როგორ უმუხთლეს ჩეჩნებმა მამა ბასილს - კვირის პალიტრა

როგორ უმუხთლეს ჩეჩნებმა მამა ბასილს

"ამას არავის შევარჩენთ, შვილო, მაგის ჯანი კიდევ შერჩენილი გვაქვს. აღარც ერს ინდობენ და აღარც ბერს. დავირაზმებით და კუდით ქვას ვასროლინებთ ამ არაკაცებს, მღვდელზე კაცი ხელს რომ ასწევს, ის აღარ უნდა დაინდო. რა მნიშვნელობა აქვს, ქართველი იქნება, ჩეჩენი თუ რუსი, პოლიციელი თუ კრიმინალი."

შიო პაპა, ახმეტა, 2001 წ, ნოემბერი

"ჩვენ უკვე დავადგინეთ ეს ჯგუფი (ბერების გამტაცებლები. - ავტ.). ჯერჯერობით ინფორმაციის დაკონკრეტება არ შეიძლება, რადგან ჩვენი უწყება გარკვეულ ღონისძიებებს გეგმავს. ვიმედოვნებთ, მძევლებს მალე გავათავისუფლებთ."

კობა ნარჩემაშვილი, შს მინისტრი, 2001 წლის დეკემბერი

"იმ დროისთვის პანკისში რამდენიმე ჯგუფი შეიქმნა შამილის (ბასაევის. - ავტ.), გელაევის, ჰუსეინ ისაბაევის და ძმები ახმედოვების. საომარი მოქმედებების დაწყება ან ვინმეს მოშორება შამილის ჯგუფს ევალებოდა, ადამიანთა გატაცებაზე ახმედოვების ჯგუფი მუშაობდა, არასასურველი ადამიანების საიდუმლო მკვლელობებისთვის კი  ისაბაევის ჯგუფს იყენებდნენ. ამ ჯგუფების უკან საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრი და კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსი გია გაბუნია იდგნენ."

ხიზრი ალდამოვი, 2010 წ.

2001 წლის იანვარში ჩეჩენი საველე მეთაურის, რუსლან გელაევის მცირერიცხოვანმა შეიარაღებულმა რაზმმა, რომელსაც რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმები ფეხდაფეხ მოჰყვებოდნენ, საქართველოს საზღვარი გადმოლახა. გელაევს გამცილებელი არ ახლდა, ამიტომ ორი დღის შემდეგ გათოშილი, მშიერ-მწყურვალი ჯგუფი შემთხვევით ბორბალოს მთის ძირში განდეგილი ბერების სადგომს მიადგა (იქ ე.წ. ფინურ სახლში ქართველი ბერები 90-იანი წლებიდან ცხოვრობდნენ), სადაც იმ დროს მამა ბასილი მაჩიტაძე (არქიმანდრიტი, სხვადასხვა დროს ჯვრის, ზედაზნის და ქვათახევის მონასტრების წინამძღვარი), ბერი ტახნილი (ხაჩიძე) და 4 მორჩილი იმყოფებოდნენ.

ბერებმა გაჭირვებაში ჩავარდნილი მეომრები შეიფარეს, გაათბეს, დააპურეს. საუბრისას საველე მეთაურმა თქვა, რუსებთან ბოლო შეტაკებისას ორი მეომარი მძიმედ დამეჭრა და იძულებული გავხდი, გზაში დამეტოვებინა, რადგან დაჭრილების ტარება რაზმს სწრაფად გადაადგილებაში ხელს უშლიდაო. მამა ბასილიმ დაჭრილთა სავარაუდო ადგილსამყოფელი გამოიკითხა. ბერები ბილიკ-ბილიკ მივიდნენ იმ ადგილამდე. როგორც მოგვიანებით გადარჩენილები იხსენებდნენ, ერთ მათგანს მოყინვისგან სიკვდილი ელოდა. მამა ბასილიმ კაბა გაიხადა, შიშველ მკერდზე მიიკრა დაჭრილი და ისე ატარა სადგომამდე. ჩეჩენმა მეომრებმა ბერებთან რამდენიმე დღე დაჰყვეს, პანკისის ხეობაში ჩამოსვლის წინ რუსლან გელაევს მასპინძლებისთვის უთქვამს, - მე არ ვიქნები ჭეშმარიტი მუსლიმანი, თუ ოდესმე დავივიწყო ქართველი ბერების ვაჟკაცობა და დიდი გულიო....

