სიყვარულის სახელით... - კვირის პალიტრა

სიყვარულის სახელით...

გამომძიებელი ნელი ოქრუაშვილი თავისი პრაქტიკიდან მორიგ კრიმინალურ ამბავს იხსენებს:

- მდინარისგან გამორიყული ახალგაზრდა ქალის გვამი მეთევზეებმა იპოვეს. ხალხიც ბლომად შეიყარა შემთხვევის ადგილზე, მაგრამ დაღუპულის სახე და სხეული ისე იყო შეცვლილ-დამახინჯებული, ვერავინ ამოიცნო. თან ადგილობრივთაგან არავინ ეძებდა დაკარგულ ქალს...

გვამი პროზექტურაში გადავასვენეთ. ფოტოები გადავუღეთ და გავავრცელეთ. ტელევიზიითაც გადაიცა ინფორმაცია. მეორე დღესვე მოგვაკითხეს დაღუპულის პოვნის ადგილიდან საკმაოდ შორს მცხოვრებმა დეკანოიძეებმა (გვარ-სახელები აქ და შემდგომ შეცვლილია). ფოტოზე თავიანთი 22 წლის ქალიშვილი ამოუცნიათ, რომელიც 2 კვირის წინ გაპარულა შინიდან და წერილიც დაუტოვებია, საყვარელ ადამიანთან ერთად მივდივარ და არ მეძებოთო...

- გელა ოდიკაძე ჩვენი მეზობლების ახალმოყვანილი რძლის ნათესავია და როგორც გავიგეთ, ორჯერ უკვე მოუსწრია დაქორწინება-განქორწინება. ამიტომაც ავუკრძალეთ მისი სიყვარული. ქორწილში გაიცნეს ერთმანეთი. მერე რამდენიმეჯერ ჩამოაკითხა მაიას, ოჯახშიც მოვიდა და უარით გავისტუმრეთ. ვურჩიეთ, ცოლს შერიგებოდა, ვისთანაც შვილიც ჰყავდა... ეგ თქვენი საქმე არ არისო, - უხეშად გვითხრა. შევატყვეთ, ნერვებიც არ ჰქონდა მთლად წესრიგში, ამიტომ ვუთხარით მაიას კატეგორიულად, რომ თუ მაინც იმ ბიჭზე იფიქრებდა, მის სახელს აღარ ვახსენებდით! - გვითხრეს მშობლებმა და გელა ოდიკაძეს დასდეს ბრალი ქალიშვილის მკვლელობაში. განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა ეს ეჭვი, რაც ექსპერტიზის დასკვნა მივიღეთ, რომლის მიხედვითაც გოგონა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გააუპატიურეს. სხვა ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა და ძნელი სათქმელია, ცოცხალი გადააგდეს წყალში თუ უკვე მკვდარი.

სასწრაფოდ დავაზუსტეთ ეჭვმიტანილის კოორდინატები და შინ მივაკითხეთ, სადაც მისი დედა, ცოლი და 4 წლის ვაჟი დაგვხვდნენ:

- გელა აქ ორი წელია აღარ ცხოვრობს. რაც ერთმანეთს დავშორდით, სახლიდან თვითონ წავიდა, რადგან წასასვლელი მე არსად მქონდა. არც ჩემს დედამთილს აქვს სხვა ბინა და იძულებული ვართ, ერთად ვიყოთ. გელა იშვიათად მოდის, ფული მოაქვს დედისთვის და შვილისთვის. თვეზე მეტია, არ გამოჩენილა, - გვითხრა გელას ცოლყოფილმა.

- რატომ დაშორდით?

- მეუბნებოდა, მიყვარხარო... თურმე არ ვუყვარდი. რომ დავფეხმძიმდი, მშობლებმა, შინიდან გამომაგდეს და გელამ ბავშვის  გამო შემირთო ცოლად, მერე კი მიმატოვა. საერთოდ უცნაური ბიჭია. ფსიქიატრთანაც კი მკურნალობდა, რადგან ჯარიდან დაბრუნებული (ერთი წელი ავღანეთში იბრძოდა), თავს ძალიან ცუდად გრძნობდა.

როცა მისი ფსიქიატრთან მკურნალობის ამბავი შევიტყვეთ, ეჭვიც აღარ შეგვპარვია, რომ კვალს ნამდვილ დამნაშავესთან მივყავდით...

გადავწყვიტეთ მის მკურნალ ექიმს გავსაუბრებოდით და, ჩვენდა გასაოცრად, იმაზე მეტი ინფორმაცია მივიღეთ, ვიდრე წარმოგვედგინა: გელა ოდიკაძე კლინიკაში თავისი ფეხით მისულა სწორედ ორი კვირის წინ. სავარაუდოდ, ჩადენილი მკვლელობის მეორე დღეს და ახლა მათთან მკურნალობდა. ადრეც მისულა მსგავსი ჩივილით - ეჩვენებოდა, რომ სიბნელეში ვიღაც დასდევდა ფეხდაფეხ, თავში უპირებდა რაღაცის ჩარტყმას... მოკლედ, დევნის მანია ჰქონდა, - ვერ იტანდა მარტოობასა და სიჩუმეს, ვერ იძინებდა...

- ჩვენ ვალდებული ვართ გამორჩეული ყურადღებით მოვეპყრათ, როგორც ავღანეთის ომის მონაწილეს. ხომ იცით, იქიდან ბევრი დაბრუნდა დაინვალიდებულ-გაუბედურებული. გელას ფსიქიკა მოეშალა. რას ვიზამთ, ყველას ვერ მოვთხოვთ გმირობას...

- რა თქვა, ახლა რატომ ვარ ცუდადო?

- სიმართლე გითხრათ, არ მჯერა მისი ნათქვამის. თითქოს ვიღაც შეუყვარდა და ის გოგონა იმ დღეს ცოლად უნდა მოეყვანა. სადღაც ელოდებოდა სახლიდან გამოპარულს. მოვიდა კიდევაც ის გოგო, კვალდაკვალ კი ვიღაც იარაღიანი ბიჭი მოჰყვაო. გელას თქმით, იმ ბიჭს მაია უცემია, მას კი მოკვლით დამუქრებია. გელას იარაღის პანიკურად ეშინია. თავქუდმოგლეჯილი გამოქცეულა მიუხედავად იმისა, რომ გოგო კივილ-წივილით ეხვეწებოდა, არ დამტოვოო...

ფსიქიატრს გავუმხილეთ, რომ მაია დეკანოიძე ორი კვირის წინ დაიკარგა და მდინარემ გამორიყა. სიკვდილამდე გაუპატიურებულია და როგორც ჩანს, მკვლელი ოდიკაძეა, რომელმაც ახლა ფსიქიატრიულ კლინიკას შეაფარა თავი...

- ოდიკაძე და მკვლელი? - გაუკვირდა ექიმს, - თუმცა, რას გაიგებ, - მხრები აიჩეჩა...

ოდიკაძესთან გასაუბრება მხოლოდ ორი დღის შემდეგ შევძელით.

- შენთვის უკეთესია, თუ აღიარებ, რომ მაია დეკანოიძე გააუპატიურე და კვალის დაფარვის მიზნით გადააგდე მდინარეში. ცოცხალი თუ მკვდარი, ამას აღარა აქვს მნიშვნელობა, რადგან გოგო მკვდარი ვიპოვეთ...

ოდიკაძემ ფერი დაკარგა და აღრიალდა:

- ის ბიჭი მეც მომკლავს!.. არც მე დამინდობს!..

ასეთი სიგიჟის თამაში გენიოს მსახიობსაც გაუჭირდებოდა. ექიმმა სანიტრები გამოიძახა და ბიჭი გაკოჭილი გაიყვანეს:

- მკვლელიც რომ იყოს, არაფერი მოეკითხება! თუმცა მკვლელი შეიძლება მართლაც სხვა ვინმეა. გელას ისეთი სტრესი აქვს ავღანეთში მიღებული, შეუძლებელია მოძალადე იყოს!.. - გვითხრა ექიმმა და გვთხოვა კლინიკა დაგვეტოვებინა.

...ექსპერტიზის მიერ ნაპოვნი იყო სამხილი - გარდაცვლილის მომუჭულ მარჯვენაში შერჩენილი თმის ღერები, რომლებიც სავარაუდოდ, მოძალადეს ამოჰგლიჯა გამწარებულმა გოგონამ...

...სასწრაფოდ მოვიტანეთ ოდიკაძის თმის ნიმუში. ექსპერტიზის დასკვნით, პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, მკვლელი მართლაც სხვა იყო, ვინც შინიდან გამოპარულ  მაია დეკანოიძეს აედევნა.

ისევ მივედით ფსიქიატრიულში ოდიკაძესთან.

- გელა, უკვე ვიცით, რომ მკვლელი სხვაა. იქნებ გაიხსენო რაიმე ისეთი, რაც მის პოვნაში დაგვეხმარება, - მაია იცნობდა მას, თუ უცხო იყო... როცა გოგონა გეხვეწებოდა, არ დაგეტოვებინა, რას გეუბნებოდა?

ოდიკაძემ გონება დაძაბა, მაგრამ ამაოდ:

- ისე შემეშინდა, არაფერი მახსოვს... კისრისტეხით გამოვიქეცი, მაგრამ იმ კაცის სახე არ დამავიწყდება, - ხშირი, გადაბმული წარბები ჰქონდა. წარბებს შორის კი - შავი ხალი, ინდოელები რომ იკეთებენ, ისეთი...

...ეს უკვე მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო.

იმავე საღამოს მივედით მაია დეკანოიძის ოჯახში. გოგონა წინა დღით დაეკრძალათ და ეზოში ისევ ხალხმრავლობა იყო.

აივანზე სუფრა იყო გაშლილი და იქ მიგვიწვიეს. გოგონას მამა მოგვიჯდა გვერდით მხოლოდ. დედა ცუდად გამხდარიყო.

გივი დეკანოიძემ ვიღაცას გასძახა ეზოში:

- გიზო, მარანში ჩადი და ღვინო ამოიტანე!..

მოულოდნელობისგან დავიბენი, მაგრამ ჩემმა არანაკლებ გაოცებულმა თანაშემწემ ისე დამაჭირა ფეხი ფეხზე იმ გიზოს დანახვისას, ლამის სიმწრით წამოვიყვირე: ოცდახუთიოდე წლის ბიჭს გადაბმული წარბები ჰქონდა და საკმაოდ მოზრდილი ხალი აჯდა შუბლზე. გიზომ ღვინო ჩამოასხა და იქვე ჩამოჯდა. არ მოგვჩვენებია, აშკარად დაძაბული გვიყურებდა.

- იპოვეთ ის ჩვენი დამაქცევარი, ქალბატონო ნელი? - მკითხა დაღუპულის მამამ.

- კი, გელა ოდიკაძე ვიპოვეთ. ფსიქიკურად დაავადებული ყოფილა და ამჟამად კლინიკაში წევს...

- აღიარა მკვლელობა?

- თითქმის კი... სად წაგვივა! - დაგვასწრო ჩემმა თანაშემწემ, - იმასაც დავამტკიცებ, რომ სიგიჟეს თამაშობს და დედას ვუტირებთ... თქვენ ძმა ხართ გარდაცვლილის? - მიუბრუნდა მერე გიზოს.

გივიმ დაასწრო:

- არა. გიზო ფიზკულტურის მასწავლებელია ჩვენს სკოლაში. მაია ბავშვობიდანვე უყვარდა, მასზე რამდენიმე წლით უფროსია. ჩემი უტვინო შვილი იყო უარზე და თავიც დაიღუპა... გიზო შვილივით მეყვარება ყოველთვის...

...ვერ გავრისკეთ მე და ჩემმა თანაშემწემ გიზო დევიძისთვის ბრალის წაყენება. არც მობილური ტელეფონები იყო მაშინ, რომ ოპერატიული ჯგუფი გამოგვეძახებინა ფარულად. ქალაქში დაბრუნება და უფროსებისთვის გამოძიების მასალების წარდგენა მოგვიხდა. სოფელში ღამის 12 საათზე დავბრუნდით. ყველას ეძინა თითქმის, მათ შორის დევიძესაც... საცვლების ამარა გამოვათრიეთ გარეთ... უცებ გატყდა:

- არ მინდოდა მისი მოკვლა, არც გაუპატიურება, მაგრამ გამაცოფა თავისი საქციელით. მაია ცოლად მინდოდა, სულ კვალში ვედექი. იმ საღამოსაც მისი სახლის წინ ვიდექი გვიანობამდე. რომ ჩააქრო შუქი საძინებელში, გადავწყვიტე სიურპრიზი მომეწყო - ფანჯარასთან ავმძვრალიყავი და ყვავილები დამეყარა საწოლზე მძინარისთვის. ის იყო, ღობეზე უნდა გადავმხტარიყავი, რომ შინიდან გამოსული დავინახე და უკან გავყევი...

- იარაღი როდის აიღე?

- იარაღი თან მქონდა. მეორე დღეს კურდღელზე სანადიროდ მივდიოდით ბიჭები და ბიძაჩემს ვთხოვე. არ შევაჩერე მაია. მინდოდა გამეგო, რას აპირებდა და უკან გავყევი... იმ ბიჭს ვიცნობ, ისიც ვიცი, რომ ავღანეთიდან მთლად ნორმალური არ დაბრუნებულა. ვეჩხუბე კიდევაც ადრე მაიას, - მაგ არანორმალურზე როგორ მცვლი-მეთქი! - მაგრამ არ შემეპუა, - მიყვარს, შენი რა საქმეაო! იარაღი მივუშვირე თუ არა მაიას რჩეულს, მაშინვე გაიქცა - სულ ფეხზე დაიკიდა გოგოს ხვეწნა-მუდარა, არ მიმატოვოო. მაიას ძალით დავუპირე წამოყვანა, ვიცოდი, მისი მშობლებიც მადლობას მეტყოდნენ. გიჟივით მომვარდა და სახე სულ ჩამომკაწრა... არ ვიცი, რა დამემართა - გამწარებულმა ძალა ვიხმარე. მოკვლა არც მიფიქრია... წამოხტა და მდინარისკენ გაიქცა, ვცადე მისი შეჩერება, მაგრამ ისევ სახეში მეტაკა, თმაში ჩამაფრინდა. რაღაც მომენტში ხელი ვუშვი და... გადახტა... ვიცი, არ დამიჯერებთ, რომ მე არ მომიკლავს... არც სხვები დამიჯერებენ და ამიტომ ვერ გავამხილე... ვცადე, წყალში მომეძებნა, მაგრამ უცებ ჩაითრია მორევმა...

...გიზო დევიძეს 14 წელი მიუსაჯეს, მიუხედავად იმისა, რომ დაუდგენელი დარჩა, - მართლა თვითონ გადახტა მაია დეკანოიძე მდინარეში, თუ უკვე მკვდარი გადააგდო მოძალადემ.