სკანდალური კადრები ბოსტონიდან: რას არ ამხელს FBI? (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

სკანდალური კადრები ბოსტონიდან: რას არ ამხელს FBI? (ექსკლუზივი)

ტამერლან ცარნაევის მეგობარი "კვირის პალიტრას" ესაუბრა

არიან თუ არა ძმები ცარნაევები ტერორისტები, თუ ისინი სპეცსამსახურების თამაშის მორიგი მსხვერპლნი გახდნენ?..

"უმეტესობა, რასაც თქვენი ყური უსმენს, სიცრუეა, მაგრამ რასაც თქვენი თვალები ხედავენ, ჭეშმარიტება".

იმამი ალი

"პოლიციამ სროლა აგვიტეხა. ჩვენი დევნა გრძელდება. დედა, ძალიან მიყვარხარ".

ტამერლან ცარნაევის უკანასკნელი სიტყვები

"ეს არის ჩემი უკანასკნელი წერილი, სანამ პოლიცია დამაკავებს. მე ამას არასოდეს გავაკეთებდი, მახე დამიგეს. მამა, მაპატიე, ვწუხვარ, ასე რომ მოხდა".

ჯოჰარ ცარნაევისოციალური ქსელები

"გემუდარები, ნუ აღმოჩნდები მუსლიმანი".

ლიბიელი სტუდენტის მიმართვა ბოსტონელ ტერორისტს

2002 წელს ამერიკაში გამოიცა ტომ ლონერგნის წიგნი "მწუხარების მთა" ("ბოსტონური მარათონის ტრილერი"). დეტექტივში 1996 წელს მემარჯვენე ექსტრემისტები ბოსტონის მარათონზე აფეთქებებს გეგმავენ...

11 წლის შემდეგ მოვლენები სწორედ ამ წიგნის მიხედვით განვითარდა...

2013 წლის 15 აპრილს ბოსტონი ტრადიციული მარათონისთვის ემზადებოდა (ბოსტონის მარათონი ერთ-ერთი უძველესი და პრესტიჟულია მარათონთა ისტორიაში, პირველად ის 1897 წელს, პატრიოტთა დღეს ჩატარდა. მას შემდეგ ყოველი აპრილის მეორე ორშაბათს მარათონულ გარბენში ათასობით ადამიანი მონაწილეობს. - ავტ.).

წელს მარათონი 2012 წლის დეკემბერში ნიუთაუნის სკოლაში მომხდარ მასობრივი მკვლელობის მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნებოდა. გარბენში 23 ათასი კაცი მონაწილეობდა რამდენიმე ათეული ქვეყნიდან.

შუადღისას, როდესაც ბოილსტონ სტრიტზე ფინიში თითქმის ყველა მონაწილემ გადალახა, მოულოდნელად აფეთქების ხმა გაისმა. 20 წამის შემდეგ აფეთქება განმეორდა. დაიღუპა სამი (მათ შორის 8 წლის ბავშვი, რომელიც მამას ფინიშთან ყვავილებით ელოდებოდა) და დასახიჩრდა 140 კაცი.

"ფინიშამდე რამდენიმე მეტრიღა მაკლდა, როდესაც აფეთქების ხმა გავიგონე. Dდავინახე, როგორ გადმოყარა აფეთქების ტალღამ რამდენიმე ადამიანი. მოულოდნელად ჩემ წინ დაეცნენ ბავშვები, რომლებიც, ერთი შეხედვით, უკვე ცოცხლები აღარ იყვნენ. ფეხებთან ადამიანის სხეულის დამწვარი ნაწილებიც დაცვივდა. ნუთუ მეც ვიწვი? შეიძლება ვიწვი, მაგრამ ვერ ვგრძნობ. თუ ასეა, ნეტავ, ეს ძალიან მალე და უმტკივნეულოდ მოხდეს-მეთქი, - გავიფიქრე. თუმცა, სხვებთან შედარებით უფრო იღბლიანი აღმოვჩნდი - გადავრჩი.

ჩემს დაქალს შეყვარებული ელოდებოდა ფინიშთან, უნდოდა ყველას გასაგონად ხელი ეთხოვა, მაგრამ ფინიშთან მხოლოდ ჩემი მეგობრის სხეულის ნაფლეთები აღმოჩნდა.