1999 წელს პუტინის ხელისუფლებამ  იჩქერიაში დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომელიც ისტორიაში "მეორე ჩეჩნური ომის" სახელწოდებით შევიდა და სანამ  რუსეთის მრავალათასიანი არმიის ალყაში მოქცეული გროზნოს ათასამდე დამცველი ქალაქის ჩაბარებას საკუთარი სიცოცხლის ფასადაც არ აპირებდა, საქართველოს საზღვრებს  ომს და სიკვდილს გამოქცეული ასობით ჩეჩენი ლტოლვილი მოაწყდა. ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ქალებთან და ბავშვებთან ერთად ქვეყანაში ადრე თუ გვიან, შეიარაღებული მეომრებიც გადმოვიდოდნენ და ამის გამო თავიდან თავს იკავებდა ლტოლვილებისთვის საზღვრის გახსნაზე, თუმცა, გაეროს და აშშ-ის ზეწოლის შედეგად, საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა,  ლტოლვილებისთვის კარი გაეღო.”მათი უმრავლესობა ქისტებით დასახლებულ პანკისის ხეობაში გადავიდა. სულ მალე კახეთის ეს პატარა ხეობა მძლავრ კრიმინალურ ანკლავად და პოლიტიკური თამაშების მოედნად იქცა.

2001 წლის 27 ოქტომბერს, საღამოს, ბერების სადგომს უცნობები მიადგნენ.

"პანკისის ხეობიდან ბორბალოს მთამდე გაუვალი ტყეებია. თუ ბილიკები არ იცი, ბერთა სადგომამდე მისვლას სამი დღე მაინც დასჭირდება. გამტაცებლები სწორედ ამდენი დღე მიდიოდნენ. ერთმა მათგანმა ფეხი იტკინა კიდეც. კელიაში რომ მივიდნენ, ბერებს სთხოვეს, გზა დაგვებნა და ღამე გაგვათევინეთო. მამა ბასილიმ სტუმრები მიიღო და დააპურა კიდეც. სანამ დაშავებული გამომჯობინდებოდა, ჩეჩნები ბერებთან იყვნენ, შემდეგ კი მამა ბასილის სთხოვეს, პანკისში მივდივართ და გზამდე მიგვიყვანეო. ჯგუფს ბერი ტახნილი და მამა ბასილი გაჰყვნენ. ორი დღის შემდეგ, 1-ელ ნოემბერს, ხეობის გზას მიაღწიეს. დამშვიდობებისას მოულოდნელად მამა ბასილის გამოუცხადეს, - გატაცებულები ხართო. ერთ-ერთმა, რომელიც, სავარაუდოდ, მამა ბასილის იცნობდა, - მოიბოდიშა, პირადული არაფერია, "ზაკაზია" თბილისიდანო(?!). შემდეგ ბერ ტახნილს მიუბრუნდნენ, - დაბრუნდი და მორჩილები წამოიყვანე. თუ დილით აქ არ იქნები, მამა ბასილის მოვკლავთო. სიტყვებით გადმოცემა იმისა, რაც შემდეგ ბერმა ტახნილმა გააკეთა, შეუძლებელია, ამას მხოლოდ თავგანწირული ადამიანი ჩაიდენდა - მძიმე გზას არ შეუდრკა, ერთ დღეში ავიდა კელიაში, მორჩილები წამოიყვანა და დათქმულ დროზე ეახლა ჩეჩნებს (როგორც ხეობაში ამბობენ, ერთხანს გამტაცებლები ფიქრობდნენ კიდეც, რომ ბერი არ დაბრუნდებოდა, - ავტ.).

ვახტანგი, მამა ბასილის სულიერი შვილი

მეორე დილით ხეობაში ხმა გავარდა - მამა ბასილი, ბერი ტახნილი, მორჩილი ზურა ქავთარაშვილი (წარმოშობით ქისტი) და კიდევ ერთი პანკისელი მორჩილი გაიტაცესო. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ საქართველოში ადამიანთა გატაცება უცხო ხილი არ იყო (ხალხს თბილისში ქუჩიდან იტაცებდნენ და ხეობაში გადაჰყავდათ), სასულიერო პირების გატაცებამ ქვეყანა აღაშფოთა.

