უჩვეულო სიყვარული - კვირის პალიტრა

უჩვეულო სიყვარული

ნანა ქათამაძე და გია ყურაშვილი (გვარ-სახელები აქაც და შემდგომშიც შეცვლილია) თანაკლასელები იყვნენ და ყველამ იცოდა, რომ მათ ლამის პირველი კლასიდანვე უყვარდათ ერთმანეთი. ვერც წარმოედგინათ, მათი დაშორება ვინმეს და ან რაიმე ძალას თუ შეეძლო, მაგრამ ცხოვრებაში მართლაც ყველაფერი ხდება თურმე. სკოლას რომ ამთავრებდნენ, ნანა სწორედ ბოლო გამოცდიდან მოიტაცეს. თან მოტაცების "ორგანიზება" ისეთმა ვინმემ მოახდინა, მართლა რომ ვერავინ წარმოიდგენდა...

გამოცდის შემდეგ ნანა ფიზიკის ახალგაზრდა მასწავლებელმა ეთერ მაჩაიძემ დაიბარა კაბინეტში და სთხოვა, საღამოს მასთან მისულიყო შინ:

- ხომ იცი, ჩემი უსაყვარლესი მოსწავლე იყავი ყოველთვის და მინდა დღეიდან მეგობრები ვიყოთ. საჩუქარი მოგიმზადე, მინდა ერთად ვივახშმოთ და ჩემს სიურპრიზსაც იქ ნახავო!..

გია ყურაშვილმა თვითონვე მიაცილა შეყვარებული გოგონა მასწავლებლის სახლამდე. ეთერი თბილისელი იყო და პროვინციულ ქალაქში სიყვარულის გამო გაჰყვა ქმარს, რომელიც ფუფუნებაში აცხოვრებდა და სკოლაში მუშაობაც იმიტომ უფრო დააწყებინა, რომ შინ ჩაკეტილს არ მოეწყინა... კარგი სპეციალისტი იყო. მოსწავლეებსა და კოლეგებს უცებ შეაყვარა თავი. ნანასაც ძალიან უყვარდა ეთო მასწავლებელი. ეგ კი არა, რადგან სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება უნდოდა, მთელი წელი დადიოდა მასთან სახლში დამატებით გაკვეთილებზე. ეთერის უფროსი ძმაც იქ გაიცნო. მაშინ ნანამ, რა თქმა უნდა, არ იცოდა, რომ მურმან მაჩაიძე ქურდობაზე დებდა თავს და ორჯერ უკვე სასჯელიც ჰქონდა მოხდილი... ძიასაც ეძახდა, რადგან კაცი ზუსტად ოცი წლით იყო მასზე უფროსი...

...ეთერ მაჩაიძემ სწორედ თავისი უფროსი ძმა დაახვედრა შინ "სიურპრიზად" გოგონას:

- დიდი ხანია უყვარხარ და აქამდე არ გიმხელდა. ისიც იცის, რომ შენთვის ეს მოულოდნელი იქნება და უარს იტყვი, რადგან შენი კლასელი გიყვარს, მაგრამ მაინც ვერ გთმობს და დანარჩენს თვითონ გეტყვისო...

მურმან მაჩაიძეს კი ბევრი ლაპარაკი არც უყვარდა და არც შეეძლო. თანმხლები პირების დახმარებით გოგონა ძალით ჩასვა მანქანაში და გაიტაცა...

შეყვარებულმა ორი საათის შემდეგ მიაკითხა ნანას მასწავლებლის სახლთან, როგორც იყვნენ შეთანხმებულები, მაგრამ გოგონა არა და არ გამოჩნდა. გიამ ჭიშკარი შეაღო და თამამად დაუკაკუნა კარზე ეთერ მაჩაიძეს, ისიც მეგობრად თვლიდა მასწავლებელს:

