"უნდა მეღიარებინა, თითქოს 2000 კაცით თბილისში ხელისუფლების დასამხობად მოვდიოდი" - კვირის პალიტრა

"უნდა მეღიარებინა, თითქოს 2000 კაცით თბილისში ხელისუფლების დასამხობად მოვდიოდი"

ინტერვიუ პოლიტპატიმართან

პოლიტპატიმრად აღიარებული გენერლის საქმის გაუხმაურებელი დეტალები

"მხარში ჩხვლეტა ვიგრძენი, რამდენიმე წუთში საშინლად მოვითენთე"

"რაც ჩვენ გადავიტანეთ, ამის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია"

სამხედრო გენერალი, "ავაზის" ყოფილი მეთაური ტრისტან წითელაშვილი 2008 წლის აგვისტოდან პატიმარია. მისი ადვოკატის, ლალი აფციაურის თქმით, გენერალი ხელისუფლებამ იმიტომ დააკავა, რომ აგვისტოს ომზე ბევრ ინფორმაციას ფლობდა. ისიც იცოდნენ, რომ არ გაჩუმდებოდა... წითელაშვილი ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვა-მოხმარების ბრალდებით გაასამართლეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პატიმარს, წნეხის მიუხედავად, უკან არ დაუხევია და უდანაშაულობის დასამტკიცებლად, დღემდე იბრძვის. მისი საჩივარი სტრასბურგშიც არის გაგზავნილი.

ტრისტან წითელაშვილი პარლამენტმა პოლიტპატიმრად აღიარა, ადვოკატი კი ახალაღმოჩენილი გარემოებით, საქმის ხელახალ განხილვას ითხოვს, - წითელაშვილის ყოფილი ადვოკატი მაჩიტიძე და რამდენიმე მოწმე ადასტურებენ, რომ იგი 26 და არა 28 აგვისტოს დააკავეს, როგორც ეს საქმის მასალებშია ასახული.

გენერალი ტრისტან წითელაშვილი ამჟამად სასჯელს ე. წ. მატროსოვის ციხეში იხდის. "კვირის პალიტრასთან" იგი დაკავების დეტალებზე საუბრობს:

- 2008 წლის 26 აგვისტოს შინ საღამოს 8 საათზე დავბრუნდი, რადგან ბავშვები მარტო იყვნენ. ერთ საათში ქალიშვილმა, მარიამმა მითხრა, მამა, ჩვენი სახლის წინ შეიარაღებული პირები დგანან და გკითხულობენო. ფანჯარაში გადავიხედე, მართლაც იდგნენ, რამდენიმე ვიცანი, სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომლები იყვნენ. ერთ-ერთმა, დაჩიმ, მთხოვა, კარი გამეღო, საუბარი გვინდაო. 15 კაცი შემოვიდა. დაჩიმ მითხრა, ჩვენ შს სამინისტროს კონტრდაზვერვის სამსახურიდან ვართ, ხელმძღვანელობას თქვენთან საუბარი სურს და გთხოვ, გამოგვყევიო. ისიც მკითხა, იარაღი ხომ არა გაქვსო. იარაღი მაქვს და ყველა ჩემს სახელზეა რეგისტრირებული-მეთქი. წარვუდგინე იარაღები და მისი დამადასტურებელი საბუთებიც. პირადობის მოწმობა და მობილური ტელეფონიც მომთხოვეს. ისიც მივეცი. ამის მერე გაყოლა მთხოვეს. ვუთხარი, ბავშვებს მარტო ვერ დავტოვებ, არასრულწლოვნები არიან, ერთი ავად მყავს, მომეცით ტელეფონი და ჩემს მეუღლეს დავუკავშირდები-მეთქი. არ დამარეკვინეს, ჩამსვეს მანქანაში და მოდულის შენობაში წამიყვანეს. იქ უკანა ეზოდან შემიყვანეს. შესასვლელში მორიგემ ჩემი ჟურნალში გატარება მოითხოვა. ჩვენიანია, არ არის საჭიროო, უთხრეს და ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე ვინმე ლევან ტაბიძის კაბინეტში აღმოვჩნდი. ტაბიძე ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო.