"როგორც მაშინ გავიგეთ, ქართველ ბერებზე რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა. მათ გატაცებას თურმე ადრეც აპირებდნენ, არადა, ისინი არა მარტო ხეობის მოსახლეობას ეხმარებოდნენ, არამედ ბევრი ჩვენი ბიჭის სიცოცხლეც  გადაარჩინეს. მოგეხსენებათ, მაშინ ჩეჩნეთი პარტიზანულ ომში იყო ჩართული, ამიტომ ხეობის მთებში ხშირად შეხვდებოდით ჩეჩენ მეომართა ჯგუფებს, რომლებიც სულის მოსათქმელად საქართველოში გადმოდიოდნენ და ხშირად გზააბნეულებს სწორედ ქართველი ბერები პატრონობდნენ, საჭმელს და ტანსაცმელს აძლევდნენ, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც  მთაში თოვლი ორ მეტრამდე აღწევს... ამდენი ლტოლვილის (7 000 კაცი, - ავტ.) მიღება ხეობას ძალიან გაუჭირდა, ჰუმანიტარული დახმარების იმედად თითქმის ვშიმშილობდით. ჩემს სოფელს რომ შვეულმფრენი გადაუფრენდა, გული სიხარულით გვევსებოდა - ვიცოდით, მას ბერებთან სურსათ-სანოვაგე მიჰქონდა (მამა ბასილის სულიერი შვილები უგზავნიდნენ. - ავტ.), ე.ი. ხეობაში პური გაჩნდებოდა! მამა ბასილის და ბერებს თბილისიდან მათთვის გამოგზავნილი ფქვილი, შაქარი და სხვა სურსათი ჩამოჰქონდათ, ხალხს ურიგებდნენ, სამაგიეროდ არაფერს ითხოვდნენ. მახსოვს, ერთხელ ბერებს ძროხები გაუგზავნეს, მათ კი ჩვენთან ჩამოიყვანეს და გაჭირვებულ ოჯახებს აჩუქეს, - ბავშვებს რძე ექნებათო. ჩვენი რელიგიისანი არ იყვნენ, მაგრამ პანკისის ხეობის 14 ათასამდე მუსლიმანი ბორბალოს მთის ბერების სადგომს იმედით შეჰყურებდა. მათი გატაცების ამბავი რომ გავიგეთ, თავზარი დაგვეცა. ხეობელებს გამტაცებლების ვინაობა რომ სცოდნოდათ, საკუთარი ხელებით დაახრჩობდნენ”

სელიმი, სოფ. ბირკიანი

10 ნოემბერს რუსთავში მამა ბასილის ერთ-ერთი სულიერი შვილის,  ბესო ჯუღელის ტელეფონზე ზარი გაისმა - რეკავდნენ ბერების გამტაცებლები და გამოსასყიდს - ერთ მილიონ დოლარს ითხოვდნენ. ჯუღელს მეტი დამაჯერებლობისთვის ბერი ტახნილიც დაალაპარაკეს. საუბრისას ესმოდა, გამტაცებლები აიძულებდნენ ბერს, მხოლოდ რუსულად ესაუბრა, რაც, სავარაუდოდ, ნიშნავდა, რომ გამტაცებლებმა ქართული არ იცოდნენ (სწორედ ამ სატელეფონო ზარის შემდეგ გაჩნდა ეჭვი გატაცებაში "ჩეჩნური კვალის" შესახებ). როგორც ჩანს, გამტაცებლებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მამა ბასილის ფინანსურად ძლიერი სულიერი შვილები ჰყავდა, რომლებიც მოძღვრის გამოსახსნელად არაფერს დაიშურებდნენ, მეორე ვერსიით კი აქცენტი საპატრიარქოზე კეთდებოდა. როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, ბანდიტები მილიონს საქართველოს საპატრიარქოს, სთხოვდნენ. მეორე დღეს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ბერების გატაცება დაგმო და სამართალდამცავებს მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

"ჩემი ძმის ამბავი რომ გაიგეს, რუის-ურბნისის ეპარქიის წარმომადგენლები მატანში ჩავიდნენ. იქ პოლიციის ბლოკ- პოსტები იყო და ხეობაში არავის უშვებდნენ, სამართალდამცავებს ბერების ამბავი ჰკითხეს. რამდენიმე დღე დარჩნენ, მაგრამ იქ ყოფნას რა აზრი ჰქონდა! შემდეგ უკან დაბრუნდნენ. სახლში პროკურატურის წარმომადგენლები მოდიოდნენ, ჰქონდათ კითხვები, მათ შორის საკმაოდ უცნაური, ნარკოტიკებთან დაკავშირებით (ბერების ნარკობიზნესთან სავარაუდო კავშირის შესახებ პოლიცია გატაცების პირველივე დღიდან საუბრობდა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ნარკოტიკებთან გატაცებულებს საერთო არაფერი ჰქონდათ. -+ ავტ.), როდესაც გამომძიებლებმა ჩვენი სახლი ნახეს (საკმაოდ მოკრძალებულად ვცხოვრობთ, რაიმე ფასეულ ნივთს ვერ ნახავთ, ჩემს ძმას ყოველთვის ყველაფერი სხვებისთვის - გაჭირვებულებისთვის უნდოდა), დარწმუნდნენ, რომ ყოველივე მხოლოდ ბინძური ჭორი იყო. გვაიმედებდნენ - დღეს თუ ხვალ ყველაფერი გაირკვევა და ბერებს გაათავისუფლებენო”.