მას დიდხანს ვარჩევდით ერთმანეთში აზელილ დახოცილებში. ირგვლივ დამწვარი ხორცის და სისხლის სუნი იდგა...”

27 წლის თვითმხილველის

ნაამბობიდან

ამერიკელი სამართალდამცავები აცხადებდნენ, რომ ეს იყო ყველაზე მასშტაბური ტერაქტი ამერიკაში 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ. მომხდარმა მთელ ამერიკას თავზარი დასცა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დიდ ქალაქში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს, ქვეყნის მოსახლეობა თავს მაინც დაუცველად გრძნობდა. ამასობაში ბოსტონში პოლიციამ კიდევ რამდენიმე ბომბი აღმოაჩინა. ბოსტონის ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია. 17 აპრილს ამერიკელმა სამართალდამცავებმა გაავრცელეს განცხადება ბოსტონის ტერაქტის ეჭვმიტანილების ვინაობის შესახებ. ისინი მაიკ მულიგეტი და სუნილ ტრიპატი აღმოჩნდნენ (ტრიპატი მარტიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ორიოდე დღის წინ მისი გვამი ერთ-ერთ მდინარეში იპოვეს. - ავტ.), თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყვეს.

სანამ FBI ტერორისტებს ეძებდა, ბოსტონის მახლობლად, ქალაქ კემბრიჯში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტთან, ორმა ახალგაზრდამ პოლიციელს, რომელმაც ისინი საეჭვო პირებად მიიჩნია, სროლა აუტეხა. პოლიციელი დაიღუპა. სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე თვითნაკეთი ბომბის ნაწილები იპოვეს. მსგავსი ბომბები იყო გამოყენებული ბოსტონის ტერაქტისას. პოლიციამ მკვლელების ძებნა დაიწყო. მალე ცნობილი გახდა, რომ დამნაშავეებმა გაქურდეს მაღაზია და ერთ-ერთი მოქალაქის მანქანაც გაიტაცეს. პარალელურად FBI-მ გამოაქვეყნა სავარაუდო ტერორისტთა ფოტოები, რომლებიც ბოსტონში, აფეთქების ადგილზე შემთხვევით ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს. ისინი ჩეჩენი ძმები - ტამერლან და ჯოჰარ ცარნაევები აღმოჩნდნენ. პოლიციამ ტერორისტების დევნა დაიწყო. გატაცებულ ავტომანქანას სამართალდამცავებმა უორტერ ტაუნში მიაგნეს, თუმცა ცარნაევებმა მათ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. ორმხრივი სროლისას დაიჭრა ტამერლან ცარნაევი. როგორც ოფიციალური წყაროები აცხადებდნენ, უმცროსმა ძმამ, ჯოჰარ ცარნაევმა, რომელმაც ბოლო წუთებში პოლიციის ალყის გარღვევა სცადა, დაჭრილ ძმას გადაუარა და თვალს მიეფარა. უფროსი ცარნაევი საავადმყოფოში  გარდაიცვალა.

"19 აპრილს მთელი ბოსტონი გაირინდა. პოლიციამ მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლა აგვიკრძალა, ქალაქი გადაკეტილი იყო. მთელი დღე შინ ვისხედით და ახალ ამბებს ვუსმენდით, სადაც ხშირ-ხშირად აცხადებდნენ, - ეჭვმიტანილი-1 მკვდარია, ვეძებთ ეჭვმიტანილ-2-სო. საღამოს გავიგეთ, რომ მეორე ტერორისტიც დაუკავებიათ. სახლებიდან ქუჩაში სპონტანურად გამოვცვივდით, სიხარულისგან ცრემლები გვდიოდა. ყველა ზეიმობდა. ხალხი პოლიციელებს ოვაციით ხვდებოდა, ვიღაცებმა მათთვის პიცებიც კი შეუკვეთეს.”