მის კაბინეტში რამდენიმე კაცი დამხვდა, შეყვანისთანავე შემომესივნენ და მითხრეს, რასაც გეტყვით, ყველაფერზე გვიპასუხე, ოღონდ პასუხი დადებითი უნდა იყოსო. ამ დროს ლევან ტაბიძე ფეხზე წამოდგა, ხელკეტი ეჭირა. მითხრა, თუ გაჯიუტდები, ამ ხელკეტით თავს გაგიტეხო... რამდენიმე თანამშრომელი შეკითხვებს მისვამდა, ვინ არის მორისი და რა ურთიერთობა გაქვს მასთანო? საერთოდ არ ვიცნობ-მეთქი. მერე ტაბიძემ მკითხა, ახლა თქვი, სახელმწიფო გადატრიალება ვისთან ერთად გინდოდაო. გაკვირვებულმა შევხედე, ასეთი რამ აზრადაც არ მომსვლია-მეთქი. ამის შემდეგ ტაბიძემ განკარგულება გასცა და ოთახში ჩემთან დასაპირისპირებლად ტარიელ თოდაძე შემოიყვანეს.

- თოდაძეს იცნობდით?

- დიახ, თოდაძე გორში, სამხედრო სარემონტო ბაზის უსაფრთხოების უფროსად მყავდა დანიშნული. ახლა მოჰყევი, როგორ გავალებდა შენი უფროსი ხალხის შეგროვებასა და თბილისში წასვლასო. გაკვირვებულმა შევხედე, სახე სულ დასისხლიანებული ჰქონდა, ეტყობოდა, მაგრად იყო ნაცემი, პასუხის გაცემა უჭირდა და ცოტა ხანს ჩუმად იდგა.

მერე ერთ-ერთმა თავში ხელი წამოარტყა, დაგავიწყდა, რაც უნდა თქვაო? თოდაძეს ვუთხარი, ტარიელ, სიმართლე თქვი, იცოდე, არ მოიტყუო-მეთქი. თოდაძემ თავი ვეღარ შეიკავა და წამოიყვირა, მეტი აღარ შემიძლია, ცემაში ამომხადეს სულიო...

ამ სიტყვების შემდეგ სასწრაფოდ გაიყვანეს ოთახიდან. მე მეორე კაბინეტში შემიყვანეს, სადაც გენერალი შალვა ჟღენტი დამხვდა. მითხრა, ტრისტან, ხელმძღვანელობას შენთან რაღაც საკითხების გარკვევა აინტერესებს, იცოდე, ყველაფერი შენზეა დამოკიდებულიო. ამის შემდეგ ჟღენტის კაბინეტიდან კიდევ სხვა ოთახში გადამიყვანეს, სადაც პოლკოვნიკი გულად ცერცვაძე შემოვიდა. ადრე ვიცნობდი, ჩვენთან მუშაობდა სამხედრო კონტრდაზვერვაში და ჩემი თავი მას ჩააბარეს. ცოტა ხანში ისევ ტაბიძის ოთახში აღმოვჩნდი. იქ კი უკვე სამი ახალგაზრდა დამხვდა და მითხრეს, ემზარ კვიციანი შენთან რამდენი კაცით უნდა შემოერთებულიყოო.

- სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობას გედავებოდნენ?

- იმ საქმესთან ჩემი დაკავშირება უნდოდათ. ვუთხარი, ასეთი რამ გამორიცხულია, კვიციანი საერთოდ არ მინახავს, არც ის ვიცი, სად არის-მეთქი. მითხრეს, რასაც ჩვენ გეტყვით, იმას გააკეთებ და თუ ასე არ მოიქცევი, შენისთანებისთვის მოგვივლიაო?! ვუთხარი, სამხედრო პირი ვარ, არაფრის მეშინია-მეთქი. ამ დროს ტაბიძემ შეურაცხყოფა მომაყენა, ვეღარ მოვითმინე და სკამი ვესროლე. უცბად მის კაბინეტში თანამშრომლები შემოცვივდნენ, იატაკზე დამაწვინეს, ხელები უკან გადამიგრიხეს და ხელბორკილები დამადეს. 10 წუთი იატაკზე გაუნძრევლად ვიწექი, ამ დროს მხარში ჩხვლეტა ვიგრძენი, შემდეგ წამომაყენეს და სკამზე დამსვეს.

