სოსომ მითხრა, - თუ ავთო ჭკუაზე არ მოვიდა, უნდა დავსაჯოთო - კვირის პალიტრა

სოსომ მითხრა, - თუ ავთო ჭკუაზე არ მოვიდა, უნდა დავსაჯოთო

რა ჩვენება მისცა სოსო პავლიაშვილის დის ქმარმა გამოძიებას

"ერთ ეზოში გავიზარდეთ მე და ავთო (ანტონ ადუაშვილი. - ავტ.). ოჯახებით ვმეგობრობდით. მას თავისი საქმე კარგად გამოსდიოდა და ჰქონდა იმის შესაძლებლობა, უფრო დიდი საქმე წამოეწყო. სამწუხაროდ, არ ვიცი, რა მოხდა თბილისში, ვის დასჭირდა ამის გაკეთება. ავთო ჩემთან რომ ყოფილიყო, დღეს ცოცხალი იქნებოდა, მისი სიკვდილით ფაქტობრივად ბავშვობა მომიკვდა, ნახევარი ადამიანი დავრჩი."

სოსო პავლიაშვილი

"იყო ისეთი ჩვენება, რომ  მკვლელობა სოსო პავლიაშვილმა შეუკვეთა და იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი მამხილებელი ჩვენებები იყო საქმეში, ცალკე წარმოებად გამოიყო საქმიდან. სოსო პავლიაშვილზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე".

პროკურორი გრიგოლ ბიბილაშვილი

2012 წლის 23 ნოემბერს, საღამოს, თბილისში, ზაზიაშვილის (ყოფილი მონტინის) ქუჩის მცხოვრებლებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ ქუჩაზე საეჭვოდ იყო გაჩერებული "მერსედესის" მარკის თეთრი ავტომანქანა.

სამართალდამცავები როდესაც მივიდნენ და მანქანა დაათვალიერეს, უკანა სავარძელზე ცხედარი აღმოაჩინეს.

გაირკვა, რომ ავტომანქანა 46 წლის ანტონ (ავთო) ადუაშვილს ეკუთვნოდა და მოკლულიც თავად ბიზნესმენი იყო (ადუაშვილი რესტორან "ჩარდახსა" და მაღაზიების ქსელს ფლობდა).

ექსპერტიზით დადგინდა, რომ ადუაშვილს სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, სავარაუდოდ, ერთი - საკონტროლო. სამართალდამცავები ვარაუდობდნენ, რომ მკვლელობა სხვა ადგილას მოხდა და მანქანა შემდეგ გადმოიყვანეს ზაზიაშვილის ქუჩაზე. 2012 წლის 12 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ადუაშვილის მკვლელობა გახსნილი იყო და რამდენიმე პირი დაკავებული.

ანტონ ადუაშვილის მკვლელობა მორიგ დანაშაულად დარჩებოდა საზოგადოებისთვის, რომ არა ერთი საინტერესო ფაქტი: მკვლელობის გახსნიდან რამდენიმე დღის შემდეგ გარდაცვლილის ნათესავმა მედიას შეატყობინა, რომ დაკავებულ პირებს შორის იყო მომღერალ სოსო პავლიაშვილის დის ქმარი, ვახტანგ ჩხაპელიაც, რომელიც სხვებთან ერთად ჩადენილს აღიარებდა. ადუაშვილის ნათესავები ფიქრობდნენ, რომ ჩხაპელია, რომელსაც არასოდეს ჰქონია კონფლიქტი მოკლულთან, დანაშაულის თავის თავზე აღებას ცდილობდა, სინამდვილეში კი ბიზნესმენის მკვლელობის უკან რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი იდგა (პავლიაშვილს და ადუაშვილს საერთო ბიზნესიც კი ჰქონდათ უკრაინასა და სომხეთში). ეჭვის საფუძველს ისიც აძლიერებდა, რომ ბიზნესმენის მკვლელობის შემდეგ სოსო პალიაშვილმა მშობლები და და, მაკა პავლიაშვილი, რუსეთში გადაიყვანა და ადუაშვილებთან კავშირიც შეწყვიტა.

გამოძიებამ ვახტანგ ჩხაპელიას, კობა ყურუას, გელა უბილავას და ვლადიმერ ქარჩავას განზრახ მკვლელობის ბრალდება წაუყენა, ხოლო თემურ ქობალიას, მურთაზ გერგაიას და რამაზ ქარჩავას დანაშაულის დაფარვაში დასდო ბრალი.

2013 წლის 5 თებერვალს ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო მოსმენა დაიწყო. მკვლელობაში ეჭვმიტანილები, რომლებსაც შურისძიებისა ეშინოდათ, განსაკუთრებულ დაცვას ითხოვდნენ.