ვერიკო მაჩიტიძე,

მამა ბასილის და

1-ელ დეკემბერს ბერი ტახნილი და მორჩილები გაათავისუფლეს. ამ ფაქტს ხეობაშIი მოქმედი ყველა დაჯგუფება თავის გამარჯვებად თვლიდა, მათ შორის პოლიციაც. გათავისუფლებულები იხსენებდნენ: ბანდიტებმა ისინი სოფელ წინუბანში მიიყვანეს. იმ სახლში კიდევ ერთი მძევალი - აზიზ ხალილოვის მამა ჰყავდათ დამწყვდეული (თავიდან კრიმინალებმა აზიზ ხალილოვი მოიტაცეს, გატაცებისას ფეხში დაიჭრა, შემდეგ მათ შვილის სანაცვლოდ მამა ჩაბარდა, სანამ ოჯახი გამოსასყიდს იშოვიდა. - ავტ.). ბერებს შიმშილობა დაუწყიათ, მხოლოდ ლოცულობდნენ, რაც მცველებს აოცებდათ. ამის გამო ისინი რამდენჯერმე უცემიათ კიდეც, თუმცა, როცა მიმხვდარან, ვერაფერს გააწყობდნენ, თავი დაუნებებიათ. საქმეს ის ართულებდა, რომ არც გათავისუფლებულებმა იცოდნენ რამე გამტაცებელთა ვინაობის შესახებ და, რაც მთავარია, არც გატაცების მიზეზის შესახებ.

დრო გადიოდა და სამართალდამცავები მხოლოდ დაპირებებს იძლეოდნენ. მამა ბასილის სამეგობრომ გადაწყვიტა, დამოუკიდებლად ემოქმედა. თბილისში მოძებნეს შუამავალი რუსლან გელაევთან და მალე პანკისში საველე მეთაურს შეხვდნენ..

"გელაევი გულწრფელად იყო შეწუხებული მომხდარით და ამტკიცებდა, არც ერთ ჩემს ჯგუფს (ასეთი კი სამასი შეიარაღებული პირი იყო. - ავტ.) ამის ჩადენა არ შეეძლო, თუმცა ამ საქმეს მაინც გავარკვევ და დამნაშავეებს დავსჯიო; დაიმედებულები დავბრუნდით. ორიოდე კვირის შემდეგ გავიგეთ, რომ პანკისში, სოფელ დუისთან, მდინარე ალაზანში გელაევმა 4 კაცი მოაკვლევინა. ამბობდნენ, ისინი ბერების გატაცების უშუალო მონაწილენი იყვნენო. ჩანს, დანაპირები შეასრულა, ერთი მათგანი გადარჩა. თბილისში, საავადმყოფოში გადმოიყვანეს. როგორც კი ეს ამბავი გავიგეთ, იქ მივცვივდით. როცა ვნახე, გავოცდი, მომაკვდავი სწორედ ის ბიჭი იყო, მამა ბასილიმ დაჭრილი მკერდზე მიკრული რომ ატარა. ძლივს ლაპარაკობდა. მხოლოდ ის მითხრა, - ჩვენ მხოლოდ წამოვიყვანეთ, ყველაფერს მერე მოგიყვებიო, თუმცა მეორე დღეს გარდაცვლილა. მგონი, მუსა ერქვა."

