ორი ტყვია ანუ ნუგზარ საჯაიას სიკვდილის გაუხმაურებელი დეტალები - კვირის პალიტრა

ორი ტყვია ანუ ნუგზარ საჯაიას სიკვდილის გაუხმაურებელი დეტალები

"თუ ვინმეს სურდა ნუგზარ საჯაიას მოშორება, ეს ზურაბ ჟვანია იყო"

"დღეს, როდესაც აქტუალური გახდა წარსულში გახმაურებულ დანაშაულთა, მათ შორის - მკვლელობების თავიდან გამოძიების საკითხი, რატომღაც არავინ არაფერს ამბობს შევარდნაძის პოლიტიკური რეჟიმის დროს უშიშროების საბჭოს მდივნის ნუგზარ საჯაიას მკვლელობის შესახებ. ალბათ, იფიქრებთ, რომ რაღაც მეშლება და საჯაია კი არ მოკლეს, თავი მოიკლა. ეს იყო ბრწყინვალედ დადგმული დრამა, საჯაია მოკლეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მას ორი ტყვია ჰქონდა დახლილი, რაც გამოძიებამ დამალა. მიუკერძოებელი ძიების შემთხვევაში მკვლელობა დადასტურდება. მკვლელის ან შემკვეთის ვინაობის დადგენის შემდეგ კი შესაძლოა, ნათელი მოეფინოს კიდევ არაერთ ცნობილ პოლიტიკურ მკვლელობას. მათ შორის, თუნდაც შევარდნაძის ფონდის ხელმძღვანელ სოლიკო ხაბეიშვილის ლიკვიდაციას, გასული საუკუნის ბოლოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, დვალიშვილის შსს-ში დაკითხვის დასრულების შემდეგ ასევე ვითომ თვითმკვლელობის ამბავს და თვით ზურაბ ჟვანიას იდუმალებით მოცულ სიკვდილს. პოლიტიკური ფიგურები თავს ისე იოლად არ იკლავენ, როგორც საქართველოში გვარწმუნებენ".

ზ.ნ. თქვენი ერთგული მკითხველი

რედაქციაში ამ წერილის მოსვლიდან მალევე, სრულიად სხვა თემაზე საუბრისას, ანალიტიკოსმა გიორგი კუჭავამ გაკვრით ახსენა, რომ მის ოჯახს ახლო ურთიერთობა ჰქონდა უშიშროების საბჭოს მდივან ნუგზარ საჯაიასთან - წლების განმავლობაში მეგობრობდა ბაბუამისთან, კომუნისტური რეჟიმის ერთ-ერთ მაღალჩინოსან მიტროფანე კუჭავასთან. ცოტა ხანს გიორგი კუჭავას თავადაც ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა ნუგზარ საჯაიასთან. ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ ის დაგვთანხმდა, შევარდნაძის "მარჯვენა ხელის"  იდუმალებით მოცულ გარდაცვალებასთან დაკავშირებული ვარაუდი გამოეთქვა.

"შესაძლოა, ამის გამო, სულ მცირე, ენაზე კბილის დაჭერის შესახებ გაფრთხილება მივიღო, მაგრამ ვფიქრობ, ჩემ გარდა სხვებსაც აქვთ ვერსიები საჯაიას მკვლელობასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ჩემს მოსაზრებებს სხვა, უკეთ ინფორმირებული ადამიანი გამოეხმაურება და გაამყარებს", - გვითხრა გიორგი კუჭავამ, რომელსაც ნუგზარ საჯაიას მკვლელობის შესახებ ვერსიები ზურაბ ჟვანიას გუნდთან დაახლოებული ერთ-ერთი ქალბატონისთვის გაუნდვია, რასაც მეორე საღამოს ალექსანდრეს ბაღში მკაცრი გაფრთხილება მოჰყვა - მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, თან დაურეკეს და გააფრთხილეს, თუ ენას კბილს არ დააჭერ, ტყვია აღარ აგცდებაო.

