ე.წ. სანაიას კასეტის ესპანური საიდუმლო
11-03-2013
ე.წ. სანაიას კასეტის ესპანური საიდუმლო
რა იყო საბედისწერო ვიდეოკასეტაში, რომელსაც გიორგი სანაიას სიცოცხლე შეეწირა

"გიორგიმ მაშინვე დამირეკა ("კურიერის" შემდეგ. - ავტ.). ვუთხარი, თუ გაინტერესებს, რა ხდება პანკისში, ჩამოდი და ყველაფერს შენი თვალით ნახავ-მეთქი. ახლო მომავალში ჩამოსვლას ვერ მოვახერხებო. მაშინ შევპირდი, რომ გავუგზავნიდი კასეტას, რომელშიც ყველაფერი იყო ასახული, რაც პანკისელებს უპირისპირებდა პოლიციას და ხელისუფლების დიდჩინოსნებს".
ვეფხია მარგოშვილი, გაზ. "ახალი 7 დღე", 2001 წ.

"კასეტა ნამდვილად გადავეცი გიორგის. თუ სანაიას მკვლელობის გამოძიება დაიწყება, მზად ვარ ჩვენების მისაცემად.
ერთს ვიტყვი: კასეტა ნანახი მაქვს. იმ პერიოდში ჩემთან მოვიდა გამომძიებელი და მითხრა, - ჯობია თქვათ, რომ კასეტა არ გინახავთო. ალბათ, ეს ჩემი უსაფრთხოებისთვის მითხრა.”

ელენე თევდორაძე, გაზ. "ყველა სიახლე", 2013 წ.

"საკანში "გრიცკოს" (გიორგი ხურცილავას. - ავტ.) ვეუბნებოდი, ამოიღე ის ფული, მკვლელობის საკუთარ თავზე აღებისთვის
რომ გადაგიხადეს და საჭმელი შემოატანინე ვინმეს, თორემ სანამ გახვალ, მიწაში ჩაგილპება-მეთქი. "გრიცკო" ხვდებოდა, ვიცოდით, სანაია რომ არ მოუკლავს, თუმცა ამაზე სიტყვა არ დაუძრავს. ჟურნალისტის სიკვდილს ვიდეოკასეტას უკავშირებდნენ. ამბობდნენ, კასეტაზე ნარკობარონებისა და პოლიციის მაღალჩინოსნების შეხვედრაა გადაღებულიო. ის კასეტა ნანახი მაქვს - ერთი ცნობილი პირის ვაჟი ლაპარაკობს ნიღაბჩამოცმული."

მუსა ბაღაკაშვილი, გროზნო, 2011 წ.

2001 წლის 27 ივლისს თბილისში ხმა გავარდა, - გიორგი სანაია მოკლესო. იმხანად ყველაზე პოპულარული ჟურნალისტის მკვლელობა ქვეყანაში სახალხო მღელვარების მიზეზი გახდა. როგორც ამბობენ, სწორედ სანაიას მკვლელობა გახდა შევარდნაძის ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი...
იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ძალოვანი სტრუქტურები მკაცრად გააფრთხილა - საქმის უმოკლეს დროში გამოძიება და დამნაშავეთა სამაგალითო დასჯა” მოითხოვა.

გიორგი სანაია საკუთარ სახლში 2001 წლის 26 ივლისის ღამეს მოკლეს. სამართალდამცავებმა მალე  მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვინმე დავით გელაშვილი დააკავეს. წაყენებული ბრალდება იმდენად უსუსური იყო, რომ რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს კიდეც. 2001 წლის დეკემბერში  ძალოვანებმა დააკავეს ყოფილი პოლიციელი გიორგი ხურცილავა, მეტსახელად "გრიცკო", რომელმაც მოულოდნელად ჟურნალისტის მკვლელობა აღიარა. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, 2001 წლის 26 ივლისს,  ღამის "კურიერის" დამთავრების შემდეგ, გიორგი სანაია გმირთა მოედანზე გიორგი ხურცილავას შეხვდა და ლუდზე დაპატიჟა, შემდეგ სანაიასთან წავიდნენ სახლში. როგორც ხურცილავა აცხადებდა, მასპინძელთან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე შელაპარაკება მოუვიდა, რის გამოც ის მოკლა. მკვლელობის ამ მოტივის დაჯერება საზოგადოებას ძალიან გაუჭირდა.