- ნანა ჩემთან ნახევარ საათსაც არ დარჩენილა. დედამთილი გამიხდა ცუდად და ვახშამი გადაიდო! - მიამიტი სახე მიიღო მასწავლებელმა და გიაც გამობრუნდა დარწმუნებული, რომ შეყვარებული კარგა ხნის წინ მივიდოდა შინ და რადგან სხვადასხვა უბანში ცხოვრობდნენ, დილამდე არც გაუგია ის ხმაური და მისვლა-მოსვლა, ნანას გამო რომ ატყდა მის სახლთან, როცა გოგონას ძებნა დაუწყეს. მოგვიანებით, ეთერ მაჩაიძე ორ უცხო მამაკაცთან ერთად მივიდა თავისი მოსწავლის სახლში და არავინ იცის, რაზე ილაპარაკა ნანას მშობლებთან პირისპირ დარჩენილმა. დილით კი უკვე ყველა იმას ლაპარაკობდა: ნანას დიდი ხანია უყვარდა მურმანი და რადგან ფიქრობდა, მშობლები არ გააყოლებდნენ მასზე ბევრად უფროს მამაკაცს, გაპარვა გადაწყვიტა...

გია ყურაშვილი შეყვარებულის ღალატმა საგონებელში ჩააგდო და სცადა ნანა ენახა, რომ მისგან მიეღო პასუხი, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. მურმან მაჩაიძემ ახალგაზრდა ცოლი რუსეთში წაიყვანა და მხოლოდ მაშინ ჩამოიყვანა საქართველოში, როცა უკვე ორი შვილი ჰყავდათ და ქალიც თითქოს შეჰგუებოდა ხვედრს. თანაც, ამჯერად მურმან მაჩაიძე ქურდი კი არა, უკვე მდიდარი ბიზნესმენი იყო...

ნანა კიდევ უფრო დამშვენებულიყო და გალამაზებულიყო. ქმარს არც სწავლაზე დაეწყვიტა გული და ექიმის დიპლომიც ჰქონდა. რა თქმა უნდა, თბილისში დაფუძნდნენ და ნანა შვილებთან ერთად მხოლოდ ზაფხულში თუ ნახულობდა რაიონში მცხოვრებ მშობლებს.

...რაც შეეხება გია ყურაშვილს, რადგან შეყვარებული გაუთხოვდა, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, რუსეთში დარჩენა ამჯობინა და უმაღლესი განათლება სწორედ იქ მიიღო, - იურისტის დიპლომით დაბრუნდა საქართველში. ცოლი კი ჰყავდა, შვილიც, მაგრამ რუსმა ქალმა პეტერბურგის გარეშე ცხოვრება არ ისურვა და განქორწინდნენ...

გიამაც დედაქალაქში ინდომა ცხოვრება. სამუშაოზეც მოეწყო. შვებულება მანაც ზაფხულში აიღო და პროვინციაში დარჩენილ მშობლებს ესტუმრა...

შეყვარებულები თორმეტწლიანი განშორების შემდეგ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს...

...გამომძიებელმა მიხეილ ჩოგოვაძემ ამ სასიყვარულო ამბის შესახებ მოგვიანებით შეიტყო:

- თბილისთან ახლოს, ტყეში, მოზარდებმა იპოვეს შიშველი ქალის გვამი, რომელსაც აშკარად ნაჯახით (ან ხანჯლით) ჰქონდა თავი მოჭრილი. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ სანამ თავს მოაჭრიდნენ, ის ნაწამები და გაუპატიურებული იყო. მკვლელს მისი ტანსაცმელიც წაეღო და რაც მთავარია, არც მოჭრილი თავი ჩანდა სადმე.

- მანიაკი არ იყოს! - მითხრა ჩემმა ახალგაზრდა თანაშემწე გიზომ.

- არა მგონია! - მხრები ავიჩეჩე მე. - არც გამიგონია, რომ ვინმე ქალებს აუპატიურებდეს და მერე მოჭრილი თავი მიჰქონდეს "სახსოვრად"...

არ ვიცოდით, საიდან დაგვეწყო ძიება...