2002 წელს, როდესაც ნუგზარ საჯაია გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, გიორგი კუჭავა სახელმწიფო კანცელარიის პოლიტიკური პარტიების განყოფილების რეფერენტად მუშაობდა. სიკვდილამდე ორი დღით ადრე უშიშროების საბჭოს მდივანმა ახალგაზრდა რეფერენტი კაბინეტში დაიბარა, ექვსი საათი ესაუბრა სამომავლო გეგმებზე და თანამდებობა შესთავაზა, მოფიქრების დრო კი საბედისწერო ორშაბათამდე მისცა, იმ დღემდე, როცა ნუგზარ საჯაია გარდაცვლილი ნახეს თავის კაბინეტში.

გიორგი კუჭავა: - ის თავის მოკვლას არ აპირებდა. პირიქით, სერიოზული სამომავლო გეგმები ჰქონდა შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის. მითხრა, რომ 2005 წლის არჩევნებში შევარდნაძე მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა - პოსტზე მეტი ხნით დარჩენის სურვილი თავადაც აღარ აქვსო. მკითხა, დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში ვინ მიგაჩნია ამ პოსტისთვის უკონკურენტო კანდიდატურადო. იმ დროისთვის მოქალაქეთა კავშირში უკვე დაწყებული იყო დაპირისპირება. ახალგაზრდა რეფორმატორების, ჟვანია-სააკაშვილის გუნდი ძალაუფლებისთვის იბრძოდა, ამიტომაც ვუპასუხე, რომ ჟვანია ამ პოსტს სხვა გუნდს, თუნდაც შევარდნაძის კადრს, არ დაუთმობდა. ეს არ უნდა მოხდესო, მშვიდად, მაგრამ მტკიცედ თქვა ბატონმა ნუგზარმა. ჩემთვის ეს განცხადება იყო დასტური იმისა, რომ საჯაიასა და ჟვანიას შორის ძალაუფლებისთვის ნამდვილი ომი იყო გაჩაღებული. ამიტომაც ვემხრობი კულუარებში იმ დროისთვისაც გავრცელებულ აზრს, რომ თუ ვინმეს სურდა საჯაიას მოშორება, ეს ზურაბ ჟვანია იყო, რომელიც მიზანმიმართულ და ღია ბრძოლაზეც არ ამბობდა უარს.

- ვიდრე საჯაია-ჟვანიას დაპირისპირებაზე ისაუბრებთ, მითხარით, თუ იცით, რამდენი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი გარდაცვლილს?

- ორი. ეს ვიცი ოჯახის წევრებისგან, რომლებიც ამ თემაზე ერთმანეთთანაც კი არ ლაპარაკობენ და რა თქმა უნდა, პრესით რაიმე ინფორმაციის გაცხადების სასტიკი წინააღმდეგი არიან. მას შემდეგ, რაც თქვენთან საუბარს დავთანხმდი, საჯაიას ოჯახისგან სერიოზულ ზეწოლას განვიცდი, მათ არ სურთ, რამე დაიწეროს. მესმის მათი და მჯერა, რომ ასეთი სიფრთხილე დაშინების შედეგია. წარმოიდგინეთ, მათთვის ექსპერტიზის დასკვნაც არ მიუციათ, ისე დაარწმუნეს, რომ კაცმა, რომელმაც თურმე თვითმკვლელობა სცადა, ორი ტყვია დაიხალა თავში. ასეთი რამ არ ხდება, ასეთ სისულელეს ზეწოლის გარეშე არც ერთი ნამდვილი ექსპერტი არ მოაწერს ხელს. ამბობენ, რომ ამ ფაქტს ადასტურებს ერთ-ერთი პოლიციის მაღალჩინოსანიც, რომელიც შემთხვევის ადგილის მოკვლევაში მონაწილეობდა. თურმე ისიც წინააღმდეგია ხმამაღლა რამის თქმისა მარტივი მიზეზის გამო - დარწმუნებულია, რომ მკვლელები არსად წასულან, აქვე არიან და ნებისმიერ დროს შეძლებენ სახიფათო ინფორმაციის წყაროს "სამუდამოდ “დახშობას".