რამდენიმე წუთში საშინლად მოვითენთე. თვალები დამებინდა, ირგვლივ ყველაფერი თეთრად ჩანდა. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. შემდეგ სხვა ოთახში გადამიყვანეს, სადაც ორი ზედამხედველი დამიყენეს. ისე ვიყავი, თავს ვერ ვაკონტროლებდი, გონებას ვკარგავდი, დროდადრო ცუდად ვხდებოდი. გარკვეული დროის შემდეგ კვლავ ლევან ტაბიძის კაბინეტში შემიყვანეს. მითხრა, დაფიქრდი, თუ ისე მოიქცევი, როგორც ჩვენ გვინდა, ყველაფერი კარგად იქნება, შენი ბედი შენზეა დამოკიდებული, თუ კარგი ცხოვრება გინდა, გააკეთე ის, რასაც გეტყვითო და ორი ახალგაზრდა გამოიძახა. უთხრა, ძალიან ჯიუტობს და არა მგონია, რამე გამოვიდესო. ტაბიძის კაბინეტიდან იმ ხალხმა გამომიყვანა და სადღაც უცნაურ ოთახში შემიყვანეს.

- იქ რა ხდებოდა?

- პირდაპირ მითხრეს,  სულ 10 წუთით გვჭირდები ტელეკამერების წინ და ამის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნებაო.

შემომთავაზეს გეგმა, რა უნდა მეთქვა. ტექსტი ასეთი იყო:  თითქოს გორში 1500-2000 მებრძოლამდე მყავდა შეიარაღებული, დასავლეთიდან 2000 მებრძოლით ემზარ კვიციანი შემომიერთდებოდა და თბილისში ხელისუფლების დასამხობად მოვდიოდით,

ხოლო პოლიტიკურ ფონს ლეიბორისტები, ირაკლი ბათიაშვილი, გოგა ხაინდრავა, ასევე მოსკოვიდან ჩამოსული ვიღაც იოსებ უღრელიძე ქმნიდნენ. რა თქმა უნდა, ჩემგან კატეგორიული უარი მიიღეს. დაახლოებით ღამის 4 საათი იქნებოდა, ოთახში სამი კარგად ნავარჯიშები ბიჭი რომ შემოვიდა და ეზოში ჩამიყვანეს, "ემელის" მარკის ავტომანქანაში ჩამსვეს და ისევ უკანა ეზოდან გამიყვანეს. მალე ვაჟა-ფშაველას ბოლოში, რაღაც დანგრეულ შენობასთან აღმოვჩნდი. როდესაც მანქანის შუქმა მიანათა ნანგრევებს, იქიდან ვიღაცები გამოვიდნენ, დარაჯები იქნებოდნენ ან შეიძლება მაწანწალები აფარებდნენ იქაურობას თავს.

მძღოლი მანქანიდან გადავიდა და ვიღაცას ტელეფონით ესაუბრა, უთხრა, აქ ვიღაცები არიანო, მივხვდი, რაღაცას მიპირებდნენ. ჩემ გვერდით მჯდომი შეიარაღებული იყო და მისთვის იარაღის წართმევა დავაპირე, მაგრამ მაშინვე მივხვდი, შეუძლებელი იქნებოდა, რადგან მას იარაღი ქამრით ჰქონდა მიბმული. სიმართლე გითხრათ, შებრძოლების თავიც არ მქონდა, იმ ნემსის შემდეგ ცუდად ვიყავი. მძღოლი ისევ საჭეს მიუჯდა და უკან წამოვედით. ისევ უკანა ეზოდან, ისევ მოდულის შენობაში დამაბრუნეს. ერთ-ერთ ოთახში ამიყვანეს და სკამზე დამსვეს. ორი თანამშრომელი მდარაჯობდა. მთელი ღამე ასე გავათენე და მეორე დღის, 27 აგვისტოს, 14 საათამდე სკამზე ვიჯექი, მერე ისევ ტაბიძესთან შემიყვანეს.