30 მარტს, მორიგი სასამართლო პროცესის შემდეგ, პროკურორმა ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის დევნა დაწყებული იყო სოსო პავლიაშვილის მიმართაც, თუმცა იმავე დღეს ეს ინფორმაცია მთავარმა პროკურორმა უარყო.

არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ”მასთან დაკავშირებით არის ერთი მოწმის ჩვენება, თუმცა ეს საკმარისი არ არის დევნის დასაწყებად, ამიტომაც ამ ჩვენების გამო ცალკეა გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე და თუU ის შემდგომი საგამოძიებო მოქმედებით გამყარდება, ამ მოსაზრებას მხარს დაუჭერენ, თუ არ გამყარდება - ცხადია, ვერც განვითარდება.

სავარაუდოდ, საუბარია ვახტანგ ჩხაპელიას ჩვენებაზე, რომელშიც მომღერლის დის ქმარი დაწვრილებით ჰყვება დანაშაულის დაგეგმვასა და შესრულებაზე.

ჩვენ მოვიპოვეთ ვახტანგ ჩხაპელიას ჩვენება და მას მცირედი შემოკლებით ვთავაზობთ მკითხველს (სტილი დაცულია):

"ანტონ (ავთო) ადუაშვილს ვიცნობ 1990 წლიდან. ჩემი მეუღლე, მაკა პავლიაშვილი და ანტონ ადუაშვილი ერთ ეზოში გაიზარდნენ.

მკვლელობის დღეს მე ვიყავი ჩემს მეგობარ გიორგი დარახველიძესთან ერთად, ჯერ ჩემთან, სახლში, იქიდან - ჯერ ვარკეთილში წავედით, რესტორანში, ხოლო 18 საათისთვის კი მეგობრის დაბადების დღეზე რესტორან "აფხაზეთში".

დაახლოებით ორი საათის შემდეგ ჩემმა მეუღლემ დამირეკა, -”ტელევიზიაში გამოაცხადეს, - ზაზიაშვილის ქუჩაზე მდგარ ML-ის მარკის თეთრ ავტომანქანაში მოკლული კაცი უნახავთ. მასეთი მანქანა კი ავთო ადუაშვილს ჰყავსო.

მე მივედი გიორგი დარახველიძესთან და ეს ამბავი ვუთხარი, შემდეგ ჩემი მანქანით ორივე წავედით ზაზიაშვილის ქუჩაზე, სადაც უამრავ ხალხს მოეყარა თავი.

მას შემდეგ, რაც ავთო პროზექტურაში გადავასვენეთ, ავედით ხუდადოვზე, სადაც ავთოს სახლთან  მეზობლები იყვნენ შეკრებილი. გიორგიმ ავთოს ძმას, მევლუდ ადუაშვილს დაურეკა. შემდეგ ჩვენ წავედით ავთოს ახალ სახლში ავჭალაში. მე ვიკითხე, - ვინმემ თუ შეატყობინა მომხდარის შესახებ სოსო პავლიაშვილს-მეთქი და თან სოსოსთან დარეკვას ვცდილობდი.

სოსო და ავთო ბავშვობიდან მეგობრობდნენ. ანტონი სოსოს მეჯვარე და ბავშვის ნათლია იყო. გარდა მეგობრობისა, მათ საქმიანი ურთიერთობაც ჰქონდათ. მახსოვს, ერთხელ სოსომ მითხრა, ფულს რომ ჩავიგდებ ხელში, საქართველოში გამოვგზავნი. მე და ავთო ერთად რაღაც საქმეების დაწყებას ვაპირებთ და შენც შემოდი ჩვენთან ერთად წილშიო.

უარი ვუთხარი, რადგან ავთო ყოველთვის ცდილობდა, საქმე მხოლოდ სათავისოდ წაეყვანა. ისიც ვიცოდი, რომ სოსოს 200 000 ევრო თუ დოლარი ჰქონდა ავთოსთვის მიცემული, რომლითაც მას ბიზნესის დასაწყებად ფართობი უნდა შეეძინა.

