შემზარავი სიმართლე... რვა წლის შემდეგ - კვირის პალიტრა

შემზარავი სიმართლე... რვა წლის შემდეგ

ქალაქში საზარელი დანაშაული მოხდა. ზრდასრულმა მამაკაცმა 9 წლის გოგონა გააუპატიურა და მოკლა. ის იმავე დღეს დააკავეს. სადისტი თამაზ ძოწენიძე აღმოჩნდა, რომელიც უიმედოდ იყო მოსწავლეობისას იზო მაჩაიძეზე შეყვარებული და როცა თავის დროზე ამის შესახებ გვითხრეს, არც გვიცდია მისი მოძებნა. კი გავიკითხეთ და გვითხრეს, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, რუსეთში დარჩაო, მაგრამ ხომ შეგვეძლო გადამოწმება!

ყოფილი გამომძიებელი, ბატონი ბიძინა მეტრეველი იხსენებს:

- 24 წლის იზო მაჩაიძე (აქაც და შემდგომშიც გვარ-სახელები შეცვლილია) თავისი ქორწილის წინ, ერთი კვირით ადრე გაუჩინარდა. ქალიშვილი რომ შინ არ დაბრუნდა, ბუნებრივია, მშობლებმა მის საქმროს - 27 წლის თენგიზ ივანაშვილს მიაკითხეს. შინ არც თენგიზი დახვედრიათ. სასიძოს ოჯახის წევრებმა მომავალი მძახლები შეიპატიჟეს:

- თენგიზმა გვითხრა, რომ ორ მეგობართან ერთად სანადიროდ მიდიოდა და ხვალ საღამომდე არც ველოდებით. ვითომ არ დაელოდნენ ქორწილს ჩვენი შვილები და გაიპარნენ?! - მხიარულადაც კი შეხვდნენ ამ ამბავს. მხოლოდ იზოს დედა, თინათინი იყო უგუნებოდ.

- მე ისე არ გამიზრდია შვილი, რომ გაპარულიყო. ან რა სჭირდა საამისო. სანამ არ ვნახავ, ვერ მოვისვენებ. ახლა კი მირჩევნია შინ წავიდეთ და თუ რამეს გაიგებთ, მაშინვე შეგვატყობინეთო.

თუმცა სიმშვიდე ვერც შინ იპოვა თინათინ მაჩაიძემ. გული დარდისგან ლამის გასკდომოდა. წაუტირა კიდევაც, რის გამოც ქმარმა უსაყვედურა:

- ქორწილის მოლოდინში ტირილი ვინ გაიგონა, ბავშვს ყვავივით დასჩხავი. ადექი, ჩაიცვი და აგარაკზე წავიდეთ, მოსავლელია იქაურობა, ქორწილი ხომ იქ უნდა გადავიხადოთო.

სანამ გურამი მანქანას ქალაქგარეთ მდებარე აგარაკის ეზოში შეიყვანდა, თინათინი ვერანდაზე ავიდა. საიდუმლო ნიშაში დატოვებულ გასაღებს დაუწყო ძებნა და რომ არ დახვდა, ქმარს გასძახა:

- გასაღები არ დევს ადგილზე, შენ აიღე?

- მე საიდან ავიღებდი, შენთან ერთად არ მოვედი?! - შეშფოთებული ავარდა გურამი აივანზე და კარი მოსინჯა, რომელიც მაშინვე დაემორჩილა და შემკრთალმა უკან დაიხია. - ღიაა, მგონი, დაუპატიჟებელი სტუმრები გვეწვივნენ!

კარღია საძინებელში შესულ უბედურ მშობლებს საზარელი სანახაობა დახვდათ: დანით ყელგამოჭრილი მათი ქალიშვილი დედიშობილა ეგდო საწოლზე, მის გვერდით კი - ასევე დედიშობილა, პირქვე დამხობილი მამაკაცი. გურამი დარწმუნებული იყო, რომ ეს მისი სასიძო იქნებოდა, მაგრამ შეცდა. კაცს, რომელსაც ასევე ყელი ჰქონდა გამოჭრილი, გურამი პირველად ხედავდა...

თინათინმა ერთი კი შეყვირა და გონება დაკარგა. თავზარდაცემული გურამი გარეთ გამოვარდა და მეზობლებს საშველად უხმო...

სანამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და გამომძიებლები მოვიდოდნენ, გურამმა მეზობლისგან ისეთი რამ შეიტყო, ლამის სისხლი ჩაექცა ტვინში:

- იზო ხშირად დადიოდა აქ ვიღაც ბიჭთან ერთად. ერთი-ორჯერ ღამითაც დარჩნენ. არ მოგვეწონა, რადგან ხალხს სალაპარაკო მიეცა, მაგრამ ვერ გაგიბედეთ თქმა... მერე კი გავიგეთ, რომ ქორწინდებოდნენ. ბოლოს ერთი კვირის წინ იყვნენ ამოსულები და აღარ დამალულან, გაგვაცნო კიდეც თავისი საქმრო. სახელიც მახსოვს, თენგიზი...

მეზობელმა ყელგამოჭრილ მამაკაცს რომ დახედა, შეცბა:

- არა, ეს არ არის ის, ვინც საქმროდ გაგვაცნო. კი ჭორაობდნენ ქალები, რომ სხვადასხვა კაცი ამოჰყავდა, მაგრამ...

ამის გამგონე თინათინს ხელახლა წაუვიდა გული, მაგრამ ქმარს აღარ შესცოდებია:

- სულიც გაგძრობია ასეთი შვილის გამზრდელსო!

...როცა ადგილზე მისულები საქმის ვითარებას გავეცანით, პირველი, რაც ვიფიქრეთ, ის იყო, რომ მკვლელობა თენგიზ ივანაშვილმა ჩაიდინა მას შემდეგ, რაც საცოლეს უცხო მამაკაცთან შეუსწრო. ჩვენი ეჭვი იმანაც გაამძაფრა, რომ ისინი, ვისთან ერთადაც თენგიზი სანადიროდ უნდა წასულიყო, ქალაქში ვიპოვეთ.

- ამინდი აირია და ბოლო მომენტში გადავიფიქრეთ სანადიროდ წასვლა. თენგიზს გული დასწყდა - იმ კვირაში ქორწილი მაქვს და ნადირობისთვის სადღა მეცლება, ახლა მინდოდა გული მეჯერებინაო... არ ვიცით, სად წავიდა, მაგრამ თუ სანადიროდ მარტო წასვლა გადაწყვიტა, ჩვენს გამცილებელს ეცოდინება, იქაური კაცია - შაქრო ძნელაძე, იმის გარეშე არ შევდიოდით ტყეში! - მოგვცეს მისამართი და ჩვენც მაშინვე გავემგზავრეთ...

შაქრომ დაგვიდასტურა, რომ თენგიზ ივანაშვილმა მართლა ჩააკითხა გუშინ დილით, მაგრამ მას შემდეგ, რაც აუხსნა, რომ ცუდ ამინდში (იმ დღეს კოკისპირულად წვიმდა) ტყეში შესვლას აზრი არ ჰქონდა, უკანვე გამობრუნდა.

- სად უნდა წასულიყო? - იკითხა ოპერმუშაკმა და დასძინა, - როგორც ჩანს, ვიღაცამ გააგებინა, რომ საცოლე ღალატობდა და აგარაკზე წავიდა. მერე კი ორივე მოკლა, თვითონ კი მიიმალა...

თენგიზ ივანაშვილზე ძებნა გამოვაცხადეთ.

ამასობაში ექსპერტიზის ბიუროდან მივიღეთ დასკვნა, რომ სიკვდილამდე იზო მაჩაიძე გაუპატიურებული იყო, თუმცა ერთი თვის ფეხმძიმეც კი იყო, რაც შეიძლება თვითონ არც სცოდნოდა...

თენგიზი მესამე საღამოს გამოჩნდა, რაც მაშინვე შეგვატყობინა მის სახლთან მოდარაჯე პოლიციელმა და ოპერატიულად დავადექით თავზე. გამოცვლაც კი ვერ მოესწრო, რადგან მშობლებს იზოს სიკვდილის ამბავი უკვე ეთქვათ და ისიც, რომ მთავარი ეჭვმიტანილი თვითონვე იყო...

- რა სისულელეა, რისთვის უნდა მომეკლა! არც ის მჯერა, რომ მიღალატა. ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი...

