან და ამ ამბოხის ობიექტური გამოძიების იმედი აქვთ...