999 - "თეთრი მორიელის" საქმე
25-03-2013
999 - "თეთრი მორიელის" საქმე
თვალი მოვკარი, რომ ამ ყველაფერს ტელევიზია იღებდა. ერთი ოპერატორი იყო და ჟურნალისტი გოგო. ის გოგო ახლა ცნობილი ტელეწამყვანია"...

"მორიელის ლოგო არაბულ სამყაროში სიკვდილის სიმბოლოა, ხოლო კრიმინალურ სამყაროში - ნარკოტიკებთან ასოცირდება".
თავისუფალი ენციკლოპედია

"ჰეროინის მსხვილ მწარმოებლებს, ისევე როგორც ზოგადად მსხვილ მწარმოებლებს თავისი სავაჭრო ნიშანი და ბრენდები აქვთ. ავღანურ ჰეროინს თავის ორიგინალურ შეფუთვაში კარტელის საიდუმლო ლოგო და ხარისხის ნიშანი - 999 ადევს. მწარმოებლები თავის სავაჭრო ნიშანს ძალიან უფრთხილდებიან და გამყალბებლებს მკაცრად სჯიან. 
ევროპაში ქარხნული წესით დამუშავებულ ავღანურ ჰეროინს სწორედ მორიელის ლოგოთი იცნობენ".”
გენერალი ჰოდაიდადი, ავღანეთის ნარკოტიკებთან ბრძოლის ყოფილი მინისტრი

"ციხის ბუნტის შემდეგ (2006 წლის 27 მარტი. - ავტ.) ჭორიც გავრცელდა - ამბოხი შეგნებულად იყო პროვოცირებული, რომ "თეთრი მორიელის" კვალი სამუდამოდ წაეშალათო. ამაზე  ჩუმ-ჩუმად დღესაც ლაპარაკობენ".
შსს-ს ყოფილი
თანამშრომელი

2006 წლის იანვარში ქართველმა  სამართალდამცავებმა მარნეულში სპეცოპერაცია ჩაატარეს. გააჩერეს მარნეულიდან თბილისისკენ მომავალი მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც აზერბაიჯანელი ეროვნების მძღოლი მართავდა. მძღოლმა ჯერ შეწინააღმდეგება სცადა, შემდეგ გაქცევა, მაგრამ სამართალდამცავებმა მისი დაკავება მოახერხეს.

მანქანის დათვალიერებისას სალონში აღმოაჩინეს ქარხნული წესით დამზადებული ნარკოტიკის - ჰეროინის ე.წ. ფილა, რომელსაც შეფუთვაზე ჰქონდა მორიელის ლოგო და ხარისხის ნიშანი - "999". ნარკოტიკული ფილა 4 კილოგრამამდე იყო და მისი საბაზრო ღირებულება იმ დროისთვის სამ მილიონ დოლარს აჭარბებდა (უმაღლესი ხარისხის ჰეროინის 1 გრამისგან, გაზავების შემდეგ, გამოდის 9 გ ე.წ. "ქუჩის ჰეროინი", რომელიც, რა თქმა უნდა, დაბალი ხარისხისაა - 1 "ჩეკი" "ქუჩის ჰეროინი", რომელიც გრამსაც კი არ იწონის, იმ დროს ქართულ ბაზარზე 100 დოლარი ღირდა. - ავტ.).

მარნეულის სპეცოპერაციას ქართული მედია რამდენიმე დღე აშუქებდა.  შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ამოღებული ნარკოტიკი ირანული წარმოშობის უმაღლესი ხარისხის ჰეროინი იყო (ნარკოტიკის წარმომავლობის დადგენისას ის უნდა შედარდეს სხვადასხვა ნიმუშს. ასეთი ნიმუშები კი საქართველოში არ ჰქონდათ. ადვილი შესაძლებელია ჰეროინი ავღანურიც ყოფილიყო).