სანამ გამოძიება სანაიას მკვლელობის საქმის შეკერვაზე ფიქრობდა, მედიაში ვრცელდებოდა განცხადებები სანაიას მკვლელობის პოლიტიკური სარჩულის შესახებ. მოულოდნელად პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ელენე თევდორაძემ გააკეთა განცხადება, რომ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის მკვლელობის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ვიდეოკასეტა, რომელიც სანაიას პანკისიდან ადგილობრივმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა ვეფხია მარგოშვილმა გამოუგზავნა...
მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე "კურიერში" პანკისის ხეობაში არსებული მდგომარეობის შესახებ მორიგი სიუჟეტის გასვლისას, გიორგი სანაიას პირდაპირ ეთერში ვეფხია მარგოშვილი ჩაერთო, რომელმაც სამართალდამცავებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს ბრალი დასდო ხეობაში სიტუაციის ხელოვნურ დაძაბვასა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში. მეტი დამაჯერებლობისთვის მან ჟურნალისტს ხეობაში მისვლა და ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა შესთავაზა. გარდა ამისა, მოგვიანებით დაჰპირდა, რომ ელენე თევდორაძის ხელით მას გადასცემდა ვიდეოკასეტას, რომელზეც ნარკობარონებისა და ქართველ სამართალდამცავთა მორიგი "საქმიანი" შეხვედრა იყო აღბეჭდილი. როგორც მოგვიანებით ელენე თევდორაძე აცხადებდა, მან მართლაც ჩამოიტანა კასეტის ერთი ასლი და გიორგი სანაიას პარლამენტში შეხვედრისას გადასცა. ამ ვიდეოკასეტას გამოძიებამ რატომღაც ვეღარ მიაგნო. გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეში გამოჩნდა მოულოდნელი მოწმე, პურის გამყიდველი ნათელა ქართველიშვილი, რომელიც იხსენებდა, რომ მკვლელობის ღამეს გიორგის ბინაში შუქი რამდენჯერმე აინთო. ამ დროს გიორგის ცოლ-შვილი ბაკურიანში იყო, თავად გიორგი კი ტელევიზიაში (ამბობენ, მკვლელი ამ დროს სწორედ ვიდეოკასეტას ეძებდაო). სავარაუდოდ, დამნაშავემ კარი გააღო გასაღებით, რომელიც გიორგიმ რამდენიმე დღით ადრე დაკარგა. ის  ხურცილავას დაკავების შემდეგ იპოვა პოლიციამ ქალაქის ერთ-ერთ სკვერში(?!).

გიორგი სანაიას მკვლელობიდან თითქმის 12 წელი გავიდა, თუმცა საზოგადოების ინტერესი მის მიმართ არ განელებულა - დღემდე ეძებს პასუხს, რა იყო იმ საბედისწერო ვიდეოკასეტაში, რომელიც შეიძლება ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობის გასაღებიც გამხდარიყო. ვიდეოკასეტის შინაარსის შესახებ ბევრი ვერსია არის ცნობილი საზოგადოებისთვის, თუმცა არსებობს კიდევ ერთი, რომელიც მხოლოდ ქართულ კრიმინალურ სამყაროში იყო გავრცელებული და ეს ერთგვარად უკავშირდება ერთ ცნობილ გატაცებას.
2000 წლის დეკემბერში თბილისში კახეთის გზატკეცილიდან შეიარაღებულმა უცნობმა პირებმა ესპანელი ბიზნესმენები Aანტონიო-ხოსე ტრინოლიოსი და ფრანჩესკო როდრიგესი გაიტაცეს. საყურადღებოა, რომ ესპანელებს შეიარაღებული დაცვის პოლიციელი აცილებდათ, თუმცა გამტაცებლებს მისთვის ხელი არ უხლიათ(?!) (რაც მსგავს შემთხვევებში თითქმის წარმოუდგენელია - მოწმეს თუ არ კლავენ, თან მიჰყავთ). გარდა ამისა, გამცილებელს  მომხდარის შესახებ ოპერატიულად უნდა ეცნობებინა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რომელსაც შეეძლო, დაუყოვნებლივ გადაეკეტა გზები, მათ შორის თბილისის გასასვლელებიც. გატაცებული ბიზნესმენები ისე აღმოჩნდნენ თბილისიდან 250 კილომეტრში პანკისის ხეობაში,I რომ ეს ამბავი რატომღაც  არავის გაუგია(?!).