ვახტანგი, მამა ბასილის სულიერი შვილი

გატაცებული მოძღვრის კვალი დაიკარგა. პანკისში იხსენებენ, რომ ბერების გატაცების გამო ხეობაში სიტუაცია ძალიან დაიძაბა, ჯამაათში განხეთქილების მიზეზიც სწორედ ეს იყო. ითქვა, გატაცების უკან შეიძლება ძმები ახმედოვები დგანანო (ჩეჩენი 9 ძმა, რომლებმაც ადამიანის გატაცება მომგებიან ბიზნესად აქციეს. მათ სახელს უკავშირდება ყველა გახმაურებული მსგავსი ფაქტი კავკასიასა თუ რუსეთში. დღეს მათგან მხოლოდ ორია ცოცხალი. სწორედ ახმედოვებს შეუკვეთეს ერთ დროს ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობაც, რომელიც ორიოდე თვის წინ თურქეთში მოკლულ ცნობილ კილერს, რაულ პაპასკირს უნდა აღესრულებინა), მაგრამ ვინ უნდა ყოფილიყო დამკვეთი? ამაზე პასუხი არავის ჰქონდა. არავინ იცოდა, ცოცხალი იყო თუ არა მამა ბასილი. ხეობაში ხმები დადიოდა, - როდესაც გელაევმა მისი გამტაცებლები დახოცა, დახოცილთა ახლობლებმა შური იძიეს და მოძღვარი მოკლესო. თუმცა ამის დადასტურება არავის შეეძლო, ამასობაში სოფელ მატანთან მთელი კახეთი იყრიდა თავს და ზღვარგადასული კრიმინალის აღსაკვეთად ქუდზე კაცს უხმობდა.

ცოტა ხანში მათ ავღანეთის მეომართა კავშირის წევრებიც შეუერთდნენ,  კრიმინალთან და ნარკოტიკებთან საბრძოლველად ხეობის მიმდებარე სოფლებში სახალხო ლაშქარი იქმნებოდა ლუკა რამაზაშვილის მეთაურობით. ჩანდა, სისხლიანი შეტაკება გარდაუვალი იქნებოდა, ამიტომ 2002 წლის დასაწყისში ხელისუფლებამ პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარება გადაწყვიტა. 14 იანვარს საქართველოს პრეზიდენტთან უშიშროების საბჭოს საგანგებო თათბირზე გადაწყდა, რომ საქართველოს შინაგანი ჯარი, უშიშროების სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან ერთად, ხეობაში შევიდოდა და პანკისს კრიმინალებისა და შეიარაღებული მეომრებისგან გაწმენდდა. მაშინ სამართალდამცავი ორგანოები იმედოვნებდნენ, რომ მამა ბასილის გათავისუფლებას შეძლებდნენ. ამაოდ...

წლები გადიოდა. ხეობა ნელ-ნელა დატოვა შეიარაღებულმა ხალხმა, საქართველოს საზღვრისკენ მომავალი რუსლან გელაევი 2004 წლის 3 მარტს მოკლეს. ამრიგად, მამა ბასილის კვალი სამუდამოდ დაიკარგა. ერთ დღეს, მოულოდნელად, ტყვეობიდან გათავისუფლებულ მორჩილებს დაურეკეს - თუ მამა ბასილის ბედი ისევ გაწუხებთ, დაგეხმარებითო და გარკვეული თანხა მოითხოვეს. უცნობებმა კიდევ ერთი პირობა წაუყენეს - მორჩილებს კრინტი არავისთან არ უნდა დაეძრათ. რა თქმა უნდა, მორჩილები ყველა პირობას დათანხმდნენ, თუმცა  ჯერ მოძღვართან საუბარი მოითხოვეს. როგორც ისინი მოგვიანებით აცხადებდნენ, უცნობებმა მამა ბასილი მართლაც დაალაპარაკეს და ამიტომაც წავიდნენ პანკისში. უცნობები ორი დუისელი მეცხვარე აღმოჩნდა, ერთს ვახა ერქვა. მორჩილებმა  მათ 17 000 დოლარი და 8000 ლარი გადასცეს და დაჰპირდნენ, დანარჩენს მერე ჩამოიტანდნენ. დათქმულ დროზე მორჩილებმა შემოწირულობით შეგროვებული ხუთი კილოგრამი ოქრო გადასცეს მეცხვარეების მიერ გამოგზავნილ კაცს და თბილისში იმედიანად დაბრუნდნენ. თუმცა მამა ბასილი არც ამის შემდეგ გამოჩენილა. როდესაც მორჩილებს მოძღვრის დაბრუნების იმედი გადაეწურათ, იძულებული გახდნენ, ყველაფერი მამა ბასილის მეგობრებისთვის ეამბნათ.

უკვე გვიან იყო. მამა ბასილის კვალი ისევ გაქრა... მოძღვრის გამოჩენის იმედი პანკისშიც დაკარგული აქვთ და ფიქრობენ, ცოცხალი აღარ არისო, თუმცა, ლეგენდებს ქართველი ბერების დიდ გულსა და სიმამაცეზე დღესაც თვალებანთებულნი ჰყვებიან...