ბოლო დროს სოსო ხშირად მეუბნებოდა, - ავთო ძალიან შეცვლილიაო. წელს (2012 წელს. - ავტ.) ავთო ადუაშვილს ერევანში, სოსოსთან შეხვედრის დროს, მისთვის ქამარში გარჭობილი იარაღისკენაც მიუნიშნებია.”ავთო ბოლო ხანს ძალიან საშიში გახდაო, - წუხდა სოსო,”- ვცდილობ, დავაწყნარო, მაგრამ მომისმენს და მერე ისევ თავისას იწყებსო.”მე ვუთხარი სოსოს, - მაგას დაუსჯელობის სინდრომი სჭირს. მეც ბევრჯერ მიმითითა იარაღზე, ამიტომ უნდა დავსაჯოთ, რომ, ბოლოს და ბოლოს, ჭკუა ისწავლოს-მეთქი. 2012 წლის ივნისში სოსომ თავისი მშობლები და ჩემი ოჯახი დასასვენებლად თუUრქეთში, ქალაქ ბელეკში წაგვიყვანა, სწორედ იქ ვუთხარი სოსოს, რომ ავთო უნდა დასჯილიყო.

სოსო ამაზე დამთანხმდა, ყოველ შემთხვევაში, არ შემწინააღმდეგებია.

სოსომ საუბრისას მითხრა, - თუ ავთო ცოტა ჭკუაზე არ მოვიდა, მართლაც რაღაც უნდა მოვიფიქროთო.

ვუთხარი, რომ ამ საქმეს თავად მივხედავდი. ავთოს დასჯაში ვგულისხმობდი მის ცემას. დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, მენახა ისეთი ვინმე, რომელიც ადუაშვილის გონების დაკარგვამდე ცემას და მის დაინვალიდებას შეძლებდა.

ზაფხულის პერიოდში დავუკავშირდი ერთ ჩემს ახლობელს, თემურ ქობალიას - "მუხას" და შეხვედრა ვთხოვე, მაგრამ თბილისში არ იყო და, ცხადია, ვერ ვნახე. ტელეფონზე კი ამგვარი რამის შეთავაზება არ მინდოდა. 2012 წლის სექტემბერში ჩემთან, სანზონაში, "მუხას" შემთხვევით შევხვდი. ვუთხარი, რომ ერთ ძალიან ცუდ პიროვნებასთან მქონდა პრობლემები. ეს მე და ჩემს ოჯახს გვეხება და ამ კაცისთვის ჭკუის სწავლება მინდა-მეთქი.

რამდენიმე დღეში მას მივაკითხე თბილისის ზღვაზე სასტუმროში (იქ დევნილები ცხოვრობენ). ქობალია ჩავისვი მანქანაში და ვანახე ის ადგილები, სადაც ადუაშვილი ხშირად ტრიალებდა. ქობალიამ დახმარებაზე უარი მითხრა.

მეორე დღეს მის ნათესავთან, საბურთალოზე, ეზოში, თემურ ქობალიამ თAავისი ახლობელი, გელა უბილავა, გამაცნო. მიუხედავად უარისა, მე მაინც ვცდილობდი, ქობალიას ტელეფონზე დავკავშირებოდი, მაგრამ ის არ მპასუხობდა.

შუა ოქტომბერი იქნებოდა - მე  სამეგრელოში ჩავედი, თხილის ბიზნესში ჩართვა მინდოდა. ვიცოდი, იმ დროს ქობალია ხობში უნდა ყოფილიყო, ამიტომ მის სანახავად ხობში წავედი. შემთხვევით გელა უბილავა შემხვდა და მითხრა, - ქობალია სვანეთშია, ველოდებით, უნდა ჩამოვიდესო. მერე მკითხა, - რა პრობლემა გაქვს მოსაგვარებელიო. თავიდან გამიკვირდა, მერე ვიფიქრე, ალბათ თემომ მოუყვა უკვე-მეთქი და მეც არაფერი დამიმალავს - თბილისში ერთი პიროვნება არის დასასჯელი-მეთქი.

გელამ თავისი ტელეფონის ნომრები მომცა, - დამირეკეო.

რამდენიმე დღეში თვითონ გელამ დამირეკა, - თბილისში ვარო. შევხვდი და ვანახე ის ადგილები, სადაც ავთო ტრიალებდა. ისიც ვუთხარი, რომ კაცი, რომლის დასჯაც მინდოდა, თეთრი ML-ის ჯიპით მოძრაობდა. მანქანის ნომერიც ვუთხარი.

გელა დამთანხმდა შეკვეთის შესრულებაზე. მე დავპირდი, ამ საქმეში მისთვის 50 000 დოლარი გადამეხადა. თანხის უმეტესი ნაწილი - 30 000 ევრო უკრაინიდან ჩამოვიტანე. ის სოსო პავლიაშვილმა მომცა (დანარჩენი თანხა, დაახლოებით 12 000 დოლარიც ნაწილ-ნაწილ მივიღე) - მისთვის უკვე ნათქვამი მქონდა, რომ კაცი მყავდა ნანახი, რომელიც ავთო ადუაშვილის დასჯაში დამეხმარებოდა.