შუა ქალაქიდან ბიზნესმენების გატაცებამ საქართველოში და არა მარტო ჩვენთან (რამდენიმე დღე ეს ამბავი ესპანური მედიის პირველ გვერდებზე ხვდებოდა) დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. 2000 წლის 11 დეკემბერს ესპანეთის მთაAვრობის ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა დახმარება აღუთქვა გატაცებულების ოჯახებს ფულის მოძიებასა და გამოსასყიდის გადახდაში, რაც ნიშნავდა, რომ ესპანეთის მთავრობა მზად იყო, საკუთAარი მოქალაქეების დასახსნელად ფული გადაეხადა. საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ამ ფაქტის გამო უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაც კი მოიწვია. სამართალდამცავებმა რამდენიმე თვე ეძებეს ბიზნესმენები, მაგრამ მათ კვალს ვერ მიაგნეს, ისინი თითქოს ცამ ჩაყლაპა...
მოულოდნელად ესპანურ მედიაში  ადგილობრივ კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებულმა პირმა აღნიშნა, - შესაძლოა ანტონიო-ხოსე ტრინოლიოსის და ფრანჩესკო როდრიგესის გატაცება მათ კრიმინალურ საქმიანობასთან იყოს დაკავშირებულიო..

ფრანჩესკო როდრიგესს საქართველოდან მარმარილო და ხეტყე გაჰქონდა ესპანეთში. ამ საქმიანობას კი ჩვენთან ფირმა "გეო-მადერა" ეწეოდა. მილიონერი ანტონიო-ხოსე ტრინოლიოსი კი თავის ქვეყანაში 7 საიუველირო სალონს ფლობდა, რა ინტერესები ჰქონდა იმ დროისთვის საქართველოში, ცნობილი არ არის; თუმცა  საქმეში ჩახედულნი ამბობენ, ძვირფასი ქვების ექსპორტ-იმპორტი, რომელიც ყველგან წარმატებულ კრიმინალურ ბიზნესად ითვლება, საქართველოში ათმაგად მომგებიანი იყო. ესპანელი ბიზნესმენების გათავისუფლება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, 2001 წლის დეკემბერში მოხერხდა, თუმცა მანამდე მათ გამოსასყიდად ესპანურმა მხარემ 2 მილიონი დოლარი გადაიხადა. გათავისუფლებულ ბიზნესმენებს თბილისის აეროპორტში ესპანეთის მეფის, ხუან კარლოსის გამოგზავნილი თვითმფრინავი დახვდათ.

ესპანეთში ჩასვლის შემდეგ გატაცებასთან დაკავშირებით ბიზნესმენები საეჭვოდ დუმდნენ, არც ქართულ გამოძიებასთან ისურვეს თანამშრომლობა.  
ქართულ კრიმინალურ წრეებში ამბობდნენ, რომ ესპანელ ბიზნესმენთა გატაცება უფრო ძვირფას საქონელთან იყო დაკავშირებული, ვიდრე ბრილიანტები ან მარმარილოა, ეს "პანკისური თეთრი"(ჰეროინი) იყო.

ამ საქმის კრიმინალური ვერსია ასეთია:
ფრანჩესკო როდრიგესს და ანტონიო-ხოსე ტრინოლიოსს, რომლებმაც კარგად იცოდნენ, რა მოგებას მოუტანდა მათ პანკისური იაფი ჰეროინი სამშობლოში, თაAვის დროზე მოლაპარაკება ჰქონიათ ვეფხია მარგოშვილთან, რომელსაც ჩეჩნებთან ერთად ჰეროინის დასაფასოებელი საამქრო ჰქონდა (იმხანად პანკისში ჰეროინის  დამამზადებელი კი არა, დასაფასოებელი საამქრო იყო და რამდენიმე მუშა ჩეჩნეთიდან "ბოევიკების" მიერ ჩამოტანილ ნარკოტიკს აფასოებდა, აღებული ფულით კი ჩეჩნები იარაღს ყიდულობდნენ). ერთი ინფორმაციით, ისინი მარგოშვილს და მის პარტნიორ ჩეჩნებს 2 მილიონ დოლარს დაჰპირდნენ. აქედან  მილიონი ესპანეთში წასაღები ნარკოტიკის ფასი იყო. პარალელურად ესპანელი საქმოსნები შეუთანხმდნენ საქართველოს მაშინდელ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს, მათ შორის ასახელებენ კახა ბაკურაძეს, რომ მზად იყვნენ,  მილიონი დოლარი გადაეხადათ, თუ სამინისტრო საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკის უსაფრთხო ტრანსპორტირების და შემდგომ ფოთის პორტიდან უსაფრთხო გატანის გარანტიას მისცემდა. გეგმის დეტალების დასაზუსტებლად სამივე მხარე (ჩეჩნური-ესპანური და პოლიცია) ერთად შეიკრიბა.

