"სამართლის მაძიებელი" ცოლი... - კვირის პალიტრა

"სამართლის მაძიებელი" ცოლი...

ყოფილი გამომძიებელი, მიხეილ ჩოგოვაძე ერთ-ერთ კრიმინალურ ამბავს იხსენებს:

- არ დავაზუსტებ, რა თანამდებობა ეკავა მამაკაცს, რომელიც მოკლული დაგვხვდა შემთხვევის ადგილზე მისულებს. არ მინდა, იცნონ და ხელახლა მივაყენო ტკივილი მის შვილებს, რომლებისთვისაც ორმაგი ტრაგედია აღმოჩნდა სიმართლე...

50 წლის მამაკაცი ხელებითა და ფეხებით მიებათ საწოლის თავებზე. პირიც აეკრათ, მერე კი საძილე არტერია გადაეჭრათ და სისხლისგან დაცლილიყო. რომ მივედით, ცოლი იყო მის ცხედარზე გადამხობილი და გარდაცვლილის სისხლში ამოთხვრილი, საზარელი ხმით მოთქვამდა...

დავით გეწაძისთვის (აქაც და შემდგომშიც გვარ-სახელები შეცვლილია) თამარ ირემაძე მეორე ცოლი იყო. ოთხი წლის წინ შეუღლებულიყვნენ, მაგრამ საერთო შვილი არ ჰყავდათ. პირველ ცოლთან კი სამი შვილი ჰყავდა დავითს, რომლებიც სიცოცხლეს ერჩია და ბევრს გაუკვირდა კიდეც, მამამ ისინი არცთუ ისე კარგი რეპუტაციის მქონე ირემაძის ქალის გამო რომ მიატოვა...

გეწაძე ერთ-ერთი საწარმოს მთავარი ბუღალტერი იყო და იმდენ ფულს "ათეთრებდა", ღამე კარგა ხანს ვერ იძინებდა დაჭერის შიშით. ჭკვიანი კაცი გახლდათ და იცოდა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოსთვის მოპარული ფულის მეტი წილი დირექტორისა და მისი მოადგილის ჯიბეში მიდიოდა, რამე რომ მომხდარიყო, ციხეში მხოლოდ ის ამოყოფდა თავს. ამიტომ დაისახა მიზნად, რადაც უნდა დასჯდომოდა, დირექტორის თანამდებობა თავად დაეკავებინა. ამიტომაც თავისი "წილი" ფულით მაშინვე ძვირფასი სახლის მშენებლობა ან მანქანის შეძენა კი არ უფიქრია, სხვადასხვა ინსტანციაში ირბინა ქრთამებით და ყველა დაარწმუნა, რომ ძველ დირექტორზე მეტად გულუხვი და დამფასებელი იყო "კეთილისმყოფელებისა"... სამ წელიწადში მიაღწია იმას, რომ ძველი დირექტორი მოახსნევინა და მისი ადგილი დაიჭირა... ბუღალტრად კი თამარ ირემაძე მოიყვანა, თავისი თანაკურსელი და მასზე უიმედოდ შეყვარებული სტუდენტობის დროიდან. თავის დროზე მისი ცოლად მოყვანა არც უფიქრია, რადგან სხვა უყვარდა ბავშვობიდან - თავისი სკოლელი, რომელმაც ექიმობა აირჩია და ჩააბარა კიდევაც სამედიცინო ინსტიტუტში. ნუნუ ქათამაძე სხვასაც ბევრს უყვარდა და ამიტომ მოიტაცა მაშინ, როცა გოგო 20 წლისაც არ იყო, თვითონ კი 23 წლისა გახდა იმ გაზაფხულზე...

შვილები რომ შეეძინათ, კარგა ხანს მშობლები უზრდიდნენ. მესამე კი გვიან გააჩინეს, როცა აღარც ცხოვრება უჭირდათ და გალაღებულებიც იყვნენ ფუფუნებით...

ცოლ-ქმარს ერთმანეთი უყვარდა და ვერავინ წარმოიდგენდა მათ დაშორებას, მაგრამ ეს სწორედ მაშინ მოხდა, როცა წესით კაცს ყველაზე ნაკლებად აქვს ხოლმე ცხოვრების თავიდან დაწყების სურვილი.

თამარ ირემაძემ დავითის დაქორწინების ამბავი რომ შეიტყო, მის ჯიბრზე ისიც გათხოვდა, მაგრამ მალე დაენგრა ოჯახი. ნაჩქარევად არჩეული ქმარი ვერ შეიყვარა... მერე კი, საყვარელიც გაიჩინა... მასთან არც იყო "გაშორებული", დავით გეწაძემ რომ შესთავაზა თავისი საწარმოს მთავარი ბუღალტრის თანამდებობა და ისიც დაუფიქრებლად დასთანხმდა...