- თქვით, რომ საჯაიას მკვლელობა ჟვანიას დაკვეთილი გგონიათ. რის საფუძველზე ვარაუდობთ ამას?

- ალექსანდრეს ბაღში ტყვია მას შემდეგ მესროლეს, რაც სწორედ ჟვანიას გუნდთან დაახლოებულ პირს ვედავე საჯაიას მკვლელობის ამბავზე. მან ინფორმაცია მიიტანა იქ, სადაც ამის გაგონება არ ესიამოვნათ და თავიანთი განწყობაც გამოხატეს. იქნებ ვინმემ გულუბრყვილოდ მკითხოს, რატომ პოლიცია არ გამოიძახე, საქმე რომ აღძრულიყოო? ვიმედოვნებ, გაიხსენებთ, ბოლო 9 წელი ვინ მართავდა ქვეყანას. ნუგზარ საჯაია ფლობდა ძალაუფლებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს იარაღს - ინფორმაციას ყველასა და ყველაფრის შესახებ. ჩემთან საუბარში თქვა კიდეც, ისეთი მასალები გვაქვს, თუ მოვინდომებთ, წუთებში გავანადგურებთ ჟვანიას ბანაკსო. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც თავად ჟვანია სხვადასხვა საშუალებებითY ავრცელებდა დეზინფორმაციას ნუგზარ საჯაიას სექსუალური ორიენტაციის შესახებ.

ამ დეზინფორმაციას დეპუტატ ბორის კაკუბავას პირით ავრცელებდა, რომელსაც ფარულად მფარველობდა (ეს ის ბორის კაკუბავაა, რომელსაც პროკურატურა რაღაც დანაშაულზე ედავებოდა და მისი სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მოითხოვდა. მოუხსნეს კიდეც, რის შემდეგაც მოსკოვში გაიქცა და მანამ არ დაბრუნდა, ვიდრე იმუნიტეტი არ აღუდგინეს. ეს ჟვანიას გარეშე ვერ მოხდებოდა. ის იყო მოლაპარაკების დიდოსტატი, შეეძლო ყველაზე რადიკალურად განწყობილი ძალაც კი დაეყოლიებინა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ პროკურატურამ კაკუბავას დევნა სწორედ ჟვანიას ჩარევის შემდეგ შეწყვიტა). ამავეს ამტკიცებდა ჟვანიას მართული "რუსთავი 2"-იც. სამი თვის განმავლობაში ატრიალებდნენ ამ ინფორმაციას ეთერით. ბოლოს ერთ-ერთ გაზეთშიც დაწერეს, რომ ნუგზარ საჯაიას არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია ჰქონდა. ეს თითქოს დამთხვევა იყო. სინამდვილეში კი ყველაფერი შესანიშნავად მოიფიქრა ვიღაცამ. საზოგადოების ცნობიერებაში უნდა განმტკიცებულიყო მოსაზრება, რომ საჯაიას რაღაც ჰქონდა დასამალი, რისი მხილების გამოც ნერვებმა უმტყუნა და თავი მოიკლა. დაინტერესებული მხარე გამოიყენებდა იმ ფაქტსაც, რომ თავის დროზე თავი მოიკლეს საჯაიას მამამ და უფროსმა ძმამ. სიტუაციის გასამძაფრებლად, ორშაბათს, თვითმკვლელობის ადგილზე - კაბინეტში, მაგიდაზე იქნებოდა გაზეთი საბედისწერო სტატიით. ერთი შეხედვით საინტერესო დეტექტივია, სინამდვილეში კი ამ ყველაფრის უკან ძალიან ცუდი რამ იმალება. ჟვანიაზეც ამბობდნენ, ცისფერიაო, მაგრამ ამის გამო თავი არ მოუკლავს და საერთოდ, ასეთი დეზინფორმაციის, ან თუნდაც სიმართლის გახმაურების გამო თავს არავინ იკლავს, მით უფრო ისეთი ძლიერი პერსონა, როგორიც იყო ნუგზარ საჯაია.