სპეცოპერაციის შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, ვისთან მიდიოდა ნარკოტიკული ტვირთი, რატომ არ აცალეს სამართალდამცავებმა მას ადრესატამდე მისვლა...
ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ საქმე ჰქონდათ ახალი ნარკოარხის გაჭრის მცდელობასთან, თუმცა იყო სხვა ვერსიაც - ოპერატიული ინფორმაცია პოლიციისთვის შეგნებულად იყო მიწოდებული, რათა უფრო მნიშვნელოვან ტვირთს“სადმე”ყურადღების მიპყრობის გარეშე ჩაევლო.
მოგვიანებით, როცა ცნობილი გახდა, რომ მარნეულის სპეცოპერაცია სინამდვილეში იმიტირებული იყო და რეალურად ნარკოტიკის ამოღება სულ სხვა ვითარებაში მოხდა, გაჩნდა ვარაუდი, რომ საქმე საერთაშორისო ნარკობიზნესს კი არა, ახალი ხელისუფლების პირობებში ჰეროინის ბაზრისთვის შიდა ბრძოლას ეხებოდა.

ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს მარნეული ოპიუმის რეალიზაციის მსხვილ ცენტრად მოიაზრებოდა. ნარკოტიკების გაყიდვას უმთავრესად აზერბაიჯანელი  ეროვნების მოსახლეობა ეწეოდა - საქონელს აზერბაიჯანში პირადი კავშირების წყალობით იძენდნენ.
2005 წლისთვის მარნეულში რამდენიმე მსხვილი ნარკორეალიზატორი  საქმიანობდა: რამიზა, ალი, ტაქსა, მათ შორის ყველაზე გავლენიანი "ტაქსა" იყო, რომელსაც ჰეროინის საკუთარი დისტრიბუციის ქსელი ჰქონდა, კრიმინალურ სამყაროსთან ურთიერთობა რომ არ გაეფუჭებინა, "ტაქსამ" სასჯელაღსრულების ადგილებში კრიმინალური ავტორიტეტებისთვის ჰეროინის უფასოდ მიწოდება ითავა, თუმცა ამბობდნენ, "ტაქსას" ჰეროინს ციხეებიდან გარეთ თავად "კანონიერი ქურდებიც" ყიდდნენო(?!).…

"ტაქსა",”როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე, პოლიციის წამლის (ყველამ იცოდა, რომ შსს ამოღებულ ნარკოტიკებს თავისივე ქოლგის ქვეშ მყოფი ბარიგების ხელით ყიდდა) გაყიდვას თავს არიდებდა. თუმცა არც ძალოვანებთან სურდა ურთიერთობის გაფუჭება და საჭირო დროს ზომიერ თანხებსაც იხდიდა...

მარნეულის სპეცოპერაციის შემდეგ კრიმინალურ წრეებში საუბრობდნენ, რომ "თეთრი მორიელი" სწორედ "ტაქსას" ნარკოტიკი იყო, რომლის ადრესატიც ძალიან გავლენიანი პირი ან პირთა ჯგუფი უნდა ყოფილიყო, რომლებმაც "ტაქსას" გადაგდება სცადეს (საგულისხმოა, რომ სპეცოპერაცია კრიმინალურმა პოლიციამ ჩაატარა და არა სოდ-ის შესაბამისმა სამსახურმა).
"თეთრი მორიელის"”საქმეზე გამოძიება დაიწყო და ყველა კითხვაზე პასუხი დაკავებულ მძღოლს უნდა გაეცა. გარდა ამისა, გამწარებული "ტაქსა", სავარაუდოდ, გაჩერებას არ აპირებდა და "დეტალებზე" ხმამაღლა საუბარს გეგმავდა. თუმცა 2006 წლის 26 მარტს ციხეში, სადაც ის მძღოლი იჯდა, ბუნტი დაიწყო.