თენგიზმა ისიც აღიარა, რომ მას და იზოს ინტიმური კავშირი თითქმის წელიწადზე მეტია ჰქონდათ და აგარაკზეც ხშირად დადიოდნენ, იქ უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობდით თავსო...

თენგიზს ხელი დანით ჰქონდა გაჭრილი და ვიღაცას ზეწრის ნახევით შეეხვია. ესეც საეჭვოდ მივიჩნიეთ, რაზეც ასეთი ჩვენება მოგვცა:

- როცა ნადირობა ჩაიშალა, არ მინდოდა შინ დაბრუნება. ამიტომ ჩემს ნათესავებთან წავედი. გაუხარდათ ჩემი დანახვა. წინასწარ აღვნიშნეთ ჩემი დაოჯახება. ცხვარი დავკალით და გატყავებისას ხელი გავიჭერი. თუ დაჰკითხავთ, დაადასტურებენ...

ივანაშვილის მასპინძლებმა მისი ნათქვამი დაადასტურეს.

ამასობაში ყელგამოჭრილი მამაკაცის ვინაობაც დავადგინეთ: ის 27 წლის მალხაზ ტყაბლაძე აღმოჩნდა, რომელსაც ჯერ კიდევ სკოლაში მოსწონდა იზო მაჩაიძე, მაგრამ ამის შესახებ არც მაჩაიძის მშობლებმა იცოდნენ რამე და არც იზოს ახლო მეგობრებმა:

- არასოდეს გაგვიგია, რომ იზოსა და მალხაზს შორის რაიმე იყო. აი, მალხაზის თანაკლასელ თამაზ ძოწენიძეს კი სიგიჟემდე უყვარდა იზო, ამის გამო დავცინოდით კიდეც საცოდავს. რაღაცნაირი ტიპია, - მუდამ მოუწესრიგებელი, ცოტათი ჭკუასუსტიც...

მალხაზ ტყაბლაძე ცოლშვილიანი აღმოჩნდა. ოჯახში უსიამოვნება ჰქონია და მის ცოლს არც გაჰკვირვებია ქმრის ასეთი აღსასრული, თითქოს არც დიდად განუცდია:

- ჩვენი ოჯახი მაინც დანგრევის პირას იყო! მალხაზი უსაქმური იყო, სულ ლოთობდა, მცემდა კიდეც...

ტყაბლაძე ნასამართლევიც აღმოჩნდა. ციხეში ორი წელი გაეტარებინა ქურდობისთვის. ვისაც კი მის შესახებ ვკითხეთ, ყველამ გაიკვირვა, იზო მაჩაიძე თავს არ გაუყადრებდაო. კვალმა ისევ მოკლულის საქმროსთან მიგვიყვანა, რადგან მკვლელობის ადგილზე ბევრგან აღმოვაჩინეთ მისი თითის ანაბეჭდი დაწყებული კარის სახელურიდან, დამთავრებული წყლიანი გრაფინით. თენგიზს არც უარუყვია, რომ მკვლელობის წინა დღეებშიც იმყოფებოდა იზოსთან ერთად აგარაკზე, მაგრამ არავინ მოუსმინა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეზოს უკანა ნაწილში აღმოჩენილი მკვლელობის იარაღი - მონადირის დანა, ივანაშვილის საკუთრება აღმოჩნდა, ტარზე მისი ინიციალებით...

ჩემმა თანაშემწემ კი გამოთქვა ეჭვი, რომ ჭკუათამყოფელი კაცი ასე აშკარა სამხილს ეზოში არ დააგდებდაო. გულში მეც დავეთანხმე, მაგრამ როცა თენგიზ ივანაშვილმა ვერ გაიხსენა, როგორ და რა ვითარებაში დაკარგა დანა, მეტიც, დარწმუნებული იყო, მანქანაში ედო. ბევრი ფიქრით თავი არ გაგვიცხელებია და ეჭვიანობის ნიადაგზე ორი კაცის მკვლელობაში წავუყენეთ ბრალი. მის წინააღმდეგ მისცა ჩვენება მაჩაიძის მამამაც და მკვლელის სასტიკად დასჯა მოითხოვა...