ჟვანია-სააკაშვილის გუნდისთვის, რომელსაც სურდა ძალაუფლების განმტკიცება, ნუგზარ საჯაია ხელის შემშლელი იყო სწორედ იმით, რომ ბევრი რამ იცოდა, ამასთან, ყველა მნიშვნელოვან თანამდებობაზე ძირითადად უშიშროების საბჭოს, ანუ საჯაიას კადრები ინიშნებოდა. ახალგაზრდა რეფორმატორები განსაკუთრებით ებრძოდნენ იმ ძალებს, პიროვნებებს და ფინანსურ ორგანიზაციებს, რომელთაც მათი გვერდის ავლით შეეძლოთ, კავშირი ჰქონოდათ შევარდნაძესთან. ამ შემთხვევაში შევარდნაძის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა ნუგზარ საჯაია, რომელიც ყველაზე ძნელად გასანეიტრალებელი იყო იმითაც, რომ ყველგან თავისი ხალხი ჰყავდა დასაქმებული. ამიტომაც დაპირისპირებულმა ძალამ დაიწყო იმავე მეთოდით ბრძოლა - თავიანთი ხალხის ძალოვან და სპეცსტრუქტურებში ჩანერგვა. ჟვანია ასე ცდილობდა გაევრცელებინა პოლიტიკური რვაფეხას საცეცები. ცხადია, ასეთი საცეცი ჩანერგილი ეყოლებოდა უშიშროების საბჭოშიც, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი ყოფილიყო საჯაიასთან უპრობლემოდ შესვლა, თუნდაც მოსაკლავად. ერთხელ ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში ედუარდ შევარდნაძე იყო სტუმრად.

დავრეკე და პირდაპირ ეთერში ვკითხე, რას იტყვით ვერსიაზე, რომ საჯაია ჟვანიამ მოაკვლევინა-მეთქი? მიმიკის დიდოსტატ შევარდნაძეს წამიერად შეეცვალა სახე, შემდეგ კი თქვა, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. Mმან საჯაიას გარდაცვალებიდან მალევე განაცხადა, რომ ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ მისი ძალაუფლება დაასუსტა. არ გამიკვირდება, ერთ დღეს გავიგო, რომ ვინც საჯაია მოკლა, მასვე მოაკვლევინეს ჟვანია და მეტიც - სისტემა, რომელიც მან შექმნა ძალაუფლების განსამტკიცებლად, მის წინააღმდეგ გამოიყენეს. სხვათა შორის, მახსენდება ვალერი გელბახიანის ვერსია, რომ ჟვანიას დიდი ოდენობით ფული ჰქონდა გადამალული ოპოზიციური გუნდის შესაქმნელად და მოწაფეებმა ეს ვერ აპატიეს. ფაქტია, ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორები აღმოჩნდნენ ის ძალა, რომელიც საკუთარი მიზნების მისაღწევად არაფერს თაკილობს. ეროვნულ მოძრაობაში ხალხი მოდიოდა იდეალებით, ჟვანია-სააკაშვილის რეფორმატორები კი საკუთარი მიზნების მისაღწევად მოვიდნენ. გადახედეთ, რა მდგომარეობაში არიან ისინი, ვინც მართლაც ეროვნული მიზნებით მოდიოდა პოლიტიკაში - ისინი დახოცეს ან მორალურად გაანადგურეს ისე, რომ წელში გამართვა ვერ შესძლებოდათ. რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჟვანიას გუნდი ოპოზიციაში წავიდა და სადეპუტატო პრივილეგიები დაკარგა, პარლამენტში ყური მოვკარი ჩემ წინ მიმავალი ბარამიძე-მერაბიშვილის დიალოგს, როგორ "ტეხავს", მანქანა რომ არ გვემსახურებაო. სამწუხაროდ, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ძლაუფლებისა და პრივილეგიებისთვის, სოციალური სტატუსისთვის ყველას გაწირავენ.