შეკვეთის მიღების შემდეგ გელა უბილავა პერიოდულად მიკავშირდებოდა, რამდენჯერმე შემხვდა კიდეც. არ ვიცოდი, თუ მას ამ საქმეში სხვა პირებიც ჰყავდა ჩართული, ჩემთვის არაფერი უთქვამს, შეხვედრებზეც მარტო მოდიოდა ხოლმე.

ანტონ ადუაშვილის მკვლელობის შემდეგ  24 ნოემბერი თენდებოდა. მე და ჩემი მეგობარი გიორგი დარახველიძე ჩემთან, სახლში ვიყავით. ჩემი მეუღლეც შინ იყო. 4 საათი იქნებოდა, როცა გელა უბილავამ დამირეკა. ვუთხარი, - ახლობელი მოგვიკლეს. ხვალ დამიკავშირდი და დაგელაპარაკები-მეთქი. მითხრა,  სასწრაფო საქმე მაქვს და ზუგდიდში მივდივარო. მთხოვა, 15 წუთში გარეთ გავსულიყავი.  შინიდან მარტო გამოვედი. გამოსვლისას ტანსაცმლის კარადიდან პარკით 46 000 დოლარი გამოვიტანე (4 000 სხვადასხვა დროს მქონდა მიცემული). ეს არავის დაუნახავს. ოჯახში ვთქვი, - ტელეფონის ფულის ჩასარიცხად მივდივარ-მეთქი. დილით ერევანში მივდიოდი.

უბილავას ფული ისე გადავეცი, ერთმანეთისთვის სიტყვა არ გვითქვამს. ფეხით იყო მოსული.

სოსო პავლიაშვილმა მკვლელობის ამბავი რამდენიმე საათში გაიგო, თუმცა არაფერი  უთქვამს. ადუაშვილებთან საუბრისას გადაწყდა, რომ მე და გიორგი დარახველიძე წავიდოდით ერევანში, საიდანაც სოსო ფულს გამოგვატანდა. როდესაც ერევანში სოსო ვნახე, შევატყვე, რომ მომხდარით გაოგნებული იყო. ცალკე საუბრისას ვუთხარი, ავთო ჩემი შეკვეთით მოკლეს, მაგრამ მე ასე არ მინდოდა მომხდარიყო, მისი სიკვდილი არ მინდოდა, მინდოდა, მხოლოდ ფიზიკურად გასწორებოდნენ-მეთქი...

სოსოს არაფერი უთქვამს, 10 000 ევრო მომცა ჭირისუფლებისთვის მისაცემად, რათა დაკრძალვის ხარჯები დაეფარათ, 26 ნოემბერს დედაჩემის წამოსაყვანად სამეგრელოში წავედი. თან ხობში შევიარე, სადაც გელა უბილავა კიდევ ერთხელ ვნახე. ვკითხე, იცოდა თუ არა რამე თემურ ქობალიამ. მითხრა, რომ ქობალია პირადად არ უნახავს, ალბათ ტელევიზორით შეიტყო.

2 დეკემბერს უკრაინაში წავედი. ჩემი და სოსოს საერთო ნაცნობს ბავშვი შეეძინა. სოსო იქ ვნახე და კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ” არ მინდოდა ანტონ ადუაშვილის სიკვდილი, მაგრამ რაღას ვიზამ, ამაზე ვეღარ გამოვეკიდები-მეთქი.”სოსოს არც ამჯერად უთქვამს არაფერი. ბოლოს სოსო 10-12 დეკემბერს ვნახე ერევანში. მე თან მეუღლე მახლდა. სოსოს იქ კონცერტები ჰქონდა. მიღებული ჰონორარიდან 10 000 დოლარი და 10 000 ევრო გამომატანა თბილისში. დოლარი ხელოსნებისთვის უნდა გადამეცა საფლავის მოსაწყობად, ხოლო 10 000 ევრო ჭირისუფლებისთვის უნდა მიმეტანა.

მე და ანტონ ადუაშვილს პირადი უთანხმოება, რაც მისი დასჯის სურვილს გამიჩენდა, არ გვქონია. ანტონს ფარული უთანხმოება ჰქონდა სოსო პავლიაშვილთან - ანტონი სოსოს დიდი ოდენობით თანხებს მოტყუებით სისტემატურად ართმევდა. სწორედ ამ ფაქტების სიმრავლის გამო გადავწყვიტეთ მე და სოსომ დაგვესაჯა ანტონ ადუაშვილი, რისი შესრულებაც მე ვითავე, ხოლო ფინანსური დახმარება სოსომ გამიწია".

ანტონ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 12 აპრილს არის დანიშნული.