ფელიქს კრაუზე, სტუდენტი

ჯოჰარ ცარნაევი პოლიციამ მალე იპოვა. ერთმა მოქალაქემ პოლიციის განყოფილებაში დარეკა, - ეზოში, ჩემს ნავში ვიღაც იმალებაო. სამართალდამცავები შიშობდნენ, - შეიძლება შაჰიდის ქამარი ჰქონდესო და მიახლოებას ვერ ბედავდნენ. ერთხანს მოლაპარაკება გაუმართეს. ოფიციალური წყაროების ცნობით, ტერორისტმა მათ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია - მძიმედ დაჭრილი ჯოჰარ ცარნაევი ცოცხალ-მკვდარი მოათავსეს საავადმყოფოში.

ძმები ცარნაევები დედასა და დებთან ერთად რამდენიმე წელია, ამერიკაში ცხოვრობდნენ, ტამერლან ცარნაევი პერსპექტიული მოკრივე იყო, ხოლო ჯოჰარი პრესტიჟული სასწავლებლის წარმატებული სტუდენტი; თუმცა ცარნაევების დედა 2011 წელს პოტენციურ ტერორისტთა სიაში აღმოჩნდა. უფროს ვაჟთან, ტამერლანთან ერთად, ამერიკული სპეცსამსახურების ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც რუსი კოლეგებისგან მიიღეს ინფორმაცია მათი რადიკალურ ისლამისტებთან კავშირის შესახებ. თავად ტერორისტების დედაც, ზუბაიდა ცარნაევა, არ მალავს, რომ მისი შვილები FBI-მ 5-ჯერ დაჰკითხა. ბოლოს ნახევარი წლის წინ.

- მოდიოდნენ და ეკითხებოდნენ, - რას საქმიანობთ, რა გიტრიალებთ თავშიო... მიმტკიცებდნენ, - ტამერლანს ლიდერის თვისებები აქვს და შეუძლია, ადვილად მოახდინოს გავლენა სხვებზეო. მეკითხებოდნენ, - არ გიფიქრიათ, რომ თქვენს უფროს ვაჟს თავის წრეში ტერორისტული იდეოლოგიის ჯგუფის შექმნა შეუძლიაო? ყურადღებით ათვალიერებდნენ წიგნებს, რომლებსაც ტამერლანი კითხულობდა, აგრეთვე ფილმებს.

ეკითხებოდნენ, - რატომ კითხულობ ექსტრემისტულ წიგნებსო. მახსოვს, ტამერლანმა უთხრა, - მე ბევრ წიგნს ვკითხულობ, მათ შორის პუშკინსაც და დოსტოევსკისაცო,

- ამბობს ცარნაევების დედა.

2012 წელს ტამერლან ცარნაევი 6 თვით იმყოფებოდა დაღესტანში, სადაც, სავარაუდოდ, კავკასიის იმარატის წევრებს ხვდებოდა. დაღესტნელმა მოჯაჰედებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათ ბოსტონის ტერაქტთან არანაირი კავშირი არა აქვთ, არასოდეს ჰქონიათ კონტაქტი ტამერლან ცარნაევთან, მეტიც, კავკასიის იმარატი არ იმყოფება შეერთებულ შტატებთან საომარ მდგომარეობაში და არ გეგმავს ამ ქვეყნის სამოქალაქო ობიექტებზე შეტევებს. საინტერესოა, რომ ბოსტონის ტერაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ რუსულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია ე.წ. ქართული კვალის შესახებ. იყო ვერსია, რომ ძმები ცარნაევები ქართული ორგანიზაცია "კავკასიური ფონდის" მოწვევით საქართველოში სემინარებზეც იმყოფებოდნენ, თუმცა ეს ოფიციალურად არ დასტურდება, არც ვერსია, მათი ქართული პასპორტების შესახებ (უნდა ითქვას, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგაც აქტიურად ვრცელდებოდა ვერსია ქართული კვალის შესახებ, საუბარი იყო პანკისში განხორციელებულ სატელეფონო ზარებზე, სადაც ტერორისტები ვიღაცას ატყობინებდნენ ოპერაციის წარმატებით დამთაAვრების შესახებ). ჩვენ შევძელით თურქეთში დავკავშირებოდით ტამერლან ცარნაევის ჩეჩენ მეგობარს:

"ტამერლან ცარნაევს თურქეთში, სტამბოლში შევხვდი. კარგ მოკრივედ ითვლებოდა და როცა მითხრა, ვარჯიშს თავს ვანებებო, სიმართლე გითხრათ, მეწყინა. ვფიქრობდი, რომ ოდესმე ჩეჩნეთის სახელით გამოვიდოდა რინგზე. ასე ამერიკამ იცის-მეთქი, - გავეხუმრე. არაო, - მითხრა, - ახლა უფრო მეტად ვარ ჩეჩენი, ვიდრე ადრე ვიყავი, ლოცვა დავიწყეო... გამიკვირდა - ტამერლანი არასოდეს გამოირჩეოდა რელიგიურობით. სტამბოლში ვის სტუმრობდა, არ ვიცი, მისი იქ ყოფნა არ გამკვირვებია - ქალაქში ბევრი ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს. ალბათ, მეგობრებიც ეყოლება-მეთქი... ერთხანს ისიც ვიფიქრე, სირიაში წასვლას ხომ არ გეგმავს-მეთქი, მაგრამ ჩაცმულობას რომ შევხედე, გამეღიმა. ასეთი "ევროპელი"”ჩეჩნები სირიაში საომრად არ დადიან... ტერორისტობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. შეიძლება კარგი მოკრივე იყო, აგრესიული, მაგრამ ხალხი რომ დახოცო, ამას უფრო მეტი რამ სჭირდება ალბათ"...

არბი ასტემიროვი, მოკრივე

ბოსტონის ტერაქტიდან 10 დღეზე მეტი გავიდა და ამერიკულ და არა მარტო ამერიკულ მედიაში უკვე გაისმის კითხვა, - არიან თუ არა სინამდვილეში ძმები ცარნაევები ტერორისტები, თუ ისინი სპეცსამსახურების თამაშის მორიგი მსხვერპლნი არიან?..

Mმიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი სამართალდამცავები მალავდნენ, მაინც გაჟონა ინფორმაციამ, რომ ტერაქტის დროს აფეთქების ადგილიდან რამდენიმე მეტრში ფოტოკამერებმა შემთხვევით საუდის არაბეთის მოქალაქე აბდულრაჰმან ალ ჰარაბი დააფიქსირეს ორ მეგობართან ერთად. ცნობილია, რომ "ალ-ქაიდას" 86 ცნობილი ტერორისტის სიაში უმრავლესობის გვარი სწორედ ალ ჰარაბია. როგორც კი პოლიციის საიდუმლო დოკუმენტში ის ეჭვმიტანილად დასახელდა, ამერიკის სახელმწიფო მდივანი არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, პრეზიდენტმა ობამამ ქვეყნის ელჩი მიიღო ექსტერნად.

ცარნაევების დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილები დაკავების დროს დაჭრილები არ იყვნენ. ამას ინტერნეტიდან მოულოდნელად გამქრალი კადრებიც მოწმობს. სი-ენ-ენის კადრებითაც ჩანს, რომ ტამერლან ცარნაევი პოლიციამ საღ-სალამათი დააკავა. ის გააშიშვლეს, რადგან ეგონათ, ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა ტანზე და შიშველი თავისი ფეხით მივიდა პოლიციის მანქანამდე. ასევე, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ოპერატორმა შვეულმფრენიდან შემთხვევით გადაიღო, როგორ ამოდის ნავიდან ასევე საღ-სალამათი ჯოჰარ ცარნაევი და ბარდება პოლიციას...

გარდა ამისა, შემთხვევის ადგილზე გადაღებული უამრავი სურათის შეჯერებით დადგინდა, რომ ზურგჩანთა, რომელშიც ბომბი აფეთქდა, ძმებ ცარნაევებს კი არა, ერთ-ერთი კერძო სამხედრო სამსახურის ბლაცკ წოტერ თანამშრომლებს ეკუთვნოდათ, რომლებიც რატომღაც აფეთქებამდე რამდენიმე ხნით ადრე აღმოჩნდნენ ფინიშთან.…

26 აპრილს ჯოჰარ ცარნაევი საავადმყოფოდან ციხეში გადაიყვანეს. ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს. სასამართლო პროცესი 30 მაისს არის დანიშნული.