...როგორც იქნა, ავაგლიჯეთ ქმრის ცხედარს თამარ ირემაძე და ვთხოვეთ, თავი მოეწესრიგებინა, რომ როგორმე ჩვენება მოეცა.

სიგარეტს მოუკიდა და გრძელი ნაფაზი დაარტყა.

- მიუხედავად იმისა, რომ გათხოვილიც ვიყავი და საყვარელიც მყავდა, მხოლოდ დათო იყო ჩემი ერთადერთი სიყვარული.

სამუშაოს ადრეც მთავაზობდა. შეგიძლიათ გაიკითხოთ და მიხვდებით რატომაც - ჩემზე ძლიერი კურსზე არავინ იყო. წითელი დიპლომი ავიღე და კათედრაზეც მტოვებდნენ, მაგრამ მეცნიერება არ მიზიდავდა. სანამ ახალგაზრდა ვიყავი, დათოს შემოთავაზებაზე უარს ვეუბნებოდი. მერე კი, ასაკში რომ შევედით და ისევ ძველებურად მიყვარდა, დავთმე: თუ მისი სიყვარულის ღირსი ვერ გავხდები, ახლოს მაინც ვიქნებით-მეთქი.

...რომ ვერ წარმოვიდგენდი, მაშინ შევუყვარდი. თვითონაც გაოგნებული იყო:

- ცოლიც მიყვარს, მაგრამ შენში სულ სხვა რამ დავინახეო, - გამომიტყდა.

გავჯიუტდი და თავიდან ახლოს არ გავიკარე:

- ამით მაინც დაგსჯი, რომ შენი საყვარელი არ გავხდები და თავს საბოლოოდ არ დაგამცირებინებ-მეთქი!..

ერთ მშვენიერ დღეს კი გამომიცხადა, რომ მზად იყო, ოჯახი დაენგრია და ჩემთან გადმოსულიყო საცხოვრებლად... არ ვუჯერებდი, მაგრამ როცა ცოლს განქორწინება მოსთხოვა, მივხვდი, გულწრფელი იყო...

ჩვენ მას შემდეგ დავიწყეთ ერთად ცხოვრება, რაც განქორწინებას მიაღწია.

- ცოლს როგორი რეაქცია ჰქონდა?

- რა თქმა უნდა, გამაოგნებელი! ორჯერ მომივარდა და მეზობლების თანდასწრებით მლანძღა. მერე ქვები დაუშინა ჩემი სახლის ფანჯრებს და სულ დალეწა. დათომ არ დაუშვა, თორემ პოლიცია შეესწრო ამ ამბავს და იჭერდნენ... მერე დაშოშმინდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დათოს ინფარქტი მოუვიდა და შეშინებულმა ანდერძი დაწერა, რომლის მიხედვითაც თავის უძრავ-მოძრავ ქონებას სამ შვილს უტოვებდა. არც მე და არც პირველ ცოლს არაფერი გვარგუნა.

- ალბათ გეწყინათ?

- არა, თუ დამიჯერებთ, არ მწყენია. მითხრა, ჩემი ცოლყოფილი არაფრის ღირსი არ არის, ჩვენ კი ბევრად მეტ ქონებას ვიშოვით ერთადო! მართალიც იყო. არაფერი მჭირდა საიმისო, მის შვილებს არ შევცილებოდი. ეს სახლიც ჩემია, მანქანაც მყავს, ფულიც მაქვს და, რაც მთავარია, საიმედო სამსახური...

- ცოლი რატომ ჩათვალა უღირსად?!

- ყველაფერი რომ სცადა ჩვენს გასამწარებლად და ვერ დაგვაშორა, მერე ის წამოაძახა დათოს: კაცი რომ გეგონა თავი, საყვარელი შენს ხელშიც მყავდა და ახლაც არ მაკლებს სიყვარულსო. გაიკითხა და აღმოჩნდა, რომ ცოლი მართლა ღალატობდა, ძალიან ეწყინა და ამიტომ დატოვა ცარიელი...

- ცოლის საყვარლის ვინაობა გაგიმხილათ?

- არა და არც ჩავძიებივარ, ძალზე მტკივნეული იყო მისთვის ამ თემაზე საუბარი...

ამ დროს ეზოში ჩოჩქოლი ატყდა. კივილის ხმა მოგვესმა და სასტუმრო ოთახში ქალი შემოვარდა, რომელსაც უკან პოლიციელები მოსდევდნენ:

- ვერ დავაკავეთო, - მითხრა ერთ-ერთმა, რომლისთვისაც გაკაპასებულ ქალს ლოყა ჩამოეკაწრა.