მითხრა, ვინაიდან ჩვენთან მეგობრობა არ ისურვე, რამდენიმე წლით ციხეში ჩაგსვამთო. სიბინძურე ცხოვრებაში არ გამიკეთებია და არც ახლა ვაპირებ-მეთქი, ვუპასუხე. ჰოდა, კარგად იყავიო.

28  აგვისტო დგებოდა, დაახლოებით ღამის 1 საათი იქნებოდა, ოთახიდან ისევ ეზოში რომ ჩამიყვანეს, ერთ-ერთ თანამშრომელს ხელში ჩემი მობილური ეჭირა, ამ დროს ეზოში მუხროვანის ბატალიონის ყოფილ მეთაურს (ზემოხსენებული იოსებ უღრელიძის ბიძაშვილს. - ავტ.), კობა უღრელიძეს შევხვდი, რომელსაც თავი ბინტით ჰქონდა შეხვეული. ვკითხე, აქ როგორ აღმოჩნდი, რა გჭირს თავზე-მეთქი. მითხრა, შინიდან წამომიყვანეს და თავი ტაბიძემ გამიტეხა, ხელკეტი ჩამარტყაო. მერე ორივე "ემელის" ტიპის ავტომანქანაში ჩაგვსვეს და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ მანქანიდან გადმოგვყარეს. უცებ მეორე ავტომანქანა მოვარდა, გადმოხტნენ სოდ-ის თანამშრომლები (სოდ-ის წარწერიანი ჟილეტები ეცვათ), ისევ მოდულში დაგვაბრუნეს, ამჯერად შენობაში უკვე წინა მხრიდან შეგვიყვანეს, რეგისტრაციაში გაგვატარეს და გამომძიებლის ოთახში აღმოვჩნდით. გამოგვიცხადეს, რომ დაკავებული ვიყავით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა, მოხმარების ბრალდებით. ცოტა ხნის შემდეგ წყალი ვითხოვე, ძალიან ცუდად ვიყავი. დაახლოებით 10 წუთში ნაბეღლავის ბოთლით წყალი მომიტანეს და ფაიფურის ჭიქით დამალევინეს. 10 წუთი არ იქნებოდა გასული, გული ამიჩქარდა და ღებინება დამაწყებინა, ამის შემდეგ მანქანაში ჩამსვეს და ნარკოლოგიურში გადამიყვანეს. ექსპერტიზის დასკვნაში უკვე ეწერა, რომ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი, იქიდან ისევ მოდულში დამაბრუნეს და შემდეგ იზოლატორში გადამიყვანეს.

- აგვისტოს ომის დროს გორში რა ფუნქციით იყავით ჩასული?

- მე პროფესიონალი სამხედრო გენერალი ვარ.

7 აგვისტოს გორის ბაზა საომარი მოქმედებების დაწყების გამო გავაძლიერე, 8 აგვისტოს ჩემს თანამშრომლებთან ერთად ჩავედი იქ. ქაოსი იყო, ყველაფერი არაორგანიზებული გახლდათ, სრული პანიკა სუფევდა. არ იყო ევაკუირებული მშვიდობიანი მოსახლეობა, არ იყო შექმნილი თავდაცვითი ზღუდეები. ბრიგადებსა და ბატალიონებს მიმართულებები არ ჰქონდათ, არ იყო შექმნილი მცირე ტაქტიკური ჯგუფები. ჯარი უმეთაუროდ იყო დარჩენილი.

რეზერვისტები მეთაურებმა მიატოვეს, ბრძანების გამცემი არავინ იყო. ერთადერთი, რაც შევძელი, მოსახლეობას ბავშვებისა და ქალების ევაკუაციაში ვეხმარებოდი. მოვითხოვეთ, ვეტერანებისთვის იარაღი დაერიგებინათ, მაგრამ განაცხადეს, არ გენდობითო, ამანაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. უამრავი დარღვევა იყო, რომლის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. აქედან გამომდინარე მოხდა ის უბედურება...