ორი დღის შემდეგ ქალაქის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებიდან დამირეკეს და მისვლა მთხოვეს. აღმოჩნდა, რომ მილიციაში 11 წლის გოგონა, - ნინო მაჩაიძე მისულიყო და ტირილით უყვებოდა იქ მყოფთ მომხდარის შესახებ, - დედამ და მამამ იჩხუბეს... მამა დედას მოკვლით ემუქრებოდა და ალბათ მოკლავდა კიდევაც, მე და ჩემი ძმა რომ არ ჩავდგომოდით შუაში... მამამ უყვირა, - ამ ბავშვებს უმადლოდე სიცოცხლეს, მაგრამ პირობას ვერ მოგცემ, რომ შენს სიახლოვეს მშვიდად ვიქნები. ერთ საათს გაძლევ - შენი ნივთები მოაგროვე და აქედან წადიო... დედამ ენაც ვერ შეუბრუნა. ოთახში შეგვიყვანა და გვთხოვა, არაფერი გვეკითხა მისთვის. - როცა გაიზრდებით, მიხვდებით, რომ მართალი ვიყავი... ახლა მამასთან უნდა დარჩეთ, მალე მოგაკითხავთ და შევეცდები, თქვენთან ყოფნის უფლება მოვიპოვოო... მერე კი ვიღაცას დაურეკა და რაზე ელაპარაკა, არ ვიცი, არ მესმოდა. მოგვიანებით დედა შინიდან წავიდა. ეს ორი კვირის წინ მოხდა. ყოველდღე ველოდებოდით და არ გამოჩნდა... მამამ ვიღაც ქალი მოიყვანა. გვიბრძანა, მას დაუჯერეთ ყველაფერიო. არ არის ცუდი ქალი ლია, მაგრამ არ გვინდა დედას ადგილი დაიკავოს...

გუშინ ღამით გამეღვიძა. სასტუმრო ოთახიდან კამათის ხმა მომესმა. დაძახება ვერ გავბედე და ჩუმად მივაყურადე. ლია და მამა კამათობდნენ. მერე მამამ ხელი ჰკრა, და უთხრა, - შენი საქმე არ არის, ენა ჩაიგდე, თორემ არც შენ დაგადგება უკეთესი დღეო! - და ეზოში გავიდა. დიდი ბაღი გვაქვს და იქ დარჩა დიდხანს... დილით ბაღში გავედი, მაინტერესებდა, მამას რა უნდა ეკეთებინა იქ ღამით. გასაშლელი საწოლი ვნახე და კონიაკის ცარიელი ბოთლები. კიდევ, საჭმლის ნარჩენები, რომლებსაც ჩვენი ძაღლები შესეოდნენ. ერთი ძაღლი სისხლიან ნაჭერს აფრიალებდა, რომელიც დედას კაბისას მივამსგავსე. შემეშინდა და გამოვიქეცი...

სასწრაფოდ მაჩაიძის სახლისკენ ავიღეთ გეზი და გოგონას ნაჩვენებ ადგილას მივედით. ჩვენი ყურადღება ახალმოტკეპნილმა მიწამ მიიქცია. მაშინვე გავთხარეთ და... არც ისე ღრმა ორმოში ქალის მოჭრილი თავი ვიპოვეთ.

მურმან მაჩაიძეს გაქცევა არც უფიქრია. გაოგნებული დაჰყურებდა ცოლყოფილის მოჭრილ თავს და დუმდა:

- არაფერს მეტყვი?! - ვკითხე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.

- რა აზრი აქვს, მაინც არ დამიჯერებთ, რომ მე არ მომიკლავს ნანა... არც თავისუფალს დამტოვებთ, თორემ თქვენზე უკეთ შემიძლია ამ საქმის გამოძიება...

...მურმან მაჩაიძის სახლში, უფრო სწორად, გარაჟში, კიდევ ერთი სამხილი ვიპოვეთ - ნაჯახი, რომელიც მკვლელს გულდაგულ გაეწმინდა, მაგრამ მაინც შერჩენოდა სისხლის კვალი.

- რაღაც სისულელედ და აბსურდად მეჩვენება ყველაფერი ეს! - მხრები აიჩეჩა გიზომ, - მაჩაიძე თუ მკვლელია ან ცოლის თავს რატომ მოათრევდა შინ, ან ნაჯახს... არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი ყოფილი კრიმინალია და ასეთ მარტივ შეცდომებს არ დაუშვებდა. არც გიჟს ჰგავს, რომელიც ასეთი "სათამაშოებით" იღებს სიამოვნებას...