გარდაცვლილის პირველი ცოლი აღმოჩნდა - ნუნუ ქათამაძე. საძინებელში შევარდა, სადაც ზეწარგადაფარებული მისი ქმარყოფილი ესვენა და ცხედარს მოეხვია:

- ხომ გაფრთხილებდი, რომ ამ კახპას მხოლოდ ფული აინტერესებდა შენი და ისე არაფერში სჭირდებოდი, სასიკვდილოდაც გაგიმეტა, როცა მშრალზე დარჩა!..

ამის შემდეგ სასტუმრო ოთახში გამოვარდა და შუაში რომ არ ჩავდგომოდით, თამარს თმით ითრევდა ალბათ...

მერე კი პირდაპირ დასდო ქმარყოფილის მკვლელობაში ბრალი:

- ანდერძის შესახებ რომ გაიგო, დიდი ჩხუბი ჰქონდათ...

- თქვენ საიდან იცით?! - ჩაეკითხა ჩემი თანაშემწე.

- დავითი ჩემთან მოვიდა და მოინანია: ახლა ვხვდები, ვინც ყოფილა და ვისში გაგცვალეო... როცა ვაპატიე, მითხრა, რომ თუ ოჯახში დაბრუნების ნებას მივცემდი, მიატოვებდა ამ კახპას...

- რა სისულელეა?! - წამოპილპილდა თამარ ირემაძე.

- იქნებ ისიც სისულელეა, რომ დაემუქრე, შენს თავს მეორედ მხოლოდ სიკვდილს თუ დავუთმობო?!

- არ დაიჯეროთ! - კიდევ უფრო დაიბნა თამარი, ნუნუ კი შეტევაზე გადავიდა, - ქვეყანას შევძრავ და მაინც დავადგენ სიმართლეს. აქ თუ არა, მოსკოვამდე ჩავალო, ჩვენც დაგვემუქრა (მაშინ ისევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით)!

...მკვლელობის დღეს გეწაძე და ირემაძე ამ უკანასკნელის მეგობრის შვილის ქორწილში იყვნენ. გეწაძემ თავი შეუძლოდ იგრძნო და მალე წამოვიდა. ირემაძე შინ ნაშუაღამევს დაბრუნდა. საძინებელში შუქი არ ენთო, როცა შეიხედა და საბანწაფარებული ქმარი დაინახა, ჩათვალა, რომ ეძინა. გამოიცვალა და სააბაზანოში შევიდა შხაპის მისაღებად. მოესმა, რომ დერეფანში ვიღაცამ გაიარა. იფიქრა, გაეღვიძაო და გასძახა. როცა პასუხი ვერ მიიღო, ბანაობა უცებ დაამთავრა და საძინებელში შესულმა სინათლე აანთო. სწორედ მაშინ დაინახა სისხლი...

გამოძიების პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ ანდერძის დაწერის შემდეგ გეწაძე ნოტარიუსთან მისულა მეორე ცოლთან ერთად და უკითხავს, შეიძლებოდა თუ არა ანდერძში უმნიშვნელო შესწორებების შეტანა? როცა დადებითი პასუხი მიუღია, ცოლისთვის უთქვამს, როცა საბოლოოდ შევთანხმდებით, მაშინ მივიდეთო!..

ბუნებრივია, თამარს ვკითხეთ, რა ცვლილებებზე იყო ლაპარაკი.

- მე ბავშვის გაჩენა აღარ შემეძლო და რადგან დედობა ძალიან მინდოდა, სხვისი ბავშვის აყვანა თვითონ გადაწყვიტა დათომ. ერთი სტუდენტი გოგონაა ფეხმძიმედ. ოჯახში ვერ ამხელს და თანახმაა, მოგვყიდოსო. ერთხანს თავს ვიკავებდი, - პატარები აღარა ვართ და რამე რომ მოგვივიდეს, ვის იმედზე დავტოვოთ-მეთქი! მოკლედ, იმ მუცლადმყოფი ბავშვის ჩაწერა უნდოდა თანაბარუფლებიან მემკვიდრედ, მაგრამ ვერ მოასწრო...

...რომ მოესწრო ანდერძის შეცვლა, კიდევ უფრო გასაგები გახდებოდა მისი მკვლელობის მოტივი. ახლა კი დავიბენი და გამოძიება ჩიხში შევიდა. მკვლელობის ადგილზე უცხო ანაბეჭდები ვერ ვიპოვეთ, ვერც მკვლელობის იარაღი. მკვლელი აშკარად გამოცდილი ჩანდა და ფრთხილად მოქმედებდა. სარეცხის თოკიც კი წინასწარ მოემზადებინა მსხვერპლის დასაბმელად და სავარაუდოდ, ხელთათმანიც ეკეთა...