ქალბატონი ნინო ბექურიძე სამხედრო ექიმად მუშაობდა, როცა მომავალი მეუღლე,  ტრისტან წითელაშვილი გაიცნო, მაშინ  "ავაზის" მეთაური დაჭრილი მიიყვანეს სამხედრო ჰოსპიტალში.

- სამაჩაბლოს ომში გულმკერდის არეში დაჭრილი მოიყვანეს. ძალიან მძიმედ იყო. სამი თვის შემდეგ აფხაზეთის ომში მიდიოდა. გამიკვირდა, ასე მძიმედ დაჭრილი ომში როგორ აპირებდა წასვლას. ჭრილობა სტკიოდა, მაგრამ მაინც წავიდა. ტრისტანი მუდამ ქვეყნის სადარაჯოზე იდგა. ბოლო დროს უშიშროების დაცვის სამსახური ჩამოაყალიბა და სამხედრო ბაზებს საქართველოს მასშტაბით მისი კერძო დაცვა იცავდა, მათ შორის გორის სამხედრო ბაზასაც. ფრონტის ხაზზე ყოფნა ისედაც ეკუთვნოდა და, ბუნებრივია, აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა.

ტრისტანის დაკავების შემდეგ, ბოლო 4 წელი ჩვენს სახლთან მუდმივად იდგნენ უცნობი პირები და გვაკონტროლებდნენ. ტრისტანი რომ დაიჭირეს, იმ წელს ბავშვები ბორჯომში ძიძასთან ერთად ჩავიყვანე. მეორე საღამოს ძიძა ეზოში სარეცხს ფენდა, უცხო მამაკაცი მიუახლოვდა და ჰკითხა, წითელაშვილებთან ხარო? მანაც დაუდასტურა. ის კაცი კი ძიძას ყელში სწვდა და ახრჩობდა, მერე ხელზე რაღაც დაუსვა, მკლავზე დაზიანება ჰქონდა, დაკაწრული იყო. ძიძამ როგორღაც თავი დააღწია მოძალადეს და შინ შემოვარდა. ძალიან შევშინდით, პოლიცია და სასწრაფო გამოვიძახეთ. იმ საღამოს ავტომატით შეიარაღებული კაცი გვიცავდა. მერე სახლს გისოსები გავუკეთეთ. ძიძა მეორე დილით თბილისში წამოვიდა და მას შემდეგ თვალით აღარ მინახავს. საშინელი სტრესის ქვეშ ვიყავით, ტელეფონები ისმინებოდა... ერთმა ახლობელმა ტრისტანს ციხის ბარათზე ფული გადაურიცხა და ის ბიჭი ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს, ახლახან გამოვიდა ციხიდან.  ყველგან დამყვებოდნენ, ერთი მანქანა სახლთან იდგა.

2 ოქტომბერს იმ იმედით გავიღვიძე, რომ 4-წლიანი შიშის კანკალი დასრულდა. მივხვდი, ჩემს შვილს არ დაიჭერენ, ძიძას არ დამიხრჩობენ-მეთქი... ტრისტანი ციხეში უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ზოგჯერ ციხიდან დაურეკავს, მანდ ხომ მშვიდობა გაქვთო. ვიცოდი, საშიშროება გველოდა... ემზარ კვიციანთან 5-6 წელი ურთიერთობა არ ჰქონია, ისინი კიევის აკადემიიდან იცნობდნენ ერთმანეთს.

- ქალბატონო ნინო, სამსახურიდან წამოსვლა გაიძულეს?

- ტრისტანის დაკავებიდან ორი წლის შემდეგ გადავწყვიტე სამსახურიდან წამოსვლა. ვიფიქრე, სანამ გამაგდებდნენ ან დამიჭერენ, ჯობს წავიდე-მეთქი.

ჩემი მეუღლე პოლიტიკური პატიმარია, ეს სტატუსი კომისიამ 4 წლის წინ მიანიჭა, ახლა პარლამენტმაც აღიარა პოლიტპატიმრად. მთელი ოჯახი ველოდებით მის გათავისუფლებას. ძალიან ბევრი გადავიტანეთ, ამის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია.

თეა ხურცილავა