"ორთაჭალის მე-5 იზოლატორის კორპუსების განლაგებას რუსული U-ს ფორმა აქვს, რადგან იგი ოდესღაც საგუბერნიო სატუსაღო იყო. 27 მარტის ღამეს ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დატრიალებული ამბების შემდეგ იქიდან დაიძახეს, - ქურდებს სცემენო. დღემდე არავინ იცის, ვინ დაიძახა. არ არის გამორიცხული, ვინმე ციხის ადმინისტრაციასთან შეკრული პატიმარი ყოფილიყო.
როგორც კი  ბუნტის შესახებ კორპუსებში "პრაგონი" (ე.წ. შეტყობინება. - ავტ.) წავიდა, ყველა კორპუსი ჩაიკეტა (საკნებიდან გამოსულმა პატიმრებმა კორპუსის შესასვლელები რკინის საწოლებით ჩახერგეს, რის შემდეგაც შენობებში შესვლა შეუძლებელი გახდა. მე ამ დროს გუბერნსკის მეოთხე კორპუსში ვიმყოფებოდი, მეხუთე სართულის 73-ე საკანში, ფანჯარასთან ვიდექი. მოულოდნელად შევამჩნიე, რომ სახურავიდან ტროსით სპეცრაზმელები ეშვებოდნენ. თვალის დახამხამებაში  ერთი მათგანი ჩემ პირდაპირ აღმოჩნდა. ავტომატი ეკიდა. ასეთი რამ მხოლოდ ფანტასტიკურ ფილმებში თუ მენახა. დევებივით იყვნენ, კბილებამდე შეიარაღებულები. ფანჯარასთან რაღაც მიამაგრა და ზემოთ ისე აიწია, მივხვდი, რომ შენობაში შემოჭრას სწორედ ჩვენი საკნიდან აპირებდნენ (კუთხის საკანი იყო და ალბათ სწორედ ამიტომაც აირჩიეს, რომ გარედან ვერავის შეემჩნია, რა ხდებოდა), ვინაიდან გარედან გისოსების ხერხვას არავინ დაიწყებდა. ფანჯარასთან ბომბები მიამაგრეს.
როგორც კი მივხვდი, რაც ხდებოდა, ყვირილი ავტეხე, - ფანჯრებს მოშორდით-მეთქი. თუმცა შიგნით ისეთი ქაოსი იყო, ჩემი ყვირილი ყურად არავინ იღო.

ის იყო, საკნის კარებამდე მივედი დერეფანში გასასვლელად, რომ გამაყრუებელი ხმა გაისმა. მას ყვირილი და კვნესა მოჰყვა. ფანჯრის აფეთქებამ იქვე მყოფი თითქმის ათეულამდე კაცი დაასახიჩრა. დავინახე, პირველმა სპეცრაზმელმა, რომელიც ჯერ კიდევ ტროსზე ეკიდა, საკანში მყოფ დასახიჩრებულ პატიმრებს ავტომატის ჯერი მიუშვა.
დერეფანში გამოვვარდი.

საშინელი სიტუაცია იყო.
სპეცრაზმელების ტყვია რომ აერიდებინათ, პატიმრები საკნებში შეღწევას ცდილობდნენ. ამ ზედახორაში ზოგიერთი წაიქცა კიდეც და ყველაფერი ერთმანეთში აიზილა...
ჯოჯოხეთური შეგრძნებაა, როდესაც  უკნიდან ტყვია მოგდევს და იცი, ვერსად დაემალები...
როდესაც ჩვენი კორპუსის "წმენდა" დამთავრდა, მესამე და მეხუთე კორპუსები ისევ ჩაკეტილი იყო და ბუნტი გრძელდებოდა...

საკნებში შემოდიოდნენ და გვარებს კითხულობდნენ. თავიდან მხოლოდ 11 კაცი აარჩიეს (კრიმინალური ავტორიტეტები) და გაიყვანეს, შემდეგ კიდევ - 100.
არჩეული ხალხი კარგად გვცემეს და ეზოში ჩაგვიყვანეს. მეოთხე კორპუსიდან მეორე კორპუსში მიგვიყვანეს. იქაც უამრავი პატიმარი ჰყავდათ გამოყვანილი და სცემდნენ. რამდენიმე ნიღბიანი ერთ პატიმარს ეძებდა განსაკუთრებულად, აზერბაიჯანელი იყო, გვარს ხმამაღლა კითხულობდნენ. როცა გამოიყვანეს, ვიცანი, ის ტიპი იყო, "თეთრი მორიელი" რომ უპოვეს. მთელი გუბერნსკის მორფინისტები მასზე ლაპარაკობდნენ. გამოიყვანეს და იქვე კუთხეში ესროლეს... იმ წუთში არაფერი გამკვირვებია. ჩვენ შემდეგ მანქანებთან მიგვიყვანეს და  შიგ შეგვყარეს...
თვალი მოვკარი, რომ ამ ყველაფერს ტელევიზია იღებდა. ერთი ოპერატორი იყო და ჟურნალისტი გოგო"...