ახალგაზრდა გამომძიებელი მართალი იყო. მეც იგივე ეჭვი მაწვალებდა, მაგრამ რამდენჯერ მივედი დაკითხვაზე წინასწარ პატიმრობაში მყოფ მაჩაიძესთან, იმდენჯერ პირში წყალი ჩაიგუბა:

- ქურდიც ვარ, ყაჩაღიც, მაგრამ არა სადისტი და მანიაკი. ნანას თუ მოვკლავდი, არსად გავიქცეოდი და პასუხსაც ვაგებდი... როცა იქნება, აქედან გავალ, ნამდვილ მკვლელსაც ვიპოვი და აი, მას კი სიამოვნებით მოვაჭრი თავს...

- ცოლის მოკვლის მიზეზიც გქონდათ?!

- მით უმეტეს, ასეთ საკითხებზე არ ვაპირებ ჭორაობას! - მოგვიჭრა მოკლედ და ზურგი გვაქცია...

ჩვენ მის სახლში მცხოვრები ქალი, ლია ბუღაძეც დავკითხეთ, რომელიც გაოგნებული იყო მომხდარით:

- ვერ დავიჯერებ, რომ მურმანი მკვლელი და სადისტია... ცოლის მოკვლა თუ უნდოდა, მაშინ მოკლავდა, როცა მისი ღალატის შესახებ გაიგო, მაგრამ ცოცხალი გაუშვა...

- იმ ღამეს რაზე იკამათეთ?

- ბავშვები ძალიან იტანჯებოდნენ დედის გარეშე. ჯერ პატარები არიან, - ნინო მხოლოდ თერთმეტისაა, გივიკო - რვის... ვთხოვდი, დედასთან გაეშვა საცხოვრებლად... მან კი ჩათვალა, რომ მისი შვილები ზედმეტ ტვირთად მიმაჩნდა და თავიდან მოშორება მინდოდა... მე და მურმანი მანამდეც ვიყავით საყვარლები, სანამ ნანას შეირთავდა ცოლად. მის გამო ოჯახიც დავანგრიე. ცოლისგან რომ სიყვარული ვერ იგრძნო, ისევ მე მომიბრუნდა. პეტერბურგშიც კი ჩავდიოდი მასთან ყოველ წელს. ახლა, როცა ცოლი სახლიდან გააგდო, მთხოვა, მასთან გადმოვსულიყავი: დავრწმუნდი, შენსავით არავის ვყვარებივარო...

- ცოლი რატომ გააგდო?

- სხვასთან წაასწრო... ეს ნანას მშობლებმაც იციან და ძალიან განიცადეს. მურმანს ეუბნებოდნენ, რომ მოკლა, ხმის ამომღებნი არა ვართო!..

...რა თქმა უნდა, ნანას მშობლების დაკითხვაც მოვინდომეთ და მათაც წყალი ჩაიგუბეს პირში. მხოლოდ იმას იმეორებდნენ: მურმანი გამოუშვით, ის მართლია, თუნდაც მკვლელი იყოსო...

სიმართლე მაინც გავიგეთ და ის პროვინციულ ქალაქში ბევრმა იცოდა. სწორედ ქალაქელებისგან მოვისმინეთ ნანა ქათამაძის და გია ყურაშვილის სიყვარულის ამბავი. ამასთან ერთად კი ის გაგრძელებაც, რაც 12-წლიანი განშორების შემდეგ შეყვარებულთა შეხვედრას მოჰყვა, - თავდავიწყების მორევში გადაეშვნენ და ჭორიც დაირხა... ხალხი იმასაც ამბობდა, მურმან მაჩაიძე თავზე წაადგა იაფფასიანი სასტუმროს ოთახში განმარტოებულ შეყვარებულებს და ალბათ ერთმანეთზე დააკლავდა, ყურაშვილს საპასუხო გასროლით რომ არ ეპასუხაო...

გია ყურაშვილს ქალაქში იცნობდნენ და პატივს სცემდნენ. რადგან პოლიციელი იყო, იმდენიც მოახერხა, ექიმებს არსად განუცხადებიათ, რომ მკლავში დაიჭრა იმ დღეს მაჩაიძის ტყვიით და ოპერაციაც კი დასჭირდა...

...ყურაშვილს სამუშაოზე ვეწვიეთ. ნატყვიარი მკლავი ალბათ უშუშდებოდა, რადგან მარჯვენის ხმარება აღარ უჭირდა, მაგრამ მაინც შესამჩნევი იყო, რომ მარცხენა ხელს ატანდა ძალას. უცებ გამახსენდა ექსპერტის ნათქვამი, - მკვლელი ალბათ ცაცია იყო, ნაჯახის დარტყმის მიმართულებით თუ ვიმსჯელებთ, თუმცა, იმდენად არაზუსტი დარტყმებია, ისიც  სავარაუდოა, რომ ცაცია კი არა, რაღაც მიზეზით დროებით ვერ ხმარობდა მარჯვენასო...

- ეჭვიც არ მეპარება, რომ ქათამაძე შენი მოკლულია, მაგრამ იმას ვერ ვხვდები, რაში დაგჭირდა მისი თავიდან მოშორება! - პირდაპირ მივახალე.

- რა-ა?! - დაემანჭა სახე, - თქვენ ვიღაც არიფი ხომ არ გგონივართ, რომელსაც ასე ადვილად შეტენით მკვლელობას?!

- წყნარად! - ახლა გიზო გადავიდა შეტევაზე, - შენ თუ იცი, რომ მოწმე გყავს, შენი საყვარლის 11 წლის შვილი, რომელმაც დაინახა, როგორ ფლავდი რაღაცას მათი სახლის ბაღში! - მეც კი გამაოცა ასე სახელდახელოდ გამომცხვარმა ტყუილმა.

- ვინ ბავშვი?! - შეცბა ყურაშვილი.

- აი, ის გოგონა, რომელსაც მანქანით ასეირნებდი და ტკბილეულსაც ჩუქნიდი...

- რა ტკბილეულს, ის ლაწირაკი სულ ერთხელ მყავს ნანახი! - წამოსცდა ყურაშვილს...

...იმის მიუხედავად, რომ დამცველები გამოუჩნდნენ, ყურაშვილი მაინც დავაპატიმრეთ და მისგან აღიარებითი ჩვენებაც მოვისმინეთ:

- ნანასთან დაწოლა პრინციპის საქმე იყო, თორემ მე ის აღარ მიყვარდა. ცოლობა მომთხოვა, როცა ქმარმა სახლიდან გამოაგდო. მე კი საცოლე მყავს, პატიოსანი, კარგი ოჯახის შვილი. ნანა აღარაფერში მჭირდებოდა... მაგრამ ამისთვის მისი მოკვლა რა საჭირო იყო, თან ასე სასტიკად... არ მინდოდა მოკვლა... შემომაკვდა... ვიკამათეთ მორიგი შეხვედრის შემდეგ და რომ გავარტყვი, წაიქცა - თავი დაარტყა ქვას და იქვე დალია სული... ნაჯახი სულ მაქვს მანქანაში, ისევე როგორც დანა... მინდოდა მისი ქმარი გამემწარებინა, რადგან ყველაფერში ის მიმაჩნია დამნაშავედ - მკვდარს თავი მოვაჭერი და მათ ბაღში შევიპარე. ნაჯახის გარაჟში შეგდებაც ჩემი იდეა იყო...

მაჩაიძე გავათავისუფლეთ. ის ისევ რუსეთში გაემგზავრა შვილებთან და ლიასთან ერთად, რომელიც ბოლოს და ბოლოს, ცოლად შეირთო.

ყურაშვილს, სხვათა შორის, ძალიან უსინდისოდ გამოუტანეს სასჯელი - აშკარად მოისყიდეს სასამართლო მისიანებმა, უფრო კი პოლიციურმა საძმომ, ასეთიც ხდებოდა!.. მაგრამ ის ციხიდან ცოცხალი აღარ გამოსულა. ერთ დღეს საკანში ვენებგადაჭრილი იპოვეს... ამბობდნენ, - მაჩაიძის ხალხმა გამოუყვანა წირვაო. ვინ იცის, რა მოხდა სინამდვილეში...