როგორც ამბობენ, ე.წ. სანაიას ვიდეოკასეტაში სწორედ ამ შეხვედრის კადრებიც იყო გადაღებული. შედგა 3-მილიონიანი გარიგება, თუმცა მოვლენები მაინც ქართული სცენარით განვითარდა. პოლიციამ და ესპანელმა ბიზნესმენებმა ჩეჩნების და მარგოშვილის გადაგდება მაშინ გადაწყვიტეს, როდესაც ნარკოტიკი უკვე ხელთ ჰქონდათ. ეს ამბავი ჩეჩნების ყურამდეც მივიდა და ესპანელები მაშინ გაიტაცეს, როდესაც ისინი უკვე თბილისის აეროპორტში მიდიოდნენ... პოლიციის მაღალჩინოსნები პანკისში რამდენჯერმე ჩავიდნენ და ჩეჩნებს მათი გათავისუფლება სთხოვეს. გამტაცებლები ბაკურაძის ჯგუფს გარიგების პირობებს ახსენებდნენ და თავის წილს - 2 მილიონ დოლარს კატეგორიულად ითხოვდნენ. ამბობენ, რომ ამ შეხვედრების კადრებიც იყო ვიდეოკასეტაში. მიუხედავად იმისა, რომ გამოსასყიდი ესპანეთის მთავრობამ გადაიხადა, ესპანელები კიდევ რამდენიმე თვე ჰყავდათ დატყვევებული. როდესაც სამინისტროში მიხვდნენ, რომ მარგოშვილს (რომელიც ყოფილ პარტნიორებზე განაწყენებული იყო, რომ ძებნა არ მოუხსნეს) შეეძლო, ეს კასეტა კომპრომეტირებისთვის გამოეყენებინა, გადაწყვიტეს, ემოქმედათ, რადგან ფიქრობდნენ, რომ გიორგი სანაიას ამ კასეტის ორიგინალი ჰქონდა. ის მოკლეს და სავარაუდოდ, კასეტაც გააქრეს. როდესაც სანაიას მკვლელობის შემდეგ ვეფხია მარგოშვილმა განაცხადა, რომ თბილისში მხოლოდ კასეტის ასლი იყო გამოგზავნილი, ისიც მოიშორეს.

მარგოშვილთან ხშირად დადიოდნენ ნარკომანები. ვინაიდან მათ "წამლის" ყიდვის საშუალება არ ჰქონდათ, მასთან მუშაობდნენ და გასამრჯელოდ დოზას იღებდნენ, ერთი ასეთი "ნარკომანი" სპეცსამსახურის თანამშრომელი იყო. ვინაიდან მარგოშვილი სანაიას მკვლელობის შემდეგ ძალიან ფრთხილობდა, გადაწყდა, დისტანციური ბომბი ტუალეტში დაედოთ. არსებობს ვერსია, რომ ეს სპეცოპერაცია ძმები ახმადოვების ერთ-ერთმა ძმამ და გია დგებუაძემ, "მეტსახელად "მასტერამ", დაგეგმეს. 2001 წლის 17 ოქტომბერს ვეფხია მარგოშვილი საკუთარ ტუალეტში ააფეთქეს.

"საღამოს 5 საათი იქნებოდა, ვეფხია ტუალეტში გავიდა. მოულოდნელად ძლიერი აფეთქების ხმა შემომესმა. ირგვლივ ყველაფერი დაიმსხვრა, ცაში საშინელი ბოლი ავარდა. იქით გავიქეცი და დავინახე, რომ ვეფხია ტუალეტის გვერდით ეგდო. ერთი მხარე მთლიანად დაფლეთილი ჰქონდა, სუნთქვა უჭირდა. ეს რა მიქნესო, - ამოიხრიალა. გვთხოვდა, იქაურობას გავცლოდით - შეიძლება სახლშიც იყოს ბომბი დამონტაჟებული და არ აფეთქდეთო. უამრავი ხალხი შეიყარა, ვეფხია მანქანაში ჩავაწვინეთ და დუისში, ჩეჩნების საავადმყოფოში წავიყვანეთ. გზაში გარდაიცვალა."

ლუიზა ჰამზათოვა, თვითმხილველი

25 თებერვალს გიორგი სანაიას ოჯახმა  მთავარ პროკურატურას ჟურნალისტის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიებისთვის მიმართა...
mm
30 აპრილი 2013 12:30
შეეშვით რა ამ სანაიას და ამ მითიურ კასეტას. რამე რომ ყოფილიყო უკვე როგორმე გაირკვეოდა.
სოსო
12 აპრილი 2013 17:06
ამდენს ლაპარაკობენ ვიდეო კასეტაზე. დავიჯერო მარგოშვილს, თევდორაძეს ან სხვებს ვისაც ეს კასეტა ნანახი აქვთ ასლი შენახული არა აქვთ? რას ელოდებიან? 12 წელი გავიდა. გამოაქვეყნონ, ეშინიათ ვინმესი თუ უფრთხილდებიან?
ketino
09 აპრილი 2013 03:17
კიდევ კარგი მეორე მსოპლიო ომიც მიშას არ ბრალდება...

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები