მკვლელობის თანამონაწილე ცოლი და მოულოდნელად გამოჩენილი "მოწმე"
07-12-2009
მკვლელობის თანამონაწილე ცოლი და მოულოდნელად გამოჩენილი "მოწმე"
ზღვისპირა საკურორტო ქალაქის მყუდროება გამთენიისას ქალის განწირულმა კივილმა დაარღვია. სასტუმროს ნომერში, პირველი სართულის მორიგე შევარდა და სწორედ მას ჩაუვარდა მკლავებში გულწასული ქალი...
- მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი გვერქვა და აფხაზეთიც ჩვენი იყო. საკუთარი სურვილით წავედი სამუშაოდ იქაურ მილიციაში და არც ვნანობ იქ გატარებულ ორ წელიწადს! - იხსენებს მიხეილ ჩოგოვაძე. - სასტუმროში მისულებმა უკვე ვიცოდით, რომ მოკლული მამაკაცი თბილისიდან ჩამოსული მაღალჩინოსანი იყო. ახალგაზრდა ქალი, რომელიც შვილად უფრო შეეფერებოდა, ვინმე ნანა
ჯოხაძე (აქაც და შემდეგშიც გვარ-სახელები შეცვლილია) აღმოჩნდა, ასევე დედაქალაქის მკვიდრი...
ორივეს ბასრი დანით ჰქონდა გამოჭრილი ყელი, თანაც, ისე ოსტატურად, რომ ცხადი იყო, მკვლელმა კარგად იცოდა, რა ადგილზე უნდა განეხორციელებინა სასიკვდილო დარტყმა.
ამ ამბის შემსწრე ქალი, რომელსაც სასწრაფო დახმარების ექიმები ადგნენ თავს და ასულიერებდნენ, მოკლული ნიკო
ქვათაძის მეუღლე იყო. სწორედ მან აღმოაჩინა დახოცილები, შეძრწუნებულმა კარგა ხნის შემდეგღა შეძლო ხმის ამოღება:
- ეს გოგო ვინაა, - არ ვიცი, პირველად ვხედავ... ჩანს, აქაური მეძავია და ნიკომ გართობა გადაწყვიტა მასთან. თუმცა, ამანაც შოკში ჩამაგდო, - 25 წელია ცოლ-ქმარი ვართ და მისგან ღალატი არ მახსოვს. ძალიან უფრთხილდებოდა ჩვენს სიყვარულს... როგორც გითხარით, 25 წელია ერთად ვართ და აქ იმიტომ წამომიყვანა, რომ საიუბილეო მოგზაურობა მომიწყო. აქვე ახლოს, ჩემი დეიდაშვილია გათხოვილი და ორი დღის წინ რომ ვთხოვე მასთან წავეყვანე, უარი არ უთქვამს. თავად მიმიყვანა და დამტოვა. ერთი ღამე დარჩა კიდეც, მერე კი საქმიანი შეხვედრა ახსენა. ჩემი ქმარი ფინანსისტი იყო და საქმიანი მივლინებაც დაამთხვია ჩვენს მოგზაურობას. მოკლედ, დამტოვა და წამოვიდა: შაბათს უნდა ჩამოეკითხა, მაგრამ ვეღარ მოვისვენე, - გული აწუხებდა და მარტო არ მინდოდა დარჩენილიყო. ამ დილით ჩემი დეიდაშვილის ქმარი მოდიოდა და ვთხოვე, წამოვეყვანე. დილის 6 საათიც არ იყო, სასტუმროს რომ მოვადექი. კართან ჩაძინებული დარაჯი მე გავაღვიძე, რომ შემოვეშვი.
სასტუმროს ნომრის კარი კი სართულის მორიგემ გამიღო.
მეგონა, მძინარე ქმარს სასიამოვნო სიურპრიზით გავახარებდი. სინათლე არ ავანთე, ისე შევედი საძინებელში და ვერც მივხვდი, რომ მკვდარი იყო. საბნის ქვეშ რომ ხელი შევუცურე, უცნაურმა სიცივემ შემზარა...
ექსპერტის დასკვნით, წყვილი მძინარეები დახოცეს, საძილე წამლის დიდი დოზა იმ სასმელში აღმოჩნდა, რომელიც "შეყვარებულებმა" დაწოლამდე მიირთვეს. აი, კონიაკის ბოთლში საიდან მოხვდა წამალი, ეს მართლაც გამოცანა იყო. მაგიდაზე კონიაკის მეორე გაუხსნელი ბოთლიც იდო, ასევე საძილე წამლით "გაჯერებული".
აშკარა იყო, რომ მძინარეებს გამოსჭრეს ყელი.
- სერიოზულ და წინასწარ დაგეგმილ დანაშაულთან გვაქვს საქმე, რადგან გაუხსნელ ბოთლშიც კი აღმოჩნდა წამალი! - აღნიშნა შაქრო კანკავამ.
მარკის მიხედვით კონიაკი სომხური იყო, სასტუმროს რესტორანში ასეთი სასმელი არ ჰქონდათ. როცა მოკლულის ცოლმა ბოთლებს დახედა, წამოიძახა:
- ეს ნიკოს საყვარელი კონიაკია და სულ გვაქვს შინ. ეტყობა, თბილისიდან წამოიღო. ახლა გამახსენდა, რომ მაცივარშიც შევნიშნე. მე არ ვსვამ საერთოდ, ამიტომ არ მიმიქცევია ყურადღება...
- გამოდის, მოკლულმა თავადვე მოიწამლა თავი?! - ეჭვით გადმოგვხედა კანკავამ და გაუხსნელ ბოთლზე მიანიშნა ექსპერტს.
- როცა სავსე ბოთლი გახსენით, სახურავი ხომ არ ჰქონია დაზიანებული? - ვკითხეთ ექსპერტს.
- როგორ არა, თითქოს ნაწვალები იყო, მაგრამ ამისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიგვინიჭებია, რადგან პირველი ბოთლი თითქმის ცარიელი იყო და ვიფიქრეთ, რომ კაცმა მეორის გახსნაც სცადა...
- აშკარაა, მკვლელობა თბილისშივე დაიგეგმა და მკვლელი მსხვერპლს აქამდე გამოჰყვა, მაგრამ, რას ერჩოდა?! - დავინტერესდი.
- თქვენს მეუღლეს მტრები ჰყავდა? რაიმე ხომ არ დასცდენია თქვენთან? - ვკითხეთ მოკლულის ცოლს.
- მტრების შესახებ არაფერი უთქვამს, მაგრამ ნიკო მაინც სულ ფრთხილობდა. მთელი თავისი ქონება ჩემზე ჰქონდა გაფორმებული: სახლიც, მანქანაც, აგარაკიც... უბედური, ეტყობა, რაღაც ისეთი იცოდა და რომ არ მენერვიულა, არ მიმხელდა! - აქვითინდა ქალი...
გარდაცვლილები თბილისში გადაასვენეს.
ნანა სულაც არ აღმოჩნდა "ვიღაც" და მით უმეტეს, იაფფასიანი მეძავი. ისიც ფინანსისტი იყო და ალბათ იმიტომაც მიაღებინა ნიკომ სამსახურში, რომ მოიხიბლა ახალგაზრდა ქალით. 27 წლისა უკვე დაქვრივებულიყო. ქმარი ნარკომანი ჰყოლია და ზედოზირებით დაღუპულა. გადატანილ უბედურებას მეტად ფრთხილი გაეხადა. თავის ტოლებს აღარ ენდობოდა და აღარც აინტერესებდა. ეტყობა, ამიტომაც აირჩია ნიკო, მის გამო სახლიდანაც წამოსულა. ბინა მისთვის ნიკოს დაუქირავებია...
ნანა ჯოხაძის მშობლები მომხდარზე კომენტარს არ აკეთებდნენ და უარით მოგვიშორეს თავიდან. ამტკიცებდნენ, რომ მათი ქალიშვილის ქვათაძესთან ურთიერთობის შესახებ არაფერი იცოდნენ. ბუნებრივია, ოჯახის რეპუტაციის შელახვას ერიდებოდნენ.
მოულოდნელად გამოჩნდა "მოწმე", რომელმაც კვალზე დაგვაყენა: ელზა ტაბატაძე, ნანას ყოფილი მული და... მეგობარი:
- მე და ნანა თანაკურსელები ვართ... მას და ჩემს ძმას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და რომ არა ნარკოტიკი, სხვა მათ ბედნიერებას ვერაფერი დაჩრდილავდა... რეზოს გარდაცვალების შემდეგაც მეგობრებად დავრჩით, არაფერს მიმალავდა. ნიკო რომ გამოჩნდა მის ცხოვრებაში, არც ის დაუმალავს. ნიკოს მართლა ძალიან შეუყვარდა ნანა. მის გამო ოჯახის დანგრევაც კი იფიქრა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ნიკოს ცოლმა გაიგო, რომ მის ქმარს ახალგაზრდა საყვარელი ჰყავდა. მოუვარდა და თმით ითრია ნანა, მოკვლითაც დაემუქრა... ნანამ მე დამირეკა მისი წასვლის შემდეგ. სასტიკად ნაცემი იყო. მთელი კვირა არ გამოსულა სახლიდან. სწორედ მაშინ გადაწყვიტა ნიკომ, რომ ცოლს გაეყრებოდა...
- ე.ი. ნათელა ნანას იცნობდა და რადგან ეს დამალა, გამოდის, სხვა რამეც ექნება დასამალი! - დავასკვენით.
სანამ მოკლულის ცოლს ისევ დავკითხავდით, კიდევ ერთი მოწმე მოვიდა ჩვენთან - ადვოკატი შალვა ნიკურაძე:
- ნიკოს დიდი ხანია ვიცნობ. შესაბამისად, მის ოჯახსაც და მიმძიმს რაიმე ეჭვის გამოთქმა, ვინმესთვის რამის დაბრალება, მაგრამ თუ ვინმეს სჭირდებოდა მისი თავიდან მოცილება, ეს შეიძლება ნათელაც ყოფილიყო. საბუთებს ვამზადებდი მათი გაყრისთვის. ნიკოს მთელი თავისი ქონება ცოლსა და ერთადერთ ქალიშვილზე, ეკაზე ჰქონდა გაფორმებული. რა დაგიმალოთ და, სიმდიდრე მხოლოდ ხელფასით არ დაუგროვებია, - რომ დამიჭირონ, ცოლ-შვილი მაინც დამრჩეს მაძღარიო, - ამბობდა. გაყრის გამო კი ნათელას ქონების დიდი ნაწილის დაბრუნებას სთხოვდა, რაზედაც ქალი არ თანხმდებოდა.
- გაყრის პროცესი დაიწყეთ? - ვკითხეთ ადვოკატს.
- არა, ვერ მოვასწარი...
- კი მაგრამ, თუ ეყრებოდნენ, რაღა ეიუბილევებოდათ, საქორწინო მოგზაურობა რომ მოიწყვეს?
- არავითარი საქორწინო მოგზაურობა არ ყოფილა, ეგეც ნათელამ მოიგონა ალბათ. ნიკო მივლინებაში წავიდა და ცოლი მართლაც რომ აეკიდა დეიდაშვილის ნახვის მიზეზით, - არ მინდა ქვეყანამ გაიგოს, რომ ოჯახი გვენგრევა და ერთად გვნახონ, როგორც მოყვარული ცოლ-ქმარიო!
ვერ გეტყვით, რატომ დათანხმდა, მაგრამ წაიყვანა. ამ დროს კი ნანა უკვე ზღვისპირეთში ელოდებოდა...
- რა იცით?
- როგორ არ ვიცი, მივლინებაც იმიტომ მოიწყო, რომ ნანასთან ერთად გაეტარებინა რამდენიმე დღე. მართლა ძალიან უყვარდა...
მარტო რომ დავრჩით, შაქრო კანკავამ თავისი ვერსია გაგვანდო:
- მკვლელობა თუ ნათელას მოწყობილი არა, მისი შეკვეთილი მაინცაა...
- შეკვეთილს უფრო ჰგავს! - საუბარში ჩაერთო სამმართველოს უფროსი, - ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ქალი ასეთ "სუფთა" დარტყმებს ვერ განახორციელებდა...
სანამ ნათელას ისევ შევხვდებოდით, ნანას ყოფილი მული, - ელზა მოვინახულეთ:
- ნანამ გითხრათ, რომ მას ცოლთან ერთად ჩააკითხავდა ნიკო?
- რას ამბობთ, ეგ გამორიცხული იყო. სხვათა შორის, საკმაოდ შეშფოთებულმაც დამირეკა წინაღამეს: ნიკოს უთქვამს, ჯერჯერობით არც მე მინდა, ნათელას ახლობლებმა გაიგონ, რომ ვეყრები. მისი დეიდაშვილის ქმარი ერთი თავზე ხელაღებული კრიმინალია. მირჩევნია მასთან ვიმეგობროო. ერთი ღამით დარჩენილა კიდევაც მის ოჯახში, ერთად უქეიფიათ. ნანამ ისიც მითხრა, შეიძლება ხვალვე დავბრუნდეთ. ნიკოს არ უნდა მისი ცოლის ნათესავებმა ერთად გვნახონო!.. მერე კი, რაც მოხდა, იცით...
სასწრაფოდ დავბრუნდით სოხუმში და ნათელას დეიდაშვილის ქმრის ვინაობა დავადგინეთ. და როცა მისი დოსიე დაგვიდეს წინ, ეჭვიც არ შეგვპარვია, რომ ქმარი და მისი ახალგაზრდა შეყვარებული ნათელამ მოიშორა თავიდან: 47 წლის ანზორ არშბა რამდენჯერმე ნასამართლევი ქურდი იყო. ერთხელ მკვლელობაც ედებოდა ბრალად...
თბილისელ კოლეგებს ნათელა ქვათაძის დაკავება ვთხოვეთ და პირდაპირ წავუყენეთ ბრალი ქმრისა და მისი საყვარლის მკვლელობის ორგანიზებაში. ტყუილიც მოვიშველიეთ, ვუთხარით, რომ ანზორ არშბამ მკვლელობა აღიარა...
ქალი ადვილად წამოეგო ანკესს:
- ვერც ღალატი ვაპატიე და არც ქონება მეთმობოდა, ფაქტობრივად, სახლის გარდა ყველაფერს მართმევდა... ჩვენი ქალიშვილი გათხოვილია. ის ნიკოს ნაჩუქარ სახლში ცალკე ცხოვრობს ოჯახით. მან მამის მხარე დაიჭირა, - ჩემთან გადმოდი და არაფერი მოგაკლდებაო! შვილზეც გავბრაზდი და აღარ ველაპარაკები. ისიც კი მითხრა, თუ აღარ უყვარხარ, სანამ უნდა ტანჯოთ ერთმანეთი. გაუშვი და შენც შენს ცხოვრებას მიხედეო!.. 48 წლის ქალი ვარ და ახლა ვიღას ვჭირდები ან ცხოვრების თავიდან დაწყება ასე ადვილია?!
ქონება რომ არ მოეთხოვა, არც სასიკვდილო განაჩენს გამოვუტანდი, მაგრამ ადვოკატი მომიგზავნა და ამით მთლად გადამრია... ვიცოდი, ნანა რომ გაგრაში გაუშვა დასასვენებლად. ჩემი ქმრის მდივანია ჩემი "მოკავშირე". დიდი ამაგი მაქვს მასზე და ამიტომ "ამიხილა თვალი"... ნიკომ რომ მითხრა, მივლინებაში მივდივარო, მივხვდი, ისტერიკით ვერაფერს მივაღწევდი და ეშმაკობით ვაჯობე:
- რადგან ვშორდებით, ბოლოს მაინც დავამახსოვროთ ერთმანეთს სიკეთე - მეც წამოვალ, რამდენიმე დღეს ჩემს დეიდაშვილთან გავატარებ. არ მინდა იცოდნენ, რომ ოჯახი მენგრევა-მეთქი! დამიჯერა. ანზორთან შეხვედრას ყოველთვის გაურბოდა, ალბათ ეშინოდა კიდევაც მისი... მგონი, მადლიერიც დამრჩა, რომ ნათესავებს არ ვაგებინებდი სიმართლეს მის შესახებ. თუმცა, ანზორმა უკვე იცოდა ყველაფერი და მკვლელობაც ერთად დავგეგმეთ. კონიაკში თბილისშივე ჩავყარე საძილე წამალი. ქმარს ვუთხარი, რომ ანზორისთვის მიმქონდა საჩუქრად. მერე კი, ამდენი რად უნდა-მეთქი, და ორი ბოთლი სასტუმროს ნომრის მაცივარში დავტოვე. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ნიკო მათ გახსნიდა. შინაც საღამოობით უყვარდა ხოლმე კონიაკის დალევა...
მოკლედ, ინტუიციამ არ გვიღალატა: დამტოვა თუ არა ნიკომ, მაშინვე შეხვდა ჯოხაძეს (მე და ანზორი უკან გამოვყევით და ვუთვალთვალებდით). სასტუმროს რესტორანში ივახშმეს და ადრიანად ავიდნენ ნომერში. ღამის სამ-ოთხ საათზეც რომ არ ჩააქრეს შუქი, მივხვდით, კონიაკი დალიეს და გაითიშნენ. მერე ანზორი ავიდა და სუფთად გააკეთა საქმე. გამთენიისას კი მეც მივედი, ვითომ შემთხვევით...
ნათელა ქვათაძე გაასამართლეს და 14 წელი მიუსაჯეს. ანზორ არშბა კი ხელიდან გაგვისხლტა და რუსეთში გაგვასწრო. ჩანს, პოლიციაშიც ჰყავდა მოსყიდული მოკავშირეები და სანამ მისი დაპატიმრების სანქცია მზადდებოდა, ვიღაცამ გააფრთხილა... მერე კი გამოცხადდა მასზე საკავშირო ძებნა, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა: სიტუაცია აირია, აფხაზეთში ომი დაიწყო და ანზორ არშბასთვის აღარავის სცხელოდა...


elene
05 თებერვალი 2010 20:39
როგორ შეიძლება ასე? განა გაძალებს ვინმე წაკითხვას. ან რატომ უნდა იყოს გამოგონილი რა არის აქ არარეალური ?უარესები არ მოგისმენიათ?
machabeli
09 დეკემბერი 2009 23:29
kosta
07 დეკემბერი 2009 13:56
"ამდენი გამოგონილი ამბავი"
არა, რატომ
ცხოვრებაში ასეთებიც ხდება.........

ძალიან რეალური ისტორიაა, ჩემი აზრით.
tea
08 დეკემბერი 2009 16:20
მართლა გამოგონილია,? არადა მეგონა არქივიდან იყო

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?