მკვლელი ან მკვლელობის შემკვეთი შეიძლებოდა პირველი ცოლიც ყოფილიყო და მეორეც...

ამ დროს გამოჩნდა საინტერესო მოწმე. ის ნუნუ ქათამაძის მეზობელი აღმოჩნდა, რომელმაც ანონიმურად მოგვაწოდა ინფორმაცია: - დავითი კარგი კაცი იყო, კარგი მეზობელი. რამდენჯერ ფული მისესხებია და უკან არც გამოურთმევია, რომ იცოდა, მიჭირდა... ნუნუ კი მას არაკაცთან ღალატობდა. ერთხელ შემთხვევით მოვკარი ყური, როგორ ელაპარაკებოდა ვიღაცას ტელეფონზე: ჯერ არაა საჭირო მისი თავიდან მოშორება, არაფერში გვიშლის ხელსო და ქმრის სახელი ახსენა... ალბათ უნდა მეთქვა დავითისთვის, მაგრამ ვერ გავბედე, მოვერიდე მისთვის გულის ტკენას... მერე დავუდარაჯდი და ნუნუს საყვარლის ვინაობაც დავადგინე...

მეზობელმა ცნობილი ყაჩაღის გვარი გვითხრა, რომელსაც მკვლელობა ედებოდა ბრალად, მაგრამ ვერ დავუმტკიცეთ... მაინც საკმაო ხნის პატიმრობა მიუსაჯეს. წესით, ახლაც ციხეში უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვადამდე ადრე გამოუშვიათ ვითომ ჯანმრთელობაშერყეული...

გეწაძე დაასაფლავეს. ნუნუმ და მისმა შვილებმა თამარი პანაშვიდებზეც არ მიუშვეს, - მკვლელს აქ რა უნდაო!

ნუნუს სახლზე მეთვალყურეობა დავაწესეთ. უმცროს ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა. უფროსი გათხოვილი ჰყავდა. ვაჟი კი მოსკოვში ცხოვრობდა და მამის დაკრძალვის შემდეგ უკან გაემგზავრა...

საყვარელი მასთან არ მისულა. პირიქით, ნუნუ გამოვიდა ერთხელ ნაშუაღამევს შინიდან და ჩვენც გავყევით. სასტუმროში შევიდა და უპრობლემოდ გაატარა მორიგემ...

საყვარლებს საწოლში დავადექით თავზე და ბრალი წავუყენეთ. ქალი უფრო ადვილად გატყდა: ნოტარიუსი მისი მეგობრის ქმარი გახლდათ და მისგან გაიგო, რომ დავითმა ანდერძის შეცვლა გადაწყვიტა, რამაც საბოლოოდ დააკარგვინა მოთმინების უნარი... იცოდა, იმ დღეს მარტო რომ დაბრუნდა შინ დავითი, ქორწილშიც ჰყავდა ინფორმაციის მიმწოდებელი და გადაწყვიტა, ეს შანსი არ გაეშვა ხელიდან. მის სახლში ფანჯრიდან შეიპარნენ. ცნობილ კრიმინალს წინასწარ დაეზვერა ყველაფერი... მძინარეს დაადგნენ თავზე და სანამ მოკლავდნენ, სეიფი გაახსნევინეს, რომლის არსებობის შესახებ თამარს წარმოდგენაც არ ჰქონდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, საკმაოდ სოლიდური თანხა გაიტანეს...

- მე თამარის მოკვლაც მინდოდა, შინ რომ დაბრუნდა, კიდევ იქ ვიყავით და შემეძლო მისთვისაც გამოგვეჭრა ყელი, როცა აბაზანაში იყო, მაგრამ შალვამ (მკვლელმა) დამარწმუნა, რომ აჯობებდა ცოცხალი დამეტოვებინა, რომ მერე მკვლელობა მისთვის დამებრალებინა და ციხეში ამომელპო. ძალიან მომინდა ასე ცოცხლად გამეტანჯა და ამიტომ აღარ მოვაკვლევინეო...

მკვლელი ცნობილი იქნა დამნაშავედ და მას 15 წელი მიუსაჯეს, ნუნუ ქათამაძეს კი 12... სიმართლის გარკვევის შემდეგ შვილებმა დედაზე უარი თქვეს და ერთხელაც არ მოსულან სასამართლოს სხდომაზე...