ნიკოლოზი,ყოფილი პატიმარი

ამ ამბებს ლოგიკური გაგრძელება მოჰყვა - რამდენიმე ხანში ცნობილი "ტაქსაც"”მოკლეს...
2006 წლის მაისიდან დედაქალაქში ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის ზედოზირების ფაქტები გახშირდა, სიკვდილიანობა იმდენად მაღალი იყო, რომ ამან სპეციალისტებიც შეაშფოთა, გაჩნდა ეჭვი, რომ ნარკოტიკების მომხმარებლებში სიკვდილიანობის მიზეზი შესაძლოა ახალი ნარკოტიკის ან სულაც ბაზარზე მაღალი ხარისხის ჰეროინის გამოჩენა ყოფილიყო.
2006 წლის ივნისში ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, წვეულების შემდეგ, რამდენიმე მეგობარმა ჰეროინი მოიხმარა. სამწუხაროდ, ორი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა...

"ჩემს ძმას ვაკოს აბაშიძის ქუჩაზე  მივაკითხე. ახლობელთან იყო. რომ აღარ ჩამოვიდა, დავურეკე. ზარი გადიოდა, მაგრამ არავინ მპასუხობდა. ბოლოს, თითქოს ყურმილიც აიღო, მაგრამ არაფერი მესმოდა. სასწრაფოდ ავედი სახლში. კარები რომ გავაღე, მხოლოდ ტელევიზორის ხმა ისმოდა. ჩემს ძმას აბაზანის კართან მოვკარი თვალი - წელში მოხრილი იწვა. ტუჩები გალურჯებული ჰქონდა, გონზე არ იყო, მისაღებში გავვარდი და რაც დავინახე, საშინელება იყო. სავარძელში ჩემი ძმის მეგობარი ოთო იჯდა, მკლავზე ჟგუტის მოხსნაც ვერ მოესწრო, ისე მომკვდარიყო. მეორეს არ ვიცნობდი, ხალიჩაზე ეგდო და ძლივს სუნთქავდა. მივხვდი, რაც მომხდარიყო. სასწრაფო გამოვიძახე და, ისევ ჩემს ძმასთან მივედი. ვიფიქრე, აივანზე გავიყვან-მეთქი. მაგრამ ისევ უგონოდ რომ დავინახე, დავიბენი, არ ვიცოდი, რა მექნა. ვექაჩებოდი, რომ როგორმე წამომეყენებინა, მაგრამ უკვე გვიანი იყო...

ვაკო და ოთო დაიღუპნენ...
ჩემი ძმის ჯიბეში ერთი "ჩეკი" წამალი ვიპოვე.
მამაჩემმა ქვეყანა შეძრა, ვის აღარ სთხოვა და "ჩეკი" შეამოწმებინა. მახსოვს, თავად ლაბორატორიის თანამშრომლებიც იყვნენ გაკვირვებულნი - "ჩეკი" უმაღლესი ხარისხის ჰეროინი აღმოჩნდა.
სამწუხაროდ, სათანადო ნიმუშების უქონლობის გამო ნარკოტიკის წარმომავლობა ვერ დაადგინეს.
მოგვიანებით, გადარჩენილმა ჩემი ძმის ახლობელმა მითხრა, რომ ჰეროინი მისმა ახლობელმა აშოვნინა და უთხრა, რომ ის ცნობილი "მორიელი" იყო"...
ირაკლი

აბაშიძის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ საეჭვო აღარ იყო, რომ "თეთრი მორიელი" ქალაქში გამოჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეჭვების გასაქარწყლებლად პრეცედენტი დაუშვა და მოსახლეობას ერთ-ერთIი ტელევიზიის საშუალებით ამოღებული ნარკოტიკების საცავი აჩვენა, სადაც  მსხვილი ხედით სწორედ "თეთრი მორიელი" იწონებდა თავს. თუმცა საზოგადოებამ ეს არადამაჯერებლად მიიჩნია.

მოგვიანებით, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების  განადგურების პროცესის ვიდეოკადრები გამოაქვეყნა,“"თეთრი”მორიელი" უკვე  აღარსად ჩანდა.
დაინტერესებული პირები მის კვალს დღემდე ეძებენ...
achikozk
12 სექტემბერი 2015 21:20
რუსული U. ეს რა ასოა?
a b
29 აპრილი 2013 12:03
ბელეტრისტიკა
წითელი წიგნი
25 აპრილი 2013 12:45
”ეს შევარდნაძემ დაიწყო ქართველთა გენოციდი!” და ნაცებმა გააგრძელეს(ოღონდ,მათ გენოციდის განხორციელების ფორმები დახვეწეს და გაამდიდრეს ჯანმრთელობისთვის უვარგისი საკვების გამოყენებით)

რედაქტორის რჩევით