იმის გათვალისწინებით, რომ მკვლელობა ღალატის ნიადაგზე მოხდა და სასამართლომ გაითვალისწინა ივანაშვილის აფექტური მდგომარეობა მკვლელობის მომენტში, მას მხოლოდ 13 წელი მიუსაჯეს და აქედან 8 წელი მოიხადა კიდევაც...

8 წლის შემდეგ კი...

ქალაქში საზარელი დანაშაული მოხდა. ზრდასრულმა მამაკაცმა 9 წლის გოგონა გააუპატიურა და მოკლა. ის იმავე დღეს დააკავეს. სადისტი თამაზ ძოწენიძე აღმოჩნდა, რომელიც უიმედოდ იყო მოსწავლეობისას იზო მაჩაიძეზე შეყვარებული და როცა თავის დროზე ამის შესახებ გვითხრეს, არც გვიცდია მისი მოძებნა. კი გავიკითხეთ და გვითხრეს, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, რუსეთში დარჩაო, მაგრამ ხომ შეგვეძლო გადამოწმება!

მოკლედ, მცირეწლოვნის გაუპატიურება-მკვლელობისთვის თამაზ ძოწენიძეს დახვრეტა მიუსაჯეს და რადგან ამის შემდეგ მისთვის ყველაფერი სულერთი გახდა - იზო მაჩაიძისა და თავისი თანაკლასელის მალხაზ ტყაბლაძის მკვლელობაც აღიარა:

- იზო ბავშვობიდან მიყვარდა... ის სერიოზულად არასოდეს მიყურებდა, მაგრამ მაინც არ დამიკარგავს იმედი... სწორედ მალხაზმა შემატყობინა რუსეთში, რომ იზოს ხვდებოდა და მისი საყვარელიც გახდა. ამან ისე გამამწარა, გადავწყვიტე, შური მეძია. ჩამოვედი, ვიცოდი, რომ იზო და მალხაზი აგარაკზე იყვნენ და თავზე დავადექი... ადრე იზო ცოლობაზე უარს მეუბნებოდა, ჩემგან ძვირფას საჩუქრებს კი იღებდა: დედისეული საქორწინო ბეჭედიც მას ვაჩუქე. მოსკოვიდანაც გამოვუგზავნე ოქროს სამკაულები...

აგარაკზე რომ დავადექი, გაუკვირდა. რას იფიქრებდა, თუ სასიკვდილოდ გავიმეტებდი. არადა, რომ წარმოვიდგინე, რა დღეში იქნებოდა იმ საძინებელში არაერთ მამაკაცთან ერთად ჩემი სათაყვანებელი ქალი, გონება გადამეკეტა... ტყაბლაძე ოთახში ჩავკეტე, იზოს კი მივვარდი და გავაუპატიურე. კიოდა, მემუქრებოდა! გამწარებულმა თავი ვერ დავიმორჩილე და ყელი გამოვჭერი. ცოტა ხანში ტყაბლაძეც გამოვათრიე ჩაკეტილი ოთახიდან და ისიც ზედ დავაკალი... ტყაბლაძე უსუსური, უნებისყოფო ბიჭი იყო. ცოცხალი რომ დამეტოვებინა, უცებ დაფქვავდა სიმართლეს. მე იმავე ღამეს დავტოვე საქართველო. რაც შეეხება ივანაშვილის სანადირო დანას, სრულიად შემთხვევით ჩაგვივარდა ხელში, იზოს ედო ჩანთაში, საიდან და როგორ, ეგ აღარ ვიცი, არ დავინტერესებულვარ. ფაქტია, რომ როცა გაუპატიურება დავუპირე, ჩანთას დასწვდა და დანის ამოღება დააპირა, ყელს გამოგჭრიო და ამან უფრო გამაცოფა...

ძოწენიძე დანაშაულს არ ნანობდა. არასრულწლოვნის გაუპატიურება-მკვლელობაც მაჩაიძეს «აჰკიდა»: მისი ბრალი იყო, რომ ქალი შემძულდა და არც ცოლის შერთვა მიფიქრია... რუსეთშიც შემომაკვდა ერთი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი და რომ არ დაგეჭირეთ, ალბათ კიდევ ბევრს მოვკლავდიო...

ძოწენიძეს დახვრეტა მიუსაჯეს...